martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 29

მეცხრე დევნა. კრებები. ცრუსწავლებები.

 

მას შემდეგ, რაც ვალერიანე სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, მისმა ძემ გალიენუსმა (253-268 წწ.) მაშინვე გააუქმა ქრისტიანთა წინააღმდეგ გამოცემული მკაცრი კანონები, მისცა უფლება ღვთისმსახურების ჩატარებისა და ბრძანა, დაებრუნებინათ მათთვის ჩამორთმეული აკლდამებისა და სასაფლაოების ადგილები.

თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ ამიერიდან ქრისტიანებს საფრთხე აღარ დაემუქრებოდათ. ხელისუფლის ბრძანებები იმპერიის შორეულ კუთხეებამდე დიდხანს ვერ აღწევდა; აგრეთვე, პროკონსულებს, რომლებსაც თითქმის ხელმწიფის უფლებები ჰქონდათ, ყოველთვის შეეძლოთ მათთვის საძულველ ქრისტიანთა დახოცვა. ისინი ხშირად ითხოვდნენ მათგან რჯულისთვის შეუფერებელ საქციელს და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სჯიდნენ. ლეგიონებში კერპთაყვანისმცემელი მეთაურები ქრისტიან მეომრებს აიძულებდნენ წარმართული ფიცის დადებას, ან იმპერატორის პატივსაცემად რიტუალის ჩატარებას; ამას კი ქრისტიანები ეურჩებოდნენ.

ერთხელ, ქრისტიანთა დასაცავად გალიენუსის ბრძანების გამოცემის შემდგომ, კესარიაში დიდგვაროვან და მდიდარ ქრისტიან მეომარს, სახელად მარინოსს, ერთ-ერთი უმაღლესი სამხედრო ჩინი უნდა მიეღო. მაგრამ ხელისუფლის ერთგულების დასტურად მას ევალებოდა იმპერატორის კერპის წინ წარმართული რიტუალის შესრულება, რაზედაც მარინოსმა უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ქრისტიანი იყო. მაშინ პროკონსული სიკვდილით დაემუქრა და მოსაფიქრებლად სამი საათი მისცა. როგორც კი მარინოსი სამსჯავროდან გამოვიდა, მასთან მივიდა კესარიის ეპისკოპოსი თეოტეკნი, წაიყვანა ეკლესიაში, წინ დაუდო სახარება და მახვილი და უთხრა: „ამოირჩიე ორიდან ერთი!“ მარინოსმა სახარება აიღო. „დაე, გფარავდეს ღმერთი!“ – დალოცა ეპისკოპოსმა და მეომარი გაემართა პროკონსულთან და გაიმეორა აღიარება, რისთვისაც მახვილით განგმირეს. მისი გასისხლიანებული სხეული დაკრძალა სენატორმა ასტურიოსმა.

ამასობაში რომის იმპერიას თავს ახალ-ახალი განსაცდელები ატყდებოდა. ყველა ოლქში საშინელი არეულობა და შუღლი მძვინვარებდა, რასაც ერთვოდა შიმშილი, სნეულებანი და მიწისძვრები. მრავლდებოდნენ ძალაუფლების მაძიებელნი, რომლებიც ამბოხებებსა და მღელვარებებს აწყობდნენ: ზოგიერთი ოლქი, მათ შორის ბითვინია, კაპადოკია და ანტიოქია, დაიპყრო პალმირას დედოფალმა ზენობიამ; ბარბაროსთა ტომები კვლავ და კვლავ ავიწროებდნენ დასუსტებულ რომის იმპერიას; სკვითებმა და გოთებმა გაძარცვეს თრაკია, პონტო და მცირე აზიისა და საბერძნეთის სხვა ოლქები; სარმაელები დაეპატრონნენ პანონიას. გერმანული ტომები ხშირად ილაშქრებდნენ გალიაზე, ესპანეთსა და აფრიკაზეც კი. შინააშლილობით დასუსტებულ რომის იმპერიას აღარ შეეძლო გარეშე მტრების მოგერიება. მისი დიდებისა და ბრწყინვალების მზის ჩასვენების ჟამი დგებოდა...

უფლის ნებით, ეს უბედურებანიც ქრისტიანობის გავრცელებას უწყობდა ხელს. ბარბაროსებს ტყვედ ბევრი ქრისტიანი მიჰყავდათ, რომლებიც ყველგან და ყველა საშუალებით ემსახურებოდნენ უფალს, თავიანთ სარწმუნოებას უქადაგებდნენ გამარჯვებულებს, სათნო ცხოვრებით განაწყობდნენ მათ, ერწმუნათ ქრისტე. უფალი თავისი ძალმოსილებით ეხმარებოდა მქადაგებლებს, ანიჭებდა სასწაულების აღსრულების ძალას. ასე აღწევდა ქრისტიანობა შორეულ ქვეყნებში.

ეპისკოპოსები ყველგან სიმხნევის, შეუპოვრობისა და შვილებზე ზრუნვის მაგალითს იძლეოდნენ. ისინი შეგონებებითა და ეპისტოლეებით ამხნევებდნენ განსაცდელში მყოფ მოძმეებს, ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს, ურთიერთს რჩევა-დარიგებებს უზიარებდნენ. ერთხელ, როდესაც პონტოს ოლქს თავს დაესხნენ ბარბაროსები, იქაურმა ეპისკოპოსმა ათინოდორემ თავის ძმას, გრიგოლ საკვირველმოქმედს, რჩევა ჰკითხა, თუ როგორ მოპყრობოდა დაცემულ ქრისტიანებს. გრიგოლმა საეკლესიო მოწყობის წესები ჩამოაყალიბა კანონიკურ ეპისტოლეში „პონტოს პაპისადმი“, რომლიდანაც აშკარად ჩანს, თუ რა სიყვარულის, მშვიდობისა და თანხმობის სული სუფევდა ქრისტიანთა შორის. ამ ერთსულოვნებას ვერაფერს აკლებდა ის ფაქტიც, რომ ბევრ შემთხვევაში სხვადასხვა ოლქის ეკლესიები განსხვავებულ ტრადიციებს მისდევდნენ.

ამრიგად, ამ მღელვარებით აღსავსე ეპოქაში მხოლოდ ქრისტეს ეკლესია გვევლინება კეთილმოწყობის ნიმუშად, რაც ეფუძნება ყოველგვარ გარეგნულ კანონზომიერებაზე ძლიერ ორ საწყისს – ქრისტესადმი მორჩილებასა და ურთიერთისადმი ძმურ სიყვარულს.

ომებით გამოწვეულ ამდენ უბედურებას დაერთო 262 წლის საშინელი მიწისძვრა, რომელმაც რომის პროვინციების ნაწილი მოიცვა. მას მოჰყვა სახადი, რომელიც არნახული ძალით მოედო რომს, საბერძნეთსა და ეგვიპტეს – ამოწყდა მთელი ქალაქები. რომში იყო დღეები, როცა გარდაცვლილთა რიცხვი ხუთი ათასს აღწევდა, ალექსანდრიაში დაღუპულთა დასაფლავებას ვერ აუდიოდნენ. ქრისტიანები კი ამ უმძიმეს დღეებში დაუზარებლად და მონდომებით ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს.

წმინდა დიონისე ასე აღწერს იმდროინდელ ალექსანდრიაში განვითარებულ მოვლენებს: დევნას, შინაომს და სახადის მძვინვარებას:

“ახლა ყველა ცრემლად იღვრება, ყველა ქვითინებს, ქალაქში უამრავი დაიღუპა, იხოცებიან განუწყვეტლივ, მოისმის გმინვა. როგორც დაწერილია ეგვიპტელ პირმშოთა შესახებ: „იყო გოდებაჲ და ღაღადებაჲ დიდ... რამეთუ არა იყო სახლი, რომელსა შინა არა იდვა მკუდარი“ (გამოსლვ. 12,30). მარტო ეს განსაცდელი რომ იყოს?! ადრეც ბევრი საშინელება გადაგვიტანია – უმოწყალოდ გვდევნიდნენ, მაგრამ ყველასგან დევნულნი და სასიკვდილოდ განწირულნიც ვხარობდით. ნებისმიერი ჩვენი სამწუხარო შეკრება – იქნებოდა იგი სოფელში, უდაბნოში, ხომალდზე, თავშესაფარსა თუ საპყრობილეში, – იმავდროულად საზეიმოც იყო... შემდეგ დაიწყო ომი და შიმშილობა, მაგრამ ამასაც გავუძელით წარმართებთან ერთად... და აი – უცებ ეს სენი! – ნებისმიერ საშინელებაზე უსაშინლესი და ყოველგვარ უბედურებაზე დიდი უბედურება... მაგრამ ჩვენ, სხვა მოვლენათა მსგავსად, ისიც გამოვიყენეთ გამოსაცდელად და გამოსაწრთობად. სახადი არც ჩვენ აგვცდა, მაგრამ უფრო მეტად წარმართებს დაერია... მრავალი ჩვენი მოძმე, უდიდესი სიყვარულისა და კაცთმოყვარების გამო, თავს არ ზოგავდა და ზრუნავდა სხვებზე, თამამად მიდიოდა ავადმყოფებთან და უშიშრად უვლიდა მათ, ხალისით ჰბანდა წყლულებს, ემსახურებოდა ქრისტეს სახელით; მათთან ერთად კვდებოდა გადამდები სნეულებისგან; ბევრი მათგანი, ვინც ასე იზრუნა ავადმყოფებზე და ჯანმრთელობა დაუბრუნა მათ, თავად დაიღუპა... ზუსტად ამგვარად განუტევეს სული ჩვენს მოძმეთაგან საუკეთესოებმა. მათ შორის იყვნენ პრესვიტერები, დიაკვნები და ბევრი სანაქებო ერისკაციც. ასეთი სიკვდილი სულაც არ არის ნაკლები მოწამეობაზე, რადგანაც უდიდეს ღვთისმოსაობასა და რწმენის სიმტკიცეზე მიუთითებს. ისინი ხელს ხვევდნენ და მუხლებზე იწვენდნენ ცხედრებს, უხუჭავდნენ თვალებს და უხურავდნენ პირს, ბანდნენ და აცმევდნენ, შემდგ კი თავიანთი ზურგით მიასვენებდნენ... სრულიად სხვაგვარად იქცეოდნენ წარმართები: ისინი გარეთ ყრიდნენ დასნეულებულებს, გაურბოდნენ ყველაზე მახლობელ ადამიანებს, ცოცხალ-მკვდარ კაცს უპატრონოდ, ხოლო მიცვალებულებს დაუმარხავს ტოვებდნენ – მხოლოდ იმას ცდილობდნენ – გადამდებ სენსა და სიკვდილს როგორმე გაჰქცეოდნენ“.[1] ამ პერიოდში ეკლესიის სიმშვიდე რამდენიმე ცრუმასწავლებელმა დაარღვია. მათგან მთავარნი, საბელიოსი და პავლე სამოსატელი, მცდარად განმარტავდნენ წმინდა სამების არსს და არ განარჩევდნენ საღვთო პირებს (ე.წ. ანტიტრინიტარული ერესი). საბელიოსი ქადაგებდა პრაქსეასისა და ნოვატეს სახეშეცვლილ ცრუსწავლებას, რომლის წინააღმდეგ საუკუნის დასაწყისში იბრძოდნენ იპოლიტე, ორიგენე და სხვები. ამ მოძღვრების მიმდევრებს პატრიპასიანისტები ეწოდებათ. ისინი არ განარჩევდნენ საღვთო პირებს და ამტკიცებდნენ, რომ განკაცდა, ქალწულ მარიამისგან იშვა და ჯვარზე ივნო მამა ღმერთი. საბელიოსის ცრუსწავლებამ საკმაოდ მოიკიდა ფეხი ანტიოქიაში. მის წინააღმდეგ წერდა დიონისე ალექსანდრიელი, რომელიც აგრეთვე ეწინააღმდეგებოდა მაშინ გავრცელებულ შეხედულებას დედამიწაზე ქრისტეს ათასწლოვანი მეუფების დამყარების შესახებ.

ეკლესიის მამები ფხიზლად იცავდნენ ქრისტიანებს მეორე ცრუმასწავლებლის – პავლე სამოსატელის გავლენისგან, რადგან იგი, როგორც ანტიოქიის ეპისკოპოსი, უფრო საშიში იყო. პავლე სამოსატელი ქადაგებდა, რომ ძე და სულიწმიდა მკვიდრობს მამა ღმერთში ისევე, როგორც ადამიანში გონება და ძალა; რომ იესო უბრალო ადამიანი იყო. ამიტომ მან ეკლესიაში აკრძალა ქრისტეს სადიდებელ საგალობელთა გალობა და მისი სახელით მონათვლა. ამ დროს ანტიოქიას დაეპატრონა პალმირას დედოფალი ზენობია. ჭკვიანმა და ცბიერმა პავლემ მოახერხა მისი კეთილგანწყობის მოპოვება და დიდი ძალაუფლებითაც სარგებლობდა.

როგორც კი პავლე სამოსატელის ცრუსწავლება გაცხადდა, ეპისკოპოსებმა ანტიოქიაში მოიწვიეს კრება (264 წ.), რასაც სხვებთან ერთად ესწრებოდნენ: ფირმილიანე კაპადოკიელი, გრიგოლ საკვირველმოქმედი, მისი ძმა ათინოდორე და დიონისე ალექსანდრიელი. ამ შეკრებაზე პავლე სამოსატელმა უარყო თავისი ცდომილებანი, მაგრამ ეს დაგმობა მოჩვენებითი გამოდგა – შემდგომ მან კვლავ განაგრძო ცრუსწავლების დამკვიდრება. პავლე სამოსატელი ცხოვრობდა ფუფუნებაში, იყო ამაყი და პატივმოყვარე, აიძულებდა, ეკლესიაში მისი სადიდებელი ჰიმნები ეგალობათ, ეძიებდა ყოველგვარ ამსოფლიურ ჯილდოსა და უპირატესობას. მისი მაგალითი დამღუპველად მოქმედებდა ანტიოქიის დანარჩენ მღვდელმსახურებზე. ამ უწესობის მხილველი ურწმუნონი თავად ქრისტიანულ სარწმუნოებას კიცხავდნენ.

ბოლოს სხვადასხვა ეკლესიის ეპისკოპოსებმა საჭიროდ ჩათვალეს გადამჭრელი ზომების მიღება ამ ბოროტების აღმოსაფხვრელად. 269 წელს ისევ შეიკრიბა ანტიოქიის კრება. დიონისემ ავადმყოფობისა და სისუსტის გამო წასვლა ვერ შეძლო, მაგრამ წერილობით გაუგზავნა თავისი შეხედულებანი. გრიგოლ ნეოკესარიელი ცოტა ხნის წინ აღესრულა. ღრმად მოხუცი ფირმილიანე, მიუხედავად უძლურებისა, მაინც გაემგზავრა კრებაზე დასასწრებად, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. და მაინც, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ჩამოსულმა უამრავმა ეპისკოპოსმა მოიყარა თავი ანტიოქიაში. მათ მეორედ ამხილეს საბელიოსისა და პავლე სამოსატელის ერესები. პავლე დაამხეს და მის ადგილას დომნე აირჩიეს. ყოველივე ამის შესახებ ეპისტოლეებით ეცნობა რომისა და ალექსანდრიის ეპისკოპოსებს, აგრეთვე, ყველას ვინც ჩამოსვლა ვერ მოახერხა. ამ კრებაზე ქრისტეს მიმართ პირველად იქნა გამოყენებული გამოთქმა – ერთარსი მამისა.

პავლე სამოსატელს დედოფალ ზენობიას მფარველობის იმედი ჰქონდა და არ მოისურვა, კრებას დამორჩილებოდა, მაგრამ მოგვიანებით იძულებული შეიქნა, დომნესთვის დაეთმო ადგილი.

275 წელს იმპერატორმა ავრელიანემ გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც დაიწყო ქრისტიანთა მეცხრე დევნა. მაგრამ ავრელიანე მოკლეს და მისი მითითებების განხორციელებაც შეჩერდა. ამ დროს მარტვილობით განდიდებულთა შორის დავასახელებთ: წმინდა პავლესა და მის დას, იულიანას, რომლებიც პტოლემაიდაში საშინლად ტანჯეს, წმინდა კონონს, რომში აღსრულებულ წმინდა ქრისანთესა და დარიას. სამწუხაროდ, ჩვენი წიგნის მოცულობა საშუალებას არ გვაძლევს, დაწვრილებით მოგითხროთ ყველა მოწამეზე, რომელთა შესახებაც ცნობებმა ჩვენამდე მოაღწია.

ამავე პერიოდში სირიასა და პალესტინაში გავრცელება იწყო ახალმა ცრუსწავლებამ, რომელიც რამდენადმე ჰგავდა გნოსტიციზმს, მაგრამ უფრო მეტად აუკუღმართებდა ქრისტიანული სწავლების ჭეშმარიტებებს. ეს იყო მანიქეველობა, რომლის დამაარსებელი იყო მანი – წარმოშობით სპარსი. იგი ქადაგებდა ორი საწყისის: ნატიფი მატერიის, ანუ ნათლის, და ტლანქი მატერიის, ანუ ბნელის, არსებობას. ამ სწავლების თანახმად, ნათლის მეუფე ღმერთია, წყვდიადისა – დემონი, და ამ ორი საწყისის ურთიერთბრძოლამ წარმოშვა მთელი სამყარო. ადამიანის სხეული და სამშვინველი (სული გრძნობადი) შექმნა ბოროტმა საწყისმა. ღმერთმა, თავისი სიკეთის გამო, სულების გამოსახსნელად დედამიწაზე მოავლინა ქრისტე, რომელიც მზეზე მკვიდრობს. როდესაც იგი დედამიწას ტოვებდა, ხალხს აღუთქვა, რომ გამოუგზავნიდა ნუგეშინისმცემელს, ანუ პარაკლიტოსს; ეს უკანასკნელი არის მანი. იგი ასწავლიდა სხეულის, როგორც ბოროტი საწყისის დათრგუნვას, უარყოფდა მთელ ძველ აღთქმას, როგორც ბნელეთის მპყრობელის ნაღვაწს და დაწერა თავისი სახარება.

მანის აზრით, განწმენდილი სულები სიკვდილის შემდეგ დამკვიდრდებიან მზეზე ან მთვარეზე, უწმინდურთა სულები კი ცხოველებში ჩასახლდებიან. ამიტომაც მანის მიმდევრები უარს აცხადებდნენ ცხოველების საკვებად გამოყენებაზე და მკაცრ მარხვას იცავდნენ, მაგრამ მაღალი ზნეობით არ გამოირჩეოდნენ და იოლად გადააბრალებდნენ ხოლმე თავიანთ მანკიერებებსა და შეცოდებებს ბოროტი სულის ძალას. მანი ცდილობდა, გარეგნულად მიებაძა ქრისტიანული ღვთისმსახურებისთვის; უამრავი მოწაფეც დატოვა, რომელთაგან თორმეტს „მოციქულები“ ეწოდებოდათ.

მანიქეველობამ – ამ ცრუმოძღვრებამ, რომელიც ამხილეს ქრისტიანებმა და დევნეს წარმართებმა, კიდევ დიდხანს იარსება გნოსტიკურ სწავლებასთან ერთობაში და თანდათან საკმაოდ დიდი ძალაც მოიპოვა. თავად მანი სპარსეთის მეფის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.

 

[1] ევსები კესარიელი, "ეკლესიის ისტორია", წ. 7, თ. 22.

 

    

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა