martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 25

ეკლესიის მამები და მწერლები. წმინდა გრიგოლ საკვირველმოქმედი.

 

შევეხოთ წმინდა მამებს, რომლებიც იმავე ეპოქაში უმაღლეს სათნოებათა მაგალითებს უჩვენებდნენ მსოფლიოს და მთელი ძალისხმევით უკუაგდებდნენ ჭეშმარიტებაზე ყოველგვარ თავდასხმას – ამიტომაც იწოდებიან ისინი ეკლესიის მამებად.

წმინდა იპოლიტე, ირინეოსის მოწაფე, ეპისკოპოსი იყო რომის მახლობლად მდებარე ქალაქში, რომელსაც ზოგი უწოდებდა ოსტიას, ზოგი პორტოს. იგი დიდი გულმოდგინებით ამხელდა ნოვატეს, რომელიც გარდა იმისა, რომ უკუღმართად ასწავლიდა წმინდა სამების შესახებ, სხვებთან ერთად რომის ორი ეპისკოპოსი: ზეფირინუსი და კალისტე მიიმხრო. იპოლიტემ დაგვიტოვა ერესების მამხილებელი ბევრი მნიშვნელოვანი ნაშრომი, წმინდა წერილის განმარტებანი, საუბრები დღესასწაულთა შესახებ; თავი მოუყარა სამოციქულო ღვთისმსახურების წესებს და შეადგინა პასქალური ციკლი. იპოლიტეს გარდაცვალების წელი უცნობია, მხოლოდ ვიცით, რომ მოწამებრივად აღესრულა და მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „დაე, მათ დაგლიჯონ ჩემი ასონი, ხოლო შენ, ქრისტე, მიიღე სული ჩემი!“

წმინდა სერაპიონ ანტიოქიელი თავგამოდებით ებრძოდა მონტანისტებს, ალექსანდრე ანტიოქიელმა კი სახელი გაითქვა უმწიკვლო ცხოვრებითა და მოწამებრივი აღსასრულით. წმინდა დიონისე ალექსანდრიელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მწყემსი იყო – ჩვენ კიდევ არაერთხელ ვახსენებთ მას. იერუსალიმის ტახტი თანმიმდევრობით ეკავათ ორ წმინდა მამას: ნარკისესა და ალექსანდრეს. პირველ მათგანზე შთამბეჭდავი მონათხრობია შემონახული: საყოველთაოდ ცნობილი იყო მისი უმწიკვლო ცხოვრება, მაგრამ გამოჩნდნენ ბოროტი ადამიანები და ცილი დასწამეს, თანაც თავიანთი ბრალდება ცრუ ფიცით დაადასტურეს. ერთი ამბობდა: თუ ვიცრუებ ცეცხლმა დამბუგოსო; მეორე: უკურნებელი სენი შემეყაროსო; მესამე: თუ ვტყუოდე, თვალისჩინი წამერთვასო. ნარკისემ გაბოროტების გარეშე გადაიტანა უსამართლო ბრალდებები, მაგრამ საღვთო მართლმსაჯულებამ უწია ცრუმოწმეებს და თითოეული მათგანი დადებული ფიცის თანახმად დაისაჯა. ეპისკოპოსმა ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა. როდესაც სამწყსოს საქმეებზე ზრუნვისთვის მეტისმეტად დასუსტდა, თავად უფალმა მიუთითა მის მემკვიდრეზე.

ალექსანდრე – პანტენოსისა და კლიმენტის მოწაფე, რომელმაც დიდი გაჭირვება გადაიტანა სევერუსისგან დევნის დროს, კაპადოკიის მხარის ერთ-ერთი ქალაქის ეპისკოპოსი იყო. მას ძილში უფლისგან ეუწყა ბრძანება, წასულიყო იერუსალიმს. როდესაც ალექსანდრე ქალაქს უახლოვდებოდა, ნარკისესა და ზოგიერთ მღვდელმსახურს იდუმალმა ხმამ მიუთითა – გასცდენოდნენ ქალაქის კარიბჭეს და ეპისკოპოსად აერჩიათ ის, ვისაც უფალი მოუვლენდა. ისინიც გავიდნენ ქალაქიდან, შეხვდნენ ალექსანდრეს და დაიყოლიეს იერუსალიმში დარჩენაზე. მართალია, ის უკვე სხვა ქალაქის ეპისკოპოსი იყო, მაგრამ ღვთის აშკარა ბრძანებით ეს დაბრკოლება გადალახულ იქნა – იგი ერთხმად აირჩიეს იერუსალიმის ეპისკოპოსად. ეს იყო პირველი მაგალითი ეპისკოპოსის გადაყვანისა ერთი ეკლესიიდან მეორეში. წმინდა ალექსანდრე იერუსალიმის ეკლესიას ორმოცი წელი მართავდა, მანვე შეადგინა იერუსალიმის სახელგანთქმული ბიბლიოთეკა, სადაც უპირატესად თავმოყრილი იყო წიგნები ქრისტიანობის შესახებ (შემდგომ ამ ბიბლიოთეკით სარგებლობდა ევსები, როდესაც საეკლესიო ისტორიას წერდა). მანვე გახსნა იერუსალიმის საღვთისმეტყველო სკოლა, რომლის ძირითადი ამოცანა იყო კატეხიზაცია და თავისი მოწყობით ძალიან ჰგავდა ალექსანდრიის სასწავლებელს. დეციუსისგან დევნის დროს ეპისკოპოსი რწმენისთვის ეწამა და პატიმრობაში აღესრულა, როგორც ქრისტეს აღმსარებელი.

მაგრამ იმდროინდელ წმინდა მამათაგან ყველაზე განთქმული იყო გრიგოლ ნეოკესარიელი, ანუ გრიგოლ საკვირველმოქმედი. იგი დაიბადა ნეოკესარიაში, წარმართულ ოჯახში და ადრევე მიხვდა კერპთაყვანისმცემლობის ამაოებას. გრიგოლმა კარგი დაწყებითი განათლება მიიღო და როდესაც ასაკმა მოუწია, გადაწყვიტა გამგზავრება ფინიკიის ქალაქ ბერიტოსში, რათა იქაურ სახელგანთქმულ სკოლაში დაესრულებინა სწავლა და დაეწყო სამსახური. მაგრამ მანამდე თავის ძმასთან – ათინოდორესთან ერთად კესარიაში წავიდა, სადაც იმ დროს ორიგენე ასწავლიდა. ცნობილი მასწავლებელი ორ ყმაწვილს გააცნო კაპადოკიის ეპისკოპოსმა ფირმილიანემ. ორიგენეს სწავლების მოსმენის შემდეგ ძმებმა მასთან დარჩენა და დამოწაფება გადაწყვიტეს. როდესაც მან კესარია დატოვა, გრიგოლი გაჰყვა ალექსანდრიაში, რათა მოესმინა იქაური ცნობილი მასწავლებლებისთვის. გარკვეული დროის შემდეგ ორიგენესთან ერთად დაბრუნდა კესარიაში, მოინათლა, მასწავლებელს მადლობა გადაუხადა და სამშობლოში გაემგზავრა. გრიგოლის მშობლები დიდგვაროვანნი და მდიდარნი იყვნენ, მას შეეძლო საზოგადოებაში მაღალი წოდებრივი ადგილი დაეკავებინა, მაგრამ ჭეშმარიტების ნათლით გაცისკროვნებული უკვე არად აგდებდა მიწიერ დიდებას, სურდა განმარტოება, რათა სრულად მისცემოდა ლოცვას და საღვთო წერილის შესწავლას. მალე გავრცელდა ხმა გრიგოლის სათნოებათა შესახებ – მის წინ მოღვაწეობის ახალი ასპარეზი იშლებოდა...

მაშინდელი ნეოკესარია წარმართებით იყო სავსე და სულ ჩვიდმეტი ქრისტიანი ცხოვრობდა; ამ უკანასკნელთ სურდათ, აერჩიათ ეპისკოპოსი და რჩევა ჰკითხეს ამასიის ეპისკოპოს ფედიმეს. არჩევანი შეჩერდა გრიგოლზე, რომელმაც ეს შეიტყო თუ არა, უდაბნოს მიაშურა. ნეოკესარიელი ქრისტიანები და ფედიმე ევედრებოდნენ ღმერთს, რომ გრიგოლს ეპისკოპოსობის პატივი მიეღო. „ყოვლისა მცნობო და ყოვლადსახიერო უფალო! მოგვხედე ჟამსა ამას მე და გრიგოლს და აკურთხე დადგინება მადლითა შენითა!“ – შეჰღაღადებდა ღმერთს ფედიმე. შემდეგ გრიგოლი დაუსწრებლად გამოაცხადეს ეპისკოპოსად; ისიც დარწმუნდა, რომ ამ სამსახურისთვის თავად უფალმა მოუხმო, დაბრუნდა ნეოკესარიაში, მიიღო ხელდასხმა და ბეჯითად შეუდგა თავისი ახალი მოვალეობების შესრულებას.

უფალს გრიგოლი არ დაუტოვებია თავისი მოწყალების გარეშე; ამ დროიდან მოყოლებული მან აღასრულა უამრავი სასწაული: სიტყვით კურნავდა სნეულებს, განდევნიდა ეშმაკებს, მბრძანებლობდა სტიქიონებზე... მისმა ქადაგებებმა, უმწიკვლო ცხოვრებამ და სასწაულებმა მრავალი წარმართი მოაქცია. ბომონები ცარიელდებოდა, უწმინდური სულები ხედავდნენ ღვთისმსახურის ძალას... გრიგოლთან მიდიოდა ყველა გაჭირვებული, სნეული, მიმართავდნენ რჩევისა და დახმარებისათვის. ისიც ყველას იღებდა, უსმენდა და ხელს უწვდიდა. ძველი მწერლები, განსაკუთრებით წმინდა გრიგოლ ნოსელი, ბევრ ცნობას გვაწვდიან გრიგოლის მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ. ხალხი მას მეორე მოსეს უწოდებდა.

იმ დროს, როგორც ცნობილია, ბევრი ერეტიკოსი ავრცელებდა ცრუსწავლებას ყოვლადწმიდა სამების პირთა შესახებ. გრიგოლი ხშირად ევედრებოდა უფალს, ესწავლებინა ჭეშმარიტება და მიეცა ძალა, რათა მართლად და შეუმცდარად დაემოძღვრა თავისი სამწყსო. და აი, ერთ ღამეს მას სასწაულებრივად გამოეცხადნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, რომელთაც რამდენიმე სიტყვით გადასცეს ქრისტიანული სწავლების ძირითადი ჭეშმარიტებანი. გრიგოლმა ჩაიწერა სარწმუნოების ეს მოკლე სიმბოლო, რომელიც შეიცავს სწავლებას წმიდა სამებაზე. იგი ცნობილია ნეოკესარიის ეკლესიის სიმბოლოს სახელით.

თავის ეპარქიაში გრიგოლმა მრავალი წარმართი გააქრისტიანა. როდესაც დევნამ იფეთქა, ისინი დაარწმუნა, დამალულიყვნენ, რადგან შეეშინდა, ახალმოქცეულებს სისუსტე არ გამოეჩინათ წამების დროს; თავადაც გაეცალა ქალაქს – თავშესაფარში მყოფი გამუდმებით ლოცულობდა და ცდილობდა, განემტკიცებინა თანმხლებთა რწმენა. წარმართები ყველგან ეძებდნენ შესაპყრობად, ერთხელ მის სამყოფელშიც მივიდნენ, მაგრამ, ღვთის ნებით, ვერ შენიშნეს.

ძველ ეკლესიაში ეპისკოპოსის არჩევა ხდებოდა მეზობელი ქალაქიდან ან მხარედან მოწვეული ორი ან მეტი ეპისკოპოსის და აგრეთვე ერისკაცთა მონაწილეობით. ცხადდებოდა ასარჩევის სახელი და ყველა დამსწრეს ეძლეოდა უფლება, გამოეთქვა აზრი მის შესახებ. ზოგჯერ ერი სთავაზობდა თავისთვის მისაღებ პირს, ზოგჯერ ეპისკოპოსები ასახელებდნენ მას.

ერთხელ წმინდა გრიგოლი ეპისკოპოსის ასარჩევად მიიწვიეს ქალაქ კომანაში. ხალხმრავალი კრება ხმაურითა და პაექრობით წარიმართა, არჩევანი კი დიდხანს ვერ გაკეთდა. ბევრს სურდა, ეპისკოპოსად აერჩიათ განსწავლული მჭევრმეტყველი და დიდგვაროვანი. ამაზე გრიგოლმა მოკლედ შეახსენა, რომ ჯეროვანია, ყურადღება მიექცეს ადამიანის შინაგან ღირსებებს და არა გარეგნულ უპირატესობებს; რომ მოკრძალებული გარეგნობა ხშირად უდიდეს სათნოებებს ფარავს. ზოგმა მსმენელმა გაიხუმრა: „თუ გარეგნულ ღირსებებს არ მივაქცევთ ყურადღებას, მაშინ იქნება მენახშირე ალექსანდრე აგვერჩია?!“ ასე ეძახოდნენ ერთ ღატაკს, რომელიც ქალაქში ნახშირით ვაჭრობდა. გრიგოლი გულის სიღრმეში მიხვდა, რომ ეს სახელი ღვთის ნებით წარმოითქვა და ხალხს მისი მოყვანა სთხოვა. ამ დროს ბრბოდან ღატაკი, დაძონძილი და ნახშირით გამურული ალექსანდრე გამოიყვანეს. მაგრამ გრიგოლმა ამ თავმდაბალ ადამიანში ღვთის რჩეული ამოიცნო, გაიყვანა განზე და ხანმოკლე საუბრიდან შეიტყო, რომ ალექსანდრე ღთისმოსავი, ღრმად მორწმუნე და განათლებული ადამიანი იყო. მან მხოლოდ სიმდაბლის გამო აირჩია ჯაფა და სიღატაკე. დამსწრეთა თვალწინ გრიგოლმა საუბარი გაუბა წმინდა წერილის შესახებ და ალექსანდრემ ყველა გააოგნა თავისი ცოდნით, სიბრძნითა და დიდებული სიმშვიდით. კრებამ ერთსულოვნად შესძახა: „ეს არის ეპისკოპოსობის ღირსი!“ ამის შემდეგ მან გაიარა წინმსწრები საეკლესიო ხარისხები და ეკურთხა ეპისკოპოსად. თავმდაბალ ალექსანდრეს ღვთის წყალობა თან სდევდა – იგი სიბრძნითა და უბრალოებით მოძღვრავდა თავის სამწყსოს, რომლისთვისაც მაგალითად იქცა მისი ცხოვრება. შემდგომში იგი მოწამებრივად აღესრულა.

წმინდა გრიგოლმა ღრმა სიბერემდე იცოცხლა. მისი სიკვდილის შემდეგ ნეოკესარიაში მხოლოდ ჩვიდმეტი წარმართი დარჩა, მაშინ როცა ეპისკოპოსობის ხარისხის მიღებისას იქ მას მხოლოდ ამდენი ქრისტიანი ჰყავდა.

გრიგოლის ძმა – უმწიკვლო ცხოვრებით ცნობილი ათინოდორე – პონტოს ეპისკოპოსი იყო.

ჩვენ არ გვინდოდა, შეგვეწყვიტა თხრობა წმინდა გრიგოლის შესახებ, ამიტომაც მივუახლოვდით 268 წელს, მისი გარდაცვალების თარიღს. ახლა უკან დავბრუნდეთ და განვიხილოთ ეკლესიის მდგომარეობა მაქსიმინესგან დევნის შემდგომ.

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა