martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 10

პავლე მოციქულის მოღვაწეობა რომში.

 

პავლე მოციქულის ეპისტოლედან ვიგებთ, რომ იმ დროს რომში საკმაოდ ბევრი ქრისტიანი ცხოვრობდა. ისინი სალოცავად სახლებში იკრიბებოდნენ. ეს პავლე მოციქულის სიტყვებიდანაც ჩანს, რომელიც ითხოვს, მოიკითხონ აკვილა და პრისკილა და „სახლად-სახლად კრებულნი მათნი“ (რომ. 16,3). რომის მმართველობა ქრისტიანებს იუდეველებისგან არ განარჩევდა; თავს არ იწუხებდა, გაეგო, რას წარმოადგენდა მათი სწავლება და არც სარწმუნოებისთვის ავიწროებდა.

საერთოდ, მაშინდელი რომის მმართველობა საკმაოდ გულგრილად ეკიდებოდა ქვეშევდრომი ერების აღმსარებლობებს. ქალაქში გვერდიგვერდ იყო აღმართული ეგვიპტელთა, სირიელთა, ბერძენთა და რომაელთა კერპები. რომაელებს წესად ჰქონდათ, ქვეყნის დაპყრობის შემდგომ ხალხის აღმსარებლობა არ დაერღვიათ, არამედ უცხო ღმერთები თავისად ექციათ, რითაც დამორჩილებულ ერებზე ძალაუფლების განმტკიცებას ფიქრობდნენ.

თავად რომაელებსა და ბერძნებს იმ დროისთვის უკვე ნაკლებად სწამდათ თავიანთი ღმერთებისა. ამასთან რომაელები მეტისმეტად გაიტაცა საერო ცხოვრების აურზაურმა და ბერძნებივით გულმოდგინედ აღარ ეძიებდნენ ჭეშმარიტებას. სამაგიეროდ, საშინლად ცრუმორწმუნენი იყვნენ: ყოველივეს, მათთვის გაუგებარს, მიაწერდნენ იდუმალ მტრულ ძალებს, რომელთა გულის მოგებასაც ცდილობდნენ. რომაელთა მთელი ცხოვრება, საზოგადოებრივი იქნებოდა თუ პირადი, სავსე იყო ცრურწმენაზე აგებული რიტუალებით. მათ სჯეროდათ ნებისმიერი შელოცვისა, ცდილობდნენ მომავლის გაგებას ფრინველების ფრენის, ღმერთებისადმი მსხვერპლად შეწირული ცხოველების შიგნეულის მიხედვით; არსებობდა იღბლიანი და უიღბლო დღეები... ქურუმები ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ მათთვის ხელსაყრელი ცრურწმენების შენარჩუნებას. რომში აღმოსავლეთიდან შემოაღწია მოგვების მკითხაობამ, სპარსელ და ქალდეველ ვარსკვლავთმრიცხველთა სწავლებამ, რომლებიც იჩემებდნენ, რომ მომავლის გამოცნობა ვარსკვლავების მოძრაობისა და განლაგების მიხედვით შეეძლოთ. ერთი სიტყვით, ყოველგვარი მოძღვრება და ცრურწმენა თავშესაფარს ჰპოვებდა რომში; იქ ყველანაირი წარმართული რიტუალი დაუბრკოლებლად სრულდებოდა.

გარკვეული დროიდან რომში გაჩნდა ჩვეულება – იმპერატორებისთვის მიეგოთ ღვთისთვის საკადრისი პატივი. ღმერთებად შერაცხეს ისეთი საშინელი ბოროტმოქმედები, როგორებიც იყვნენ ტიბერიუსი (14-37 წწ.) და კალიგულა (37-41 წწ.). მათ პატივსაცემად აღმართულ საკურთხევლებზე აღასრულებდნენ მსხვერპლშეწირვას; მათი ქანდაკებების, როგორც ღვთაებათა კერპების, წინ გუნდრუკი[1] იკმეოდა. იმპერატორის პატივსაცემად დადგენილი რიტუალის შესრულება ერთგულებისა და თავდადების დამადასტურებლად ითვლებოდა და ქვეშევრდომებისთვის თითქმის აუცილებელ მოვალეობას წარმოადგენდა. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ რომში ღმერთებისადმი რწმენა თითქმის აღარ არსებობდა, კერპთმსახურებას მაინც მტკიცედ მისდევდნენ, რისი მიზეზიც ცრურწმენით გამოწვეული შიში, ოდინდელი ჩვეულება და სამოქალაქო დადგენილებები იყო. თავად ფილოსოფოსები და სწავლულები, რომლებიც თავიანთ თხზულებებში ღმერთებს მასხრად იგდებდნენ, დადგენილ რიტუალებში მონაწილეობაზე უარის თქმას ვერ ბედავდნენ. იცოდნენ, რომ თავს დაატყდებოდათ ცრუმორწმუნეთა რისხვა და კანონის სიმკაცრით პასუხისგებას ვერ ასცდებოდნენ.

ჭეშმარიტებისა და ყოველგვარი სარწმუნოებისადმი გულგრილ გარემოში – რომში ურთიერთს ერწყმოდა სხვადასხვა კერპთმსახურება – მათი რიტუალები, ცნებები და ღვთაებათა სახელები. მაგრამ რომის ერთ ქვეშევრდომ ერს თავი შორს ეჭირა ყოველივე ამისაგან, მკაცრად იცავდა თავის ღვთისმსახურებას უცხო რიტუალების შემოჭრისაგან და არ მალავდა ზიზღს მრავალღმერთიანობისადმი. ესენი რომში მრავლად მცხოვრები იუდეველები იყვნენ. მათ სძულდათ თავიანთი კერპთაყვანისმცემელი პატრონები და მკაცრად იცავდნენ მოსეს რჯულს, რომელიც წარმართებთან სიახლოვეს კრძალავდა. ამის გამო რომაელები ცუდად იცნობდნენ მათ სარწმუნოებას. წარმართებს ვერ გაეგოთ, თუ რომელ ღმერთს სცემდნენ თაყვანს იუდეველები, რადგან მათ სამლოცველოებში ღვთაების ხილულ გამოსახულებას ვერ პოულობდნენ და ამ ადამიანებს უფრო უღმერთოებად მიიჩნევდნენ. იუდეველთა მკაცრი გამომეტყველება, წარმართებისგან მკაცრად გამიჯვნა, კერპთაყვანისმცემლების რიტუალებში მონაწილეობაზე უარის თქმა ერთგვარ უნდობლობას იწვევდა რომის მმართველობაში. იუდეველებს ტვირთად აწვათ თავიანთი ქვეშევრდომობა, დღე-დღეზე ელოდნენ გამომხსნელის მოვლინებას და გამუდმებით შფოთავდნენ. ამ მიზეზით ერთხელ ისინი უკვე გააძევეს რომიდან, მაგრამ იმპერატორ კლავდიუსის სიკვდილის შემდეგ ისევ დაბრუნდნენ. ამის შემდეგ რომაელები უნდობლად უყურებდნენ მათ, ხელისუფლება თვალყურს ადევნებდა, როგორც არასაიმედო მოქალაქეებს, მაგრამ რჯულის გამო საერთოდ არ დევნიდა.

რომში ქრისტეს სწავლების ქადაგება, სავარაუდოდ, იუდეველთა შორის დაიწყო; ზუსტად როდის და როგორ, ამის შესახებ უტყუარი ცნობები არ არსებობს. წიგნში „საქმე წმიდათა მოციქულთაჲ“ ნახსენებია, რომ იმ უდიდეს მეერგასე დღეს, როდესაც სულიწმიდა გარდამოვიდა მოწაფეებზე, იერუსალიმში რომიდან წამოსული იუდეველებიც იყვნენ. აქედან შეიძლება ვიფიქროთ, რომ პირველებმა სწორედ მათ იქადაგეს იმპერიის დედაქალაქში იესო ქრისტეს აღდგომისა და მის მიერ ჩვენი გადარჩენის შესახებ. წმინდა წერილში არაფერია მითითებული რომში პეტრე მოციქულის მოგზაურობაზე, მაგრამ უძველესი ისტორიული გადმოცემებით დასტურდება, რომ მან ეს ქალაქი მოინახულა 45 წელს; რომ მასთან ერთად იყო მისი მოწაფე მარკოზი, რომელმაც პეტრეს წინამძღვრობით იქვე დაწერა თავისი სახარება. ამ დროისთვის იტალიის სხვა ქალაქებშიც შეიტყვეს ქრისტეს შესახებ. მარკოზი ქადაგებდა ვენეციასა და ადრიატიკის ზღვის მახლობლად მდებარე მდიდარ ქალაქ აკვილეაში; ბარნაბა – მილანში; ასე ვრცელდებოდა ქრისტეს სარწმუნოება, რასაც წარმართი მმართველობა თავდაპირველად ყურადღებას არ აქცევდა.

როდესაც 61 წელს პავლე რომში ჩავიდა კეისრის სამსჯავროზე, როგორც ბრალდებული, მას საკმაოდ ლმობიერად ექცეოდნენ: ნებას რთავდნენ, ეცხოვრა მისთვის გამოყოფილ სახლში, ევლო, სადაც სურდა და მიეღო მნახველები, ოღონდ მცველის გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, ფესტოსმა და აგრიპამ რომს შეატყობინეს, რომ პავლეს მხოლოდ იუდეურ რჯულთან დაკავშირებულ სადავო საკითხებში სდებდნენ ბრალს. ეს კი მმართველობისთვის მნიშვნელოვანი დანაშაული არ იყო, ამიტომაც პავლეს მკაცრად არ იცავდნენ. მოციქული გულმოდგინედ ქადაგებდა ღვთის სიტყვას, მისმა ორწლიანმა ცხოვრებამ რომში მრავალი ადამიანი განანათლა და სულიერად გადაარჩინა. ქრისტეს სწავლების შესახებ თავად კეისრის სახლშიც შეიტყვეს. აი, რას სწერდა პავლე ფილიპელებს: „უწყებაჲ თქუენი მნებავს, ძმანო, რამეთუ ჩემთვის უფროჲსღა წარსამატებელად სახარებისა მისთვის მოივლინა, ვიდრეღა კრულებანი ესე ჩემნი განცხადებულ იქმნეს ქრისტეს მიერ ყოველსა მას ტაძარსა და სხუათა მიმართ ყოველთა. და უმრავლესთა ძმათა უფლისა მიერ, მოსავთა მათ ჩემთა კრულებათასა. უმეტესღა ვიკადრებ უშიშად სიტყუასა მას ღმრთისასა სიტყუად“ (ფილიპ. 1,12-14).

პავლეს დიდად ახარებდა წმინდა საქმეში მიღწეული წარმატებები. გარდა ამისა, გვერდით ჰყავდა თავისი მეგობრები: ლუკა, იოანე, მარკოზი, არისტარქე, ტიმოთე და სხვები, რომლებიც გულმოდგინედ ეხმარებოდნენ. ახარებდა, რომ მას სიყვარული და სიბეჯითე დაუმტკიცეს მათაც, ვინც ჭეშმარიტების გზაზე დააყენა. ფილიპელებმა და კოლასელებმა პავლეს მოსანახულებლად და შემწეობის შესათავაზებლად თავიანთი ეპისკოპოსები: ეპაფროდიტე და ეპაფრასი გამოაგზავნეს (იხ. ფილიპ. 2,25; კოლ. 1,7), რომლებმაც მის მიმართ უდიდესი სიყვარული და მადლიერება გამოხატეს.

პავლე ამ უმძიმეს დღეებში სულიერად არ დაცემულა, გულმხურვალედ იღვწოდა უფლისთვის, სიხარულითა და სრული შემართებით შრომობდა. ეს განწყობა ჩანს ეპისტოლეებში, რომლებსაც მაშინ სწერდა ეფესელებს, კოლასელებსა და ფილიპელებს. ტყვეობაში, სამსჯავროს მოლოდინში, პავლე განუწყვეტლივ ჰმადლობდა ღმერთს, რომელმაც მორწმუნეებს თავისი მადლი უხვად გარდამოუვლინა. ქრისტიანებს შეახსენებდა, რომ ისინი, უცხო და მწირი ადამიანები, მოწოდებულნი არიან, გახდნენ „თანა-მკვიდრ“ ქრისტესი და „სახლეულ ღმრთისა“ (ეფ. 2,19; 3,6); ევედრებოდა, ამ უმაღლესი პატივის შესაფერისად ეცხოვრათ, როგორც შვილებს ნათლისა და წევრებს ეკლესიისა, რომელიც სხეულია ქრისტესი.

პავლემ რომშივე დაწერა ეპისტოლე ებრაელთა მიმართ, სადაც განმარტა ძველი აღთქმის რჯულის მნიშვნელობა ქრისტიანობისთვის. ასევე ყურადსაღებია ეპისტოლე ფილიმონისადმი, რომლის დაწერასაც შემდეგი შემთხვევა დაედო საფუძვლად:

ფილიმონს – ღვთისმოშიშ კოლასელს – ჰყავდა მონა, სახელად ონისიმე. მან ერთხელ რაღაც დააშავა, პატრონს გაექცა და რომში ჩავიდა, რადგან ამ დიდ ქალაქში ძებნას ადვილად დააღწევდა თავს. იქ, ღვთის წყალობით, პავლეს ქადაგება მოისმინა, მისმა სიტყვებმა მასში სინანული გააღვიძა, ირწმუნა, მოინათლა და პავლეს მსახურად დაუდგა. მოციქულსაც მოეწონა ონისიმე, მაგრამ ჩათვალა, რომ უფლება არ ჰქონდა პატრონის ნებართვის გარეშე თავისთან დაეტოვებინა იგი. ამიტომ უკან გააგზავნა და წერილი გაატანა ფილიმონთან, სადაც სთხოვდა, შეენდო მონისთვის და მიეღო როგორც ქრისტესმიერი ძმა. ფილიმონი ასეც მოიქცა. მან გაათავისუფლა ონისიმე, რომელიც შემდგომ ეპისკოპოსი გახდა და ქრისტესთვის მრავალი ტანჯვის დათმენის პატივი ხვდა წილად.

არსად მოიპოვება ცნობები, თუ როგორ გამართლდა პავლე კეისრის წინაშე. იმ დროს ხელისუფალი სისასტიკით განთქმული ნერონი (54-68 წწ.) იყო. როგორც აღვნიშნეთ, ქრისტიანობა წარმართებში ჯერ კიდევ არ იწვევდა შეშფოთებას. სავარაუდოდ, ნერონმაც საჭიროდ არ ჩათვალა, ყურადღება მიექცია რჯულთან დაკაშირებული სადავო საკითხებისთვის და გაუშვა პავლე. ღმერთს ნებავდა, რამდენიმე ხნით კიდევ გახანგრძლივებულიყო ეკლესიისთვის ესოდენ საჭირო სიცოცხლე. ტყვეობიდან გათავისუფლებული პავლე ისევ შეუდგა შორეულ მოგზაურობას ღვთის სიტყვის საქადაგებლად; მოინახულა ადგილები, სადაც ადრე აუწყებდა სახარებას; კრეტაში ეპისკოპოსად დაადგინა თავისი მოწაფე ტიტე და დასავლეთის შორეული ქვეყნებისკენ გაეშურა. ფიქრობენ, რომ მან მოიარა ბრიტანეთი, ესპანეთი, იქადაგა დუნაისპირეთშიც, სადაც სლავური ტომები ცხოვრობდნენ. ამ მოგზაურობათა შესახებ დაწვრილებითი ცნობები არ შემოინახა, მაგრამ უძველესი მწერლები, მაგ. წმინდა კლიმენტი, იუწყებიან, რომ პავლე მოციქულმა აღმოსავლეთი და დასავლეთი განსწავლა თავისი ქადაგებით. ამ დროისთვის მან დაწერა ეპისტოლე ტიტესადმი და პირველი ეპისტოლე ტიმოთესადმი. ორივე მათგანში შესულია მნიშვნელოვანი დარიგებები და მრავალი მითითება ეკლესიის მდგომარეობისა და მართვის შესახებ.

 

[1] კეთილსურნელოვანი საკმეველი, გამოიყენება დასაწვავად და საკმევად.

 

 

       

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა