martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 41

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. მეორე მსოფლიო კრება.

 

ვალენტის სიკვდილის შემდეგ გადასახლებიდან მყისვე დააბრუნეს განდევნილი ეპისკოპოსები, რომელთაც თავიანთ ეპარქიებში არეულობა, უთანხმოება, არიანელებად და მართლმადიდებლებად გახლეჩილი ერი დახვდათ. ანტიოქიაში ერთნი ისევ მელეტის ცნობდნენ, მეორენი – პავლინეს, რომელსაც აგრეთვე დასავლეთი და რომის ეპისკოპოსი უჭერდნენ მხარს. ორივე ღირსეული მღვდელთმთავარი იყო და მელეტიმ შესთავაზა პავლინეს, სიყვარულითა და მშვიდობით ერთად ემართათ ეკლესია.

არსად ისე ძლიერ არ გავრცელდა და ჩაიკირა ბოროტება, როგორც კონსტანტინოპოლში, სადაც თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში არიანელი ეპისკოპოსები სამოქალაქო ხელისუფლებასთან ერთად მფარველობდნენ ცრუსწავლებას. მთელი მოსახლეობა საღვთისმეტყველო საკითხების განსჯისა და პაექრობის ვნებამ მოიცვა. ქუჩებში გაუთავებლად გაისმოდა კამათი. ქრისტეს ღმერთობაზე დავობდნენ ხელოსნები, დახლის მოვაჭრენი... ამტკიცებდნენ ან უარყოფდნენ სულიწმიდის ღმერთობას. საღვთისმეტყველო დავა პირადი შეურიგებელი ქიშპობის მიზეზიც ხდებოდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ დავიწყებული ჰქონდათ ქრისტიანული სიბრძნის არსი: რწმენა, სიყვარული, თავმდაბლობა და მოწყალება.

ცრუსწავლების გავრცელებას ხელს არავინ უშლიდა, ხოლო ნიკეის მრწამსს მუდამ დევნიდნენ. მართლმადიდებლებს კონსტანტინოპოლში ერთი ტაძარიც კი არ ჰქონდათ. ისინი ღვთისმსახურებისთვის ფარულად იკრიბებოდნენ ტყეებში, მთებში, სადაც მტერი მაინც აგნებდა და თავს ესხმოდა. სამაგიეროდ ძნელბედობისა და დევნის დროს ძლიერდებოდა მათი ურთიერთსიყვარული და სარწმუნოებისადმი მხურვალე თავდადება.

როგორც კი ვალენტის სიკვდილის შემდეგ დევნა შეწყდა, მართლმადიდებლებმა საჩქაროდ წერილი აახლეს გრიგოლ ნაზიანზელს – სთხოვეს, ჩასულიყო კონსტანტინოპოლში და თავისი მფარველობის ქვეშ აეყვანა მცირერიცხოვანი მართლმადიდებელი ეკლესია. განმარტოების მოყვარულ გრიგოლს არ უნდოდა თავისი მონასტრის დატოვება, მაგრამ უფალმა უჩვენა, სად იყო იგი უფრო საჭირო და რა გზით უნდა ევლო. ამიტომ მან ჩათვალა, რომ უარის თქმის უფლება არ ჰქონდა და დედაქალაქში ჩავიდა; გაჩერდა თავის ნათესავებთან და მათ სახლში მალე მოეწყო კიდეც ეკლესია, სადაც თავადვე აღასრულებდა ღვთისმსახურებასა და ქადაგებდა. გრიგოლმა ამ ეკლესიას უწოდა „ანასტასია“ ანუ აღდგომა, იმ იმედით, რომ იქ ჩაეყრებოდა საძირკველი მართლმადიდებლობის აღორძინებას.

ერეტიკოსები, ცხადია, იმთავითვე მტრულად ეკიდებოდნენ გრიგოლს, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცოდნენ მისი შესაძლებლობები. გრიგოლის ღარიბული, მოკრძალებული შესამოსელი, ჩვევათა უბრალოება და ურთიერთობათა უშუალობა მათ სიცილს ჰგვრიდა და არა შიშს; ისინი ყოველნაირად ცდილობდნენ მის შეურაცხყოფას: შეხვედრისას ლანძღვა-გინებას არ აკლებდნენ, ზოგჯერ ქვებსაც უშენდნენ, რასაც გრიგოლი მშვიდად, ღვთისადმი მტკიცე სასოებით ითმენდა.

