ტროპარი
ვითარცა მოციქულთა თანამოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაჲთა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
კონდაკი
სამღვდელოთა და საღმრთოთა ხმითა მქადაგებელთა, და მღვდელთმთავართა თავთა, უფალო, კეთილთა შენთაგან მიიღეს განსვენებაჲ, რამეთუ შრომანი მათნი და სიკუდილნი მიითვალენ უფროჲს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა, მხოლოო, რომელმან ადიდენ წმიდანი შენნი.
იტყვი: ნუთუ არ უნდა გვძულდეს თვით მტრებიცა და წარმართებიც? უნდა გვძულდეს არა ისინი, არამედ მათი სწავლება, არა ადამიანი, არამედ მანკიერი ცხოვრება და გამრუდებული ნება. ადამიანი ღვთის ქმნილებაა, ხოლო ცთომილება – ეშმაკისა. ამიტომ ნუ შეურევ ღვთისას ეშმაკისაში. იუდეველნი ჰგმობდნენ, სდევნიდნენ, შეურაცხყოფდნენ ქრისტეს და ბევრ რამეს ამბობდნენ მასზე, მაგრამ განა სძულდა ისინი პავლეს, რომელსაც ქრისტე ყველაზე მეტად უყვარდა? არა, პირიქით, მას უყვარდა ისინი და ყველაფერს აკეთებდა მათთვის. ხან ამბობდა: "ნებაჲ გულისა ჩემისაჲ და ვედრებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ ისრაელისათვის არს საცხოვრებელად" (რომ. 10,1); ხან კი: "ვილოცევდ მე შეჩუენებულ-ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათვის და ნათესავთა ჩემთა ხორციელად" (რომ. 9,3). ასევე ეზეკიელი, მათ დაღუპვას რომ ხედავდა, ამბობდა: "ვაჲ მე, ადონაჲ უფალო, აღჰხოც შენ ნეშტთა ისრაელისათა?" (ეზეკ. 9,8). ასევე მოსეც ამბობდა: "მი-თუ-უტევებ ცოდვათა მათთა, მიუტევენ, უკუეთე არა, აღმხოცე მეცა წიგნისა მისგან, რომელსა დამწერე" (გამოსლ. 32, 31-32)... თუკი ჩვენ უღმერთოებსა და უსჯულოებს მოვიძულებთ, მაშინ განვაგრძობთ და ცოდვილებსაც მოვიძულებთ, ხოლო ამ გზით მავალნი თანდათანობით გამოვეყოფით ძმათა დიდ ნაწილს, უფრო სწორედ კი ყველას, რამეთუ არავინაა უცოდველი. თუკი ღვთის მტრების მოძულებაა საჭირო, მაშინ უნდა მოვიძულოთ არა მხოლოდ უღმერთონი, არამედ ცოდვილნიც; ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მხეცებზე უარესნი ვიქნებით, ყველასაგან განვეშორებით და სიამაყით აღვზვავდებით ფარისევლის მსგავსად. მაგრამ პავლემ სხვაგვარად გვამცნო: "სწავლიდით უწესოთა მათ, ნუგეშინის-სცემდით სულმოკლეთა, თავს-იდებდით უძლურთა მათ, სულგრძელ იყვენით ყოველთა მიმართ" (1 თესალ. 5,14).
წმ. იოანე ოქროპირი
|