წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი
წერილები
გულის სიწმინდისათვის
რა სიხარულით მიაშურებენ ვრცელ მინდორზე მიმავალი მგზავრები ხშირი ფოთლებით შემოსილ ხეს! ტკბილია მათთვის მის მაგრილობელ ჩრდილქვეშ დასვენება და მეგობრული საუბარი. სწორედ ასეთ თავშესაფარს აძლევს, ასეთ ნუგეშს სცემს წუთისოფლის მგზავრებს ქრისტეს ჯვარი – სამგზის ნეტარი ხე, რომელმაც გამოიღო ნაყოფი ცხოვრებისა: განცხადებული ღმერთი, ცხოვრება და მომცემელი ცხოვრებისა. ამ ჯვარის საგრილქვეშ მეც სიამოვნებას მანიჭებს თქვენთან საუბარი.
მინდა ერთი ამბავი მოგითხროთ. პიმენ დიდთან ერთი ძმა მივიდა და შესჩივლა, ჩემს კეთილ საქმეებში ცოდვის მინარევს ვხედავო. ბერმა ასეთი იგავით უპასუხა: "ორი მიწათმოქმედი იყო. ერთმა ცოტა, მაგრამ არაწმინდა ხორბალი დათესა, მეორეს კი სიზარმაცემ სძლია და არაფერი დაუთესავს. ამ ორი მიწათმოქმედისგან რომელს ექნება საზრდო?" ძმამ მიუგო: "რომელმაც დათესა და ცოტა, თუნდაც არაწმინდა ხორბალი მოიმკო"-ო. მაშინ ბერმა უთხრა: "მაშ, ჩვენც დავთესოთ ცოტ-ცოტა, თუნდაც არაწმინდა მარცვალი, რათა შიმშილით არ დავიხოცოთ".
ღმერთმა მოგმადლათ საკუთარი გულის სწორი ხედვა – როცა მასში ჩაიხედეთ და აღმოაჩინეთ, რომ მასში სულიერი და მშვინვიერი ერთმანეთთან არის შერეული. ზემოთ მოყვანილმა იგავმა, წესით, საკმარისად უნდა განუგეშოთ: ხომ ხვდებით, რისთვისაც გიამბეთ. უფრო მეტი ნუგეშისცემა რომ იგრძნოთ, ამასაც გეტყვით: მხოლოდ ღმერთს ძალუძს სიწმინდე მიანიჭოს მისდამი მორწმუნე და სინანულით შევრდომილ გულს. ჩვენგან, ვინც მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ მისკენ, უფალი არ მოითხოვს სრულ, მაღალ სიწმინდეს. სიწმინდეს წინ უძღვის საკუთარი არაწმინდების ხედვა და ცნობა. და ესეც ღვთის ნიჭია, რომელსაც მუხლმოდრეკით ვითხოვთ მისგან: "უფალო, მომეც მე ხედვა ჩემთა ცოდვათა!" მაგრამ ის, ვინც ხედავს თავის არაწმინდებას, უნდა გლოვობდეს მას და კურნებას ევედრებოდეს ყოვლადძლიერ და ყოვლადსახიერ მკურნალს.
სული წმიდა ქრისტიანთა ჭეშმარიტი წინამძღვარია. მისი ორღანონი იყვნენ წინასწარმეტყველნი, მოციქულნი და წმინდანები, რომლებიც სათნო-ეყვნენ ღმერთს: უფალი მათი პირით ლაპარაკობდა. დაე იგივე სული წმიდა იყოს თქვენი წინამძღვარიც, დაე იგი "გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა" (იოან. 16. 13). ამ ნეტარი წინამძღვრობის ქვეშ კი მაშინ აღმოჩნდებით, როცა თქვენი ცხოვრებისათვის აუცილებელ რჩევებს მხოლოდ წმიდა წერილიდან და აღმოსავლეთის ეკლესიის – ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესიის – წმინდა მამათა ნაწერებიდან მიიღებთ.
სარჩევი
|