martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 59

ეკლესიისა და ქრისტიანული განათლების მდგომარეობა ცენტრალურ ევროპაში X საუკუნემდე. ცნობილი ღვთისმეტყველნი. ცრუსწავლებანი. მონასტრები.

 

ჩვენ საკმაოდ დიდი ადგილი დავუთმეთ მოვლენებს, რომლებშიც ღვთისსათნო საქმისთვის თავდადებას სჭარბობდა ადამიანური ვნებები: ძალაუფლების სიყვარული, დიდებისმოყვარება... პაპების მისწრაფება მსოფლიო მმართველობისკენ და ამის თაობაზე წარმოშობილი უთანხმოებანი უფრო საერო ისტორიის თემა უნდა ყოფილიყო, ამ ყოველივეს ასეთი უზარმაზარი გავლენა რომ არ მოეხდინა ეკლესიის ცხოვრების მდინარებასა და განვითარებაზე.

ახლა განვიხილოთ ეკლესიის მდგომარეობა დასავლეთში და მისი დამკვიდრების პროცესი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში.

უპირველესად, ყურადღებას შევაჩერებთ კარლოს დიდის იმპერიაზე. ქვეყნის განათლებაზე მეფის ზრუნვამ ნაყოფი გამოიღო. კარლოსის მემკვიდრეების მმართველობის დროსაც ბევრი სწავლული, შესანიშნავი ღვთისმეტყველი იღვწოდა ცოდნის გასავრცელებლად. მრავალრიცხოვან სასწავლებლებში ამზადებდნენ მქადაგებლებს შორეულ ქვეყნებში სამოღვაწეოდ, ზრუნავდნენ ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებაზე. ფრანკთა მმართველების კარზე მრავლად იყვნენ ბრიტანეთის კუნძულებიდან გადმოსული სწავლულები. ბრიტანეთს თავს ესხმოდნენ დანიელები, ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებსა და სკოლებს. ამის გამო IX საუკუნის პირველი ნახევრისთვის ბრიტანეთში აქამდე განათლების ესოდენ მაღალმა დონემ მნიშვნელოვნად დაიწია. სამაგიეროდ საფრანგეთის სამეფო კარი იქცა მეცნიერებათა მთავარ ცენტრად დასავლეთში.

იმხანად მოღვაწე უამრავ გამოჩენილ პირთა შორის იყვნენ: ვალაფრიდი (წმინდა წერილის განმმარტებელი, წერდა სტრაბოს ფსევდონიმით), აგობარდ ლიონელი, კლავდიუს ტურინელი, იონა ორლეანელი (რომელიც ბევრს წერდა ეკლესიის მოწყობასა და ტრადიციებზე), რაბან მავრი (ალკუინის მოწაფე, რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც განათლების თავდადებულმა გამავრცელებელმა და ღრმად განსწავლულმა პიროვნებამ); მონაზვნები: პასქასიუს რადბერტი, რატრამნ კორბელი, რემიგიუს ოქსერელი, სერვატუს ლუპუსი; აღსანიშნავია ანასტასი ბიბლიოთეკარი, რომელმაც დასავლეთს ბერძენი მწერლების თხზულებები გააცნო.

მაგრამ ყველა ამ შესანიშნავი პიროვნების ღირსებას არ დავამცირებთ, თუ ვიტყვით, რომ მათი თხზულებები ხელს უწყობდა საღვთისმეტყველო ცოდნის გავრცელებას მხოლოდ სწავლულთა შორის, ხალხის დიდი ნაწილისთვის კი ეს ნაშრომები არაფერს ნიშნავდა. ყველა მეცნიერი ლათინურად წერდა, ამდენად მათი თხზულებები სწავლულ ღვთისმეტყველთა ვიწრო წრეში ტრიალებდა და, როგორც ვთქვით, ხალხის განსანათლებლად ცოტა რამ კეთდებოდა. რა თქმა უნდა, მაინც დიდი მიღწევა იყო, რომ აქამდე უმეტესად სახელმწიფო საქმეებით დაკავებული სასულიერო დასი საღვთისმეტყველო და საეკლესიო საკითხებს მიუბრუნდა.

სასულიერო პირთაგან ამ საკითხებით დაინტერესება ჯერ კიდევ კარლოს დიდის დროს აღიძრა. ჩვენ ვნახეთ, რომ გალიის სასულიერო პირები, იმპერატორის მეთაურობით, რომისგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ და ხშირად ეჭვქვეშ აყენებდნენ პაპის შეხედულებებსა და კანონებს საღვთისმეტყველო თემებზე. ასეთი დამოკიდებულება შემდგომაც გაგრძელდა და ჩვენს განსახილველ პერიოდში გალიის სასულიერო დასი უკვე საკმაოდ იყო მომზადებული საეკლესიო საკითხების დამოუკიდებლად გადასაწყვეტად. აგობარდ ლიონელმა გამოსცა თხზულება, რომელშიც გმობდა ხატების თაყვანისცემას; თავის ოლქში აკრძალა ღვთისმსახურების დროს გალობა, გარდა ბიბლიური საგალობლებისა; იგი დაჟინებით მოითხოვდა წმინდა წერილის ზედმიწევნით შესწავლას და ებრძოდა ეკლესიაში შემოპარულ ბევრ ცრურწმენას.

კიდევ უფრო თვითნებურად მოქმედებდა კლავდიუს ტურინელი – მან უარყო პაპის ხელისუფლების კანონიერება. წარმოშობით ესპანელმა კლავდიუსმა რამდენიმე წელი გაატარა ლუდოვიკო „ღვთისმოსავის“ კარზე, რომლის შემწეობით იგი ტურინის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. მეფეს ამით სურდა დაემტკიცებინა, რომ უფლება აქვს, ჩაერიოს მისი ქვეშევრდომი იტალიის არა მარტო პოლიტიკურ, არამედ საეკლესიო საქმეებშიც. კლავდიუსმა მალევე გადაიმტერა პაპი, რადგან მის მმართველობას უშიშრად აღუდგა წინ. მაგრამ ამავე დროს მთელი თავისი სამწყსოს უკმაყოფილებაც დაიმსახურა, რადგან ბრძანა ეკლესიებიდან ხატების გატანა, დაგმო წმინდანებისა და მათი ნაწილების თაყვანისცემა. კლავდიუსის ქცევამ, ასევე მისმა თხზულებებმა, რომლებშიც იგი ამხელდა ცრურწმენასა და მცდარ შეხედულებებს, მაგრამ ამასთან ერთად გმობდა ეკლესიის გადმოცემით დამკვიდრებულ წესებს, ბევრის გულისწყრომა გამოიწვია. კლავდიუსი, როგორც ერეტიკოს ფელიქს ურგელელის მიმდევარი, წერილობით ამხილეს იონა ორლეანელმა, შოტლანდიელმა დუნგალმა და სხვებმა. კლავდიუს ტურინელს, როგორც რეფორმაციის ერთ-ერთ წინამორბედს, პატივს მიაგებენ გვიანდელი ეპოქის პროტესტანტები.

ვფიქრობთ, საკმარისი იქნება, მოკლედ შევეხოთ ორ საღვთისმეტყველო დავას, რომლებშიც მონაწილეობდა ყველა იმდროინდელი სწავლული. IX საუკუნეში აღმოცენებული უთანხმოებანი შემდგომშიც ხშირად იჩენდა ხოლმე თავს, განსაკუთრებით კი რეფორმაციის პერიოდში გამწვავდა. ეს იყო ევქარისტიისა და პრედესტინაციის (ანუ წინასწარგანსაზღვრულობის) შესახებ აზრთა დაპირისპირება.

ამ დრომდე არც ერთ კრებას არ განუსაზღვრავს ევქარისტიის ცნება. კორბის მონასტრის აბატმა – პასქასიუს რადბერტმა, რომელიც უკვე ცნობილი იყო წმინდა წერილის განმარტებებით, გამოსცა წიგნი სათაურით „უფლის ხორცისა და სისხლის შესახებ“, სადაც ამტკიცებდა, რომ ევქარისტია მოჩვენებითი ხორცი და სისხლი არ არის, არამედ ნამდვილად ქალწულისგან შობილი, ჯვარცმული და საფლავიდან აღმდგარი უფლის ხორცი და სისხლია. ამას არ დაეთანხმა ბევრი დასავლელი ღვთისმეტყველი. მათ შორის იყვნენ: რატრამნ კორბელი, რაბან მავრი, იოანე ერიუგენა, რომელთაც შემდეგნაირად განმარტეს სადავო საკითხი: ევქარისტია მხოლოდ სახეა ან სიმბოლოა ქრისტეს სისხლისა და ხორცისა. პასქასიუსის შეხედულებებს იზიარებდნენ ჰინკმარ რეიმსელი და ბევრი სხვა ღვთისმეტყველი. დავა დიდხანს გაგრძელდა და ამ თემაზე რამდენიმე თხზულებაც შეიქმნა. ამ პაექრობაში ეკლესიის მმართველობა არ ჩარეულა, რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია და მხარეთაგანაც არავინ გაუკიცხავს. ორი ასწლეულის შემდეგ ეს უთანხმოება ბერენგარ ტურელმა განაახლა.

ეკლესიის მმართველობა სხვაგვარად მოიქცა მეორე დავასთან დაკავშირებით. გოდეშალკი, საქსონელი გრაფის ვაჟი, მშობლებმა ადრეული ყრმობის ასაკში მიიყვანეს ფულდას მონასტერში და მის მაგიერ დადეს აღთქმა, რომ ყმაწვილი აბატი გახდებოდა. როდესაც გოდეშალკი გაიზარდა, მიხვდა, რომ მონაზვნური ცხოვრებისთვის არ იყო მოწოდებული; მალე მას მაინცის კრებამ მოუხსნა სხვათა მიერ დადებული აღთქმა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას წინ აღუდგა ფულდას მონასტრის წინამძღვარი რაბან მავრი და ახალმა კრებამ გააუქმა პირველი გადაწყვეტილება – გოდეშალკი მონაზვნად დატოვა, ოღონდ სხვა მონასტერში გადასვლის ნება დართო. როდესაც იგი შეუდგა წმინდა მამათა, განსაკუთრებით კი ნეტარი ავგუსტინეს, თხზულებათა შესწავლას, მისი ყურადღება მიიქცია საკითხმა პრედესტინაციის შესახებ. გოდეშალკი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყოველ პიროვნებას ღმერთმა წინასწარ განუკუთვნა მარადიული ნეტარება ან სასჯელი; და რომ ამ წინასწარგანსაზღვრულობას ვერაფერი შეცვლიდა.

გოდეშალკის მიერ გამოთქმულმა ამ აზრმა რაბან მავრის ყურამდე მიაღწია, რომელიც იმ დროისთვის უკვე მაინცის არქიეპისკოპოსი იყო. მან ჯერ წერილობით ამხილა, შემდეგ კი მაინცის კრებაზე იხმო გოდეშალკი, რომელმაც კრებას გააცნო თავის მიერ შედგენილი „სარწმუნოების გადმოცემა“; კრებაზე იგი დაგმეს, როგორც ერეტიკული, ხოლო აბატი გაგზავნეს ჰინკმარ რეიმსელთან, რომლის ოლქსაც ეკუთვნოდა მისი მონასტერი. ახალმა კრებამაც, ჰინკმარის თავმჯდომარეობით, დაგმო გოდეშალკის აზრები და მოსთხოვა მათი უარყოფა. აბატმა უარი განაცხადა, ამიტომ იგი დასაჯეს – გაშოლტეს და იქამდე აწამეს, ვიდრე ცეცხლში არ ჩააგდო „საწმუნოების აღსარება“. ამის შემდეგ მას სამუდამო ტყვეობა მიუსაჯეს, მონასტერში დაამწყვდიეს და დამნაშავესავით ექცეოდნენ. გოდეშალკი ითხოვდა, ნება მიეცათ „საღვთო სამსჯავროზე“ დაემტკიცებინა თავისი შეხედულებების სამართლიანობა. პასუხად შესთავაზეს, რომ აპატიებდნენ, თუ მეორედაც განუდგებოდა თავის ნააზრევს, მაგრამ იგი უდრეკი დარჩა.

ამ საქმეში ჰინკმარის საქციელი ბევრს არ მოსწონდა, სასულიერო დასის ნაწილი გოდეშალკს იცავდა და მის ტანჯვას თანაუგრძნობდა. ზოგიერთი ღვთისმეტყველი, მაგალითად რატრამნი და სერვატუს ლუპუსი, დაუფარავად უჭერდნენ მას მხარს. თვითონ დატყვევებული მონაზონი ჰინკმარს სდებდა ბრალს ცდომილებებში და პაპის მფარველობას ეძებდა. რამდენიმე წელიწადს კამათობდნენ ღვთისმეტყველები „წინასწარგანსაზღვრულობის“ საკითხზე. აბატი გოდეშალკი ოცდაერთწლიანი ტყვეობის შემდეგ აღესრულა – ქრისტიანული წესით მისი დასაფლავება აკრძალეს.

გოდეშალკთან დაკავშირებით ჩვენ პირველად ვახსენეთ „საღვთო სამსჯავრო“. მას მიმართავდნენ ბრალდებულები თავიანთი უდანაშაულობისა და სიმართლის დასამტკიცებლად. ეს პრაქტიკა იმხანად ერთობ გავრცელებული იყო ცენტრალურ ევროპაში და მისი რამდენიმე სახეც არსებობდა: გამოცდა ცივი და ცხელი წყლით, ცეცხლით, გავარვარებული რკინით, ორთაბრძოლითა და ა.შ. ცივი წყლით გამოცდის დროს ბრალდებულს მდინარეში აგდებდნენ. თუ ის ჩაიძირებოდა, უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ და წყლიდან ამოჰყავდათ, რადგან ითვლებოდა, რომ წყალი დამნაშავეს არ მიიღებდა და ამოატივტივებდა. ეს მეთოდი რაკი არასაიმედოდ მიაჩნდათ, მას იშვიათად მიმართავდნენ. უფრო ხშირად იყენებდნენ ცეცხლით, გავარვარებული რკინით, ცხელი წყლით გამოცდას. მაგალითად, ბრალდებულს მდუღარე წყლით სავსე ქვაბის ფსკერიდან უნდა ამოეღო ბეჭედი ან სხვა რამ საგანი; ბრალეულობის გამოსავლენად ხელში აჭერინებდნენ გახურებულ რკინას, შემდეგ დამწვარ ხელს შეუხვევდნენ და თუ სამ დღეში წყლული სრულიად მორჩებოდა, ეს ბრალდებულის უდანაშაულობას ადასტურებდა. ორთაბრძოლების დროს დამარცხებული დამნაშავედ ითვლებოდა და ა.შ.

“საღვთო სამსჯავროს“ აზრი იყო ბრალდებულის აშკარა საფრთხეში ჩაგდება, რათა უფლის მართლმსაჯულებისთვის მიენდოთ უდანაშაულოს დაცვა. „საღვთო სამსჯავროები“ ტარდებოდა ეკლესიის ნებართვით, ხშირად ტაძარში ან მის ეზოში; მას სასულიერო პირები ესწრებოდნენ, რომლებიც განსაკუთრებული ლოცვებით აკურთხებდნენ ამ რიტუალისთვის საჭირო ნივთებს. ამ ჩვეულებას უკვე X საუკუნიდან დაუპირისპირდა საუკეთესო ნაწილი საზოგადოებისა, თუმც ეს ტრადიცია მაინც ძალიან დიდხანს გაგრძელდა.

ეგრეთწოდებული „საღვთო სამსჯავროს“ გარდა, არსებობდა სხვა ჩვეულებებიც, რომლებშიც იკვეთებოდა ცრურწმენა და ქრისტიანული რჯულის გაუკუღმართებული გაგება. ამას ებრძოდნენ კეთლგონიერი ადამიანები. განსწავლული და ღვთისმოსავი ეპისკოპოსები ზრუნავდნენ რწმენის სიწმინდის დასაცავად, განათლებისა და წმინდა წერილის განმარტებების გასავრცელებლად, მაგრამ ამისთვის საჭირო ხდებოდა სასულიერო პირთა უმრავლესობის დაუდევრობასა და სიტლანქესთან ბრძოლა. ამ უკანასკნელთ ნაკლებ ესმოდათ ქრისტეს რჯულის არსი და მას უკუღმართად განუმარტავდნენ ადამიანებს. შედეგად ბევრი ცრურწმენა დამკვიდრდა – ზედაპირულმა აღქმამ შეცვალა ქრისტიანული კანონებისა და დადგენილებების ჭეშმარიტი აზრი. სულის შინაგან, ლოცვით ღვაწლს ხილული წეს-ჩვეულებები ჩაენაცვლა.

ამ პერიოდში ხალხის ზნეობრიობის მთავარი მეთვალყურე, რა თქმა უნდა, სასულიერო დასი იყო. ეპისკოპოსს ევალებოდა, წელიწადში ერთხელ მაინც მოევლო თავისი ეპარქია, დარწმუნებულიყო, იცნობდა თუ არა მრევლი ქრისტიანულ სარწმუნოებას და დაემოძღვრა იგი. ასეთ მოგზაურობას ახლდა ქრისტიანული ზნეობის კანონების დარღვევაში შემჩნეულ დამნაშავეთა სამსჯავროც.

აი, როგორ ტარდებოდა ე.წ. „სინოდები“ ფრანკთა სახელმწიფოში: ეპისკოპოსი, არქიდიაკონის პირით, ატყობინებდა თავისი ჩასვლის დროს და ადგილს, სადაც თავი უნდა მოეყარა ყველას, ვისაც მისი მართლმსაჯულება სჭირდებოდა. მისული ეპისკოპოსი საზოგადოებიდან ირჩევდა შვიდ ღირსეულ კაცს და ადებინებდა ფიცს, რომ ილაპარაკებდნენ მხოლოდ სიმართლეს; ამის შემდეგ უსვამდა შეკითხვებს (ამ უკანასკნელთა მიხედვით შეიძლება წარმოვიდგინოთ მაშინდელი საზოგადოების განვითარების დონე) ხომ არ მომხდარა ეპარქიაში მკვლელობა, ქურდობა, ფიცის გატეხვა; არიან თუ არა ოლქში ჯადოქრები, შემლოცველები, მკითხავები; ხომ არავინ აღასრულა წარმართული რიტუალი ხეების, წყაროების ან ქვების თაყვანსაცემად. ხომ არ შეულოცეს მწყემსებმა ან მონადირეებმა მარცვლეულის ყანებს, სათიბებს და ა.შ.; ხომ არ დაუმალავთ ეს შელოცვები ხის ფუღუროებში, დაუმარხავთ გზაჯვარედინებზე, რათა საქონელი დაეცვათ დაცემისგან; ხომ არ ირწმუნებოდა რომელიმე დედაკაცი, რომ ჯადოქრობითა და მისნობით შეეძლო – სიძულვილი სიყვარულით შეეცვალა ან პირიქით; ხომ არავის აქვს ბოროტ სულთან კავშირი; ვინმემ რაიმე უწმინდური ხომ არ შეჭამა და მარხვა დაარღვია; ან გააცდინა დღესასწაულის ღვთისმსახურება, იმუშავა საზეიმო დღეებში, უარი თქვა საეკლესიო გადასახადზე, უდიერად მოექცა სასულიერო პირს, უღალატა სტუმართმოყვარეობის კანონს; ზრუნავენ თუ არა ნათლიები, რომ ნათლულებმა იცოდნენ საუფლო ლოცვა; ხომ არავინ გამოიყენა ყალბი სასწორი ან გირები; ვინმე ხომ არ მევახშეობს; ეკლესიის მახლობლად ვინმე ხომ არ მღერის უწესო სიმღერებს ან საუბრობს თუ არა ღვთისმსახურების დროს და ა.შ.

მოწმეების პასუხთა მოსმენის შემდგომ იწყებოდა სამსჯავრო; დამნაშავედ მიჩნეულებს ძირითადად ხორციელი სასჯელი ელოდათ, თუმცა მისი შეცვლა შეიძლებოდა ფულადი ჯარიმით ან საეკლესიო ეპიტიმიის აღსრულებით. მოგვიანებით ჩვევად იქცა ფულადი ჯარიმით ან გარკვეული რაოდენობის ლოცვის წაკითხვით საკუთარი ცოდვების გამოსყიდვა. უკვე VIII საუკუნეში გამოჩნდა ეპისკოპოს ჰალიტგარ კამბრელის მიერ შეთხზული წიგნი, რომელშიც თითოეულ დანაშაულზე განსაზღვრული იყო ეპიტიმიის ხარისხი.

ასეთი ზერელე მონანიების წინააღმდეგ მაშინვე ბევრი აღდგა, შალონის კრებამ პირდაპირ აკრძალა კიდეც პენიტენციალური, როგორც მათ უწოდებდნენ, წიგნების გამოყენება და გამოაცხადა, რომ ჭეშმარიტი სინანულის გამომხატველია ლოცვის გულწრფელობა და არა მისი რაოდენობა, რამეთუ „გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს“. მაგრამ იმდენად ძლიერი იყო ეკლესიის დადგენილებების მარტოოდენ ზედაპირული, გაუაზრებლად შესრულებისკენ ლტოლვა, რომ X-XI საუკუნეებში დასავლეთში ძლიერ დამკვიდრდა და ეკლესიაშიც შეიწყნარეს ჩვეულებები, რომელთა წინააღმდეგ VIII საუკუნეში თავგამოდებით იბრძოდნენ. თითოეული დანაშაულისთვის განისაზღვრა ლოცვებისა და ფსალმუნების რაოდენობა, აღკვეთისა და თვითგვემის ხარისხები – სასჯელების სისტემა იმდენად ცხადად ჩამოყალიბდა, რომ შემცოდებელს წინასწარ შეეძლო სცოდნოდა, რა რით შეეცვალა. მაგალითად, ერთწლიანი სინანულის მაგიერ შეიძლებოდა ოცდაათი ფსალმუნის წაკითხვა ან ამდენივე დარტყმის ატანა. ამრიგად, მას, ვისაც ეკლესიამ სინანულის ხუთწლიანი ვადა დაუდგინა, სანაცვლოდ ფსალმუნთა მთელი წიგნი უნდა წაეკითხა. სინანულში იგულისხმებოდა მარხვის დაცვა, მოკრძალებული, უბრალო სამოსის ტარება და ა.შ., რისი შეცვლაც შეიძლებოდა მომლოცველობით, გარკვეული ფულადი ჯარიმის გადახდით... ზოგიერთმა სამომავლოდ დანაშაულის ჩადენისთვის ფულის წინასწარი გადახდა და საკუთარი სინდისის წინაშე უპასუხისმგებლობის უფლების ყიდვა დაიწყო. ასე თანდათანობით განვითარდა ინდულგენციების საშინელი სისტემა...

ვინც უარს იტყოდა მასზე სასჯელად დადებული საეკლესიო სინანულის აღსრულებაზე, ეკლესიიდან განიკვეთებოდა, მძიმე დანაშაულებისთვის კი ანათემა ელოდა. სხვაგვარად, მას ეკრძალებოდა ყოველგვარი მონაწილეობა საეკლესიო მსახურებებსა და საიდუმლოებში და თვითონაც კანონგარეშედ ცხადდებოდა. ეს მეთოდი მოგვიანებით საშინელ იარაღად იქცა ძალაუფლებისმოყვარე სასულიერო დასის ხელთ (ჩვენ შემდგომ დაწვრილებით ვისაუბრებთ ამის შესახებ). VIII-IX საუკუნეებშივე დაედო სათავე მრავალ ტრადიციასა და დადგენილებას, რომლებიც შემდგომ ანგარებისა და ძალაუფლებისმოყვარე სასულიერო დასის ხელშეწყობით განვითარდნენ. იმხანად რომის ეკლესიამ სცადა, სასულიერო პირთა უქორწინებლობას საეკლესიო კანონის სახე მისცემოდა და 868 წელს ვორმსის კრებაზე შესაბამისი დადგენილებაც გამოიტანა, თუმცა იგი დასავლეთში საყოველთაოდ არ იქნა მიღებული. იტალიაში XI საუკუნემდე იყვნენ ცოლიანი მღვდელმსახურები.

ფრანკთა სამღვდელო პირთა მომხვეჭელობა და სიხარბე, მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება და აღვირახსნილი ცხოვრება სასულიერო დასის საუკეთესო ნაწილის აღშფოთებას იწვევდა; ისინი ყოველმხრივ ცდილობდნენ მდგომარეობის გამოსწორებას. სხვათა შორის, VIII საუკუნის შუა წლების ერთ-ერთი ასეთი მცდელობა ეკუთვნის ეპისკოპოს ქროდეგანგ მეცელს, რომელმაც სასულიერო პირთა კრებული დაარწმუნა, ერთად ეცხოვრათ მისი მეთვალყურეობის ქვეშ და დაეცვათ მისგანვე შედგენილი წესდება (ვიტა ცანონიცა), რომელიც ძალიან ჰგავდა სამონაზვნო ცხოვრების განაწესს, ოღონდ ნაკლები სიმკაცრით ხასიათდებოდა. კლირიკოსები უნდა დამორჩილებოდნენ კანონიკურ წესებს (ამიტომ მათ კანონიკები ეწოდათ) და ერთად ეცხოვრათ საკათედრო ტაძართან არსებულ სახლში ეპისკოპოსის მეთვალყურეობით და შემწეობაც იმავე ტაძრიდან მიეღოთ; ექნებოდათ საერთო ტრაპეზი, დამახასიათებელი სამოსი. გარკვეულ საათებში (ჰორაე ცანონიცა) შეიკრიბებოდნენ სალოცავად, იგალობებდნენ ჟამნს, მოისმენდნენ თავებს (ცაპიტულუმ) წმინდა წერილიდან ან კანონიკური წესდებიდან. ამიტომაც შემდგომ „კანონიკთა“ მთელ ამ კრებულს ეწოდა კაპიტულუმი.

ამგვარი ცხოვრება ქროდეგანგმა მხოლოდ თავისი საკათედრო ტაძრის კლირიკოსებისთვის მოაწყო, მაგრამ უკვე IX საუკუნეში კანონიკთა ტიპიკონი, რომელიც ბევრი ახალი წესით შეივსო, აუცილებელი გახდა საფრანგეთის ყველა საკათედრო და ზოგიერთი სამრევლო ტაძრისთვის, რამაც მოგვიანებით სასულიერო პირთა უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრს ამძიმებდა განაწესის სიმკაცრე და ზოგჯერ მისი შემსუბუქებაც ხდებოდა. კანონიკებმა მოახერხეს, მიეღოთ საეკლესიო ქონების ნაწილის დამოუკიდებლად გამოყენების უფლება. ისინი თანდათან დაშორდნენ თავდაპირველ მკაცრ წესებს და დაიწყეს თავისუფალი, შემსუბუქებული ცხოვრება. შემდგომ ისინი ძირითადად ახალგაზრდობის აღზრდაზე ზრუნავდნენ. ასევე ჩამოყალიბდა დედაკაცთა – კანონისების საზოგადოებები, ქალწულებისა და ქვრივებისაგან, რომლებიც დებდნენ უქორწინებლობის აღთქმას, მაგრამ ოჯახებს არ ტოვებდნენ და ემორჩილებოდნენ მონაზვნური ცხოვრების გარკვეულ წესებს. კანონისების ტიპიკონიც ასევე IX საუკუნის პირველ ნახევარში დაიწერა.

ამავე პერიოდში უკიდურესად აუცილებელი შეიქნა მონასტრების რეფორმირება; ეს განსაკუთრებით ეხებოდა საფრანგეთს, სადაც ეს სავანეები მეტისმეტად დაშორდა თავდაპირველ სიმკაცრესა და უბრალოებას. გარკვეულწილად ამის მიზეზი გახდა დამღუპველი ჩვეულება – ერისკაცებისთვის ჯილდოდ მონასტრების ჩუქება. ახალი მფლობელებიც სარგებლობდნენ მონასტრის მიწებიდან მიღებული შემოსავლით და საერთოდ არ აწუხებდათ, იცავდნენ თუ არა მონაზვნები ტიპიკონს, ღვთისმოშიშნი იყვნენ თუ უზნეოდ ცხოვრობდნენ. არცთუ იშვიათად მეპატრონე ერისკაცი თვეობით ცხოვრობდა სავანეში ოჯახთან, მეგობრებსა და მოსამსახურეებთან ერთად. ისინი ნადირობდნენ მონასტრის ვრცელ მამულებში, აწყობდნენ ხმაურიან გართობებს და წრეგადასულ ღრეობებს. გაძევებული მონაზვნები შემოგარენში დაეხეტებოდნენ და თავის სარჩენად მოწყალებას თხოულობდნენ. მონაზვნობა თითქმის მოიშალა, ტიპიკონს საერთოდ არავინ იცავდა. აუცილებელი იყო ძირეული გარდაქმნა, რაც მკაცრი ბენედიქტე ანიანელის მოღვაწეობის მთავარი მიზანი გახდა.

ლანგეტოკის დიდგვაროვან ოჯახში დაბადებული ახალგაზრდა ვიტიცა კარლოს დიდის მეომარი იყო. სასიკვდილო საფრთხის წუთებში მან აღთქმა დადო, რომ სიცოცხლეს ღმერთს მიუძღვნიდა. იგი მონაზვნად შედგა ბენედიქტეს სახელით, მისდევდა უმკაცრეს ცხოვრებას და მოძმეებს აოცებდა ხორცის დამთრგუნავი მარხვით, მღვიძარებითა და თვითგვემით.

მონაზონთა აღვირახსნილობის შემყურე ბენედიქტემ გადაწყვიტა დაარსება მონასტრისა, რომელიც სხვათათვის სანიმუშო იქნებოდა. მან თავის საგვარეულო მამულში დააფუძნა ანიანის მონასტერი და იქ შეკრებილ მონაზვნებს ბენედიქტე ნურსიელის განაწესით დააწყებინა ცხოვრება, თვითონ კი მკაცრად ადევნებდა თვალს ამ ტიპიკონის დაცვას და ყველას თავგანწირვის, თავმდაბლობისა და შრომისმოყვარების მაგალითს აძლევდა. მონასტრისა და მისი წინამძღვრის ქება-დიდება შორს გავრცელდა. კარლოს დიდის მფარველობამ და მდიდრულმა შესაწირმა ბენედიქტეს საშუალება მისცა, მონასტერთან მოეწყო უმაღლეს მეცნიერებათა სასწავლებელი, ბიბლიოთეკა, საეკლესიო გალობის სკოლა. ანიანის მონასტერი საფრანგეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავანედ იქცა. კარლოს დიდის ვაჟის, ლუდოვიკო ღვთისმოსავის დროს ბენედიქტემ უზარმაზარი გავლენა მოიპოვა სახელმწიფო და საეკლესიო საქმეებში – მისი მონაწილეობისა და რჩევის გარეშე არაფერი წყდებოდა. მანვე დაარწმუნა ლუდოვიკო, ხელი მოეკიდა სამონასტრო რეფორმისთვის და აი, 817 წელს ააქენში, სახელმწიფო სეიმზე, უმნიშვნელოვანესი სავანეების წინამძღვრებთან თათბირის შემდეგ გადაწყდა, საფრანგეთის ყველა მონასტერი დამორჩილებოდა ბენედიქტე ნურსიელის განაწესს, რომელიც გარკვეულწილად შეცვალა ბენედიქტე ანიანელმა. მასვე დაევალა სახელმწიფოში ყველა სამონაზვნო სავანეზე მკაცრი მეთვალყურეობა.

ბენედიქტე თავდაუზოგავად შეუდგა მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას: გამუდმებით დადიოდა მონასტრებში და ამოწმებდა ტიპიკონის შესრულების მდგომარეობას, ცდილობდა მონაზონთა განათლებას, მოუწოდებდა მკაცრი და შრომისმოყვარე ცხოვრებისაკენ, უქადაგებდა ღარიბებისადმი გულმოწყალებას, მაგრამ ერთი კაცის შრომა არ აღმოჩნდა საკმარისი ფრანკთა მონასტრებში შეღწეული მთელი ბოროტებისა და წახდენის ამოსაძირკვად. სავანეთა უმეტესობა ბენედიქტეს სიკვდილის შემდეგ ადრინდელ ყოფას დაუბრუნდა. X საუკუნემდე არ მოიშალა დამსახურებული ერისკაცების მონასტრებით დასაჩუქრების ტრადიცია. ასწლეულების განმავლობაში არ შეწყვეტილა ჩივილი მონაზვნური ცხოვრების მოშლაზე, ზნეობის დაცემაზე, აბატთა უმეცრებასა და მცონარებაზე, რაც ერისკაცთაგან სიძულვილსა და დაცინვას იწვევდა. ბენედიქტე ანიანელის შემდგომ მრავალი ღვთისმოსავი პიროვნება შეეცადა მონასტრებში სიმკაცრისა და ძველი ღვთისმსახურების სიწმინდის აღდგენას.

ჩვენ დავასახელეთ უმნიშვნელოვანესი მონასტრები და გიამბეთ მათ დამაარსებლებზე. ზოგიერთმა სავანემ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, როგორც სასწავლებელმა. ასეთი მონასტრები იყო: სენტ-გალენი, რეიხენაუ (შვეიცარია); ლორში, ჰირშაუ (რეინის მახლობლად); ფულდა (ბავარია); კორბი პიკარდიაში (საფრანგეთი). ეს უკანასკნელი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ უდიდესი ყურადღება დაუთმო მქადაგებლობას და საკმაოდ ბევრი მოშურნე მოღვაწეც აღზარდა. ამ მონასტერმა სხვა სავანეც მოაწყო, რომლის განსაკუთრებული მიზანი წარმართთათვის ღვთის სიტყვის ქადაგება იყო. აი, როგორ მოხდა ეს:

კარლოს დიდმა საქსების დამორჩილების შემდგომ რამდენიმე იქაური ყმაწვილი გაგზავნა მონასტრებში, უმთავრესად კი კორბის სავანეში, რათა ესწავლათ ქრისტეს რჯული და თავიანთ ქვეყანაში დაემოძღვრათ ერი. განსაკუთრებული მონდომებით შეუდგა საქსონელთა განათლებას კორბის სავანის წინამძღვარი ადალჰარდი. როდესაც დაინახა, რომ თავისი მცდელობა წარმატებული გამოდგა, განიზრახა საქსების სამშობლოში მონასტრის მოწყობა. გამოჩნდნენ საკმაოდ ღირსეული მონაზვნები, რომლებიც მზად იყვნენ, კორბის მონასტერში აღზრდილ ყმაწვილებთან ერთად გადასახლებულიყვნენ საქსონიაში. მათ მრავალი გაჭირვება და ტანჯვა გამოიარეს ველურ, უკაცრიელ ადგილზე დასამკვიდრებლად, იქ თავს ძლივს ირჩენდნენ; ბოლოს მდინარე ვეზერის ნაპირას, გერმანულ მიწაზე, დააფუძნეს მონასტერი, რომელსაც ახალი კორბი ეწოდა. იქვე დაარსდა სკოლაც, რომლის მთავარი დამრიგებელი გახდა პასქასიუს რადბერტის მოწაფე ანსგარი, სკანდინავიის მომავალი მოციქული. მისი მოშურნე, დაუღალავი მოღვაწეობა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა