თავი 11
წმინდა იაკობ მოციქულის აღსასრული.
რა ხდებოდა ამ დროს იერუსალიმში? ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ ემტერებოდნენ იუდეველები ქრისტიანებს, რაც სულ უფრო მძაფრდებოდა ქრისტეს სარწმუნოების გავრცელებასთან ერთად. პავლე მოციქულმა კეისრის სამსჯავრო მოითხოვა და ამით იხსნა თავი მტრების მსახვრალი ხელისგან. იმედგაცრუებულმა იუდეველებმა მთელი ბოღმა იერუსალიმის მორწმუნეებისკენ მიმართეს და მათი დევნა წამოიწყეს. რასაკვირველია, ყველაზე მეტად მათ მოციქულები სძულდათ, რომლებიც ქადაგებით იყვნენ დაკავებულნი, შორეულ ქვეყნებში მოღვაწეობდნენ და იერუსალიმში იშვიათად, ისიც ცოტა ხნით, ბრუნდებოდნენ, რათა აღენიშნათ რომელიმე დღესასწაული, შეხვედროდნენ მორწმუნეებს, ურთიერთისთვის ეცნობებინათ საერთო საქმეში მიღწეული წარმატებების შესახებ. წმინდა ეკლესიამ შემოინახა გადმოცემა, რომელიც ეხება მოციქულთა სასწაულებრივ შეკრებას იერუსალიმში ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის მიძინების დღეს, როდესაც ისინი ღვთისმშობლის ზეციური დიდების მოწმენი შეიქნენ.
იერუსალიმში მუდმივად ცხოვრობდა წმინდა იაკობ მოციქული, ძმა უფლისა. ის იერუსალიმის ეკლესიის ეპისკოპოსი იყო და თავისი მართალი, მკაცრი ცხოვრებით იმ იუდეველების პატივისცემაც კი დაიმსახურა, ვინც ქრისტე არ შეიწყნარა. ხალხმა იცოდა, რომ იაკობი უმკაცრეს მარხვას იცავდა, მუდამ ხედავდნენ, ტაძარში მუხლმოდრეკილი როგორ ევედრებოდა უფალს ერის ცოდვების მიტევებას. ყველა მას „მართალსა და ერის დამცველს“ უწოდებდა.
მოციქული თავს არ ზოგავდა ქრისტიანობის გასავრცელებლად. 59 წელს მან კათოლიკე ეპისტოლე მისწერა მიმოფანტულ ქრისტიან იუდეველებს, რომელშიც არწმუნებდა მათ, გამოეჩინათ მოთმინება და მორჩილება განსაცდელების დროს, მოუწოდებდა მშვიდობის, სიმშვიდისა და ურთიერთსიყვარულისკენ; ევედრებოდა, კეთილი საქმეებით დაედასტურებინათ თავიანთი რწმენა ქრისტეს მიმართ, რომელმაც გამოისყიდა ისინი, „რამეთუ სარწმუნოებაჲ თვინიერ საქმეთაჲსა მკუდარ არს“ (იაკ. 2,20). იაკობ მოციქულმა, ზეშთაგონებით, პირველმა შეადგინა ღვთისმსახურების განაწესი ანუ ლიტურგია, რომელიც ამჟამადაც აღესრულება იერუსალიმში მისი ხსენების დღეს.
ევსები კესარიელი გვაუწყებს, რომ იაკობის ზეგავლენით ზოგიერთმა ხუცესმაც მიიღო ქრისტიანობა, რამაც მეტად შეაშფოთა მღვდელთმთავრები, ფარისევლები და მწიგნობრები. „ასე ხომ მალე მთელი ერი აღიარებს, რომ იესო არის ქრისტე, რომელსაც ელიან, – ამას ბოლო უნდა მოეღოს!“ – იმუქრებოდნენ ისინი. და რა მოიფიქრეს? – ეთხოვათ იაკობისთვის თანადგომა და თუ უარს იტყოდა, მოეკლათ.
დადგა პასექის დღესასწაული – ამ დროს იერუსალიმში ჩვეულებრივ დიდძალი ხალხი იყრიდა თავს. იაკობთან მივიდნენ მწიგნობრები, ფარისევლები და უთხრეს: „გთხოვთ, კაცო მართალო, დამოძღვრე ერი. ის ჯვარცმულ იესოს აღიარებს ქრისტედ, იხსენი ამ ცდომილებისგან. ხალხი შენ დაგიჯერებს, რადგან ყველასთვის ცნობილია შენი სიწმინდე და პირუთვნელობა. ტაძრის სახურავზე დადექი, რათა ყველას შეეძლოს შენი დანახვა და მოსმენა და იქიდან მიმართე ერს“.
შემდგომ იაკობი აიყვანეს ტაძრის სახურავზე და შეკრებილთა გასაგონად მიმართეს: „კაცო მართალო! შენი ყველას სჯერა, უთხარი ამ გზააბნეულ ერს, რას უნდა ფიქრობდეს ჯვარცმულ იესოზე?“
იაკობმა ხმამაღლა მიუგო: „თქვენ მეკითხებით იესოზე, ძე კაცისაზე, ვინც კეთილნებობით იტანჯა, მოკვდა, დაეფლა და მესამე დღეს აღდგა?! იგი ახლა ღმერთის მარჯვნივ მჯდომარეა და კვლავ მომავალ არს ზეციურ ღრუბელთა ზედა განსჯად ცოცხალთა და მკვდართა“.
ამის გაგონებაზე ხალხში მყოფმა მორწმუნეებმა სიხარულით შესძახეს: „დიდება ღმერთს! ოსანა დავითის ძეს!“. მაგრამ ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, განრისხებულებმა, რომ იაკობს ქრისტეს შესახებ ქადაგების შესაძლებლობა მისცეს, მორთეს ყვირილი: „მართალიც ცდება!“ ზემოთ აცვივდნენ და მოციქული ტაძრის სახურავიდან გადმოაგდეს. ასეთი სიმაღლიდან დაცემული იაკობი სასიკვდილოდ დაშავდა, მაგრამ მოიკრიბა უკანასკნელი ძალები, მუხლი მოიყარა, ხელები ზეცისკენ აღაპყრო და ხმამაღლა იწყო ლოცვა: „უფალო ღმერთო, მიუტევე მათ, რამეთუ არ იციან, რას სჩადიან!“
სანამ ლოცულობდა, ფარისევლებმა ხალხი შეაგულიანეს და ზოგიერთმა ქვებიც კი დაუშინა მას. წმინდა მოწამის დასაცავად აღიმაღლა ხმა ერთმა ადამიანმა რექაბის ტომიდან: „შეჩერდით, რას სჩადით! თქვენთვის მლოცველ მართალს ქვებით ქოლავთ?!“ ამ დროს ერთმა ხელოსანმა იაკობს ხის მძიმე ნაჭერი ჩაარტყა და თავი გაუხეთქა. ეს მოხდა 62 წელს.
მალევე შეაძრწუნა იაკობის მტრები თავიანთმა ბოროტმოქმედებამ. როცა ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდგომ ომი დაიწყო და იუდეველებს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს, ბევრი მათგანი ამ უბედურებას დამსახურებულ სასჯელად თვლიდა მართალი კაცის მკვლელობისთვის. იუდეველი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი, რომელმაც ომის საშინელებანი აღწერა, ასკვნის: „ეს ყოველივე მათ დაემართათ იაკობ მართლის, იესოს, ქრისტედ წოდებულის, ძმის სიკვდილის გამო. იუდეველებმა იგი მოკლეს, მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ადამიანი იყო“.
იაკობის სიკვდილის შემდეგ იერუსალიმის ქრისტიანებმა ეპისკოპოსად აირჩიეს სვიმეონი, უფლის ნათესავის, კლეოპას ძე.
იუდეველები განაგრძობდნენ ქრისტიანთა დევნას. დაახლოებით ამ დროს იერუსალიმში სარწმუნოებისთვის ეწამა მათე მოციქული. იგი ბევრს და გულმოდგინედ ქადაგებდა იუდეაში, მცირე აზიაში და ერთ-ერთ უშორეს ქვეყანაში – ეთიოპიაშიც კი. შემდგომ მივიდა იერუსალიმში, სადაც განაგძრო ქრისტეს სახარების ქადაგება. მღვდელთმთავარმა ანანიამ იგი ღვთისმგმობელობაში დაადანაშაულა, რის გამოც მათე ქალაქგარეთ გაიყვანეს და ჩაქოლეს.
მაგრამ ყოველგვარი საფრთხის მიუხედავად, მოციქულები უშიშრად განაგრძობდნენ წმინდა სწავლების გავრცელებას. აშკარა იყო ფსალმუნთმგალობლის წინასწარმეტყველური სიტყვების აღსრულება: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათაჲ – სიტყუანი მათნი“ (ფსალ. 18,4). ჩვენ შემდგომ განვიხილავთ მოციქულთა მოღვაწეობას. ახლა კი უნდა მივუბრუნდეთ რომს, სადაც დაიწყო წარმართთაგან ქრისტიანების პირველი სასტიკი დევნა.
|