martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 38

წმინდა ბასილი დიდი და წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი.

 

ჩვენს წინ უსასრულოდ მრავალი გზა არსებობს უფლის მსახურებისთვის. მხოლოდ ერთი რამ არის აუცილებელი – მას მივუძღვნათ გული და მივანდოთ ჩვენი ნება. ამ პირობით ხდება ოჯახურ გარემოში ცხოვრება, ერში სამსახური ან უდაბნოში მოღვაწეობა ღვთისთვის სათნო. ოჯახები, სადაც აღიზარდნენ უდიდესი მღვდელთმთავრები: ბასილი დიდი და გრიგოლ ნაზიანზელი (ღვთისმეტყველი), ზემოთქმულის უთვალსაჩინოეს დადასტურებას წარმოადგენს. ეს ორი წმინდა მამა ერთსა და იმავე დროს ცხოვრობდა და იღვწოდა, ურთიერთთან გულითადი მეგობრობა აკავშირებდათ, ამიტომაც ისტორიისთვის მათი სახელები განუყოფელია.

ორივე დაიბადა კაპადოკიაში და აღიზარდა ქრისტიანული წესით. ბასილის ოჯახი ოდითგანვე განთქმული იყო სარწმუნოებისადმი მხურვალე თავდადებით. მისმა პაპამ, დედის მხრიდან, ქრისტეს შესწირა სიცოცხლე. მამის მშობლები კი დევნის დროს შვიდი წელიწადი უდაბნოებსა და ტყეებს აფარებდნენ თავს, ამასთან, მთელი მამულიც დაკარგეს – ის ხაზინას გადაეცა. მაგრამ მათ ჩალის ფასად მიაჩნდათ მთელი მსოფლიოს მიწიერი სიმდიდრე ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან შედარებით. და ეს უძვირფასესი განძი წმინდად გადასცეს შთამომავლობას.

ბასილის მამა, წარმოშობით პონტოელი, განთქმული იყო სამსჯავროებსა და სასწავლებლებში თავისი მჭევრმეტყველური გამოსვლებით. მის მრავალრიცხოვან ოჯახში შვილების აღზრდაზე თვითონ და მისი ცოლი ემილია ზრუნავდნენ, ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რათა ბავშვებისთვის ღვთისადმი მხურვალე სიყვარული შთაენერგათ და ქრისტიანული რჯული საფუძვლიანად ესწავლებინათ.

უფროს ასულს მაკრინე ერქვა. დედა მის აღზრდაში მუდამ ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობდა. მაკრინე ადრეული ასაკიდანვე მიეჩვია ქრისტიანული წესით ცხოვრებას; არაფერს მოიმოქმედებდა ლოცვისა და ღვთისგან კურთხევის გამოთხოვის გარეშე. ამასთან, ნიადაგ საქმით იყო გართული: სწავლობდა, მუშაობდა, დედას ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში, ამეცადინებდა უმცროს დებსა და ძმებს.

უფალს ენება, ქალწული ღრმა მწუხარებით გამოეცადა: მისი საქმრო მოულოდნელად გარდაიცვალა. მაკრინე დიდად იგლოვდა საყვარელ ადამიანს, მაგრამ მაინც უდრტვინველად დაჰყვა უფლის ნებას; უარი თქვა გათხოვებაზე და როდესაც არწმუნებდნენ, ამოერჩია მომავალი მეუღლე, ის პასუხობდა: „მსურს, ერთგული დავრჩე ჩემი საქმროსი; მე მას მკვდრად ვერ მივიჩნევ, რადგან აღდგომას ვსასოებ – ის ღმერთთან ცოცხალია. მხოლოდ შორეულ ქვეყანაშია წასული, სადაც კვლავ ვნახავ“.

ამ დროიდან მაკრინემ საკუთარი თავი დაივიწყა და მხოლოდ ოჯახისთვის ცხოვრობდა. გულმოდგინედ ზრუნავდა სახლზე და ზრდიდა ბავშვებს, რომელთათვისაც მეორე დედა გახდა. მამის სიკვდილის შემდეგ უფრო მეტი საზრუნავი დააწვა: მათ დიდი მამული არ ჰქონდათ, ექვსი ვაჟისა და ოთხი ასულისგან შემდგარი ოჯახის რჩენასა და აღზრდას კი საკმაო თანხა ესაჭიროებოდა. დედის ჯაფის შესამსუბუქებლად მაკრინემ მთელი მეურნეობის სიმძიმე თავად იკისრა და სახლეულს დაუზარლობის, წინდახედულებისა და გონივრული მომჭირნეობის მაგალითს აძლევდა; მოახლესავით ირჯებოდა, აცხობდა პურს... ოჯახისთვის საჭირო ნივთების შესაძენად ზოგჯერ სხვებთან მუშაობით გასამრჯელოსაც შოულობდა. ამასთან არც ბავშვების აღზრდას აშორებდა გულისყურს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი წამოიზარდნენ, ძმებმა თავიანთი საქმე აირჩიეს, ხოლო დები დაბინავდნენ, მაკრინემ თავს ისეთი ცხოვრების ნება მისცა, როგორზეც დიდი ხანია ოცნებობდა.

მან დაარწმუნა დედა, მასთან ერთად გასცლოდა ამა სოფელს. ემილიამაც მამული შვილებს გაუნაწილა და მაკრინესთან ერთად გადასახლდა პონტოს მხარეში, მდინარე ირისის მახლობლად მდებარე მყუდრო ადგილას. მათ შეუერთდა რამდენიმე ღვთისმსახური დედაკაცი. ასე დაარსდა მონასტერი, სადაც მოღვაწენი მისდევდნენ მშვიდ, ღარიბულ ცხოვრებას... და ლოცვასა და შრომაში გაჰყავდათ დრო. მაკრინემ ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა; გარდაიცვალა დედის სიკვდილიდან ცხრა წლის შემდეგ.

მისმა ძმამ – გრიგოლ ნოსელმა აღწერა ღვთის გულმოწყალებისა და მარადიული ცხოვრებისადმი სასოებით გაცისკროვნებული დის მშვიდობით აღსასრული. მაკრინეს სააქაოდ არაფერი დაუტოვებია, გარდა ძველი სამოსისა, რადგან ყველაფერს ღარიბებს ურიგებდა. მისი ხსენების დღეა 19 ივლისი.

აი, ასეთ ოჯახში დაიბადა ბასილი, დაახლოებით, 330 წელს. ადრეული ბავშვობა გაატარა სოფელში, ბებია მაკრინესთან, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვდა გრიგოლ ნეოკესარიელი და გულში მის შეგონებებს იმარხავდა. ღვთისმოშიშ მაკრინესთან ცხოვრებამ, მისმა გაკვეთილებმა, დარიგებებმა და ცოცხალმა მაგალითებმა შვილიშვილის გულშიც განამტკიცა ღვთისადმი სიყვარული და მისი სამსახურის სურვილი.

ბასილის მშობლები ნეოკესარიაში ცხოვრობდნენ. თავდაპირველად მამამ თვითონ იზრუნა ძის აღზრდაზე, შემდეგ კესარიის სასწავლებელში გააგზავნა. ბასილი გამორჩეულად ნიჭიერი იყო და სწრაფად ითვისებდა ცოდნას. კესარიელ მასწავლებელთა შემდგომ მან კონსტანტინოპოლში მოუსმინა ცნობილ სწავლულს – ლიბანიოსს. მშობლებს არ შეშინებიათ წარმართი მასწავლებლის გავლენისა თავიანთ შვილზე, რადგან იცოდნენ, როგორ ღრმად და მტკიცედ გაედგა ფესვები მასში ქრისტიანული რჯულს. ბასილი სწავლობდა ფილოსოფიას, რიტორიკას, სამართალმცოდნეობას. ოცი წლის ასაკში სწავლის დასასრულებლად ათენს გაემგზავრა.

იმავე პერიოდში კაპადოკიის სხვა ქალაქში ასეთივე ბედნიერ ოჯახურ პირობებში იზრდებოდა ყმაწვილი გრიგოლი. იგი დაიბადა ქალაქ ნაზიანზის მახლობლად, სოფელ არიანზაში, და ბასილიზე ორი-სამი წლით უფროსი იყო. მამამისი, გრიგოლი, სიჭაბუკეში წარმართი, ჭეშმარიტი ღმერთისკენ მოაქცია ცოლის, ღვთისმოშიში ნონას, მაგალითმა. იგი მოინათლა და მოგვიანებით ქალაქ ნაზიანზის ეპისკოპოსი გახდა.

გრიგოლი ყოველთვის სიყვარულით იხსენებდა თავის მშობლებს, განსაკუთრებით დედას: „დედაჩემმა, მიიღო რა მამათაგან წმინდა სარწმუნოება, თავის შვილებსაც შემოავლო ეს ოქროს ჯაჭვი. მას, გარეგნობით დედაკაცს, მამაკაცის გული ჰქონდა. მხოლოდ იმიტომ დადიოდა მიწაზე და ამქვეყნიურ საზრუნავს მიჰყვებოდა, რომ სააქაო ყოფაში მარადიული ცხოვრებისთვის მომზადებულიყო“.

ღვთისმსახური ოჯახი აუმღვრევლად, ბედნიერად და კმაყოფილებით ცხოვრობდა. ყველასაგან პატივცემული მშობლები სიყვარულით ზრუნავდნენ შვილების აღზრდაზე. მათი ერთ-ერთი ვაჟი, ცეზარიოსი, ცნობილი მკურნალი გახდა და იმპერატორის კარზე დიდ პატივსაც მიაღწია, თუმცა უმაღლეს ბედნიერებად ქრისტიანად ყოფნასა და ამ სახელის ტარებას მიიჩნევდა მთელი სიცოცხლის მანძილზე. ასული, გორგონია, სამაგალითო ქრისტიანი იყო. აი, რას წერდა მის შესახებ წმინდა გრიგოლი ეპიტაფიაში:

“ის იყო მოკრძალებული, ყოველგვარ სიამაყეს მოკლებული. მან მოაქცია ქმარი და მისი სახით ჰყავდა არა ანჩხლი ბატონი, არამედ კეთილი მეუღლე. განწმინდა და ღმერთს შესძინა შვილები, შვილიშვილები, მთელი სახლეული, როგორც ერთი სული. სიცოცხლეში შვილებისთვის ყოველივე კეთილის მაგალითი იყო, გარდაცვალების შემდეგ კი მისი ხსოვნა სახლეულისთვის ერთგვარ უსიტყვო შეგონებად იქცა. რომელი დედაკაცი იცავდა მასზე უკეთ ზომიერებას სიმკაცრეში და მოკრძალებას მხიარულებაში. მისი სიმკაცრე უხეშობა არ იყო, ალერსი – თავნებობა; მათში კეთილგონიერება და თვინიერება იგრძნობოდა. იგი არ იკაზმებოდა ოქროულით, მდიდრული სამოსით, პატიოსანი ქვებით. მხოლოდ მორცხვობისგან ეფაკლებოდა სახე. ვინ იყო მასზე გულუხვი გაჭირვებულთათვის? ის ობლებს დედობას უწევდა, მისი სახლი ღარიბი ნათესავების თავშესაფარი იყო, მისი მამულით ღატაკები სარგებლობდნენ“.

მხოლოდ ცხოვრებაში ღრმად ფესვგადგმულ ქრისტიანობას შეეძლო ეშვა ისეთი დედები, როგორებიც იყვნენ გორგონია, მაკრინე, ემილია, ნონა...

ნონა ჯერ კიდევ გრიგოლის დაბადებამდე ევედრებოდა ღმერთს, მისთვის ვაჟი ეჩუქებინა და აღთქმაც დადო, რომ შვილს მასვე მიუძღვნიდა. როდესაც ბავშვმა კითხვა ისწავლა, დედამ წმინდა წერილი აჩუქა და დაბეჯითებით მოსთხოვა, აღესრულებინა მშობლის მიერ უფლისათვის მიცემული აღთქმა. გრიგოლმა სურვილი შეუსრულა: ადრეული ასაკიდანვე მიილტვოდა მისი სული ღვთისკენ, რომლის სათნო-ყოფა და სამსახური ცხოვრების მთავარ მიზნად ექცა.

მშობლებმა გრიგოლი განათლების მისაღებად კესარიის სასწავლებელში გააგზავნეს, სადაც ბასილი გაიცნო; შემდგომ სწავლა ალექსანდრიაში განაგრძო, ბოლოს კი ათენს მიაშურა.

ათენში ერთმანეთს ისევ შეხვდნენ გრიგოლი და ბასილი. გულითადი მეგობრობა მათი სიცოცხლის ბოლომდე არ განელებულა. გრიგოლი ამის შესახებ წერდა: „ჩვენ ერთმანეთისთვის ვიყავით ყველაფერი: მეგობრებიც, თანამეინახენიც და ახლობლებიც. ერთი მიზნისკენ მიმავალთ სულ უფრო გვიღვივდებოდა ერთმანეთის სიყვარული, თითქოს ორივეს გვქონდა ერთი ინტერესი – სათნოება, და ერთი ძალისხმევა – განვრიდებოდით მიწიერს და გვეცხოვრა სამომავლო სიკეთეებისთვის“.

ათენი, როგორც პავლე მოციქულის დროს, ახლაც სავსე იყო კერპებით. ამაოებათა სიბრძნის ამ დედაქალაქში წარმართებს ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდათ. ამას სკოლების მასწავლებლებიც უწყობდნენ ხელს და ცდილობდნენ, ქრისტიანობა გონებრივი განვითარებისთვის საზიანო სწავლებად წარმოეჩინათ. ათენის სახელგანთქმული სასწავლებლების დამრიგებლების უმრავლესობას ცოდნისა და სწავლების სიყვარული იმდენად არ ამოძრავებდა, რამდენადაც ანგარება და პატივმოყვარება. ისინი ფუქსავატურად დასცინოდნენ ჭეშმარიტებას, ცდილობდნენ მეტი და მეტი მოწაფის მიზიდვას და მჭევრმეტყველებითა თუ გონებამახვილობით სახელის მოხვეჭას.

ბასილიმ და გრიგოლმა სწორად შეაფასეს, რაც ათენში ხდებოდა; არ მოხიბლულან ცრუ სიბრძნით, ზოგიერთი დამრიგებლის ფუჭი ენაწყლიანობით და მაღალი საზოგადოების თანამდევ სიამოვნებათა ბრწყინვალებით. მეცადინეობდნენ ბეჯითად, შრომობდნენ თავდაუზოგავად და გამუდმებით; ღვთისადმი სიყვარულით ფრთაშესხმულებმა არ იცოდნენ, რა იყო დაღლა ან გართობა. მეგობრობდნენ მხოლოდ თანამოაზრეებთან. ქალაქში მხოლოდ ორი გზა იცოდნენ: ერთი სასწავლებლის და მეორე – ეკლესიისკენ მიმავალი, სადაც ქრისტიანულ შეგონებებს ისმენდნენ. რადგან ჯერ არ იყვნენ ნათელღებულნი, საიდუმლოებში მონაწილეობის ნება არ ჰქონდათ (იმ დროს ჩვილთა მონათვლა საერთო ჩვეულებას არ წარმოადგენდა და ბევრი ზრდასრულ ასაკში ინათლებოდა).

უფალმა აკურთხა ორი ჭაბუკის შრომა და ისინიც მალე საუკეთესო მოწაფეები გახდნენ. მათ შორის ამაო მეტოქეობას ადგილი არ ჰქონია: თითოეულს საკუთარ წარმატებებზე მეტად მეგობრის წინსვლა უხაროდა და ყოველთვის მზად იყო პირველობის დასათმობად. მათ შეისწავლეს ფილოსოფია, ლოგიკა, რიტორიკა^ მოგვიანებით, უკვე ცნობილი მქადაგებელი – გრიგოლი ამბობდა: „სიტყვას ვფლობ, როგორც მსახური ღმერთი-სიტყვისა. ნებით არასოდეს უგულებელვყოფ ამ სიმდიდრეს, რომელსაც ვუფრთხილდები, და რაც მანუგეშებს უფრო მეტად, ვიდრე სხვებს ამქვეყნიური სიმდიდრენი“.

ათენში ხუთწლიანი ყოფნის შემდეგ ბასილი სამშობლოში დაბრუნდა. გრიგოლი დარჩა და რიტორიკის მასწავლებლის ადგილი დაიკავა. ბასილის გარდაცვლილი მამის ადგილი შესთავაზეს სკოლაში, მან კი უარი განაცხადა: უნდოდა პალესტინასა და ეგვიპტეში მოგზაურობა და ნახვა, თუ როგორ ცხოვრობდნენ მეუდაბნოე განდეგილები, რომელთა შესახებაც ბევრი რამ სმენოდა. მაგრამ ყველაზე მეტად მონათვლა ეწადა. მას შემდეგ, რაც ეპისკოპოსმა დიანიოსმა მონათლა და მედავითნედ დაადგინა, წავიდა იერუსალიმში და კრძალვით სცა თაყვანი მაცხოვრის საფლავს. შემდეგ ასკეტებიც მოინახულა, რომლებმაც მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს. მეუდაბნოეთა თავმდაბალი, ლოცვასა და შრომას მიძღვნილი ცხოვრება ბასილის ყველაზე ღვთისსათნო და ბედნიერ გზად მოეჩვენა.

დაბრუნების შემდეგ იგი დასახლდა მდინარე ირისის მახლობლად, ერთ განმარტოებულ, მშვენიერ ადგილზე, რომელიც დედამისისა და დის საცხოვრებელი სავანიდან შორს არ იყო. მდუმარებასა და განმარტოებულ ყოფაში მან ლოცვასა და სწავლას მისცა თავი. მალე მის გარშემო დასახლება იწყეს ასკეტებმა, რომელთაც ბასილი არ გაურბოდა, გულთბილად და სიყვარულით იღებდა; განდეგილობას მათთან ერთად ცხოვრება ამჯობინა, რადგან ჩათვალა, რომ ასე უფრო დაიცავდა ურთიერთისადმი ძმური სიყვარულის მცნებას.

ასე მოეწყო სავანე ბასილის წინამძღვრობით. მან მეგობარს ლამაზი სიტყვებით აღუწერა თავისი საცხოვრებელი გარემოს მშვენიერება და თავისთან მოიხმო იგი:

“ღმერთმა მიმითითა საცხოვრისი, როგორიც გულით მეწადა, როგორზეც ოდესღაც ვოცნებობდით. ეს არის ხშირი, უღრანი ტყით დაფარული მაღალი მთა, რომლის ჩრდილოეთ კალთაზე მომცრო მდინარე ჩამოდის. ძირში კი ნაკადულებით სავსე მშვენიერი ველია; ირგვლივ ციხე-სიმაგრესავით შემოზღუდულა ტყე, რის გამოც ჩვენი სამყოფელი კუნძულს ჰგავს. მას ღრმა ხევი ორად ყოფს. ერთ მხარეს მდინარე მოჩქეფს, მეორეზე მთა ხერგავს გზას. მხოლოდ ერთი გასასვლელი გვაქვს. ჩვენი სავანე მაღალ ადგილზეა და თვალწინ გვეშლება მთელი ველი, თავისი მდინარით. მშვენიერი სანახავია, როგორც სტრიმონის სანაპირონი. უკეთესი არაფერი მინახავს...“

ამ დროისთვის გრიგოლმა დატოვა ათენი და მოინათლა. მას ასკეტური ცხოვრება იზიდავდა და ძალიან უნდოდა, თავისი მეგობრის ახლოს დასახლებულიყო, თუმცა ნაზიანზში გარკვეული მოვალეობები აკავებდა – თუნდაც ის, რომ ღრმად მოხუცი მშობლები მარტონი იყვნენ. გრიგოლმა თავისი მისწრაფებები გაწირა და შეეცადა, მშობლებს შეშველებოდა: უვლიდა მამამისის მამულს, თვალყურს ადევნებდა სასოფლო სამუშაოებს, ზრუნავდა გადასახადების გადახდაზე... მას, მართალია, არ აკმაყოფილებდა ცხოვრების ახალი წესი, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მშობლებზე ზრუნვით ღვთისთვის სათნოდ იქცეოდა. ერთგან იგი წერს: „ვფიქრობდი, შენთვის მოსაწონი აღმესრულებინა, მეუფეო ჩემო, ქრისტე, რამეთუ შენი წყალობით ეძლევათ მოკვდავთ შვილები; ისინი ხდებიან მოხუცთა დამხმარენი, რომლებიც მათზე, როგორც კვერთხზე აყრდნობენ აცახცახებულ სხეულს“.

გრიგოლი იშვიათად მოინახულებდა ხოლმე ბასილის მის მშვენიერ უდაბნოში და ეს სტუმრობა უდიდესი ნუგეში იყო მეგობრებისთვის. ისინი ერთად ლოცულობდნენ, მუშაობდნენ, რგავდნენ ხეებს, სწავლობდნენ წმინდა წერილს, ადგენდნენ მონაზვნური ცხოვრების განაწესს. მოგვიანებით ამრიგად გატარებულ დღეებს გრიგოლი აღფრთოვანებითა დ გულდაწყვეტით იხსენებდა. ბასილისაც ამას სწერდა:

“ვინ დამიბრუნებს ჩვენს ლოცვებსა და მღვიძარებას? ვინ დამიბრუნებს ძმობის სიმშვიდესა და ერთსულოვნებას, საღვთო წერილის შესწავლასა და ნათელს, რაც სულიწმიდის შეწევნით ვპოვეთ მასში? ვინ აღმიდგენს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას – ქვათა თლას, ხეების რგვასა და მორწყვას? იყავი ჩემთან სულიერად და შემეწიე სათნოებაში წარმატების მისაღწევად. შენი ლოცვებით განმამტკიცე სიკეთეში, რომელიც ერთად შევიძინეთ“.

მეგობრებს შორის ჩვევად იქცა მიმოწერა, ბევრმა წერილმა ჩვენამდეც მოაღწია.

ბასილისაც მალე მოუხდა საყვარელი უდაბნოს მიტოვება. ეს ის დრო იყო, როდესაც კონსტანტინეს მფარველობის ქვეშ მყოფი არიანელები მეტისმეტად გაძლიერდნენ და ყველა საშუალებით ავიწროვებდნენ მართლმადიდებლებს. ბასილიმ თავის მოვალეობად ჩათვალა, წინ აღდგომოდა მათ მავნე გავლენას. 359 წელს სელევკიაში მოწვეულ კრებაზე ის, როგორც მედავითნე, შეუერთდა პონტოსა და კაპადოკიის ეპისკოპოსებს ჭეშმარიტების დასაცავად, მაგრამ მისი ძალისხმევა ამაო გამოდგა. ნაწილობრივ არიანელთაგან შეშინებული და ნაწილობრივ მათი ცბიერებით მოტყუებული ეპისკოპოსების უმრავლესობამ ხელი მოაწერა არამართლმადიდებლურ სიმბოლოს. სხვათა შორის, ასე მოიქცნენ კესარიის ეპისკოპოსი დიანიოსი და გრიგოლის მამა, ნაზიანზის ეპისკოპოსი.

ამან ძალიან ატკინა გული ორივე მეგობარს. ისინი უდაბნოში დაბრუნდნენ და წერილობით იცავდნენ ჭეშმარიტებას. ბასილიმ გადმოსცა ეკლესიის სწავლება ძე ღვთისაზე, ჩამოაყალიბა წესები მწყემსთათვის, მთელი ძალით ცდილობდა თავისი მონაზვნების დაცვას ცრუსწავლების სენისგან. იგი დიანიოსს მხოლოდ მისი სიკვდილის წინ შეურიგდა, რადგან დარწმუნდა, რომ ეპისკოპოსი, რომელიც ნამდვილად უსინდისოდ მოატყუეს არიანელებმა, ნანობდა თავის საქციელს. ბასილიმ რამდენიმე წელი ისე დაჰყო უდაბნოში, რომ კესარიაში არ წასულა.

ამ დროისთვის გრიგოლი პრესვიტერად აკურთხეს. მის ღრმად მოხუც მამას სულ უფრო უჭირდა ეკლესიის მართვა, მით უმეტეს, რომ მრევლი აღაშფოთა მისმა თანხმობამ არიანელებთან. გრიგოლმა დაარწმუნა მამა, საჯაროდ ეღიარებინა მრწამსი და თავისი შეცდომა. ამით მან ეპისკოპოსი სამწყსოსთან შეარიგა.

ჩვენ ახლა ბასილისა და გრიგოლზე საუბარს დროებით შევწყვეტთ და მოგვიანებით დავუბრუნდებით.

 

    

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა