martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 28

მერვე დევნა. წმინდა კვიპრიანეს განდევნა და აღსასრული. წმინდა არქიდიაკონი ლავრენტი. მცირე აზიის მოწამენი. წმინდა დიონისე ალექსანდრიელის წამება.

 

გალიუსის შემდეგ ტახტს დაეუფლა ვალერიანე (253-259 წწ.). რომელიც თავდაპირველად სწყალობდა ქრისტიანებს. მასთან დაახლოებულ მაკრინუსს კი სძულდა ისინი და ცილისწამებითა და წაქეზებით მიაღწია, რომ ხელისუფალმა 257 წელს განაახლა ქრისტიანთა დევნა. ეს რიგით მერვე დევნა იყო. ხელისუფალი ბრძანებდა: „ეპისკოპოსები, პრესვიტერები და დიაკვნები სიკვდილით დაისაჯონ; სენატორებსა და წარჩინებულ ქრისტიანებს ჩამოერთვათ წოდება და ქონება; და თუ ისინი მაინც ქრისტიანებად დარჩებიან, დაისაჯონ; კეთილშობილი წარმომვლობის დედაკაცებს ქონება ჩამოართვან და დაატუსაღონ; დანარჩენები ბორკილდადებულები, დაცვის თანხლებით, მაღაროებში გაგზავნონ“. ამავე ბრძანებით იკრძალებოდა ყველა საიდუმლო შეკრება, განსაკუთრებით კატაკომბებში და სასაფლაოებზე. ცნობილი იყო, რომ ქრისტიანები ღვთისმსახურების აღსასრულებლად ხშირად იკრიბებოდნენ გარდაცვლილ მოძმეთა საფლავებზე. ხოლო დევნის დროს კატაკომბები მათი თავშესაფარიც იყო და ეკლესიის დანიშნულებაც ჰქონდათ.

როგორც კი ბრძანებამ კართაგენში ჩააღწია, პროკონსულმა იხმო კვიპრიანე, ხელისუფლის ნება განუცხადა და მოსთხოვა, თავადაც განდგომოდა ქრისტეს და დაესახელებინა ეკლესიის მსახურნი. პასუხი ასეთი იყო:

– მე ქრისტიანი ვარ და ამასთან ეპისკოპოსი. მწამს ერთი ღმერთი, რომელსაც ვევედრები იმპერატორების[1] კეთილდღეობას. მე ჩემი აღმსარებლობის მტკიცე ერთგული ვრჩები!

პროკონსული დაემუქრა განდევნით და ისევ მოსთხოვა პრესვიტერების სახელების ჩამოთვლა. კვიპრიანემ მიუგო:

– არ არსებობს განდევნა მისთვის, ვის გულშიც ღმერთი მკვიდრობს. პრესვიტერების პოვნა თუ გსურს, ყველა თავის ადგილზეა. საკუთრივ თქვენივე კანონები გვიკრძალავს დასმენას, ხოლო ჩვენი წესებით გვეკრძალება, თავი განგებ მოგცეთ საწამებლად. ისე მოიქეცი, როგორც ნაბრძანები გაქვს.

პროკონსულმა კვიპრიანე ზღვისპირა ქალაქ კურუბისში გადაასახლა, საიდანაც ეპისკოპოსს არ შეუწყვეტია მიმოწერა ქრისტიანებთან – არიგებდა და რჩევებს აძლევდა, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, რითაც შეეძლო, ამარაგებდა ყოველივე აუცილებლით, უგზავნიდა გამამხნევებელ წერილებს. ერთ-ერთ მათგანში იგი წერდა:

“ბედნიერებაა, რომ ამჟამად ბორკილდადებული ჩემი ფეხები მალე დაასრულებენ ქრისტესკენ მიმავალ დიდებულ გზაზე სვლას! დაე, სცადოს თქვენი შებორკვა ბოროტებამ და სიძულვილმა; მაგრამ ამა სოფლისა და მისი მწუხარებიდან თქვენ მალე გადაინაცვლებთ ზეციურ სამეფოში. მაღაროებში ვერ იპოვით სარეცელს, რათა დაასვენოთ ქანცგაწყვეტილი თქვენი სხეული. მაგრამ ქრისტე იქნება თქვენი განსვენება. მცირედ გეძლევათ პური, მაგრამ „არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“.

