martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

  ეპისკოპოსი ნიკოდიმოს მილაში  

 

ურთიერთობა სამღვდელოებასა და

ერისკაცებს შორის

 

 

ეკლესიის ძირითადი მოწყობის თანახმად, მისი წევრები ორ მთავარ ჯგუფად იყოფიან – სამღვდელოებად და ერისკაცებად. როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია საკითხი – როგორი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ეკლესიაში სამღვდელობის უფლებებსა და ძალაუფლებას ეკლესიის დანარჩენ წევრებთან მიმართებით და რა მნიშვნელობა აქვს მორწმუნე ერისკაცთა უფლებებს.

 

თავისი მიზნის მისაღწევად ეკლესიამ საკუთარი დამფუძნებლისაგან (ღვთისგან) მიიღო ძალაუფლება: ქრისტიანული მოძღვრებით განანათლოს თავისი წევრები, აკურთხოს ისინი მადლიანი ნიჭებით და სულიერად უწინამძღვროს მათ. ამ ძალაუფლებას ეკლესია ახორციელებს გარკვეული პიროვნებების საშუალებით, რომელთაც ძალაუფლება ეკლესიის დამაარსებლისგან მიიღეს მოციქულთა საშუალებით. ეს პიროვნებები ამ ძალაუფლების წარმომადგენლები არიან და ამ აზრით ეკლესიის მწყემსებად და მსახურებად იწოდებიან, ისევე როგორც იწოდებოდნენ ოდესღაც მოციქულები.1 მაგრამ ეკლესია, წმიდა წერილის სწავლებით, ერთი სხეულია, მრავალი წევრისგან შემდგარი, რომელნიც, თუმცაღა ბევრნი არიან, მაინც ერთ სხეულს შეადგენენ;2 და როგორც ადამიანური სხეული მაშინაა ჯანსაღად და წარემატება, როდესაც მისი ყველა ასო ჯანსაღია, სწორ ურთიერთობაშია ერთმანეთთან და ყოველი მათგანი ასრულებს იმას, რაც ევალება, – ასევე ეკლესიაშიც, რომელიც სხეულია ქრისტესი და რომლის თავი ქრისტეა,3 მთელი მისი სხეული მხოლოდ მაშინ იქნება ჯანსაღი და წარემატება, როდესაც მის ყველა წევრს სრული სასიცოცხლო ძალა ექნება და როდესაც მათ შორის სწორი საზოგადოებრივი კავშირი და ერთობა იქნება. ეკლესიის ყოველი წევრის ერთობის გარეშე, საერთო სიკეთისათვის მათი ნებაყოფლობითი ერთობლივი მოქმედების გარეშე, უცილობლად დაზარალდება რომელიმე წევრთაგანი მაინც და საბოლოოდ თვით მიზანი ეკლესიისა ვერ იქნება მიღწეული.4 აქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ ეკლესიის ყოველი წევრი, ეკლესიაში მისი მდგომარეობის მიუხედავად, თავისი ძალებისა და შესაძლებლობების მიხედვით შეეწეოდეს საერთო საქმეს, რისთვისაც თვით ეკლესია არსებობს;5 ასე რომ, ეს ურთიერთშეწევნა შედის როგორც იერარქიის, ასევე ერისკაცების მოვალეობაში.

 

ეკლესიაში იერარქიის ძალაუფლება ეფუძნება ღვთაებრივ განწესებას და ეკლესიაში მხოლოდ მოციქულებსა და მათ მემკვიდრეებს ეკუთვნით უფლება სწავლებისა, მღვდელმსახურებისა და სულიერი წანამძღოლობისა. მაგრამ ღვთაებრივი საშუალებები არ გამორიცხავენ ადამიანურ საშუალებებს და ღვთაებრივი მოქმედება ეკლესიაში არა მარტო არ დაკნინდება ადამიანური შეწევნის გამო, არამედ პირდაპირ ითხოვს მას დედამიწაზე საღვთო საქმის უფრო მეტი წარმატებისთვის. მართალია, მორწმუნე ქრისტიანებს არა აქვთ უფლება საღვთო მოქმედების ორგანოები იყვნენ ეკლესიაში, მაგრამ როგორც ადამიანები და ქრისტიანები, ისინი ფლობენ იგივე საშუალებებსა და ძალებს სიკეთისათვის, რაც ეკლესიის მწყემსებს აქვთ. ამიტომაც მათ შეუძლიათ და ვალდებულნიც არიან გამოიყენონ თავისი ძალები ყველაფერში, რაც ეკლესიის კეთილდღეობას შეეხება. ეკლესიაში მოძღვრობის ძალაუფლების გამოყენება იერარქიის კუთვნილებაა, და ერისკაცი, რომელიც იერარქიის გვერდის ავლით მიითვისებს ამ ძალაუფლებას, სასჯელს იმსახურებს.6 მაგრამ ასეთსავე და უფრო აღმატებულ სასჯელს იმსახურებს სამღვდელოების წევრი, რომელიც თავისი ეპისკოპოსისაგან დამოუკიდებლად დაიწყებს სწავლებას ეკლესიაში.7 ამასთან ერთად საერთო მოძღვრებასთან კავშირში ყოველ ერისკაცს შეუძლია ამ საქმეში იერარქიას შეეწიოს; – იმით, რომ თავს მიუძღვნის საეკლესიო მოძღვრების დამუშავებას მის სხვადასხვა დარგში, როგორც მასწავლებელი სკოლაში, მამა ოჯახში, უფროსი და ა.შ. რომელიმე საზოგადოებაში, გააკეთებს იმას, რომ გარკვეული ადამიანები აითვისებენ ქრისტიანულ მოძღვრებას და იცხოვრებენ ამ მოძღვრების შესაბამისად. მის შრომას ეკლესია ყოველთვის შექებით მიიღებს და იერარქია ვერ ხედავს ამაში რაიმე საზიანოს თავისი უფლებებისათვის.8 მღვდელმოქმედების ძალაუფლება მხოლოდ იერარქიის კუთვნილებაა; მაგრამ ეკლესიის ყველა მორწმუნე წევრი წმიდაა და ქრისტეს სხეულის ცოცხალი ასოა; აქედან გამომდინარე ყველა მორწმუნე ერისკაცი იერარქიასთან ერთად ერთ სამღვდელოებას შეადგენს;9 თავისი ლოცვებით ღვთისმსახურების დროს ისინი შეაბიჯებენ სამღვდელო მსახურების საიდუმლო მხარეში; ლიტურგიაზე მღვდელმსახურთან ერთად ლოცვით მოუხმობენ სულიწმიდას შესაწირავ ძღვენზე; ეპისკოპოსთან ერთად ლოცულობენ, რათა ზეციური მადლი გარდამოვიდეს ხელდასხმულზე. ერთი სიტყვით, მორწმუნე ერისკაცები მონაწილენი არიან ეკლესიაში აღსრულებული ყოველი საზოგადო ღვთისმსახურებისა, და ამგვარად აქტიურად მონაწილეობენ საეკლესიო ძალაუფლების ამ დარგშიც, რომელშიც, კერძოდ, იერარქიის წევრები არიან მოწოდებულნი. ეკლესია ყოველთვის აღიარებდა, რომ მორწმუნე ერისკაცები ყველაზე მეტად მონაწილეობენ საქმეებში, რომლებიც ეხება იერარქიისადმი რწმუნებულ საეკლესიო ძალაუფლების მესამე დარგს, – ეკლესიის გარეგანი ცხოვრების მართვის ძალაუფლებას. ეს მონაწილეობა გამოიხატებოდა როგორც საეკლესიო კრებებში, ასევე მღვდელმსახურთა გამორჩევაში და საეკლესიო ქონების მართვა-გამგეობაში.10

 

  იერარქიის და მორწმუნე ერისკაცების უფლებები ეკლესიაში თვით საეკლესიო მოწყობის საფუძვლითაა განსაზღვრული, რომლითაც ასევე განსაზღვრულია იერარქიისა და მორწმუნეების უფლებებს შორის ურთიერთდამოკიდებულება. იერარქიამ ეკლესიაში თავისი ძალაუფლება ღვთაებრივი განწესებით მიიღო და ამ ძალაუფლების გარეშე ვერ იარსებებდა თავად ეკლესია; მაგრამ რადგანაც ეს ძალაუფლება იერარქიამ მიიღო არა საკუთარი თავისთვის, არამედ ეკლესიისთვის, რომელსაც შეადგენენ მორწმუნე ერისკაცები იერარქიასთან ერთად (მორწმუნე ერისკაცები უნდა იყვნენ ცოცხალი და მოქმედი წევრნი ეკლესიისა, მთელი თავისი ძალებითა და შესაძლებლობებით უნდა შეეწეოდნენ საერთო კეთილდღეობას და მის წარმატებას), ამიტომ იერარქიამ უნდა აღიაროს ერისკაცთა უფლებები ყველა საქმეში, რაც ეკლესიას ეხება. ეკლესიაში იერარქიის ძალაუფლების აუცილებლობასთან თანხმობით და იერარქიის უფლებებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს ეკლესიაში ერისკაცთა უფლებებიც, და როგორც პირველი მოწოდებულია საწინამძღვროდ, ასევე მეორე – შეეწიოს ყოველივეს, რაც ეკლესიას ეხება. მართლმადიდებელი ეკლესიის სულს შეესაბამება იერარქიისა და მორწმუნე ერისკაცების მხოლოდ ერთობლივი მოქმედება ზუსტად დადგენილ საზღვრებში. აღმოსავლეთის პატრიარქებმა თავის საყოველთაო ეპისტოლეში (6 მაისი 1848 წ.) მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს მიმართეს: "კეთილმსახურების მცველი თვით ეკლესიის სხეული, ანუ თავად ხალხია". და ამით მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითადი ჭეშმარიტება გამოხატეს, ეკლესიაში ხალხის უფლების მთელი მნიშვნელობა განსაზღვრეს.

 

 

  

შენიშვნები

 

1). "ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა ღმრთისათანი" (1 კორ. 4,1). შდრ 1 კორ. 3,5-6; 2 კორ. 3,4-6.

 

2). "ვითარცა-იგი გუამი ერთ არს, და მრავალი ასოები აქუს, და ყოველი იგი ასოები ერთისა მის გუამისაჲ მრავალღა თუ არს, ერთ გუამვე არს; ეგრეცა ქრისტე" (1 კორ. 12,12).

 

3). "და რამეთუ გუამი იგი არა ერთ ასო, არამედ მრავალ. უკუეთუ თქუას ფერჴმან, ვინაჲთგან არა ვარ ჴელ, არ ვარ მის გუამისაგანი, ამისგან-მე არა არსა მის გუამისაგანი? ანუ თუ თქუას ყურმან, რამეთუ არა ვარ თუალ, არა ვარ მის გუამისაგანი, ნუ ამისთჳს არა არსა მის გუამისაგანი? უკუეთუ ყოველი გუამი თუალ იყოს, სად არს სასმენელი? უკუეთუ ყოველი სასმენელ იყოს, სადა არიან საყნოსელნი? აწ ესერა ღმერთმან დასხნა ასონი იგი თჳთოეულად გუამსა მას შინა, ვითარცა ინება. ხოლო უკუეთუმცა იყო ყოველი ერთ ასო, სადამცა იყო გუამი იგი? ხოლო აწ მრავალ არს ასოები და ერთ – გუამი. ხოლო ვერ ჴელ-ეწიფების თუალსა, ვითარმცა ჰრქუა ჴელსა: არა მიჴმ შენ; ანუ კუალად თავსაფერჴთა, ვითარმედ: არა მიჴმთ თქუენ. არამედ უფროჲსღა უმეტეს, რომელი-იგი საგონებელ არს ასოჲ გუამისაჲ მის უუძლურესად, იგი უსაჴმარეს არს. და რომლისასა ვჰგონებთ უპატიო-ყოფად გუამისაგან, ამათ პატივსა უმეტესსა მივსცემთ. და უშუერსა მას ჩუენსა შუენიერებაჲ უმეტესი აქუს; ხოლო შუენიერსა მას ჩუენსა არარაჲ უჴმს. არამედ ღმერთმან შეზავა გუამი იგი და ნაკლულსა მას უმეტესი მისცა პატივი, რაჲთა არა იყოს წვალებაჲ ჴორცთა მათ შინა, არამედ მასვე ერთიერთისათჳს ზრუნვიდენ ასონი იგი. და თუ ევნებინ რაჲ ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა; და თუ იდიდებინ ერთი ასოჲ, მის თანა იდიდებიედ ყოველნი ასონი. თქუენ ხართ ჴორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი" (1 კორ. 12,14-27).

 

4). კლიმენტი რომაელი ეკლესიის I საუკუნეში ამის შესახებ მიუწერს კორინთელებს (1 ეპისტ. თავი 37): "მხოლოდ მათ შევხედოთ, რომელნიც სამხედრო წინამძღოლების უფროსობის ქვეშ ასე სწორად, მკაცრად და ნებაყოფლობით ასრულებენ იმას, რაც ნაბრძანები აქვთ. ისინი ყველანი წინამძღოლები არ არიან, არც ტრიბუნები, არც ასისთავები, არც ერგასისთავები და ა.შ. მაგრამ ყოველი მათგანი თავის ადგილას ასრულებს იმას, რაც ნაბრძანები აქვს იმპერატორისგან; ვერც მცირენი დიდთა გარეშე და ვერც დიდნი მცირეთა გარეშე ვერ შეძლებენ არსებობას; ძალა ურთიერთკავშირში მჟღავნდება. მაგალითად ჩვენი სხეული გამოდგება: თავი ფეხების გარეშე არაფერია, ისევე როგორც ფეხები თავის გარეშე, რამეთუ ჩვენი სხეულის თვით უმცირესი ასონიც საჭირო და სასარგებლო არიან მთელი სხეულისთვის, და ყველა ერთობლივად მუშაობს ერთი მიზნისთვის, მთელი სხეულის შესაწევნელად".

 

5). პავლე ეფესელებს მოძღვრავს (4,14-16), რომ აღარ შეუდგნენ ადამიანურ სიცრუეს, "არამედ ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე, რომლისაგან ყოველი გუამი შენაწავერებულ და შემტკიცებულ არს ყოვლითა შეახლებითა უხუებისაჲთა შეწევნისაებრ საზომისა თჳთოეულისა ასოჲსა; სიორძილსა მას გუამისასა ჰყოფდით აღსაშენებელად თავისა თქუენისა სიყუარულით".

 

6). ტრულის კრება, კან. 64; ლაოდიკ. კრება, კან.15.

 

7). იხ. სჯულისკანონის 1 ტიტულის 1 თავი.

 

8). იხ. მაგ. კურთხევანში დამოძღვრა, რომლითაც ეკლესია მიმართავს ახალდაქორწინებულებს, ანდა ნათლიებს ჩვილის ნათლობის შემდეგ.

 

9). "ხოლო თქუენ, ნათესავი რჩეული, სამეუფოჲ, სამღვდელოჲ..."  (1 ტ. 2,9).

 

10). ჩვენ არ შევჩერდებით მორწმუნე ერისკაცთა მონაწილეობაზე საეკლესიო ძალაუფლების ამ დარგში (მართვა-გამგეობის ძალაუფლებაში), რადგან ამაზე საუბარია ამ წიგნის შესაბამის თავებში. საერთოდ, ეკლესიის მართვა-გამგეობაში ხალხის მონაწილეობის უფლება ეფუძნება მოციქულთა ეკლესიის მაგალითს. მოციქულთა ცნობილ კრებაზე, რომელიც მოსეს სჯულის მნიშვნელობის საკითხის განსახილველად შედგა, მონაწილეობდნენ მოციქულები, პრესვიტერები (ხუცესნი) და ძმანი (საქმ. 15,23). მას შემდეგ, რაც ყველამ ერთად იმსჯელა, პირველებმა – მოციქულებმა და ხუცესებმა ხმა მისცეს და საკრებო დადგენილება შეადგინეს, რაშიც უკანასკნელნი (ძმანი) არ მონაწილეობდნენ ("და დადუმნა ყოველი იგი სიმრავლე" (საქმ. 15,12). რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ მორწმუნე ერისკაცები ხმის მიცემაში არ მონაწილეობდნენ, არ შეიძლება დავასკვნათ, რომ კრებას ისინი მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო ესწრებოდნენ, რამეთუ ჩვენ მათ მუდმივად ვხედავთ პირველი დროის ეკლესიის ყველა კრებაზე; აქ პრაქტიკულად ცხადდება ძირითადი კანონი, ჩვენს მიერ ტექსტში აღნიშნული, კერძოდ – ხელმძღვანელი მოქმედება ეკუთვნის იერარქიის წარმომადგენლებს, ხოლო მორწმუნე ერისკაცები თავისი დასწრებით გამოხატავენ იმის თანხმობას, რასაც იერარქიის წევრები ღვთაებრივი განწესებით მიღებული ძალაუფლებით ადგენენ; ამით გამოიხატება ის ერთობა, რომელიც უნდა არსებობდეს ეკლესიის ყველა წევრს შორის, რადგან ისინი ერთი სხეულის ნაწილები არიან. როდესაც შემდგომ პერიოდში ხალხის პირადი მონაწილეობა მათი წარმომადგენლების სახით თანდათანობით შეწყდა, იმ კრებებზე, რომლებიც დოგმატურ საკითხებს განიხილავდნენ, ხალხის ხმა მაინც მხედველობაში იყო მიღებული, და ეს ხმა ისე გადამწყვეტად გაისმოდა დოგმატურ საკითხებზე მიღებული საკრებო განჩინებების წინააღმდეგ, რომ ეს განჩინებები, იერარქთა მოწმობის თანახმად, შემდგომში სრულიად კარგავდნენ თავის მნიშვნელობას. ამის საუკეთესო მაგალითად წარმოგვიდგება ფლორენციის კრება (დასავლური აღრიცხვით მე-17 მსოფლიო), რომლის გადაწყვეტილებები მიიღო და ხელი მოაწერა აღმოსავლეთის ეკლესიის მრავალმა იერარქმა, მაგრამ მათ ამ (მართლმადიდებლურ) ეკლესიაში არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნიათ, და ძირითადად იმიტომ, რომ მათი მიღება და აღიარება ხალხმა არ ისურვა. მორწმუნე ერისკაცთა უფლება მონაწილეობა მიიღონ მღვდელმსახურთა არჩევაში, ასევე მოციქულთა ეკლესიის მაგალითს ეფუძნება. მორწმუნე ხალხი მონაწილეობს მოციქულ მატათასა (საქმ. 1,15) და პირველი დიაკონების (საქმ. 6,2) გამორჩევაში. ხალხის ეს უფლება ამა თუ იმ ფორმით ეკლესიის დაფუძნებიდან მოყოლებული ყველა საუკუნეში არსებობდა. ამ უფლების წინააღმდეგ ჩვეულებრივ ერთი კანონი (ლაოდიკ. კრ. 13 კან.) მოჰყავთ ხოლმე, მაგრამ ამ კანონში საუბარია ბრბოზე, რომელსაც უნდა აეკრძალოს მღვდელმსახურთა არჩევა; არც ეს და არც სხვა რომელიმე კანონი ხალხს ან მის კანონიერ წარმომადგენლებს არ უკრძალავს დადგენილი წესების მიხედვით მღვდელმსახურთა არჩევაში მონაწილეობას. ხალხის უფლებები ამ არჩევაში, ისევე როგორც საეკლესიო კრებების შემთხვევაში, განსხვავდება იერარქიის უფლებებისგან. ხალხს ეკუთვნის კონკრეტული პირის გამორჩევა და წარდგენა, ხოლო იერარქიის წარმომადგენლებს – არჩევანის აღიარება და წარდგენილი პირის აყვანა გარკვეულ სამღვდელმსახურო ღირსებაში; ანდა პირიქით – იერარქია სთავაზობს კონკრეტულ პიროვნებას, ხოლო ხალხი გამოთქვამს თავის აზრს მის შესახებ და თანხმდება ან უარს ამბობს ამ პიროვნების ეკლესიისადმი მსახურებაზე. ხალხს ამაში ეკუთვნის votum consultivum, testimoniale და საერთოდ consensum, მაგრამ არასოდეს, არც ერთ კანონს არ წაურთმევია ხალხისთვის იერარქიის არჩევაში მონაწილეობის უფლება. ხალხის მონაწილეობა საეკლესიო ქონების მართვა-გამგეობაში დროთა განმავლობაში ფორმას იცვლიდა, მაგრამ საფუძველში ყოველთვის ძალაში რჩებოდა, ისევე როგორც დღესაც ძალაშია სხვადასხვაგვარი სახით.

 

 

თარგმნილია წიგნიდან Никодим епископ далматинский "Православное Церковное Право", СПБ. 1897.

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა