წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი
წერილები
მწუხარებები სულს მკურნალობენ და ღმერთთან გვაახლოებენ
ვისაც უფალი შეიყვარებს და ნეტარი მარადისობისთვის გამოირჩევს, იმას უწყვეტ მწუხარებებსაც მოუვლენს – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კაცის სული სოფლისმოყვარებითაა სნეული. მწუხარებათა მოქმედება შხამის მოქმედებას ჰგავს: როგორც შხამი მოაკვდინებს ხორცს, ისევე მწუხარებები მოაკვდინებენ სულს ამა სოფლისათვის, ხორციელი ცხოვრებისათვის, რომელიც დაცემისაგან იშვა და რომელიც არის ნამდვილი სიკვდილი. ამიტომ, ვინც მწუხარებებს უარყოფს, ის საკუთარ ცხონებას უარყოფს: თვით უფალმა თქვა, რომ ვინც მასთან ჯვარის გარეშე მისვლას ცდილობს, არ არის მისი ღირსი. ქრისტეს სიტყვები ჭეშმარიტია და აუცილებლად ასრულდება, ამიტომ უნდა მივდიოთ მას და ჯვარს-ვეცვათ მისი სიტყვისაებრ, თუმცა ამ ჯვარცმას ჩვენი ხორცი ყოველმხრივ ეწინააღმდეგება. მწუხარებების სულგრძელად და მტკიცედ მოთმენისათვის აუცილებელია სარწმუნოება – უნდა გვწამდეს, რომ ყოველგვარი მწუხარება ღვთის დაშვებით მოდის. თუ თმის ერთი ღერიც არ ჩამოგვვარდება ზეციური მამის უნებლიეთ, მით უმეტეს ვერაფერი მოხდება ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ისე, თუ უფალმა არ ინება. ხოლო როცა ღვთის ნებას მორჩილებას ვუცხადებთ და შევთხოვთ, რომ მარადის იგი იყოს ჩვენი წინამძღვარი, მწუხარებებში სიხარული იშვება. მწუხარებებში ნუგეშად გვევლინება მადლიერებაც – როცა ყველაფრისათვის, რაც ხდება, ღმერთის მადლობელნი ვართ.
და პირიქით, დრტვინვა და ჩივილი ამრავლებს მწუხარებებს და აუტანელს ხდის მათ. წმ. ისააკ ასურმა თქვა, ავადმყოფი, რომელიც ქირურგს უძალიანდება, მხოლოდ აძლიერებს თავის ტანჯვასო. ამიტომ დავემორჩილოთ ღმერთს არა მარტო სიტყვით, არამედ გულით, გონებითაც და საქმითაც. მოვიძულოთ ეს სოფელიც და მისეული წარმოდგენაც, რადგან მაცხოვარი გვეუბნება: "რამეთუ რომელსა-იგი სირცხვილ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაჲ, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხვინოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თვისისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდათა" (მარკ. 8. 38). თუ ქრისტიანი ცდილობს, იყოს საყვარელი ამა სოფლისათვის, ის კარგავს კადნიერებას ღვთის წინაშე, ხოლო თუ სოფელს მოიძულებს, ხდება "თვისი" ღვთისათვის და კადნიერად შეუვრდება მას, სწამს მისი სიტყვა სწორედ ისე, როგორც სიტყვა ღვთისა და არა ორგულებით – ორგულება, მასთან შეერთებული ურწმუნოების გამო, ასუსტებს ამ სიტყვის მოქმედებას.
აღსდექით, მოწყინების ძილში დანთქმულნო! ორგულების მიერ დახსნილებაში ჩავარდნილნო, სარწმუნოებით განიმტკიცეთ თავი! გულის გასასტიკება გულმოდგინე ლოცვითა და ცრემლებით მოამდოვრეთ, სიმდაბლით მიეახლეთ უფალს და შემოვა თქვენში მისი მადლი და მისი სიტყვა, რომელიც აღადგენს თქვენს მომკვდარ სულებს. თუ უფლის სიტყვას განვსჯით და ვგმობთ, ის არავითარ სარგებლობას არ მოგვიტანს, ხოლო თუ სიმდაბლით ვღებულობთ, მაშინ, გარეგნული სიმკაცრის მიუხედავად, მისი ნაყოფი იქნება ჭეშმარიტების შეცნობისა და მიღებისაგან შობილი სულიერი ნუგეში, და ამ ჭეშმარიტებაშია სწორედ ცხონება.
სარჩევი
|