წმ. ბარსანოფი ოპტინელი
სასუფეველში შესვლის უფლება
1912 წ. 26 მარტი. ბრწყინვალე ორშაბათი
მრავალჯერ მითქვამს თქვენთვის და ახლაც იმავეს გაგიმეორებთ: არ უნდა დავუჯეროთ სიზმრებს, რადგან ჩვენ გაგვიჭირდება იმის გარკვევა, რომელია ღვთისგან და რომელი – ეშმაკებისგან. ეშმაკი ხომ ყოველ ნაბიჯზე აგებს თავის მახეებს, რომ გაუფრთხილებელი ადამიანები შიგ ჩაითრიოს. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, რომ მხოლოდ იმ სიზმრების უნდა გვჯეროდეს, რომლებიც მარადიულ სატანჯველზე დაგვაფიქრებენ. მაგრამ თუ ასეთი სიზმრები გახშირდება, მათაც აღარ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან ჩანს, რომ ამით მტერს სურს, მოწყინებასა და სასოწარკვეთილებაშიც კი ჩაგვაგდოს.
სასუფეველში შესვლის უფლება რომ მოვიპოვოთ, ამისთვის ჩვენ გვჭირდება ჯვარი, გვჭირდება ჯვარცმა. მაცხოვარი ამბობს საკუთარ თავზე: "და ეკიცხევდენ მას, და ტანჯონ იგი, და ჰნერწყვიდენ მას, და მოკლან იგი, – შემდეგ კი ამატებს: – და მესამესა დღესა აღდგეს" (მარკ. 10,34). თითოეულმა ქრისტიანმა, ვინც განუხრელად მისდევს იესო ქრისტეს მისი მცნებების აღსრულების გზით, ცათა სასუფეველში შესასვლელად აუცილებლად უნდა გაიაროს ეს ოთხივე ეტაპი. თუ რომელიმე თქვენგანს ჰკითხავენ: "გიყვარს ქრისტე?" – ის ალბათ ასეთ პასუხს გასცემს: "მიყვარს, – და იქვე დაამატებს: – არ შეიძლება, მიყვარდეს ქრისტე, მაგრამ არ ვიტანჯო, არ ვეწამო, არამედ მშვიდად და უშფოთველად განვვლო ჩემი ცხოვრება?" არა, ეს შეუძლებელია, იმდენად რამდენადაც ეშმაკი არ მოასვენებს ღვთისმოყვარე ადამიანს. ქრისტესადმი სიყვარული – ეს ის უძვირფასესი საჩუქარია, რომელიც მწუხარების დათმენის გზით, სიმწრით, ოფლითა და შრომით უნდა მოვიპოვოთ. სხვა გზით ვერ შევძლებთ მის მოპოვებას. ყველაფერი უნდა დავითმინოთ, განვიცადოთ ყველანაირი ტანჯვა. დამიჯერეთ, ამით არ წავაგებთ, პირიქით – მოვიგებთ. რას? – ცათა სასუფეველს.
ცხოვრება მძიმე გამოცდებს გიწყობთ, მაგრამ ნუ შეძრწუნდებით, თქვენ ჭეშმარიტების გზაზე დგახართ – რამ უნდა შეგაძრწუნოთ, რამ უნდა შეგაშინოთ? თავისთავად, ცხოვრება ძალიან მარტივია, ამავე დროს კი – უკიდურესად რთული. რა თქმა უნდა, ეს ორი ცნება ერთმანეთთან შეუთავსებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან. ცხოვრება მარტივია მათთვის, ვინც მთლიანად ღმერთსაა მინდობილი და უკვე აღარაფერი აღელვებს; მათთვის კი, ვინც ამაოდ ბრძნობს ცხონების საქმეში, განსაკუთრებულ ღვაწლს იღებს საკუთარ თავზე, განსაკუთრებულ საქმეებს ეჭიდება, ცხოვრება მეტისმეტად რთული ხდება.
თქვენ წინაშე რამდენიმე გზაა. ზოგიერთები მონაზვნურ გზას ირჩევენ, მაგრამ ყველა როდია ამისთვის მოწოდებული. ვისაც მონაზვნობის სურვილი არა აქვს, არც უნდა დააძალოს საკუთარ თავს. ცხონება ერშიც შეიძლება, ოღონდაც ნუ დაივიწყებთ ღმერთს, შეასრულეთ მისი წმინდა მცნებები, და, რაც მთავარია, გაუფრთხილდით
მართლმადიდებელ სარწმუნოებას, ნუ გაცვლით მას ამასოფლის ნურავითარ სიმდიდრეში. დაე, დაგცინონ, არასრულყოფილად ჩათვალონ თქვენი სარწმუნოება – ნუ მიაქცევთ ყურადღებას. გთხოვთ იესო ქრისტეს სახელით! მტკიცედ იდექით, ნუ გექნებათ სულიერი ერთობა ურწმუნოებთან და ერეტიკოსებთან, თუნდაც ისინი თქვენთვის ძალიან ახლობელი ადამიანები იყვნენ.
გუშინ ჩემთან სასულიერო აკადემიის სტუდენტებმა შემოიარეს. მათგან შევიტყვე, რომ პეტერბურგში უკვე აუშენებიათ ბუდისტური ტაძარი, ბუდას ქანდაკებაც მოუტანიათ და საბაჟოში დაუდვიათ. ჯერჯერობით კერპის თაყვანისცემა არ დაწყებულა, მაგრამ დადგება დრო და დაიწყება კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა. ადამიანები ქანდაკების წინ დაემხობიან და ისე განადიდებენ მას, როგორც ღმერთს. მე ამ დრომდე ვერ ვიცოცხლებ, მაგრამ ახალგაზრდები ნახავენ ყველაფერ ამას. ნუ შეშინდებით, ღმერთი არ დაგტოვებთ, ოღონდაც, კვლავ გიმეორებთ, მტკიცედ იდექით მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე, ნუ დათმობთ თქვენს რელიგიურ მრწამსს, თუნდაც მთელმა ქვეყანამ სასაცილოდ აგიგდოთ.
|