წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი
წერილები
აღმოსავლეთის ეკლესიის მამების სწავლების ჭეშმარიტებისა და დასავლეთის ეკლესიის მოღვაწეთა მცდარი მიმართულებისათვის
ახლა "ეგვიპტის წმინდა მეუდაბნოეთა გამონათქვამების კრებულს" ვკითხულობ – ეს წიგნი სლავურ, რუსულ და სხვა ენებზეც მაქვს. ფასდაუდებელი საუნჯეა ეს გამონათქვამები! მარგალიტების მაძიებელი ზღვის ფსკერზე ეშვება პატიოსანი ქვების მოსაპოვებლად, წმინდა მამები კი შორეულ უდაბნოში მიდიოდნენ, საკუთარ თავს უღრმავდებოდნენ და იქ სხვადასხვა ძვირფას სულიერ მარგალიტებს პოულობდნენ: ქრისტეს მობაძავ სიმდაბლეს, ბავშვურ უბრალოებასა და უწყინარობას, ანგელოზებრივ უვნებელობას, სულიერ განსჯასა და სიბრძნეს – ერთი სიტყვით, სახარებას.
დღეს სისო დიდის ის გამონათქვამი წავიკითხე, ყოველთვის განსაკუთრებით რომ მომწონდა და გულის სიღრმემდე მწვდებოდა. ერთმა ძმამ უთხრა მას, ღვთის განუწყვეტელი ხსოვნა მაქვსო. ღირსმა სისომ მიუგო: "ეგ დიდი ვერაფერია. დიდი [სათნოება] ის იქნება, თუ საკუთარ თავს ყოველ არსზე უარესად შერაცხავ".
მაღალი საქმეა ღვთის განუწყვეტელი ხსოვნა! მაგრამ ეს სიმაღლე ძალიან საშიშიცაა, თუ მისკენ მიმავალი კიბე სიმდაბლის მტკიცე ლოდს არ ემყარება.
შეხედეთ, რა თანხმობაშია წმიდა წერილი მამებთან! იგი ამბობს: "არამედ საკუერთხი (მსხვერპლი, საკლავი) არა გთნდეს... მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს" (ფსალმ. 50. 18-19). კაცთაგან შეწირული მსხვერპლი სულის სიგლახაკეს, სინანულის გრძნობას უნდა ემყარებოდეს. უამისოდ ღმერთი მას უარყოფს.
ასევე ძალიან მომწონს პიმენ დიდის ერთი გამონათქვამი: "თუ ყველგან და ყველაფერში საკუთარ თავს ვაყვედრებთ, ყველგან ვპოვებთ სულის მშვიდობას". სხვა მამამ კი ესეც თქვა: "ჩვენ მსუბუქი ტვირთი – საკუთარი თავის ყვედრება დავუტევეთ და მძიმე ტვირთი – სხვისი ყვედრება წამოვიკიდეთ ზურგზე". თითო ასეთი გამონათქვამი მთელ წიგნებს უდრის! ალბათ არავინ ისე ღრმად არ ჩასწვდომია სახარებას, როგორც წმინდა მეუდაბნოე მამები: ისინი ცდილობდნენ თვით თავიანთი ცხოვრებით, თავიანთი აზრებითა და გრძნობებით შეესრულებინათ სახარების მცნებები. მათი განმასხვავებელი თვისება იყო უღრმესი სიმდაბლე, მათი განსჯის საგანი – კაცის დაცემა, მუდმივი საქმე კი – საკუთარ ცოდვათა გლოვა.
სულ სხვა მიმართულება მიიღეს დასავლეთის ეკლესიის მწერლებმა და მოღვაწეებმა მას შემდეგ, რაც ეს ეკლესია გამოეყო აღმოსავლეთის ეკლესიას და მწვალებლობის წარმწყმედელ წყვდიადში დაინთქა. ღირსი ბენედიქტე, წმ. გრიგოლ დიდი ჯერ კიდევ თანხმობაში არიან აღმოსავლეთის წმინდა მამებთან, მაგრამ უკვე ბერნარდი მკვეთრად განსხვავდება მათგან, უფრო გვიანდელები კი კიდევ უფრო მეტ გადახრას ამჟღავნებენ. ისინი თავიდანვე ახალბედასათვის მიუწვდომელ სიმაღლეს ესწრაფვიან და მკითხველსაც იქით იზიდავენ, თვითონაც ზვაობენ და მკითხველსაც ამპარტავნებაში აგდებენ. ყოველივე სულიერს მათში აღგზნებული, ხშირად ისტერიული მეოცნებეობა ცვლის, თვითონ სულიერებაზე კი არავითარი წარმოდგენა არა აქვთ – ეს მეოცნებეობა ერევათ სწორედ ღვთის მადლში. "ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი", თქვა მაცხოვარმა (მათ. 7, 16). საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა დანაშაულებით, სისხლის რა ნიაღვრებით, რა სრულიად არაქრისტიანული ქცევით გამოხატეს დასავლელმა ფანატიკოსებმა თავიანთი აზროვნების მახინჯი წესი და მახინჯი გრძნობები. აღმოსავლეთის ეკლესიის წმინდა მამები მკითხველს სიყვარულის მკლავებში კი არ აქცევენ, მჭვრეტელობითი სიმაღლისაკენ კი არ მიჰყავთ, არამედ საკუთარი ცოდვის, საკუთარი დაცემის ხედვისაკენ, მხსნელის აღიარებისაკენ, ღვთის გულმოწყალების წინაშე საკუთარი თავის გლოვისაკენ. ისინი ჯერ ჩვენი ხორცის არაწმინდა მიდრეკილებათა დათრგუნვას გვასწავლიან, რათა ხორცი მსუბუქი გახდეს და სულიერი მოღვაწეობის უნარი მიეცეს; შემდეგ კი გონებას მიმართავენ: ასწორებენ აზროვნების წესს, ასწორებენ გონებას, წმენდენ მას ჩვენი დაცემის შედეგად შეძენილი აზრებისაგან, ცვლიან ამ აზრებს კაცის განახლებული ბუნების აზრებით – იმ ბუნებისა, რომელიც კარგად ასახა სახარებამ. გონების გამოსწორებასთან ერთად წმინდა მამები გულის გამოსწორებაზე, მისი ჩვევებისა და გრძნობების გამოსწორებაზეც ზრუნავენ. გულის განწმენდა გონების განწმენდაზე უფრო ძნელია: როცა გონება დარწმუნდება, რომ ესა თუ ის ახალი აზრი სწორია, ადვილად უარყოფს ძველს და ითვისებს ახალს; მაგრამ ჩვევის სხვა ჩვევით, სხვა თვისებით, გრძნობის სხვა, საწინააღმდეგო გრძნობით შეცვლა შრომაა – ძნელი, ხანგრძლივი, წარმოუდგენლად მძიმე შრომა. ამ ბრძოლის სიმძიმეს წმინდა მამები ასე გადმოსცემდნენ: "მიეცი სისხლი და მიიღე სული". ეს ნიშნავს, რომ სისხლისა და ხორცის ყველა ცოდვილი გულისთქმა, გულისა და გონების ყველა მოძრაობა, რაც სისხლისა და ხორცისგან იშვება, უნდა მოვაკვდინოთ; ხოლო გული, ხორცი და გონება სულის მმართველობას დავუმორჩილოთ. სისხლი და ნერვები ბევრ ვნებას მოჰყავს მოძრაობაში: მრისხანებას, ვერცხლისმოყვარებას, გემოთმოყვარებას, ცუდმედიდობას. ბოლო ორი ვნება განსაკუთრებით აღაგზნებს სისხლს იმ მოღვაწეებში, ვინც არასწორ მოღვაწეობას ეწევა და ისტერიულ ფანატიკოსებად აქცევს მათ. ცუდმედიდობა ნაადრევად ესწრაფვის იმ სულიერი მდგომარეობის მოპოვებას, რომლისთვისაც კაცი ჯერ მზად არ არის თავისი არაწმინდების გამო, და რადგან ჭეშმარიტებას ვერ სწვდება, ოცნებებს თხზავს საკუთარი თავისთვის. გემოთმოყვარება, უერთებს რა თავის მოქმედებას ცუდმედიდობის მოქმედებას, გულში ცრუ, ხიბლისმიერ ნუგეშისცემას, ტკბობას და თრობას ბადებს. ამას თავის მოტყუების მდგომარეობა ეწოდება: ყველა, ვინც არასწორ მოღვაწეობას ეწევა, სწორედ ამ მდგომარეობაში ვარდება. თავის მოტყუება მათში მეტ-ნაკლებად ვითარდება – იმის მიხედვით, თუ რამდენად აძლიერებენ ღვაწლს. აქედან არის დაწერილი დასავლელი მოღვაწეების მრავალი წიგნი, და სწორედ მათ ეტანება ასე ხარბად, მათ აღიარებს წმინდად და სულიერად, მათ მიიჩნევს წმიდა წერილის გვერდით დადგომის ღირსად დაბრმავებული და ამპარტავანი სოფელი, რომელსაც თავი უმაღლესი განათლების მფლობელად წარმოუდგენია და, აქედან გამომდინარე, ფიქრობს, რომ მისთვის სრულიადაც არ არის სავალდებულო აღმოსავლეთის ეკლესიის გარდამოცემის განუხრელი დაცვა.
აღმოსავლეთის ეკლესიის წმინდა მამებისათვის სრულიად უცხოა აღგზნების მდგომარეობა. მათ არასოდეს ეუფლებათ ენთუზიაზმი, რომელიც, არის რა თვითონაც სისხლისმიერი წარმოშობისა, დასავლეთში ხშირად სისხლისღვრის მიზეზი ხდებოდა. მამათა ნაწერებიდან ჭეშმარიტი თავგანწირვა სუნთქავს, სუნთქავს სურნელი სული წმიდისა, რომელიც მოაკვდინებს ცოდვებს. ამ სურნელს შორს გაურბიან ამა სოფლის ძენი – ისე, როგორც კრაზანები გაურბიან საკმევლის სუნს. "სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა" (იოან. 15. 19), თქვა უფალმა. დასავლელ მწერალთა თხზულებები, თავის მოტყუების მდგომარეობიდან დაწერილი, უამრავ მკითხველს პოულობს, არაერთგზის ითარგმნება, იბეჭდება და ხელახლა გამოიცემა, მათ შესახებ გამოთქვამენ, წერენ და აქვეყნებენ აღტაცებულ შეძახილებს; მომაკვდინებელი შხამით სავსე ამ წიგნებს სოფელი იწონებს და ამტკიცებს. წმინდა მამათა ნაწერები დავიწყებას მიეცა! ის, რაც წმინდა ეკლესიამ უძველესი დროიდან შეიწყნარა, რაც მოღვაწეთა ცხოვრების ერთადერთ სწორ სახელმძღვანელოდაა დადგენილი, არავითარი პატივისცემით აღარ სარგებლობს. მამათა ნაწერებს აკრიტიკებენ, მათში წმიდა წერილთან შეუსაბამობებს პოულობენ. ყოველივე ამის მიზეზი ისაა, რომ წმინდა მამებს სული წმიდა უძღოდათ, რომ მათ უარყვეს ამა სოფლის სიბრძნე, რათა სულიწმიდისმიერი სიბრძნე მოეპოვებინათ. ამაოა მათი მცდელობა, ვინც მოციქულის სწავლების საწინააღმდეგოდ, ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგოდ ცდილობს სულიწმიდისმიერი სიბრძნე ამა სოფლის სიბრძნის მეშვეობით მოიხვეჭოს. "რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სივერაგითა თვისითა" (I კორ. 3. 19) – ასეთი ბრძენები დაბრკოლდნენ და საშინელი დაცემით დაეცნენ. "სულიერის" ახსნა მათ ბნელი მშვინვიერი გონებით მოისურვეს და ეს "სულიერი" მამათა ნაწერებში უცნაურად, წმიდა წერილის წინააღმდგომად მოეჩვენათ. "სულიერთა სულიერად შევატყუებთ – თქვა წმ. პავლე მოციქულმა. "ხოლო მშვინვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულსა ღმრთისასა, რამეთუ სიცოფე უჩნს (სისულელედ მიაჩნია) მას და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვინ" (I კორ. 2, 13-14). ეს ბოლო სიტყვები ახალი აღთქმის თანამედროვე თარგმანში ასე იკითხება: "რადგანაც ამაზე (სულიერზე) სულიერად უნდა განვსაჯოთ".
სარჩევი
|