martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

აკადემიკოსი-გასტროენტეროლოგი ა. თ. ჩერნოუსოვი

სწორი კვებისა და მარხვის შესახებ

 

– ალექსანდრ თეოდოროვიჩ, დღეს ბევრს საუბრობენ სწორი კვების შესახებ. და რას ნიშნავს სწორი კვება?

– სწორი კვება, პირველ რიგში, სუფთა პროდუქტებია, რომლებიც მოყვანილია ქიმიკატების გარეშე, ტრადიციული სასუქით – ნაკელით, როგორც ძველად გლეხურ მეურნეობებს მოჰყავდათ ბოსტნეული. დღეს ძალიან დიდი რაოდენობით იყენებენ ქიმიურ სასუქს. მე იმის თქმა არ მინდა, რომ სრულად უნდა ვთქვათ უარი მათზე, ალბათ ამის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ზუსტად უნდა იყოს გამოთვლილი, რა და რამდენი უნდა ჩაიყაროს მიწაში, რომ ეს უსაფრთხო იყოს მათთვის, ვინც შემდეგ ამ ბოსტნეულს შეჭამს. კარგია, რომ ჩვენთან, ზოგიერთ რაიონში, როგორც წავიკითხე, სუფთა პროდუქტების მოყვანა დაიწყეს.

– სწორი კვება ალბათ „ფასტ-ფუდებს“ გამორიცხავს?

– „ფასტ-ფუდზე“ უარესი რამის მოგონება შეუძლებელია. ყველაზე საუკეთესო საკვები – სახლის საკვებია, მომზადებული საყვარელი ცოლის, დედის ან ბებიის მიერ, კარგი პროდუქტებით, დანამატების გარეშე, რომლებიც არავისთვისაა საჭირო.

– დღის განმავლობაში რამდენჯერ უნდა ვჭამოთ? ბევრისთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხია.

– ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად. არ უნდა გაძღე, არ უნდა ეცადო ერთ ჯერზე ისაუზმო, ისადილო და ივახშმო კიდეც. ჭამე, სამი საათის შემდეგ შეგიძლია კიდევ წაიხემსო. საკვების ბოლო მიღება უნდა იყოს საღამოს ხუთ საათზე, მაქსიმუმ ექვსზე. ამასთანავე, საღამოს საკვების მიღება არ უნდა იყოს საფუძვლიანი და დღის განმავლობაში უმთავრესი, და უნდა იყოს ხორცის გარეშე. ხორცი უნდა ვჭამოთ დღის ორ საათამდე, და არ უნდა ვჭამოთ ყოველდღიურად.

– მაგრამ ხორცი ბევრს უყვარს. რატომ არაა სასარგებლო ხორცის ყოველდღიურად ჭამა?

– იმიტომ, რომ ცილის სიჭარბე ორგანიზმში იწვევს დაავადებებს. ზოგიერთებმა კი, იქნებ ჯობდეს, ცილოვანი საჭმელების მოხმარება მინიმუმამდე დაიყვანონ. მაგრამ რა სახის საკვები რამდენი ვჭამოთ, ეს ინდივიდუალურად თითოეული ავადმყოფისთვის ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. ხორცის ჭამა შეიძლება და საჭიროცაა, მაგრამ ისე არა, როგორც ჩვენთან ჭამენ: ყოველ დღე – საუზმეზეც, სადილზეც და ვახშამზეც. ზოგადად, რომ არ დაავადდე, უნდა იკვებო განაწილებულად – მცირე პორციებით დღეში რამდენჯერმე. და ეს უნდა იყოს ნორმალური საკვები, არა უსასრულო ბუტერბროდები...

– ჰამბურგერები „მაკდონალდსიდან“?

– „მაკდონალდსიდან“! ამაზე უარესი მხოლოდ დახვრეტაა!

– და რატომაა ეს „ფასტ-ფუდი“ ასე პოპულარული? ყველგან რიგებია...

– ამის მიჩვევა ბავშვობიდან ხდება. ბავშვები, და არა მარტო ბავშვები, სახლში რომ ხედავდნენ, როგორ უნდა იკვებო სწორად, მიხვდებოდნენ, რას ნიშნავს „ფასტ-ფუდი“ და ნახევარფაბრიკატები. არადა რა გამოდის: ქმარი – მამა სამსახურშია, ცოლი – დედა სამსახურშია; თუკი ბებია არაა, სადილის გამკეთებელი არავინაა.   როცა ოჯახის დედა საღამოს სამსახურიდან დაღლილი ბრუნდება, მას „სწორი კვების“ თავი აღარ აქვს, მისთვის მთავარია დროზე რაიმე მოამზადოს, რომ ოჯახი გამოკვებოს. ასე როგორღაც იკვებებიან ჩვენთან ყველანი. და, როგორც წესი, რა მიგვაქვს სამსახურში, სკოლაში, ინსტიტუტში?

– ბუტერბროდები.

– სწორედაც: ბუტერბროდები. ეს კი მშრალი საკვებია. მერე კარგია? რა თქმა უნდა, არა!

– რა ასაკიდან უნდა დაიწყონ ადამიანებმა ფიქრი კუჭის სიჯანსაღეზე, სწორ კვებაზე?

– სანამ ბავშვი მაგიდის ქვეშ დაძვრება, მშობლებმა უკვე უნდა დაიწყონ ამაზე ფიქრი, და არა მაშინ, როდესაც სკოლაში, ინსტიტუტში იწყება საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები და დაავადებები. უფალი ჯანმრთელობას უხვად გვანიჭებს, ის ჩვენს ჟამს ყოფნის. ჩვენი ჟამი კი, როგორც ფსალმუნებში წერია, 70 წელია, ხოლო თუ კაცი ძლიერია – 80 წელი, და 100 წლამდეც ცოცხლობენ, თუკი ნორმალურად იკვებებიან. რატომ არიან კავკასიაში დღეგრძელები? ჯერ ერთი, სვამენ სუფთა, წყაროს წყალს. მეორე – იმ ბატკანს ჭამენ, რომელიც იქვე ამოზრდილი, ასევე სუფთა ბალახით იკვებება. ხოლო როცა ხორცი იმ ძროხისაა, რომელიც ათასგვარ დანამატიანი კომბიკორმითაა გაზრდილი... საკვებზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.

– ალექსანდრ თეოდოროვიჩ, რა უნდა ვქნათ, რომ კუჭი ჯანმრთელად დავიცვათ. პირველ ადგილზე, ცხადია, სწორი კვებაა – თქვენ უკვე თქვით ამის შესახებ. კიდევ რა?

– მე გეტყვით, რა არ უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში არ უნდა დავლიოთ სპირტიანი სასმელები, მით უმეტეს, როგორც ჩვენთან სვამენ. ასე დალევა არ შეიძლება! გალოთებულია ხალხი! და რას სვამენ? კარგ ღვინოს რომ სვამდნენ, კიდევ არა უშავს, მაგრამ მაღაზიების თაროები სისაძაგლითაა გადავსებული. ჩვენ ხომ ვიცით, რამდენი ადამიანი იწამლება. რამდენი ადამიანისთვის გამიკეთებია ოპერაცია, რომლებსაც, საყლაპავი მილი უცნობი სითხით ჰქონდათ დამწვარი: ჯიხურებში თითქოს არაყს ყიდულობდნენ, მაგრამ ეს სინამდვილეში რაღაც შხამია... რამდენი უბედურებაა! აქ კიდევ ესეცაა: როცა კაცი დალევს, ის ყველაფერს ჭამს განურჩევლად, ყველაფერს მოასუფთავებს, რაც მის წინაა მაგიდაზე! ეს სწორედ კუჭის დაავადებისკენ მიმავალი გზაა.

– სპირტიანზე საერთოდ უარის თქმა?

– ეს ძალიან ძნელია. შეიძლება არც არის საჭირო. ღვინის დალევა, ზომიერად, დასაშვებია. მაგრამ კარგი, ნამდვილი. ხომ არის ჩვენთან კარგი ღვინოები, და იმაზე უკეთესი, ჩვენთან ფრანგულ ღვინოდ რომ ასაღებენ. ვისაც არაყი უყვარს, დალიოს ერთი არყის ჭიქა, კარგი, ორი... რამდენი უბედურებაა დალევისაგან. იხოცებიან პერფორატული წყლულებისგან, საყლაპავი მილის დამწვრობისგან, ნაწლავის გაუვალობისგან...

– სიმთვრალე ნაწლავის გაუვალობასთან კავშირშია?

– მერე როგორ. მთვრალი, როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერს მიყოლებით ჭამს, ნთქავს, უზომოდ. აქედან – ნაწლავის გადახლართვა... ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. თუ კაცმა ზომა არ იცის, კარგი არაფერი იქნება. ნახეთ, რამდენია დღეს ზედმეტი წონით – ეს ხომ უბედურებაა!

– ამბობენ, ჩვენთან ყოველი მეათეო.

– უფრო მეტი! საკვები მრავალფეროვანი უნდა იყოს. არა მხოლოდ ხორცი, არამედ კომბოსტოც, კარტოფილიც, ჭარხალიც, სტაფილოც, ხახვიც, ბარდაც... ღორმუცელობისგან საყლაპავი სარქველის გრიჟაც შეიძლება დაგვემართოს, და სხვა უამრავი დაავადებაც...

– ონკოლოგიური დაავადებებიც არასწორი კვების შედეგია?

– ხშირად ხდება ასე. ცნობილია, რომ საკვები კავშირშია მსხვილი ნაწლავის სიმსივნესთან. მათ, ვინც უზომოდ მიირთმევს ხორცეულს და ნაკლებად ბოსტნეულს – კომბოსტოს, სხვადასხვა ბოსტნეულის სალათებს, – მსხვილი ნაწლავის კიბო გაცილებით ხშირად ემართებათ. საინტერესო გამოკვლევა ჩაატარეს ამერიკელებმა პოლონეთში. იქ ქალები ბევრ კომბოსტოს მწნილს ჭამენ. აღმოჩნდა, რომ მათ სარძევე ჯირკვლის კიბო ბევრად უფრო იშვიათად ემართებათ, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც კომბოსტოს მწნილს არ ჭამენ. ტყუილად არ უყვარდათ ის ჩვენს წინაპრებს, და ჩვენც გვირჩიეს.

– დღეს ძალიან პოპულარულია ყველანაირი დიეტები. ინტერნეტში მათ ვერც კი დაითვლი – ყველანაირია. შეიძლება ვენდოთ დიეტებს ინტერნეტიდან?

– მე არ ვენდობოდი. ინტერნეტში ძალიან ბევრნაირი სისულელეა. ძირითადად [ეს დიეტები] გასახდომადაა. ჯობია სპეციალისტებს მივმართოთ. არის ცნობილი და გამოცდილი ექიმი-დიეტოლოგი მარგალიტა კოროლიოვა, მრავალი წიგნის ავტორი, ის ინდივიდუალურ დიეტებს ადგენს კონკრეტული ადამიანებისთვის. მისი დიეტების დახმარებით შეიძლება გახდომაც და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაც. ეს ექიმის რეკომენდაციებია, რომელსაც ესმის, რა რისთვისაა და რატომაა. მე თვითონაც მისი წიგნებიდან ზოგიერთი რეცეპტი ავიღე ჩემთვის. ხოლო იმ დიეტების შედეგად, რომლებიც არავინ იცის ვის მიერაა შედგენილი, ხალხი საავადმყოფოებში ხვდება.

– მალე დიდი მარხვა დადგება. როგორ მოვემზადოთ მარხვაში დაწესებული საკვების შეზღუდვისთვის?

– კი მაგრამ მარხვაში ხომ მთავარი საჭმელი არაა... თუკი იმარხულებ, მაგრამ მოიქცევი, როგორც უკანასკნელი ნაძირალა, შენი მარხვისგან სარგებელი ნულია. საკვების შეზღუდვა მარხვაში, ცხადია, უნდა დავიცვათ. მარხვის წინ თანდათანობით შეზღუდე საკვების რაოდენობა და მარხვაში შესვლა გაგიადვილდება. ვინც ბევრ ჭამასაა მიჩვეული, მას ძალიან უძნელდება მარხვის გადატანა. საქმე მარტო ის ხომ არაა, რას ვჭამთ, არამედ ისიც, თუ რამდენს ვჭამთ. საკვების რაოდენობის გარკვეული შეზღუდვა ყოველთვის უნდა დავიცვათ. თუ ამას არ აკეთებ, მაშინ მარხვის წინ მაინც, როცა ყველაფრის ჭამა დაშვებულია, დაიწყე საკვების რაოდენობის თანდათანობით შეზღუდვა. მაშინ მარხვის დაწყებაც გაგიადვილდება.

მაგრამ მარხვის დაცვაშიც ზომიერებაა საჭირო. როგორი? თუკი შენ ავადმყოფი ხარ, აღარ გივარგა შინაგანი ორგანოები, დაავადებული გაქვს კუჭ-ნაწლავი, სანაღვლე გზები, ღვიძლი წესრიგში არაა, მიდი მღვდელთან, აუხსენი, დაელაპარაკე იმის შესახებ, თუ როგორ იმარხულო. ცხადია, ხორცი არ უნდა მივიღოთ მარხვაში, მაგრამ იქნებ რაღაც რძის პროდუქტებიდან... მღვდლები დღეს ქადაგებებში საუბრობენ გონივრული მარხვის შესახებ, იმის შესახებ, რომ მკაცრი მარხვით წმინდანი ვერ გახდები, რომ სიმკაცრეს განსჯის გარეშე სარგებლობა არ მოაქვს. არადა რა გამოდის?! ერთი ჩემი ნაცნობი მარხვის შემდეგ აჩრდილად იქცა, მწვანეა, ძლივს დადის... მკაცრი მარხვა გადაწყვიტა. რისთვის? ეს წმიდა ადამიანები მარხულობდნენ ასეთი სიმკაცრით, მაგრამ მათ ღმერთი ეხმარებოდათ, ჩვენ კი ვინ ვართ? ჩვენ ხომ მთლად ცოდვილები ვართ!

– კარგით, მაშ როგორ განვსაზღვროთ მარხვის ჩვენი ზომა?

– აუცილებლად უნდა გაესაუბრო შენს მოძღვარს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმარხულო. ის აღსარებას იღებს, იცის, ვის როგორი სულიერი მდგომარეობა აქვს, იცის ვისთვის როგორი მარხვაა საჭირო. ერთს საკმაოდ მკაცრი მარხვის დაცვა შეუძლია, მეორე ჯერ მზად არაა, სხვა კიდევ პირველად მარხულობს 60 წლის ასაკში და მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაფერს ჭამდა, ნებისმიერ დროს ჭამდა, თანაც უზომოდ. და უცებ – ასეთი შეზღუდვები!..

მაგრამ ვიმეორებ: მარხვაში მთავარია, ადამიანები არ შევჭამოთ; მივუტევოთ მათ, ვიზეც განაწყენებულები ვართ; სიკეთე ვაკეთოთ, გვიყვარდეს მოყვასი – და არა მხოლოდ მოყვასი...

მარხვის დროს კვებაზე კიდევ ეს მინდოდა მეთქვა. ხშირად გვესმის: მარხვაში ბევრი ბოსტნეული მიირთვით, თევზი მიირთვით, დღეს მაღაზიებში დიდი არჩევანია... ბებიებსაც ამას ეუბნებიან. მაგრამ ბებიები თავისი პენსიით ყაბაყებს, პომიდვრებს, კიტრებს ვერ იყიდიან! ან განა ბაზარში ხილზე მიუწვდებათ ხელი? ან ნახეთ, თევზი რა ღირს... ასე რომ, მე მგონია, ესეც უნდა გვახსოვდეს... რჩევის მიცემისას არ უნდა ვაწყენინოთ იმათ, ვინც პენსიაზე ცხოვრობს. ისინი ისედაც მთელი წელი მარხვაზე არიან, ხორცს თავის მაგიდაზე შეიძლება მხოლოდ დღესასწაულებზე ხედავენ!

– ალექსანდრ ფეოდოროვიჩ, თქვენ აკადემიკოსი ხართ, ავტორიტეტული მეცნიერი. თქვენთან რიგი დგას, ადვილად ვერ მოხვდები. როგორ გახდით მორწმუნე?

– მეც, როგორც სხვები, ვიყავი კომკავშირელი, პარტიული. მაგრამ უფლის წყალობით ერთხელაც ჩემში ყველაფერი გადატრიალდა: მივხვდი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. სულში გარდაქმნა მოხდა. მე დავიწყე ეკლესიაში სიარული. პირველი ათი წელი ეს ისეთი აღტაცება იყო! მე მრავალი წელი მნათეც ვიყავი. განსაკუთრებით ექვსფსალმუნის კითხვა მომწონდა. ახლაც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება რწმენის გარეშე. არ მინდა სიცოცხლე რწმენის გარეშე! მე ასეთი სიცოცხლე არ მჭირდება.

არ მესმის, როგორ შეიძლება კვირას ტაძარში არ წახვიდე. ჩემთვის ეს სიხარულია. ვალდებულება კი არა, სიხარულია! და მე ველოდები ამ სიხარულს. მაგრამ აქამდე რომ მიხვიდე, უნდა იშრომო საკუთარ თავზე. ესაა სახარების კითხვა ყოველდღიურად. ყოველდღიურად! ესაა ფსალმუნების კითხვა ყოველდღიურად. და, რა თქმა უნდა, სხვა ლიტერატურისაც, რაც, დიდება უფალს, დღეს ხელმისაწვდომია. ამის გარეშე ჩვენი სარწმუნოების სიღრმის გაგება შეუძლებელია. ერთი წმინდანის ცხოვრებიდან დამამახსოვრდა: ის კვდება, მასთან შეკრებილები ეუბნებიან: „გვჯერა, რომ შენ პირდაპირ ღმერთთან წახვალ სასუფეველში“. ის კი პასუხობს: „არ ვიცი რა იქნება... არ ვიცი, თუ დავდე დასაბამი სინანულისა...“ და ამას წმინდანი ამბობს!

ხედავთ, რომ კაბინეტში ხატები მაქვს, ასევე სახლშიც.  ამის გარეშე ცხოვრება აღარ შემიძლია. ლიტერატურაც ბევრი მაქვს: სტარეცი არქიმანდრიტი ნაუმი მიგზავნის, მე კი აქ ხალხს ვუნაწილებ. მე ხშირად ვუკითხავ სახარების, ფსალმუნის ციტატებს ჩემიანებსაც, კონფერენციებზეც... თუკი რაიმე საინტერესოს წავიკითხავ, აუცილებლად ყველას ვუყვები.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ვინც უკვე ეკლესიური გახდა, ღვთის სიტყვა სხვებსაც უნდა აუწყოს... რომ ადამიანებმა ისმინონ ეს საოცარი სიტყვები. სახარება – ეს ისეთი სიღრმეა! რამდენჯერ ვკითხულობთ, და ყოველთვის რაღაც ახალი იხსნება... და ვინ დაწერა სახარება? მეთევზეებმა!..

ოპერაციის წინ ვამბობ: „უფალო, მაკურთხე, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, მაკურთხე“. მუდმივად უნდა ვლოცულობდეთ. მე არც ერთ ოპერაციას არ ვაკეთებ წინასწარი ლოცვის გარეშე. ვლოცულობ ავადმყოფისთვის და რომ უფალი შემეწიოს. ყველაფერში ღვთის წყალობა გვესაჭიროება. როგორც ჩვენი პაპები ამბობდნენ, ღვთის გარეშე ზღურბლამდეც ვერ მიხვალ. ეს ასეცაა. სახლიდან გასვლისას ჯვარი გამოისახე. ერთხელ მღვდელს ვუთხარი, რომ როდესაც მანქანაში ვჯდები, პირჯვარს ვიწერ, ჩემს წინაც ჯვარია – მხოლოდ ამის შემდეგ ვქოქავ მანქანას და მივდივარ. ის კი მეუბნება: „მანქანამდეც ხომ გინდა მისვლა...“ ბრძნულია, არა? არიან ძალიან ბრძენი მღვდლები, თანაც ზოგი მათგანი მალავს თავის სიბრძნეს.

ესაუბრა ნიკიტა ფილატოვი

9 მარტი 2016 წ.

თარგმნილია მცირედი შემოკლებით

ორგინალის ტექსტი განთავსებულია საიტზე: pravoslavie.ru

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა