თავი 46
პელაგიუსის ერესი. დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა.
ჩვენი თხრობა მიუახლოვდა V საუკუნეს. IV საუკუნის დასასრულს ხანგრძლივად დევნული ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა რომის მთელ იმპერიაში. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარმართული საზოგადოება მყისიერად გარდაიქმნა ქრისტიანულად. მასში კიდევ დიდხანს ბოგინობდა შენიღბული კერპთაყვანისმცემლობა. აღმსარებლობით ქრისტიანთაგან ბევრი წარმართად რჩებოდა ცხოვრების წესით; ისინი კმაყოფილდებოდნენ ეკლესიის წეს-ჩვეულებებში ზერელე მონაწილეობით და არ ცდილობდნენ, საქმით განეხორციელებინათ ქრისტეს რჯული.
ეკლესიის მამები თავდაუზოგავად შრომობდნენ განათლების გასავრცელებლად; ხშირი საუბრებით განუმარტავდნენ ერს საღვთო წერილს, საეკლესიო წეს-ჩვეულებებისა და მღვდელმოქმედებათა შინაარსს; ეკლესია-მონასტრებთან აწყობდნენ სასწავლებლებს, არიგებდნენ წმინდა წერილის წიგნებს. ეპისკოპოსები თავიანთი კლიროსიდან ამზადებდნენ დამრიგებლებსა და მქადაგებლებს. ტაძრებს განაშვენებდნენ გამოსახულებებით, რომლებიც ადამიანებს შეახსენებდა წმინდა მოვლენებს. მოწამეთა სახელზე აგებული ტაძრების მოხატვა ჩვეულებრივ მათი ცხოვრების ამსახველი სურათებით ხდებოდა.
იმჟამად საგანმანათლებლო საქმიანობა შეუდარებლად ინტენსიურად მიმდინარეობდა აღმოსავლეთში, ვიდრე დასავლეთში, სადაც ქრისტიანობამ მოგვიანებით შეაღწია. იტალიაში VI საუკუნემდე ქრისტიანები ძირითადად ქალაქებში იყვნენ თავმოყრილნი, სოფლად ისევ წარმართობა რჩებოდა. ამ დროს აღმოსავლეთში მქადაგებელთა და მოღვაწეთა შრომის წყალობით ღვთის სიტყვამ ყველაზე შორეულ ადგილებშიც შეაღწია.
აღმოსავლეთის ეკლესიები შორეულ ქვეყნებში აგზავნიდნენ მქადაგებლებს, რომლებიც უშიშრად მკვიდრდებოდნენ ბარბაროსთა შორის, საუბრებითა და კეთილმსახურებით აქრისტიანებდნენ მათ. უდაბნოს სენაკებში განდეგილები იღვწოდნენ საღვთო წერილის შესასწავლად და განსამარტავად. სულიერებაში წინსვლის წყალობით აღმოსავლეთი უამრავ ღვთისმსახურ მამას იზიდავდა დასავლეთიდან და რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ძლიერ გავლენას ახდენდა მის ეკლესიურ ცხოვრებაზე.
სწავლა-განათლების აღორძინება, შეიძლება ითქვას, გარკვეულ საფრთხესაც ქმნიდა აღმოსავლეთში. ჩვენ უკვე ვნახეთ, და მოგვიანებითაც ვნახავთ, რომ იქ გაუთავებლად ჩნდებოდა ახალი ცრუსწავლებები, რომლებიც ზოგჯერ მთელ ეკლესიას არყევდა, თესავდა სამწუხარო უთანხმოებასა და შფოთს. ეკლესია, თავის მხრივ, ფხიზლად იცავდა ქრისტიანული სწავლების სიწმინდეს; ნებისმიერი ახალი ერესის გაჩენას პასუხობდა ჭეშმარიტების ზედმიწევითი ნათელ-ყოფითა და განმარტებებით. კრებები საზეიმოდ აცხადებდნენ ეკლესიის რწმენას და გმობდნენ მათგან ნებისმიერ გადახრას.
როდესაც ქრისტიანული ეკლესია თავისი არსებობის V საუკუნეს მიადგა, უკვე ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოში ცხადად იყო განმარტებული და გამოკვეთილი ძე ღმერთისა და სულიწმიდის მამა ღმერთთან ერთარსობისა და თანადიდებულების დოგმატი. V-VII სს-ში გაჩაღებული დავები ძირითადად ეხებოდა უფალ იესო ქრისტეს განხორციელებასა და მასში ღვთაებრივ და კაცობრივ ბუნებათა შეერთებას. მაგრამ ვიდრე ამ პაექრობებს შევეხებოდეთ, ყურადღება მივაქციოთ პელაგიუსის ერესსა და ორიგენეს სწავლებათა შესახებ დავას.
ორიგენეს სწავლებათა შესახებ უთანხმოება ჯერ კიდევ IV საუკუნის დასასრულს დაიწყო. მაშინ, როცა ბეთლემში იერონიმე წმინდა წერილის თარგმანზე მუშაობდა და ორიგენეს შრომებს იყენებდა, ეკლესიის ზოგიერთმა მოძღვარმა დაიწყო მტკიცება ამ ალექსანდრიელი სწავლულის სწავლებათა მცდარობის შესახებ და მოითხოვა მათი დაგმობა. გაჩაღდა ცხარე კამათი – ორიგენეს მომხრეებიც და მოწინააღმდეგენიც მტკიცედ იცავდნენ თავიანთ შეხედულებებს. დავაში ჩართულმა იერონიმემ ორიგენეს სწავლებათა საწინააღმდეგოდ გაილაშქრა. რომში პაპმა ანასტასიმ საჯაროდ დაგმო ორიგენეს თხზულებები, როგორც ერეტიკული, და აკრძალა მათი კითხვა.
ასევე მნიშვნელოვანი იყო V საუკუნის დასაწყისში დაწყებული დავა პელაგიუსის შეხედულებების თაობაზე. შოტლანდიელი მონაზონი პელაგიუსი და მისი მეგობარი ცელესტინი ამტკიცებდნენ, რომ გადარჩენისთვის არ არის აუცილებელი საღვთო მადლი; ადამიანს შეუძლია, სიკეთე აკეთოს და ცხონდეს საკუთარი ძალებით; რომ არ არსებობს პირველქმნილი ცოდვა, სიკვდილი ბუნების კანონია და არა ცოდვით დაცემისთვის სასჯელი. ეს სწავლება საფუძველშივე ანგრევდა ქრისტიანულ რწმენას, რადგან უარყოფდა კაცთა მოდგმის გამოსყიდვის აუცილებლობას ძე ღვთისას სიკვდილით და ქრისტეს წარმოაჩენდა, როგორც რჯულმდებელს და არა როგორც მაცხოვარს. მაგრამ პელაგიუსი ამგვარ უკიდურეს დასკვნებამდე უცებ არ მისულა. იგი ფრთხილად ავრცელებდა თავის შეხედულებებს, იყენებდა ორაზროვან გამოთქმებს, რომელიც ჭეშმარიტ აზრს ბუნდოვანების საფარველში ხვევდა. მის ნააზრევს თავიდან ძლიერი წინააღმდეგობები არ შეხვედრია. მაგრამ როდესაც ნამდვილი მიზანი თანდათანობით გამოიკვეთა, მისი განხილვა კრებებზე დაიწყეს; იგი დაიგმო რომში, კართაგენსა და აღმოსავლეთში. უძლიერესი წინააღმდეგობა გაუწია ამ სწავლების გავრცელებას იპონიის ეპისკოპოსმა, ნეტარმა ავგუსტინემ.
ავგუსტინე, დაწყებული თავისი მოქცევიდან, გამუდმებით ებრძოდა ცრუსწავლებებს. იტალიაში ამხილა მანიქეველები, რომლებსაც მანამდე თავადაც დიდხანს ემხრობოდა. აფრიკაში სათათბიროდ მოიწვია დონატისტები და მონდომებით ეცადა მათ დაბრუნებას ეკლესიის წიაღში – თუმცა ამაოდ. მთელი მგზნებარებით აღუდგა წინ პელაგიუსის მცდარ შეხედულებებს, მაგრამ მხილებისას ის საპირისპირო უკიდურესობისკენ გადაიხარა. მაშინ, როცა პელაგიუსი ყველაფერს ადამიანის თავისუფალ ნებას მიაწერდა და ღვთის მადლის შეწევნის აუცილებლობას უარყოფდა, ავგუსტინემ დაამცრო ადამიანის თავისუფალი ნების მნიშვნელობა ცხონების საქმეში. მისი შეხედულებების არასწორად გაგებამ საფუძველი დაუდო ე.წ. პრედესტინატების ცდომილებას, რომლის თანახმად, ადამიანი მხოლოდ მკვდარი იარაღია უფლის ნების აღსასრულებლად და წინასწარ არის განსაზღვრული მისი დაღუპვა ან გადარჩენა. მას საამისოდ არ გააჩნია თავისუფალი ნება, მაშასადამე, არც ზნეობრივი პასუხისმგებლობა ეკისრება.
პელაგიუსის ერესი დიდხანს აღელვებდა დასავლეთის ეკლესიას. საკითხი ადამიანური ნების თავისუფლებასა და საღვთო მადლზე მისი დამოკიდებულების შესახებ თავს იჩენდა სხვადასხვა დროს და ცხარე, ხანგრძლივ კამათსაც იწვევდა. აღმოცენდა პრედესტინატებისა (რომლებიც ადამიანის თავისუფლებას უარყოფდნენ) და პელაგიანელების (რომლებიც საღვთო მადლმოსილების ძალას არ ცნობდნენ) შუალედური სწავლება – ნახევრად პელაგიანიზმი, რომელმაც სცადა ამ ორი უკიდურესობის შერწყმა. ეს მიმდინარეობა ფართოდ გავრცელდა გალიაში. ხოლო პელაგიანიზმი გალიის ჩრდილო ნაწილსა და ბრიტანეთს მოედო. ამ ცრუსწავლებას ეწინააღმდეგებოდნენ პროსპერ აკვიტანიელი და ეპისკოპოსი ჰერმან ოქსერელი. ზემოხსენებული ერესები თითქმის არ შეხებია აღმოსავლეთს. ახლა კი გადავხედოთ იმ ისტორიულ მოვლენებს, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ეკლესიის ცხოვრებაზე.
V საუკუნის დასაწყისში რომის იმპერიის ტახტზე აღმოჩნდა თეოდოსი დიდის ორი ძე – არკადიუსი აღმოსავლეთში და ჰონორიუსი დასავლეთში. მათ არ შესწევდათ ძალა, ემართათ იმპერია ისეთ რთულ დროს, როცა მას ყოველი მხრიდან ემუქრებოდა ძლიერი და მრავალრიცხოვანი მტერი. არკადიუსმა უღიმღამო ცხოვრება განვლო, მასზე დიდი გავლენა ჰქონდათ უღირს კარისკაცებს, რომლებიც ძირითადად დაკავებული იყვნენ ქვეშევრდომთა ჩაგვრითა და ძარცვით, ამასობაში კი გოთები თუ სხვა ტომები არბევდნენ იმპერიის ჩრდილოეთ ოლქებს. 408 წელს იგი შეცვალა საკუთარმა შვილმა, 8 წლის თეოდოსი უმცროსმა, რომელიც პრეფექტ ანთიმოსის მეურვეობის ქვეშ იზრდებოდა.
მალე იმპერატორის თექვსმეტი წლის დამ, პულხერიამ, ძმას ტახტი გაუყო და თავი თეოდოსი დიდის ღირსეულ ასულად წარმოაჩინა. იგი ბრძნულად განაგებდა ქვეყნის შინაურ საქმეებს, გარეშე მტრებთან ურთიერთობაშიც ახერხებდა რომის აღმოსავლეთ იმპერიის ღირსების შენარჩუნებას. მას პატივს მიაგებს ეკლესიაც და ისტორიაც.
პულხერია მეთვალყურეობას არ აკლებდა თეოდოსი უმცროსს, რომელიც სიმამაცით არ გამოირჩეოდა, მაგრამ იყო კეთილი, ღვთისმოშიში, მეცნიერებისა და განათლების დამფასებელი. მან გამოსცა ადრინდელ იმპერატორთა კანონების კრებული – „თეოდოსის კოდექსი“, რითაც გააიოლა მართლმსაჯულების აღსრულება. თეოდოსი აწარმოებდა სამართლიან და წარმატებულ ომს სპარსეთთან, მაგრამ იმპერიის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა. თავისი მმართველობის უკანასკნელ წლებში იმპერატორი იძულებული გახდა, ხარკი ეხადა ჰუნებისთვის, რომლებიც ხშირად არბევდნენ მისი ქვეყნის ოლქებს.
თეოდოსის სიკვდილის შემდეგ პულხერიამ თავის მეუღლედ და თანამმართველად აირჩია ბრძენი სენატორი მარკიანე (450-457 წწ.), რომელიც მამაცურად იცავდა იმპერიის ღირსებას. როცა ჰუნების მეფე ატილამ მას ხარკი მოსთხოვა, მარკიანემ მტკიცედ უპასუხა: „მე ოქრო მაქვს მეგობრებისთვის, მტრებისთვის კი რკინა!“ ამის შემდეგ ატილამ აღმოსავლეთს თავი დაანება და საომარი ძალები დასავლეთისკენ მიმართა.
მარკიანეს მემკვიდრეებიც იცავდნენ იმპერიას მტრებისგან. ხოლო იუსტინიანეს ბრწყინვალე მმართველობამ (527-565 წწ.) მსოფლიოს რომის ძველი დიდება შეახსენა.
უფრო ცუდად მიდიოდა საქმე იმპერიის დასავლეთ ნაწილში. სუსტი ჰონორიუსის დროს ბარბაროსები გაუთავებლად ესხმოდნენ თავს იტალიას და მეზობელ ოლქებს. იმპერიას ჯერ კიდევ იცავდნენ მამაცი მთავარსარდლები: სტილიქონი და აეციუსი, მაგრამ ქვეყანას დღითიდღე ეცლებოდა ძალა. V საუკუნის პირველ წლებში ვესტგოთების მეფე ალარიქმა დაარბია ჩრდილოეთი იტალია და ალყაში მოაქცია მილანი, სადაც იმპერატორი ცხოვრობდა. სტილიქონის დროულმა მიშველებამ გადაარჩინა ჰონორიუსი. მან ალარიქი დაამარცხა პოლენტიას ველზე და რომმაც უკანასკნელად იზეიმა გამარჯვება. ამ შემთხვევის აღსანიშნავად კოლიზეუმში უკანასკნელად მოეწყო სისხლიანი თამაშები (ისინი კონსტანტინემ აკრძალა, მაგრამ შემდგომ თანდათანობით ისევ დამკვიდრდა). მიუხედავად ქრისტიანი მქადაგებლებისგან მკაცრი გაკიცხვისა, მმართველობა ვერ ბედავდა, ხალხისთვის წაერთმია ესოდენ საყვარელი გასართობი – ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ადამიანი იღუპებოდა კოლიზეუმის კედლებში.
ერთი მონაზვნის სიმამაცემ ბოლო მოუღო ქრისტიანული ქალაქისთვის ამ სამარცხვინო ჩვეულებას. როდესაც პოლენტიასთან გამარჯვებას საზეიმო თამაშებით აღნიშნავდნენ, ერთი აღმოსავლელი მონაზონი, სახელად ტელემაქე, უშიშრად გავიდა არენაზე და შეაჩერა სისხლიანი ბრძოლა, თუმცა ეს დიდსულოვანი საქციელი სიცოცხლის ფასად დაუჯდა – გაავებულმა ხალხმა იგი ჩაქოლა. მოგვიანებით ხალხმა მას მარტვილის პატივი მიაგო და უსიტყვოდ დაემორჩილა ჰონორიუსის ბრძანებას სისხლიანი თამაშების აკრძალვის შესახებ. ეს მოხდა 404 წელს.
ჰონორიუსმა დედაქალქი რავენაში გადაიტანა. ამასობაში ბარბაროსების – გოთებისა და ალემანების ბელადები ალარიქი და რადაგაიზი ისევ არბევდნენ იტალიის ნაყოფიერ მხარეებს.
ახალმა ბრწყინვალე გამარჯვებამ სტილიქონს იტალიის გადამრჩენის სახელი არგუნა, მაგრამ ამ სახელოვან მთავარსარდალს საიმპერატორო კარზე მტრებიც ჰყავდა – მას ღალატი დააბრალეს და სიკვდილით დასაჯეს. სტილიქონის სიკვდილით შეწყდა მოლაპარაკებები ალარიქთან, რომელიც ამ მოვლენებიდან ორი თვის შემდეგ ისევ შეიჭრა იტალიაში და რომის გალავანს მიადგა. ამაყი რომაელები გააოცა და განარისხა ცნობამ, რომ ბარბაროსებმა გაბედეს მარადიულ ქალაქზე თავდასხმა, თუმცა სამშობლოს საფრთხეში ყოფნამ მათში კეთილშობილური სიმამაცე ვერ აღძრა, სამაგიეროდ ბოღმა სტილიქონის ქვრივზე გადმოანთხიეს – ღალატი დასწამეს და სენატის განაჩენით სიკვდილით დასაჯეს.
რომაელები ქვეყნის გადასარჩენად იარაღს არ ჰკიდებდნენ ხელს, არც ლოცულობდნენ, არამედ ისევ და ისევ მიმართავდნენ რაღაც წარმართულ რიტუალებსა და შელოცვებს. რა თქმა უნდა, ამან ვერ უშველა ქალაქს, რომელსაც ალარიქმა ყოველი მხრიდან შემოარტყა ალყა და სანოვაგის შეტანა შეუწყვიტა, რასაც მოჰყვა შემზარავი შიმშილობა. მხოლოდ ახლა ინება მასთან მოლაპარაკების გამართვა სენატმა, რომელსაც გოთების მეფემ უმძიმესი პირობები წამოუყენა. ბოლოს მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა – ალარიქმა უზარმაზარი გამოსასყიდი მიიღო, ალყა მოხსნა და რომს გაეცალა. ის და მისი ლაშქარი არიმინთან დაბანაკდნენ და ჰონორიუსთან გამართეს მოლაპარაკება. გოთების მეფემ მოითხოვა რომის მთავარსარდლის ტიტული და აგრეთვე მიწები, თავისი ხალხის დასასახლებლად, რაზეც იმპერატორისგან უარი მიიღო.
409 წელს ალარიქმა უკვე მეორედ მოაქცია ალყაში რომი. ამჯერად ქალაქი დანებდა და იმპერატორად აღიარა მის მიერ დანიშნული ატალე, რომის პრეფექტი. ამ დროს კი რავენაში გამოკეტილმა ჰონორიუსმა დაივიწყა თავისი სახელმწიფოს პატივი და ღირსება და მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. ატალე დიდხანს არ ყოფილა იმპერატორი; მას განურისხდა თავისი მფარველი ალარიქი, რომელმაც ქალაქი მესამედ მოაქცია ალყაში, რომს კი ამჯერად წინააღმდეგობა არც გაუწევია – იგი დაეცა 410 წელს!..
ალარიქი ქრისტიანობას აღიარებდა, თუმცა არიანული ცდომილებებით დამახინჯებულს. ამიტომ მეომრებს უბრძანა, ხელი არ ეხლოთ ტაძრებისთვის და მათთვის, ვინც თავშესაფარს ეკლესიაში ჰპოვებდა. სამაგიეროდ, ქალაქი საძარცვავად ჩაუგდო ხელთ ბარბაროსებს, რომლებსაც ორმოც ათასამდე გათავისუფლებული მონა ეხმარებოდა. გოთებმა გადაბუგეს უამრავი შენობა, გაძარცვეს მდიდრული სასახლეები, ტყვედ წაიყვანეს ან დახოცეს მრავალი რომაელი, ოღონდ დაინდეს ტაძრები და ეკლესიის ქონება.
შეუძლებელია დათვლა, რამდენი უბედური ემსხვერპლა იმ საშინელ დროს. უამრავ შეძლებულ რომაელს მთელი ქონება მოსტაცეს და თავად მონებად გაყიდეს, ზოგი მათგანი სამათხოვროდ დაეხეტებოდა უცხო ქვეყნებში. ის, ვისაც კიდევ შერჩა მამულები აფრიკაში, ესპანეთში, კამპანიაში ან სხვა პროვინციებში – იქით მიიჩქაროდა. მალე ყველა მეზობელმა პროვინციებმა, შემდეგ კი შორეულმა მხარეებმა: ეგვიპტემ, პალესტინამ, მცირე აზიამ, მიიღო რომიდან ლტოლვილები და შეიტყო მარადიული ქალაქის დაცემის ამბავი.
ამ ამბავმა შეძრა და შეაშინა მსოფლიო. ბერი იერონიმე ბეთლემში თავისი ღარიბული სენაკიდან წერდა: „არ არსებობს ამა სოფლად რაიმე მარადიული. დროც არაფერია, წინ მარადისობა რომ არ არსებობდეს. ყოველი დაბადებული უნდა მოკვდეს, ის, რაც იზრდება, უნდა დაბერდეს. კაცთა ხელთაგან ქმნილი დროის ხელმა უნდა შემუსროს. მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ თავად რომი, მსოფლიოს დამპყრობელი, ოდესმე დაეცემოდა და ერების დედად წოდებული მათსავე სამარედ იქცეოდა; რომ აფრიკისა და აღმოსავლეთის ზღვისპირეთი მარადიული ქალაქის ნანგრევებიდან გამოქცეული ლტოლვილებით აივსებოდა და თვით ბეთლემის ღატაკი თავშესაფარიც კი შეიკედლებდა მთელ დედამიწაზე უმდიდრეს, უწარჩინებულეს მოქალაქეებს! ეჰ, ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო!“
მაგრამ ქრისტიანებისთვის რომის დაცემას სხვა მნიშვნელობაც ჰქონდა. ეს თვალსაჩინო დადასტურება იყო ყოველგვარი მიწიერი დიდების ამაოებისა. პირქვე დამხობამ მარადიული ქალაქისა, რომლის დიდება მთელ მსოფლიოში ქუხდა, მორწმუნეთა ფიქრები და გულები მიმართა ერთადერთი წარუვალის და შეუძვრელისაკენ – ღმერთისკენ. ეს განწყობა ნეტარმა ავგუსტინემ გამოხატა თავის თხზულებაში – „საღვთო ქალაქის შესახებ“, სადაც თავდაპირველად ამხილა ისინი, ვინც იმპერიის უბედურების მიზეზად ქრისტიანობას თვლიდა, შემდეგ აღწერა რომის დაღუპვა და მიწიერი ქალაქის წარმავალ დიდებას დაუპირისპირა ზეციური ქალაქის, ღვთის ეკლესიის, ზეციური სასუფევლის, მარადიულობა და გარდუვალობა. ავგუსტინე მოუწოდებდა ქრისტიანებს, ღირსეული მოქალაქენი ყოფილიყვნენ იმ ქალაქისა, რომელიც მარადის უცვალებელია და უჭკნობი დიდებით არის გაბრწყინებული.
სამწუხარო სანახავი იყო, თუ როგორ შეხვდა თავის ხვედრს რომაელთა უმრავლესობა: ერთნი სასოწარკვეთილებას მიეცნენ და უნუგეშოდ მისტიროდნენ სიმდიდრის დაკარგვას; მეორენი, რომლებმაც ქონების ნაწილი შეინარჩუნეს, უცხო ქვეყნებს შეეხიზნენ და გართობასა და მხიარულებაში ეძებდნენ ხსნას. სამშობლოს უბედურებისადმი გულგრილობა – აი, რა იყო უღრმესი ზნეობრივი დაცემის სამწუხარო ნიშანი. გულისწყრომის გარეშე ვერ შეხედავდით რომაელ ლტოლვილებს, რომლებითაც სავსე იყო კართაგენის თეატრები და ცირკები. ავგუსტინე აღშფოთებით წერდა: „აღმოსავლეთის ერები და უშორესი ტომები გლოვობენ თქვენს უბედურებას, თქვენ კი რას ჩადიხართ? უზნეო გასართობების ძებნაში თავი მოგიყრიათ თეატრების შესასვლელებთან. თქვენ არად გიღირთ სამშობლოს ღირსება, გულგრილნი ხართ მისდამი, ოღონდაც თქვენი ფუჭი თავშესაქცევი არ მოგაკლდეთ. თქვენ გაგრყვნათ კეთილდღეობამ და ფუფუნებამ, განსაცდელმა კი ვერაფერი გასწავლათ. თქვენთვის ამაო გამოდგა უბედურების გაკვეთილები“.
სხვაგვარად იქცეოდნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები – მათ, ღვთის ნების მორჩილებმა, მშვიდად გადაიტანეს მიწიერი სიკეთეებისა და ბედნიერების დაკარგვა. მსოფლიოს აოცებდა მათი სულიერი სიდიადე, სიმტკიცე, ის დაუღალავი, ცხოველმყოფელი ქველმოქმედება, რასაც ქრისტიანული ურთიერთსიყვარული განაპირობებდა. ზოგიერთი დედაკაცი თავგანწირვის ღირსეულ მაგალითს იძლეოდა. ლეთა, იმპერატორ გრაციანეს ქვრივი, მთელ რომს აპურებდა პირველი ალყის დროს. პროვამ, ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და მდიდარმა რომაელმა, არად ჩააგდო თავის მდიდრულ სასახლეში გაჩენილი ხანძარი. მან აფრიკაში ჰპოვა თავშესაფარი და უზარმაზარი ქონების ნარჩენები ტყვეთა გამოსყიდვასა და ღარიბთა დახმარებაზე დახარჯა. მრავალ საცოდავ ლტოლვილს თავშესაფარი მისცეს პალესტინაში მოღვაწე დედებმა. მხოლოდ ქრისტიანები ავლენდნენ მოქალაქეობრივ სიმამაცესა და სულიერ თავისუფლებას. ბევრი ეპისკოპოსი იმდენად უშიშრად იცავდა სამწყსოს, რომ ამ შეუპოვრობით, სიბრძნითა და სათნოებით ბარბაროსთა პატივისცემაც კი დაიმსახურა.
იმპერია სწრაფად იშლებოდა და პროვინციას პროვინციაზე კარგავდა. იმპერატორი ჰონორიუსი იძულებული გახდა, ბრიტანეთიდან გამოეხმო თავისი ლაშქარი, რასაც მოჰყვა ამ ქვეყნის გათავისუფლება რომის მმართველობისგან. გალია დაიპყრეს გოთებმა, ბურგუნდიელებმა და ფრანკებმა; ესპანეთი – ალემანებმა, სვებებმა და ბოლოს, ვესტგოთებმა. გერმანიისკენ განუწყვეტლივ მიიწევდნენ გოთებისა და სარმაელების სხვადასხვა ტომები. აფრიკას დაეპატრონა ვანდალების მეფე ჰაიზერიხი.
ნახევარ საუკუნეზე ცოტა მეტი გავიდა თეოდოსი დიდის სიკვდილიდან და ესოდენ ვრცელი დასავლეთ იმპერიისგან დარჩა მხოლოდ იტალია, რომელსაც კვლავ ემუქრებოდნენ ბარბაროსები. იმპერიის დაცვა ვერ შეძლეს ვერც ვალენტინიანე III (425-455 წწ.), ჰონორიუსის მემკვიდრემ, ვერც მისმა შემდგომმა მმართველებმა, რომლებმაც ერთმანეთი სწრაფად შეცვალეს ტახტზე. რომის ამაყი იმპერატორები თავიანთ დებსა და ასულებს ათხოვებდნენ ბარბაროს ბელადებზე. სიხარულით იხდიდნენ ხარკს, რათა მათთვის მტერს ხელი არ ეხლო.
452 წელს ატილა, რომელსაც „ერთა მტარვალს“ უწოდებდნენ, რომს მიადგა, მაგრამ ამჯერად უბედურება ასცდა შიშით დაზაფრულ ქალაქს. რომის პაპი, ლეონ დიდი, ატილასთან წავიდა შესახვედრად, ევედრა, გაბრუნებულიყო და, ჯარის გასაოცრად, მეფემ უკან დაიხია. გადმოცემის თანახმად, მას ძილში გამოეცხადნენ რომის მფარველები, მოციქულები პეტრე და პავლე, და სიკვდილით დაემუქრნენ, თუ არ გაეცლებოდა იქაურობას.
ამ მოვლენიდან სამი წლის შემდეგ, იმპერატორ მაქსიმუს II დროს, კართაგენში მყოფი ჰაიზერიხი ძლიერი ფლოტით იტალიისკენ გაემართა. 455 წელს მან რომს ალყა შემოარტყა. პაპი ლეონ დიდი ახლა მას შეევედრა, დაენდო ქალაქი. ჰაიზერიხმა აღუთქვა, რომ მოქალაქეთა სიცოცხლეს არ ხელყოფდა, სამაგიეროდ ქალაქს მთელი ორი კვირის განმავლობაში წვავდნენ და ძარცვავდნენ მისი მეომრები. ნადავლი ხომალდებით გადაზიდეს აფრიკაში, ჰაიზერიხის სამფლობელოში. მრავალი გავლენიანი და მდიდარი რომაელი ქველმოქმედმა ქრისტიანებმა გამოისყიდეს მონობიდან. კართაგენში ეპისკოპოსმა დეოგრაციანემ ეკლესიის საგანძური გაყიდა გაჭირვებულთა დასახმარებლად, გადააკეთა რამდენიმე ტაძარი ქსენონად, სადაც ტანჯულებს აძლევდა თავშესაფარს.
მაგრამ თავად აფრიკასაც ძნელბედობის დღეები ედგა. ვანდალები მას 428 წელს ღალატით დაეპატრონნენ – თვითონ რომის მთავარსარდალმა ბონიფაციუსმა შემოუშვა ისინი; გარდა ამისა, მათ ეხმარებოდნენ მავრები და დონატისტები. ჰაიზერიხის მიერ იპონიის ალყის დროს, 430 წელს, გარდაიცვალა ნეტარი ავგუსტინე, რომელიც გამუდმებით ევედრებოდა უფალს, დახმარებოდა ომისაგან განაწამებ საცოდავ მოქალაქეებს.
ჰაიზერიხმა ჯერ იპონია აიღო, შემდეგ მის მმართველობაში კართაგენიც მოექცა და აფრიკას საშინელი განსაცდელები დაატეხა. უცხო მმართველობის სიმძიმეს სარწმუნოების ნიშნით ადამიანთა დევნაც დაერთო. ჰაიზერიხი არიანელი იყო და ცდილობდა, მთელ ქვეყანას მიეღო ეს აღმსარებლობა, რისთვისაც მიმართავდა წამებას, სიკვდილით დასჯას, დაპატიმრებას, განდევნას, ქონების ჩამორთმევას... ყველაზე ღირსეულ ეპისკოპოსებს წაართვეს კათედრები და გადაასახლეს მკაცრ უდაბნოში, ან მძიმე სამუშაოებზე გაამწესეს. მათი კათედრები არიანელებს გადაეცათ, რომლებიც მხარს უჭერდნენ ვანდალების ყოველგვარ სისასტიკეს.
ჰაიზერიხის მემკვიდრეებმაც თავიანთ წინამორბედს მიჰბაძეს და მთელი ერთი საუკუნის განმავლობაში აფრიკაში სასტიკი დევნა იყო გაჩაღებული, სანამ 533 წელს იუსტინიანეს მთავარსარდალმა ველიზარიუსმა არ მოუღო ბოლო ვანდალების მმართველობას. აფრიკის ეკლესიამ ამ პერიოდშიც ღვთისადმი ერთგულება გამოავლინა: უმკაცრეს გვემას მორწმუნენი უდრტვინველად ითმენდნენ, სუსტი დედაკაცები განდგომას სიკვდილს ამჯობინებდნენ, წმინდა განდევნილები ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას მავრიტანიისა და ნუმიდიის ველურ ტომებთან; უფალიც სასწაულებრივი ნიშნებით ეხმარებოდა თავის მსახურთ. მაგალითად, რამდენიმე აღმსარებელს, სასტიკი მეფის ბრძანებით ენები ამოაჭრეს, მაგრამ მათ მაინც ხმამაღლა აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. ამ უჩვეულო მოვლენას ადასტურებენ თვითმხილველები, ამდენად მისი უტყუარობა ეჭვს არ იწვევს.
მას შემდგომ, რაც ჰაიზერიხი რომს გაეცალა, დასავლეთის იმპერიის ტახტმა კიდევ რამდენიმე ხელისუფალი გამოიცვალა, რომლებსაც ძირითადად აღმოსავლეთის იმპერატორები მფარველობდნენ. ბარბაროსთა ბელადები სულ უფრო ძლიერდებოდნენ და ბოლოს, 476 წელს, რომის უკანასკნელი იმპერატორი რომულუს ავგუსტულუსი დაამხო ოდოაკრმა, ერთ-ერთი გერმანული ტომის ბელადმა. მან თავი ხალხთა მეფედ გამოაცხადა, მაგრამ მოგვიანებით, 493 წელს, იგი სიცოცხლეს გამოასალმა ოსტ-გოთმა თეოდორიხმა.
ოდოაკრიც და თეოდორიხიც აღიარებდნენ აღმოსავლეთის იმპერატორის უზენაესობას, მაგრამ საქმით იტალიის დამპყრობელი, ფრანკებისა და ალემანების მძლეველი ოსტგოთების მეფე თეოდორიხი, სრულიად დამოუკიდებელი იყო. მისმა ოცდაათწლიანმა მეფობამ იტალიას კეთილდღეობა და მშვიდობა მოუტანა. თავად უსწავლელი და უწიგნური თეოდორიხი პატივს სცემდა განათლებას, კანონსა და სამართალს. ის, მართალია, არიანელი იყო, მაგრამ მართლმადიდებლებს დიდხანს არ სდევნიდა. მხოლოდ მეფობის დასასრულს შებღალა თავისი დიდება ჭეშმარიტი მორწმუნეების დევნით და ბოეციუსისა და თავისი სიმამრის, მხცოვანი სიმაქეს, უსამართლოდ დასჯით, რომლებსაც ღალატი დასდო ბრალად.
აღმოსავლეთის იმპერატორები ამაოდ ცდილობდნენ დასავლეთის გათავისუფლებას ბარბაროსების ბატონობისგან. მხოლოდ VI საუკუნის მეორე ნახევარში მიაღწია ამ მიზანს იუსტინიანემ; იგი – წარმოშობით ილირიელი გლეხი, ტახტზე ავიდა 527 წელს და თავისი ბიძის, იმპერატორ იუსტინე I შემდგომ წარმატებით განაგრძო ბრძოლა აღმოსავლეთში. მისმა არმიამ მთავარსარდლების – ველიზარიუსისა და ნარსესის – მეთაურობით გაანადგურა ვანდალების მმართველობა აფრიკასა და სიცილიაში, სძლია ფრანკებსა და ალემანებს, ხუთჯერ წაართვა რომი გოთებს და ბოლოს, 554 წელს, გამარჯვებულმა იმპერატორმა იტალიაზეც განავრცო თავისი ხელმწიფება.
ამ დროიდან ბიზანტიის იმპერატორები ორასი წლის განმავლობაში მართავდნენ იტალიის უდიდეს ნაწილს თავიანთი წარმომადგენლის, რავენის ეგზარქოსის საშუალებით. აღმოსავლეთის იმპერატორის მეუფებას აღიარებდნენ: რომი და მისი შემოგარენი, ფერარა, ანკონა, ნეაპოლი და კალაბრია, რავენა, კუნძულები: სიცილია, სარდინია და კორსიკა. იტალიის დანარჩენი ნაწილი 570 წელს დაიპყრეს ლანგობარდებმა.
რა თქმა უნდა, აღმოსავლეთში მიმდინარე არეულობებით შეწუხებული ბიზანტიელი იმპერატორები იტალიის საქმეებს დიდი ყურადღებით ვერ ადევნებდნენ თვალს. თანაც მათი წარმომადგენელი რომში კი არა, რავენაში ცხოვრობდა. ყოველივე ამის წყალობით რომში ყოველწლიურად ძლიერდებოდა პაპის მმართველობა.
აღმოსავლეთში აღიარებული იყო მთავარ კათედრათა თანასწორობა, რაც გამორიცხავდა ერთი ეპისკოპოსის მბრძანებლობას დანარჩენებზე. მაგრამ დასავლეთში ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა რომის – ამ უძველესი დედაქალაქისა და დასავლეთში ერთადერთი სამოციქულო კათედრის ეპისკოპოსს. მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის დასავლეთში ის იყო მთავარი წარმომადგენელი და დამცველი ნიკეის ჭეშმარიტი აღმსარებლობისა. რომის იმპერიის ნანგრევებზე დამკვიდრებული ახალი ტომები და ევროპის სახელმწიფოები პაპს უდიდეს პატივის მიაგებდნენ. თეოდორიხმა ნაწილობრივ მას ანდო რომის მართვა. აფრიკის, გალიისა და ესპანეთის სასულიერო დასი რომის ეპისკოპოსს მიმართავდა, რათა თეოდორიხს ისინი ბარბაროსებისგან დაეცვა. ამრიგად, პაპი მთელი დასავლეთ საქრისტიანოს ქომაგად მოიაზრებოდა. მას უკვე დიდძალი სიმდიდრე ჰქონდა და შეეძლო, გულუხვად დახმარებოდა გაჭირვებულებს შიმშილის, წყალდიდობისა და სხვა უბედურებათა დროს. ბარბაროსთა თავდასხმებისას ის აცხრობდა სასტიკ მძლეველთა სიავეს. იტალიის მოსახლეობა თანდათან შეეჩვია პაპის ხელისუფლებას, როგორც ერთადერთ, მტკიცე მმართველობას ამ უმძიმეს ეპოქაში და მისგან ელოდა დაცვასა და თანადგომას.
ჩვენ შემდგომ ვნახავთ, თუ როგორ გამოიყენეს რომის პაპებმა ყველა ეს ხელსაყრელი გარემოება თავიანთი როლის ასამაღლებლად და მიწიერ სარგებელთა მოსახვეჭად; თანდათანობით როგორ დამკვიდრდა სასულიერო პირების ხელისუფლება რომის – მსოფლიოს ამ ყოფილი მბრძანებლის ნანგრევებზე.
|