martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

დუშანბესა და ტაჯიკეთის ეპისკოპოსი პიტირიმი

ეკლესიაში არ არის ბოროტება

„ძვირფასო მეუფევ, გთხოვთ ეკლესიაში არსებულ უმართლობაზეც დაწეროთ; და იმაზეც, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ერისკაცნი, როდესაც ცინიზმის, სიცრუის, ცბიერების მაგალითებს ისინი იმათში ხედავენ, ვინც ჭეშმარიტების საქადაგებლად არიან დადგენილნი“ – ასეთი თხოვნით მომმართა საიტის – pravoslavie.ru ერთ-ერთმა მკითხველმა ჩემი სტატიის „სიმართლე სიყვარულის გარეშე“ კომენტარში.

 

მინდა თავიდანვე აღვნიშნო: ეკლესიაში არ არის ბოროტება, პრინციპულად შეუძლებელია მისი არსებობა ეკლესიაში, რადგან ეკლესია წმინდაა. ყველა კეთილმოსურნეს და არაკეთილმოსურნეს, რომლებიც მტკივნეულად ან ღვარძლიანი სიხარულით იღებენ ცნობებს მართლმადიდებელი სამღვდელოებისა თუ ერისკაცების ნაკლოვანებებზე, ცოდვებსა და მანკიერებებზე, შევახსენებ წმინდა ფილარეტ მოსკოველის „მართლმადიდებლურ კატეხიზმოში“ გადმოცემულ ეკლესიის სიწმინდის განსაზღვრებას, ფილიგრანულად დახვეწილს.

„266. რატომ ვუწოდებთ ეკლესიას წმინდას?

ეკლესია წმინდაა, რადგან განწმენდილია უფალ იესო ქრისტეს მიერ, მისი ტანჯვით, მისი მოძღვრებით, მისი ლოცვითა და საიდუმლოებებით.

„ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თვისი მისცა მისთვის, რაჲთა იგი წმიდა-ყოს, განწმიდა იგი საბანელითა მით წყლისაჲთა და სიტყვითა, რაჲთა წარუდგინოს თავადმან თავსა თვისსა დიდებულად ეკლესიაჲ, რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანება, არცა ნაოჭ ბრძვილისა, არცა სხუაჲ რაჲ ესევითარი, არამედ რაჲთა იყოს წმიდა და უბიწო“ (ეფეს. 5,25-27).

მამა ღმერთის მიმართ მორწმუნეებისთვის ლოცვაში უფალმა იესო ქრისტემ თქვა: „წმიდა-ყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყუაჲ შენი ჭეშმარიტ არს. ვითარცა მომავლინე მე სოფლად, მეცა წარვავლინებ მათ სოფლად. და მათთვის წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებით“ (იოან. 17,17-19).

267. როგორ შეიძლება ეკლესია იყოს წმინდა, როცა მასში ცოდვილები არიან?

ეკლესია წმინდაა, იმის მიუხედავად, რომ მასში მცოდველებიც არიან. მცოდველები, მაგრამ ჭეშმარიტი სინანულით თავის განმწმენდელები ეკლესიის სიწმინდეს ხელს არ უშლიან; ხოლო შეუნანებელი ცოდვილები, როგორც მკვდარი ასოები, მოიკვეთებიან ეკლესიის სხეულიდან – ან საეკლესიო ხელისუფლების ხილული მოქმედებით, ანდა ღვთის სამსჯავროს უხილავი მოქმედებით, და ამგვარად, ეკლესია ამ შემთხვევაშიც წმინდა რჩება“.

აი პასუხი ყველას, ვისაც უყვარს ეკლესიის ღირსების გაიგივება მისი წევრების უღირსებასთან. როდესაც ეკლესიას ლანძღავენ მისი უღირსი წევრების სახით, ვერასოდეს ახვედრებენ მიზანში: თუკი მცოდველი ნანობს, მისი ცოდვები და უსჯულოებანი უკვე მიტევებულია და ღმერთის გარდა არავის შეუძლია მისი განსჯა; ხოლო თუკი სინანული არაა, – ის უკვე აღარაა ეკლესიის წევრი, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება მართლმადიდებლად იწოდებოდეს და მონაზონი, ან სამღვდელო დასის წევრი იყოს, ყველაზე მაღალ ხარისხშიც კი.

კითხვა მაინც რჩება: რა ვქნათ, როდესაც ვეჯახებით იმის აღმაშფოთებელ უღირსებას, ვინც თავისი წოდებით ყველაზე ღირსეული უნდა იყოს? პასუხი: არ უნდა დაბრკოლდეთ! იტყვით: ეს შეუძლებელია! გიპასუხებთ ქრისტე მაცხოვრის სიტყვებით: „კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს“ (მათ. 19,26). გახსოვთ, რატომ უთხრა ქრისტემ თავის მოწაფეებს ეს სიტყვები? – მათი გაკვირვების გამო მდიდარი ჭაბუკისთვის გამოტანილ განაჩენზე, რომელმაც ყველა მცნებები შეასრულა, მაგრამ უარი თქვა თავისი ქონების შეწირვაზე ქრისტეს მოწაფეობის სანაცვლოდ (იხ. მათ. 19,16-24). ვფიქრობ, ამ სახარების ფრაგმენტის გაგებაშია დაფარული პასუხი თქვენს კითხვაზე.

მარკოზ მახარებელს ერთი მნიშვნელოვანი დამატება აქვს (სახარებაში), რომელსაც მუქი შრიფტით გამოვყოფ: „ხოლო იესუ მიჰხედა და შეუყუარდა იგი და ჰრქუა მას: უკუეთუ გნებავს სრულ ყოფაჲ, ერთიღა გაკლს შენ: წარვედ და, რაოდენი გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა; აღიღე ჯუარი და მოვედ და შემომიდეგ მე“ (მარკ. 10,21). ამ სიტყვების – „შეუყუარდა იგი“ – უკან ცხადდება ნიჭით დაჯილდოებული ბუნება მდიდარი ჭაბუკისა, რომელიც ღირსი იყო ქრისტეს ერთი მოწაფეთაგანი გამხდარიყო. მაცხოვრის ბაგეთაგან ჭაბუკმა გაიგონა მოწოდება სამოციქულო მსახურებისკენ: შემომიდეგ მე! ჭაბუკის უარმა დაამწუხრა თვითონ ისიც, ღვთაებრივი მოძღვარიც, მოციქულებიც, რომელთა რიგში შეიძლებოდა ისიც ყოფილიყო. ამ შეუმდგარი მოციქულის ადგილას სხვა გამოჩნდა – იუდა ისკარიოტელი.

რამდენია ჩვენთან, მართლმადიდებელ ეკლესიაში, კეთილმსახური ერისკაცი, რომელთაც უფალი მოუწოდებდა თავის სამსახურში, ზოგს მნათედ, ზოგს მგალობლად, ზოგს მონაზვნად, ზოგს უბრალოდ დარაჯად ან ტაძრის დამლაგებლად, მათ კი უარი თქვეს. რამდენია მოკრძალებული დიაკონი, რომელთაც არ სურთ საკუთარ თავზე აიღონ მღვდლის პასუხისმგებლობა ადამიანთა სულებზე. რამდენია ღირსეული მღვდელი მონაზონთა შორის, რომელთაც ქრისტემ მოუწოდა სამღვდელმთავრო სამოციქულო მსახურებისკენ, მაგრამ მათ თავი ასეთი მაღალი წოდების ღირსად არ ჩათვალეს და უარი თქვეს მასზე. მათ, ყველას, არ სჭირდებოდათ უარი ეთქვათ სიმდიდრეზე, მხოლოდ ჩვეულ ცხოვრებაზე უარის თქმა იყო საჭირო. და ამის შემდეგ ჩვენ გვიკვირს და აღშფოთებულები ვართ, რომ ჩვენს ტაძრებში მსახურობენ ბრაზიანი დეიდები და საეჭვო ბიძიები, გალობენ ურწმუნო მგალობლები, ფულის გულისთვის, მსახურობენ კადნიერი დიაკვნები და უხეში მღვდლები, გვმოძღვრავენ ხარბი და უზნეო ეპისკოპოსები?!

იმის მიუხედავად, რომ ჩვენი მწყემსების, განსაკუთრებით მწყემსმთავრების მანკიერების პრობლემა სპეციალურად ძლიერაა გაზვიადებული, მაინც არ შეიძლება მისი სრულიად უარყოფა. თუმცა ყოველთვის, როცა ჩვენ საჩვენებელ თითზე დავიხვევთ მოპარულ ფრაზას „განსაკითხად კი არა, განსასჯელად“ და დავიწყებთ მორიგი „დამნაშავის“ მხილებას, ღვთის თითი ჩვენზე მიანიშნებს: განა შენ არა ხარ ის მდიდარი ჭაბუკი, რომელმაც ერთხელ უარი თქვი ჩემს მიყოლაზე, ახლა კი მიითვისე უფლება, განსაჯოს ის, ვინც შენთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა?

ჩემთვის ძალიან საყვარელი და პატივსაცემი წმინდანი ფილარეტ მოსკოველი 19-ე საუკუნის შუა წლებში წუხდა, რომ (წესით) მოსკოვში მღვდლების ნახევარს უნდა აეკრძალოს მსახურება, მაგრამ მათი შემცვლელი არავინ იქნებაო. ამგვარი პრობლემაა ყველა მღვდელმთავრის წინაშე, რომელიც მსახურების ნებას აძლევს, ან არ უკრძალავს მსახურებას სამღვდელოების წევრებს, რომლებმაც ისეთი დანაშაული ჩაიდინეს, რომელიც უფლებას არ აძლევს მათ, ღვთის საკურთხევლის წინაშე იდგნენ. როცა კარგები, წმინდები, ნიჭიერები უარს ამბობენ ემსახურონ საკურთხეველს, მათ ადგილას მოდიან იუდები, რომ იკვებონ საკურთხევლიდან. თვითონ ქრისტე ითმენდა და იფარავდა იუდას, სინანულისკენ მოუწოდებდა. ანგელოზების მრისხანე წინადადებაზე, ამოძირკვონ სარეველა პურის ყანაში, უფალი პასუხობს: „არა, ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხურათ იფქლიცა. აცადეთ იგი თანა-აღორძინებად ურთიერთას ვიდრე ჟამადმდე მკისა“ (მათ. 13, 29-30).

ოჰ ეს „წყეული კითხვები“: „რა ვქნათ?“ და „ვინაა დამნაშავე?“! – ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავეები! ინტელიგენტები, ჭკვიანები, ტაქტიანები – ვთაკილობთ მუშაობას საეკლესიო ჯიხურში, ეკლესიის დალაგებას, რასაც ღირსი სერაფიმე საროველი ყველა ადამიანურ საქმეზე მაღლა აყენებდა, ჩვენ კი ვუკადრისობთ. განსწავლულები, ნიჭიერები, გულისხმიერები, მზრუნველები – ჩვენს ნიჭებს საოჯახო წრეში ვმალავთ, გვეშინია მათი გამოჩენა ეკლესიის მსახურებაში. უპოვარნი, უბიწონი, ლოცვის ძალისა და სიტკბოების შემცნობელნი, საღვთისმეტყველო ცოდნით შემკობილნი – გზას ვუთმობთ უნიჭო კარიერისტებს, რომლებიც საეკლესიო იერარქიის მწვერვალებისკენ მიისწრაფიან. თუკი ჩვენ სიტყვით კი არა, საქმით გვინდა, რომ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია იდიდებოდეს თავისი მღვდელმსახურების, მონაზვნებისა და ერისკაცების სათნოებებით, თავად გავხდეთ ღირსეული და მოშურნე სასულიერო პირები და მონაზვნები, კეთილმსახური, მხურვალე ერისკაცები, რომელთათვის ეკლესია ავი დედინაცვალი კი არა, მშობელი დედაა.

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა