წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი
წერილები
თავგანწირვისათვის
რა სიმსუბუქეს, რა სიხარულს, ნეტარ სიწმინდეს განიცდის კაცი, რომელიც კი არ თრგუნავს თავის თავში მოყვასისადმი კეთილგანწყობას, არამედ შეეწევა მას წმინდა, კრიალა ზეცისაკენ სწრაფვაში! ეს კი მაშინ ხდება, როცა იგი უფალს ეუბნება თავის საყვარელ ადამიანებზე: "ღმერთო, ისინი შენნი არიან, შენი შექმნილნი! შენი შენ გეკუთვნის, მე კი ვინა ვარ? წუთისოფლის მგზავრი, უეცრად რომ მოვედი და უეცრადვე წავალ". ვინც ამგვარად წმენდს თავის სიყვარულს თავისმოყვარებისა და მიკერძოებისგან, ის სუფთა, ქრისტესმიერ სიყვარულს იხვეჭს. ამ სიყვარულის შესაძენად გვიბრძანა ღმერთმა თავგანწირვა, ამას ნიშნავს სწორედ უფლის სიტყვები: "რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, მან პოვოს იგი" (მათ. 16. 25). ამ სიტყვებში უფლის ბრძანება აღთქმასთან არის შეერთებული.
და პირიქით: ვინც ამ საცთურით სავსე სოფელში საკუთარი სულის მოპოვებას, ანუ თავისი არაწმინდა ნების შესრულებას მოინდომებს, ის სულს წარიწყმედს. ცხონება თავგანწირვაში მდგომარეობს.
ქრისტეს დაუმორჩილეთ გონება! თუკი გონება ქრისტეს დაემორჩილება, ის აღარ მოისურვებს არც საკუთარი თავის, არც გულის გამართლებას; ხოლო როცა გულს თავისმართლება მოსცილდება, მას სიმდაბლე და ლმობიერება დაეუფლება. "გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს" (ფსალმ. 50. 19); თავისმართლება კი საშინელი, ცოდვილი სიკვდილია.
წმ. დავით მეფე ასე ლოცულობდა და ჩვენც ამას გვასწავლიდა: "ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა" (ფსალმ. 140. 4). "მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა" ნიშნავს საკუთარი ცოდვების გასამართლებელი საბუთების მოგონებას, თავისმართლებას. აზრები და სიტყვები, რომლებითაც ეს თავისმართლება გამოიხატება, უკეთურებად არის წოდებული. უკეთურად ცდილობს ცოდვილი საკუთარი თავისა და სხვების მოტყუებას! უკეთურად ცდილობს ცოდვილი, დამალოს თავისი ცოდვა თავისი თავისა და კაცთა წინაშე! კაცთა წინაშე თავისმართლებას, მათგან საკუთარი ცოდვის დამალვას ზოგჯერ აუცილებლობა, მოყვასის სარგებლობის გათვალისწინება გვაიძულებს, რომელსაც ჩვენი ცოდვის ხედვამ შეიძლება ზიანი მოუტანოს. საკუთარი თავის წინაშე თავისმართლება, საკუთარი სინდისის მოტყუება და ჩახშობა კი ყოველთვის უსჯულოებაა, ყოველთვის დანაშაულია. თუ კაცი "უკეთურების სიტყვებს" შეითვისებს, ის ხდება გულქვა ფარისეველი, არავითარ დანაშაულს რომ არ თაკილობს. ცოდვათაგან გამართლება, რომელსაც არაფრის გამოგონება და არავითარი მრავალსიტყვაობა არ სჭირდება, გამართლება, რომელსაც ღმერთი ყოველთვის ღებულობს, ერთადერთია – სინანული. სინანულს გაურბის ყოველგვარი ცოდვა, ვერც ერთი მათგანი ვერ აღუდგება წინ მის ძალას. სინანული სახარებისეული სათნოებაა, ღვთის ფასდაუდებელი ნიჭი, რომელიც ძე ღვთისას სისხლის ფასად მოგვეცა – ეს ის ფასია, ყოველი ჩვენი ცოდვის გამოსყიდვა რომ ძალუძს.
მტკიცედ გადაწყვიტეთ, რომ თავდაპირველად თუნდაც მხოლოდ გონებით უარყოთ თავი ქრისტესთვის, წაართვით გონებას დამღუპველი, უმაქნისი თვითმპყრობელობა, დაუმორჩილეთ იგი ქრისტეს მცნებებს, სახარებას. თავგანწირვის დასაწყისი გონებაში დევს: როცა იგი ქრისტეს დაემორჩილება, თანდათანობით ნეტარ მორჩილებამდე მიიყვანს გულსაც და ხორცსაც. თავგანწირვა საშინელია ერთი, ზერელე შეხედვით, მაგრამ როგორც კი კაცი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, სულში საოცარ სიმსუბუქესა და თავისუფლებას იგრძნობს. ეს სიმსუბუქე და თავისუფლება ჭეშმარიტების მოწამენი არიან.
სარჩევი
|