თავდაპირველად მის ღარიბულ ეკლესიაში რამდენიმე მსმენელი თუ დადიოდა, მაგრამ ყოველი ქადაგების შემდეგ მათი რიცხვი იზრდებოდა და მალე პატარა შენობამ ხალხი ვეღარ დაიტია. კონსტანტინოპოლში ჯერ არასდროს გაეგონათ ასეთი მძლავრი, დამაჯერებელი სიტყვა. ახალი მქადაგებლის მოსასმენად ცნობისმოყვარების გამო მოსულ წარმართებსაც, ერეტიკოსებსაც, გულგრილ ერისკაცებსაც კი ატყვევებდა მისი ენამზეობა.

როდესაც „ანასტასიას“ კათედრიდან გაისმოდა გრიგოლის ამაღლებული საუბრები ღვთისმეტყველებაზე, იარაღს საბოლოოდ ყრიდნენ მისი ყველაზე გააფთრებული მოწინააღმდეგენი; სიტყვასაც ხშირად აწყვეტინებდნენ მქუხარე ტაშითა და შეძახილებით. მან სამუდამოდ დაიმკვიდრა სახელი ღვთისმეტყველი. ბოლოს ამ წარმატებებმა მისი მტრები ისე განარისხა, რომ დიდი მქადაგებლის სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდა. ერეტიკოსებმა მის წინააღმდეგ ერის ამხედრება სცადეს: ერთხელ, აღდგომის ღამეს, როდესაც გრიგოლი ახალმოქცეულებს ნათლავდა, ისინი იარაღითა და ჯოხებით შეცვივდნენ ეკლესიაში, შეურაცხყვეს სიწმინდეები, ბევრი მლოცველი დაჭრეს, მათ შორის გრიგოლიც.

მეორე დღეს ის სამსჯავროზე წაიყვანეს, მაგრამ სასურველს ვერ მიაღწიეს – გრიგოლი გამართლებული დაბრუნდა. მისი გავლენა და მსმენელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდებოდა. გრიგოლი ცდილობდა, მორწმუნეები ჭეშმარიტად ქრისტიანული მოღვაწეობისთვის განეწყო, შთააგონებდა ურთიერთსიყვარულს და უშლიდა ქრისტიანული რჯულისთვის ესოდენ მიუღებელ დავასა და შუღლს.

ამასობაში მტრებმა სხვა განსაცდელი მოუმზადეს გრიგოლს: მისი მიმნდობი და უშუალო ხასიათი ბოროტად გამოიყენა მაქსიმე ცინიკოსმა, რომელმაც მოახერხა, თავი ერთგულ თანამოაზრედ ეჩვენებინა, ფარულად კი გრიგოლის კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსობიდან გადაყენებას და მისი ადგილის დაკავებას ცდილობდა. მაქსიმეს ვერაგობით დიდად განაწყენებულმა გრიგოლმა კათედრის მიტოვება გადაწყვიტა, რათა ახალი უთანხმოების მიზეზი არ გამხდარიყო, მაგრამ მართლმადიდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი გრიგოლის ეპისკოპოსობას და მაქსიმე განდევნეს.

ამ დროს იმპერატორი თეოდოსიც ეწვია კონსტანტინოპოლს. ბავშვობიდან ქრისტიანული რჯულით აღზრდილმა თეოდოსიმ, რომელიც ცოტა ხნის წინ მონათლა თესალონიკის მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა, გამოსცა ბრძანება, რომელშიც ნიკეის სიმბოლო სარწმუნოების ერთადერთ ჭეშმარიტ აღსარებად ცხადდებოდა, ხოლო მისი ყველა უარმყოფელი ერეტიკოსად იწოდებოდა. მანვე ქრისტიანებს დაუბრუნა არიანელთაგან წართმეული ტაძრები. კონსტანტინოპოლი დატოვა არიანელმა ეპისკოპოსმა დამოფილემ, ხოლო გრიგოლი თავად იმპერატორმა საზეიმოდ შეიყვანა საკათედრო ტაძარში, რასაც თან სდევდა მართლმადიდებელთა შეძახილები: „გრიგოლი ეპისკოპოსია!“

ეს ზარ-ზეიმი არ სიამოვნებდა და ამძიმებდა თავმდაბალ გრიგოლს: ჩემთვის უფრო სასიხარულო იქნებოდა მეტოქენი დამემარცხებინა ჭეშმარიტების მშვიდი ძალმოსილებით, ვიდრე შეიარაღებული მეომრებისა და იმპერიის ხელისუფლების მფარველობის ქვეშ მეგრძნო თავი; ასეთი დაცვა არ ესაჭიროება ჭეშმარიტებას – ბრძანებდა იგი.

ტაძრისკენ მიმავალი გრიგოლი თავჩაქინდრული მიდიოდა და უხალისოდ შეჰყურებდა აღელვებულ არიანელთა ბრბოებს, უკმაყოფილებით კრიჭაშეკრულებს, რომლებზეც იძულებამ იმძლავრა. თითქოს ზეცაც არ უწყობდა ხელს ზეიმს – პირქუში, ღრუბლიანი ამინდი იდგა. მაგრამ როგორც კი გრიგოლმა საკურთხეველში ფეხი შედგა, ღრუბლებიდან მზის კაშკაშა სხივები გადმოიფრქვა. ხალხმა ეს ბედნიერების ნიშნად მიიღო და ხმამაღალი, მხიარული შეძახილებით მიესალმა ახალ ეპისკოპოსს!..

გრიგოლი, რომელსაც მტკიცედ სწამდა ჭეშმარიტების ძალა, იმპერატორს უშლიდა ერეტიკოსთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების გამოყენებას. მაგრამ ამით არიანელები უფრო გაბოროტდნენ და თავსაც დაესხნენ. ეს ასე მოხდა: გრიგოლი შეუძლოდ იყო და ამბის გასაგებად მის სახლში უამრავი ნაცნობი თუ უცნობი მნახველი მიდიოდა. ერთხელ გრიგოლის ოთახში მის მოსაკლავად არიანელთაგან მოსყიდული ჭაბუკიც შევიდა. მან უნებურად ყური დაუგდო ეპისკოპოსის საუბარს და ცოტა ხანში ქვითინითა და პატიების თხოვნით ფეხებში ჩაუვარდა. გრიგოლის მეგობრებმა იგი გვერდით გაიყვანეს და მონანულისგან ყველაფერი შეიტყვეს. გრიგოლმა ჭაბუკი იხმო და უთხრა: „დაე, უფალმა შეგიწყალოს და შეგინდოს, ოღონდ მიიქეცი მისკენ და მართლად ემსახურე“.

დედაქალაქის მღვდელთმთავრის ხარისხშიც გრიგოლი უწინდებურ უბრალოებას ინარჩუნებდა და მოღვაწის მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა. ბევრი ამისთვის მას კიცხავდა კიდეც, რადგან ახსოვდათ მისი წინამორბედი ეპისკოპოსების ფუფუნება. ჭეშმარიტი ქრისტიანები კი აფასებდნენ მის ამ ღირსებას და სულ უფრო მეტად უყვარდებოდათ მწყემსთმთავარი.

მაგრამ ეკლესიას ისევ აღელვებდა ცრუსწავლებები. განსაკუთრებით გავრცელდა მაკედონიუსის მოძღვრება, რომელიც სულიწმიდის ღმერთობას უარყოფდა. მის მიმდევრებს პნევმატომაქებს (სულისმბრძოლებს) უწოდებდნენ. თეოდოსიმ 381 წელს კონსტანტინეპოლში მოიწვია II მსოფლიო კრება, სადაც თავი მოიყარა აღმოსავლეთის ასორმოცდაათამდე ეპისკოპოსმა; კრება გაიხსნა მელეტი ანტიოქიელის თავმჯდომარეობით, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა, ამიტომ მისი ადგილი გრიგოლმა დაიკავა. მან დაბეჯითებით მოითხოვა, რომ მელეტის მემკვიდრე ანტიოქიაში ყოფილიყო პავლინე, რომელიც უკვე სცნო იქაური ეკლესიის ნაწილმა, მაგრამ კრებამ აირჩია ფლაბიანე, რაც ხანგრძლივი შფოთის მიზეზი გახდა: დასავლეთის ეკლესიები ეპისკოპოსად პავლინეს აღიარებდნენ და მარტო მასთან ჰქონდათ ურთიერთობა, აღმოსავლეთისანი – ფლაბიანეს ემხრობოდნენ.

კრების მამებმა გადახედეს ნიკეის სიმბოლოს და დაადგინეს, მასში რამდენიმე გამოთქმა შეეცვალათ უფრო მეტი სიცხადისა და გარკვეულობისთვის. აგრეთვე, დაამატეს რამდენიმე წევრი, რომლებშიც აღიარებულია მამისაგან გამომავალი სულიწმიდის ღმერთობა; ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია; მკვდრეთით აღდგომის მოლოდინი. მოგვიანებით III მსოფლიო კრების კანონით დადგინდა: აღარასოდეს შეცვლილიყო სიმბოლოში ერთი სიტყვაც კი! მართლმადიდებელი ეკლესია დღევანდლამდე წმინდად იცავს ამ კანონს და კითხულობს სიმბოლოს იმ სახით, როგორითაც დადგინდა 381 წელს, II მსოფლიო კრებაზე, კონსტანტინოპოლში.

ამ კრების მიერ დადგენილი შვიდი კანონით გადაწყდა დავა ერეტიკოსთა ხელმეორედ ნათლობის შესახებ და დიდი სიზუსტით განისაზღვრა ეპისკოპოსებისა და მთავარი მიტროპოლიების უფლებები. კონსტანტინოპოლის ეპარქია გაუთანაბრდა რომის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და ალექსანდრიის დიდ მიტროპოლიებს და რომის მომდევნო ადგილი დაიკავა, როგორც მეორე დედაქალაქმა და „მეორე რომმა“. აღნიშნული ქალაქების (გარდა რომისა) ეპისკოპოსებისთვის შემოიღეს წოდება პატრიარქი, რომის ეპისკოპოსს კი შერჩა სახელი პაპი, რომელიც ძალაუფლების რაიმე უპირატესობას არ გულისხმობს.

კონსტანტინოპოლის კრება აღიარეს მსოფლიო კრებად მასზე მიღებულ განჩინებათა მნიშვნელობის გამო. აგრეთვე იმიტომაც, რომ მთელმა დასავლეთმა ერთსულოვნად სცნო იგი.

ჯერ კიდევ სხდომების დროს ზოგიერთი ეპისკოპოსი შეედავა გრიგოლს, რომ მან უკანონოდ დაიკავა კონსტანტინოპოლის კათედრა. თავად გრიგოლს მუდამ ენატრებოდა მშვიდი, განმარტოებული ცხოვრება. აგებულებით სუსტი მუდამ ავადმყოფობდა, სამოცი წლისაც არ იყო, მაგრამ უკვე მოხრილს, ჭაღარა თავი დაბლა დაეხარა, სახეზე ჯაფისა და გაჭირვების კვალი დასჩენოდა. დედაქალაქში მხოლოდ მოვალეობა აჩერებდა. როდესაც კრების დრტვინვისა და უთანხმოების მიზეზი გახდა, ეპისკოპოსებს ასე მიმართა:

“მწყემსნო ქრისტეს ეკლესიისანო! გრცხვენოდეთ მტრობისა და დავისა, როდესაც სხვებს უნდა ასწავლიდეთ მშვიდობასა და სიყვარულს. გთხოვთ, მშვიდობით მოაგვაროთ ეკლესიის საქმენი. თუ მღელვარების მიზეზი მე ვარ, მაშინ ზღვაში გადამაგდეთ, როგორც იონა წინასწარმეტყველი. იქნებ ჩადგეს ქარიშხალი, რომელიც მე არ გამომიწვევია. ჩამომართვით ტახტი, გამაძევეთ – თანახმა ვარ. საკმაოდ დამთრგუნა სენმა იმისთვის, რომ მშვიდ, წყნარ ცხოვრებას ვნატრობდე“.

შემდეგ თეოდოსის სთხოვა გათავისუფლება ეპისკოპოსის მოვალეობისგან და კრების დასრულებისთანავე გამოეთხოვა მასთან განშორებით ღრმად დამწუხრებულ სამწყსოს. მის ადგილზე აირჩიეს ნექტარიოსი, ღვთისმოშიში ადამიანი, მაგრამ ჯერაც მოუნათლავი. ის მონათლეს საკათედრო ტაძარში და თეთრ სამოსში გამოწყობილი ეპისკოპოსად გამოაცხადეს. არც მის არჩევას ჩაუვლია არეულობის გარეშე. რომის ეკლესია უღირს მაქსიმეს მფარველობდა და ნექტარიოსის არჩევის კანონიერებას არ ცნობდა. ამ და სხვა უთანხმოებათა გამო გარკვეულ ხანს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის განხეთქილებამ იჩინა თავი.

სამ წლამდეც ვერ გაგრძელდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მღვდელთმთავრობა, მაგრამ ამ მოკლე ხანში დამაჯერებელი სიტყვითა და მაგალითით დიდი ამაგი დასდო სამწყსოს, რომელსაც ასე დიდხანს აღელვებდა ერესები. მისი მოღვაწეობა თექვსმეტი წლის შემდეგ განაგრძო ქრისტიანული ეკლესიის უდიდესმა მქადაგებელმა იოანე ოქროპირმა.

კონსტანტინოპოლის დატოვების შემდეგ გრიგოლმა უპირველსად ნაზიანზი მოინახულა ეკლესიის საქმეების მოსაგვარებლად. კესარიაში გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოეთხოვა თავის მეგობარ ბასილის და ბოლოს სოფელ არიანზას, თავისი დაბადების აკვანს, მიაშურა. მამის მთელი მამულიდან მან დაიტოვა მხოლოდ მომცრო სახლი, რომელსაც გარს ეკრა ხშირი, დაჩრდილული ბაღი მორაკრაკე ნაკადულით – ამ მყუდრო თავშესაფარში გაატარა მან სიცოცხლის რვა წელი. მას ხშირად იწვევდნენ კრებებზე, მაგრამ სუსტი და სნეული გრიგოლი მხოლოდ წერილობით ახერხებდა ეკლესიის საქმეებში მონაწილეობას. მისდევდა უმკაცრეს, სამოღვაწეო ცხოვრებას. სიბერის სიმარტოვეს იადვილებდა ლოცვითა და სიჭაბუკიდანვე შეთვისებული საქმეებით. მას იტაცებდა საკუთარი წარსულის კეთილხმოვან ლექსებად გადმოცემა: აღწერა ბედნიერი ბავშვობა მშობლიურ სახლში და გულითადი მეგობრობა ბასილისთან, უდაბნოს შრომა, წუთისოფლის ქარცეცხლში გამოვლილი სულის დარდი და უძლურებანი. ის წერდა: „სნეულებისგან გამოფიტული ლექსებში ვპოვებდი ნუგეშს, როგორც ბებერი გედი უსმენს ხოლმე თავისი ფრთების ხმაურს“.

მის ყველა თხზულებაში იკვეთება ნაზი, მგრძნობიარე გული, ზეგარდმო მადლით გაცისკროვნებული სული. გრიგოლი აღწერდა ხილული ბუნების მშვენიერებას, სულის მოძრაობას, საუბრობდა ადამიანის დანიშნულებაზე, მგზნებარედ ისწრაფოდა მადლის მომნიჭებლისკენ; იგი ფლობდა სიტყვის ხელოვნებას და ამ სიმდიდრეს უფალს უძღვნიდა, ეს ნიჭი კი მისთვის მთელ ამსოფლიურ საუნჯესა და დიდებაზე ძვირფასი იყო.

დიდმა მღვდელთმთავარმა სული მიაბარა უფალს 390 წელს, მანამდე თავისი მწირი ქონება ღარიბებს უანდერძა.

მას დარჩა მრავალი, ფრიად მნიშვნელოვანი თხზულება, წერილები, ლექსები, ქადაგებები, ცრუსწავლებათა მხილებანი, წმინდა წერილის განმარტებანი...

 

    

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა