არქიმანდრიტი გიორგი
(ათონის გრიგორიუს მონასტრის წინამძღვარი)
ქადაგება არქიმანდრიტ იუსტინე პოპოვიჩის
გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს
1979 წლის 3 მაისი, ჩელიე, სერბეთი
უწმიდესო მეუფენო, წმიდა მამებო და ძმებო.
თქვენი წმიდა ლოცვების შეწევნით ვიტყვი რამდენიმე სიტყვას, რაც არ იქნება იმის ღირსეული გამომხატველი, რასაც დღეს ყველანი განვიცდით.
კურთხეულია წმიდა სერბეთის მიწა, ნეტარია მიწა, რომელმაც თავის წიაღში ნეტარი მამა იუსტინე შეიწყნარა, კაცი, რომელსაც ჰქონდა საკუთარ თავში აღდგომის თესლი. ვადიდოთ მკვდრეთით აღდგომილი უფალი, რომელმაც ამ მძიმე დროს მოგვანიჭა ღვთისაგან გამოგზავნილი კაცი, რომლის სახელია - იუსტინე. კურთხეულ იყოს ღმერთი და უფალი ჩვენი, რომელიც არ სტოვებს თავის ხალხს უნუგეშოდ, არამედ ყოველ ჟამს აღადგენს წინასწარმეტყველთ იერუსალიმის გულის სანუგეშოდ.
მამა იუსტინემ ანუგეშა მიწიერი და ზეციერი იერუსალიმის გული. ჩვენ, მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლები, ვგრძნობთ, რომ მამა იუსტინე თავისას არ ამბობდა, ის ეკლესიის ბაგეებით მეტყველებდა; მან ეკლესიის სინდისი გამოხატა, ეკლესიის სარწმუნოება, ეკლესიის ტკივილითა და ტანჯვით იცხოვრა, თავის მხრებზე წმიდა ეკლესიის ჯვარი იტვირთა. ამიტომაც შეიქნა იგი ეკლესიის სიხარულად და სასოებად. ამიტომაც ვგრძნობთ დღეს, რომ აქ მის საფლავს გარშემორტყმია და ზედ დაყრდნობია მთელი მართლმადიდებელი საბერძნეთი, წმიდა მთა და მთელი მართლმადიდებელი მსოფლიო.
ჩვენ სიმდაბლით მოვედით ათონის წმიდა მთიდან, ყოვლადწმიდა ქალწულ ღმრთისმშობლის ქალაქიდან, წმიდა საბასა და წმიდა სიმეონ ხილანდარელის, სხვადასხვა ეროვნების მრავალი სხვა მღვდელმთავრის წმიდა მთიდან, რათა მუხლი მოვიდრიკოთ მამა იუსტინეს საფლავზე და მადლობა ვუთხრათ მას, რამეთუ ჩვენს მძიმე დროში მან წმიდა მოციქულთა და ეკლესიის წმიდა მამათა ქადაგება ააღორძინა. მან ყოველ ჩვენგანს შეახსენა: მხოლოდ ღმერთკაცი იესო ქრისტეა ჩვენი ერთადერთი მხსნელი და არ არსებობს მის გარდა სხვა სასოება კაცთათვის; ცხონება მხოლოდ ღმერთკაც ქრისტეს სხეულშია, მის ეკლესიაში, და ეს სხეული წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიაა; სხვა აღმსარებლობის ქრისტიანები, რომლებიც ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას არ აღიარებენ, მხოლოდ მაშინ შეძლებენ ეკლესიის ერთობაში შესვლას და ცხონებას, როდესაც სინანულით დაუბრუნდებიან ჭეშმარიტ ღმერთკაც ქრისტეს.
ჩვენ ვმადლობთ მამა იუსტინეს იმისთვის, რომ მან დაამარცხა ამასოფლისა და დროების სული. მამა იუსტინე დიდი ნიჭია ღვთისა, ძლიერი სიმტკიცეა ამასოფლის სულის წინააღმდეგ, რომელიც ღმრთისმეტყველებისა და ჩვენი ცხოვრების დაპყრობას ესწრაფვის. ჩვენს სინდისსა და გრძნობაში მამა იუსტინე მსოფლიო მართლამდიდებელი ეკლესიის მამაა.
ჩვენ აქ იმისთვის მოვედით, რათა მივიღოთ მისი დალოცვა, რათა გამოვითხოვოთ მისი ლოცვა-კურთხევა წმიდა მთისათვის, გრიგორიუს მონასტრის მამებისათვის, საიდანაც ჩვენ ჩამოვედით, და ყოველი მართლმადიდებლისათვის, რათა ღვთის მადლით სიკვდილამდე ჩვენი ღმერთკაცის ერთგულნი დავრჩეთ, ღმერთკაც ქრისტესა და წმიდა კათოლიკე ეკლესიის სარწმუნოებაში. ჩვენ მხოლოდ დროთა განმავლობაში შევძლებთ იმის გაგებას, რომ მამა იუსტინეს ქადაგება - ჭეშმარიტი და ბუნებრივი გაგრძელებაა წმიდა მამათა ქადაგებისა და მათ შორის წმიდა გრიგოლ პალამასი, თესალონიკის მთავარეპისკოპოსისა.
თავისი ლოცვებით მამა იუსტინე შეგვეწევა, რათა სულ უფრო ღრმად შევიგრძნოთ და შევიცნოთ მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიის ერთადერთობა და ის ჭეშმარიტება, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობამ დაიცვა დაუმახინჯებლად და დაუზიანებლად სახარებისეული სარწმუნოება, ღმერთკაც იესო ქრისტეს სახარება.
ვითხოვ ლოცვა-კურთხევას აქ მყოფი წმიდა მღვდელმთავრებისაგან. დაე, ნუ ვიქნებით უმადურები იმ სულიერი მემკვიდრეობის მიმართ, რასაც ყველას გვიტოვებს მამა იუსტინე.
საუკუნო იყო ხსენება ნეტარი ბერისა იუსტინესი!
თარგმნილია წიგნიდან Преп. Иустин Попович – На "Богочеловеческом пути".