martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 58

პატრიარქ ფოტიოსის ბრძოლა პაპ ნიკოლოზსა და მის მემკვიდრეებთან.

 

რაოდენ დიდიც უნდა ყოფილიყო იმხანად პაპების მნიშვნელობა, მათ უკმარისობის გრძნობა მაინც არ ტოვებდა, სანამ აღმოსავლეთი არ აღიარებდა მათ უპირატესობას.

რომის მღვდელთმთავრთა მოთხოვნებს ნიადაგ უარყოფდა ძველი გადმოცემების ერთგული აღმოსავლეთის ეკლესია, რომლის დაქვემდებარებაც პაპების მისწრაფებათა მთავარ მიზნად იქცა. IX საუკუნის მეორე ნახევარში, ჩანს, ამ სურვილის განსახორციელებლად ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა.

კონსტანტინოპოლში ხატთმბრძოლობის ქარიშხალმა გადაიარა და ეკლესიამ სულის მოთქმა ძლივს მოასწრო, რომ ისევ დავა და არეულობა დაიწყო. რასაკვირველია, პაპმა ნიკოლოზმა სიხარულით გამოიყენა ეს შემთხვევა, რათა ერთხელ და სამუდამოდ დადგინებულიყო მსოფლიო მმართველად.

კონსტანტინოპოლს 842 წლიდან მართავდა ახალგაზრდა იმპერატორი მიქაელ III, რომელიც საკუთარი დედა-დედოფლის თეოდორასა და მისი ძმის – ბარდას მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდა. ჭკვიან, მაგრამ ძალაუფლების მოყვარე და უზნეო ბარდას დიდი ზეგავლენა ჰქონდა ყმაწვილ იმპერატორზე. გულისთქმასა და ვნებებს დამონებულმა მიქაელმა კი ხალისით გადაულოცა სახელმწიფო საზრუნავის ტვირთი ბარდას, როგორც მეურვეს; მათ აერთიანებდათ ერთი ზრახვა – ორივეს მკაცრი თეოდორას მოშორება უნდოდა: ბარდას იმიტომ, რომ მარტოს სურდა ქვეყანა ემართა, მიქაელს კი დედამისი ხელს უშლიდა სასახლეში ხმაურიანი და უწესო ღრეობების მოწყობაში. შედეგად საიმპერატორო კარზე ორი ფრთა ჩამოყალიბდა.

სასულიერო პირთა უმრავლესობა თეოდორას მიემხრო. მათ შორის გამოირჩეოდა პატრიარქი ეგნატე, რომელსაც უმწიკვლო ცხოვრებისთვის ყველა დიდ პატივს მიაგებდა. იგი იყო იმპერატორ მიქაელ რანგავეს (811-813 წწ.) ძე და მისივე ნებით დადგენილ იქნა პატრიარქად. ბარდამ მას მოსთხოვა, მონაზვნად აღეკვეცა თეოდორა და მისი ასულები, რაზეც უარი მიიღო. ეგნატე ხშირად კიცხავდა მას გარყვნილი ცხოვრებისათვის, ბოლოს კი, ერთ-ერთ დიდ დღესასწაულზე, მთელი ხალხის თვალწინ, ზიარების ნება არ მისცა. რისხვით ანთებულმა ბარდამ ეგნატე დაამხო და გადაასახლა, თეოდორა და მისი ასულები კი მონასტერში გამოამწყვდია.

აუცილებელი იყო ახალი პატრიარქის დანიშვნა. მართალია, რჯულისკანონით საერო ხელისუფლებას ნება არ ჰქონდა, ჩარეულიყო საეკლესიო თანამდებობებზე დანიშვნაში და ცოტა ხნის წინ, VII მსოფლიო კრებაზე, ეს აკრძალვა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, მაგრამ ბიზანტიის მმართველები საეკლესიო წესებს ანგარიშს ნაკლებად უწევდნენ – თვითნებურად ამხობდნენ და ნიშნავდნენ პატრიარქებს, რაც ყოველთვის იწვევდა ხალხის მღელვარებას. ახლაც, ყველასგან პატივცემული ეგნატეს უკანონო გაძევებას დიდი მითქმა-მოთქმა და აღშფოთება მოჰყვა. მართალია, ეგნატემ თვითონ თქვა უარი ტახტზე, მაგრამ ბევრს ეს იძულებით ნაბიჯად მიაჩნდა. ბარდას ესმოდა, რომ აუცილებელი იყო პატრიარქის მაღალი წოდებისთვის ღირსეული ადამიანის არჩევა – მხოლოდ ასე თუ შეძლებდა თავისი უკანონო საქციელის გამოსწორებას. მან არჩევანი, მართლაც, ასეთ ადამიანზე შეაჩერა.

ფოტიოსი, ყოფილი პატრიარქის – ტარასის ძმისწული, მართლმადიდებლობისთვის წამებულთა ვაჟი და შვილიშვილი, მთელ იმპერიაში იყო ცნობილი გონიერებით, ფართო ცოდნითა და ეკლესიისადმი ერთგულებით. იგი საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა და მაღალი სახელმწიფო თანამდებობები ეკავა: იყო საიმპერატორო გვარდიის მეთაური, სახელმწიფოს პირველი მდივანი და სენატის წევრი. სასახლის ხმაურიან სამყაროშიც იგი დიდი ინტერესით სწავლობდა საღვთო წერილსა და მეცნიერებებს. იცოდა ფილოსოფია, ფილოლოგია, მედიცინა, ისტორია, სამართალმცოდნეობა, რიტორიკა... მის სახლში იკრიბებოდნენ კონსტანტინოპოლის უღირსეულესი და განსწავლული პიროვნებები. ფოტიოსმა იმდენად დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელი ბიზანტიის განათლებასა და საერთოდ მეცნიერულ სამყაროზე, რომ მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ხანას დღევანდლამდე „ფოტიოსის ეპოქა“ ეწოდება.

ბარდას არჩევანს წინ ვერავინ აღუდგებოდა. სასულიერო დასის უდიდეს ნაწილს პატრიარქის ტახტზე ფოტიოსის ხილვა სურდა. კრებაზე, რომელსაც ეგნატეს მომხრეებიც ესწრებოდნენ, მხოლოდ ხუთი ხმა მისცეს პატრიარქად მისი არჩევის წინააღმდეგ. თვითონ ფოტიოსი უარს აცხადებდა შეთავაზებულ თანამდებობაზე. მოგვიანებით იგი წერდა: „მე ვგრძნობდი, რომ უღირსი ვიყავი არქიეპისკოპოსის ხარისხისა და მწყემსის მოვალეობისა. იმავდროულად მაშფოთებდა მოლოდინი უსიამოვნებებისა. ამ შეგრძნებამ ჩემი სული მოიცვა. ვტიროდი, ვევედრებოდი, მივმართე ყველა ზომას, რათა ამეცილებინა არჩევა. ვთხოვე, აერიდებინათ ჩემთვის მრავალი საზრუნავითა და საცდურით სავსე თასი. ამიტომაც ვჯიუტობდი ასე, როდესაც მარწმუნებდნენ, სამღვდელო ხარისხი მიმეღო“.

ამ სიტყვების გულწრფელობა ეჭვგარეშეა. ფოტიოსი კეთილდღეობით ცხოვრობდა, იყო დამოუკიდებელი და თავისუფალი, დროც ჰქონდა საყვარელი საქმეებისთვის. ბარდას მსგავსი მმართველის დროს, რომელიც ასე უკანონოდ მოექცა ეგნატეს, პატრიარქობა საზრუნავისა და უსიამოვნების მეტს არაფერს უქადდა. ფოტიოსმა რამდენჯერმე გაიმეორა უარი, მაგრამ ეგნატეს ჩამოგდებიდან ერთი თვის შემდეგ, მაინც დაჰყვა იმპერატორის დაჟინებულ ვედრებას, რომელიც, სასულიერო პირთა თანხლებით, პირადად მივიდა მასთან. ექვსი დღის განმავლობაში ფოტიოსმა გაიარა ყველა საეკლესიო ხარისხი და დადგინებულ იქნა პატრიარქად.

შემდგომში მან არაერთხელ ინანა, რომ დათანხმდა ძალადობითა და თვითნებობით გათავისუფლებული ტახტის დაკავებას. დადგინებისთანავე მას ყოველი მხრიდან თავს დაატყდა უსიამოვნებანი. ეგნატე, რომელიც თავიდან დათანხმდა გადადგომას, ახლა ამტკიცებდა, რომ ის იყო კანონიერი პატრიარქი. ბარდას მტრები მის მხარეს იყვნენ, სასულიერო დასის ნაწილიც ფოტიოსს არ აღიარებდა. ბარდამ ძალის გამოყენებით სცადა მოწინააღმდეგეთა დამორჩილება; ეგნატესა და მის მომხრეებს დაუნდობელი დევნა დაუწყო, ბევრი მათგანი დააპატიმრა, აწამა, ქონება ჩამოართვა... მსგავსი ქმედებები ფოტიოსისთვისაც საზიანო გამოდგა, თუმცა თვითონ ყოველგვარი საშუალებით ცდილობდა ბარდას შეჩერებას და სიმშვიდისა და მიმტევებლობისაკენ მოუწოდებდა.

სასახლის კარზე უწესობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია. ახალგაზრდა იმპერატორი აშკარად აბუჩად იგდებდა ეკლესიას და მის ტრადიციებს. მისი საყვარელი გასართობი იყო ეკლესიის მღვდელმოქმედებათა დაცინვა მთვრალ კარისკაცებთან ერთად. ამ აღმაშფოთებელ ტაკიმასხარობაში მის ზოგიერთ კარისკაცს ეპისკოპოსი ერქვა, ერთ-ერთი დიდებული პატრიარქს განასახიერებდა და ა.შ. „ეგნატე თეოდორას პატრიარქია, ფოტიოსი – ბარდასი, ხოლო თეოკტისტე – ჩემი“ – ამბობდა მიქაელი. ფოტიოსი შეძლებისდაგვარად ცდილობდა, ბოლო მოეღო ამ მკრეხელობისთვის, მაგრამ მტრებმა მას მაინც დასდეს ბრალად, თითქოს იმპერატორს უწყობდა ხელს წრეგადასული ორგიების გამართვაში.

კონსტანტინოპოლში მოწვეულმა კრებამ ეგნატე, მისივე უარის საფუძველზე, გადამდგარად გამოაცხადა. მაგრამ ამან წონასწორობა ვერ აღადგინა. კონსტანტინოპოლში მიმდინარე მოვლენებით უკმაყოფილო დაჯგუფებამ საჩივრით რომს მიმართა. ახლა, როგორც არასდროს, ჩამოგდებულ ეგნატეს და მის მომხრეებს შეეძლოთ ჰქონოდათ იმედი პაპის მხარდაჭერისა, რომელიც მნიშვნელოვან ძალას ფლობდა და საეროსგან სასულიერო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ქადაგებდა.

ამ უთანხმოებათა მოსაგვარებლად ფოტიოსმა გადაწყვიტა დიდი კრების მოწვევა, რომელზეც, ეგნატეს საქმის გარდა, უნდა გადაწყვეტილიყო ხატთმბრძოლობის არეულობის გამო გადაუჭრელი რამდენიმე საეკლესიო საკითხი. პაპს მოსაწვევი წერილები გაუგზავნეს იმპერატორმაც და ფოტიოსმაც. ეს უკანასკნელი რომის მღვდელთმთავარს ატყობინებდა პატრიარქად თავისი დადგინების შესახებ, სთხოვდა ძმურ კეთილგანწყობას და მოსალოდნელ კრებაზე მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟებოდა. წერილი დაწერილი იყო რომის – იმპერიის ამ პირველი და უძველესი დედაქალაქის – ეპისკოპოსისადმი სათანადო პატივისცემით, მაგრამ პაპმა ნიკოლოზმა მისი შინაარსი სხვაგვარად გაიგო. ამიტომ პასუხიც უკიდურესად ქედმაღლური შეუთვალა, საიდანაც ჩანდა, რომ მან მიითვისა ეკლესიის თავისა და ეკლესიის საქმეებში უზენაესი მსაჯულის უფლებები. პაპი გამოთქვამდა უკმაყოფილებას – როგორ თუ მასთან შეუთანხმებლად და საეკლესიო კანონების დარღვევით (ასეთი კანონი მხოლოდ ცრუდეკრეტალიებშია წარმოდგენილი) იქნა მოწვეული კრება, რომელზეც ეგნატე დაამხეს, პატრიარქად კი ერისკაცი აირჩიეს. პაპი უარს აცხადებდა, ეღიარებინა ფოტიოსი, ვიდრე კრებაზე მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი თავისი ლეგატების მეშვეობით მთელ საქმეს არ შეისწავლიდა. იმავდროულად ითხოვდა, დაებრუნებინათ ილირია და ლეონ ისავრიელის მიერ წართმეული ოლქებიდან მიღებული შემოსავლები.

კრება გაიხსნა 861 წელს. მას სამასზე მეტი ეპისკოპოსი ესწრებოდა, რომელთა შორისაც იყო პაპის ორი ლეგატიც. კრებამ დაადასტურა ეგნატეს დამხობა და ფოტიოსი კანონიერ პატრიარქად გამოაცხადა. ამ უკანასკნელმა პაპს კრების დადგენილებებთან ერთად წერილი გაუგზავნა, რომელშიც თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ უარყო პაპის მიერ წამოყენებული მოთხოვნები. ამასთან სწერდა, რომ შეუძლებელი იყო პაპს ესაყვედურა ეკლესიისთვის უცნობი კანონების დარღვევისთვის (ამით მიანიშნა, რომ ნიკოლოზი თავის პირველობას ასაბუთებდა ყალბ კანონებზე დაყრდნობით).

რაც შეეხება პატრიარქის არჩევას ერისკაცთაგან, ამის მრავალი მაგალითი არსებობდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა ისტორიაში. ამასთან ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან სხვადასხვა ეკლესია განსხვავებულ ტრადიციებს მისდევდა, რაც მათ ურთიერთობას ხელს არ უშლიდა, თუ ეს სხვაობა დოგმატების არსს არ ეხებოდა. რომის ეკლესიამ არაერთხელ შეცვალა ძველი, სამოციქულო ეკლესიის მიერ დადგენილი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. ფოტიოსი წერილში პაპს მიუთითებდა ამგვარ გადახვევებზე და მოუწოდებდა, დაეცვა ძველი დადგენილება, რომლის თანახმადაც უცხო ქვეყნის ეპისკოპოსს ან პატრიარქს არ უნდა განეხილა საჩივარი იმ პირებისგან, რომლებიც თავიანთი ქვეყნის სასულიერო მმართველების უკმაყოფილონი იყვნენ, ამასთან არ ჰქონდათ საკუთარი ეპისკოპოსისგან მიღებული ნდობის სიგელი. პაპის მოთხოვნაზე ილირიის დაბრუნების შესახებ ფოტიოსს პასუხი არ გაუცია.

რა თქმა უნდა, პაპი ნიკოლოზი ამგვარი წერილით დიდად უკმაყოფილო დარჩა. მან 862 წელს რომში მოიწვია კრება, დაამხო თავისი ლეგატები, როგორც კონსტანტინოპოლის მიერ მოსყიდულნი, ეგნატე კვლავ კანონიერ პატრიარქად გამოაცხადა, ხოლო ფოტიოსი ანათემას გადასცა; იმპერატორსაც შეჩვენებით დაემუქრა, თუ იგი მის დადგენილებებს არ აღასრულებდა. მიქაელმა პასუხად გაუგზავნა ერთობ უკმეხი წერილი, სადაც აღნიშნავდა, რომ ფოტიოსი მართალია და პაპს ამ საკითხში მსაჯულად არავინ სცნობდა.

რომის მღვდელთმთავარი მაინც თავისას არ იშლიდა, მაგრამ ამაოდ...

ფოტიოსმა გულმოდგინედ მოჰკიდა ხელი ეკლესიის საქმეებს. როდესაც 864 წელს ბულგარეთის მეფემ, ბორისმა გაქრისტიანება მოინდომა, ფოტიოსმა მასთან გაგზავნა მქადაგებლები და მღვდლები, წერილობითაც განუმარტა სარწმუნოების დოგმატები და ქრისტიანული ცხოვრების წესები. მანვე მორავიის მთავრებს აახლა კირილე და მეთოდე, რომლებმაც სლავურ მიწებზე ღვთის სიტყვა სლავურად იქადაგეს, რითაც ამ ქვეყნებში მტკიცე საფუძველი ჩაუყარეს ქრისტიანულ განათლებას. ამასობაში ბულგარეთში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა რომსა და კონსტანტინოპოლს შორის დაპირისპირება და ნიკოლოზმაც კიდევ ერთხელ შეაჩვენა პატრიარქი ფოტიოსი.

როდესაც ბერძენი მქადაგებლები ცდილობდნენ ქრისტიანობის გავრცელებას ბულგარეთში, პაპის საიდუმლო აგენტები ერთი მხრივ აღმოსავლეთის ეკლესიისადმი უნდობლობას უნერგავდნენ ახალმოქცეულებს, მეორე მხრივ კი ბულგარეთის მეფე ბორისის დარწმუნებას ცდილობდნენ, რომ მისი ქვეყნისთვის გაცილებით უსაფრთხო იქნებოდა ურთიერთობა რომთან, ვიდრე კონსტანტინოპოლთან. ამას იმპერატორ ლუდოვიკოს მუქარაც დაერთო – შეშფოთებულმა და დაბნეულმა მეფემ გადაწყვიტა, პაპისთვის ეთხოვა დახმარება და რჩევა. პაპმა ნიკოლოზმაც წერილობით აუხსნა ქრისტიანული ზნეობის წესები და რომისადმი მორჩილება ურჩია, თან საჩქაროდ გააგზავნა ბულგარეთში ეპისკოპოსი და მრავალი მღვდელი, რომლებმაც ბერძნების ნაღვაწს მთლიანად ხაზი გადაუსვეს: ბერძენ მღვდელთაგან აღსრულებული მირონცხება არად ჩათვალეს და მონათლულებს თავიდან სცხეს მირონი; დაადგინეს სასულიერო პირთა უქორწინებლობა, შაბათის მარხვა და ლათინთა ეკლესიის სხვა სიახლენი. გაავრცელეს სარწმუნოების შეცვლილი სიმბოლო, წინ აღუდგნენ მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურებას და გააძევეს ბერძენი მქადაგებლები.

როდესაც ფოტიოსმა პაპის ასეთი საქციელი შეიტყო, ყველაფერი ეპისტოლეს საშუალებით აუწყა აღმოსავლეთის ეკლესიებს, ზედმიწევნით მიუთითა ძველი მართლმადიდებლური დოგმატებიდან და ტრადიციებიდან რომის ეკლესიის ყოველ გადახრაზე და აღმოსავლელი პატრიარქები და ეპისკოპოსები კონსტანტინოპოლის კრებაზე მიიწვია. 867 წელს შემდგარმა კრებამ დაგმო დასავლეთის ეკლესიის მიერ შემოტანილი სიახლენი და პაპი ნიკოლოზის დამხობა განაჩინა. კრების გადაწყვეტილებას ხელი ათასამდე ეპისკოპოსმა მოაწერა და იქვე გადაწყდა – თანადგომა იმპერატორ ლუდოვიკოსთვის ეთხოვათ, რომელიც ასევე შეწუხებული იყო ძალაუფლებისმოყვარე პაპის საქციელით.

ფოტიოსის ამგვარმა ქმედებამ, განსაკუთრებით კი დასავლეთის ეკლესიის მისამართით გამოთქმულმა ბრალდებამ სამოციქულო ეკლესიის დოგმატებისგან გადახრის თაობაზე, პაპი შეაშფოთა. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორი სიმკაცრით დაგმო ნიკოლოზის ერთ-ერთმა წინამორბედმა, პაპმა ლეონ III, სიმბოლოში სიახლის შეტანა. ფოტიოსის სიტყვების სამართლიანობას ასევე ადასტურებდა სიმბოლოს წარწერებიანი დაფები, რომლებიც წმინდა პეტრეს ტაძარში იყო დადგმული. მაგრამ პაპ ნიკოლოზს შეცდომების აღიარება არ სურდა. მან გალიის ეპისკოპოსებს მისწერა და მოუწოდა, დაეცვათ სიმბოლოში ასახული ახალი სწავლება, რამდენადაც საფრანგეთში იგი უკვე აღიარებული იყო. სიმბოლოში ფრაზის – „და ძისაგან“ დასაცავად საფრანგეთში, მართლაც, გამოჩნდა რამდენიმე თხზულება, რომელთა შორის აღსანიშნავია ეპისკოპოს ენეა პარიზელისა და კორბის მონასტრის აბატის – რატრამნის შრომები. ამ დროიდან სიმბოლოში შეტანილი სიახლე, რაც მხოლოდ ცალკეულ პირთა პირად აზრად ითვლებოდა დასავლეთში, უკვე დოგმატის სახით დამკვიდრდა.

ამასობაში ვითარება ძალიან შეიცვალა. 867 წელს გარდაიცვალა პაპი ნიკოლოზი, ბასილი მაკედონიელმა (867-886 წწ.) მოკლა იმპერატორი მიქაელი და მისი ტახტი დაიკავა. ფოტიოსმა უშიშრად ამხილა მეფის მკვლელი, რისთვისაც ბასილიმ ხარისხი ჩამოართვა და მონასტერში გამოკეტა, კონსტანტინოპოლის კათედრაზე კი ეგნატე დააბრუნა.

რომში ფოტიოსის დამხობას ზეიმობდნენ. იმპერატორ ბასილის დასავლეთთან დაახლოება სურდა, ამიტომაც პაპი მისგან დიდ დათმობებს ელოდა. ნიკოლოზის მემკვიდრე ადრიანე II რომის კრებაზე საბერძნეთიდან მოწვეულ დესპანთა თანდასწრებით გაიმეორა ფოტიოსის შეჩვენება და იმპერატორი დაარწმუნა, მის განსასჯელად კონსტანტინოპოლში კრება მოეწვია. დაახლოებით ორი წელიწადი აგროვებდნენ ეპისკოპოსებს, რომლებიც თანახმანი იქნებოდნენ, ფოტიოსი დამნაშავედ ეცნოთ. თითქმის მთელი სასულიერო დასი ერთგული რჩებოდა პატრიარქისა, რომელიც ასე მტკიცედ იცავდა ეკლესიის დამოუკიდებლობასა და მისი სწავლების სიწმინდეს, ესოდენ თავდაუზოგავად ასრულებდა საკუთარ მოვალეობებს. ბოლოს პაპის საიმედო მომხრე რამდენიმე კაცი მაინც გამოიძებნა და 869 წელს კრებაც საზეიმოდ გაიხსნა. პაპმა მასში მონაწილეობისათვის ორი ლეგატი მიავლინა. აღმოსავლეთის სამმა პატრიარქმა თავიანთი რწმუნებულები არ გამოგზავნა. კრებაზე პაპი აღიარებული იქნა მთელი ეკლესიის ხელისუფლად, ფოტიოსი ანათემას გადასცეს. ლათინები ამ კრებას დღევანდლამდე „VIII მსოფლიო კრებას“ უწოდებენ. თვითონ ფოტიოსმა, რომელიც კრებაზე, როგორც ბრალდებული, ძალით მიიყვანეს, არ სცნო განჩინებათა კანონიერება, ლეგატების შეკითხვებს არ უპასუხა, ბრალდებები დუმილით მოისმინა და ყველა გააოცა თავისი თავდაჭერითა და ღირსებით.

რამდენიმე ეპისკოპოსი არ შეშინდა და კრებაზე გაბედულად გამოექომაგა პატრიარქს; მათ განაცხადეს, რომ ფოტიოსის დადგინება კანონიერი იყო და თვითონაც სამართლიანად მოქმედებდა, ამდენად კრების განჩინებანი უკანონოა. ეს უშიშარი ეპისკოპოსები დაამხეს და ანათემას გადასცეს, მსგავსად ფოტიოსისა, რომელიც შემდეგ საპყრობილეში ჩააგდეს; იგი გაუსაძლის პირობებში ჰყავდათ, წაართვეს წიგნებიც კი. მან ერთი თვე მძიმედ იავადმყოფა, მაგრამ მასთან არავინ შეუშვეს.

ფოტიოსმა შვიდი წელიწადი დაჰყო მკაცრ პატიმრობაში. მისი მტრებიც კი ვერ უარყოფენ, რომ ამ პერიოდში მან სულიერი სიმტკიცე და დიდსულოვნება გამოიჩინა, ყველაფერი აუმღვრეველი სიმშვიდით დაითმინა და არად ჩააგდო მისთვის გამოცხადებული ანათემა. აი, რას სწერდა იგი ერთ-ერთ მეგობარს: „ანათემა, წარმოთქმული ჭეშმარიტების მქადაგებელთა მიერ უკეთურების წინააღმდეგ – საშინელი სასჯელია; მაგრამ ჭეშმარიტების მტრებისგან გამოცხადებული შეჩვენება მხოლოდ მათვე თუ გაანადგურებს, უდანაშაულოს კი უჭკნობ, უხრწნელ დიდებას განუმზადებს“. და კიდევ: „ჭეშმარიტ ნეტარებას მხოლოდ ღვთის სიტყვა და მისი შესწავლა განგვაცდევინებს. მწუხარებამ რომ ხელი არ დამრიოს, რა უნდა გავიხადო საზრუნავად? ის, რომ სულს ცოდვის ისრები არ გავაკარო და უვნებლად დავიცვა. თუკი რომელიმე მათგანი მაინც დააზიანებს ან თუნდაც დააწყლულებს სულს, ვაიძულო იგი, ჭრილობა მოიშუშოს და სიჯანსაღე აღიდგინოს. სხვა დანარჩენი კი – დიდება თუ სიმდიდრე, სილამაზე თუ ძალაუფლება, სხეულის ძალღონე თუ სიმტკიცე, და მათზე უფრო ძვირფასი – სიტყვის ძალაც – ეს ყველაფერი მოჩვენებითია“. ამგვარი აზრებითა და გრძნობებით ფოტიოსს, ცხადია, შეეძლო თავს დამტყდარი უბედურების მშვიდად ატანა.

ვერც ლათინთა მიერ VIII მსოფლიო კრებად წოდებულმა თავყრილობამ აღადგინა მშვიდობა რომსა და კონსტანტინოპოლს შორის. ჯერ ერთი, კრების მიერ მიღებულმა და ყველა დამსწრის ხელმოწერით განმტკიცებულმა დადგენილებებმა რომამდე ვერ ჩააღწია – ისინი გაბრუნებულ ლეგატებს გზაზე მოჰპარეს. ბევრი ამას ბერძნებს აბრალებდა – თითქოს მათ სურდათ, თავიანთი სამარცხვინო საქციელის მოწმობათა განადგურება. მეორეც, ბულგარეთის საკითხის პაპისეული გადაწყვეტა კონსტანტინოპოლმა არ მიიღო. ამასობაში ბულგარელები დარწმუნდნენ, რომ ლათინებს მხოლოდ მათზე ბატონობა სურდათ და ისევ ბერძნებს მიმართეს. ადრიანე II ამაოდ აცხადებდა საკუთარ უფლებას ბულგარეთზე, პატრიარქმა ეგნატემ, კონსტანტინოპოლში ჩასული ბულგარელების თხოვნით, მათ ეპისკოპოსი დაუდგინა და მღვდლებიც გაუგზავნა. პაპმა ეგნატეც შეაჩვენა, რაც, იმავე საფუძველზე, გაიმეორა ადრიანეს მემკვიდრემ – იოანე VIII. მაგრამ ბასილი მაკედონიელი, რომელიც ტახტზე უკვე მყარად დამკვიდრდა, ნაკლებად ზრუნავდა რომთან კარგი ურთიერთობის დამყარებისთვის.

შვიდწლიანი მძიმე პატიმრობის შემდეგ ფოტიოსი ისევ იხმეს საიმპერატორო კარზე. ბასილიმ, რომელიც პატივს სცემდა განსწავლულობას, მას თავისი შვილების აღზრდა მიანდო. ფოტიოსს უპირველესად ეგნატესთან შერიგება სურდა. ასეც მოხდა – ყოფილი მეტოქეები შეხვედრისთანავე ურთიერთს ფეხებში ჩაუვარდნენ და შენდობა ითხოვეს. ამიერიდან ადრინდელი დაპირისპირება გულწრფელმა მეგობრობამ შეცვალა... როდესაც ეგნატე სასიკვდილოდ დაავადდა, მასთან ფოტიოსი მიდიოდა და ანუგეშებდა, მან კი აღსასრულის წინ თავის ნათესავებსა და მეგობრებზე ზრუნვა ფოტიოსს მიანდო.

ეგნატეს სიკვდილის შემდეგ, 879 წელს, მისი ადგილი ფოტიოსმა დაიკავა. ხოლო პაპმა იოანე VIII, რომელსაც ბიზანტიასთან მშვიდობა სურდა, ძალადაკარგულად გამოაცხადა ყველა ანათემა და დაგმობა, რაც ფოტიოსს ეხებოდა. პაპმა კონსტანტინოპოლში მოწვეულ კრებაზე გაგზავნა თავისი ლეგატები, რომლებსაც ფოტიოსი კანონიერ პატრიარქად უნდა ეღიარებინათ იმ პირობით, თუ რომს ბულგარეთს დაუთმობდნენ.

ფოტიოსი, ცხადია, პაპის ნებართვას არ დალოდებია, რომ თავი კანონიერ პატრიარქად ჩაეთვალა. მან, როგორც თავმჯდომარემ, გახსნა ხალხმრავალი კრება, რომელმაც უარყო 869 წლის კრების ყველა დადგენილება, კვლავ გაიმეორა აკრძალვა – რაიმე მიმატებოდა ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს – და დაადასტურა რომისა და კონსტანტინოპოლის კათედრების თანასწორუფლებიანობა. დადგენილებას ხელი მოაწერა ყველამ, მათ შორის იყვნენ პაპის ლეგატებიც, რომელთაც იმედი ჰქონდათ, რომ ამ დათმობით მიაღწევდნენ სასურველს – ხელში ჩაიგდებდნენ ბულგარეთს. მაგრამ ფოტიოსმა ბულგარეთი არ დათმო! ლეგატების დაბრუნების შემდგომ კი რომიდან ამ პიროვნების მისამართით ისევ წყევლა-კრულვა გაისმა, რაც იოანეს მემკვიდრეებმაც გაიმეორეს. როგორც იქნა, ფოტიოსის მტრებმა მოახერხეს, მის წინააღმდეგ განეწყოთ ახალი იმპერატორი ლეონ ბრძენი (866-912 წწ.), რომელმაც მეორედ დაამხო იგი. 886 წელს მონასტერში აღესრულა მართლმადიდებლობის ეს უდიდესი დამცველი – პაპისგან შეჩვენებული და საბერძნეთის იმპერატორისგან ათვალწუნებული.

ფოტიოსის სახელი დღევანდლამდე საძულველია ლათინებისთვის, რომლებიც ბერძნულ მართლმადიდებლობას „ფოტიოსის ერესსაც“ კი უწოდებენ, თითქოს მას შემოჰქონდა სიახლენი და არ იცავდა ძველ, სამოციქულო კანონებს.

ჩვენ კი უღრმესი პატივისცემით წარმოვთქვამთ ძალაუფლებისმოყვარე პაპებისგან ეკლესიის თავისუფლების დამცველისა და ამასთან მისი სწავლების სიწმინდის ქომაგის სახელს. ზემოთ უკვე ვნახეთ, თუ როგორ გაუკუღმართდა ეს სწავლება სიახლეების თვითნებური შეტანით.

ამ დროიდან მოყოლებული რომსა და კონსტანტინოპოლს შორის განხეთქილება უფრო ღრმავდებოდა, შერიგების მცდელობებს წარმატება არ მოსდევდა. უკვე სახეზე იყო მართლმადიდებლობიდან მნიშვნელოვანი გადახრები რომის ეკლესიაში, თუმცა მას ამის აღიარება არ სურდა. პირიქით, რაღაც გამოგონილი უფლებების წამოყენებით მეტად შორდებოდა ჭეშმარიტებას და ადგებოდა სიცრუის გზას.

დასავლეთის ეკლესიასთან დავის გამო ფოტიოსმა რამდენიმე დოგმატური თხზულება დაწერა იმ საკითხებზე, რაც ეკლესიათა განყოფის მიზეზი ხდებოდა. ასეთი იყო ნაშრომი „სულიწმიდის გამომავლობის შესახებ“, „ენციკლური ეპისტოლე“, სადაც ამხილა დასავლეთის მიერ თვითნებურად შემოტანილი სიახლეები. გარდა ამისა, შემონახულია მისი მრავალი თხზულება სხვადასხვა თემაზე: „პავლიკიანელთა წინააღმდეგ“, „ბიბლიოთეკა“ (რომელშიც კრიტიკულად არის განხილული სხვადასხვა ავტორთა დაახლოებით 286 თხზულება), წმინდა წერილის განმარტებანი, რამდენიმე ქადაგება და შეგონება, რომლებიც აზრის სიღრმითა და მჭევრმეტყველებით გამოირჩევიან.

სლავურ მიწებზე ღვთის სიტყვის გავრცელებაში პატრიარქ ფოტიოსის მონაწილეობაზე ჩვენ შემდგომ ვისაუბრებთ. აქ კი გიამბეთ მხოლოდ მისი ბრძოლის შესახებ პაპის მოთხოვნების წინააღმდეგ, რომელიც აღმოსავლეთის ეკლესიის დამორჩილებას ცდილობდა. ამ ბრძოლაში მან, როგორც ჭეშმარიტების მსახურმა, გასაოცარი სულიერი სიმტკიცე და გონიერება გამოავლინა.

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა