თავი 63
სარწმუნოების გავრცელება პოლონეთში, უნგრეთსა და ჩრდილოეთ გერმანიაში მცხოვრებ სლავებში.
912 წელს გერმანიაში შეწყდა კაროლინგების დინასტიის მმართველობა და ხელისუფლებას დაეპატრონნენ მეფეები საქსონელი ჰერცოგების საგვარეულოდან. ისინი მიჰყვნენ კარლოს დიდისა და მისი მემკვიდრეების გაკვალულ გზას და შეეცადნენ სლავი ერების დამორჩილებას, რითაც უფრო განიმტკიცებდნენ მშვიდობიან მმართველობას გერმანულ ტომებზე. მიზნის მისაღწევ საუკეთესო საშუალებად მათ მიიჩნიეს ამ ქვეყნებში ქრისტიანობის გავრცელება თავიანთი მისიონერების საშუალებით. ეს ნაცადი გზა იყო – მოქცეული ერები ერთგვარად დამოკიდებულნი ხდებოდნენ სახელმწიფოსგან, რომელმაც მოაქცია და რომელიც უგზავნიდა თავის ერთგულ ეპისკოპოსებს. იმავე მიზანს ესწრაფოდნენ პაპებიც. ისინი უფრო წარმართი ბელადების „გადაბირებას“ ცდილობდნენ და არა მათ მოქცევას. ჰპირდებოდნენ უამრავ სიკეთეს, განსაკუთრებით მეფის ტიტულს, თუკი ბელადი წარმატებით გაავრცელებდა რომის ნაქადაგებ ქრისტიანობას – რა თქმა უნდა, იგულისხმებოდა პაპის აღიარება ეკლესიის თავად და ლათინური ენის დამკვიდრება. აღმოსავლურ ქრისტიანობას, რომელიც დასაშვებად თვლიდა მშობლიური ენის გამოყენებას ღვთისმსახურებაში, რომი სახიფათო ერესად მიიჩნევდა და ისევე დევნიდა, როგორც წარმართობას.
სამეფო გვირგვინი უდიდესი საცდური იყო... იმხანად უკვე გავრცელდა აზრი, რომ რომის ეკლესიის თავს უფლება ჰქონდა გვირგვინის მინიჭების ან წართმევისა, ამიტომ პაპის მიერ ნაკურთხ პიროვნებას დასავლეთის ყველა სახელმწიფო კანონიერ მეფედ აღიარებდა. თვით ბულგარეთის მეფე სიმეონმა – თავდადებულმა ქრისტიანმა, რომელმაც სარწმუნოება საბერძნეთიდან მიიღო, და მისმა მემკვიდრე პეტრემ მეფის ტიტული პაპს სთხოვეს, რომელმაც სიხარულით შეუსრულა სურვილი იმ იმედით, რომ თავის გავლენას განამტკიცებდა ბულგარეთზე. თუმცა, იმედი გაუცრუვდა.
ამრიგად, გერმანელი მახარებლებისა თუ პაპისგან გამოგზავნილი მისიონერებისგან ნაქადაგები სარწმუნოების მიღება ერთნაირად უქადდა ერებს უცხო ძალაუფლების ქვეშევრდომობას, ამიტომაც ხალხი გაურბოდა ქრისტიანობის მიღებას, რადგანაც მასში ვერ ხედავდა საღვთო ჭეშმარიტების ნათელს და მხოლოდ უცხოთა მმართველობის იარაღად აღიქვამდა.
სამაგიეროდ, ხალისით ქრისტიანდებოდნენ ბელადები, რადგანაც ეს მათ ხელს აძლევდა. გახშირდა ამბოხებანი. განსაკუთრებული გულმოდგინებით იბრძოდნენ ისინი, ვინც მოასწრო მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურებისა და წმინდა წერილის შეყვარება, შეითვისა ის ტრადიციები და ჩვევები, რომლებსაც ახალი მქადაგებლები სდევნიდნენ. ასე ხდებოდა სლავურ მიწებზე, სადაც ხალხმა სარწმუნოება წმინდა პირველმასწავლებელთაგან მიიღო. ზოგჯერ გერმანიის იმპერატორისა და პაპის მიერ გაგზავნილი მქადაგებლები, პოლიტიკური ინტერესებით, ერთმანეთს მტრობდნენ. ეს ყოველივე, ცხადია, ხელს უშლიდა ჭეშმარიტი სარწმუნოების დამკვიდრებას.
ჩვენ უკვე ვიცით, რომ ბოჰემიაში, ვიაჩესლავის მოწამებრივი აღსასრულის შემდგომ, მთავარი გახდა მისი ძმა, ბოლესლავი. თავდაპირველად წარმართი და ქრისტიანთა მდევნელი ბოლესლავი (935-967 წწ.) მოგვიანებით დამორჩილდა გერმანიის იმპერატორს ოტონ I (936-973 წწ.), გაქრისტიანდა და ერთგულად იცავდა სარწმუნოებას. კიდევ უფრო დიდი მოშურნეობა გამოავლინა ბოლესლავ II (967-999 წწ.), რომლის დროსაც ბოჰემია დიდად გაძლიერდა – მან დაიკავა მორავია, ზოგიერთი პოლონური ოლქი, გალიციის ნაწილი, რომელიც შემდგომ რუსმა მთავარმა, ვლადიმირმა, წაართვა. ბოჰემია რეგენსბურგის საეპისკოპოსოს ეკუთვნოდა, ბოლესლავმა კი გერმანიის იმპერატორისგან მიიღო თანხმობა ამ ეპარქიიდან ჩეხეთის გამოყოფისა. ასე დაარსდა პრაღის საეპისკოპოსო 937 წელს. ამას პაპი მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდა – ჩეხეთში უნდა დაეცვათ ლათინთა ტრადიცია და ღვთისმსახურებიდან განედევნათ სლავური ენა.
პრაღის პირველი ეპისკოპოსი იყო გერმანელი, საქსონელი მთავარი დიტმარი. მეორე – ჩეხი ეროვნების ვოიცეხი, რომის ერთგული, სწავლობდა მაგდებურგში, მონაზვნად შედგომისას სახელად ეწოდა ადალბერტი. ქადაგებდა მეზობელ მიწებზე, უნგრეთსა და პოლონეთში; 983 წელს ის პრაღის ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს. ჩეხებში ნაწილობრივ იყო შემორჩენილი აღმოსავლური ეკლესიის ტრადიციები, სლავური წიგნები, მაგრამ განათლებამ ბოლომდე ვერ ამოძირკვა წარმართული ადათები. ადალბერტმა მკაცრი და დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა კერპთაყვანისმცემლობის ამგვარ გადმონაშთებსა და ჩეხურ ენას, რისთვისაც ხალხის სიძულვილი დაიმსახურა და იძულებული შეიქნა, გასცლოდა თავის სამშობლოს. იგი რომში გაემგზავრა და წმინდა ალექსის სახელობის ბენედიქტელთა მონასტერში დაიწყო ცხოვრება. რამდენიმე წლის შემდეგ, ბოლესლავის მიწვევით, დაბრუნდა ჩეხეთში, მაგრამ წარუმატებელი და ხელმოცარული ისევ იტალიაში წავიდა, სადაც უმკაცრეს სამონაზვნო ცხოვრებას შეუდგა მონტე-კასინოს მონასტერში. შემდგომ ადალბერტმა ახალი საქმე წამოიწყო – იგი საქადაგებლად წავიდა წარმართ პრუსიელებთან, სადაც მოწამებრივი აღსასრული ჰპოვა 997 წელს. პოლონეთის მეფე ბოლესლავ I (992-1025 წწ.) გამოისყიდა წმინდა მოწამის ნეშტი, რომელიც საზეიმოდ გადაასვენეს ქალაქ გნეზდნოში.
ჩეხეთის დიდი ნაწილი მალე ბოლესლავ პოლონელის მმართველობის ქვეშ მოექცა. საეკლესიო საქმეებში რომის გავლენა სულ უფრო ძლიერდებოდა, თუმცა ხალხი ფარულად ინახავდა სლავურ წიგნებს; მას შემდგომ, რაც გერმანელებმა აკრძალეს, ისინი უფრო ძვირფასი გახდნენ. გადმოცემა მოგვითხრობს: ერთხელ ჩეხი ჰერცოგი ულრიხი ნადირობისას მიადგა მღვიმეს, სადაც ბენედიქტელი მონაზონი პროკოფი ცხოვრობდა. ჰერცოგმა შეიტყო, რომ მეუდაბნოე – ოდესღაც პრაღის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი – განდეგილად შედგომის სურვილით და სლავური წიგნების დაცვისთვის დევნის გამო ამა სოფელს გაეცალა. მას შემდეგ დიდხანს ცხოვრობდა მღვიმეში, სანამ ულრიხმა არ იპოვა 1032 წელს. მთავარზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ბერის ღვთისმოსავმა საუბარმა, რომ მისი სულიერი შვილი გახდა, ხოლო მდინარე საზავასთან, ბერის სამყოფელი მღვიმის ადგილზე მოაწყო საზავას მონასტერი, რომლის იღუმენად წმინდა პროკოფი დადგა. მთელი იქაური მოსახლეობა ტაძარში გროვდებოდა მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურების მოსასმენად. იქვე ხდებოდა სლავური წიგნების გადაწერაც.
ეს ყოველივე ეპისკოპოსთა დიდ უკმაყოფილებას იწვევდა, ამიტომაც პროკოფის სიკვდილის შემდეგ საზავას მონასტრის მონაზვნებს დევნა დაუწყეს – დააბრალეს ერეტიკოსობა, რაკი სლავური წიგნებით სარგებლობდნენ. ბევრი მათგანი უნგრეთში წავიდა. მოგვიანებით მონასტერი ისევ აღადგინეს უწინდელ საფუძვლებზე. 1079 წელს ჩეხეთის მეფე ბრატისლავმა პაპ გრიგოლ VII სთხოვა, ჩეხებისთვის მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურების ნება დაერთო. პაპმა უპასუხა, რომ ღვთის სიტყვის დამცირება იქნებოდა მდაბიურ ენაზე მისი მიწოდება. ხოლო პაპმა ინოკენტი II ბრძანა, მთელს ქვეყანაში ამოეძირკვათ ეს „უგუნური და კადნიერი ჩვეულება“. ისევ შეავიწროვეს საზავას სავანე, იქ მისულმა ლათინმა მონაზვნებმა დაწვეს ყველა სლავური წიგნი, რაც ხელთ მოხვდათ. არსებობს ცნობა, რომ XV საუკუნეში კარლოს IV მიართვეს რამდენიმე გადარჩენილი გვერდი წმინდა პროკოფის ხელნაწერისა სლავურად. მას შემდგომ ამ ნაწერებს თაყვანს სცემენ, როგორც სიწმინდეს.
პოლონეთში ქრისტიანობის ისტორიის დასაწყისი კვლავ მეთოდეს სახელს უკავშირდება. მან გააგზავნა თავისი მოწაფეები „ვისლასთან მჯდომ წარმართ მთავართან“ საქადაგებლად. უცნობია, თუ რამდენად წარმატებულად იღვაწეს მახარებლებმა, მაგრამ როდესაც მოგვიანებით იქ პაპის მისიონერები მივიდნენ, მათ ნახეს, რომ ღვთისმსახურება სლავურ ენაზე აღესრულებოდა (ამას ბოჰემიიდანაც შეეძლო შეღწევა) და დევნა გამოუცხადეს ამ ტრადიციას. პოლონეთში სარწმუნოებამ განსაკუთრებით მოიკიდა ფეხი 966 წლიდან, როდესაც ადგილობრივმა მთავარმა მეჩისლავმა ცოლად შეირთო ჩეხი მთავრის ასული დუბრავნა (დომბროვკა). პოლონეთში იქადაგა ადალბერტ პრაღელმა, ხოლო პაპმა იოანე XIII ეპისკოპოსი და მღვდლები გაგზავნა. თავიდან ხალხი მათ ცუდად შეხვდა, რადგან არ ენდობოდა მახარებლებს, რომლებმაც მათი ენა არ იცოდნენ. მაგრამ ხალხის მოსაქცევად მათ ძალა გამოიყენეს, მთავარს კი მეფის ტიტულს დაჰპირდნენ.
საქმე სწრაფად წავიდა წინ მეჩისლავის მემკვიდრის, პოლონეთის მეფე ბოლესლავ მამაცის (992-1025 წწ.) დროს. მისი მმართველობის პერიოდში დაარსდა გნეზდნოს, კრაკოვისა და პოზენის საეპისკოპოსოები. ადალბერტ პრაღელის გარდა, პოლონეთში პაპის მიერ გაგზავნილი სხვა მქადაგებლებიც იყვნენ, რომელთაც ბოლესლავი მეტი ხალისით ხვდებოდა, ვიდრე გერმანიის იმპერატორის მისიონერებს (პოლონეთის მეფე მას დიდხანს და სასტიკად ებრძოდა). ბოლესლავის ასული ცოლად ჰყავდა სვიატოპოლკს – ვლადიმირ კიეველის ძმისწულსა და შვილობილს. ბოლესლავი დაეხმარა სვიატოპოლკს თავისი ძმის, იაროსლავ ბრძენის წინააღმდეგ ბრძოლაში, გამარჯვებული შევიდა კიევში და იქიდან დიდძალი სიმდიდრე წამოიღო, რაც პოლონეთში ეკლესია-მონასტრების აგებასა და გამშვენებას მოახმარა. ბოლესლავიც და მისი მემკვიდრეებიც პაპის ერთგული და თავდადებული მომხრენი იყვნენ.
პოლონეთისა და ბოჰემიის მეზობლად უგრებმა, ანუ მადიარებმა, IX საუკუნის დასასრულს დააარსეს უნგრეთის ძლიერი სახელმწიფო, რომელიც სულ ახალ-ახალ ტერიტორიებს იპყრობდა და ფართოვდებოდა. პირველად მადიარები ვოლგის აღმოსავლეთით, ხაზარებს შორის მომთაბარეობდნენ, შემდგომ იქიდან, პაჭანიკების მიერ გამოდევნილებმა, დუნაისპირა მხარეს მიაშურეს. ისინი ამ კუთხეს თავიანთ საკუთრებად თვლიდნენ, რადგანაც იქ ოდესღაც მათი მონათესავე ტომები – ჰუნები და ავარები – სახლობდნენ.
კიეველი მონაზონი ნესტორი (1113 წ.), მემატიანე, გვაწვდის ცნობას, რომ მადიარებმა გვერდი აუარეს კიევს და დაიკავეს დუნაისპირეთი: პანონია, ტრანსილვანია და ბულგარეთის ნაწილი. თავად ქრისტიანი მთავრები, ერთმანეთთან შუღლის გამო, დაეხმარნენ სასტიკ მადიარებს, მეზობლად დამკვიდრებულიყვნენ. მაგალითად, საბერძნეთის იმპერატორმა ლეონმა ისინი ბულგარელებთან საბრძოლველად მოიხმო, გერმანიის მეფე არნულფმა – მორავიელთა დასამორჩილებლად დაიხმარა.
დიდხანს წყევლა-კრულვით იხსენიებდნენ არნულფის სახელს, რომლის წინამძღოლობითაც უგრები რისხვად მოევლინენ ევროპას. ისინი არათუ მეზობელ ქვეყნებს, არამედ გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის მხარეებსაც ესხმოდნენ თავს, არაფერს ინდობდნენ, აყვავებულ კუთხეებს აპარტახებდნენ, ანგრევდნენ და ძარცვავდნენ ეკლესია-მონასტრებს, მიჰქონდათ აურაცხელი ნადავლი. მაგრამ რაოდენ საოცარიც არ უნდა ყოფილიყო დანარჩენი ევროპისთვის, უგრები საკმაოდ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ დუნაისპირეთში, სადაც უკვე სლავებთან შერეული მათი მონათესავე ავართა ტომის ნაშთები მკვიდრობდნენ. არ არსებობს ცნობები, რომ უგრები იქაურ მოსახლეობას სასტიკად ეპყრობოდნენ ან ქრისტიანებს სდევნიდნენ. მეთოდეს ცხოვრების ძველ ვარიანტში არის ცნობა, რომ იგი თავისთან მიიწვია უგრების მთავარმა. მეგობრები შეეცადნენ ეპისკოპოსის შეჩერებას, ეშინოდათ საფრთხეში არ ჩაეგდო სიცოცხლე, მაგრამ მეთოდე უშიშრად გაემართა მასთან და იმედოვნებდა, რომ განანათლებდა ღვთის სიტყვით; მკაცრმა თავადმა მართლაც პატივით მიიღო და დალოცვაც სთხოვა.
X საუკუნის შუა წლებისთვის მადიართა ორი მეთაური – ბუიაჩუ და დულა (ან გიულაი) კონსტანტინოპოლში მოინათლნენ, იქიდან წამოიყოლეს მღვდლები და პატრიარქის მიერ დადგინებული ეპისკოპოსი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი იყვნენ მადიართა პირველი განმანათლებლები. თუმცა გერმანელი იმპერატორები დიდხანს მათ წარმართებად თვლიდნენ და მოლაპარაკებების დროს მოითხოვდნენ, მიეღოთ მახარებლები უნგრეთში. ასეთი შეთანხმება შედგა აუგსბუგრთან ბრძოლის შემდეგ, 955 წელს, როდესაც უნგრელები სასტიკად დაამარცხა იმპერატორმა ოტონ I. გარეშე ძალის მიერ თავსმოხვეულ ამ მისიონერებს, რომელთა მიზანი უცხო ხელისუფლებისადმი უნგრელების დამორჩილება იყო, ხალხი მტრულად დახვდა. როგორც კი მცირეოდენი შესაძლებლობა მიეცემოდა, შურისძიებას იწყებდა: მქადაგებლებს აძევებდა და საშინლად არბევდა გერმანელთა ტერიტორიებს.
მაგრამ უნგრელებს არც გერმანელებმა დაუთმეს და არც პაპმა – ბოლოს საწადელსაც მიაღწიეს.
კონსტანტინოპოლში მონათლულმა ერთ-ერთმა მეთაურმა – ბუიაჩუმ, მალევე უარყო ქრისტიანობა, მაგრამ მეორე – გიულაი და მისი გვარი სარწმუნოების ერთგული დარჩნენ. მისი ასული შარლოტა ცოლად გაჰყვა უნგრელ ვოევოდა ჰეიზას და თავისი მეუღლეც მოაქცია. ამასობაში პაპის მისიონერები მომძლავრდნენ. ერთ-ერთი მათგანი – პასაუს ეპისკოპოსი პილგრიმი, მართლაც, უდიდესი მოშურნეობით გამოირჩეოდა. ჰეიზას ვაჟი ბოიკა ადალბერტ პრაღელმა მონათლა და უწოდა სტეფანე (იშტვანი).
უნგრეთი ძლიერდებოდა... სტეფანე დაქორწინდა გერმანიის იმპერატორის ასულზე, გიზელაზე, პაპისგან მიიღო მეფის ტიტული და გვირგვინი, რომელსაც დღესაც ადგამენ უნგრეთის მეფეებს – იგი სიწმინდედ ითვლება და მას წმინდა სტეფანეს გვირგვინი ეწოდება. ამრიგად, ცხოვრება დაუკავშირა რა დასავლელ ხელისუფალთა საგვარეულოს, სტეფანემ ქვეყანაში გარდაქმნები დაიწყო და გერმანული წესების შემოტანას მიჰყო ხელი. რომის ეკლესიამაც უდიდეს ზეგავლენას მიაღწია უნგრეთში, რაც მაინცდამაინც არ მოსწონდა ხალხს, მაგრამ მოთმინებით იტანდა, რადგანაც სტეფანე უყვარდა და წმინდანად თვლიდა.
1038 წელს, როდესაც სტეფანე გარდაიცვალა და მისმა მემკვიდრე პეტრემ თავი გერმანიის იმპერატორის მორჩილად აღიარა, იფეთქა ამბოხმა. პეტრე ტახტიდან ჩამოაგდეს და მიიწვიეს სტეფანეს ბიძაშვილი ანდრია (ანდრაში), რომელიც რუსეთს აფარებდა თავს. მას ცოლად ჰყავდა იაროსლავის ასული და აღმოსავლურ მართლმადიდებლობას აღიარებდა. შფოთის დროს წარმართების ფრთაც გამოჩნდა. ბოლოს კი ძალაუფლება ისევ გერმანულ დაჯგუფებასა და ლათინებს დარჩათ.
უნგრეთში მოღვაწე მახარებელთაგან არ უნდა დავივიწყოთ მონაზონი ბრუნო, რომელმაც აღწერა ვოიცეხის (ადალბერტ პრაღელის) ცხოვრება. ამ უკანასკნელის მაგალითით შთაგონებული ბრუნო მონტე-კასინოს მონასტრიდან გაემგზავრა უნგრეთში, პოლონეთში, იქიდან კი, დაახლოებით 1006 წელს, რუსეთში. იქ მას მეგობრულად შეხვდა დიდი მთავარი ვლადიმირი და შეეცადა დაერწმუნებინა, უარი ეთქვა პაჭანიკებთან წასვლაზე; აუხსნა, რა სახიფათო საქმეს მოჰკიდა ხელი. როდესაც ვერ გადაათქმევინა, თავად მიაცილა საზღვრამდე. ბრუნომ ოცდაათამდე პაჭანიკი მოაქცია. იქიდან მოინახულა ჩრდილოეთის მისია, რომელიც გერმანელმა იმპერატორებმა მოაწყეს სკანდინავიელების, პრუსიელების და ბალტიისპირეთის სლავების მოსაქცევად. შემდეგ გაემგზავრა დაუნდობელ პრუსიელებთან და მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა თავის 18 თანამოაზრესთან ერთად, რუსეთისა და ლიტვის საზღვარზე.
ახლა გადავხედოთ ბალტიის ზღვის ნაპირებსა და გერმანიის ტერიტორიის დიდ ნაწილზე დასახლებულ ხალხს. აქ მრავალრიცხოვანი სლავური ტომები მკვიდრობდნენ, მათგან გამოირჩეოდნენ ვაგრები, რანები, ლუტიჩები, ობოდრიტები (ბოდრიჩები), სტოდორიელები, ველეტები. გერმანელები მათ საერთო სახელს – ვენდებს (ვენიდებს) უწოდებდნენ. გერმანელი ხელისუფალნი ოდითგანვე ცდილობდნენ მათ დამორჩილებას ხან იარაღით, ხანაც ქრისტიანობის ქადაგებით, თუმცა ორივე მცდელობა წარუმატებლად მთავრდებოდა. მეომარი სლავები მამაცურად იგერიებდნენ გერმანელებისა და დანიელების თავდასხმებს და სასტიკად არბევდნენ მათ ტერიტორიებს. ზოგიერთი ტომი, ნორმანებთან ერთად, ძარცვა-გლეჯით ცხოვრობდა და შიშის ზარს სცემდა ზღვისპირა ქვეყნებს. სხვებმა მნიშვნელოვნად განავითარეს ვაჭრობა და დააარსეს ისეთი მდიდარი ქალაქები, როგორებიცაა იულიცი და შჩეცინი. ეს ტომები გრძნობდნენ, რომ ქრისტიანობა გერმანელ ხელისუფალთათვის მხოლოდ იარაღი იყო დასამორჩილებლად, ამიტომ ადგილობრივი მკვიდრნი ჯიუტად იცავდნენ წარმართობას და მასთან ერთად დამოუკიდებლობას.
ბალტიისპირელი და გერმანელი სლავები, როგორც სხვა მათი მონათესავე ტომები, ეთაყვანებოდნენ ერთ ღვთაებას – სვაროგს და მისდამი დაქვემდებარებულ მრავალ ნახევარღმერთს, რომლებიც, მათი აზრით, განაგებდნენ დედამიწასა და ხილულ ბუნებას. ამათგან მთავარი ღმერთი იყო სვიატოვიტი. ქალაქ არკონაში, კუნძულ რიუგენზე, იდგა სვიატოვიტის უზარმაზარი ოთხთავიანი კერპი. ხალხი უდიდესი მოწიწებით უვლიდა მის თეთრ ცხენს, რადგან სწამდა, რომ მასზე ამხედრებული მეომარი ღმერთი ღამღამობით თავს ესხმოდა მტრებს.
ბალტიის სლავებში, სხვა ტომებთან შედარებით, უფრო გამოკვეთილი იყო კერპთმსახურება: ჰყავდათ ქურუმთა კასტა, რომელიც უდიდეს შემოსავალს იღებდა მსხვერპლშეწირვებიდან და ძლიერი ზეგავლენა ჰქონდა ხალხზე. მათი მთავარი „სიწმინდეები“ იყო ქალაქებში არკონაში, რეტრასა და რადიგოშში, სადაც დროდადრო სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. ქურუმები მათ აუწყებდნენ „ღმერთების“ ნებას, უნერგავდნენ ძველი, მამა-პაპის სარწმუნოებისადმი ერთგულებას და გერმანელთა მიერ ნაქადაგები ქრისტიანობის სიძულვილს.
გერმანელი მქადაგებლები გულს მაინც არ იტეხდნენ. კორბის მონასტრის მონაზვნები დროდადრო მიდიოდნენ კუნძულ რიუგენზე, სადაც ქალაქ არკონაში სლავების მთავარი „სიწმინდე“ იყო. მონაზონმა ბოსომ სლავების ენა შეისწავლა და მათ მოსაქცევად დააარსა მერზებურგის საეპისკოპოსო, მაგრამ მისი ხანგრძლივი მოღვაწეობა წარუმატებელი აღმოჩნდა. იმპერატორმა ოტონ I იმ მიწებზე, სადაც სლავები მკვიდრობდნენ, დაადგინა ჰაველბერგის, ოლდენბურგის, მეისენისა და მაგდებურგის საეპისკოპოსოები, საიდანაც მისიონერები იგზავნებოდნენ საქადაგებლად. თავდაუზოგავად შრომობდა ადალბერტი – მაგდებურგის ეპისკოპოსი. მეორე ადალბერტი, ბრემენის არქიეპისკოპოსი, მთელი სიცოცხლე ზრუნავდა სლავთა მოქცევაზე, უფრო სწორად, მათ მიწებზე ქრისტიანული ეპარქიის შექმნაზე. მისი ოცნება იყო მთელი ჩრდილოეთის პატრიარქობა, ამიტომაც ზრდიდა ეპარქიების რაოდენობას, რათა თავისი მოღვაწეობა წარმოეჩინა და სასურველი მიზნისთვის მიეღწია.
სლავების მოქცევა მაინც მდორედ და უღიმღამოდ მიმდინარეობდა. თუ ისინი დროებით დამორჩილდებოდნენ უცხო ძალას და აღიარებდნენ ახალ სარწმუნოებას, შემდგომ ისევ უბრუნდებოდნენ კერპთაყვანისმცემლობას. აწყობდნენ გამანადგურებელ თავდასხმებს გერმანელთა მიწებზე, რითაც ცდილობდნენ წინაპართა სარწმუნოების ღალატის გამოსყიდვას. მაგალითად, ობოტრიტების (ან ბოდრიჩების) ერთმა მთავარმა, თანამედროვე მეკლენბურგის ტერიტორიაზე მცხოვრებმა მისტივოიმ მეგობრული ურთიერთობა გააბა გერმანელებთან და მოინათლა. შემდეგ რატომღაც შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, რეტრაში თანამემამულენი შეკრიბა და „დიდი ღმერთების“ – სვიატოვიტისა და რადეგასატის – სახელით გერმანელებთან ბრძოლისკენ მოუწოდა, რასაც სიხარულით შეხვდნენ. შედეგად ჩრდილოეთ გერმანიას უდიდესი ზიანი მიადგა სლავთა თავდასხმებისგან, რომლებმაც ქრისტიანობის კვალიც კი მოსპეს. ისევ წარმართობამ იზეიმა გამარჯვება. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მისტივოი გულწრფელად დაუბრუნდა ქრისტიანობას და სიცოცხლის ბოლომდე ნანობდა თავის განდგომას.
მისტივოის შვილიშვილმა გოდესკალკმა ქრისტიანული აღზრდა ლუნებურგში მიიღო. მაგრამ როდესაც შეიტყო, რომ გერმანელებმა მამამისი მოკლეს, მასში ველური წარმართის სასტიკმა ვნებებმა იფეთქა. შურისძიების წყურვილით აღძრული მეომრებს ჩაუდგა სათავეში და საშინლად დაარბია ნორდალბინგია, ჰამბუგრისა და გოლშტინიის შემოგარენი, დაანგრია ეკლესიები, გააპარტახა აყვავებული მხარეები. ბოლოს მასში ქრისტიანობამ მაინც სძლია ულმობელ წარმართს, რასაც მოჰყვა სინანულის გრძნობა. თუ ადრე დაუნდობლად სდევნიდა ქრისტიანობას, ახლა მოშურნეობით დაუბრუნდა მას. გოდესკალკმა გააძლიერა სახელმწიფო და დიდად იღვაწა თავისი ხალხის მოსაქცევად; მიიწვია მახარებლები, რომელთაც თავად ეხმარებოდა ლოცვების სლავურად გადათარგმნაში; მანვე დააარსა მრავალი ეკლესია-მონასტერი ლუბეკში, ოლდენბურგში, რატცებურგში, ლენცენსა და მეკლენბურგში.
ამგვარი ქმედებებით უკმაყოფილო წარმართები, რომელთაც ქურუმები უჭერდნენ მხარს, აუჯანყდნენ გოდესკალკს. იგი მოწამებრივად აღესრულა 1066 წელს ლენცენში და მისი ხვედრი ბევრმა მღვდელმა და ქრისტიანმა ერისკაცმა გაიზიარა. მეკლენბურგის ღრმადმოხუცი ეპისკოპოსი იოანე სასტიკად გვემეს, ბოლოს კი მსხვერპლად შესწირეს რადეგასტის კერპს რეტრაში. დაიწყო ქრისტიანთა დევნა, დაინგრა ეკლესია-მონასტრები, გაუდაბურდა არემარე და აღდგა წარმართობა, რაც, მიუხედავად გერმანელთა ძალისხმევისა, XII საუკუნის ბოლომდე ბატონობდა.
ამ ეპოქის მწერლები აღნიშნულ მოვლენებს გერმანელთა სიხარბესა და სისასტიკეს აბრალებენ. აი, რას წერს XI საუკუნის მემატიანე ადამ ბრემენელი: „სლავური ტომების გაქრისტიანება დიდი ხნის წინ შეიძლებოდა, ხელი რომ არ შეეშალა გერმანელთა ანგარებას, რომლებიც უფრო გადასახადის აკრეფაზე ფიქრობდნენ, ვიდრე წარმართთა მოქცევაზე. მათ არ სურთ, დაინახონ, თუ რა ხიფათში იგდებენ თავს. თავიანთი სიხარბით ჯერ ქრისტიანობას გამოუთხარეს ძირი სლავურ მიწებზე, შემდეგ სისასტიკით აიძულეს ქვეშევრდომები, ამბოხებულიყვნენ. ფულის გაუთავებელი მოთხოვნით იმ ადამიანებსაც მოუსპეს მოქცევის საშუალება, ვინც მზად იყო, ერწმუნა“.
მეორე მემატიანე, ჰელმოლდი, გადმოგვცემს: „გამარჯვებულმა სლავებმა იარაღით ხელში დაამხეს მონობა და ისეთი სულიერი შეუპოვრობით იცავდნენ თავიანთ თავისუფლებას, რომ ისევ ქრისტიანის სახელის დარქმევასა და საქსონელთა მეთაურისთვის გადასახადის გადახდას სიკვდილს ამჯობინებდნენ. ჭეშმარიტად, ეს უბედურება გამოიწვია საქსონელთა ანგარებისმოყვარებამ, რომლებიც სანამ ძლიერები იყვნენ და ხშირი გამარჯვებებით ქედმაღლობდნენ, არ სურდათ ეღიარებინათ, ბრძოლაც და წარმატებაც ღვთის ხელთ რომ არის...“.
პრუსიაში მქადაგებლობა IX საუკუნის დასასრულს დაიწყო და ბევრი მახარებლის, მათ შორის ადალბერტ პრაღელის, ბრუნოს, და მისი მეგობრების, მოწამებრივი სიკვდილით დაიბეჭდა. წარმართობა პრუსიაში ამ მოვლენებიდან კიდევ ორი ასწლეულის განმავლობაში ბატონობდა.
|