წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი
წერილები
ღვთის შიშისათვის
ჩემმა სულმა, ამ სოფელში ობლად მოხეტიალემ, თქვენს სულში ჰპოვა გამოძახილი – ისიც იმას ესწრაფვის, შეიცნოს ღმერთი, ვითარცა ღმერთი და თაყვანი სცეს ღმერთს, ვითარცა ღმერთს. თუმცა ღმერთმა დაიმდაბლა თავი ჩვენთვის და მიიღო სახე მონისა ჩვენდამი გამოუთქმელი სიყვარულის გამო, ჩვენ არა გვაქვს უფლება თავი დაგვავიწყდეს მის წინაშე. ისე უნდა მივეახლოთ მას, როგორც მონები – ბატონს, როგორც ქმნილნი – შემოქმედს, "შიშით და ძრწოლით თვისსა ცხოვრებასა იქმოდეთ"-ო, გვამცნო მოციქულმა (ფილიპ. 2. 12). მისი უსაზღვრო დიდებულება ბუნებრივად აღუძრავს მოწიწებულ შიშს ყველას, თვით მასთან დაახლოებულებსაც კი. წმ. დავით წინასწარმეტყველმა თქვა: "ღმერთი დიდებულ არს... და საშინელ ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოჲს მისსა" (ფსალმ. 88. 8) – ეს ეხება თვით დიდებულ სერაფიმებსა და ცეცხლოვან ქერუბიმებს, მათაც კი არ ძალუძთ იხილონ ქმნილის ძალებს აღმატებული დიდება ღვთისა, ცეცხლოვანი ფრთებით იფარავენ პირს და განუწყვეტელი, მარადიული გაკვირვებით ღაღადებენ: "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ!"
როგორ უნდა წარსდგეს ბნელი ცოდვილი დიდებული ღმერთის წინაშე? მხოლოდ თავიდან ბოლომდე სინანულის სამოსელით დაფარული. ამ სამოსელის გარეშე მისთვის, თხემით ტერფამდე ცოდვით დაზიანებულისთვის, უფრო სწორი და ბუნებრივი მდგომარეობა წყვდიადში, ჯოჯოხეთის ცეცხლში ყოფნაა, ვიდრე ყოვლადწმიდა ღმერთის წინაშე წარდგომა. ჯოჯოხეთი! აი, ცოდვილთათვის შესაფერისი ერთადერთი ადგილი.
ჯოჯოხეთის ღირსად შევრაცხოთ თავი, რათა უფალმა ზეცის ღირსად გვყოს.
სარჩევი
|