თავი 17
მეორე საუკუნე. ქრისტიანთა მესამე დევნა. წმინდა სვიმეონის და წმინდა ეგნატეს აღსასრული. პლინიუს უმცროსის წერილი ტრაიანესადმი.
ქრისტესშობიდან მეორე ასწლეულის დამდეგს რომის იმპერატორი ტრაიანე, რომელსაც წარმართები კეთილ და სამართლიან მმართველად მიიჩნევდნენ, ქრისტიანების მიმართ არ იჩენდა გულმოწყალებას, სდევნიდა, როგორც მეამბოხეებს და უმკაცრესად ეპყრობოდა. წარმართებსა და იუდეველებს სძულდათ ქრისტიანები და ყოველი საშუალებით ცდილობდნენ, მათ წინააღმდეგ განეწყოთ ხელისუფალი. მსაჯულები ქრისტიანებისგან ითხოვდნენ წარმართული რიტუალების შესრულებას იმპერატორის გამოსახულების წინ, იმპერატორის გენიუსის[1] თაყვანისცემას ან მის დაფიცებას. ქრისტიანები, რა თქმა უნდა, ამას არ ეთანხმებოდნენ და ეს უარი იმპერატორისადმი უპატივცემლობად აღიქმებოდა.
თავისი მმართველობის დასაწყისში ტრაიანემ გამოსცა კანონი, რომლის თანახმად, იკრძალებოდა ყველა საიდუმლო შეკრება. ამ ბრძანების საშუალებით ადვილი იყო ქრისტიანთა წინააღმდეგ მოქმედება, რადგან ეს უკანასკნელნი მოუნათლავებს საიდუმლოთა აღსრულებაზე დასწრების ნებას არ რთავდნენ და სალოცავად ხშირად იკრიბებოდნენ ღამღამობით. დაიწყო დაუნდობელი დევნა, ყველგან ატყვევებდნენ ქრისტიანებს და სამსჯავროზე მიჰყავდათ. მაგალითად, წმინდა კლიმენტი გადაასახლეს ტავრიკეს ქერსონესში, სადაც მოწამებრივად აღესრულა. წმინდა სვიმეონი, იერუსალიმის ეპისკოპოსი, სასტიკად აწამეს...
ტიტუსის მიერ იერუსალიმის დანგრევის შემდეგ იუდეველებს ნება დაერთოთ, წმინდა ქალაქის ნანგრევებზე დასახლებულიყვნენ. იქ დაბრუნდნენ ქრისტიანებიც თავიანთ ეპისკოპოს სვიმეონთან ერთად, რომელიც იყო უფლის ნათესავის, კლეოპას, ძე. სვიმეონმა გადაიტანა დომიციანეს დროინდელი დევნა, ახლა კი, როდესაც ტრაიანეს ბრძანება გამოიცა, იგი დაასმინეს, როგორც ქრისტიანი და დავითის შთამომავალი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს გარემოება აშინებდა რომის მმართველობას, რადგან იცოდნენ, რომ იუდეველები თავიანთ მხსნელს დავითის შტოდან ელოდნენ. 120 წლის სვიმეონიც ვერ ასცდა ცილისწამებასა და ტანჯვას. მას რომაელმა მმართველმა ანუ პროკონსულმა ატიკუსმა, მოსთხოვა წარმართული რიტუალის შესრულება და ქრისტესგან განდგომა. სვიმეონმა უარი განაცხადა. მისი გვემა რამდენიმე დღეს გაგრძელდა, მაგრამ მოხუცის რწმენა და სიმტკიცე ვერაფერმა შეარყია. ბოლოს, პროკონსულის ბრძანებით, იგი ჯვარზე გააკრეს. მართლმადიდებელი ეკლესია მღვდელმოწამე სვიმეონის, უფლის ხორციელი ნათესავის, ხსენებას აღნიშნავს 27 აპრილს. ქრისტიანებმა იერუსალიმის ეპისკოპოსად შემდგომ იუსტი აირჩიეს.
მეორე ცნობილი მოწამე, რომელიც ქრისტეს ერთგულებისათვის ტანჯეს ტრაიანეს დროს, იყო ეგნატე ღმერთშემოსილი, ანტიოქიის ეპისკოპოსი.
წმინდა ეგნატემ თავად მოციქულთაგან მოისმინა სახარება და ყმაწვილობაშივე დაემოწაფა იოანე ღვთისმეტყველს. გადმოცემის თანახმად, იგი ის ყრმა იყო, რომელსაც მოუწოდა უფალმა იესომ და თავის მოწაფეებს უთხრა: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ვითარცა ყრმაჲ ესე, იგი უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 18,4). მოციქულთა შეთანხმებით, წმინდა ეგნატე ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგინებული ევოდეს შემდეგ. ანტიოქია – სირიის დედაქალაქი – რომის იმპერიის ერთ-ერთი შესანიშნავი, ფუფუნებით, სახალხო თამაშებითა და გასართობებით განთქმული ქალაქი იყო. აქ იღვაწეს წმინდა მახარებლებმა: პავლემ, ბარნაბამ და პეტრემ. პირველად იქაური მრავალრიცხოვანი კრებულის წევრები შეიქნენ ღირსნი, წოდებულიყვნენ ქრისტიანებად. წმინდა ეგნატე გულმოდგინედ ასრულებდა ეპისკოპოსის მოვალეობას, ცდილობდა, დაეცვა თავისი სამწყსო ცრუსწავლებათა გავლენისაგან, დაემოძღვრა და საკუთარი ცხოვრებით მიეცა მაგალითი. იგი ორმოცი მშფოთვარე და რთული წლის განმავლობაში იყო ეპისკოპოსი და განიცდიდა დევნას დომიციანესგან. მრავალი ერეტიკოსი ლამობდა მორწმუნეთა გადაცდენას ჭეშმარიტი სწავლებიდან, მაგრამ ეგნატე „ლოცვითა და მარხვით, დაუღალავი სწავლებით, სულიერი მოშურნეობით ეწინააღმდეგებოდა მღელვარებას, რათა მას რომელიმე სულმოკლე ან გამოუცდელი არ ჩაეძირა“. უკვე ღრმად მოხუცებული ერთს ნატრობდა მხურვალედ – სიცოცხლე გაეღო უფალ იესო ქრისტესთვის. ეგნატეს მთელი ქრისტიანული სამყარო მიაგებდა პატივს წმინდა და შეუბღალავი ცხოვრებისთვის და უწოდებდნენ ღმერთშემოსილს – ამ სახელდებით გამოიხატებოდა მისი მგზნებარე სიყვარული უფლისადმი.
106 წელს ანტიოქიაში იმპერატორი ტრაიანე ჩავიდა. მან ის-ის იყო მოიპოვა უდიდესი გამარჯვება დაკებზე და ახალი ომისთვის ემზადებოდა. ანტიოქიელებმა იგი სიხარულით მიიღეს, რითაც ერთგულება დაუდასტურეს. მის საზეიმო მსვლელობას ქალაქში თან სდევდა მსხვერპლშეწირვები ღმერთებისა და იმპერატორების პატივსაცემად. ქრისტიანები, რა თქმა უნდა, ამგვარ ზეიმებში არ მონაწილეობდნენ. ეს რისხვას ჰგვრიდა წარმართებს და მათ ტრაიანესთან ასმენდნენ, როგორც სახელმწიფოს მტრებს – მოახერხეს კიდეც მისი დარწმუნება. როდესაც ეს ეგნატემ შეიტყო, თავისი ნებით მივიდა იმპერატორთან, რათა დაეყოლებინა, უარი ეთქვა ქრისტიანთა დევნაზე. ტრაიანემ ცივად მიიღო იგი.
– შენ ხარ ის ბოროტი სული, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემს ნებას და ხალხს ჩვენი კანონებისადმი დაუმორჩილებლობას ჩააგონებს? – ჰკითხა მან.
– ჯერ არავის უწოდებია ღმერთშემოსილისთვის ბოროტი სული; ღვთის მონებს ავსულები გაურბიან, მათგან მე ზეციური მეფის, ქრისტეს, სახელი მიცავს! – მიუგო ეგნატემ.
– ეს ღმერთშემოსილი ვინღა არის?– გაიკვირვა იმპერატორმა.
– ის, ვინც ქრისტეს გულით ატარებს!
– შენ ფიქრობ, რომ ჩვენს სულებში არ მკვიდრობენ ღმერთები, რომლებიც მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარებიან?!
– შენ შეცდომით უწოდებ ღმერთებს წარმართულ დემონებს. ღმერთი ერთია – შემოქმედი ცათა და ქვეყანისა; ერთია ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, რომლის სასუფეველში შესვლასაც ვნატრობ.
– ეს ის არის პილატე პონტოელის დროს რომ გააკრეს ჯვარზე?
– დიახ, ის, რომელმაც ჯვარს აცვა ჩემი ცოდვა და მისი მიზეზი, და თავის მონებს მისცა ძალა ეშმაკისეულ ძალაუფლებასთან გამკლავებისა.
– და ამ ჯვარცმულ ქრისტეს ატარებ გულით?
– დიახ, რამეთუ წერილ არს: „დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის“ (2 კორ. 6,6).
ტრაიანემ, რომელიც გააგულისა ეპისკოპოსის სიმტკიცემ, მას სიკვდილი მიუსაჯა, თან ბრძანა – ბორკილდადებული წაეყვანათ რომში და იქ ხალხის გასამხიარულებლად მხეცებისთვის მიეგდოთ. როდესაც განაჩენი მოისმინა, ეგნატემ მხურვალე ლოცვით შესწირა მადლობა უფალს, რომელმაც ღირსყო, ეტანჯა მისთვის და თავადვე დაიდო ბორკილები. შემდეგ გამოეთხოვა თავის სამწყსოს, შეავედრა იგი ღმერთს და მეომრებთან ერთად გზას გაუდგა.
მოხუცს ათი მეომარი მიჰყვებოდა, რომლებიც სასტიკად ექცეოდნენ. წინ ძნელი გზა ედოთ... ტანჯვით სავსე ამ მოგზაურობაში მას სასიხარულოც ბევრი შეხვდა. მთელ მცირე აზიაში გავარდა ხმა, რომ დიდი ეპისკოპოსი რომში მიჰყავდათ სიკვდილით დასასჯელად. ქრისტიანები ყველგან სიყვარულითა და ცრემლით ხვდებოდნენ ეგნატეს. ქალაქ სმირნაში მან რამდენიმე დღე დაჰყო იოანე ღვთისმეტყველის მოწაფესთან – ეპისკოპოს პოლიკარპე სმირნელთან და დიდად გაიხარა იმ სიყვარულით, რაც მცირე აზიის ეკლესიებმა გამოხატეს მის მიმართ. მათ სმირნაში მოავლინეს ეპისკოპოსები, პრესვიტერები და დიაკვნები, რათა ეგნატესგან კურთხევა და დამოძღვრა მიეღოთ. ეგნატე ამშვიდებდა დანაღვლიანებულ ქრისტიანებს და უმტკიცებდა, რომ ქრისტესთვის მოწამებრივი სიკვდილი ყველაზე სასიხარულო და სასურველი ხვედრი იყო მისთვის. მაგრამ მას ერთი რამ აშფოთებდა – დაინახა, თუ როგორ ძლიერ წუხდნენ მის გამო, ამიტომ შიში შეეპარა, რომაელ ქრისტიანებს არ ეცადათ სიკვდილისგან მისი გადარჩენა. ეგნატემ მათ სმირნიდან მისწერა ვედრებით სავსე წერილი, ხელი არ შეეშალათ ქრისტესკენ მოწამებრივი გზით სვლაში:
“უფალმა ამისრულა ვედრება და მომანიჭა ბედნიერება თქვენი ხილვისა. მე ქრისტესთვის ვარ ტუსაღი და ღმერთს ვევედრები, შემეწიოს, ბოლომდე ვიტვირთო ჩემი ხვედრი. მაგრამ ვუფრთხი თქვენს სიყვარულს... მე მწადია განსვლა უფალთან... ნუ დამაბრკოლებთ თქვენი სიყვარულით... მხოლოდ შესთხოვეთ ღმერთს ჩემთვის შინაგანი და გარეგანი ძალა, რათა არა ოდენ ვისაუბრო, მეწადოს კიდეც; რომ მარტო სახელი არ მერქვას ქრისტიანისა, სინამდვილეშიც ასეთი ვიყო. მე ვწერ ყველა ეკლესიას, რომ ნებით ვკვდები ღვთისთვის, თუ ამაში ხელს არ შემიშლით. გევედრებით, ნუ დამაყოვნებთ უდროო სიყვარულით. დაე, დამგლიჯონ მხეცებმა – მე ხორბალი ვარ ღვთისა; დაე, დამფქვან ნადირთა კბილებმა, რათა ღვთის სუფთა პური გავხდე... მე ჯერ მონა ვარ, ქრისტესთან კი თავისუფალი აღვდგები... მხოლოდ ახლა ვიწყებ მოწაფეობას, როდესაც აღარ ვნატრობ რაიმე ხილულსა თუ უხილავს – მხოლოდ ქრისტემდე მიღწევა მწადია... მსურს უფალი, ძე ჭეშმარიტი ღმერთისა და მამისა; ვეძებ მას, ვინც ჩვენთვის მოკვდა და აღდგა!.. შემინდეთ, ძმანო! ნუ დამაბრკოლებთ, მივიღო სიცოცხლე, ნუ მისურვებთ [სულიერ] სიკვდილს! საშუალება მომეცით, ვიხილო წმინდა ნათელი, ტანჯვით მივემსგავსო ჩემს ღმერთს!.. გამიგებს ის, რომელშიც ღმერთი მკვიდრობს... თუ თქვენთან შეხვედრისას სხვა რაიმე გთხოვოთ, ყური არ მათხოვოთ, მხოლოდ იმის გჯეროდეთ, რასაც ახლა ვწერ. მე ამჟამად სიცოცხლით სავსე, ქრისტესთვის სიკვდილის სურვილით ვარ აღვსილი. ჩემი სიყვარული ჯვარცმულია და სულში ამა სოფლისადმი სიყვარულის ნაპერწკალიც კი არ ღვივის. ჩემში მოედინება წყალი ცხოველი და მიხმობს: გაემართე მამისკენ! დაე, თავად მამა ღმერთმა და უფალმა იესო ქრისტემ გამოგიცხადოთ, რომ მე სიმართლეს მოგახსენებთ. ილოცეთ ჩემთვის...“
რომაელებისადმი ამ წერილის გარდა, ეგნატემ ისევ სმირნიდან, შემდეგ კი ტროადიდან ექვსი სხვა წერილი მისწერა მცირე აზიის ეკლესიებს და პოლიკარპე სმირნელს.
მეომრები რომში მიიჩქაროდნენ. მათ ნაბრძანები ჰქონდათ, ეგნატე დეკემბრისთვის ჩაეყვანათ ეგრეთწოდებული სატურნალიების ზეიმის დროს. ამ დღესასწაულზე ისინი იხსენებდნენ ოქროს საუკუნეს, რომელიც, თითქოსდა ღმერთების მამამთავრის, სატურნის, დროს იდგა. ამისთვის მზადდებოდა გასართობი – რომაელთა საყვარელი სისხლიანი სანახაობები. ცოტა ხნის წინ ასეთი თამაშებისთვის აიგო ფართო და ბრწყინვალე ნაგებობა, რომლის ნანგრევებიც დღევანდლამდე შემორჩა. მისი მშენებლობა დაიწყო ვესპასიანემ და დაამთავრა ტიტუსმა. მას ეწოდა „ვესპასიანეს ცირკი“, კოლიზეუმი, რომლის აგება ოცდაათი ათასამდე ტყვე იუდეველმა დაასრულა. შენობა იმდენად უზარმაზარი იყო, რომ ასი ათასამდე კაცს იოლად იტევდა. დაბალი კედლით გარშემორტყმულ შუაგულში მონიშნული იყო წრე, ანუ არენა, სისხლიანი სანახაობისთვის. ერთი ძველი დროის მწერალი დიონ კასიუსი გადმოგვცემს, რომ დომიციანეს დაბადების დღეს კოლიზეუმის საზეიმო გახსნაზე ცხრა ათასამდე მხეცი და ამდენივე საცოდავი სიკვდილმისჯილი გამოიყვანეს. სისხლისღვრის შემდგომ არენა აავსეს წყლით და საზღვაო ბრძოლების ამსახავი სცენებით ახალისებდნენ მაყურებლებს.
ამ ყოველივემ შეიძლება გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნა, თუ რაოდენ უზარმაზარი იყო შენობა და რა წარმოუდგენელი სახსრები იხარჯებოდა ამ გართობებისთვის. რაღაც დროიდან კოლიზეუმში ტრადიციად დამკვიდრდა, მხეცებისთვის ქრისტიანები მიეგდოთ დასაგლეჯად.
როდესაც ხომალდმა, რომელზეც ეგნატე იყო, მიაღწია ნეაპოლის მახლობლად მდებარე ნავსადგურ პუტეოლს, ეპისკოპოსმა მოისურვა ნაპირზე გადასვლა და იმ გზის გავლა, რომლითაც ოდესღაც მიემართებოდა რომში უფლისთვის დატყვევებული მეორე უდიდესი პიროვნება – პავლე მოციქული. მაგრამ ძლიერი ქარის გამო იძულებული გახდნენ, გადმომსხდარიყვნენ პორტოში, ოსტიის მახლობლად მდებარე ქალაქში. ეგნატე თანამგზავრებთან ერთად დაადგა გზას რომისკენ – უამრავი ქრისტიანი გამოვიდა მის დასახვედრად, ცრემლმომდგარნი გამოხატავდნენ თავიანთ სიყვარულსა და მწუხარებას. მღვდელთმთავრის ვარაუდი გამართლდა – რომაელი ქრისტიანები ნამდვილად ეძებდნენ საშუალებას, ეხსნათ იგი. მაგრამ ეგნატემ კიდევ ერთხელ დაარწმუნა – ხელი არ შეეშალათ სიკვდილით მისი დასჯისთვის. ყველამ მუხლი მოიყარა და მხურვალე ლოცვა აღუვლინა ღმერთს – მშვიდობა მიეცა ეკლესიისთვის და მოძმეთა გულები ურთიერთისადმი სიყვარულით განემტკიცებინა. ცრემლმორეული ქრისტიანები გადაეხვივნენ ეგნატეს და გამოეთხოვნენ, რის შემდეგაც მეომრებმა იგი კოლიზეუმისკენ წაიყვანეს. დასასჯელად მიმავალი ეგნატე ლოცულობდა და ქრისტეს უხმობდა. „რატომ იმეორებ სულ ამ სახელს?“ – ჰკითხეს მეომრებმა. – „იგი ჩემს გულშია, ამიტომაც თავისთავად იმეორებენ ბაგენი“ – მიუგო ეპისკოპოსმა.
წმინდა მოხუცის წამებამ დიდხანს არ გასტანა. არენაზე გასულმა ძლივს მოასწრო სარწმუნოების აღიარება, რომ ორი ლომი ეცა და თვალის დახამხამებაში დაგლიჯა. ეს მოხდა 107 წლის 20 დეკემბერს. ქრისტიანებმა მოწიწებით შეაგროვეს მოწამის ძვლები და ანტიოქიაში ჩაასვენეს. ამას თან აახლეს თვითმხილველების – ფილონისა და აგათოპოდეს – მიერ აღწერილი მისი მოწამებრივი აღსასრულის ამბავი. ისინი თავიანთ თხრობას შემდეგი სიტყვებით ამთავრებდნენ:
„ჩვენ, რომლებმაც ეს საკუთარი თვალით ვიხილეთ, მთელი ღამე სახლში ტირილსა და მუხლმოდრეკაში გავატარეთ; ლოცვით შევთხოვდით ღმერთს, ვენუგეშებინეთ. როდესაც ჩაგვეძინა, ზოგიერთმა იხილა ნეტარი ეგნატე, რომელიც ჩვენს ახლოს იდგა და გვეხვეოდა; სხვებმა ნახეს, თუ როგორ ლოცულობდა ჩვენთვის; ზოგმაც ოფლგადამდინარე – უდიდესი ჯაფის შემდგომ უფლის წინაშე წარდგომილი იხილა. სიხარულით შევადარეთ ერთმანეთს სიზმრისეული ხილვები, ქება აღვუვლინეთ ღმერთს, სიკეთეთა მომნიჭებელს, შევნატრეთ წმინდა მამას და ჩავწერეთ თქვენთვის მისი აღსასრულის დღე და წელიწადი, რათა მისი მარტვილობის დღეს შევიკრიბოთ და თანაზიარ-ვეყოთ ქრისტესთვის მოღვაწესა და მამაც მოწამეს. – ჩვენ ვუგალობთ მის ცხოვრებასა და წამებას, რომელთა გახსენებისას განვადიდებთ უფალს ჩვენსას, იესო ქრისტეს“.
ეს ეპისტოლე ანტიოქიის ეკლესიამ სხვა ეკლესიებსაც გაუგზავნა. ასევე შემოინახა პოლიკარპე სმირნელის ეპისტოლე, სადაც იგი სთხოვს ფილიპელებს, შეატყობინონ, თუ რაიმე იციან ეგნატეზე. ამ თხზულებიდან ვიგებთ, რომ ქრისტიანებს ჩვეულებად ჰქონდათ მოწამის აღსასრულის წლისთავზე შეკრება, რათა ერთად ელოცათ მისთვის, მოეხსენიებინათ იგი, მოეთხროთ მის ცხოვრებასა და სიკვდილზე. თავის ეპისტოლეებში ეგნატე სწერდა ქრისტიანებს, ელოცათ მისთვის, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ეს განუმტკიცებდა ძალებს, აგრეთვე შეახსენებდა, ელოცათ მისი გარდაცვალების შემდეგაც. ქრისტესთვის აღსრულებულთა მოხსენიების დღეს მორწმუნეები მიიჩნევდნენ არა გლოვისა და დარდის თარიღად, არამედ მისი შობის დღედ. ხარობდნენ, რომ მოძმემ მიაღწია ამქვეყნად ყოფნის დროს დასახულ მიზანს და აღორძინდა მარადიულ ცხოვრებაში. ლოცვის შემდეგ გარდაცვლილის საფლავზე ჩვეულებრივ სიყვარულის სერობას აწყობდნენ, შემდეგ კი გაჭირვებულებს ურიგდებოდა შემწეობა.
აღვნიშნეთ, რომ წმინდა ეგნატემ დაწერა შვიდი ეპისტოლე სმირნიდან და ტროადიდან. ამ წერილებმა ჩვენამდე მოაღწია და შეიცავს ძვირფას მონაცემებს მაშინდელი ეკლესიის მდგომარეობასა და საეკლესიო სწავლებებზე. რომაელთა მიმართ ეპისტოლეს შინაარსს ნაწილობრივ გავეცანით. ეფესელების, მაგნეზიელების, ტრალისელების, ფილადელფიელების მიმართ, აგრეთვე სმირნის ეკლესიისა და პოლიკარპესადმი გაგზავნილ დანარჩენ ეპისტოლეებში ეგნატე მადლობას სწირავს ყველას მისდამი გამოჩენილი თანადგომისათვის, დიდად აქებს მასთან გამოგზავნილ ეპისკოპოსებს და ქრისტიანებს აძლევს სიყვარულითა და ღრმა თავმდაბლობით აღბეჭდილ შეგონებებს: „არ გიბრძანებთ, როგორც დიდი ვინმე; მართალია, ქრისტეს სახელისთვის ვარ დატყვევებული, მაგრამ ჯერ არ ვარ სრულქმნილი ქრისტეს მიერ; მხოლოდ ახლა ვიწყებ სწავლას... მინდა ვეწამო!.. მაგრამ არ ვიცი, ამის ღირსი ვარ თუ არა... სიყვარული დუმილის ნებას არ მაძლევს“.
ყველაზე მეტად ეგნატე ღმერთშემოსილი ითხოვდა სარწმუნოების ერთობას, ეპისკოპოსებისადმი, როგორც ქრისტეს მიერ არჩეული ეკლესიის მწყემსებისადმი, მორჩილებას; მშვიდობით, სიყვარულითა და თანხმობით ცხოვრებას. ამ დროისთვის ძალზე გავრცელდა რამდენიმე სახის ერესი. ეგნატე ცდილობდა, მათგან დაეცვა ქრისტიანები და უკუეგდო დოკეტების ცრუსწავლება, რომლის თანახმად, ქრისტემ მხოლოდ გარეგნობა მიიღო ადამიანისა; ევედრებოდა მორწმუნეებს, განშორებოდნენ ერეტიკოსებს და მხოლოდ სახარებისეული სწავლებით ეხელმძღვანელათ. ამასთან შეახსენებდა, რომ ვალდებულნი იყვნენ, ცდომილების გზაზე შემდგართათვის ელოცათ. „მოუკლებელად ილოცეთ მათთვის, რამეთუ არსებობს იმედი შენანებისა, ღმერთთან მისვლისა. თქვენთა საქმეთა მიხედვით ასწავეთ: მათ მრისხანებას მშვიდად შეხვდით, მრავლისმეტყველებას – თავმდაბლობით; მათ ცდომილებას სარწმუნოებრივი სიმტკიცე დაუპირისპირეთ, შეურაცხყოფა მშვიდად მიიღეთ“ – სწერდა იგი ეფესელებს. „მთელი სრულყოფილება რწმენასა და სიყვარულში ძევს და მათზე აღმატებული არაფერია. შეხედეთ მათ, ვინც სხვაგვარად ასწავლის იესო ქრისტეს მიერ ჩვენზე გარდამოვლენილი მადლის შესახებ; როგორ ეურჩებიან ღვთის ნებას! ისინი არ ზრუნავენ სიყვარულზე, ქვრივ-ობოლზე, გაჭირვებულზე, ტუსაღსა თუ ტყვეობიდან გათავისუფლებულზე, არც მშიერ-მწყურვალზე“ – სწერდა ეგნატე სმირნელებს თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში. ეს სიტყვები ადასტურებს, თუ როგორ სავალდებულო იყო მოწყალების გაღება ქრისტიანული კრებულისთვის.
ეპისკოპოსი ხშირად მიუთითებდა ერთობის, სიყვარულისა და მშვიდობის სულით აღვლენილი საზოგადო ლოცვის ძალაზე: „უფრო ხშირად შეიკრიბეთ ევქარისტიისა და ღვთისადმი დიდებისმეტყველებისთვის. რამეთუ თუკი ხშირად შეიკრიბებით, დაიძლევა სატანური ძალები და თქვენი რწმენის ერთსულოვნებით დაიმსხვრევა მათი დამღუპველი საქმენი. ევქარისტიის შესახებ ეგნატე ასწავლის, რომ იგი არის ჩვენი მაცხოვრის „იესო ქრისტეს ხორცი, რითაც მან ივნო ჩვენთვის; და ეს ხორცი აღადგინა მამა ღმერთმა თავისი სახიერების გამო“ (სმირნ. 97). მან პირველმა შემოიტანა ანტიფონური გალობა ეკლესიაში, რაც ზეციური ხილვით ეუწყა.
ეგნატეს აშფოთებდა სმირნის ეკლესიის მდგომარეობა და მას მორწმუნეთა ლოცვებსა და სიყვარულს ავედრებდა. რომისკენ მიმავალ გზაზე სასიხარულო ცნობა შეიტყო, რომ მისი გამგზავრების შემდეგ ანტიოქიაში ქრისტიანების დევნა შეწყდა. ეგნატე თავის ეპისტოლეებში სთხოვდა პოლიკარპე სმირნელს და მცირე აზიის ეკლესიების დანარჩენ მსახურებს, ეზრუნათ დევნის შედეგად დაქსაქსული ანტიოქიის ეკლესიის შესაკრებად და მღვდელმსახურთა შესარჩევად. იმ დროს შერჩევა ხდებოდა რამდენიმე ეპისკოპოსისა და ეკლესიის სხვა წევრების საერთო თანხმობით.
მიუხედავად უსასტიკესი ზომებისა, ქრისტიანთა რიცხვი, განსაკუთრებით მცირე აზიაში, განუხრელად იზრდებოდა. შავი ზღვის მახლობლად მდებარე ბითვინიის ოლქში წარმართული ტაძრები თითქმის დაცარიელდა, მლოცველები ყველგან ქრისტეს აღიარებდნენ. ამ ცნობას გვაწვდის ბითვინიის მაშინდელი ლეგატი (სენატის მიერ დანიშნული რწმუნებული), წარმართი პლინიუს უმცროსი – მასთან ხომ ყოველდღიურად შეჰქონდათ საჩივარი ქრისტიანებზე და ითხოვდნენ მათ დასჯას. თავად პლინიუს უმცროსს დანაშაულად არ მიაჩნდა, რასაც მათი ცხოვრების წესის შესახებ აცნობდნენ ხოლმე, ამიტომ გადაწყვიტა, მიეწერა იმპერატორისთვის და ეკითხა, როგორ მოქცეულიყო: მხოლოდ ქრისტიანობისთვის დაესაჯა ეს ხალხი, თუ მაშინ, როდესაც რამეს დააშავებდნენ. ამ წერილმა ჩვენამდე მოაღწია და დაგვიდასტურა, თუ როგორი საშინელი იყო ქრისტიანთა მდგომარეობა იმ ოლქებშიც კი, სადაც მმართველები განსაკუთრებული შეუბრალებლობითა და სისასტიკით არ გამოირჩეოდნენ.
პლინიუსი აღნიშნულ წერილში იმპერატორს შემდეგს უამბობს დასაკითხავად მოყვანილი ქრისტიანების შესახებ: „მე ვეკითხები მათ, არიან თუ არა ქრისტიანები; თუ დამიდასტურებენ, მაშინ სამჯერ ვუმეორებ ჩემს კითხვას და ვცდილობ, მუქარით შევაშინო ისინი. თუ გაჯიუტდებიან, დავსჯი, მნიშვნელობა არა აქვს, რისი სჯერათ – მათი ურჩობა უკვე სასჯელს იმსახურებს“.
პლინიუსთან ვიღაც უცნობმა საჩივარი შეიტანა და რამდენიმე ადამიანს ქრისტიანობაში დასდო ბრალი. ლეგატმა თავისთან უხმო ბრალდებულებს, რომლებმაც უკლებლივ განაცხადეს, რომ ეს ცილისწამება იყო და დათანხმდნენ, აღესრულებინათ წარმართული რიტუალი და დაეგმოთ ქრისტე. პლინიუსი მაშინვე მიხვდა, ისინი ნამდვილად არ იყვნენ ქრისტიანები და გაათავისუფლა... „რადგან ჭეშმარიტი ქრისტიანები შეუძლებელია ამაზე დაიყოლიო“ – აი, რას წერს თავად წარმართი და ეს მნიშვნელოვანი მოწმობაა ქრისტიანთა სიმტკიცისა.
პლინიუსი განაგრძობს: მან ქრისტიანთა შესახებ შეიტყო, რომ გარკვეულ დღეებში, განთიადის წინ, იკრიბებიან და უგალობენ ქრისტეს, როგორც ღმერთს და მათ საიდუმლო თავყრილობებზე რაიმე დანაშაულებრივი ჩანაფიქრი არ შეინიშნება; რომ ფიცს დებენ, იცხოვრონ პატიოსნად, არ იპარონ, არ იცრუონ, არ მიითვისონ სხვისი ქონება და წმინდად დაიცვან თავიანთი აღთქმები.
იმპერატორი ტრაიანე პასუხად უბრძანებს ლეგატს: ნუ ეცდება, მოძებნოს ქრისტიანები და ყურადღება არ მიაქციოს უსახელო დაბეზღებებს. მაგრამ თუ ვინმეს დაუმტკიცდება ქრისტიანობა და იგი უარს განაცხადებს, განუდგეს თავის სარწმუნოებას, სიკვდილით დაისაჯოს. ამ უცნაურმა გადაწყვეტილებამ მძიმე ხვედრი ვერაფრით შეუმსუბუქა ქრისტიანებს და ტრაიანეს დროინდელ დევნას ბევრი მათგანი ემსხვერპლა; სიკვდილით დასჯილთა შორის იყო ორი დიაკონისა ბითვინიაში და ეპისკოპოსო პუპლი ათენში.
თავისი მმართველობის ბოლო წლებში ტრაიანე რამდენადმე მოლბა ქრისტიანებისადმი და თითქმის შეწყვიტა მათი დევნა. ეს ნაწილობრივ იმიტომაც მოხდა, რომ მისი ყურადღება მიიპყრეს იუდეველებმა, რომლებიც სხვადასხვა ოლქში მღელვარებებს აწყობდნენ.
[1] იმპერატორის გენიუსი – წარმართთა აზრით ღვთაება, რომელიც იმპერატორს მფარველობდა.
|