წმ. მღვდელმთავარ ფილარეტ მოსკოველი
რა უნდა ვქნათ ეპიდემიის ჟამს?
რა უნდა ვქნათ? მე ვფიქრობ იგივე უნდა გავაკეთოთ, რაც დავითმა და იერუსალიმის მაცხოვრებლებმა გააკეთეს მომსვრელი ანგელოზის ხილვისას. „დავარდა ქუეყანასა ზედა დავით და მოხუცებულნი ისრაელისანი შემოსილნი ძაძითა პირსა ზედა მათსა“ (1 ნეშტ. 1,16). იგივე უნდა გავაკეთოთ, რითიც ნინეველებმა აირიდეს არა სავარაუდოდ მოსალოდნელი უბედურება, არამედ გადაწყვეტილად ნაწინასწარმეტყველები დაღუპვა. „დაემორწმუნნეს კაცნი ნინევისანი ღმერთსა. და ქადაგეს მარხვაჲ... და ღაღად-ყვეს ღმრთისა მიმართ გულსმოდგინედ და მოაქცია კაცადმან გზისაგან თვისისა ბოროტისა და სიცრუისაგან ხელთა მათთაშინაჲსა (იონა 3,5-8).
ძმებო, დავამხოთ სიმდაბლით ჩვენი გულები ღვთის წინაშე, მისი გამოუკვლეველი გზებისადმი დამორჩილებით... შევინანოთ, ძმანო, და ვყოთ ნაყოფი ღირსი სინანულისა, ანუ ცხოვრება გამოვასწოროთ. განვიშოროთ ამპარტავნება, მზვაობრობა და საკუთარი თავის მოიმედეობა. აღვაგზნოთ ჩვენი რწმენა. განვმტკიცდეთ ღვთის სასოებაში... ამოვძირკვოთ ჩვენი გულებიდან ბოროტებათა ფესვი, ვერცხლისმოყვარება. გავამრავლოთ მოწყალება, სიმართლე, კაცთმოყვარება. შევწყვიტოთ ფუფუნება. უარი ვუთხრათ გრძნობათა სურვილებს, არასაჭიროს რომ ითხოვენ. შევიყვაროთ თავშეკავება და მარხვა. ძაძით თუ არა, უბრალოებით მაინც შევიმოსოთ. განვაგდოთ ნატიფი სამკაულები, ქარაფშუტობითა და ცვალებადობით აღბეჭდილები. უგულებელვყოთ ამაო გასართობები, სიკეთის ქმნისთვის მონიჭებული დროის მკვლელები. გავამრავლოთ ლოცვები, ფარული – ყოველ ადგილას და ყოველ ჟამს, საზოგადო – წმიდა ეკლესიის ხელმძღვანელობის თანახმად. ვიხმიოთ ყურადღებით, კეთილჟამიერად, კეთილსაიმედოდ, მარადის კეთილისმოქმედი და ყოვლადმაკურნებელი წამალი, მშვიდობიანი, უსისხლო მსხვერპლი, ქრისტეს ყოვლადწმიდა ხორცისა და სისხლის ზიარებით.
ქოლერის ეპიდემიის მოახლოებისას წარმოთქმული ქადაგებიდან
|