თავი 5
პეტრე მოციქულის მოღვაწეობა. წარმართთა მოხმობა. დევნა. პეტრეს სასწაულებრივი გამოხსნა.
ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სავლეს მოქცევის შემდგომ ქრისტეს ეკლესია გარკვეული დროით მშვიდად სუფევდა. ეს ნაწილობრივ იმიტომ, რომ იუდეველებმა ახალი სწავლების მიმდევრებიდან ყურადღება იუდეაში დაწყებულ მღელვარებაზე გადაიტანეს. პილატემ იერუსალიმში გამოფინა დროშები კეისრის გამოსახულებით, ტაძრის საგანძურიდან აღებული თანხა დახარჯა წყალგაყვანილობის ასაშენებლად, რამაც იუდეველების უკიდურესი აღელვება გამოიწვია, ზოგან შფოთი და ამბოხი დაიწყო. პილატეს იმპერატორის წინაშე დასდეს ბრალი და გალიაში გადაასახლეს. სულმოკლე მმართველმა, რომელმაც დაუშვა ქრისტეს დასჯა, თუმცა მის უდანაშაულობაში იყო დარწმუნებული, სიცოცხლე მეტად სავალალოდ – დევნულებასა და სიღატაკეში დაასრულა. არსებობს გადმოცემაც, რომ მან თავი მოიკლა. მაგრამ ამით იუდეაში მღელვარება არ დამცხრალა. რომის მაშინდელმა ხელისუფალმა კალიგულამ (37-41 წწ.) მოითხოვა, იერუსალიმის ტაძარში მისი გამოსახულება დაედგათ, რამაც მთელი იუდეა აღაშფოთა. ცნობილი იუდეველი სწავლული, ფილონ ალექსანდრიელი, იმპერატორთან გააგზავნეს თხოვნით, რომ ბრძანება გაეუქმებინა, რასაც მიაღწიეს კიდეც, მაგრამ განრისხებულმა კალიგულამ უამრავი იუდეველი დახოცა.
ამასობაში ქრისტეს ეკლესია იზრდებოდა და მრავლდებოდა. მოციქულებმა მოიარეს იუდეის, გალილეისა და სამარიის ქალაქები თუ დაბები. მაგრამ მათი ძირითადი სამყოფელი, ქრისტეს ამაღლებიდან თორმეტი წლის განმავლობაში, იერუსალიმი იყო, რომლის ეკლესიის ეპისკოპოსადაც აირჩიეს იაკობი, ძმა უფლისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დამწინდველი იოსების ძე. ქრისტეს ამაღლებიდან მერვე წელს მათემ, თორმეტ მოციქულთაგან ერთ-ერთმა, ებრაულ ენაზე დაწერა პირველი სახარება მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების შესახებ, რომელიც ბერძნულ ენაზე მალევე თარგმნა ერთ-ერთმა მოციქულმა (იაკობმა ან იოანე ღვთისმეტყველმა). ეს თარგმანი ფართოდ გავრცელდა ელინ ებრაელთა შორის, რომლებიც მცირე აზიის ოლქებში ცხოვრობდნენ. მოციქულები დიდ მზრუნველობას იჩენდნენ ახალმოქცეულებისადმი და ღვთის ძალით აღასრულებდნენ დიად ნიშებსა და სასწაულებს.
პეტრე მოციქული სხვადასხვა ქალაქის მოხილვისას პალესტინის ქალაქ ლუდიასაც ეწვია. იქ ცხოვრობდა ადამიანი, სახელად ენეა, რომელიც რვა წელიწადი ლოგინად იყო ჩავარდნილი. პეტრემ ინახულა იგი და უთხრა: „ენეა, განგკურნებს შენ უფალი იესუ ქრისტე“ (საქმე 9,34) და სნეულიც მყისვე წამოდგა სრულიად ჯანსაღი. ზღვისპირა ქალაქ იოპეში გარდაიცვალა დედაკაცი, სახელად ტაბითა, იგი სიკეთისა და ღატაკთა შემბრალებლობისათვის ყველას უყვარდა, ამიტომაც გულმხურვალედ იგლოვდნენ. მათვე გაგზავნეს კაცი პეტრესთან, სთხოვეს მოსვლა და ცრემლთა ღვრით უამბეს სათნო ტაბითას სიკვდილის შესახებ; შემდეგ შეიყვანეს ქორში, სადაც მიცვალებული ესვენა, აჩვენეს მის მიერ ღარიბებისათვის შეკერილი მოსასხამები და სამოსელი. პეტრემ ყველა გაუშვა ოთახიდან, მუხლი მოიდრიკა, ილოცა და შესძახა: „ტაბითა, აღდეგ!“ და მისი ლოცვით უფალმა მიცვალებული აღადგინა. ამ შემთხვევის გამო მრავალმა ირწმუნა ქრისტე. პეტრე ახალმოქცეულთა დასამოძღვრად იოპეში დარჩა და ვინმე სიმონ დაბაღთან (მეპრატაკე, მეტყავე) ცხოვრობდა.
ამ დრომდე მოციქულები მკაცრად მისდევდნენ მოსეს რჯულის დადგენილებებს, რაც იუდეველებს უცხოტომელებთან ახლო ურთიერთობას უკრძალავდა. მაშინ, როდესაც ისრაელს სარწმუნოება მიეცა, დანარჩენმა ერებმა საერთოდ არ იცოდნენ ჭეშმარიტი ღმერთი – ყველა კერპებს ეთაყვანებოდა, ამიტომაც მოსეს რჯულის ყველა დადგენილება, ისეთი უმცირესი წვრილმანებიც კი, რაც ეხებოდა საჭმელს, სამოსს და ა.შ., მიმართული იყო დანარჩენი ერებისგან ისრაიტელთა შეძლებისდაგვარად გასამიჯნად, რათა მათში მთელი სიწმინდით შენარჩუნებულიყო ცოდნა ერთი ღმერთის შესახებ. თავად მოციქულები აქამდე მიიჩნევდნენ, რომ ქრისტეს ეკლესიას უნდა შემატებოდა მხოლოდ ის, ვინც ჯერ მოსეს რჯულს მიიღებდა. მაგრამ ახლა უფალმა სასწაულებრივი ხილვით გააგებინა პეტრეს, რომ მისი მადლის თანაზიარნი მარტო მოსეს რჯულის მიმდევრები არ უნდა ყოფილიყვნენ; რომ აბრაამის შთამომავლებისთვის მიცემული მოწყალე აღთქმა გავრცელდებოდა ყველაზე, ვინც რწმენით გახდებოდა ღირსი აბრაამის შვილად წოდებისა.
ქალაქ კესარიაში ცხოვრობდა რომაელი ასისთავი, სახელად კორნილიუსი, რომელიც ღარიბების მიმართ დიდ სიკეთესა და თანაგრძნობას იჩენდა. ვინაიდან წარმართი იყო და მოსეს რჯულს არ აღიარებდა, იუდეველებს მასთან დაახლოების ნება არ ჰქონდათ. უფალმა ინება სათნო კორნილიუსისთვის ეჩვენებინა გადარჩენისა და მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა – რწმენა იესო ქრისტესი. მან იხილა უფლის მიერ გამოგზავნილი ანგელოზი, რომელმაც უთხრა: „ლოცვანი შენნი და ქველის საქმენი შენნი აღვიდეს სახსენებელად შენდა წინაშე უფლისა. და აწ მიავლინენ შენ იოპედ კაცნი და მოუწოდე სვიმონს, რომელსა ჰრქKან პეტრე“ (საქმე 10,4-5). კორნილიუსი დამორჩილდა ანგელოზის ბრძანებას და დაუყოვნებლივ გააგზავნა რამდენიმე მეომარი იოპეში.
დღის ექვსი საათი იყო, როცა პეტრე იოპეში სახლის ერდოზე ლოცულობდა. შემდეგ მოშივდა, მაგრამ სანამ საჭმელს მოუმზადებდნენ, გამოცხადება იხილა. ციდან მისკენ ჩამოეშვა კუთხეებში გამოკრული ტილოს მსგავსი ჭურჭელი, სავსე მხეცებით, ქვეწარმავლებითა და ფრინველებით, რომლებსაც იუდეველები საკვებად არ იყენებდნენ, რადგან უწმინდურებად მიიჩნევდნენ. იმავდროულად პეტრეს ესმა: „დაკალ და ჭამე“.
“– ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა“ – მიუგო პეტრემ.
“– რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ჰყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს“ – უთხრა კვლავ იმავე ხმამ (იხ. საქმე 10,14-15).
ეს ხილვა სამჯერ განმეორდა. ზუსტად ამ დროს პეტრემ გაიგონა, რომ ქვემოთ ვიღაც კითხულობდა მას; სულიწმიდამ მოციქულს აუწყა: „აჰა ეგერა სამნი კაცნი გეძიებენ შენ; არამედ აღდეგ და გარდაგუალე და მივედ მათ თანა და ნურარას ორგულებ, რამეთუ მე მომივლინებიან იგინი“ (საქმე 10,19-20). ისინი კესარიიდან გამოგზავნილი მეომრები იყვნენ, რომელთაც პეტრეს უამბეს კორნილიუსის ხილვის შესახებ და ისიც მეორე დღესვე თან გაჰყვა მათ.
კორნილიუსი შეეგება მოციქულს და ფეხებში ჩაუვარდა. „აღდეგ, რამეთუ მეცა თავადი კაცივე ვარ“ – უთხრა მას პეტრემ (საქმე 10,26). სახლში კორნილიუსის ნათესავები და მეგობრები შეკრებილიყვნენ და პეტრემ შესვლისთანავე მიმართ მათ: „თქუენ თვით უწყით, ვითარმედ არა ჯერ-არს კაცისა ჰურიისა მიახლებად წარმართთა, ანუ შეხებად უცხო-თესლთა; და მე მიჩუენა ღმერთმან, რაჲთა არავინ კაცი შევჰრაცხო ბილწად და არაწმიდად. ამისთვის უცილობელად შემოვედ თქუენდა, მოვედ რაჲ. აწ უკუე მაუწყეთ, რომლისა სიტყვისათვის მომხადეთ მე“ (საქმე 10,28-29).
როდესაც კორნილიუსმა დაწვრილებით უამბო, თუ რა იხილა, პეტრემ შესძახა: „ჭეშმარიტად ვიცი, რამეთუ არა არს თუალ-ღებაჲ ღმრთისა თანა, არამედ ყოველთა შორის თესლთა რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო მისა არს“ (საქმე 10,34-35). შემდეგ მოციქულმა იწყო ქადაგება იესოზე, რომელიც კაცთა გადასარჩენად მოკვდა; მსმენელებს განუმარტა, რომ მხოლოდ ქრისტეს შემწყნარებელი მიიღებს ღმერთისგან ცხონებასა და ცოდვათა მიტევებას. მისი საუბრის დროს, იქ მყოფ იუდეველთა გასაოცრად, სულიწმიდა გარდამოვიდა მსმენელებზე – მათ ენათა ცოდნის ნიჭი ებოძათ და იწყეს უფლის ქება-დიდება. შემდეგ პეტრემ ყველა მონათლა და რამდენიმე დღე დაჰყო კესარიაში ახალმოქცეულთა დასამოძღვრად.
იერუსალიმის წინადაცვეთილმა მორწმუნეებმა შეიტყვეს წარმართთა მოქცევის შესახებ და დაბრუნებისთანავე დაუწყეს ყვედრება პეტრეს: წარმართებს ესტუმრე და მათთან ერთად შეექეცი საჭმელსო. პეტრემ უამბო თავისი ხილვისა და სულიწმიდის გარდამოსვლის შესახებ იმ წარმართებზე, ვინც ქრისტე შეიწყნარა. მაშინ მორწმუნეებმა განადიდეს ღმერთი და თქვეს: „ნანდვილვე წარმართთაცა მისცა ღმერთმან სინანული იგი ცხორებისაჲ“ (საქმე 11,18).
სხვაგანაც მოისმინეს წარმართებმა წმინდა სახარება. ზოგიერთმა კვიპროსელმა და კვირინელმა[1] მორწმუნემ ანტიოქიაში უქადაგა ღვთის სიტყვა ელინებს, რომელთაგან მრავალი გაქრისტიანდა. მაშინ იერუსალიმის ეკლესიამ იქ გაგზავნა ბარნაბა, რომელმაც დიდად გაიხარა, როდესაც ანტიოქიაში ღვთის სიტყვის მადლმოსილი ქმედების ნაყოფი იხილა. ვინაიდან საქმე ბევრი ჰქონდა, ტარსოსში წავიდა თავისი მეგობრის, სავლეს, წამოსაყვანად. ბარნაბამ და სავლემ მთელი წელი დაჰყვეს ანტიოქიაში და დამოძღვრეს ახალმოქცეულები. სახელი ქრისტიანები პირველად ანტიოქიელ მორწმუნეებს ეწოდათ (საქმე 11,26). როგორც წმინდა წერილიდან ვიგებთ, ანტიოქიელი ქრისტიანები ცდილობდნენ, ეცხოვრათ ისე, რომ ღირსნი ყოფილიყვნენ ამ უდიდესი სახელდებისა. წინასწარმეტყველმა, სახელად აგაბოსმა, მათ აუწყა, რომ მომდევნო წელიწადს პალესტინასა და რომის ზოგიერთ პროვინციაში მძიმე შიმშილობა დადგებოდა, რაც ახდა კიდეც. მაშინ მოწაფეებმა გადაწყვიტეს, თითოეულს, შეძლებისამებრ, რაიმე გაეღო მოძმეთა დასახმარებლად, შეაგროვეს შემწეობა და ბარნაბასა და სავლეს ხელით გაუგზავნეს პრესვიტერებს იერუსალიმში.
აქ პირველად იხსენიებიან პრესვიტერები ანუ მღვდლები. სიტყვა პრესვიტერი უხუცესს ნიშნავს.
იუდეის მკვიდრი ურწმუნოები გულისწყრომით შეჰყურებდნენ, თუ როგორ სწრაფად ვრცელდებოდა ქრისტეს სწავლება. იუდეველთა მეფე ჰეროდე აგრიპამ – შვილიშვილმა იმ ჰეროდესი, რომელმაც ჩვილები ამოწყვიტა ბეთლემში, ხალხის საამებლად, ერთ-ერთი მოციქულის – იაკობ ზებედეს ძის, იოანეს ძმის – შეპყრობა ბრძანა. მოიძებნა ცრუმოწმეც მის წინააღმდეგ და მოციქულს სიკვდილი მიუსაჯეს. მან მშვიდად მოისმინა განაჩენი და უშიშრად აღიარა ქრისტე მსაჯულთა წინაშე. მისმა მტკიცე სიმშვიდემ, რწმენამ გააოგნა ცრუმოწმე და როდესაც მოციქული დასასჯელად წაიყვანეს, იგი ფეხებში ჩაუვარდა, ნანობდა თავის შეცოდებას და შენდობას სთხოვდა. მოციქული მას გადაეხვია და უთხრა: „მშვიდობა შენდა, შვილო ჩემო, მშვიდობა შენდა და შენდობა“. ცილისმწამებელმა სახალხოდ აღიარა, რომ ირწმუნა იესო ქრისტე. იგი წმინდა მოციქულთან ერთად დასაჯეს სიკვდილით ისე, რომ ნათლისღება ვერ მოასწრო. აქ აღვნიშნავთ, რომ ეკლესია ქრისტესთვის მოწამებრივ სიკვდილს ნათლისღების ტოლფასად მიიჩნევს (მას სისხლით ნათლისღებასაც უწოდებს).
ჰეროდემ, რაკი დაინახა, რომ იუდეაში მოიწონეს იაკობის დასჯა, ცოტა ხნის შემდგომ პეტრეც შეიპყრო, საპყრობილეში ჩააგდო, მაგრამ რადგან პასექი ახლოვდებოდა, მისი სიკვდილით დასჯა გადადო, ოღონდ ბრძანა, ფხიზლად ედარაჯათ მისთვის. ყველა მორწმუნე დიდად ნაღვლობდა და ღმერთს პეტრეს გამოხსნას ევედრებოდა.
ახლოვდებოდა დასჯის დღე. წინა ღამით ჯაჭვებით შეკრულ პეტრეს საპყრობილეში მშვიდად ეძინა ორ მეომარს შორის, ორი სხვა კი საკნის კარს იცავდა. დამწუხრებულმა მორწმუნეებმა თავი მოიყარეს ერთი ქრისტიანი დედაკაცის, მოწაფე იოანე მარკოზის დედის, მარიამის სახლში და მხურვალედ ლოცულობდნენ პეტრეს გადასარჩენად. უცებ, შუაღამისას, საოცარმა ნათელმა გაანათა საპყრობილე. უფლის ანგელოზმა პეტრე გააღვიძა, უბრძანა, ამდგარიყო და გაჰყოლოდა. მოციქულს მაშინვე დასცვივდა ხელებიდან და ფეხებიდან ჯაჭვები, ადგა და ანგელოზს მიჰყვა, თუმცა თავადაც ვერ გაეგო, სიზმრად ხდებოდა ეს, თუ ცხადად. როდესაც საგუშაგოს ჩაუარეს, ქალაქში შესასვლელი რკინის ჭიშკარი თავისით გაიღო და ქუჩაში გავიდნენ თუ არა, პეტრემ ვეღარ დაინახა ანგელოზი – მიხვდა, რომ უფალმა იგი სასწაულებრივად გაათავისუფლა და საჩქაროდ მარიამის სახლისკენ გაემართა. გვიანი იყო, როდესაც მოციქულმა კარზე დააკაკუნა. მისი ხმის გამგონე მხევალი გახარებული გაიქცა თავის ქალბატონთან და აცნობა, რომ კართან პეტრე იდგა. თავიდან არ დაუჯერეს, პეტრე კი კაკუნს განაგრძობდა; ბოლოს შეუშვეს და მორწმუნეებმა განცვიფრებითა და ღვთისადმი მადლიერებით მოისმინეს მისი სასწაულებრივი გამოხსნის ამბავი. ეს შემთხვევა მაშინვე აცნობეს იაკობსა და დანარჩენ მოძმეებს. ამის შემდეგ პეტრემ მალევე დატოვა იერუსალიმი და სხვა ქვეყნისკენ გაემართა, გზად ქადაგებდა ღვთის სიტყვას და ადამიანებს სინანულისა და ნათლისღებისკენ მოუწოდებდა.
როცა მეორე დილით პეტრე ვეღარ იპოვეს საპყრობილეში, განგაში ატეხეს. მცველები დახოცა განრისხებულმა ჰეროდემ, რომლის აღსასრულის დღეც უკვე მოახლოებული იყო. პეტრეს გათავისუფლებიდან ცოტა ხნის შემდგომ ჰეროდე კესარიაში გაემგზავრა, რათა იმპერატორის პატივსაცემად ზეიმი მოეწყო. იქ ჩავიდნენ ქალაქების ტვიროსისა და სიდონის ელჩები. როდესაც ჰეროდე მათ ელაპარაკებოდა, ხალხმა და კარისკაცებმა მაამებლური ყიჟინით შეაწყვეტინეს სიტყვა: „ღმრთისა ხმაჲ არს და არა კაცისაჲ“ (საქმე 12,22). ჰეროდეს სიამოვნებდა ეს მლიქვნელური სიტყვები, მაგრამ ღვთის ანგელოზმა იგი მოულოდნელი ტკივილით შემუსრა, რადგან გაამაყდა და არ განადიდა ღმერთი. კარისკაცებმა ის შეკრების ადგილიდან გაიყვანეს, ხუთი დღის შემდეგ კი, მატლებისგან დაჭმული, საშინელი ტანჯვით გარდაიცვალა.
რაოდენ სასწაულებრივად გამოჩნდა ამ ორ მოვლენაში ძალმოსილება უფლისა, მისი ერთგული მონების სანუგეშოდ და მტერთა შესაძრწუნებლად!
პეტრე მოციქული, ერთგული მსახური ქრისტესი, საპყრობილეში ჩააგდეს, ჯაჭვებით შეკრეს, სიკვდილი მიუსაჯეს. თითქოს მას გადარჩენის იმედი არ უნდა ჰქონოდა, დახმარებას არსაიდან ელოდა. მაგრამ უფალმა სასწაულებრივად გამოიხსნა იგი და მოულოდნელად მასზე დამწუხრებულ და მისთვის მლოცველ მეგობრებს დაუბრუნა. ამის შემდგომ ვხედავთ მიწიერი დიდებით გაბრწყინებულ ჰეროდეს, რომელმაც დაივიწყა ღმერთი, დაუწყო დევნა ქრისტეს ერთგულ მსახურებს... და უცებ უფლის ხელმა მას საშინელი სატანჯველი მოუვლინა. რაოდენ შთამბეჭდავი გაკვეთილია ეს თითოეული ჩვენგანისთვის – განსაცდელის დროს უდებებამ და სასოწარკვეთილებამ არ უნდა დაგვრიოს ხელი, არც სახელოვნებითა და კეთილდღეობით უნდა ვიამაყოთ! არ არსებობს განსაცდელი, საიდანაც ვერ დაგვიხსნის ხელი უფლისა, ასევე ყველგან მოგვწვდება და შეგვმუსრავს მისი ყოვლადძლიერი მარჯვენა. ჩვენ მუდამ უფლის ხელთ ვართ; შევეცადოთ – ყველგან და ყოველთვის შევინარჩუნოთ სიხარული, სასოება და ღვთისთვის სათნო თავმდაბლობა.
თავისი გათავისუფლების შემდგომ პეტრემ ახალ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. წიგნი „საქმე წმიდათა მოციქულთაჲ“ ამას ნაკლებად ეხება, მაგრამ საეკლესიო და ისტორიული გადმოცემებიდან ვიცით, რომ ის გარკვეულ ხანს ანტიოქიის ეკლესიას უძღვებოდა და ქადაგებდა მცირე აზიის სხვადასხვა ოლქში: პონტოში, ბითვინიასა და კაპადოკიაში, იყო ბაბილონშიც და რომშიც, სადაც მისმა მოწაფე მარკოზმა, მისივე ხელმძღვანელობით ბერძნულ ენაზე დაწერა სახარება. როგორც ვარაუდობენ, ეს მოხდა ქრისტესშობიდან 45-ე წელს. პეტრე მოციქული უპირატესად იუდეველებს უქადაგებდა, ხოლო პავლე მოციქული – წარმართებს.
[1] კვირინეა – მხარე და ქალაქი ხმელთაშუა ზღვის აფრიკის სანაპიროზე.
|