თავად კვიპრიანე სიხარულითა და სიმშვიდით ელოდა სიკვდილს. კურუბისში ჩასვლის დღეს უფალმა მას ამცნო, რომ ზუსტად ერთი წლის შემდეგ გაიღებდა სიცოცხლეს ქრისტესთვის. არ გასულა ერთი წელიწადი, რომ განდევნილი კვიპრიანე დააბრუნეს და კართაგენის მახლობლად მდებარე სახლში ცხოვრების ნება დართეს. ყველა ელოდა, რომ მალე სამსჯავროზე გამოიძახებდნენ. ზოგიერთმა წარმართმა მოხელემ, რომლებიც მას პატივს სცემდნენ, შესთავაზა გაქცევაში დახმარება, მაგრამ კვიპრიანემ უარი განაცხადა. იგი აუღელვებლად ადევნებდა თვალყურს ეკლესიის საქმეებს, ჰქონდა მიმოწერა რომთან, სადაც დევნა დღითიდღე მძაფრდებოდა, და მიღებულ ცნობებს დანარჩენ ეპისკოპოსებს აუწყებდა – „რათა ყველა ფიქრობდეს სიკვდილზე, უფრო მეტად უკვდავებაზე, და სიხარულით და რწმენით მოელოდნენ აღსასრულს“, – ამბობდა იგი.

კვიპრიანეს დროც დადგა. ოლქის პროკონსულმა – გალერიუს მაქსიმუსმა მცველებს თავის ქალაქგარე მდებარე სახლში მიაყვანინა ეპისკოპოსი. პროკონსული თავს შეუძლოდ გრძნობდა, ამიტომ დაკითხვა დილისთვის გადადეს. კვიპრიანეს მთელი ღამე უნდა გაეტარებინა ერთი წარმართი მოხელის სახლში. შენობას უამრავი ხალხი შემოეხვია, მივიდნენ მისი მეგობრებიც. ეპისკოპოსი დიდხანს ესაუბრებოდა ქრისტიანებს. ვინც ვერ მოახერხა სახლში შესვლა, ცდილობდა ეზოდან დაენახა და მოესმინა ყველასთვის საყვარელი მოძღვრის საუბარი.

გამთენიისას კვიპრიანე დასაკითხად წაიყვანეს, მას ყველა იქ მყოფი უკან გაჰყვა.

– შენ ხარ ფასციუს ცეცილიუს კვიპრიანე, ამ ურჯულოთა პაპი?[2] – ჰკითხა გალერიუსმა.

– მე აქაური ქრისტიანების ეპისკოპოსი ვარ, – უპასუხა კვიპრიანემ.

– ჩვენი ხელისუფალნი გიბრძანებენ, თაყვანი სცე ღმერთებს!..

– ამის ჩადენა არ შემიძლია!

– დაფიქრდი, რა მოგელის...

– ჩემი უსაფრთხოებაცა და ციხესიმაგრეც იესო ქრისტეა, ვისაც ვემსახურები. ჰქმენ, რაც ნაბრძანები გაქვს, მე მზად ვარ!

– შენ ურჯულოდ ცხოვრობდი, გარს შემოიკრიბე უღმერთო მეამბოხეები. ღმერთების მტერი იყავი და ხელისუფალთა ბრძანებას ეურჩებოდი – შენ უღმერთოთა მამა და წინამძღოლი ხარ. დაე, შენმა სიკვდილმა ასწავლოს სხვებს თავიანთი მოვალეობის შესრულება! – უყვირა განრისხებულმა პროკონსულმა და ბრძანა:

– მახვილით მოჰკვეთეთ თავი ფასციუს კვიპრიანეს!

– მადლობა ღმერთს! – შესძახა ეპისკოპოსმა.

ხალხი აჩოჩქოლდა. აქა-იქ გაისმა ხმები: „ჩვენ ჩვენს ეპისკოპოსთან ერთად დავიხოცებით!“ კვიპრიანე მშვიდად და სიხარულით გაემართა დასასჯელად, ხალხიც თან მიჰყვა. დასჯის ადგილას მისულმა თავად გაიხადა ზედა სამოსი, მუხლი მოიყარა, ილოცა, აკურთხა ერი და დაუბარა, ჯალათისთვის 25 მონეტა მიეცათ. შემდეგ თვითონ აიხვია თვალები, დახარა თავი და ჯალათმაც აღასრულა განაჩენი. ქრისტიანებმა მისი ცხედარი წაასვენეს და კრძალვით მიაბარეს მიწას.

კვიპრიანეს მოქცევიდან მის სიკვდილამდე სულ თორმეტი წელიწადი გავიდა, მაგრამ ამ მოკლე პერიოდში მან, ღვთის შეწევნით, ბევრის გაკეთება მოასწრო მოძმეთათვის. მისი მაგალითი და დარიგებანი დიდ გავლენას ახდენდა სამწყსოზე, რომელსაც იგი მამასავით უყვარდა. კვიპრიანემ დატოვა მრავალი თხზულება და სამოცდაათამდე წერილი, რომლებიც ცხად წარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელი ეკლესიის მდგომარეობაზე.

რომში დევნა მეტისმეტად გამძაფრდა – ეპისკოპოსი სტეფანე მაშინ მოკლეს, როდესაც ლიტურგიას აღასრულებდა. მის მემკვიდრედ აირჩიეს წარმოშობით ბერძენი სიქსტი, მაგრამ მასაც არ უცოცხლია დიდხანს. როდესაც ვალერიანეს ბრძანებით იგი დასასჯელად წაიყვანეს, სასიკვდილოდ მიმავალს გზად შემოხვდა არქიდიაკონი ლავრენტი, რომელმაც მის დანახვაზე შეჰყვირა:

– მამო, სად მიხვალ უშვილოდ – ეპისკოპოსი ღვთისა თავისი არქიდიაკონის გარეშე?! როდის შეგიწირავს მსხვერპლი უჩემოდ?! მეც თან წამიყვანე!

– შვილო ჩემო, მე არ მიგატოვებ. მოხუცი ვარ და იოლი სიკვდილი მერგო, შენ უფრო სასტიკი წამება გელის. სამი დღის შემდეგ გამომყვები, მანამდე კი დარჩენილი ქონება ღატაკებს დაურიგე.

ლავრენტიმ ეპისკოპოსის ბრძანება შეასრულა: მოინახულა უამრავი ქრისტიანი, რომლებიც კატაკომბებსა და მიწისქვეშეთში იმალებოდნენ, ყველა გაჭირვებულს უხვად დაურიგა შემწეობა ეკლესიაში საამისოდ შენახული ფულიდან. ამასობაში ეს ამბავი გახმაურდა და რომის პრეფექტთან იჩივლეს, თითქოს ლავრენტიმ ეკლესიიდან მოიპარა და გადამალა ოქროს ძვირფასი ჭურჭელი.

ამ პერიოდში უამრავმა შეძლებულმა და დიდგვაროვანმა უკვე მიიღო ქრისტიანობა და ამის შესაბამისად რომის ეკლესია გამდიდრდა. გარკვეული დროიდან ღვთისმსახურების აღსრულებისას დაიწყეს ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლის გამოყენებაც. დაახლოებით 200 წელს ეპისკოპოს ურბანოსის ბრძანებით მინის ჭურჭელი ოქრო-ვერცხლისგან დამზადებულით შეცვალეს. თავისი სიმდიდრის უდიდეს ნაწილს რომის ეკლესია ხარჯავდა ღატაკების, მოხუცებისა და ქვრივ-ობლების სარჩენად. იგი ოდითგანვე განთქმული იყო თავისი ქველმოქმედებით და აღნიშნული პერიოდისთვის ათას ხუთასამდე ღატაკს ინახავდა.

პრეფექტმა ლავრენტის საპყრობილეში ჩასმა ბრძანა. შემდეგ თავისთან იხმო და ჰკითხა, თუ სად დამალა ეკლესიის სიმდიდრე.

– თუ მიბრძანებ, ახლავე შევაგროვებ და მოგიტან, – მიუგო ლავრენტიმ.

ის გაუშვეს, მან შეკრიბა ყველა ღატაკი, რომლებსაც ეკლესია არჩენდა, მიიყვანა მმართველის ეზოში და უთხრა:

– აი, განძი ქრისტიანული ეკლესიისა!

პრეფექტმა ეს დაცინვად ჩათვალა, განრისხდა და ბრძანა ლავრენტის წამება, რასაც დიაკონმა უჩვეულო სიმამაცით გაუძლო. გვემის დროს მმართველი არწმუნებდა, განდგომოდა ქრისტეს, ჩამოეთვალა ქრისტიანთა სახელები, მაგრამ ლავრენტიმ უპასუხა, რომ არც ერთს და არც მეორეს არ ჩაიდენდა.

– იმ სიმდიდრის იმედი ხომ არ გაქვს, რომელიც დამალე, ის ვერ გიხსნის სიკვდილისგან, თუ ჩემს ბრძანებას არ შეასრულებ, – დაემუქრა პრეფექტი.

– ქრისტეს მონებს მე არ დავასახელებ, საგანძურის იმედი კი ნამდვილად მაქვს.

– როგორ? ფიქრობ რომ სასჯელისგან დაიხსნი თავს ოქრო-ვერცხლით?

– მე ქრისტეს მონა ვარ, მას ვსასოებ. ვიცი, რომ მან თავის მსახურებს ზეციური საგანძური განუმზადა.

პრეფექტმა ბრძანა, კიდევ მეტად ეწამებინათ ლავრენტი, მაგრამ მისი სიმტკიცე და რწმენა ვერ შეარყია ვერც საპყრობილეში გამომწყვდევამ, ვერც უსაშინლესმა ტანჯვამ.

– ქრისტიანული რჯული ის არის, რომ არ გეშინოდეს წამებისა და თაყვანი არ სცე ღმერთებს? – ჰკითხა პრეფექტმა.

– რჯული ჩემი მასწავლის, შევიცნო და თაყვანი ვცე ჩემს ღმერთს, უფალ იესო ქრისტეს. მას ვსასოებ და არ მეშინია წამებისა.

– მთელ ღამეს გაწამებ! – დაემუქრა განრისხებული მმართველი.

– ეს ღამე ჩემთვის უკუნი არ იქნება, მას ნათელი გააცისკროვნებს.

ბოლოს პრეფექტმა უსასტიკეს წამებას მიმართა: მოიტანეს ცეცხლზე გავარვარებული რკინის ცხაური და ზედ დააწვინეს ნატანჯი მოწამე. ლავრენტიმ ამასაც გაუძლო და ცალ გვერდზე მწოლარემ მტარვალებს მიმართა: „უკვე შეიწვა, გადაბრუნების დროა“. ამ საშინელი მარტვილობის დროს სახე სიხარულით უბრწყინავდა და გამუდმებით ადიდებდა და ჰმადლობდა ღმერთს. ხმამაღლა ევედრებოდა უფალს, შეენდო მისი მტრებისთვის და ამ ლოცვით აღესრულა...

ლავრენტიმ საპყრობილეში მოაქცია წარმართი, სახელად იპოლიტე. იგი ღამით რამდენიმე ქრისტიანთან ერთად მივიდა მოწამის ცხედრის წასასვენებლად, მაგრამ შეიპყრეს; – ის და მისი სახლეული წამებით დახოცეს. ასევე მოკლეს ახალგაზრდა მეომარი, სახელად რომანოზი, რომელიც ლავრენტის წამებისა და სიმამაცის ხილვამ მოაქცია.

წმინდა ლავრენტი წარმოშობით ესპანელი იყო. იქ ცოტა ხნის წინ დაიწყო გავრცელება ქრისტიანულმა სწავლებამ და ვალერიანესგან დევნის დროს ბევრი იქაური ქრისტიანი შეუერთდა მარტვილთა დასს. სატუსაღოში მრავალი წარმართი მოაქციეს ეპისკოპოსმა ფრუქტუოსმა და ორმა დიაკონმა – აუგურმა და ევლოგიმ – რომლებიც ბოლოს კოცონზე დაწვეს. სიკვდილის შემდგომ ისინი გამოეცხადნენ მას, ვინც სიკვდილი მიუსაჯა, და უთხრეს: „გეგონა, ფერფლად გვაქცევდი, აჰა, გვიხილე ცოცხლები და დიდებით გასხივოსნებულნი!“

დევნა მძვინვარებდა გალიაშიც: პარიზის მახლობლად მოწამებრივად აღესრულნენ ეპისკოპოსი დიონისე, პრესვიტერი რუსტიკე და დიაკონი ელეფთერი. მათი თავმოკვეთილი ცხედრები ქრისტიანებმა დაასაფლავეს მთის ფერდობზე, რომელსაც იმ დროიდან „მოწამეთა მთა“ ეწოდა (მონტ დეს მარტყრს). ამ დევნამ ვერ შეუშალა ხელი ქრისტიანობის დამკვიდრებას გალიაში – ლიმოჟში, ნარბონში, კლერმონში, არლში, ტულუზასა და პარიზში უკვე არსებობდა ეპისკოპოსის კათედრები. ქრისტიანობამ ასევე გაიდგა ფესვები გერმანიაშიც: კელნისა და ტრირის ეკლესიები მესამე საუკუნეში დაარსდა, ვალერიანესგან დევნის დროს გერმანიაში ტანჯვით აღესრულა პროვატე. იტალიის ქალაქ ნოლაში სარწმუნოებისათვის გაიღეს სიცოცხლე – ეპისკოპოსმა მაქსიმემ და პრესვიტერმა ფილიპემ.

დევნამ, რა თქმა უნდა, არც აღმოსავლეთი – ქრისტიანობის ეს აკვანი – დაინდო. მცირე აზია უამრავ მარტვილს ითვლიდა. კაპადოკიის კესარიაში თექვსმეტი წლის ყმაწვილმა კირილემ ყველა განაცვიფრა რწმენითა და შეუპოვრობით. წარმართი მამა კირილეს უსასტიკესად ექცეოდა მას შემდეგ, რაც მისი გაქრისტიანება შეიტყო: ხშირად სცემდა, აშიმშილებდა... ბოლოს როცა დარწმუნდა, რომ ვერაფერს გააწყობდა, სახლიდან გააგდო. წარმართი მეგობრებიც დასცინოდნენ, მაგრამ ჭაბუკი ამას არად აგდებდა და ქრისტეს ერთგული რჩებოდა. ბოლოს იგი მსაჯულმა იხმო და მისი დარიგება სცადა:

– შვილო ჩემო, თუ შეინანებ, გაგიშვებ, მამაშენსაც ვთხოვ, გაპატიოს და სახლში მიგიღოს. გახსოვდეს, რომ შენი მამის სიმდიდრეზე მემკვიდრეობის უფლებას კარგავ.

– უფალი მიმიღებს. მამაჩემმა თავისი სახლიდან გამომაგდო, ღმერთი კი მარადიულ სამკვიდრებელს მომცემს. მე არ მეშინია სიკვდილისა – ის უკეთეს ცხოვრებას მარგუნებს!

მსაჯული წამებით დაემუქრა, მაგრამ რადგან ამანაც ვერ შეაშინა ჭაბუკი, ბრძანა – შეეკრათ და დასჯის ადგილას მიეყვანათ – იმედოვნებდა, რომ ამით გატეხდა მას. კირილეს ვითომ მისთვის გამზადებული კოცონიც აჩვენეს, მაგრამ ამაოდ; შემდეგ ისევ მსაჯულთან დააბრუნეს, რომელიც კვლავ და კვლავ არწმუნებდა, დაეგმო ქრისტე, მაგრამ ჭაბუკი იმეორებდა: „მე არ მეშინია სიკვდილისა, უფალი უკეთეს ცხოვრებას მომაგებს“. ბოლოს, როდესაც კირილეს სიკვდილი მიუსაჯეს, მან აცრემლებულ დამსწრეთ მიმართა: „რად ტირით? უნდა გიხაროდეთ ჩემი ტანჯვა, თუმც თქვენ არც იცით, რაოდენი სასოება მაქვს და სად მივდივარ“. შემდეგ თავისი ნებით ავიდა კოცონზე და ცეცხლში მოწამებრივად აღესრულა. ამის მხილველნი დიდხანს ლაპარაკობდნენ ჭაბუკის გაუტეხელობაზე, განსაკუთრებით გაოცებულნი იყვნენ წარმართები, რომლებმაც არც კი იცოდნენ, თუ რა უჩვეულო ძალის მონიჭება შეუძლია რწმენას.

ანტიოქიაში ცხოვრობდნენ მღვდელი საპრიკიოსი და ერისკაცი ნიკიფორე. ისინი ერთმანეთთან მეგობრობდნენ, მაგრამ რაღაცის გამო წაიჩხუბნენ და ურთიერთსიყვარული მტრობად შეეცვალათ. ნიკიფორე პირველი მიხვდა, რომ სიძულვილის გრძნობა ღვთის წინაშე ცოდვა იყო, შეინანა და საპრიკიოსთან შერიგება სცადა, მაგრამ ამ უკანასკნელს გაგონებაც არ სურდა.

როდესაც დევნა დაიწყო, საპრიკიოსი, როგორც მღვდელი, ერთ-ერთი პირველი დააპატიმრეს. მან მტკიცედ განაცხადა, რომ ქრისტიანია და არასოდეს განუდგება უფალს, რისთვისაც გვემეს, გაასამართლეს და სიკვდილით დასასჯელად წაიყვანეს. ეს რომ შეიტყო ნიკიფორემ, შეეგება მას, მუხლებში ჩაუვარდა და ისევ შერიგება სთხოვა. განრისხებულმა საპრიკიოსმა ზურგი აქცია, მაგრამ ნიკიფორემ უკან აღარ დაიხია, მიჰყვა და ქრისტეს სახელით დაჟინებით ევედრებოდა მიტევებას. საპრიკიოსის თანმხლებ მეომრებს უკვირდათ ნიკიფორეს დაჟინებული თხოვნა და ეუბნებოდნენ: „ასე რატომ გამოიდე თავი? ეს ადამიანი სასიკვდილოდ მიდის და უკვე ვეღარაფერს დაგიშავებს. რაში გჭირდება მისგან პატიება?!“

მაგრამ ნიკიფორეს ქრისტიანული სიყვარულის გამო სურდა, მეგობარი სიკვდილის წინ შერიგებოდა მას: „ღმერთმა თავად უწყის, თუ რა მსურს ქრისტეს აღმსარებლისგან“.

როდესაც სასჯელის აღსრულების ადგილას მივიდნენ, ნიკიფორემ ისევ დაუჩოქა საპრიკიოსს და შეჰღაღადა: „გევედრები, ქრისტეს მოწამეო, მომიტევე, თუ მე, როგორც კაცმა, ვცოდე შენს წინაშე. გემუდარები ქრისტეს სახელით, რომელმაც ბრძანა: მიუტევეთ და მოგეტევებათ. მე შენ შენდობას გთხოვ“.

საპრიკიოსმა ამჯერადაც შეაქცია ზურგი, არ მოისურვა მოძმის პატიება და უფალმა დასაჯა კიდეც იგი – უეცრად წაართვა ძალა და სულიერი სიმტკიცე; როდესაც დასჯის იარაღი დაინახა, შეშინდა და შესძახა:

– ნუ დამსჯით, შევწირავ ღმერთებს მსხვერპლს!

– რას ჩადიხარ, საყვარელო ძმაო?! გემუდარები, გონს მოდი, ნუ იტყვი ზეცაში შენთვის განმზადებულ გვირგვინზე უარს! – შეევედრა შეძრწუნებული ნიკიფორე.

მაგრამ სულმოკლეობითა და შიშით ძლეულმა საპრიკიოსმა ისევ გაიმეორა განდგომის სურვილი. ნიკიფორე დარწმუნდა, რომ მისი ვედრება და რჩევა ამაო იყო, ამიტომაც შეჰყვირა:

– მე ვარ ქრისტიანი, მე დამსაჯეთ!

საპრიკიოსი გაათავისუფლეს, როგორც სარწმუნოებისგან განდგომილი, ხოლო ნიკიფორეს წილად ხვდა ბედნიერება, ქრისტესთვის მომკვდარიყო.

ალექსანდრიის ეპისკოპოსმა დიონისემაც იმარტვილა დევნის დროს, რაც მან თავად აღწერა დაწვრილებით და რომელიც გადმოსცა ისტორიკოსმა ევსები კესარიელმა. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ დევნა ალექსანდრიაში მეტისმეტად მკაცრი იყო: ოლქის პრეფექტმა, ემილიანემ მოიხმო დიონისე, პრესვიტერი მაქსიმე და სამი დიაკონი და სცადა მათი დარწმუნება, დამორჩილებოდნენ იმპერატორის ბრძანებას, ანუ თაყვანი ეცათ ღმერთებისთვის. დიონისემ უპასუხა:

– გვმართებს, უმეტესად ვისმინოთ ღვთისა, ვიდრე ადამიანისა. ჩვენ თაყვანს ვცემთ ერთ ღმერთს, შემოქმედს სამყაროსი, რომელმაც მიწიერი მეუფება იმპერატორებს მიანდო. ჩვენ ღმერთს მივაგებთ პატივს, მას ვცემთ თაყვანს და მასვე ვევედრებით, ხელისუფალთ უშფოთველი მმართველობა ჰქონდეთ.

– რა გიშლით ხელს, რომ თაყვანი სცეთ თქვენს ქრისტესაც და ჩვენს ღმერთებსაც? – ჰკითხა ემილიანემ.

– ჩვენ არ შეგვიძლია თაყვანი ვცეთ სხვა ღმერთს, გარდა ჭეშმარიტი ღმერთისა, – მიუგო დიონისემ.

მაშინ ემილიანემ ხელისუფლის მიმართ უმადურობა უსაყვედურა და მას და მასთან მყოფთაც განდევნა მიუსაჯა. ისინი ლიბიაში, უდაბნოსთან ახლომდებარე სოფელში გადაასახლეს, სადაც ცხოვრება თითქმის შეუძლებელი იყო. არც დიონისეს ავადმყოფობას მიაქცია ვინმემ ყურადღება; გადასახლებულ ქრისტიანებს მუდმივი, მკაცრი მეთვალყურეობა დაუწესეს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, ექადაგათ სახარება და თავიანთი დევნულებაც სარწმუნოების გასავრცელებლად გამოეყენებინათ. დიონისე წერდა:

“უფალმა განგვიღო კარი მისი სიტყვის საქადაგებლად. ჯერ გვდევნიდნენ და გვქოლავდნენ, მერე კი არცთუ ცოტა წარმართმა მიატოვა თავიანთი კერპები და მოიქცა. თითქოს ზუსტად ამისთვის მიგვიყვანა ღმერთმა კერპთაყვანისმცემლებთან. როგორც კი ეს მსახურება აღვასრულეთ, იქიდან წამოგვიყვანეს კიდეც „.

ქადაგებით მიღწეული წარმატების ამბავმა განარისხა ოლქის მმართველი და განდევნილები სხვაგან, სრულიად უკაცრიელ მარეოტის უდაბნოში გადაიყვანა, მაგრამ ისინი აქაც თავდადებით ემსახურებოდნენ ღმერთს. დიონისეს მეუდაბნოეობა სამ წელიწადს გაგრძელდა, იგი ალექსანდრიაში მხოლოდ ვალერიანეს სიკვდილის შემდგომ დაბრუნდა.

ვალერიანეს აღსასრული შესაბრალისი იყო: 259 წელს იგი დამარცხდა სპარსელებთან ბრძოლაში და ტყვედ ჩაუვარდა მეფე შაბურ I-ს, რომელიც ამცირებდა და შეურაცხყოფდა, ხანგრძლივი ტყვეობის შემდეგ კი მოაკვლევინა.

 

[1] ვალერიანესთან ერთად ტახტზე იჯდა მისი ძე გალიენუსი.

[2] წოდება "პაპი" ენიჭებოდა განურჩევლად ყველა ეპისკოპოსს. რომის ეკლესია თავის წერილებში კვიპრიანეს უწოდებს "უწმიდეს პაპს".

 

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა