martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 39

ეკლესიის ძნელბედობა იულიანე განდგომილის დროს.

 

იმპერატორ კონსტანციუსის სიკვდილის შემდეგ დროებით დასრულდა არიანელთა ზეობა, მაგრამ ეკლესიას ახალი განსაცდელი ეწვია – მოულოდნელად დაიწყო წარმართთაგან ქრისტიანების დევნა. ის დიდხანს არ გაგრძელებულა და მხოლოდ დაამტკიცა, თუ რაოდენ მყარად დამკვიდრდა ქრისტიანული სარწმუნოება და რა ფუჭი და უგუნური იყო ყველა მცდელობა სასიკვდილოდ განწირული წარმართობის შემობრუნებისა სიცოცხლისაკენ.

კონსტანტინე დიდის სიკვდილის შემდეგ, როდესაც (სავარაუდოდ კონსტანციუსის განკარგულებით) საიმპერატორო ოჯახის ყველა ნათესავი ამოხოცეს, ცოცხალი გადარჩა მხოლოდ მისი ორი მცირეწლოვანი ძმისშვილი: გალუსი და იულიანე. ისინი მარკოზმა, არეთუსას (ქალაქი მაკედონიაში) ეპისკოპოსმა, გადაარჩინა და ეკლესიაში დამალა.

კონსტანციუსის ბრძანებით ყმაწვილები იზრდებოდნენ ქრისტიანი დამრიგებლის მეთვალყურეობის ქვეშ, კაპადოკიის ერთ-ერთ ციხე-სიმაგრეში, სადაც პატივით ეპყრობოდნენ, მაგრამ თითქმის ტყვეობაში ჰყავდათ. ისინი მონათლეს და მოგვიანებით ეკლესიაში მედავითნეებად დაადგინეს; მათგან მოითხოვდნენ ქრისტიანული რჯულის მკაცრად დაცვას, მარხვას, სიარულს მარტვილთა საფლავებზე, შესაწირის მიტანას ტაძრებში. შემდგომ ამ ჭაბუკებმა თავადაც ააგეს ტაძარი წმინდა მოწამე მამანტის სახელზე. მაგრამ ძმებს გარს ეხვივნენ არიანელი მასწავლებლები, რომლებიც ქრისტიანული სათნოებების მაგალითებად ნამდვილად ვერ გამოდგებოდნენ. მათი უსინდისობა, ქიშპობა და ხრიკები ეკლესიაში, კონსტანციუსის უსამართლო და სასტიკი მოპყრობა – ეს ყოველივე ყმაწვილების თვალში ქრისტიანებს მეტად არასახარბიელოდ წარმოაჩენდა. მათგან უმცროსმა, იულიანემ, ადრეული ასაკიდანვე შეიძულა ჭეშმარიტი სარწმუნოება.

როდესაც გალუსი სრულწლოვანი გახდა, კონსტანციუსმა მას სირიის მართვა დაავალა, მაგრამ უუნარო, სუსტმა და სასტიკმა გალუსმა საყოველთაო სიძულვილი დაიმსახურა, რისთვისაც იმპერატორმა იგი ფარულად მოაკვლევინა 354 წელს.

იულიანემ განათლების დასასრულებლად მოინახულა საბერძნეთი და მცირე აზიის ზოგი ოლქი, სადაც დაუახლოვდა წარმართობის მიმდევრებს, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლად იყვნენ, და გატაცებით შეუდგა მათი კერპთმსახურებისა და ნეოპლატონური ფილოსოფიის შესწავლას. ამ მოძღვრებაში რაღაც უცნაურად ერწყმოდა ერთმანეთს ძველი საბერძნეთის ფილოსოფიური სისტემები, აღმოსავლური სწავლებები, მაგებისა და ჯადოქრების ცრურწმენები და ქრისტიანული ზნეობის ზოგიერთი კანონი. იულიანემ შემოიკრიბა სოფისტები, ქურუმები, ბედის მჩხიბავები, რომლებმაც მალე სრულად დაიმორჩილეს მისი გონება. მან უარყო ნათლობა, შეასრულა განწმენდის წარმართული რიტუალი სამსხვერპლო სისხლის სხურებით და შეემატა კერპების მსახურთა რიცხვს. თუმც ეს ყოველივე დიდი სიფრთხილით აღესრულებოდა. იულიანე ვერ ბედავდა თავისი წარმართობის საჯაროდ აღიარებას; იძულებული იყო, ეთვალთმაქცა და დაეფარა თავისი ნამდვილი გრძნობები თუ შეხედულებანი, რამაც კიდევ უფრო შეაძულა ქრისტიანობა.

ოცდაორი წლის იულიანე ათენში გაგზავნეს; იგი დადიოდა იმ სასწავლებელში, რომელშიც მაშინ ბასილი და გრიგოლი სწავლობდნენ. უკვე აღვნიშნეთ, რომ ათენში გაბატონებულმა წარმართულმა მიმართულებებმა ვერ შეარყია ქრისტიანი ჭაბუკების რწმენა. პირიქით მოხდა – მტრულ მიმართულებასთან ბრძოლამ მათ სიმტკიცე შეჰმატა ღვთისმსახურებისთვის. რაც შეეხება იულიანეს, იგი საბოლოოდ მიიდრიკა წარმართობისკენ.

რამდენიმე ხნის შემდეგ იულიანეს მფარველმა დედოფალმა ევსებიამ დაარწმუნა კონსტანციუსი, ჭაბუკისთვის მიენიჭებინა კეისრის წოდება და გაეგზავნა გალიაში, სადაც მღელვარება არ წყდებოდა. იულიანემ თავი გამოიჩინა სიმამაცით, რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა გერმანულ ტომებზე (ალემანებზე), დაიმსახურა ჯარისკაცების სიყვარული და ცოტა ხანში მისმა ლეგიონებმა იგი იმპერატორადაც გამოაცხადეს.

კონსტანციუსმა ეს არჩევანი არ დაადასტურა და ომისთვის მზადებას შეუდგა, მაგრამ ბრძოლის დაწყებამდე, უეცრად გარდაიცვალა 361 წელს. იულიანე ტახტზე ავიდა, როგორც კონსტანტინეს სახლის ერთადერთი შთამომავალი და ლაშქრის მიერ არჩეული იმპერატორი.

სიხარულით აღივსო და გამოცოცხლდა წარმართული ფრთა. მართლაც, ძალიან მალე გამოჩნდა, რომ მან ძლიერი მფარველი შეიძინა. იულიანეს მთავარ მიზნად იქცა ქრისტიანობის დამხობა და წარმართობის აღდგენა, რისთვისაც დაუყოვნებლივ გამოაცხადა თავი ბერძენთა და რომაელთა ღმერთების თაყვანისმცემლად და ბრძანა, ყველა ქალაქში წარმართული ბომონები დაედგათ; სადაც ისინი ქრისტიანებმა დაანგრიეს, ამ უკანასკნელთა ხარჯზე ახალი აეგოთ.

იულიანე თავადაც გულმოდგინედ მონაწილეობდა ყველა წარმართულ ზეიმში და ამბობდა, რომ მისთვის უმაღლესი ქურუმის წოდება იმპერატორის ტიტულზე უფრო საპატიო და ძვირფასი იყო. მიუხედავად განსწავლულობისა და ცოდნისა, უკიდურესად ცრუმორწმუნე იულიანეს სჯეროდა ყველანაირი შელოცვებისა და მისნობისა, ცდილობდა საკუთარი ბედისწერის გამოცნობას სამსხვერპლო ცხოველების შიგნეულობაზე მკითხაობით, უდიდეს პატივად მიიჩნევდა წარმართულ ცერემონიალში მონაწილეობას, თავისი ხელით კლავდა მსხვერპლს, მიჰქონდა შეშა, აჩაღებდა ცეცხლს... ღამით დგებოდა კერპების წინაშე სალოცავად, დღეს იწყებდა მსხვერპლშეწირვით მზის პატივსაცემად; მან განაახლა ძველი, თითქმის მივიწყებული რიტუალები, თანაბარ პატივს მიაგებდა ბერძენთა, რომაელთა და აღმოსავლეთის ხალხთა ღმერთებს. საიმპერატორო სასახლე და მისი წალკოტები მათი ქანდაკებებით გაივსო. პალატები წარმართულ სამსხვერპლოებს მოგაგონებდათ – ყველგან ხრჩოლავდა გუნდრუკი. იგებოდა ახალ-ახალი სამსხვერპლოები, სრულდებოდა მდიდრული მსხვერპლშეწირვები...

რომის წარმართული ფრთა აღტაცებული მიესალმა ახალ მმართველობას. იმპერატორის კარს მიაშურეს წარმართმა სოფისტებმაც და რიტორებმაც, სადაც მალე დაიკავეს საპატიო ადგილები. მაგრამ იულიანეს ესმოდა, რომ წარმართობა გარდაქმნის გარეშე ვერ გაძლიერდებოდა. ქრისტიანული რჯული ურწმუნოებშიც კი გაოცებასა და პატივისცემას იწვევდა – იგი მსოფლიოსთვის ზნეობრივი სისუფთავის მაგალითი იყო. ხოლო წარმართული უზნეობა კერპთაყვანისმცემელთა საუკეთესო ნაწილსაც კი აღაშფოთებდა. ამიტომ იულიანემ ჩაიფიქრა, წარმართობა ქრისტიანული ზნეობრივი რჯულის მიხედვით გარდაექმნა. მან ქურუმებს აუკრძალა სახალხო გართობებზე გამოჩენა, სთხოვდა მარხვის დაცვას, თავშეკავებით ცხოვრებას, ხალხისთვის ზნეობრივი შეგონებების სწავლებას. Bმანვე ბრძანა, სამსხვერპლოების მახლობლად მოეწყოთ მწირთა დასაბინავებელი სახლები და ქსენონები, რომელთა შესანახად საფასური თავად გადაიხადა. „ჩვენი სირცხვილია, რომ გალილეველნი (ასე უწოდებდა ქრისტიანებს) იფარებენ არა მარტო თავიანთ, არამედ ჩვენს სნეულებსაც“ – ამბობდა იგი.

წარმართობის ამგვარად ამაღლების მცდელობასთან ერთად იულიანე ყველაზე ვერაგული საშუალებებით ებრძოდა ქრისტიანებს. აშკარა დევნა არ წამოუწყვია, პირიქით, ქვეშევრდომთაგან თითოეულს შეეძლო თაყვანი ეცა იმ ღმერთისთვის, რომელსაც ჭეშმარიტად ჩათვლიდა. თავისი მმართველობის დასაწყისშივე გადასახლებიდან გამოიხმო ყველა განდევნილი და ლამობდა, დაბრუნებულებთან ადრეული უთანხმოებები ახლა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა.

იულიანე ნებისმიერი გზით ცდილობდა ქრისტიანების დამცირებას, მათთვის განათლების მიღების შესაძლებლობის აღკვეთას და მოღვაწეობის შეზღუდვას. ქრისტიანულ ეკლესიებს ართმევდა ღარიბთა დასახმარებლად განკუთვნილ სახსრებს, მათ ქონებას კი ბომონებს ახმარდა. ქრისტიანებს ჩამოართვა ადრინდელი მმართველის დროს მინიჭებული უფლებები და აუკრძალა სამოქალაქო თანამდებობებზე მუშაობა.

მაგრამ ქრისტიანთა შევიწროება ამით არ შემოფარგლულა. ღაზაში, ასკალონსა და იერაპოლში წარმართები სასტიკად არბევდნენ ქრისტიანებს, სხვაგან – ძარცვავდნენ და აპარტახებდნენ მათ ტაძრებსა და სასაფლაოებს, და ეს ყოველივე სრულიად დაუსჯელი რჩებოდა. ქალაქის ქრისტიანი მმართველები წარმართებით შეცვალეს, რომლებიც ხელს უწყობდნენ ასეთ უსამართლობას და შემდგომ იულიანესგან ფარულად ჯილდოებსაც იღებდნენ.

ხშირად დევნის მიზეზი იმპერატორის განკარგულება ხდებოდა. მაგალითად, ნაბრძანები იყო წარმართული ბომონების აგება იმ ქრისტიანების ხარჯზე, რომლებმაც იგი დაანგრიეს. არეთუსაში ამის საფასური მოსთხოვეს ღრმად მოხუც მარკოზ ეპისკოპოსს – მას, რომელმაც ოდესღაც იულიანე გადაარჩინა სიკვდილს. ეპისკოპოსმა უპასუხა, რომ ფული არ აქვს და რომც ჰქონდეს, წარმართული ბომონის ასაგებად არ გაიღებს. ქალაქის მმართველობამ იცოდა, რომ ის ნამდვილად ღარიბი იყო და თანდათანობით შეუმცირეს გადასახდელი, ბოლოს მზად იყვნენ, უმცირესი თანხითაც დაკმაყოფილებულიყვნენ, რის გადახდასაც მარკოზი შეძლებდა. მაგრამ ეპისკოპოსისთვის ფული არაფერს ნიშნავდა – მას მოთხოვნა უსამართლოდ მიაჩნდა და მზად იყო, მომკვდარიყო, ვიდრე ბომონის აგებისთვის შეეწყო ხელი. მოთმინებადაკარგული წარმართები გააფთრებით მისცვივდნენ მარკოზს, დაუწყეს ცემა, ათრიეს ქუჩებში, წამებით კინაღამ მოკლეს, მაგრამ მისი სიმტკიცე ვერ გატეხეს.

მოწამებრივად აღესრულნენ ორი ფრიგიელი ჭაბუკი, ამასიის ეპისკოპოსი ბასილი და ეკლესიის მრავალი მსახური. ამგვარი ქმედებებით აღშფოთებულმა კესარიის მცხოვრებლებმა დაანგრიეს ბომონები და ეპისკოპოს დიანიოსის სიკვდილის შემდეგ აირჩიეს ევსები, რომელსაც ადრე სამოქალაქო თანამდებობა ეკავა. ამან იმდენად განარისხა იულიანე, რომ ქალაქს ჩამოართვა სხვადასხვა უპირატესობა, მცხოვრებლებს მძიმე ფულადი ჯარიმა დააკისრა და რამდენიმე კაცი სიკვდილით დასაჯა კიდეც. ეკლესიების ქონების ჩამორთმევისას იგი ამბობდა: „მე ვმოქმედებ, როგორც გალილეველთა საუკეთესო მეგობარი. მათი რჯული ღატაკთ ზეციურ სასუფეველს ჰპირდება, მე კი მის მოპოვებაში ვეხმარები წარმავალ სიმდიდრეთა ჩამორთმევით“.

იულიანემ, რომელიც ყოველგვარი საშუალებით შეურაცხყოფდა ქრისტიანებს, ბრძანა: ბაზრობაზე გასაყიდად გამოტანილ სანოვაგეზე საკერპო მსხვერპლის სისხლი ესხურებინათ. ერთხელ, დიდმარხვის პირველ კვირას, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს ღამით გამოეცხადა მოწამე თეოდორე ტირონი და უთხრა: „აუკრძალე ქრისტიანებს საკვებად ბაზარზე ნაყიდი სურსათის გამოყენება. ვისაც მისი მარაგი არ გააჩნია, დაე, მოხარშონ ხორბალი თაფლით“. ამ დროიდან დამკვიდრდა წესი, დიდმარხვის პირველ შვიდეულში ეკლესიაში კოლიოს მიტანისა და კურთხევისა, წმინდა თეოდორე ტირონის სასწაულის აღსანიშნავად.

სამმა დიდებულმა – იობიანემ, ვალენტიმ და ვალენტინიანემ (სამივე შემდეგ იმპერატორი გახდა) იულიანეს რისხვა დაიმსახურა, რადგან მათ საჯაროდ აღიარეს ქრისტიანობა და უარი განაცხადეს წარმართულ რიტუალში მონაწილეობაზე; ისინი ურჩობისთვის გადაასახლეს.

იულიანეს ბრძანებით საბრძოლო ბაირაღებს მოაშორეს ჯვრის ნიშანი, რამაც ქრისტიან მეომართა უკმაყოფილება გამოიწვია. მანვე მოტყუებით აიძულა მეომრები, ჯილდოს მიღების სანაცვლოდ გუნდრუკი დაეწვათ საკერპო სამსხვერპლოზე. ზოგი მათგანი მოგვიანებით მიხვდა, რაც ჩაიდინა და საჩუქარზე უარი განაცხადა, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

განსაკუთრებით ალექსანდრიაში იჩინა თავი შფოთმა და არეულობამ. იქ ყველა ეპისკოპოს გიორგის უკმაყოფილო იყო – ქრისტიანებს ათანასე ენატრებოდათ და გულგრილად ვერ უყურებდნენ მის ადგილზე არიანელსა და ეპისკოპოსის წოდებისთვის ყოვლად უღირს კაცს. წარმართები კი ვერ ეგუებოდნენ მის ანგარებისმოყვარებას. იგი ერთხელ უკვე განდევნეს ალექსანდრიელებმა, მაგრამ კონსტანციუსმა დააბრუნა. საერთო უკმაყოფილებამ უკიდურეს ზღვარს იულიანეს ტახტზე ასვლის დროს მიაღწია.

მალე ალექსანდრიაში ამბოხებამ იფეთქა. წარმართებმა შეიპყრეს გიორგი, აწამეს და მოკლეს; მასთან ერთად დახოცეს რამდენიმე ქრისტიანიც. იულიანე იოლად იწყნარებდა ბოროტმოქმედებას, თუ მისი მსხვერპლი ქრისტიანები აღმოჩნდებოდნენ და წერილობით დაარწმუნა ალექსანდრიელები მათდამი უცვლელ კეთილგანწყობაში. მაგრამ იმპერატორს ერთი გარემოება უკიდურესად აღიზიანებდა – ეს იყო ათანასეს დაბრუნება. დიდმა ეპისკოპოსმა, როგორც კი შეიტყო ყველა განდევნილის გადასახლებიდან დაბრუნების ბრძანების შესახებ და გიორგის სიკვდილიც გაიგო, ალექსანდრიას მიაშურა. სამწყსომ აღფრთოვანებით მიიღო საყვარელი მწყემსი, რომელიც ექვსი წელი არ ენახა. გეგონებოდათ, მთელი ეგვიპტე გამოეფინა მის დასახვედრად, ყველგან სამადლობელი ლოცვები აღევლინებოდა; მრევლი მისი სახით მტკიცე ქომაგს ხედავდა წარმართთა წინააღმდეგ, რომლებმაც ყველგან აღადგინეს ბომონები და კერპთაყვანისმცემლობის აღორძინებას ცდილობდნენ.

ათანასეს ნაკლებ აწუხებდა წარმართთა ქმედებები, რაკი ბოლომდე სწამდა ქრისტიანობის ძალისა და მომაკვდავი წარმართობის აღდგენისა და გაცოცხლების ყველა მცდელობას უგუნურებად და ამაოდ მიიჩნევდა. მას უმეტეს ყოვლისა ადარდებდა ქრისტიანთა შორის დაპირისპირებანი და ქრისტეს ეკლესიაში არიანელთაგან გამოწვეული შიდარღვევა. იმ რამდენიმე ეპისკოპოსს, რომლებმაც არ უღალატეს ჭეშმარიტებას არიანელთა ზეობის დროს, არ სურდათ ურთიერთობა ერეტიკულ სიმბოლოზე ხელისმომწერებთან. თუმცა ამ უკანასკნელთაგან ბევრი ასე გულუბრყვილობის გამო მოიქცა – ისინი მზაკვრულად და უსინდისოდ მოატყუეს არიანელებმა. მოგვიანებით მათ შეინანეს, ირწმუნებოდნენ, რომ ფიქრადაც არ გაუვლიათ ნიკეის სიმბოლოს ღალატი.

ათანასე შეეცადა მშვიდობის, სიყვარულისა და ერთსულოვნების აღდგენას. მან 362 წელს ალექსანდრიაში მოიწვია კრება, სადაც კიდევ ერთხელ ცხადად ჩამოყალიბდა ეკლესიის სწავლება ყოვლადწმიდა სამების შესახებ. ათანასეს მხარდაჭერით, წმინდა აღმსარებლებმაც, ვისაც არასდროს უღალატია ჭეშმარიტებისთვის, სიყვარულით შეიწყნარეს დაცემული და მონანული მოძმენი.

ათანასეს შეეძლო ერთდროულად გამოეჩინა ბრძნული სიმკაცრე, სიმშვიდე და მიმტევებლობა უძლურთადმი. თავისი მოპყრობით არავის აღიზიანებდა და ქრისტიანებში ურთიერთსიყვარულს აღძრავდა. ათანასე ზრუნავდა მშვიდობის აღდგენაზე ანტიოქიის ეკლესიაში, წერდა წერილებს რომში, გალიაში, ესპანეთში და მორწმუნეებს შეაგონებდა ურთიერთსიყვარულსა და ღვთის ერთსულოვან სამსახურს. მას ყველა სხვა მწყემსზე მეტად ჰქონდა უფლება, მკაცრი ყოფილიყო: თავად უცვალებელად ემსახურებოდა ჭეშმარიტებას, ბევრი იტანჯა და შეუბღალავი დარჩა. უფლისადმი მხურვალე სიყვარულითა და თავდადებით გამსჭვალული მისი სიტყვები ყველგან აცხრობდა მტრობასა და უთანხმოებას.

ამაზე უსიამოვნო რა უნდა ყოფილიყო იულიანესთვის?! მან ხომ იმიტომ დააბრუნა განდევნილი ქრისტიანები, რომ მათ შორის ჩამოვარდნილი ქიშპობა თავისი მიზნისთვის გამოეყენებინა – ცდილობდა განხეთქილების მოწყობას, მფარველობდა ცრუმასწავლებლებს, კეთილგანწყობას იჩენდა დონატისტებისადმი აფრიკაში, ისევ აღვიძებდა დროებით ჩამცხრალ მღელვარებებს. ბუნებრივია, იმპერატორი ვერ შეურიგდებოდა ათანასეს მიერ მიღწეულ წარმატებებს. მან მთელი არსებით შეიძულა ეპისკოპოსი და ბრძანება გაუგზავნა, გასცლოდა ალექსანდრიას... მოუმიზეზა, რომ მას განსაკუთრებული ნებართვის გარეშე კათედრის დაკავების უფლება არ ჰქონდა, თუმცა ამგვარად ბევრი ეპისკოპოსი მოქცეულა.

ათანასე იულიანეს დაემორჩილა და ქალაქი დატოვა, რამაც ყველა მართლმადიდებელი აღაშფოთა. მათ იმპერატორს დაჟინებით მოთსხოვეს ეპისკოპოსის დაბრუნება. ამან კიდევ უფრო გააცოფა იგი და ბრძანა, ათანასე საერთოდ განედევნათ ეგვიპტიდან.

ამის შემდეგ ალექსანდრიაში გაუთავებლად მიდიოდა ახალ-ახალი, ერთიმეორეზე მკაცრი მითითებები. გაიცა ბრძანება, დაეწვათ ქალაქის მთავარი ტაძარი და მოეკლათ ათანასე, თუ სადმე წააწყდებოდნენ. ქრისტიანებმა ცრემლებით გააცილეს თავიანთი საყვარელი ეპისკოპოსი, ის კი ამშვიდებდა და ეუბნებოდა: „ნუ ტირით, პატარა ღრუბელი მალე გადაიყრება“. ათანასე ნავით გაუყვა ნილოსს თებაიდისკენ, მაგრამ მეომრები, რომელთაც მისი მოკვლა ჰქონდათ ნაბრძანები, გამოედევნენ და თითქმის დაეწივნენ კიდეც. ათანასემ უცებ ნავის შემობრუნება და მათ შესახვედრად ცურვა ბრძანა. მეომრებმა ვერ იცნეს იგი. – „ათანასე კიდევ შორს არის?“ – ჰკითხეს მას. „მალე დაეწევით, თუ იჩქარებთ“ – უპასუხეს ეპისკოპოსის თანამგზავრებმა და მეომრებმაც გზა განაგრძეს. ათანასე ნაპირზე გავიდა და ისევ მეუდაბნოეებთან იპოვა თავშესაფარი.

იულიანემ იერუსალიმის ძველი აღთქმის ტაძრის აღდგენაც კი განიზრახა. ამით წინასწარმეტყველების „სიცრუის“ გამოაშკარავება და ქრისტიანებისთვის მძიმე დარტყმის მიყენება სურდა. იმპერატორს, როგორც თავგამოდებულ წარმართს, შეუძლებელია რაიმე თანაგრძნობა ჰქონოდა იუდეველებისადმი, რომლებიც არ ფარავდნენ თავიანთ ზიზღს მრავალღმერთიანობის მიმართ. მაგრამ მათ სძულდათ ქრისტიანები – ეს კი საკმარისი იყო იულიანეს კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. მან იუდეველებს მისწერა წერილი, რომელშიც თანაგრძნობა გამოუცხადა შესაბრალისი ხვედრის გამო, ქრისტიანები მათ მჩაგვრელებად წარმოაჩინა და იერუსალიმის ტაძრის აღდგენაში დახმარება შესთავაზა. – „როდესაც ტაძარი დასრულდება, მე თავად შევწირავ მსხვერპლს უფალ საბაოთს ქრისტიანებზე გამარჯვებისთვის მადლობის ნიშნად“ – სწერდა წერილში იმპერატორი.

იუდეველები ამ წინადადებას დიდი აღფრთოვანებით შეხვდნენ, ტაძრის ხელახლა აგება ამ ხალხის სანატრელი ოცნება იყო. ძველი სიწმინდის აღდგენა მათ დიდებისა და ძალაუფლების დაბრუნების იმედს აძლევდა. იუდეველებმა ისევ დაიწყეს დამოუკიდებლობაზე ოცნება და ბრბოებად მიაწყდნენ იერუსალიმს, სადაც ნამდვილად მიიღეს უხვი შემწეობა იულიანესგან, რომელმაც თავის ერთ-ერთ კარისკაცს დაავალა მათი დახმარება და სამუშოსთვის თვალყურის დევნება.

იმპერატორის მფარველობით შეგულიანებულმა იუდეველებმა ხელი მიჰყვეს ქრისტიანების შეურაცხყოფას – არბევდნენ და დაუსჯელად აგინებდნენ მათ სარწმუნოებას. განსაკუთრებით იერუსალიმში მცხოვრებ ქრისტიანებს იგდებდნენ აბუჩად. ეპისკოპოსი კირილე ამხნევებდა თავის სამწყსოს; მას სწამდა, რომ ტაძარი არ აღდგებოდა და უფალი შეეწეოდა თავის ერთგულთ.

ამასობაში სამუშაოებიც დაიწყო. იუდეველები აღფრთოვანებით შეუდგნენ მათთვის ამ უწმინდეს შრომას; ყველას სურდა მონაწილეობის მიღება, ამ საქმეს სწირავდნენ ყველაფერს, რაც გააჩნდათ. სამუშაო იარაღებს ოქრო-ვერცხლით კაზმავდნენ, დედაკაცებს ძვირფასი სამკაულები მიჰქონდათ, მოსირმული სამოსის კალთებით ქვებს ეზიდებოდნენ, მიწას ვერცხლის ბარებით თხრიდნენ. მაგრამ ადგილის გაწმენდა და საამშენებლო მასალების მომზადება ძლივს მოასწრეს, რომ საშინელმა მიწისძვრამ და ქარიშხალმა აღგავა პირისაგან მიწისა ყველაფერი და უამრავი მუშა დაიტანა ნანგრევებში. სამუშაო დროებით შეჩერდა. როცა ისევ მიუბრუნდნენ საქმეს, მოხდა ახალი, უფრო ძლიერი მიწისძვრა. ამჯერად ნიადაგის სიღრმიდან ამოცვივდა გადარჩენილი საძირკვლის ნარჩენები, ხოლო სამუშაო იარაღი გრიგალმა გაიტაცა. მიწიდან ამოვარდნილმა ცეცხლის ენებმა მომუშავეთა სხეულსა და სამოსზე ჯვრის გამოსახულება ამოწვა. შეძრწუნებულმა იუდეველებმა მიატოვეს წამოწყებული საქმე, რადგან დარწმუნდნენ, რომ თავად ღმერთი აღუდგა წინ მათ განზრახვას. ამის შემსწრეთაგან ბევრი გაქრისტიანდა და მოინათლა. როდესაც იულიანეს შეატყობინეს მომხდარის შესახებ, განრისხებულმა ამ უჩვეულო შემთხვევის ხსენება აკრძალა და ეპისკოპოსი კირილე განდევნა.

ასევე წარუმატებელი გამოდგა იულიანეს ქმედებანი წარმართების სასარგებლოდ. ანტიოქიის შემოგარენში, დაფნეში, აპოლონის ტაძარი იდგა. წარმართთა ღვთაება აპოლონი ოდითგანვე მისნობით იყო სახელგანთქმული და თაყვანისმცემლებიც ბრბოებად ესეოდნენ. იქვე აღესრულებოდა მდიდრული მსხვერპლშეწირვაც. მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა; სამსხვერპლო დაცარიელდა. ცოტა ხნის წინ დაფნეს შემოგარენში აიგო ტაძარი, სადაც დაასვენეს დეციუსისგან დევნის დროს დაღუპული წმინდა მოწამე ბაბილასა და სამი ყრმის ნაწილები. ტაძრის ირგვლივ მოწყობილ სასაფლაოზე ნაკადებად მოდიოდნენ მორწმუნეები. იქ, სადაც ადრე წარმართული რიტუალები სრულდებოდა, ახლა ქრისტიანები ლოცულობდნენ.

სპარსელებთან საომრად მიმავალი იულიანე ანტიოქიაში ჩავიდა და მოისურვა, კერპისგან შეეტყო, როგორ გადაწყდებოდა ომის ბედი. მას იმედი ჰქონდა, რომ ბომონთან თაყვანისმცემელთა ბრბოები დახვდებოდნენ, მაგრამ დიდად გაოცდა, როცა იქ მხოლოდ ერთი ქურუმი იპოვა, რომელმაც თავისი სახელით ბატი შესწირა აპოლონს. იულიანემ შეკითხვაზე პასუხი ვერ მიიღო და როდესაც კერპის დუმილის მიზეზით დაინტერესდა, ქურუმმა ეს შემთხვევა წმინდა ბაბილას ტაძრის სიახლოვეს დააბრალა. განრისხებულმა იულიანემ უმალ წმინდა ნაწილების მოშორება ბრძანა. ანტიოქიის მთელი საქრისტიანო ჩავიდა დაფნეში და საზეიმოდ გადაასვენა ნაწილები საკათედრო ტაძარში, თან მსვლელობისას ხმამაღლა გალობდა: „დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად და საშინელ არს იგი უფროჲს ყოველთა ღმერთთა; რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან, ხოლო უფალმან ცანი შექმნნა“ (ფსალ. 95,4-5); „უთხრეს ცათა სიმართლე მისი და იხილონ ყოველთა ერთა დიდებაჲ მისი. ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელნი თაყუანის-სცემენ ჴელით-ქმნულთა და რომელნი იქადიან კერპებითა მათითა“ (ფსალ. 96,6-7).

გაცოფებულმა იულიანემ ბევრი ქრისტიანი აწამა. ამასთან ბრძანა, უფრო მდიდრულად მოერთოთ აპოლონის ბომონი. თავად აპირებდა მის საზეიმოდ გახსნას, მაგრამ არ ეღირსა – იმ ღამეს მთლიანად დაიწვა ტაძარი. ამაში ქრისტიანები დაადანაშაულეს და ეჭვმიტანილები დასაჯეს, თუმცა მეზობელი დაბის მცხოვრებნი ამტკიცებდნენ, რომ ბომონზე ცეცხლი ზეციდან გარდამოვიდა.

წმინდა ეპისკოპოსი მელეტი, რომელიც მსჯავრდებულებს სასჯელის ადგილამდე აცილებდა და მათთან ერთად ლოცულობდა, განდევნეს; ქრისტიანული ტაძრები გაძარცვეს და ნადავლი ბომონებს გადასცეს. წარმართები შეურაცხყოფდნენ ქრისტიანებს და დაუნდობლად უსწორდებოდნენ... მაგრამ მალე აღსრულდა მდევნელებზე ზეციური მართლმსაჯულება: იულიანეს ბიძას, აგრეთვე განდგომილსა და ქრისტიანთა უსასტიკეს მტერს, რომელიც მათი წამებით ერთობოდა და აგინებდა ტაძრების სიწმინდეს, უცებ სნეულებამ დარია ხელი. მასთან ერთად დაავადდა მისი რამდენიმე მეგობარიც – ყველა საშინელი წამებით გარდაიცვალა.

მაგრამ ვერც ამან შეაგონა რამე იულიანეს. დევნა მთელ სირიას მოედო. იმპერატორი წერილობით აქებდა წარმართთა გულმოდგინებას, როდესაც ისინი წვავდნენ ტაძრებს, არბევდნენ ქრისტიანთა სასაფლაოებს, თან თავის თხზულებებში განაქიქებდა და დასცინოდა ქრისტიანობას.

იმპერატორი საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა ანტიოქიაში, მაგრამ წარმართთა გული მაინც ვერ მოიგო – მათ თავდავიწყებით უყვარდათ წრეგადასული გართობები და უკმაყოფილონი იყვნენ, რომ იულიანე თავს არიდებდა მათ მოწყობას. სამაგიეროდ, მონაწილეობდა გაუგებარ რიტუალებში კერპების პატივსაცემად, რომლებისაც წარმართებს უკვე აღარ სჯეროდათ. ისინი ხმამაღლა დასცინოდნენ იულიანეს ცრუმორწმუნეობას, უხეშ ქცევას, დაუდევარ ჩაცმულობას, ზოგჯერ უსუფთაო იერს-სახეს, რითაც მას ფუფუნებისადმი სიძულვილის გამოხატვა სურდა.

უკმაყოფილო და განრისხებულმა იულიანემ ანტიოქიიდან მნიშვნელოვანი ძალები დაძრა და სალაშქროდ გაემართა. გზად მოინახულა ცნობილი წარმართული ბომონები, გულმოდგინედ აღასრულა მსხვერპლშეწირვები და კერპებს მომავლის წინასწარმეტყველება სთხოვა. ყველგან უხვად არიგებდა შესაწირს დანგრეული წარმართული ბომონების აღსადგენად და დაბრუნებისას მათ საზეიმოდ გახსნას ჰპირდებოდა.

მაგრამ იულიანეს დაბრუნება არ ეღირსა!.. სპარსელებზე პირველი გამარჯვებებით შეგულიანებულმა ევფრატი გადალახა და უკან დარჩენილი თავისი ფლოტი დაწვა. გადმოცემის თანახმად იგი სასიკვდილოდ დაჭრა მტრის ნატყორცნმა ისარმა. იგრძნო რა სიკვდილის მოახლოება, ჭრილობიდან გადმონადენი სისხლი პეშვში მოაგროვა, ჰაერში მოისროლა და შესძახა: „შენ გაიმარჯვე, გალილეველო!“ და გარდაიცვალა. ეს მოხდა 363 წელს.

მთავარსარდლის გარეშე დარჩენილმა ჯარმა სასწრაფოდ აირჩია იმპერატორი. იულიანეს შვილები არ ჰყავდა და მისი საიმპერატორო გვარი ვეღარ გაგრძელდებოდა. მეომრებმა ერთსულოვნად აირჩიეს იობიანე, ქრისტიანი, რომელიც საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა. მან თავის ამომრჩეველ ლაშქარს ასე მიმართა: „მე არ მსურს წარმართთა მხედართმთავრობა!“ რაზეც მეომრებმა შესძახეს: „წარმართებს არა, ქრისტიანებს უწინამძღვრებ! იულიანეს ხანმოკლე მმართველობამ ჩვენი გულებიდან ვერ აღმოფხვრა კონსტანტინე დიდის ნაანდერძევი ჭეშმარიტი რწმენა“ და მყისვე მოლაშქრეებმა საომარ დროშაზე ჯვრის ნიშანი მიამაგრეს...

კონსტანტინოპოლში საკმაო ხანს ვერ მიაღწია ცნობამ შორეულ მხარეში იულიანეს აღსასრულის შესახებ. მაგრამ ეს მოვლენა ზოგიერთი წმინდა მამისთვის სასწაულებრივად გახდა ცნობილი. განდეგილმა იულიანე საბასმა თავის მოწაფეებს ხელისუფლის სიკვდილი ზუსტად მაშინ აუწყა, როცა იმპერატორი აღესრულა.

იმ დროს დევნილი ათანასე ეგვიპტის უდაბნოებში დაეხეტებოდა. მუდმივ საფრთხეში მყოფს შიში არაფრის ჰქონდა და მტკიცედ სასოებდა ღმერთს. ის განდეგილებს ასე ეუბნებოდა: „მე მშვიდად ვარ, როგორც მშვიდობიანი დღეების დროს, რამეთუ ვიტანჯები ქრისტესთვის და მისი მადლით ვარ განმტკიცებული. ჩემი გული მზად არის ყველაფრისთვის, რასაც ღმერთი მომივლენს“. როდესაც მან რჩევა ჰკითხა აბბა პამბოსა და თეოდორე განწმენდილს, თუ საით წასულიყო, თეოდორემ უპასუხა: „ამჟამად არ გჭირდება დამალვა – იულიანე სპარსეთში მოწყდა!“

იულიანე ორ წელიწადზე ცოტა მეტ ხანს იყო იმპერატორი. ამ პერიოდში მან უდიდესი ძალისხმევა შეალია ქრისტიანობის დამხობას, მაგრამ მისმა მცდელობებმა მხოლოდ ქრისტიანობის ძლიერება და წარმართობის უსუსურობა დაამტკიცა. სასიკვდილოდ განწირულმა კერპთაყვანისმცემლობამ ვეღარ შეძლო გაცოცხლება მას შემდეგ, რაც მსოფლიომ ქრისტეს უზადო და აღმატებული რჯული გაიცნო. დევნამ კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა ქრისტიანებზე და ამ გამოცდამ ისინი უფრო შეაკავშირა.

ახალი იმპერატორი საჩქაროდ გამოეშურა სპარსეთიდან, სადაც ჯარი უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდა. იობიანეს საკმარისი ძალა აღარ შესწევდა ომის გასაგრძელებლად და იძულებული გახდა, სპარსეთთან დაედო არახელსაყრელი ზავი, რომლის თანახმადაც შაბურს დაუთმო ტიგროსის იქით მდებარე ხუთი ოლქი რომის იმპერიისა. სპარსელების დაქვემდებარებაში აღმოჩნდა ნიზიბიაც, რომელიც ამდენ ხანს იცავდა თავს.

გამობრუნებულ ლაშქარს ჯვარი წინამძღვრობდა, რაც ყველას აუწყებდა, თუ რომელ სარწმუნოებას აღიარებდა ახალი იმპერატორი. მან არ დაახანა და ყველა ოლქის მმართველისადმი გაგზავნილ ეპისტოლეში თავი ქრისტიანად გამოაცხადა, ამასთან ქვეშევრდომებს აღმსარებლობის სრული თავისუფლება მიანიჭა. იმავდროულად გადასახლებიდან დააბრუნა რწენისთვის ყველა განდევნილი, გააუქმა ქრისტიანთა წინააღმდეგ იულიანეს გამოცემული ბრძანებები. ანტიოქიაში ჩასულმა იხმო ათანასე და მას ნიკეის ჭეშმარიტი სიმბოლოს ტექსტი გამოართვა.

მშვიდობა თითქოს თავისთავად დამყარდა. ქრისტიანებს ფიქრადაც არ გაუვლიათ მიყენებული წყენისთვის სამაგიერო გადაეხადათ წარმართებისთვის. ისინი მშვიდი სიხარულით შეხვდნენ ჭეშმარიტების გამარჯვებას.

მაგრამ ეს კეთილდღეობა დიდხანს არ გაგრძელებულა: იობიანემ დედაქალაქამდე ვერ მიაღწია; მოულოდნელად გარდაიცვალა გზაში ისე, რომ ერთი წელიც ვერ დაასრულა იმპერატორობისა. მაშინ არჩევანი შეჩერდა წარმოშობით პანონიელ (დუნაის აუზი) ვალენტინიანეზე, მტკიცე და პატიოსან ადამიანზე, რომელიც, როგორც ქრისტიანი, იულიანეს დროს ათვალწუნებული იყო. მისდამი საერთო მხარდაჭერამ ცხადად დაადასტურა, თუ რაოდენ უსუსური გამოდგა იულიანეს მფარველობით წამიერად გამოცოცხლებული წარმართობა.

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა