წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი
სახარების კითხვისათვის
სახარების კითხვისას ნუ ეძიებ ტკბობას, აღტაცებას, ბრწყინვალე აზრებს: ეძიე შეუცდომლად დაინახო წმინდა ჭეშმარიტება.
ნუ დასჯერდები სახარების უბრალო კითხვას, ეცადე მისი მცნებები შეასრულო, ეცადე შენი საქმეებით იკითხო იგი. სახარება ცხოვრების წიგნია და მას თვით ცხოვრებით უნდა კითხულობდე.
შემთხვევითი ნუ გგონია, რომ ეს წმიდათაწმიდა წიგნი – ოთხთავი – მათეს სახარებით იწყება და იოანეს სახარებით მთავრდება. მათე გვასწავლის, თუ როგორ უნდა შევასრულოთ ღმერთის ნება, ამიტომ მისი სიტყვები განსაკუთრებით სულიერი ცხოვრების გზაზე ახლად შედგომილებს შეეფერებათ; იოანე კი გადმოგვცემს, თუ რა სახით ხდება მცნებებით განახლებული ადამიანის ღმერთთან თანაზიარება, რაც მხოლოდ ამ გზაზე წარმატებულთათვის არის მისაწვდომი.
როდესაც სახარებას გადაშლი და კითხვას დააპირებ, გაიხსენე, რომ ხვალ იგი შენს საუკუნო ხვედრს გადაწყვეტს. სახარების მიხედვით განვისჯებით და, იმის შესაბამისად, თუ როგორ ვიქცეოდით აქ, მიწაზე, სახარებასთან მიმართებაში, ჩვენი წილხვედრი იქნება საუკუნო ნეტარება ან საუკუნო ტანჯვა.
ღმერთმა გაუმჟღავნა თავისი ნება საბრალო მტვერს – ადამიანს! წიგნი, რომელშიც ეს დიდი და ყოვლადწმინდა ნებაა გადმოცემული, წინ გიდევს. შეგიძლია მიიღო ან უარყო შენი შემოქმედისა და მაცხოვრის ნება – გააჩნია, როგორ ისურვებ. შენი საუკუნო ცხოვრება და საუკუნო სიკვდილი შენსავე ხელთაა. მაშ დაფიქრდი, რა სიფრთხილე და გონიერება გმართებს. ნუ ეთამაშები საუკუნო ცხოვრებას!
ევედრე უფალს შემუსრვილი გულით, რომ თვალი აგიხილოს იმ დიდი სასწაულების დასანახად, რომლებიც მის სჯულში ანუ სახარებაშია დამარხული. და როგორც კი ადამიანს თვალი აეხილება, მაშინვე იგრძნობს სულის სასწაულებრივ განკურნებას ცოდვისაგან, რასაც ქრისტე აღასრულებს. ხორციელ სალმობათა კურნება მხოლოდ სულის კურნების დასტური იყო, რომელიც ხორციელ ადამიანებს, გრძნობადით დაბრმავებულ გონებას სჭირდება.
იკითხე სახარება უკიდურესი მოწიწებითა და ყურადღებით, ნურაფერს მიიჩნევ მასში ნაკლებად მნიშვნელოვნად – თითქოს რაიმე არც იყოს სერიოზული დაკვირვების ღირსი. სახარების ყოველი იოტაც კი სიცოცხლეს ასხივებს, ხოლო სიცოცხლის უგულებელყოფა სიკვდილის ტოლფასია.
როცა კითხულობ უფლის მიერ განკურნებულ კეთროვანთა, დავრდომილთა, ბრმათა, კოჭლთა, ეშმაკეულთა შესახებ, იფიქრე, რომ შენი სული – ათასი ცოდვით მოწყლული, დემონთა ტყვეობაში მყოფი – სწორედ იმ სნეულთა მსგავსია. სახარებიდან ისწავლე რწმენა, რომ უფალი, რომელმაც ისინი განკურნა, შენც გიწამლებს, თუკი შენ თვითონ შესთხოვ შეწევნას.
მოიპოვე სულის ისეთი განწყობა, რომ გქონდეს უნარი უფლის კურნების მიღებისა; ეს უნარი კი იმათ ეძლევათ, ვინც აღიარებს საკუთარ ცოდვილობას და გათავისუფლებას გადაწყვეტს. ამპარტავან მართალს, ანუ ცოდვილს, რომელიც თავის ცოდვებს ვერ ხედავს, არ სჭირდება მაცხოვარი, მისთვის ის უსარგებლოა.
ცოდვების ხედვა, იმ დაცემის ხედვა, რომელშიც კაცთა მთელი მოდგმა იმყოფება, ღმერთის განსაკუთრებული ნიჭია. გამოითხოვე მისგან ეს ნიჭი და შენთვის უფრო გასაგები გახდება ზეციური მკურნალის – სახარების ხმა.
ეცადე, რომ სახარება შენს გულსა და გონებას შეეთვისოს, რომ შენი გონება, ასე ვთქვათ, ცხოვრობდეს მასში – მაშინ მთელი შენი საქმიანობაც სახარების შესაბამისი გახდება. ამის მიღწევა კი სახარების განუწყვეტელი კითხვით და შესწავლით შეიძლება.
ღირსმა პახომი დიდმა, ძველი დროის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მეუდაბნოე მამამ, ზეპირად იცოდა მთელი სახარება და, ღმერთის მითითებით, თავის მოწაფეებსაც აუცილებელ პირობად უყენებდა მის შესწავლას. ამრიგად, სახარება მათ ყველგან თან ახლდა და ხელმძღვანელობდა.
და ახლაც, განა არა სჯობს, ქრისტიანმა აღმზრდელმა უმანკო ბავშვის გონება სახარებით გამოკვებოს, ვიდრე ეზოპეს იგავ-არაკებით და ათასი სხვა სისულელით დაუნაგვიანოს?
რა ბედნიერება, რა სიმდიდრეა სახარების ზეპირად ცოდნა! შეუძლებელია წინასწარ განჭვრიტო ყოველი მოულოდნელობა, ყოველი ბედუკუღმართობა, ამა სოფლის გზაზე რომ შეიძლება შეგვემთხვეს. მეხსიერებაში შენახული სახარების წაკითხვა უსინათლოსაც შეუძლია, ტუსაღსაც თან მიჰყვება საკანში, გლეხსაც ესაუბრება, როცა ის ყანაში მუშაობს და ოფლს ღვრის, მსაჯულსაც ხელმძღვანელობს სასამართლოში საქმის გარჩევისას, ვაჭარსაც ჭკუას არიგებს და ავადმყოფსაც ნუგეშს სცემს გულისწამღები უძილობის თუ მძიმე მარტოობის ჟამს.
ნუ გაკადნიერდები საკუთარი გონებით განმარტო სახარება და წმინდა წერილის სხვა წიგნები. წმინდა წერილი წინასწარმეტყველთა და მოციქულთა გამოთქმულია არა თვითნებურად, არამედ სული წმიდის კარნახით. მაშ, განა უგუნურება არ არის მისი თვითნებური განმარტება?
სული წმიდამ, რომელმაც წმინდა წერილი წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მეშვეობით წარმოთქვა, განმარტა კიდეც იგი წმინდა მამათა პირით. წმინდა წერილიც და მისი განმარტებაც სული წმიდის ნიჭია. მხოლოდ ამ ერთადერთ განმარტებას ღებულობს წმინდა ეკლესია! მხოლოდ ამ ერთადერთ განმარტებას ღებულობენ ეკლესიის ჭეშმარიტი შვილები!
ვინც თვითნებურად განმარტავს სახარებას და მთელ წმინდა წერილს, ის ამით უარყოფს მის წმიდა მამებისეულ, სული წმიდისეულ განმარტებას. ხოლო ვინც წმინდა წერილის სული წმიდისეულ განმარტებას უარყოფს, ის, უეჭველია, თვით წმინდა წერილს უარყოფს.
და ღმერთის სიტყვა, ცხონების სიტყვა, მის კადნიერ განმმარტებელთათვის იქცევა სასიკვდილო შხამად, ორლესულ მახვილად, რომლითაც ისინი საკუთარ თავებს საუკუნო სიკვდილისთვის წირავენ. ასეთი თვითმკვლელნი იყვნენ არიოზი, ნესტორი, ევტიქი და სხვა მწვალებლები, რომლებიც წმინდა წერილის თვითნებური და კადნიერი განმარტების გამო ღვთის გმობაში ჩაცვივდნენ.
„და ვის ზედა მოვიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა?“ (ეს. 66, 2), ამბობს უფალი. შენც ასეთი იყავი სახარებისა და უფლის მიმართ, რომელიც თვითონ მყოფობს სახარებაში.
მიატოვე ცოდვილი ცხოვრება, მიატოვე მიწიერი სიამენი და მიდრეკილებები, უარყავი შენი სული – მაშინ გახდება შენთვის სახარება მისაწვდომი და გასაგები.
„რომელსა სძულდეს სული თვისი ამას სოფელსა“, – თქვა უფალმა, – სული, რომლისთვისაც ცოდვის სიყვარული დაცემის შემდეგ თითქოს რაღაც ბუნებრივი, თითქოს თვით ცხოვრება გახდა, – „ცხოვრებად საუკუნოდ დაიმარხოს იგი“ (ინ. 12, 25). ხოლო ვისაც უყვარს თავისი სული, ვინც ვერ ბედავს თავის გაწირვას, იმისთვის სახარება დახურულია: ის კითხულობს წიგნს, მაგრამ მაცხოვნებელი სიტყვა, როგორც სული, მისთვის გაუმჭვირვალი ფარდის მიღმა რჩება.
როცა უფალი თავისი ყოვლად წმინდა ხორცით მიწაზე იყო, მაშინ ბევრი ხედავდა მას და თან ვერც ხედავდა. რა ბედენაა, თუ ადამიანი ხედავს ხორციელი თვალით, რომელიც საერთო აქვთ მას და ცხოველებს, ხოლო სულიერი თვალით – გულითა და გონებით – ბრმაა? დღესაც ბევრია ისეთი, ყოველდღე რომ კითხულობს სახარებას, მაგრამ სინამდვილეში არასოდეს წაუკითხავს და არც იცის, რა არის იგი.
ერთ-ერთმა მეუდაბნოე ბერმა თქვა, რომ სახარება წმინდა გონებით იკითხება, მისი გაგება კი მცნებების საქმით შესრულების გზით შეიძლება. მაგრამ სახარების ზუსტი და სრული წვდომა საკუთარი ძალებით შეუძლებელია – ეს ქრისტეს ნიჭია.
სახარებაში აისახება ახალი კაცის თვისებები, კაცისა, რომელიც არის „უფალი ზეცით“ (I კორ. 15, 47). ეს ახალი კაცი არის ბუნებით ღმერთი. ხოლო თავის მიმდევრებს, რომელთაც სწამთ იგი და მის მიერ იცვლიან ფერს, ღმერთი ქმნის ღმერთებად მადლის მიერ.
თქვენ, ვინც ცოდვების მყრალ და ბინძურ ჭაობში ხართ ჩაფლულნი და ეს მდგომარეობა მოგწონთ კიდეც – თავი ასწიეთ, შეხედეთ კრიალა ზეცას – იქ არის თქვენი ადგილი! ღმერთი გაძლევთ ღვთაებრივ ღირსებას, თქვენ კი, უარყოფთ რა ამ ღირსებას, სხვა რამეს ირჩევთ: ცხოველთა – და თანაც ყველაზე უწმინდურ ცხოველთა – ღირსებას. გონს მოდით! მიატოვეთ მყრალი ჭაობი, ცოდვების აღიარებით განიწმინდეთ, სინანულის საბანელში განიბანეთ, ლმობიერების ცრემლით შეიმკეთ თავი, ასცილდით მიწას და ზეცად ამაღლდით: იქითკენ კი სახარება წაგიძღვებათ. „ვიდრე ნათელი გაქუს“ – ნათელი ანუ სახარება, რომელშიც ქრისტეა დაფარული – „გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლისა – ქრისტესი – იყვნეთ“ (ინ. 12, 36).
თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ
გადმოღებულია წიგნიდან – „სიტყვა ნუგეშინისცემისა“; შემდგენელი და გამომცემელი – დეკანოზი ზაქარია მარგალიტაძე.
|