თავი 12
რომი. ქრისტიანთა პირველი დევნა. წმინდა მოციქულების – პეტრესა და პავლეს აღსასრული.
აუცილებელია, თვალი გადავავლოთ რომის ისტორიას იმ ეპოქაში, როდესაც ქრისტიანობის გავრცელება დაიწყო. ამ დროისთვის იმპერიამ ძალაუფლებისა და ძლიერების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. დაიქვემდებარა თითქმის მთელი მაშინდელი მსოფლიო. რომის მოქალაქეობა უდიდეს პატივად ითვლებოდა. ყველა ქვეყნიდან მიედინებოდა სიმდიდრეთა ნაკადი მსოფლიოს ამ უდიდეს დედაქალაქში. მაგრამ მთელი ამ ბრწყინვალების მიუხედავად, რომის მცხოვრებთა სულიერი მდგომარეობა უკიდურესად სავალალო იყო. იმ დროის ისტორიკოსთა გადმოცემები გვიხატავს იმპერიაში გამეფებული გარყვნილების, სისასტიკის, ყოველგვარი ზნეობრივი კანონის სრული უგულებელყოფის შემზარავ სურათს.
მართალია, წარმართობა ვერ ჩამოაყალიბებდა სუფთა და მყარ ზნეობრივ რჯულს, მაგრამ საბერძნეთში გარკვეული სანუგეშო ნიშნები მაინც კრთებოდა – აქ გამუდმებით მიისწრაფოდნენ ჭეშმარიტების შესაცნობად და გონებრივი მოღვაწეობისკენ. თვით რომის არსებობის პირველ პერიოდშიც თავს იჩენდა სათნოება, სიმამაცე, სიმტკიცე, ცხოვრების ნირის უბრალოება, სამშობლოსადმი მხურვალე სიყვარული... ძველი რომაელისთვის სამშობლო, მისი პატივი და დიდება ამქვეყნად ყველაფერზე, თვით სიცოცხლეზეც კი, შეუდარებლად ძვირფასი იყო. ეს გრძნობა ამაღლებდა ადამიანთა სულებს, განდევნიდა მათგან წვრილმან, პირად ვნებებსა და ანგარებიან ზრახვებს; შთააგონებდა კეთილშობილებას, გმირობასა და უყოყმანო თავგანწირვას.
იმ დროისთვის, როცა რომში ქრისტიანობა ვრცელდებოდა, ეს ყოველივე წარსულის კუთვნილება იყო. მდიდარი და ქედმაღალი რომის შინაგანმა სიცარიელემ იმპერიის დაცემა მოამზადა. მის მოქალაქეებს უწინდელი სიყვარულით აღარ უყვარდათ სამშობლო – ეს გრძნობა სრულმა გულგრილობამ შეცვალა. საკუთარი კეთილდღეობის, ფულის, ფუფუნებისა და გართობებისადმი ლტოლვამ სულიდან გამოდევნა ყოველივე კეთილი და ამაღლებული. ამგვარ სულიერ გაღატაკებას რომის ხელისუფალნიც უწყობდნენ ხელს. ხალხს ამხიარულებდნენ თვალისმომჭრელი სანახაობებითა და გასართობებით; პურის უსასყიდლოდ დარიგებით საზოგადოების კეთილგანწყობას ყიდულობდნენ; იწონებდნენ ნებისმიერ ვნებას, რათა თვითნებურად ებატონათ გარყვნილ და დამცირებულ ქვეშევრდომებზე.
მდიდარი რომაელების ცხოვრების წესზე უფრო ამაზრზენის წარმოდგენა შეუძლებელია. ისინი, ბავშვობიდანვე განებივრებულნი აურაცხელი სიმდიდრით, თაკილობდნენ ნებისმიერ შრომას; უსაქმურნი და მცონარენი, მდიდრულ და დახვეწილ სამოსში გამოწყობილნი, მხოლოდ გასართობზე ფიქრობდნენ; დიდ დროს ატარებდნენ ბრწყინვალე ნადიმებზე, სადაც ლოთობასა და ამაზრზენ ღორმუცელობას ეძლეოდნენ. ამგვარი დროსტარება წარმოუდგენლად ძვირი ჯდებოდა, თანხა კი ყოვლად უსამართლოდ იყო ნაშოვნი. რომაელები მიილტვოდნენ განცხრომისკენ და საერთოდ არ ცნობდნენ ზნეობრივ კანონებსა და ვალდებულებებს, ამიტომაც მათთვის სულერთი იყო, რა გზით მოიპოვებდნენ ფულს. მათში აღშფოთებას არ იწვევდა დანაშაულებანი და უსამართლობანი. სამოქალაქო სამსახური გამდიდრების საშუალებად ქცეულიყო – იყიდებოდა ადგილები და თანამდებობები; მოსამართლეები კანონებით ვაჭრობდნენ, მხარეთა მმართველები უზარმაზარ შემოსავალს იხვეჭდნენ მშრომელთა ჩაგვრითა და უსამართლობით. ამგვარი ფუჭი და უბადრუკი ცხოვრება იწირავდა მათ სულიერ და გონებრივ ძალებს, რაც ღმერთმა ადამიანებს სრულყოფისა და სხვათა საკეთილდღეოდ გამოყენებისათვის უბოძა.
რაოდენ დიდ ფუფუნებაშიც არ უნდა ცხოვრობდნენ ჩვენი თანამედროვე მდიდრები, ის დაახლოებით წარმოდგენასაც კი ვერ შეგვიქმნის რომში არსებულ სიუხვეზე. ზოგჯერ მთელი ოლქის წლიური შემოსავალი ერთი ბრწყინვალე ნადიმისთვის იხარჯებოდა. რომაელი მდიდრის ახირებებს საზღვარი არ ჰქონდა: მისი სასახლეები ოქროსა და ვერცხლისფრად ბრწყინავდა; უამრავი მონა ემსახურებოდა მის სტუმრებს, რომლებიც ყვავილებით შემკულ მდიდრულ სარეცელებზე ნახევრად მიწოლილნი მარგალიტითა და პატიოსანი ქვებით მოოჭვილი ოქროს სასმისებით მიირთმევდნენ ძვირფას ღვინოს.
რომაელთა საყვარელი გართობა იყო სახალხო სანახაობები: თეატრალური წარმოდგენები, ცხენების რბოლა, გლადიატორების ბრძოლები. მხიარულება მაშინ არის კარგი, როდესაც შრომისა და საქმისგან დასვენებას ემსახურება; მაგრამ თუ ცხოვრებაში საერთოდ არაფერს აკეთებ, ასეთი დროსტარებაც შეგზიზღდება – ასეც დაემართათ მდიდარ რომაელებს. რაკი სულისა და გონების ყველა მაცოცხლებელი ძალა ჩაკლა ამაო ცხოვრებამ, ახლა უკვე ძნელი იყო მათი დაინტერესება რაიმეთი – ყველაფერი მობეზრებული ჰქონდათ. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ მათ მიძინებულ სულებს მხოლოდ ადამიანთა წამება ართობდა. გარყვნილმა რომაელებმა თავდავიწყებით შეიყვარეს სისხლიანი სანახაობები; ტკბებოდნენ, როდესაც შესცქეროდნენ, თუ როგორ ერკინებოდნენ ერთმანეთს მეომრები, როგორ გლეჯდნენ და ჭამდნენ გამძვინვარებული მხეცები მათ მიერ განწირულ უბედურ ადამიანებს. ხალხისთვის საამო სანახაობის მოსაწყობად რომის იმპერატორებს შორეული ქვეყნებიდან ჩამოჰყავდათ მხეცები. ადამიანთა მსხვერპლიც მუდამ გამზადებული იყო – ისინი იყვნენ ომში დატყვევებული ან სიკვდილმისჯილი დამნაშავენი. მალე ქრისტიანებსაც არგუნეს ეს საშინელი სასჯელი და უთვალავ მათგანს მოუსწრაფეს სიცოცხლე „თავშესაქცევ თამაშებზე“ – ასე უწოდებდნენ ამ საშინელ წარმოდგენებს, სისხლისმსმელი რომაელების საყვარელ გასართობს. რომაელი დედაკაცებიც კი სიამოვნებით ესწრებოდნენ ამ სასაკლაოს – ისინი ისეთივე ბიწიერნი და სასტიკნი იყვნენ, როგორც მათი ქმრები.
საზოგადოების საშუალო და დაბალ ფენებშიც შეიმჩნეოდა სამშობლოს დიდებისა და კეთილდღეობისადმი გულგრილობა, ზნეობრივი კანონის უგულებელყოფა, უზნეობა და სისასტიკე. უკიდურესი სიღატაკის აღმოსაფხვრელად მთავრობა დროდადრო არიგებდა ფულსა და პურს. ამას აკეთებდნენ კერძო პირებიც, რითაც ხალხის კეთილგანწყობის ყიდვა სურდათ. ამიტომ რომის მოსახლეობა საკმაოდ უჭირველად, მაგრამ გარყვნილებასა და უსაქმურობაში ყელამდე ჩაფლული ცხოვრობდა.
რა მდგომარეობაში იყვნენ სნეულნი, ხეიბარნი, ხანდაზმულები? კეთდებოდა რაიმე მათი ხვედრის შესამსუბუქებლად? სავალალო იყო მათი, ყველასგან მიტოვებულთა, ყოფა. შეუძლებელია მოყვასისადმი სიყვარულს ეარსება ამ ფუყე, გარყვნილ და ანგარებიან საზოგადოებაში. რომში აგებდნენ ბრწყინვალე სასახლეებს, თეატრებს, ცირკებს, მაგრამ საავადმყოფოები, მოხუცთა, ხეიბართა და ბავშვთა თავშესაფრები არსად ჩანდა. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან გაჭირვებული ადამიანებისადმი თანაგრძნობა და თანალმობა სულ სხვა საწყისებიდან აღმოცენდება და არა ისეთებიდან, როგორსაც წარმართული რომი აღიარებდა.
რომში არსებობდა მრავალრიცხოვანი ფენა ადამიანებისა, რომელთა მდგომარეობაც განსაკუთრებით მძიმე იყო – ისინი მონები იყვნენ. მდიდრის სასახლეში ზოგჯერ შინამოსამსახურეებად ათი ათასამდე მონას იყენებდნენ, მათ რაოდენობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომლებიც სოფლებში, მინდვრად შრომობდნენ. მონებს სამოქალაქო უფლებები საერთოდ არ ჰქონდათ; ისინი, როგორც საკუთრება, პატრონს შეეძლო გაეჩუქებინა, დაეხოცა, გასართობად მხეცებისთვის მიეყარა დასაგლეჯად და ამისთვის პასუხი არ ეგო. სისხლიანი სანახაობებისადმი ლტოლვა და აქაური მონების საშინელი მდგომარეობა საკმარისად მიგვანიშნებს რომის საზოგადოების ზნეობის უკიდურეს დაცემაზე.
და აი, წარმართობის უკუნში უცებ ღვთიური ნათლის სხივები აკიაფდა. ამ სულიერად ცარიელ და გახრწნილ საზოგადოებაში გაისმა სიტყვები მოყვასისადმი სიყვარულის, წყენის მიტევების, მტრებისთვის ლოცვის, გულმოწყალების, თავმდაბლობის, თვითგანწირვის შესახებ. გავარდა ხმა, რომ თავად ძე ღვთისა გარდამოხდა დედამიწაზე, რათა ადამიანებისთვის ეჩვენებინა გზა მარადიული და ნეტარი ცხოვრებისაკენ. რამდენი იმედი, სიხარული უნდა ჩაეღვარა ამ სწავლებას გატანჯულ გულებში! რა სიხარულით შეიტყობდნენ მონები, რომელთა მდგომარეობაც ასე შემზარავი იყო, რომ მათზე ზრუნავს ყოვლადძლიერი და ყოვლადსახიერი ზეციერი მამა! როგორი მზადყოფნით მოისმენდნენ მაცხოვრის მოწოდებას: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ“ (მათ. 11,28-29). დაბოლოს, ის ადამიანები, რომელთა სულებშიც ფუჭმა ცხოვრებამ მთლიანად ვერ ჩაახშო საუკეთესო მისწრაფებანი; რომლებიც ნაღვლობდნენ და იტანჯებოდნენ; ცხოვრობდნენ მშვიდობით, მაგრამ უღმერთოდ და უკეთესი მომავლის იმედი არ ჰქონდათ – რა სიხარულით შეიტყობდნენ, რომ შეეძლოთ სულიერი აღორძინება და უკვე ამქვეყნად არსებობა მარადისობისთვის!
თავდაპირველად ქრისტიანობამ ღარიბ და უბრალო ადამიანებში იწყო გავრცელება და საკმაოდ დიდხანს წარმართული საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩებოდა. დიდხანს ქრისტიანობას იუდეურ სექტად აღიქვამდნენ და მისდამი მაინცდამაინც კეთილად არ იყვნენ განწყობილი, თუმცა არც აშკარა მტრობას ამჟღავნებდნენ. არ ესმოდათ, რომ სიყვარულით განმსჭვალული ქრისტიანული სწავლება შეუდარებლად მეტ ძალაუფლებასა და გავლენას მოიპოვებდა, ვიდრე იუდეური რჯული. სანამ რომში ეკლესია ძლიერდებოდა და შინაგანად მტკიცდებოდა, უფალმა ინება, დაეცვა იგი წარმართთა მტრული ყურადღებისგან. რომის ბრწყინვალე სასახლეებში ჯერ კიდევ იღვრებოდა სურნელოვანი ზეთი წარმართული კერპების პატივსაცემად, ქრისტიანობა კი ფარულად იდგამდა ფესვებს საზოგადოების უდაბლეს ფენებში. სალოცავად და ღვთის სიტყვის მოსასმენად მორწმუნები კატაკომბებში იკრიბებოდნენ. ამ პირქუშ მიწურებში ისახებოდა ახალი ცხოვრება მაშინ, როცა მდიდარი და ქედმაღალი წარმართული რომი დაღუპვის უფსკრულს მისდგომოდა. როდესაც კერპთაყვანისმცემლებმა ქრისტიანებს ყურადღება მიაქციეს და შეურიგებელი მტრობა გამოუცხადეს, უკვე მრავლად იყვნენ რომში მორწმუნეები, ვით მხნე მეომრები ქრისტესი, რომლებიც ამ დროისთვის მზად აღმოჩნდნენ დევნის ასატანად.
საკითხავია, რატომ გადაემტერნენ ასე გააფთრებით სწავლებას, რომელიც ნერგავდა სათნოებას, ბოროტების სიკეთით ძლევას და არა სამაგიეროს გადახდას? რატომ დაიწყეს რომაელებმა სასტიკი დევნა ქრისტიანებისა, როდესაც გულგრილად ეკიდებოდნენ სხვა აღმსარებლობებს? შესაძლებელია, წარმართულმა საზოგადოებამ თავის მამხილებლად აღიქვა ქრისტიანული სათნოებები. კერპთაყვანისმცემლები ყოველგვარ აღმსარებლობას იწყნარებდნენ იქამდე, ვიდრე იგი არ შეუშლიდა ხელს მათი ცხოვრების მდინარებას. ხოლო ქრისტეს სარწმუნოება ძირფესვიანად ცვლიდა მორწმუნის ცხოვრების წესს. მის მიმდევარს მართებდა, განშორებოდა კერპთაყვანისმცემლებს, არ გაეზიარებინა მათი საქმიანობა, სიამოვნებანი. ამ მიზეზით წარმართებმა მათ კაცთმოძულეობა დააბრალეს. ქრისტიანები არ თანხმდებოდნენ იმპერატორის პატივსაცემად რაიმე რიტუალის შესრულებას, ამიტომ ისინი ურჩ მოქალაქეებად მიიჩნიეს, დაიწყეს მათზე ჭორების გავრცელება... მაგალითად, ყვებოდნენ, რომ ქრისტიანების ღამის შეკრებებზე საშინელი უწესობა და საზარელი დანაშაულებები ხდებოდა; რომ მორწმუნეები კლავენ ჩვილს და მის სხეულს ჭამენ... გახრწნილი წარმართული სამყარო „თავზარდაცემული“ ლაპარაკობდა გალილეველთა (ასე უწოდებდნენ ქრისტიანებს) გარყვნილებაზე, ხოლო სწავლულნი დასცინოდნენ მათ „სიშლეგეს“, რაკი ეთაყვანებოდნენ ჯვარცმულ ღმერთს და მოელოდნენ მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომას. მმართველობამ მათ, როგორც მეამბოხეებს, დაუწყო დევნა. ქრისტიანები მშვიდად ითმენდნენ ყოველივეს, მტკიცედ სასოებდნენ ღმერთს, სწამდათ სამომავლო ცხოვრებისა, ეცოდებოდათ თავიანთი მტრები და ლოცულობდნენ მათთვის... ამასობაში კი სარწმუნოება სულ უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს.
იმპერატორი ნერონი – უსაზარლესი ბოროტმოქმედი, რომელმაც მაშინ გაათავისუფლა პავლე, როცა ქრისტეს სარწმუნოებას ჯერ კიდევ არ მტრობდნენ, ახლა სულ სხვაგვარად იქცეოდა. დაახლოებით 64 წელს რომი საშინელმა ხანძარმა მოიცვა, რომელმაც ქალაქის დიდი ნაწილი გადაწვა. ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ ცეცხლი გააჩაღა თავად ნერონმა, რომელსაც ამ ნახანძრალზე უფრო მდიდრული ქალაქის აგება სურდა. ასევე მოგვითხრობენ, რომ იმპერატორი მაღალი კოშკიდან სიამოვნებით გადაჰყურებდა ალმოდებულ რომს, ტროას ხანძარს იხსენებდა და ჰიმნებს თხზავდა. ცეცხლი მთელი ექვსი დღე მძვინვარებდა... როდესაც ამ უბედურების მიზეზის გამოძიება დაიწყეს, ნერონმა, მასზე ეჭვის გასაფანტავად, ქრისტიანები დაადანაშაულა, რომლებზეც ისედაც იყო გაგულისებული მთელი რომი. დაიწყო დევნა და ხოცვა, რაც იმპერიის ყველა ოლქს მოედო და დაახლოებით ოთხ წელიწადს, თითქმის ნერონის სიკვდილამდე, გასტანა.
ეს იყო წარმართთაგან ქრისტიანების პირველი დევნა. რომში იგი განსაკუთრებული სისასტიკით მიმდინარეობდა. ნერონი ქრისტიანების ტანჯვით ხალისობდა და წამების ყველაზე საშინელ საშუალებებს იგონებდა. დავიმოწმოთ იმდროინდელი ცნობილი ისტორიკოსის, პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსის სიტყვები, საიდანაც ჩანს, რომ წარმართთაგან საუკეთესონი და უგანათლებულესნიც ქრისტიანებს, როგორც დამნაშავეებს, ისე უყურებდნენ და მკვეთრად უარყოფითად იყვნენ განწყობილნი ახალი სწავლების მიმართ. აი, როგორ აღწერს ტაციტუსი მოვლენებს:
“ამიტომაც მან (ნერონმა) იწყო საშინელი წამება ადამიანებისა, რომლებიც ცნობილნი იყვნენ, როგორც „ქრისტიანები“ და უამისოდაც სამარცხვინო სახელი ჰქონდათ გავარდნილი. ისინი თავიანთ საწყისსა და სახელს უკავშირებენ ვიღაც ქრისტეს, რომელიც ტიბერიუსის მეფობის დროს სიკვდილით დასაჯეს პროკურატორ პილატე პონტოელის ბრძანებით. ეს საშინელი ცრურწმენა დროებით შეაჩერეს, მაგრამ შემდგომ ისევ გაძლიერდა და მოეფინა არა მარტო იუდეას, სადაც ეს სექტა თავდაპირველად აღმოცენდა, არამედ მოაღწია რომამდეც, რომელიც ყოველივე უწმინდურისა და დანაშაულებრივის საერთო თავშესაფარს წარმოადგენს. ზოგიერთი მათგანის (ქრისტიანის) ჩვენებებმა მრავალი დამნაშავე გამოააშკარავა; ისინი ყველა გაასამართლეს არა იმდენად ქალაქის გადაწვისთვის, რამდენადაც მათი კაცთმოძულეობისათვის. ისინი საშინელი წამებით დაიხოცნენ, რასაც თან ერთვოდა ლანძღვა და დაცინვა. ზოგი მათგანი ჯვარს მიამსჭვალეს, სხვებს ნადირის ტყავი შემოაკრეს და ქოფაკებს მიუყარეს დასაგლეჯად, ზოგი, ფისით გაპოხილი და ცეცხლწაკიდებული, ღამის წყვდიადს ანათებდა ჩირაღდნების მაგიერ. ამ საზარელი სანახაობის ადგილი ნერონის ბაღები იყო. ამავე დროს ცხენების რბოლა ტარდებოდა, რომელსაც დიდძალ მაყურებელთან ერთად მეეტლედ გამოწყობილი იმპერატორიც ესწრებოდა. რასაკვირველია, ქრისტიანები დანაშაულისთვის სამაგალითოდ დასჯის ღირსნი იყვნენ, მაგრამ საერთო სიძულვილი შეცვალა სიბრალულმა, რადგან ეს უბედურები დაისაჯნენ არა იმდენად საერთო საქმის სასარგებლოდ, რამდენადაც ნერონის სისასტიკის დასაცხრობად“.
წმინდა მოციქულები პეტრე და პავლე მაშინ ჩავიდნენ რომში, როცა დევნა კვლავ გრძელდებოდა. მიუხედავად საფრთხისა, ისინი უშიშრად ქადაგებდნენ სახარებას და მალე წარმართების ყურადღებაც მიიქციეს. პეტრე მოციქულმა გააქრისტიანა ნერონის ერთ-ერთი საყვარელი ცოლი, რამაც უკიდურესად განარისხა იმპერატორი. ამავე დროს, როგორც გადმოცემა გვაუწყებს, რომში იმყოფებოდა სიმონ მოგვი, რომლის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. სამარიაში პეტრეს მიერ მხილებულმა სიმონ მოგვმა თითქოს შეინანა, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად. სინამდვილეში მას სძულდა ქრისტიანები და მათი სწავლების წინააღმდეგ მოქმედებდა. თავს ხან ღმერთად ასაღებდა, ხან სამყაროს შემქმნელ უდიდეს ღვთიურ ძალად. რომში მან ცრუ სასწაულებითა და თაღლითობით მოხიბლა რომაელები და დიდი ზეგავლენაც მოიპოვა ნერონზე.
ძველი მწერლები ბევრს მოგვითხრობენ პეტრე მოციქულისა და სიმონის პაექრობის შესახებ. ეს უკანასკნელი ეჭვქვეშ აყენებდა ქრისტეს სწავლებას და ირწმუნებოდა, რომ თავად არის ბნელეთის მთავართაგან სამყაროს გადამრჩენი, ზეციდან მოვლინებული ღმერთი. საკუთარ ყოვლისშემძლეობაში რომაელების დასარწმუნებლად სიმონ მოგვი მათ დაჰპირდა, რომ მთელი ხალხის თვალწინ ზეცად ავიდოდა. დანიშნულ დღეს დიდძალი ხალხი შეიკრიბა, იქ წმინდა მოციქულებიც იყვნენ და ღმერთს ევედრებოდნენ, რომ განექარვებინა წარმართთა ცდომილებანი და დაეთრგუნა სიმონ მოგვის შემწე მტრული ძალა. როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, მოგვი ნამდვილად ავიდა გარკვეულ სიმაღლეზე, მაგრამ უეცრად მიწას დაენარცხა და ფეხიც მოიტეხა, რის შემდგომაც მარცხით გაწბილებულმა თავი მოიკლა. ცრუმორწმუნე წარმართებმა წარუმატებლობა იქ მყოფ მოციქულებს მიაწერეს და უფრო მეტად დაუწყეს დევნა.
სიმონის სიკვდილითა და საერთოდ ქრისტეს სწავლების გავრცელებით განრისხებულმა ნერონმა მოციქულების სიკვდილით დასჯა განიზრახა. გადმოგვცემენ, რომ მაშინ ქრისტიანებმა დაარწმუნეს პეტრე, ღამით გასცლოდა ქალაქს, მაგრამ უფალმა სასწაულებრივი ხილვით განუცხადა მოციქულს თავისი ნება: ქალაქიდან გამოქცეულმა პეტრემ იხილა თავად ქრისტე, რომელიც რომისკენ მიემართებოდა. „საით მიხვალ, უფალო?“ – ჰკითხა გაოგნებულმა პეტრემ. „რომში, რათა ჯვარს მაცვან“ – მიუგო უფალმა. პეტრე ყველაფერს მიხვდა და დაბრუნდა ქალაქში, სადაც მოწამებრივი სიკვდილით უნდა განედიდებინა ქრისტე. მალე ის და პავლე მამერტინის საპყრობილეში გამოკეტეს. გადმოცემის თანახმად, აქ მოციქულებმა დაახლოებით ცხრა თვე დაჰყვეს, ამასობაში საპყრობილის მცველები მოაქციეს და მრავალი სასწაული აღასრულეს. ტიმოთესადმი უკანასკნელ ეპისტოლეში პავლე მოციქული წერდა: „მე აწ ესერა შევიწირვი, და ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაჲ მოიწია. ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს, ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გვირგვინი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი“ (2 ტიმ. 4,6-8). ასეთი სიხარულის მოიმედე მოციქულს შეეძლო, მშვიდად აეტანა ტყვეობაც და უკანასკნელი განსაცდელებიც ამა სოფლად. მის მეგობართაგან ზოგიერთმა სულმოკლემ შიშის გამო მიატოვა იგი, მაგრამ პავლეს ვერაფერი განაშორებდა უფლის სიყვარულს.
პეტრე მოციქული მშვიდი სიმტკიცით ელოდა აღსასრულს. ამის შესახებ მას უფალმა ადრევე აუწყა (იხ. 2 პეტრ. 1,14).
ორივე მოციქულს სიკვდილი მიუსაჯეს. განაჩენის აღსრულებამდე პეტრე თავისი ცოლის დასჯის მოწმე შეიქნა და მას შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობა: „გახსოვდეს უფალი!“. პეტრეს ჯვარზე სიკვდილი ელოდა, რაც რომაელებისთვის ითვლებოდა ყველაზე სამარცხვინო სასჯელად, მაგრამ თავმდაბალმა მოციქულმა მეტისმეტ პატივად ჩათვალა, მომკვდარიყო თავისი ღვთაებრივი მასწავლებლის მსგავსად და ითხოვა – თავდაღმა გაეკრათ ჯვარზე.
პავლე მოციქულს, როგორც რომის მოქალაქეს, ასცდა „სამარცხვინო სასჯელი“ – მას მახვილით მოჰკვეთეს თავი. ზოგი მწერლის მტკიცებით, ორივე მოციქული დასაჯეს ერთსა და იმავე დღეს, ქრისტესშობიდნ 67-ე წელს. სხვები გადმოგვცემენ, რომ პავლე მოციქული პეტრეზე ერთი წლით გვიან აღესრულა. ვარაუდობენ, რომ ქრისტიანებმა თავიანთი მასწავლებლების ცხედრები შეინახეს კატაკომბებში, რაც მაშინ რომში მრავლად იყო. შემდგომში მორწმუნეები ხშირად იკრიბებოდნენ სალოცავად ამ უდიდესი განმანათლებლების საფლავებზე და კრძალვით მიაგებდნენ პატივს მათ ხსოვნას.
ჩვენ უფრო დაწვრილებით გიამბეთ პავლე მოციქულის შესახებ, რადგან წიგნი „საქმე წმიდათა მოციქულთაჲ“ იერუსალიმის კრების შემდგომ პეტრეს აღარ ახსენებს. მაგრამ გადმოცემით ვიცით, რომ იგი რამდენიმე წელიწადს უძღვებოდა ანტიოქიის ეკლესიას და ერთგულად უქადაგებდა ბაბილონის, სირიის, მცირე აზიის ოლქებში მიმოფანტულ იუდეველებს. ჩვენთვის ცნობილია პეტრეს ორი ეპისტოლე, სადაც იგი მორწმუნეებს უხსნის, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ქრისტესთვის სათნოდ, რომელმაც ისინი თავისი უპატიოსნესი სისხლით გამოისყიდა. არწმუნებს, მოთმინებით აიტანონ მიწიერი სატანჯველები, მტკიცედ სასოებდნენ ქრისტეს, გულით უყვარდეთ ერთმანეთი; თავიანთი ცხოვრებით წარმართებს კეთილი მაგალითი აჩვენონ ღვთის სადიდებლად; საერთოდ კი იცხოვრონ მართლად, წმინდად და ყოველთვის იქცეოდნენ, როგორც ღვთის ერთგული მსახურები. „უფალი ღმერთი წმიდა ყავთ გულთა შინა თქუენთა“ (1 პეტ. 3,15) – ეუბნება მორწმუნეებს მოციქული და ყველას ურჩევს ღვთის სიტყვის შესწავლას; არწმუნებს ეკლესიის მწყემსებს, სიყვარულით იზრუნონ მათთვის მიბარებულ სამწყსოზე, არ იბატონონ მასზე, არამედ კეთილი მაგალითი აჩვენონ; ცოლებს მოუწოდებს, დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ იზრუნონ ჩაცმა-დახურვასა და მოკაზმვაზე, ქმრებს – უყვარდეთ თავიანთი ცოლები და პატივს სცემდნენ მათ, როგორც „თანა-მკვიდრთა მადლისა ცხორებისათა“ (1 პეტ. 3,7); და ზოგადად ყველას – იყვნენ ერთსულოვანნი, გულმოწყალენი, თავმდაბალნი, ხელისუფალთა, ვით ღვთისგან დადგინებულთა, მორჩილნი. პეტრე მოციქულის მეორე ეპისტოლე მის მოწამებრივ აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე დაიწერა.
ეკლესია 29 ივნისს[1] პატივს მიაგებს წმიდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსოვნას და მათ – ქრისტეს ეკლესიის განვრცობისთვის ყველაზე მეტად დამაშვრალთ – უწოდებს „თავთა მოციქულთა“.
[1] წმინდანთა ხსენების თარიღები აღნიშნულია ძველი სტილით.
|