წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი
წერილები
აღსარებისათვის; ცოდვილ გულისსიტყვებთან ბრძოლისათვის
კაცის ცოდვა აღიარებით აღიხოცება, ხოლო თვით ფესვები ცოდვისა ცოდვილ გულისსიტყვებთან ბრძოლით და ხშირი აღსარებით აღმოიფხვრება. ღმერთმა შეგინდოს წარსული ცოდვები და განგამტკიცოს სამომავლოდ. შენი განსაცდელი უმნიშვნელოა, ძალა მხოლოდ იმიტომ მოიპოვა, რომ მალავდი მას. მოუყევი ყველაფერი დედა ა.-ს და შეინანე, ხოლო როცა გულისსიტყვები ისევ ამოქმედდებიან, შენც კვლავ სინანულთან შეერთებულ აღიარებას მიმართე. "წინა-აღუდეგით ეშმაკსა და ივლტოდის თქუენგან" (იაკ. 4. 7), თქვა წმ. იაკობ მოციქულმა. მაშ, წინ აღუდექით ეშმაკს, არ დაეთანხმოთ მისგან მოვლენილ გულისსიტყვებს და აღიარეთ ისინი. ყოველი სახე, რომელსაც წარმოდგენა ხატავს (ვისიც არ უნდა იყოს იგი) და რომელიც არაწმინდა გულისსიტყვებსა და აზრებს აღძრავს, არის თვით ეშმაკის სახე – ეშმაკი ატყუებს სულს მის მიერ მორგებული ნიღბის მეშვეობით. ის, ვინც ცოდვილ ოცნებებსა და გულისსიტყვებს ეთანხმება, თვით სატანას ეთანხმება და მასვე ემორჩილება ამ და საუკუნო ცხოვრებაში, ამიტომაცაა საჭირო გულისსიტყვებთან ბრძოლა. თვითონ ეჭვიანობისკენ მიდრეკილებაც ეშმაკის მახეა: მას, ვინც სხვას ასწავლის, მოკვდეს ყველაფრისათვის, ანუ ყველასადმი თანაბარი სიყვარული ჰქონდეს, შეუძლებელია ერთი კაცი ერჩივნოს მეორეს, რადგანაც ქრისტე ყველა თავის ხატში ერთია. უფალმა მოგანიჭოს თავისი მშვიდობა ჭეშმარიტი სინანულის გზით. მომიტევებია შენი ცოდვა, ამიერიდან ნუღარა სცოდავ.
სარჩევი
|