მთავარეპისკოპოსი ნიკონი
უზეთოდ კანდელი ქრება
უმძიმეს დროში ვცხოვრობთ. ყოველი მხრიდან წყვდიადი გვიტევს, სინათლე თითქმის ყველგან სანატრელი გაგვიხდა. და თუ ჩვენი გამოცემა საღმრთო ცეცხლის სულ მცირე ნაპერწკალს მაინც დაანთებს ხალხის სულში, ასე რომ იტანჯება გარემომცველი შხამიანი ბურუსის გამო, ამისთვისაც მადლობა ღმერთს. კარგად იგრძნობა, როგორ ვშორდებით ნათლის წყაროს – ჩვენს წმიდა მართლმადიდებლობას. და რაც ყველაზე სამწუხაროა, თვით მორწმუნეთა შორის, ვინც თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, თანდათან იკარგება მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის, მართლმადიდებლური ცხოვრების ძირითადი საწყისი. ერთობ განსწავლული, მორწმუნე ადამიანები, თითქოს ფეხქვეშ ნიადაგი გამოსცლიათო, ხშირად მხოლოდ საკუთარი წარმოდგენების მიხედვით მსჯელობენ სარწმუნოებაზე და აზრადაც არ მოსდით, რომ ასეთ საკითხებში არსებობს შეუვალი ავტორიტეტი, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესიის შვილმა თავისი პირადი აზრი უნდა დაუმორჩილოს; ისინი ჭკვიანი, მაგრამ უვიცი ბავშვების შთაბეჭდილებას ტოვებენ.
მაშ, რაღა გვეთქმის მათზე, ვინც საკუთარ აზრს ყოველგვარ ავტორიტეტზე მაღლა აყენებს? თუკი ეს ხალხი თავის თავს მორწმუნეს უწოდებს, პირველ შეკითხვად ეს უნდა დაუსვათ: "გწამთ თუ არა უფალი იესო ქრისტე, განხორციელებული, მკვდრეთით აღდგომილი ღმერთი, რომელიც მოვა ცოცხალთა და მკვდართა განსჯად? გწამთ თუ არა, რომ დადგება დრო და თქვენ თვითონაც აღდგებით საფლავებიდან უკანასკნელ დღეს? გწამთ თუ არა საშინელი სამსჯავრო, მართალთა მარადიული ნეტარება და ცოდვილთა მარადიული ტანჯვა?" თუ ამ შეკითხვაზე თანხმობით გიპასუხეს, ჯერ კიდევ აქვს აზრი სიტყვის გაგრძელებას, ხოლო თუ მერყეობა და პასუხისათვის თავის არიდება დაიწყეს, მაშინ ყოველგვარი საუბარი უსარგებლოა. კიდევ ერთ კითხვას უნდა გასცენ პასუხი: "გწამთ თუ არა ბოროტი სულების, სატანის ბნელი სამეფოს არსებობა?" და თუ ამ განსწავლულ ადამიანებს არ შერცხვებათ პირდაპირ გიპასუხონ: "უეჭველად გვწამს, რომ ამ რწმენის გარეშე არ არსებობს თვით ქრისტიანობა", მაშინ ჯერ კიდევ არ არის დაკარგული იმედი მათთვის მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის დაბრუნებისა, თუ არადა ამაოდ იტყუებენ თავს, ქრისტიანები ვართო, აღარას ვამბობ მართლმადიდებლობაზე. და მთელი ეს ხალხი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებად ითვლება! მართალია, ეს მხოლოდ ქაღალდზე წერია და ისინიც მხოლოდ ფორმალურად არიან ქრისტიანები, მაგრამ რამდენია ასეთი კაცი! და იმათაც ჰგონიათ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნიან! რა მძიმეა ყოველივე ამის ცოდნა! როგორ სტკივა გული მოძღვარს, ამის შემყურეს!
და აი, ასეთ ნახევრად მორწმუნეებს, სინამდვილეში კი ურწმუნოებს, იყენებს სატანა – პირდაპირ ვუწოდებთ ბნელეთის თავადს თავის სახელს – რათა მოამზადოს ნიადაგი მართლმადიდებელთა შორის სრული ურწმუნოების დასათესად. ხშირად სწორედ ამგვარ ნახევრად მორწმუნეებს უპყრიათ ხელისუფლების სადავეები ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, სწორედ ისინი წყვეტენ საეკლესიო საკითხებს, მათ ხელთაა კანონმდებლობა, რომელსაც წმიდა მართლმადიდებლობის საზიანოდ და მწვალებლობათა სასარგებლოდ იყენებენ. მათი გავლენით ერღვევა სჯულის გალავანი ქრისტეს ეკლესიას, რათა მის შიგნით თავისუფლად შეაღწიონ ეკლესიის მტრებმა და ეკლესიის მიამიტი შვილები მტაცებელმა მგლებმა დაიტაცონ. მათი გავლენითაა, რომ ჩვენს ახალგაზრდობას რცხვენია ეკლესიის სწავლების მთელი თავისი სიწმიდითა და სისავსით აღიარება; ჩვენი მწერლები, მორწმუნეებიც კი, დროის სულისკვეთებას ემსახურებიან; ჩვენს მეცნიერებს ეშინიათ საკუთარი გზის გაკვალვა საბუნებისმეტყველო-საისტორიო მეცნიერებებში, აქაოდა, ჩამორჩენილობა არ დაგვწამონო; დუმილს არჩევენ ღმერთის ძლიერების შესახებ, ვაითუ ღმერთისა და კაცის მტრებმა სასაცილოდ აგვიგდონო. რა უნდა ვქნათ ამ დროს ჩვენ, ეკლესიის შვილებმა?
როდესაც ქარი ძლიერდება, ხე თავის ფესვებს უფრო ღრმად უშვებს: ჩვენც საკუთარ გულებში განვამტკიცოთ ჩვენი წმიდა სარწმუნოება. შებინდებისას სახლებში სინათლეს ანთებენ – მაშ, ჩვენც ავანთოთ სარწმუნოების სანთლები, გულში დაფარულ კანდელებს სიყვარულის ზეთი დავუმატოთ. უზეთოდ კანდელი ქრება: სიყვარულის საქმეების, ქრისტეს მცნებების შესრულების გარეშე ცოცხალი სარწმუნოება არ არსებობს. სარწმუნოება საქმეთა გარეშე მკვდარია.
თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ
წიგნიდან "Мои дневники", Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1911.