წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი
წერილები
როგორი უნდა იყოს ერისკაცის სინანული. თავის მოცთუნება. რჩევა-დარიგება ცხონების მსურველებს
ღვთის შეწევნით გიპასუხებთ თქვენს წერილზე. თქვა უფალმა: "ვერვის ხელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა" (იოან. 6. 44). ამგვარად, თუმცა იარაღი მოწოდებისა ადამიანია, თვითონ მოწოდება ღმერთს ეკუთვნის. მაშ ახლა, როცა გაიგეთ ეს მოწოდება, "ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა" (ფსალმ. 94. 8); ხოლო გულის განფიცხება, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ცოდვის საცთურით ხდება. "ეკრძალენით, ძმანო, ნუუკუე სადამე იყოს ვისმე თქუენგანსა თანა გული უკეთური ურწმუნოებისაჲ განდგომად ღმრთისაგან ცხოველისა" (ებრ. 3. 12).
მე არ გირჩევდით თქვენი ცოდვებისა და მანკიერებების დაწვრილებით გარჩევას. ყველა ისინი ერთად შეაგროვეთ და ღვთის მოწყალების უფსკრულში გადაუშვით. ცოდვების ზედმიწევნით კვლევა არ არის საერო ცხოვრებაში ჩაფლული ადამიანის საქმე: მას ეს მხოლოდ მოწყინების,[1] გაუგებრობის, შფოთის მიზეზად ექცევა. ღმერთმა იცის ჩვენი ცოდვები და, თუკი სინანულით მივაშურებთ მას, თანდათან განკურნავს თვით ჩვენს ცოდვილობას ანუ ცოდვილ ჩვევებს, გულის თვისებებს. სიტყვით, საქმით და გულისსიტყვით ჩადენილი ცოდვები სულიერი მოძღვრის წინაშე აღიარეთ, ხოლო ცოდვილი თვისებების დაწვრილებით ჩხრეკა, ვიმეორებ, ერისკაცს არ შეჰფერის: ესაა ჩვენს სულებზე მონადირე ეშმაკის მახე და სხვა არაფერი. იგი ჩვენში გაჩენილი შფოთითა და მოწყინებით იცნობა, თუმცა გარეგნულად სიკეთის სამოსელშია გახვეული. მონაზვნებს სჭირდებათ ეს შავი საბურველი, რათა დაფარონ მათი გულისა და გონებისაგან გამომავალი მადლის ნათელი; სჭირდებათ ეს შავი საბურველი უკვე წარმატებულ მონაზვნებს, რომლებსაც საკუთარ ცოდვათა ხედვა უიმედობაში კი არ ჩააგდებს, არამედ მხოლოდ ამდაბლებს. ასე ეხურა ოდესღაც მოსეს ნათლით გაბრწყინებულ სახეზე საბურველი.
უნდა ვაღიაროთ – და ეს აღიარება სავსებით სამართლიანი იქნება – რომ ჩვენ ყველანი, ადამიანები, მეტ-ნაკლებად თავის მოტყუების მდგომარეობაში ვიმყოფებით, ყველანი მოტყუებულნი ვართ, საკუთარ თავში ვატარებთ ტყუილს. ესაა ჩვენი დაცემის შედეგი, რომელიც მას შემდეგ მოხდა, რაც ტყუილი ჭეშმარიტებად მივიღეთ; ასე ვეცემით დღემდე. ამიტომაც ვართ ესოდენ ცვალებადნი! დილით ერთი ვარ, შუადღეს – სხვა, საღამოს კიდევ სულ სხვა და ა. შ. ორივე სამყარო მოქმედებს ჩემზე, ორივეს კანონებს ვემორჩილები, ორივეს ტყვეობაში ვიმყოფები. სულთა სამყარო აზრებისა და განცდების საშუალებით ახდენს ზემოქმედებას, ფიზიკური სამყარო – ხორციელი გრძნობების მეშვეობით. ორივე აკრძალული ნაყოფის გასინჯვას მთავაზობს. ხორციელ გრძნობებს: ხედვას, სმენას, შეხებას ეს ნაყოფი მშვენიერებად წარმოუდგება; გულისსიტყვა – უხილავი არსების სიტყვა – მკარნახობს და ჩამძახის: "ნახე, გასინჯე!" იგი ცნობისმოყვარეობით მიზიდავს, ცუდმედიდობით მაქეზებს. ჩემს სულში გაისმის მაცთურის ხმა, რომელიც პირველად ჩვენს წინაპრებს მოესმათ სამოთხეში: "იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი" (დაბ. 3. 5). ჩაგვძახის ეს ხმა და გვაცთუნებს, გვაცთუნებს და გვკლავს. ამიტომაც მიეცათ ადამიანებს ახალი სათნოება – "სიმდაბლე", მიეცათ ახალი შინაგანი საქმე – "სინანული". ჭეშმარიტად უცნაურია ეს საქმეცა და ეს სათნოებაც! ისინი სრულიად საპირისპირონი არიან იმისა, რითაც დავეცით. სინანული მოაკვდინებს ხორციელ გულისთქმათა დამღუპველ გავლენას; სიმდაბლე კი აღხოცს საკუთარ თავზე მაღალ წარმოდგენას, ცუდმედიდობას, "სილაღეს ამის ცხოვრებისასა" (I იოან. 2. 16) – მოკლედ, ყველაფერს, რაც ადამიანს უბრალოდ ჭკუიდან შლის.
მაშ რა ვქნათ? ნუ შეგვაშფოთებს ჩვენს თავს მოწეული ცვალებადობა, როგორც რაიმე უჩვეულო, ნუ მოვყვებით ჩვენი ცოდვების დაწვრილებით გარჩევას, არამედ ცხოვრება განუწყვეტელ სინანულში გავატაროთ, საკუთარი თავი ყოველმხრივ ცოდვილებად ვაღიაროთ და გვწამდეს, რომ მოწყალე უფალი ყოველ კაცს, ვინც თავს ცოდვილად აღიარებს, შეუნდობს, თავის წიაღში მიიღებს და ცხონებას მიანიჭებს. რა თქმა უნდა, იგულისხმება არა სასიკვდილო ცოდვები, რომელთა მონანიებასაც ღმერთი მხოლოდ მაშინ ღებულობს, როცა ადამიანი თავს ანებებს მათ გამეორებას.
შინაური საქმეები და მეურნეობა ძალიან სასარგებლოა: უქმად ყოფნას არ გვაცლის და გონებას უხილავ ბრძოლას უმსუბუქებს. უქმობის შემთხვევაში შინაგანი ბრძოლა ფიცხელ მოღვაწეობას მოითხოვს, ასეთი მოღვაწეობის უფლება კი მხოლოდ მას აქვს, ვინც რაიმე გარემოებებითაა იძულებული ანდა ვისაც ის ღმერთმა დააკისრა. კეთილგონიერება გვკარნახობს, არ წამოვიწყოთ ჩვენს ძალებს აღმატებული ბრძოლა – პირიქით, რაც შეიძლება, შევიმსუბუქოთ იგი. გწამდეთ ყოვლადძლიერი ღმერთი, მთელი სასოება მასზე დაამყარეთ, იცხოვრეთ მტკიცედ და მოთმინებით, იცხოვრეთ უბრალოდ, სინანულითა და სიმდაბლით, თავი ღვთის განგებას მიანდეთ; თუ შემთხვევით სწორი გზიდან გადაუხვევთ, კვლავ დაუბრუნდით მას – და ცხონდებით.
[1] mowyineba _ sulieri uZlureba (mTargm.).
სარჩევი
|