martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 45

წმინდა იოანე ოქროპირი.

 

ჩვენი მკითხველისთვის უკვე ნაცნობია ანტიოქიის უდიდესი პრესვიტერი, იოანე ოქროპირი. მისი ცხოვრების მიმოხილვით დავასრულებთ თხრობას მეოთხე ასწლეულის შესახებ, რომელიც ესოდენ მდიდარია ქრისტეს დიდებულ მსახურთა სახელებით.

იოანე დაიბადა ანტიოქიაში 344 (ან 347) წელს მდიდარ და სახელოვან ოჯახში. მამამისს, სეკუნდს, სირიაში მაღალი სამხედრო თანამდებობა ეკავა, დედა ანთუსა იოანესთვის იგივე იყო, რაც მონიკა – ავგუსტინესთვის და ნონა – გრიგოლ ღვთისმეტყველისთვის. ის ოცი წლისა დაქვრივდა, მეორედ ქორწინება აღარ მოისურვა და თავი მთლიანად ქრისტიანისა და დედის მოვალეობათა შესრულებას მიუძღვნა: ხელი მოჰკიდა შვილის აღზრდას, გონივრულად უძღვებოდა მამულს; ცდილობდა, ვაჟისთვის ფართო და საფუძვლიანი განათლება მიეცა, ზედმიწევნით გაეცნო მისთვის წმინდა წერილი. იოანემ დედისგან მიიღო ქრისტიანული ღვთისმსახურების პირველი გაკვეთილები, რომელთა წარხოცვა მისი სულიდან ვერაფერმა შეძლო – ვერც წარმართი დამრიგებლების სწავლებამ, ვერც სიყმაწვილის გატაცებებმა. ასე ძლიერია დედის გავლენა ბავშვის აღზრდასა და მის სულიერ ძალთა განვითარებაზე! ასეთი მდგრადია ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილება! სიყმაწვილის ასაკში იოანე უკვე დადიოდა წარმართულ სკოლებში, სადაც ისწავლებოდა ფილოსოფია, რიტორიკა და სხვა მეცნიერებები. იყო ცნობილი ლიბანიოსის – წარმართი ორატორის – ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე.

მოწაფეობისას იოანე ჯერ არ იყო მონათლული. თუმც ეკლესიის წმინდა მამები ებრძოდნენ ნათლისღების სრულწლოვანებამდე გადადების ჩვეულებას, მაგრამ იგი მაინც საკმაოდ იყო გავრცელებული. ამის მიზეზი გარკვეულწილად ისიც იყო, რომ ნათელღებულებს წარმართულ სკოლებში სიარულის უფლება არ ჰქონდათ. მოგვიანებით თვითონ იოანე გმობდა ამ ჩვეულებას და მშობლებს მოუწოდებდა, არ დაეყოვნებინათ ჩვილთა მონათვლა, დაბადების პირველივე დღეებიდან მიეძღვნათ ისინი ღმერთისთვის და თანაზიარნი გაეხადათ ქრისტეს მიერ ჩვენთვის ბოძებული მადლისა.

განათლების დასრულების შემდგომ იოანე სამოქალაქო სამსახურში ჩადგა, შეისწავლა კანონმდებლობა და სამსჯავროებზე იცავდა მისთვის ჩაბარებულ საქმეებს. ამგვარმა სამსახურმა ის მაღალი საზოგადოების ადამიანებთან დააახლოვა, მეგობართა მიბაძვით დადიოდა თეატრებში, სანახაობებზე, მონაწილეობდა მხიარულ შეკრებებში. მაგრამ ასეთი ცხოვრება მალე ამაო და ცარიელი ეჩვენა. საერო პატივი იოანეს არ ხიბლავდა, გრძნობდა, რომ ნუგეშსა და სიმშვიდეს, ნათელსა და ჭეშმარიტებას მხოლოდ ქრისტეში ჰპოვებდა. ამიტომ გულმოდგინედ შეუდგა წმინდა წერილის შესწავლას, ხშირად დადიოდა ეკლესიაში, ბოლოს კი საერთოდ მიატოვა სამოქალაქო სამსახური. ანტიოქიის მაშინდელმა ეპისკოპოსმა, წმინდა მელეტიმ, შეიყვარა იგი და ხშირად ეპატიჟებოდა თავისთან სასაუბროდ. მანვე მონათლა 28 წლის იოანე.

უდიდესი კრძალვით მიეახლა იოანე საიდუმლოს, რითაც იგი ღმერთის შვილი ხდებოდა. ამ დროიდან უმკაცრესად ადევნებდა თვალს საკუთარ ქცევას. არასდროს იფიცებდა, არათუ მოყვასისადმი ბოროტმეტყველების, უწყინარი ხუმრობის ნებასაც არ აძლევდა თავს. ყველა ფიქრი და მცდელობა მიმართული იყო ერთისკენ – ღირსეულად ეტარებინა ქრისტიანის მაღალი წოდება. ძალიან უნდოდა საერო ცხოვრების მიტოვება და უდაბნოში სამონაზვნო მოღვაწეობა, მაგრამ ამ განზრახვამ დედამისი გაანაწყენა. მან ცხარე ცრემლებითა და გულისამაჩუყებელი სიტყვებით აღუწერა ვაჟს ადრე დაქვრივებული ქალის გაჭირვება, ზრუნვა მის აღზრდასა და ქონების შენარჩუნებაზე. ბოლოს კი დასძინა: „ყოველივესთვის ერთს გთხოვდი და გთხოვ ახლაც – კიდევ ერთხელ ნუ დამტოვებ მარტოდ, ნუ გააღვიძებ ჩემს სულში ოდნავ მიძინებულ დარდს. მოიცადე ჩემს სიკვდილამდე“.

იოანემ დედას თხოვნა შეუსრულა, დარჩა მასთან; ცხოვრობდა მდიდრულ სახლში, მაგრამ მკაცრ სამოღვაწეო ცხოვრებას მისდევდა და მთელ დროს ლოცვაში ატარებდა. მელეტი ანტიოქიელმა მალე ის ეკლესიაში მედავითნედ განაწესა.

ამ პერიოდს განეკუთვნება იოანეს პირველი ცნობილი ეპისტოლე, სახელწოდებით „დაცემულისადმი“, რომელიც მის ერთ-ერთ მეგობარს ეძღვნება. ამ თხზულებაში უკვე იგრძნობა სიყვარულით აღსავსე გულიდან გადმოღვრილი ცოცხალი, მიმზიდველი მჭევრმეტყველება, ზნეობრივი კანონებისადმი ერთგულება...

მედავითნედ მსახურების დროს იოანემ ისე გაითქვა სახელი, რომ ერთ მახლობელ ქალაქში ეპისკოპოსობაც კი შესთავაზეს, მაგრამ მან თავი უღირსად ჩათვალა და უარი თქვა (აირჩიეს მისი ერთ-ერთი მეგობარი). იოანემ თავის თხზულებაში „მღვდლობის შესახებ“ გადმოგვცა შეხედულებანი მღვდელმსახურის, როგორც საიდუმლოთა აღმსრულებლისა და მოძღვრის, მაღალი მოვალეობების თაობაზე.

დედის სიკვდილის შემდეგ იოანემ აისრულა დიდი ხნის სურვილი: გაყიდა მამული, ფული დაურიგა ღატაკებს, გაათავისუფლა მონები და მონაზვნად შედგა ანტიოქიის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სავანეში. მას უნდოდა, მთელი სიცოცხლე განმარტოებით ლოცვაში გაეტარებინა, მაგრამ მისმა დიდებამ უამრავი მნახველი მიიზიდა: ვინ რჩევა-დარიგებისთვის მიდიოდა, ვინ სნეულებისგან განკურნების იმედით, რადგან უფალმა იოანეს სასწაულქმედების ძალა უბოძა. ისიც კურნავდა ავადმყოფებს და თან მოუწოდებდა, ღვთისმსახურებით ეცხოვრათ და ელოცათ. კაცთა შინაგანი ბუნების ღრმად მცოდნე იოანე თითოეულს მისივე სულიერი მდგომარეობის შესაბამის რჩევას აძლევდა.

გადმოგვცემენ, რომ ერთხელ იოანეს საოცარი ხილვა ჰქონდა მონასტერში[1]. ღამით მას უჩვეულო ნათლით გაბრწყინებული ორი კაცი გამოეცხადა – ისინი იყვნენ იოანე და პეტრე მოციქულები.

– მე იოანე ვარ, – თქვა პირველმა მათგანმა – შენც გაძლევს ღმერთი ნიჭს, იხილო სიღრმენი სიბრძნისა. შენ ასაზრდოებ ადამიანებს სწავლების უკვდავი საზრდოთი და დაუყოფ პირს მათ, ვინც უკუღმართად განმარტავს ჩვენი ღმერთის რჯულს. შემდეგ პეტრემ ოქროპირს გასაღები გადასცა და უთხრა:

– ღმერთი გაძლევს თავისი ეკლესიების გასაღებს, ვისაც შეკრავ, იქნება შეკრული, და განიხსნება ის, ვისაც განხსნი.

იოანე პირქვე დაემხო და შესძახა:

– ვინ ვარ მე, რომ გავკადნიერდე, მივიღო და ვიტვირთო ამგვარი მსახურება. მე ხომ ცოდვილი ვარ და არარაობა!

– მხნედ იყავ და განმტკიცდი! აღასრულე ბრძანება და ნუ დაფლავ უფლის მიერ ადამიანების განსანათლებლად ბოძებულ ნიჭს. თამამად გამოაცხადე ღვთის სიტყვა; გახსოვდეს, რაც უფალმა ბრძანა: „ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი“ (ლუკ. 12,32). შენც ნუ შეგეშინდება, რამეთუ უფალმა კეთილ-ინება, განანათლო მრავალი სული, ბევრ მწუხარებასა და დევნას გადაიტან სიმართლისათვის. ყველაფერს მხნედ გაუძელ და შეხვალ ღვთის სამკვიდრებელში. – უპასუხეს მახარებლებმა.

იოანემ უფლისგან მითითებული მსახურებისთვის იწყო მზადება. მან დროებით დატოვა სავანე და მღვიმეში განმარტოვდა, სადაც რამდენიმე წელიწადი დაჰყო მარხვაში, ლოცვასა და მღვიძარებაში. მაგრამ ცხოვრების უმკაცრესმა პირობებმა იმდენად შეარყია მისი ჯანმრთელობა, რომ იძულებული გახდა, ანტიოქიაში დაბრუნებულიყო. მოგვიანებით თავის საუბრებში ბევრჯერ აღწერა ხატოვნად უდაბნოს სავანეთა სიმშვიდე და სიწყნარე, სადაც არ აღწევდა ამსოფლიური ამაოების ხმა და ყველა მხოლოდ ღვთისთვის სათნო-ყოფაზე ფიქრობდა. იმხანად ბევრი გამოდიოდა მონასტრების წინააღმდეგ, მათი აზრით, ისინი ერს საუკეთესო შვილებს ართმევდნენ. იოანე მთელი ძალით იცავდა მონაზვნურ ცხოვრებას. თავისი მოღვაწეობის ამ პერიოდში დაწერა მან რამდენიმე ასკეტური ხასიათის თხზულება, მაგალითად ტრაქტატი „მონაზვნური ცხოვრების მტრების წინააღმდეგ“.

ანტიოქიაში მისი დაბრუნების შემდეგ წმინდა მელეტიმ მალევე დაადგინა დიაკვნად. ხოლო 386 წელს მელეტის მემკვიდრე ფლაბიანემ სამღვდელო ხარისხში აიყვანა, მაგრამ არ განაწესა რომელიმე ეკლესიაში, არამედ მქადაგებელის მოვალეობა დააკისრა. იოანემ, რომელმაც ადრე ჩამოაყალიბა ჭეშმარიტი მღვდლის დიდებული სახე თავის წიგნში „მღვდლობის შესახებ“, ახლა ეს ხარისხი შიშითა და იმავდროულად უფლისადმი სასოებით მიიღო, რადგან მქადაგებლობა ანტიოქიაში განსაკუთრებით მძიმე იყო ბევრ ადგილობრივ გარემოებათა გამო.

ჩვენ უკვე გიამბეთ უთანხმოებების შესახებ, რომლებიც ასე დიდხანს აღელვებდნენ ანტიოქიის ეკლესიას. იყო ჟამი, როცა მას ერთდროულად სამი ეპისკოპოსი ჰყავდა. სებასტიანელებს, მელეტიანელებსა და პავლინიანელებს ერთმანეთთან ურთიერთობა საერთოდ არ სურდათ. მელეტის სიკვდილის შემდეგ ფლაბიანეს დადგინებამ ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია. ხალხის დიდი ნაწილი ისევ პავლინეს აღიარებდა ეპისკოპოსად. ერეტიკოსები და იუდეველები, რომლებიც მრავლად იყვნენ ანტიოქიაში, ცდილობდნენ, მართლმადიდებლებში სამოციქულო სწავლებისადმი რწმენა შეერყიათ. არიანელები, ანომეველნი, საბელიანელები, პავლე სამოსატელის, მაკედონიუსისა და სხვადასხვა გნოსტიკური სექტების მიმდევრები ავრცელებდნენ თავიანთ ცრუსწავლებებს. წარმართები დასცინოდნენ ამაოდმეტყველებით გატაცებულ ქრისტიანებს, რომლებიც მხოლოდ დოგმატებს იხილავდნენ და თავიანთ მოვალეობებს არად აგდებდნენ. სხვანი, ირგვლივ გაჩაღებული პაექრობებით თავმობეზრებულნი, ნებისმიერ აღმსარებლობას გულგრილად უყურებდნენ. ბევრი ქრისტიანი ეკლესიის ჩვეულებათა მხოლოდ გარეგნულ დაცვას სჯერდებოდა და მარტო საკუთარი თავის სიამოვნებისათვის ცხოვრობდა. ცირკი და სხვა სანახაობები ერთნაირად იზიდავდა ქრისტიანსაც და წარმართსაც.

რაოდენ რთული უნდა ყოფილიყო მქადაგებლობა ასეთ ქრისტიანულ საზოგადოებაში, რომლის დანაწევრებასაც ასე ღრმად განიცდიდა იოანე; ამ მდგომარეობას იგი ადარებდა პირველი პერიოდის ეკლესიის ყოფას და ნაღვლიანად ამბობდა: „მაშინ ყველას ერთი სული და ერთი გული ჰქონდა. ახლა ერთ სულშიც ვეღარ იპოვი თანხმობას, ყველგან დიდი განხეთქილებაა, არსად ჩანს მშვიდობა“.

იოანეს შეგნებული ჰქონდა თავისი მოვალეობების სირთულე, მაგრამ სულიერად არ დაცემულა – მასთან იყო ყოვლიშემძლე უფალი, ვისაც მიმართავდა სრული სასოებით და რომელმაც აკურთხა მისი შრომა. სამღვდელო ხარისხის მიღების შემდგომ იგი უდიდესი გულმოდგინებით შეუდგა საქმეს; მამობრივი მზრუნველობით ადევნებდა თვალყურს თითოეული თავისი სულიერი შვილის შინაგან მდგომარეობას: ამხნევებდა გულგატეხილს, განამტკიცებდა მერყევს, არიგებდა, ანუგეშებდა, კიცხავდა; ერთდროულად იყო მშვიდი და მტკიცე, მხურვალედ მოყვარული, მიმტევებელი და ბრძნულად მკაცრი; შეძლებისდაგვარად უშლიდა ქრისტიანებს არაფრისმთქმელ პაექრობებში მონაწილეობას; მოუწოდებდა, რწმენითა და კეთილი საქმეებით დაეცვათ სამოციქულო სწავლების სიწმინდე; ამასთან, ერთგულად იცავდა მართალ დოგმატებს ცრუსწავლებებისგან. ერეტიკოსებს მისი სახით ჰყავდათ მათი გაუკუღმართებული აზროვნების მკაცრი მამხილებელი და იმავდროულად მშვიდი მოძღვარი, რომელიც ყოველთვის მზად იყო, დახმარებოდა ჭეშმარიტების კეთილსინდისიერ მაძიებელს.

იოანე კვირაში რამდენჯერმე ქადაგებდა და მისი გავლენა დღითიდღე ძლიერდებოდა. ფუქსავატმა ანტიოქიელებმა დაივიწყეს საყვარელი სანახაობა-გართობები და ეკლესიას მიაწყდნენ. ბევრი მათგანი, რომელიც თავიდან უბრალო ცნობისმოყვარეობამ მიიყვანა, სულის სიღრმემდე შეძრა მქადაგებლის სიტყვის ძალამ. ზოგჯერ იოანეს სიტყვას აწყვეტინებდნენ მქუხარე ტაშითა და აღფრთოვანების შეძახილებით, რაც მას არ მოსწონდა: „რად მინდა ტაში და დიდება? ჩემი ქება იმით გამოხატეთ, რომ თქვენი ცხოვრება გამოასწორეთ და ღმერთისკენ მიიქეცით!“

გადმოგვცემენ, რომ ერთმა დედაკაცმა, რომელიც ხალხში ერია, იოანეს მოსმენისას წამოიძახა: „მოძღვარო სულიერო, იოანე, ოქროპირო! სწავლება შენი ღრმაა და სუსტ გონებას ჩვენსას მისი შეცნობა არ ძალუძს!“ აქედან მოყოლებული იოანე ცდილობდა, თავისი შეგონებანი მარტივი, ყველასთვის გასაგები სიტყვებით გადმოეცა. ხალხში მას შერჩა წოდება „ოქროპირი“ და დღესაც ამ სახელით განადიდებს მას ეკლესია. იოანემ ანტიოქიის პრესვიტერად ოცი წელი დაჰყო.

397 წელს გარდაიცვალა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი, ნექტარიოსი, და იოანეს მისი ადგილის დასაკავებლად უხმეს. იმპერატორმა არკადიუსმა (343-408 წწ.) იცოდა, თუ როგორ უყვარდათ ანტიოქიელებს უდიდესი პრესვიტერი, ამიტომ შეეშინდა, მის გადაყვანას არ აეღელვებინა ხალხი და იოანეს ანტიოქიის ფარულად დატოვება ურჩია.

კონსტანტინოპოლში აღფრთოვანებით შეხვდნენ მთელ აღმოსავლეთში ცნობილ მქადაგებელს. თუმცა ახალი მწყემსთმთავრის ხელდასხმისთვის შეკრებილთა შორის აღმოჩნდნენ არაკეთილმოსურნე ეპისკოპოსები და პრესვიტერები, რომელთაგან ბევრი თვითონ უმიზნებდა ამ ხარისხს. კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის ადგილი თავისი მომხრე ერთი პრესვიტერისთვის უნდოდა ალექსანდრიის ეპისკოპოსს, პატივმოყვარესა და ცბიერ თეოფილეს. მაგრამ რაკი იოანეს მხარს უჭერდა იმპერატორთან დაახლოებული და ძლიერი პიროვნება, ევტროპი, თეოფილეს მისი მუქარისა შეეშინდა და თავად დაასხა ხელი ახალ ეპისკოპოსს. მაგრამ გულში მტრობა ჩაიდო, რაც მოგვიანებით გამომჟღავნდა.

ახალ ხარისხში დადგინების ასეთი დასაწყისი ბევრ უსიამოვნებასა და სირთულეს უქადდა იოანეს. მართლაც, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსობა მისთვის მძიმე გამოცდა გამოდგა. საქმე უამრავი ჰქონდა, რადგან კონსტანტინოპოლის პატრიარქის მეთვალყურეობის ქვეშ რამდენიმე ოლქის ეკლესიაც შედიოდა. მაგრამ იგი არ შეუშინდა შრომას და ბეჯითად შეუდგა ახალი მოვალეობების შესრულებას. მისდა სამწუხაროდ, სასულიერო დასში ბევრი თანამდგომი ვერ იპოვა, უმრავლესობა გულგრილად ეკიდებოდა საქმეს და მიწიერი სიკეთეებისა და პატივმოყვარების სენით იყო შეპყრობილი. მღვდლები ძლიერ კარისკაცთა მხრიდან მფარველობას ეძებდნენ, არ ამხელდნენ მათ მანკიერებებს, კარგავდნენ იმ ზნეობრივ გავლენას, რაც უნდა ჰქონდეს სულთა მწყემსს, თუ იგი კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობებს.

იოანეს პირველი საზრუნავიც სწორედ სასულიერო დასის გამოსწორება გახდა; ცდილობდა მათ დამოძღვრას მაგალითებით და სიტყვით: მოაშორა ყოველგვარი სიმდიდრე არქიეპისკოპოსის საცხოვრებლიდან, მთელ შემოსავალს მოწყალებად არიგებდა, იცავდა მკაცრ მარხვას; არ აინტერესებდა ამა სოფლის ძლიერთა კეთილგანწყობის მოპოვება, ამიტომ ნადიმებზე არ სტუმრობდა და არც თავისთან იწვევდა დიდებულებს... იოანე მუდამ დაკავებული იყო სამწყსოს საქმეებით, ლოცვით ან წმინდა წერილის შესწავლით. მისი ასეთი მკაცრი სამოღვაწეო ცხოვრება არ მოეწონა კონსტანტინოპოლის სამღვდელოებას, მაგრამ მათი აღშფოთება უფრო მაშინ გამწვავდა, როდესაც იოანემ ჩაიხედა ეკლესიის საქმეებში და აღმოაჩინა, რომ შემოსავალი არასწორად, ზოგჯერ კი უპატიოსნოდ იხარჯებოდა. ამის გამო მან დაითხოვა ზოგიერთი პიროვნება, შეამცირა ზედმეტი ხარჯები და დიდი თანხა გაიღო ღარიბთა დასახმარებლად და ქსენონების ასაგებად. ადამიანები, რომლებიც იოანემ ჩამოიშორა, დაუძინებელ მტრებად მოეკიდნენ მას.

მალე ამ უკანასკნელთ შეუერთდა ყველა ის ერისკაცი, ვისაც არ ეხატებოდა გულზე მკაცრი მხილებანი ეპისკოპოსისგან. იოანე, როგორც თავდადებული მწყემსი, რომლის მოვალეობაც მისთვის მიბარებული სულების გადარჩენა იყო, ქადაგებებში დაუნდობლად გმობდა მანკიერებებს: პატივმოყვარეობას, ვერცხლისმოყვარეობას, ამაოებას, გულქვაობას... მისი სიტყვები შეურაცხმყოფლად ეჩვენებოდათ მათ, ვინც თავისთავში ამ უზნეობას ხედავდა. იოანე მართალი სულით ემსახურებოდა ღმერთს, არ აშფოთებდა მტრებისგან სიძულვილი და მოშურნეობით აგრძელებდა თავის საქმეს. როგორც ანტიოქიაში, აქაც მისმა ქადაგებებმა დიდძალი მსმენელი მიიზიდა და მისი გავლენა დღითიდღე იზრდებოდა.

იმჟამად კონსტანტინოპოლში ჯერ კიდევ მრავლად იყვნენ არიანელები, განსაკუთრებით იმპერატორის მხედრობაში მომსახურე გოთებს შორის. თეოდოსის ბრძანებით არიანელებს ეკრძალებოდათ, ქალაქში ჰქონოდათ ტაძრები, ასე რომ, ღვთისმსახურების აღსრულება მხოლოდ ქალაქგარეთ შეეძლოთ. სამაგიეროდ, ისინი ღამღამობით იკრიბებოდნენ საზოგადოებრივი შენობების წინ და გვიანობამდე მღეროდნენ ყოვლადწმიდა სამების მგმობელ ჰიმნებს; ეს სანახაობა მრავალს იზიდავდა, რამაც აფიქრებინა ეპისკოპოსს, მართლმადიდებლებისთვის მოეწყო ღამისთევით ლოცვები და ეკლესიის ირგვლივ ჯვრებითა და ანთებული სანთლებით მსვლელობა საგალობლების თანხლებით. ასე დაიწყო ჯვრით მსვლელობები და მართლმადიდებლებიც აღარ ეტანებოდნენ არიანელთა შეკრებებს. ერთხელ ამით გაღიზიანებული ერეტიკოსები თავს დაესხნენ პროცესიას, დაარბიეს და დახოცეს ხალხი. მაშინ იმპერატორმა არკადიუსმა საერთოდ აკრძალა არიანელთა შეკრებები.

ამ მოვლენებიდან ცოტა ხნის შემდეგ გოთების მეთაურმა, გაინამ, სთხოვა არკადიუსს, არიანელთათვის ერთი ტაძარი დაეთმო კონსტანტინოპოლში. იმპერატორი მზად იყო, დათანხმებოდა ამ მოთხოვნას, რადგან გოთების აჯანყების ეშინოდა. მაგრამ იოანემ უდრეკი სიმტკიცე გამოიჩინა და გადაჭრით განაცხადა უარი – ეკლესიას ქრისტეს მგმობელებს არ გადავცემო. მოგვიანებით კი, გოთების ამბოხის დროს, როდესაც გაინამ იმპერატორს ორი კონსულის დასჯა მოსთხოვა, მარტო იოანე გამოესარჩლა მათ. მსჯავრდებულთა გადასარჩენად იგი უშიშრად მივიდა ბანაკში გოთების ბელადთან. ეპისკოპოსის ქრისტიანული სიმამაცით შეძრულმა გაინამ იგი პატივით მიიღო თავის კარავში და შვილები მის ფეხებთან დააჩოქა კურთხევის სათხოვნელად.

იოანემ არიანელებს უარი უთხრა ტაძრის გადაცემაზე, მაგრამ კონსტანტინოპოლში მოაწყო ახალი ტაძარი გოთებისთვის და ისინი ჭეშმარიტ რწმენაზე მოაქცია. იქ ღვითსმსახურება მათ მშობლიურ ენაზე აღესრულებოდა და იოანეც ხშირად ქადაგებდა თარჯიმნის დახმარებით.

საერთოდ, ღვთის სიტყვის გავრცელება იოანეს ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი იყო. მან გააგზავნა მქადაგებლები სპარსეთში, ფინიკიაში, დუნაისპირეთის სკვითებთან, თრაკიაში მცხოვრებ სლავურ ტომებთან. „შენ პირველმა აღუმართე საკურთხეველი კარვებში მცხოვრებ სკვითებს“, – სწერდა ოქროპირს თეოდორიტე კვირელი.

ეკლესიის მწერლები მოიხსენიებენ ჰუნებსა და სლავურ ურდოებში მქადაგებელს, თეოტიმე სკვითელს, ქალაქ ტომის (ახლანდელი მანგალია) ეპისკოპოსს, რომლის ეპარქია ვრცელდებოდა დუნაის სამხრეთ ნაპირებიდან თრაკიამდე (ახლანდელი ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთი). ვარაუდობენ, რომ ამ ქვეყანაში ქრისტიანობა პირველივე საუკუნეებიდან იყო დამკვიდრებული. უკვე დიოკლეტიანეს დროს იხსენიებიან აქაური ქრისტიანი მქადაგებლები.

იოანე გულუხვად ეხმარებოდა ღვთის სიტყვის გამავრცელებლებს, ზრუნავდა წმინდა წერილის თარგმანზე, ახარებდა ქადაგებით მიღწეული წარმატებები. „ახლა რაღად გვინდა ფილოსოფოსთა მოძღვრებანი? – ამბობდა წმიდა იოანე – მეთევზეთა და მეკარვეთა სწავლება არა მარტო იუდეაში, ბარბაროსთა ენაზეც მზეზე უნათლესად ბრწყინავს. სკვითებმა, თრაკიელებმა, სარმატებმა, მავრებმა, აგრეთვე, მსოფლიოს უშორესი ქვეყნების მცხოვრებლებმა მათი საუბრები თავიანთ ენაზე გადათარგმნეს, ფიქრობენ ისეთ თემებზე, რაც წარმართ სწავლულებს ვერც კი წარმოუდგენიათ“.

სასიხარულოა, რომ ამ საქმეში მონაწილეობდნენ დედაკაცებიც და ეხმარებოდნენ მქადაგებლებს. როდესაც იოანე კონსტანტინოპოლში ჩავიდა, იქ შეხვდა რამდენიმე სათნო დედას, რომლებსაც თავი ღვთისმსახურებასა და ღარიბებზე ზრუნვას მიუძღვნეს. ეპისკოპოსი თვალყურს ადევნებდა მათ მოღვაწეობას, ეხმარებოდა რჩევებითა და თანადგომით. ცნობილია ზოგიერთის სახელი: პიკორეტა, პენტადია, დიაკონისები: პროკულა, ბასიანა და, განსაკუთრებით, ოლიმპიადა.

ოლიამპიადა ადრე დაქვრივდა, იმპერატორის ნათესავთან მეორედ ქორწინებაზე უარი განაცხადა, დიაკონისას წოდება მიიღო და თავისი გარჯა და უზარმაზარი სიმდიდრე მოყვასთა სასიკეთოდ გაიღო. იოანე ოქროპირი მას სწერდა: „შენ სიყმაწვილიდანვე აპურებდი ქრისტეს, როდესაც შიოდა; ასმევდი, როდესაც სწყუროდა; აცმევდი შიშველს, შინ მიგყავდა უცხო, უვლიდი სნეულს, ზრუნავდი ტუსაღებზე. შენ სახლის კარი გაუღე ყველა გაჭირვებულს, დედამიწის ყველა კუთხეში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც შენი გულუხვობა გამოსცადეს“.

მანკიერებათა უშიშარი მამხილებელი იოანე ოქროპირი იმავდროულად თავის სამწყსოს მოსიყვარულე, გულჩვილ მამად ევლინებოდა. მასთან, როგორც მონანულთა მიმტევებელთან, ყველას შეეძლო მისვლა. მისი თანამედროვე ისტორიკოსი წერდა: „დაჩაგრული მასთან ეძიებს შველას, განსასჯელი დამცველად მას უხმობს, მშიერი საზრდოს სთხოვს, ღატაკი – სამოსს, ფეხშიშველი – ფეხსაცმელს. მტირალი ნუგეშს ევედრება, სნეული – მოვლას, მწირი – თავშესაფარს; ქვრივი – ობლების შებრალებას, მოვალე უმხელს თავის გასაჭირს, ზოგიც ოჯახური განხეთქილების მოგვარებას სთხოვს“. მღვდელთმთავარს იმედი ერთი მთხოვნელისთვისაც არ გაუცრუებია. მიუხედავად უამრავი საქმისა და საზრუნავისა, დროს ყველაფრისთვის პოულობდა. შეგახსენებთ, რომ მან შეარიგა ანტიოქიის ეკლესია დასავლეთთან, რომელიც დიდხანს არ ცნობდა ფლაბიანეს. ადამიანური უძლურების გათვალისწინებით მან რამდენადმე შეამცირა ბასილი დიდის ლიტურგია და შეადგინა ახალი განაწესი.

ოქროპირის მაღალმა სათნოებებმა ვერ შეასუსტა მისდამი სიძულვილი მტრებისა, რომლებიც შურით შეჰყურებდნენ ხალხში მისი გავლენის ზრდას. მისი ერთ-ერთი ყველაზე გააფთრებული მოწინააღმდეგე იყო იმპერატორთან დაახლოებული ევტროპი, რომელიც თავიდან ხელს უწყობდა ოქროპირის დანიშვნას ეპისკოპოსად, მაგრამ როგორც კი დარწმუნდა, რომ იოანე არ აპირებდა მის მანკიერებათა ხელშეწყობას და არ მოუთმენდა უსამართლობას, მექრთამეობას, ანგარებისმოყვარებას და მტკიცედ დაიცავდა მისგან დაჩაგრულებს, მაშინვე შეიძულა.

იმხანად ეკლესიაში არსებობდა თავშესაფრის უფლება, რომლის თანახმად, თუ მსჯავრდებული ეკლესიას შეეკედლებოდა, ხელშეუხებელი ხდებოდა, ვიდრე მის საქმეს ხელახლა არ განიხილავდნენ. ამ უფლებას ხშირად იყენებდნენ უდანაშაულოდ დევნილები, რომელთაც იოანე მფარველობდა, ეს კი მეტისმეტად აღიზიანებდა ევტროპის. მან მოახერხა და თავშესაფრის უფლების შეზღუდვას მიაღწია, თუმცა ვერ გაითვალისწინა, განგებით რა ელოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ იმპერატორის წყალობა მოაკლდა და მაშინვე ყოველი მხრიდან გამოჩნდნენ აქამდე შიშით დადუმებული მისი ბრალმდებლები. მართლმსაჯულებამ ევტროპის სიკვდილი მიუსაჯა. განაჩენისა და საყოველთაო სიძულვილისგან თავის დასაცავად იგი ეკლესიას შეეფარა და სწორედ იქ დახვდა ის დიდსულოვანი ქომაგი, ვისაც დაუნდობლად ებრძოდა. შეიარაღებული მეომრები და უბრალო ხალხი ევტროპის გადაცემას მოითხოვდა. იოანემ მათ სიტყვით მიმართა და განრისხებულ მსმენელებში დაცემული მედროვისადმი სიბრალულის გრძნობა გააღვიძა. „დავუშვათ, გჩაგრავდათ, მაგრამ ახლა შეწყალების დროა და არა მსჯავრის გამოტანისა. როგორ შეგიძლიათ, წარმოთქვათ სიტყვები: „მოგვიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“, თუ თავად ასე ჯიუტად ითხოვთ თქვენი მევალის დასჯას?!“

ამ სიტყვებით შეძრული მსმენელები ახლა საცოდავს გამოექომაგნენ და იოანეც იმპერატორთან წავიდა მისთვის შეწყალების სათხოვნელად. იქ მას თავად დაემუქრნენ განდევნითა და სიკვდილით, თუმცა დიდსულოვანმა და მხნე მღვდელთმთავარმა ეკლესიას შეფარებული მსჯავრდებული არ გადასცა – სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, მაგრამ დაიცვა იგი. გარკვეული ხნის შემდეგ ევტროპიმ დაიჯერა, რომ შეიწყალებდნენ და ჩაბარდა ხელისუფალთ, რომელთაც მაინც დასაჯეს სიკვდილით.

იოანეს მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. ევტროპის ჩამოშორების შემდეგ დედოფალმა ევდოქსიამ მთლიანად დაიმორჩილა სუსტი არკადიუსი. ეს იყო უკიდურესად ხარბი, ვერცხლისმოყვარე დედაკაცი, რომელიც საიმპერატორო ხაზინის გასამდიდრებლად არაფერს თაკილობდა და ცრუ დასმენებით ისაკუთრებდა სხვის ქონებას. იოანეს ხშირად უხდებოდა მისგან დაჩაგრულთა დაცვა და მათთვის შუამდგომლობა, რაც მეტად აღიზიანებდა ევდოქსიას, ამიტომაც შეიძულა იოანე და ამას არც ფარავდა.

ეს გამოიყენეს იოანეს მტრებმა და დედოფლის მხარდაჭერის იმედით თამამად დაუპირისპირდნენ მღვდელმთავარს. მცირე აზიაში გაჩენილი არეულობების გამო იოანემ მოიარა ეპარქიები და გადააყენა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში შემჩნეული რამდენიმე ეპისკოპოსი. ისინიც უმალ მტრებს შეუერთდნენ და ყოველი მხრიდან წამოვიდა საჩივრების ნიაღვარი. ერთნი იოანე ოქროპირს მეტისმეტ სიმკაცრეს აბრალებდნენ, მეორენი – დამნაშავეებისადმი ზედმეტ მიმტევებლობას. ამასობაში ერთმა გარემოებამ დააჩქარა იოანეს წინააღმდეგ გადამჭრელი ბრძოლის დაწყება.

რამდენიმე ნიტრიელი მონაზონი, რომელთაც თეოფილე ალექსანდრიელი უსამართლოდ სდევნიდა, ჩავიდა კონსტანტინოპოლში, რათა ოქროპირისთვის ეთხოვა დაცვა. იოანემ მათი საქმე არ განიხილა, რადგან ისინი მისგან დამოუკიდებელ ეპარქიას ეკუთვნოდნენ, მაგრამ თეოფილეს მაინც მისწერა მეგობრული წერილი, რომელშიც ამ მონაზვნებს ექომაგებოდა. თეოფილემ წერილი შეურაცხყოფად აღიქვა, თუმცა, შესაძლოა, შეეშინდა კიდეც, რადგან ნიტრიის მონაზვნების ჩვენებები ააშკარავებდა მის მრავალ უმართებულო ქმედებას, რისთვისაც შეიძლებოდა მკაცრად მოეთხოვათ პასუხი; ამასთან იცოდა, თუ როგორ სძულდა ევდოქსიას იოანე და უფრო ხელსაყრელად და უსაფრთხოდ ჩათვალა, დედაქალაქში გამოცხადებულიყო იოანეს ბრალმდებლად, რომელსაც დიდი ხანია მტრობდა. თეოფილემ თან წაიყვანა ეგვიპტის რამდენიმე ეპისკოპოსი, რომელთა თანადგომის იმედიც ჰქონდა, და ჩავიდა კონსტანტინოპოლში. იქ პატრიარქთან არც მისულა, სამაგიეროდ მდიდრული ნადიმები მოაწყო გავლენიანი პირებისთვის და იოანეს არაკეთილმოსურნეებთანაც გააბა კავშირები. ევდოქსია ფარულად უწყობდა ხელს მღვდელთმთავრის წინააღმდეგ ნებისმიერ მოქმედებას. მისმა ბოღმამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია მას შემდეგ, რაც ამბავი მიუტანეს, თითქოს ქადაგების დროს იოანემ შეურაცხმყოფელად მიანიშნა დედოფალზე.

კონსტანტინოპოლის შემოგარენში, იმპერატორის მიერ შეთავაზებულ მამულში სახელწოდებით Villa Rufiniana, 403 წელს იოანეს მტრებმა, თეოფილეს მეთაურობით, უკანონო კრება მოიწვიეს და მის წინააღმდეგ ოცდაცხრა პუნქტისგან შემდგარი ბრალდება წარმოადგინეს. არსობრივად ეს „საბრალდებო დასკვნა“ მღვდელთმთავრის ნამდვილი გამარჯვება იყო, რადგან რამდენიც არ ეცადნენ მტრები, მის ცხოვრებაში ზადი ვერ იპოვეს, ხოლო ზერელე და უსუსური ბრალდებები თვითონ შეთითხნეს. მაგალითად, დანაშაულად უთვლიდნენ, რომ მარტო სადილობდა და სტუმრებს არ იწვევდა. ყველაზე მეტად ყურადღებას ამახვილებდნენ შეურაცხმყოფელ სიტყვებზე, რომლებიც თითქოს დედოფლის მისამართით წარმოთქვა და ა.შ. ამაოდ ცდილობდა ორმოცი ეპისკოპოსი, წინ აღდგომოდა ამ უკანონო კრებას და დაემტკიცებინა, რომ თეოფილეს უფლება არ ჰქონდა სხვა ეპარქიის საქმეებში ჩარევისა. ძალა ევდოქსიას მხარეს იყო... კრებამ დაამხო იოანე და იმპერატორმა მას განდევნა მიუსაჯა.

როდესაც ქალაქში დაირხა ხმა ამ გადაწყვეტილების შესახებ, მთელი მოსახლეობა ეკლესიას მიაწყდა იოანეს – თავიანთი საყვარელი მწყემსის – დასაცავად. ყველა ძალიან ღელავდა, მხოლოდ იოანე იყო მშვიდად. მას, ვისაც ვერავინ და ვერაფერი განაშორებდა ღვითს სიყვარულს, რისი შიში უნდა ჰქონოდა?! ეს გამოხატა კიდეც ხალხისადმი მიმართულ სიტყვაში:

“ძლიერია ტალღები და სასტიკია ქარიშხალი! მაგრამ მე ჩაძირვისა არ მეშინია, რადგან კლდეზე ვდგავარ. დაე, იბობოქროს ზღვამ – ის ვერ დაანგრევს კლდეს, დაე, აღიმართოს ტალღები – ვერც ისინი ჩაძირავენ იესოს ხომალდს. მითხარით, რისი მეშინოდეს? ნუთუ სიკვდილისა? – „ჩემდა ცხორებაჲ ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ“ (ფილიპ. 1,21). იქნება გადასახლებისა? – „უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი“ (1 კორ. 10,28). ქონების დაკარგვის ხომ არა? – „არარაჲ შემოვიღეთ სოფლად; ჩანს, რამეთუ არცა განღებად რას Pელ-გუეწიფების“ (1 ტიმ. 6,7). მე არად ვაგდებ ამა სოფლის შიშს და დავცინი მის სიკეთეებს. არ მეშინია სიღატაკისა, არც სიმდიდრეს ვეძებ. არ მეშინია სიკვდილისა, მაგრამ არც სიცოცხლე მსურს, მხოლოდ თქვენს სასიკეთოდ მინდა იგი. მე მხოლოდ იმიტომ გეუბნებით ამას, საყვარელნო, რათა დაგამშვიდოთ. ვერავინ შეძლებს ჩვენს დაშორებას... ჩვენ ადგილით ვიქნებით განყოფილნი და სიყვარულით შეერთებულნი; სიკვდილიც ვერ გაგვყრის: ჩემი სხეული, მართალია, მოკვდება, მაგრამ სული იცოცხლებს და არასდროს დაივიწყებს ამ ხალხს... ნუ გაშფოთებთ ამჟამინდელი მოვლენები. თქვენი სიყვარული მხოლოდ ერთში – ურყევ რწმენაში გამოავლინეთ. მე კი მაქვს წინდი უფლისა და საკუთარი ძალების იმედად არ ვარ. მაქვს საღვთო წერილი, ის არის ჩემი საყრდენი, სიმტკიცე, მშვიდი ნავსაყუდელი. მისი სიტყვები ჩემთვის ფარია და გალავანი. რომელი სიტყვები? – „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მათ. 28,20). ქრისტეა ჩემთან – ვისი მეშინოდეს?! დაე, აღიმართოს ზვირთები, აღელდეს ზღვა, მრისხანებდნენ ძლიერნი – ეს ყოველივე თხელი აბლაბუდაა. მხოლოდ თქვენ მაჩერებთ თქვენი სიყვარულით, მაგრამ მე ყოველთვის ვლოცულობ: იყავნ ნებაჲ შენი, უფალო! არა ისე, როგორც ჰნებავს ვინმეს, არამედ როგორც შენ! – აი, ჩემი სიმტკიცე, კლდე შეუძრველი, ლერწამი შეურყეველი! იყოს ისე, როგორც ღმერთს სურს, თუ ჩემი აქ დარჩენა ნებავს, ვმადლობ მას; თუ აქედან წამიყვანს – მაინც ვმადლობ!“

როდესაც ხალხი დაამშვიდა, იოანე თვითონ ჩაბარდა მოხელეს, რომელსაც დავალებული ჰქონდა მისი წაყვანა ბითვინიაში. როგორც კი იოანემ კონსტანტინოპოლი დატოვა, დიდმა მღელვარებამ იფეთქა. ადამიანები ხმამაღლა დრტვინავდნენ და მრისხანებდნენ კრების უკანონო გადაწყვეტილებათა გამო, შეურაცხყოფდნენ მასში მონაწილე ეპისკოპოსებს; ხალხმა სასახლეს ალყა შემოარტყა და მღვდელთმთავრის დაბრუნება მოითხოვა.

ღამით საშინლად იძრა მიწა, ბიძგები განსაკუთრებით საიმპერატორო სასახლეში იგრძნობოდა. შეშინებულმა დედოფალმა არკადიუსი დაიყოლია და თავადვე მისწერა წერილი მღვდელთმთავარს, რომელშიც დაბრუნება სთხოვა, თან არწმუნებდა, რომ მის დასჯაში ბრალი არ მიუძღვოდა.

ხალხი საყვარელი მწყემსთმთავრის შესახვედრად გაეშურა... კონსტანტინოპოლის ყურე ნავებით გაივსო. ერთი სული ჰქონდათ, დაბრუნებულ იოანეს მისალმებოდნენ. მთელი ქალაქი საზეიმოდ იყო განათებული. იოანეს სურდა, შემოგარენში გაჩერებულიყო და კრების განჩინების გაუქმებამდე არ შესულიყო ქალაქში, მაგრამ ხალხმა თითქმის ძალით შეიყვანა კონსტანტინოპოლში, თან დაჟინებით სთხოვდა კურთხევასა და ქადაგებას. იოანემ საკათედრო ტაძარში დალოცა ერი და წარმოთქვა ღვთისადმი სამადლობელი სიტყვა.

ეპისკოპოსთა კრებამ იოანეს დამხობა ძალადაკარგულად და უკანონოდ გამოაცხადა და ისიც კვლავ შეუდგა სამწყსოს მართვას... იოანეს სურდა, ახალ კრებას, რომელმაც იგი გაამართლა, დასწრებოდნენ ისინიც, ვინც განაჩენი გამოუტანა, მაგრამ თეოფილე და ზოგიერთი სხვა პირი ჩუმად გაიქცნენ.

მშვიდობა დიდხანს არ გაგრძელებულა; იოანეს მტრები შემთხვევას ელოდნენ, რათა ისევ დაედოთ მისთვის ბრალი. მღვდელთმთავრის დაბრუნებიდან ცოტა ხნის შემდეგ, იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულის დღეს, წმინდა სოფიას ტაძრის წინ აღმართეს დედოფლის ვერცხლის ქანდაკება. მოედანზე გაისმოდა სიმღერები, გაჩაღდა ცეკვა, მოეწყო ხმაურიანი გასართობები, რაც ღვთისმსახურების მსვლელობას უშლიდა ხელს. იოანემ თავის ქადაგებაში მკაცრად დაგმო ასეთი სანახაობები. დედოფალს ამბავი მიუტანეს და დაარწმუნეს, თითქოს იოანემ ამ სიტყვაში იგი აუგად მოიხსენია. ევდოქსია განარისხა იმან, რომ იოანემ ხალხისადმი მიმართული ერთ-ერთი სიტყვა თურმე ასე დაიწყო: „ისევ ბორგავს ჰეროდიადა! ისევ როკავს ჰეროდიადა! ისევ იოანეს თავს მოითხოვს!“ გაავებულმა დედოფალმა კონსტანტინოპოლში კვლავ უხმო ოქროპირის მტრებს. გადაწყდა, დაემხოთ და გადაესახლებინათ მღვდელთმთავარი.

თეოფილემ თავად ვერ გაბედა კონსტანტინოპოლში ჩასვლა, რადგან ხალხის რისხვას ერიდებოდა და მომხრეთა საშუალებით მოქმედებდა. ცხრა თვე გაგრძელდა უკანონო სამსჯავრო. ბევრს ეცადნენ იოანეს მტრები, მაგრამ მაინც ვერ მოძებნეს კანონიერი საფუძველი ეპისკოპოსის დასამხობად, რომელიც ამ დროის განმავლობაში აუმღვრეველი სიმშვიდითა და შეუვალობით განაგრძობდა სამწყსოს საქმეებზე ზრუნვას. ბოლოს უნებისყოფო არკადიუსი დაიყოლიეს და ხელი მოაწერინეს მისი განდევნის ბრძანებაზე.

404 წელს, დიდ შაბათს, შეიარაღებული მეომრები წმინდა სოფიას ტაძარში შევიდნენ მწყემსთმთავრის წასაყვანად, რომელიც იმ დროს ნათლისღებას აღასრულებდა. ხალხმა მისი დაცვა მოინდომა და რამდენიმე კაცი იქვე მოკლეს. იოანე თავის სახლში წაიყვანეს, ხალხი კი სანათლავს მიაწყდა, სადაც პრესვიტერებმა დაასრულეს ნათლისღების საიდუმლო. მეომრები იქაც შეცვივდნენ, დაიტაცეს წმინდა ჭურჭელი, დაჭრეს რამდენიმე პრესვიტერი. დაიწყო აურზაური; მოსანათლავად გამზადებული დედები და ქალწულები შეძრწუნებულნი გაიქცნენ; შეიპყრეს ეკლესიის რამდენიმე მსახური, რომლებსაც იოანეს ახლობლებად თვლიდნენ, აწამეს და საპყრობილეში დაამწყვდიეს. აღდგომის დღეს მართლმადიდებლები ქალაქგარეთ, ველზე შეიკრიბნენ სალოცავად, რადგან ტაძრებში მეომრები აიძულებდნენ, დაეგმოთ იოანე. გულგატეხილობამ მოიცვა მთელი კონსტანტინოპოლი.

სცადეს იოანეს მოკვლაც, მაგრამ ხალხი დღედაღამ იცავდა მის სამყოფელს. ორი თვის შემდეგ კი გამოიცა მისი გადასახლების ბრძანება. იოანე ოქროპირი კიდევ ერთხელ წავიდა ტაძარში, გამოეთხოვა მეგობრებს და სთხოვა დიაკონისებს, გაეგრძელებინათ თავიანთი მსახურება. ხალხმა ეკლესიის შესასვლელთან მოიყარა თავი, რათა კიდევ ენახათ მღვდელთმთავარი, მაგრამ იგი უკანა კარით გავიდა მღელვარების თავიდან ასაცილებლად და ნიკეაში გაემგზავრა.

იმავე დღეს წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში ხანძარი გაჩნდა, რაც შემდეგ სენატის შენობას გადაედო და გადაწვა. ბრალი დასდეს იოანეს მომხრეებს – დაიწყო წამება და დასჯა, საპყრობილეები ტუსაღებით გაივსო. დაკითხეს და გადაასახლეს ღვთისმსახური დედებიც. ძიებამ დამნაშავეები ვერ გამოავლინა, მაგრამ, ევდოქსიას მოთხოვნით, იოანე წაიყვანეს კიდევ უფრო შორს, კუკუზაში, ქვემო სომხეთში. მალე იმპერიას ერთიმეორის მიყოლებით დაატყდა თავს სხვადასხვა განსაცდელი, რაც თვით წარმართებმაც კი სასჯელად აღიქვეს მართალი ადამიანის განდევნის გამო.

შორეულ დევნულებაში მიმავალ იოანეს მძიმე, სამოცდაათდღიანი მოგზაურობის განმავლობაში ყველგან სიყვარულით ეგებებოდნენ. გზაზე ჯგუფებად ხვდებოდნენ მისგან კურთხევის მომლოდინე ერისკაცები, მეუდაბნოენი, სასულიერო დასი, დედები... გაისმოდა ცრემლნარევი შეძახილები: „უმჯობესია, მზე მიეფაროს თვალთაგან ჩვენთა, ვიდრე დადუმდეს ბაგენი იოანესნი“.

კუკუზაში იოანე უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. ეს იყო ველური, უნაყოფო ადგილი სომხეთის მთებში, სადაც გამუდმებით დათარეშობდნენ ისავრიელი ავაზაკები. მკაცრმა კლიმატმა და დამქანცველმა მოგზაურობამ სრულად შეარყია ეპისკოპოსის ჯანმრთელობა – მთელი ზამთარი საწოლს მიაჯაჭვა ავადმყოფობამ, მაგრამ ტანჯვამ და განსაცდელმა მისი სულიერი სიმტკიცე ვერ გატეხა. იგი დევნულებიდან ამხნევებდა და წარმართავდა თანამოაზრეთა საქმიანობას, ჰქონდა ურთიერთობა სახარების მქადაგებლებთან, წერდა ქრისტიანული სიყვარულით აღსავსე წერილებს. იოანემ დაივიწყა მიყენებული წყენანი, თავის მტრებსაც დაუკავშირდა, რათა დაერწმუნებინა ისინი, ყველასთვის სასიკეთოდ ემოქმედათ. გადაკარგულ კუკუზაში შორიდან მოდიოდნენ მისგან კურთხევის მისაღებად. ისიც ყველას სიყვარულით იღებდა, ეხმარებოდა რჩევით, შეგონებითა და მხურვალე თანაგრძნობით. არაერთხელ გამოისყიდა ისავრიელების მიერ ტყვედ აყვანილები – მთელი არემარე ლოცავდა მას. მღვდელთმთავრის სული არასდროს ყოფილა ესოდენ ამაღლებული, ღვთის მადლით გაცისკროვნებული და აუმღვრეველი მიწიერ განსაცდელთა მიმართ.

ამასობაში კონსტანტინოპოლში იოანეს მტრები აგრძელებდნენ მისი მომხრეების დევნას, კათედრები ჩამოართვეს ეპისკოპოსებს, რომლებმაც არ სცნეს ოქროპირის მემკვიდრე.

ბევრი შევიწროებული ეპისკოპოსი რომში გაემგზავრა, სადაც პაპი ინოკენტი ერთგულად იცავდა იოანეს, მასვე ექომაგებოდა წერილობით დასავლეთის იმპერატორი ჰონორიუსი (393-423 წწ.). მეუდაბნოე მამებმა: ისიდორე პელუსიელმა და ნილოს სინელმა თამამად აღიმაღლეს ხმა დევნული ოქროპირის დასაცავად და ღვთის რისხვის გამოვლინებას მიაწერეს უბედურებები, რაც ასე ხშირად ატყდებოდა თავს დედაქალაქს, მაგრამ ამაოდ!..

იოანეს ქომაგად დასავლეთიდან გამოგზავნილი ეპისკოპოსები საპყრობილეში ჩაყარეს. მისმა მტრებმა, რომლებიც სულ უფრო დიდ ზეგავლენას ახდენდნენ არკადიუსზე, დაარწმუნეს იმპერატორი, კიდევ უფრო შორს გადაესახლებინა მღვდელთმთავარი. მან ბრძანა – იოანე კოლხიდის პიტიუნტში (ახლანდელი ბიჭვინთა) წაეყვანათ. ყურადღება არავინ მიაქცია მღვდელთმთავრის ავადმყოფობას, ისე ატარეს პაპანაქებასა თუ თავსხმა წვიმაში, რომ თითქმის არ მისცეს დასვენების საშუალება.

სამი თვის შემდეგ მიაღწიეს ქალაქ კომანს. უკიდურესად დაუძლურებულ იოანეს ღამით გამოეცხადა კომანში დასაფლავებული წმინდა მოწამე ვასილისკო და უთხრა: „ნუ დარდობ, ძმაო იოანე! ხვალ ერთად ვიქნებით!“ მეორე დღეს იოანე ამაოდ ევედრებოდა მცველებს, აღარ გაეგრძელებინათ გზა. მათ მაინც წაიყვანეს იგი, მაგრამ იძულებულნი გახდნენ, დაბრუნებულიყვნენ, რადგან მღვდელთმთავარმა სიარული ვეღარ შეძლო. იოანემ იგრძნო რა სიკვდილის მოახლოება, ეზიარა წმინდა საიდუმლოს და დაასრულა ღვთისათვის შეწირული სიცოცხლე. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „დიდება ღმერთს ყველაფრისთვის“. ეს მოხდა 407 წლის 14 სექტემბერს. უდიდესი მღვდელთმთავრის დაკრძალვაზე თავი მოიყარა ქალაქსა და მის შემოგარენში მცხოვრებმა ყველა ქრისტიანმა.

უსამართლობასა და ძალადობას მძიმე შედეგები მოჰყვა. კონსტანტინოპოლში დიდხანს არსებობდა ე.წ. „იოანიტების“ დაჯგუფება, რომლებიც არ აღიარებდნენ იოანეს მემკვიდრეს, იწვევდნენ ახალ თავყრილობებს, აღელვებდნენ ეკლესიას და არეულობებს აწყობდნენ. მათ მიემხრნენ სხვა უკმაყოფილნიც და ყველას ერთად დასავლეთი უჭერდა მხარს. ოქროპირის მეორე მემკვიდრემ, არქიეპისკოპოსმა ატიკოსმა შერიგება მოინდომა და დიპტიქონში მისი სახელი ჩაწერა, რაც იოანეს უდანაშაულობის აღიარებას უდრიდა. ხოლო მღვდელთმთავრის სიკვდილიდან ოცდაათი წლის შემდეგ პატრიარქმა პროკლემ დაარწმუნა იმპერატორი თეოდოსი უმცროსი (402-450 წწ.), კონსტანტინოპოლში გადაესვენებინა წმინდა მოწამის ნეშტი, რაც უდიდესი ზეიმით შესრულდა. თავად იმპერატორი ქალკედონში წავიდა და იქ შეეგება წმინდანის ნაწილებს, მიწაზე დაეცა და შეევედრა, მიეტევებინა მისი მშობლებისათვის – არკადიუსისა და ევდოქსიასთვის. კონსტანტინოპოლის მთელი ყურე ისევ აივსო ნავებით და ხალხი კრძალვით ეგებებოდა უდიდესი მწყემსთმთავრის ნეშტს.

ალბათ, არც ერთი მქადაგებელი არ ახდენდა ისეთ ძლიერ გავლენას თავის მსმენელებზე, როგორც იოანე ოქროპირი. სიყვარულითა და სითბოთი სავსე მისი სულიდან ამოხეთქილი თითოეული სიტყვა აუწერელ შთაბეჭდილებას ტოვებდა. მისი საუბრებიდან, რომელთა რიცხვი რვაასს აჭარბებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია: შესაქმის წიგნის, ფსალმუნების, წინასწარმეტყველებების, მათესა და იოანეს სახარებების და პავლეს თითქმის ყველა ეპისტოლეს განმარტებანი. გარდა ამისა, მრავალი ქადაგება ეძღვნება რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევას, ისეთებს, როგორებიც იყო: ანტიოქიაში ქანდაკების დამხობა, მოწამეთა ხსენების დღესასწაულები, ცრუსწავლებები და სხვ.

იოანე ოქროპირს უნდა ვუმადლოდეთ ლიტურგიას, რომელიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში აღესრულება. მან გაითვალისწინა კაცთა ხორციელი უძლურებანი და რამდენადმე შეამცირა ბასილი დიდის ლიტურგია. რამდენიმე ლოცვისა გარდა, რომლებიც მოგვიანებით დაემატა, იოანე ოქროპირის ლიტურგია დღესაც პირვანდელი სახით აღესრულება. ჩვენ მოგვიანებით მივუთითებთ შემდგომ შეტანილ დამატებებზე.

მართლმადიდებელი ეკლესია უდიდეს პატივს მიაგებს მსოფლიო მასწავლებელს და მის ხსენებას აღნიშნავს 13 ნოემბერს, მისი ნაწილების გადმოსვენებას – 27 იანვარს, ხოლო 30 იანვარს იგი მოიხსენიება უდიდეს მღვდელთმთავრებთან – ბასილი კესარიელთან და გრიგოლ ღვთისმეტყველთან ერთად.

 

[1] სხვა გადმოცემით ეს ხილვა იმავე მონასტერში მცხოვრებმა ბერმა – ევსუქიმ იხილა და სხვა მამებს აუწყა, ხოლო იოანეს დაუმალა, რომ თავმდაბლობით მონასტრიდან არ წასულიყო.

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა