martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

წერილები

მწუხარებაში მყოფ მონაზონს

 

მწუხარებათა ღრმა და პირქუში უფსკრულიდან, უეცრად რომ გაჩნდა თქვენს წინაშე, დაე სარწმუნოებამ აღგიპყრათ ხელი და ამოგიყვანოთ ზედაპირზე. კაცის ბუნებისათვის ჩვეული უნდობლობით ნუ სინჯავთ ტალღებს, მტკიცე სარწმუნოებით, თამამად ვიდოდეთ ამ ზღვაზე და მაშინ რბილი, სველი ტალღები თქვენს ფეხქვეშ მარმარილოს ლოდებად გადაიქცევა. მით უფრო არ შეგფერით შიში და ეჭვები მწუხარებათა ზღვის წინაშე, ძლიერი ქარიშხლის პირისპირ, რომ ამ გზისკენ მოგიწოდათ და ამით სხვა ძმებისგან გამოგირჩიათ თვით უფალმა იესო ქრისტემ. ეს მოწოდება თავისთავად თქვენი გამორჩეულობის ნიშანიც გახლავთ! იესო ქრისტე "თვისებს", "თავისიანებს" ტანჯვის ბეჭედს ასვამს. თქვენი სული მან გამოირჩია და ამიტომაც დაადო თავისი ნიშანი! ქრისტეს ნაწილი, მცირე სამწყსო, განცალკევებით დგას სხვა ადამიანებისგან, მათ ხელთ უპყრიათ ქრისტესაგან გამორჩეულობის ნიშანი ანუ ქრისტეს სასმისი, ბეჭებით კი ქრისტეს ჯვარს დაატარებენ. შორს, შორს დარჩნენ მათგან ამა სოფლის ძენი! უზარმაზარი ურდო ხმაურით, რაღაც უცნაური თრობით ეტანება წარმავალ ზრუნვასა და ტკბობას. დრო მათ უსასრულო ჰგონიათ! უდარდელ ცხოვრებას ატარებენ, წინ მიიწევენ ხრწნილების სამსახურში, დავიწყებულ იქნენ ღმერთისგან. ასეთებს აღარ მტრობს ეშმაკი, პირიქით, ისინი სათნო-ეყვნენ მას, რამეთუ მისი წილხვედრნი არიან.

ქრისტეს სასმისი აღებს სულიერი განსჯის, სულიერი ცხოვრების ქვეყნის კარს; ხოლო ვინც ამ კარს შეაღებს და სულიერი ნუგეშისცემის ტრაპეზს იგემებს, ის კვდება სოფლისთვის, გულგრილია წარმავალ ჭირთა და მწუხარებათა მიმართ და ისე იწყებს ცხოვრებას, თითქოს, ყოველივეზე ამაღლებული, ჰაერში ფრენდეს სარწმუნოების ფრთებით. გონების ბორკილები მიწისკენ, ტანჯვის ქვეყნისკენ გვიზიდავენ და, რაკი მიწაზე ვართ, კიდევაც ვწვალობთ, რამეთუ, "რომელმან შესძინოს ცნობად, შესძინოს მან სალმობაჲ" (ეკლ. 1, 18). სარწმუნოება მიწისაგან აღგვამაღლებს, ბორკილებისაგან გვათავისუფლებს, ტანჯვის ქვეყანას განგვარიდებს, ზეცად ავყავართ და სულიერი მშვიდობის სამყოფელში გვამკვიდრებს. ყოველი, ამ სავანეში მოხვედრილი, ღვთის ცნობის უგრილეს, უტკბეს სარეცელზე განისვენებს.

მიიღეთ ეს სტრიქონები ნიშნად გულწრფელი თანაგრძნობისა, თქვენთან პირველი შეხვედრისთანავე რომ გამიჩნდა: თქვენი სულის სიღრმეში რაღაც განსაკუთრებული, საიდუმლო საწინდარი დევს – ღვთის წინაშე სათნო-ყოფის საწინდარი. მიიღეთ ეს სტრიქონები ტანჯვის ქვეყნიდან, რომელშიც დიდი ხანია დავემკვიდრე: ღმერთმა არ ინება, რომ საერთო, ჩვეულებრივი გზით მევლო! მან განცალკევებულ ბილიკს გამიყენა და განსაკუთრებული ქვეყანა მიჩვენა, იშვიათად თუ შემხვედრია მგზავრი, ამ ბილიკს რომ ადგეს და ეს ქვეყანა მოევლოს, ვისაც შეიძლება ხმა გასცე და ნაცნობ ენაზე დაელაპარაკო – ცოტათი კი მესმის ეს ენა და საამოდ, მშობლიურად ჩაესმის იგი ჩემს სულს.

მაინც რა ხდება აქ, ამ საოცარ ქვეყანაში? აქაა შეუნელებელი ომი, განუწყვეტელი ბრძოლები, სისხლიანი შეტაკებები ისრაიტელთა და უცხო თესლთა შორის. ისრაიტელებს ებრძვიან გოლიათები, ენაკის ძენი, ანუ მწუხარებები, რომლებიც გვაშინებენ, უდებებასა და სასოწარკვეთილებაში გვაგდებენ. ისრაელის მსტოვარი – გონება აუწყებს სულს მათ მოახლოებას: "ქუეყანა იგი, რომელ ჩუენ განვლეთ და ვიხილეთ, ქუეყანა იგი შემჭამელი მკვიდრთა მისთა არს და ერი იგი, რომელი ვიხილეთ მას ზედა, კაცნი ჰასაკგრძელნი არიან მუნ. და მუნ ვიხილენით გმირნიცა და ვიყვენით ჩუენ მათ წინაშე, ვითარცა მკალნი, არამედ ესრეთ ვიყვენით მათ წინაშე" (რიცხ. 13. 33-34). სწორედ ასეა! ჩვეულებრივ, მარტოოდენ კაცობრივ მსჯელობას მოჰყვება "გმობაჲ მის ქუეყანისაჲ, რომელი-იგი განიმსტურეს ძეთა მიმართ ისრაელისათა" (რიცხ. 13. 33). მაგრამ ჭეშმარიტი ისრაიტელი, ღმერთის ერთგული, ღმერთისავე იმედით ცოცხლობს და თავით ფეხებამდეა შეიარაღებული: "ვდევნნე მტერნი ჩემნი და ვეწიო მათ და არა მოვაქციო, ვიდრე არა მოესრულნენ (მოისპობიან). ვაჭირვო მათ და ვერ უძლონ დადგომად, და დაეცნენ იგინი ქუეშე ფერხთა ჩემთა... და დავაწულილნე იგინი, ვითარცა მტუერი წინაშე პირსა ქარისასა, და ვითარცა თიხაჲ უბნისაჲ დავთრგუნნე იგინი" (ფსალმ. 17. 38-43). არას გვარგებს ამ ომში ვრცელი და დახვეწილი მსჯელობა, საკუთარი ძალის, ცოდნისა და სიმაღლის მოიმედე გონება რომ უპირისპირებს მტრის მოძალებულ სიმრავლეს. "ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშვილდებითა, იქცეს (უკუიქცევიან) იგინი დღესა მას წყობისასა (ბრძოლისა)" (იქვე, 77. 9), ამბობს წინასწარმეტყველი. ვერ გაუძლებს კაცობრივი გონება უცხოთესლთა მძლავრ ურდოებს! დააბნევს ეშმაკი ადამიანს, კამათში აჯობებს, გონებას აუმღვრევს და აზრებს აურ-დაურევს – და მაშინ გამარჯვებაც მას დარჩება!

ჰაერის მცველებთან, ბოროტ სულებთან, ბნელ სოფლისმპყრობელებთან ბრძოლაში სარწმუნოების იარაღით, ქრისტესმიერი სისულელით უნდა გავიმარჯვოთ: "რამეთუ სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძენეს კაცთა არს, და უძლური იგი ღმრთისაჲ უძლიერეს კაცთა არს" (I კორ. 1. 25). უცნაური და საშინელი ეჩვენება ხორციელ ზრახვას სარწმუნოების გზა და სწავლება, მაგრამ როცა კაცი საკუთარი გამოცდილებით, შინაგანი განცდით დაინახავს სარწმუნოების ძალას, მაშინვე სიხარულით მიენდობა მას. ასე უარყოფს კაცობრივ სიბრძნეს, საძაგელს ღვთის წინაშე ის, ვინც მოულოდნელად უძვირფასესი წინამძღვარი ჰპოვა.

გთავაზობთ იარაღს, რომელსაც ქრისტეს მოძღვრება აძლევს ქრისტიანს მწუხარების გულისსიტყვების წინააღმდეგ საბრძოლველად: ისინი ხომ საშინელ გოლიათებად ევლინებიან სულს და გათელვას, შთანთქმას უქადიან მას.

მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!

ღმერთო, შენს წმიდა ნებას შევვედრი ჩემს თავს, იყავნ ნება შენი!

უფალო, მადლობა ყოველივესთვის, რის მოვლინებასაც ინებებ ჩემთვის!

სამართლად ღირსი, რომელ ვქმენი, მომეგების, მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა!

ეს მოკლე სიტყვები, როგორც ხედავთ, წმიდა წერილიდანაა ნასესხები და წმინდა მამები მათ დიდი წარმატებით იყენებდნენ მწუხარების გულისსიტყვების წინააღმდეგ საბრძოლველად. ისინი სრულიად არ ეპასუხებოდნენ მათ, უბრალოდ, როგორც კი მტერი თავს წამოჰყოფდა, მყისვე ამ საოცარ იარაღს დაავლებდნენ ხელს და პირდაპირ სახეში სცემდნენ მოწინააღმდეგეს. ამიტომ იყვნენ ასე ძლიერნი, ამიტომ დათრგუნეს ყველა მტერი და გახდნენ სარწმუნოების მესაიდუმლენი, სარწმუნოების გზით კი – ღვთის მადლის მესაიდუმლენი, ამიტომ შეძლეს ზებუნებრივი მოღვაწეობა. როცა მწუხარების გულისსიტყვები მოგეძალებათ, დაიწყეთ რომელიმე ამ წინადადების გამეორება, ხმადაბლა, აუჩქარებლად, ყოველგვარი აღგზნების გარეშე, ყურადღებით, მხოლოდ თქვენს გასაგონად – მანამ, სანამ მტერი არ გაგეცლებათ, სანამ არ იგრძნობთ ღვთის მადლის შეწევნის მოახლოებას, ეს შეწევნა კი სულს ტკბილი, უფლისმიერი მშვიდობის გზით მოევლინება. ცოტა ხნის შემდეგ ეშმაკი კვლავ შეეცდება თავდასხმას, მაგრამ თქვენ ისევ იმ იარაღს მოჰკიდეთ ხელი და, როგორც დიდი სარდალი, იულიუს კეისარი უბრძანებდა თავის მეომრებს, სახეში აძგერეთ მტერს: ყველაზე მტკივნეული და აუტანელი ხომ სწორედ სახეში მიყენებული დარტყმებია. ნუ გაიოცებთ, რომ დავითის იარაღი ერთი შეხედვით ესოდენ მსუბუქი და უცნაური ჩანს, საქმეში გამოსცადეთ იგი და თვითონვე იხილავთ შედეგს! ეს იარაღი – ქვა და კომბალი – უფრო მეტად გამოგადგებათ, ვიდრე გერმანელ, ესპანელ, ინგლისელ და ამერიკელ ღვთისმეტყველთა ყველა მსჯელობა და კვლევა-ძიება. ამ იარაღის ხშირი ხმარება გონების გზიდან თანდათან სარწმუნოების გზაზე გადაგიყვანთ და სულიერი ცხოვრების საოცარ, უსაზღვრო ქვეყანაში შეგიძღვებათ: იქაა ტრაპეზი ზეციური მანანისა, რომელზეც, წმიდა წერილის მოწმობით, მხოლოდ გამარჯვებულნი შედიან. თქვენ იმისათვის ჩაგაბეს უხილავ ომში, რომ ძლევის მოპოვება და სულიერი საუნჯის მოხვეჭა შეძლოთ, ყოველივე ამას კი გაძლევთ იესო ქრისტე, რომელმაც შეგიყვარათ და აშკარად "თვისთა" რიცხვს მიგაკუთვნათ.

ამგვარად, თქვენ უკვე ნაპირიდან ხედავთ მწუხარებათა ბნელ, უძირო ზღვას, უსასრულო სივრცეს, სადაც წყლის სილურჯე ზეცისას ერთვის და ეს სიშორე მზერას აშინებს, სარწმუნოებას არყევს. ყურს უგდებთ ტალღების ბრაზიან გუგუნს, გულგრილსა და ერთფეროვან დგაფუნს. მაგრამ ნუ მიეცემით სევდას, მწუხარების ზღვას ნუ შეუშვებთ სულში – ამ ზღვაში უფრო ადვილია ჩაძირვა, ვიდრე გარეგანი განსაცდელების ზღვაში. გიხაროდენ! და კვალად გეტყვი: გიხაროდენ! მწუხარებათა ზღვის ნაპირას იმისთვის აღმოჩნდით, რომ სიხარულის ქვეყნისკენ გასცუროთ – ამ ზღვას ხომ მეორე, კაცობრივი გონებისათვის უხილავი ნაპირიც აქვს: ეს ნაპირია შინაგანი სამოთხე, სულიერი შვებით აღსავსე. ვინც ამ ნეტარ ნაპირს მიაღწევს, იმას ავიწყდება ზღვაზე გადატანილი ყველა ჭირი და განსაცდელი. მტკიცედ შედგით ფეხი სარწმუნოების მსუბუქ ნავზე, ფრთაშესხმულივით გადაევლეთ სველ ტალღებს! თქვენ რომ გგონიათ, იმაზე ადრე გალევთ ამ ზღვას და სამოთხის კარს მიადგებით. მაგრამ სულიერ სამოთხესა და ხორციელ, მშვინვიერ, ყოფით ცხოვრებას შორის, საერთოდ ყველა ადამიანის წილხვედრი რომ არის, გამყოფად – ზღვად – ჯვარი და ჯვარცმაა დადებული. სხვა გზა სამოთხისკენ არ არსებობს! თუ ღმერთს სურს, კაცი სამოთხეში შეიყვანოს, ჯერ მისკენ მიმავალ გზამდე, ჯვარამდე მიჰყავს. "როცა ადამიანს განუწყვეტელი მწუხარებები ევლინება, ეს ღმერთისგან გამორჩეულობის ნიშანია", – თქვა ერთმა წმინდა მამამ. მოვკვდეთ ამა სოფლისთვის მწუხარებებით, რათა გავცოცხლდეთ ღმერთისთვის სული წმიდის ხილული, სრულიად ხელშესახები მოქმედებით. დავთმოთ ხრწნილება სული წმიდისთვის! მთლიანად მიენდეთ ღმერთს! ისე გადაეშვით სარწმუნოების მხსნელ უფრსკულში, თითქოს ზღვაში ხტებოდეთ კლდიდან!

თავი დაანებეთ ადამიანებს, ისინი მხოლოდ განგების იარაღები არიან, თანაც ბრმა იარაღები, მათ თავისთავად არავითარი ძალა არ გააჩნიათ! "არა გაქუს ხელმწიფებაჲ ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო" (იოან. 19. 11), უთხრა უფალმა პილატეს, თუმცა პილატეს, კაცობრივი ზრახვით მოტყუებულს, მიაჩნდა (და ამაში, უეჭველია, სხვა მისნაირად მოაზროვნენიც ეთანხმებოდნენ), რომ მას ჰქონდა ხელმწიფება ჯვარს-ეცვა ანდა გაეთავისუფლებინა მის წინაშე მდგომი ტუსაღი. ნუ დაიმძიმებთ თავს ნურავითარი ურთიერთობით ადამიანებთან, მათ წინაშე თავისმართლებით! ეს მხოლოდ სულის მშვიდობას წარგტაცებთ და არას კი გარგებთ. უძლურნო კაცნო – მინდვრის ყვავილნო, მიწაზე მოკლე ხნით მოსულნო! ძალიან მოგაქვთ თავი, დიდ რამედაც წარმოგიდგენიათ, ამ დროს კი უღონო ადამიანები ხართ მხოლოდ! ხელმწიფება გაქვთ მონიჭებული საკუთარ თავზე, მაგრამ ამასთან იარაღები ხართ, ბრმა იარაღები, და ეს არც კი იცით! თვითმფლობელნი ხართ – მართლაც რომ: შეუძლებელია, არ მოგეზღოთ თქვენი საქმეებისთვის! მაგრამ ღვთის ბრძნული განგებით ეს თვითმფლობელნი ყოველგვარი ხელმწიფებისა და დამოუკიდებლობის გარეშე მოქმედებენ. "იესუ ნაზარეველი, ესე განჩინებულითა ზრახვითა და წინაჲსწარ ცნობითა ღმრთისაჲთა განცემითა ხელთა უსჯულოთაჲთა მიიყვანეთ და შეჰმსჭუალეთ და მოჰკალთ" (საქმე, 2. 23), ეუბნებოდა წმინდა პეტრე მოციქული იუდეველებს. და იქვე: "და აწ უწყი, ძმანო, რამეთუ უმეცრებით ჰქმენით, ვითარცა-იგი მთავართა თქუენთა. ხოლო ღმერთმან, რომელი-იგი წინაჲსწარ აღუთქუა პირითა ყოველთა წინაწარმეტყუელთა მისთაჲთა ვნებაჲ ქრისტესი, აღასრულა ესრეთ" (იქვე, 3. 17-18). ღვთის განგებით აღსრულებულ საქმეებში ადამიანები ბრმა იარაღები არიან მხოლოდ. ამიტომაც არ მოსთხოვა უფალმა პასუხი მათ, ვინც თითქოს სრული ძალაუფლებით იყო აღჭურვილი, ამიტომაც უწოდა უხორცო და ხორცშესხმული დემონების მიერ მომზადებულ სასმისს "მამის მიერ მოწოდებული სასმისი".

მიიღეთ ეს სტრიქონები გულწრფელი თანაგრძნობით განმსჭვალული სულის გამოძახილად – სულისა, რომელიც თანაზიარია თქვენი მწუხარებისა და უფლისმიერი ნუგეშისცემის მოხვეჭას გისურვებთ.

 

სარჩევი

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა