martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

წმ. მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული

მოყვასისთვის თანანადებთა მიტევება არის ცხონება

 

დღევანდელი სახარება (მათ. 18,23-35) გვასწავლის თანანადებთა მიტევებას. ყური დავუგდოთ უფალს და მოვინდომოთ მისი ამ წმინდა მცნების აღსრულება. რატომ განსაკუთრებით ამ მცნების? იმიტომ, რომ ეს არის გადარჩენისკენ მიმავალი უმოკლესი და ყველზე საიმედო გზა. გსურს ცხონება – მიუტევე ყველას ყველაფერი და გადარჩები, რადგან უფალი ბრძანებს: "უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან" (მათ. 6,14). და ვისაც ცოდვები მიეტევება, მან მეტი რაღა უნდა ინატროს? წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაჲ, არცა არს პირსა მისსა ზაკუვაჲ" (ფსალმ. 31,1-2). ნეტარია – ანუ ცხონებულია. ასეთებზე აღესრულება მოსე წინასწარმეტყველის მიერ ძველთაგანვე წარმოთქმული სიტყვა: ზღვის გაღმა ნუ გახვალ გადარჩენის საძებნელად. მახლობელ არს სიტყვა გულსა შენსა (იხ. 2 სჯ. 30,13). დავსძენ: მახლობელ არს სიტყვა, რითაც გული ღაღადყოფს ყოვლისმიმტევებლობას, როდესაც ვინმეს მიმართ აქვს საჩივარი (იხ. კოლ. 3,13).

ყოფითი შეხლა-შემოხლის, წყენისა და მოჩვენებითი ან ნამდვილი შეურაცხყოფებით გულის სიმშვიდის აფორიაქების შემთხვევები გაუთავებლად გვხვდება. და ის, რაც თითქმის გარდუვალია, რაც მაინც შეგვემთხვევა, უფალს სურს, ჩვენი შეწყალებისა და გადარჩენისაკენ წარმართოს. ყოველ წუთს შეურაცხგყოფენ, ყოველ წუთს მიუტევე და ყოველ წუთს სულ უფრო ღრმად შეაღწევ ყოვლისმიმტევებელი ღმერთის გულმოწყალების წიაღში. და ამ შეწყალებით, როგორც სამოსით, შეიმოსები, გარემოიზღუდები და დაცული იქნები ყოველივესგან, რაც შენს გადარჩენას ზიანს აყენებს.

უფლის წინაშე არაფერს ისეთი ძალა არ აქვს, როგორც წყენათა მიტევებას, რადგან იგი არის მიბაძვა საღვთო გულმოწყალების ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მახლობელი ქმედებისა. ისე ადვილად არაფერი გვაცდუნებს, როგორც გაბრაზება და სურვილი სამაგიეროს გადახდისა ჯავრიანი სიტყვით, არცთუ იშვიათად კი საქმით. მაშასადამე, ნაცვლად იმისა, რომ შევიძინოთ ის, რაც თავად გვეძლევა ხელთ, ყოველ წუთში ვკარგავთ. თუ მიუტევებ, შეიძენ შინაგან სიმშვიდესა და უფლისგან შეწყალებას, არ მიუტევებ და გაგიძლიერდება შინაგანი შფოთი, უფლისგან წყალობას კი ნუღარ ელი.

რატომ არ მივუტევებთ ყოველთვის, უფრო ხშირად ავყვებით მრისხანების აფეთქებებს, ჯავრსა და აღშფოთებას? ვფიქრობ, ამის მიზეზია მიტევების ღირებულებისადმი უგულისყურო დამოკიდებულება. ყურადღების მიღმა გვრჩება ის, რაც მიტევებით გვეძლევა, წყენით მოყენებული დანაკლისი კი ასე თვალსაჩინოდ წარმოგვიდგება. თავისმოყვარე გული მსჯელობს: რატომ მივუტევო? და ჩვენც არ შევუნდობთ. წყენის წუთებში საკუთარ ფიქრებსა და გულში აღიდგინეთ უეჭველი აღთქმა, რაც მიმტევებელთ მიეცათ – აღთქმა, რომელიც შეუდარებლად უფრო ფასეულია, ვიდრე უდიდესი დანაკარგები, რაც კი ადამიანს ძალუძს წყენით მოგაყენოს. მაშინ რა წყენაც უნდა შეგვხვდეს, გულიდან ამოხეთქავს გამამხნევებელი ხმა: ღირს, ამისთვის მიუტევო – და ჩვენც შევუნდობთ.

მივუტევოთ და მოგვეტევება; კვლავ მივუტევებთ და კვლავ მოგვეტევება, და ასე განუწყვეტლივ. თავად მიმტევებლებზე გავრცელდება საღვთო ყოვლისმიმტევებლობა, ეს ადამიანი საღვთო გულმოწყალებითა და სიყვარულით იქნება გარემოცული. არის კი, რაც გვინდა, რომ მოგვიტეონ? მერედა რამდენი! ვიჩქაროთ, მივუტევოთ, რათა ჩვენც მოგვეტეოს. და ამას მეტი მონდომებით გავაკეთებთ, როცა გვეცოდინება, რომ ის, რასაც ჩვენ მივუტევებთ, არაფერს ნიშნავს, ხოლო ის, რაც მოგვეტევება, შეუდარებლად უფრო ფასეულია.

დღევანდელ იგავში ღვთის წინააღმდეგ ჩადენილი ჩვენი ცოდვები შეფასებულია ბევრ ტალანტად, ხოლო სხვათა ცოდვები ჩვენს წინაშე – ას დრაჰკანად. ჩვენი ანგარიშით, ეს დაახლოებით არის ათასი მანეთი ერთ კაპიკზე. კაპიკით ათასი მანეთის შეძენა! ყოფაში რომ გაჩენილიყო სადმე ასეთი შენაძენის შესაძლებლობა, არავინ დააყოვნებდა – ყველა კისრისტეხით გაიქცეოდა იქით. მაგრამ არავითარი, თვით ყველაზე გათვლილი შენაძენიც კი ამქვეყნად ისეთი საიმედო არ არის, როგორი საიმედოც უფლის აღთქმაა – მიწიერ ნივთთა ვერანაირი შეფასება ვერ იქნება ისეთი ზუსტი, როგორი ზუსტიც არის ჩვენგან ჩადენილი ცოდვებისა და ჩვენთვის მიყენებული წყენის შედარებითი შეფასება. ამას ღაღადებს ღმერთი სიმართლისა.

ამრიგად, გაიხსენე ცოდვები, რომლებიც მოგეტევა ან რომელთა მოტევებასაც ეძიებ და შენც მიღებული მოწყალებისადმი მადლიერებით, სასურველი და სანატრელი წყალობის მიღების უეჭველი სასოებით მიუტევე – მიუტევე დიდსულოვნად და გულუხვად.

დაე, წყენამ რამდენადმე დაგამციროს ან ზიანი მოგაყენოს – უფალი ხომ ყველაფერს ხედავს. ღმერთისთვის თვალსაჩინოა, თუ რა ხდება შენს გულში. იგი აკვირდება მიტევებისკენ მის მიდრეკას; მისთვის სანუგეშო ხდება გულში აღსრულებული მიტევება და იგი ამ მსხვერპლს ადებს ისეთ ფასს, რასაც ვერც კი წარმოიდგენ.

გაიხსენეთ ამბავი ერთი მონაზვნისა, რომელიც მაინცდამაინც მკაცრ ცხოვრებას არ მისდევდა, მაგრამ ცუდის მოქმედს არავის განიკითხავდა და არ სწყინდა, როცა ვინმე დაჩაგრავდა. როდესაც კვდებოდა, დამწუხრებულმა ძმობამ თავი მოიყარა მის სარეცელთან – მონაზონს ნათელი გადასდიოდა სახეზე და გულით ხარობდა. კითხვას, თუ რას ნიშნავდა მისი ასეთი მდგომარეობა, მან უპასუხა: შემინდეთ, მამანო და ძმანო! მე ცოდვილი და უდები მონაზონი ვარ, მაგრამ ცხოვრებაში არავინ განმიკითხავს და არავისზე ვყოფილვარ ნაწყენი. აი, ანგელოზი უფლისა მოვიდა ჩემთან და მითხრა: შენ არ განგიკითხავს – არც შენ განგიკითხავს უფალი; შენ მიუტევებდი – შენც მოგიტევებს უფალი. ამ სიტყვების გამო გული სიხარულით საგულედან ამოვარდნას ლამობს. ასე აღესრულა ის. ხედავთ, რა საზღაურისგებაა? როგორ შეგიძლია თქმა: რისთვის უნდა მივუტევო?

გარდა ხილული წესრიგისა, არსებობს უხილავი, გარდა ამ წუთისოფლისა – სამომავლო ცხოვრება. იქ რომ გადავსახლებულიყავით გონებითა და გულით, სხვაგვარი იქნებოდა ჩვენი აზრები, მეტყველება და საქმენი, იმდენად განსხვავებული, რომ ამა სოფლის მკვიდრნი, ჩვენი შემხედვარენი, შეშლილებად ჩაგვთვლიდნენ. ამა სოფლის სული მათ, ვინც ძვირუხსენებელია და ყოვლისმიმტევებელი, ღირსების არმქონე ადამიანებად აღიქვამს. სინამდვილეში მიტევება არის ღირსება. უფლის მცნებისამებრ და ქრისტიანული სასოებით მიმტევებელი კაცი სხვა, უკეთესი ქვეყნის მკვიდრია. იგი იქიდან იღებს შეგონებებს და იცავს იქაურ წესრიგს. ამქვეყნიურთ და მიწიერი თვალთახედვით მის მჭვრეტელთ ამ კაცის გაგება არ ძალუძთ. იგი საქმით აღასრულებს მოციქულის მითითებებს: "უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რაჲთა იყოს იგი ბრძენ" (1 კორ. 3,18).

რა თქმა უნდა, უცებ ვერ მოიპოვებ ისეთ ღრმა და სრულ სიმშვიდეს, რომელიც შეურაცხყოფის ყოველ დარტყმას შთანთქავს. მაგრამ დაიწყე უდაბლესით და ახვალ უმაღლესამდეც. ძვირუხსენებლობის, უჯავრელობის, მაშასადამე მიტევების პირველი ხარისხი არის ჩუმად ყოფნა – ამით დაიწყე. როცა გაწყენინებენ, თავს ძალა დაატანე და გაჩუმდი, მიჰბაძე დავით წინასწარმეტყველს, რომელიც თავისთავზე ამბობს: "შევძრწუნდი და არა ვიტყოდე" (ფსალმ. 76,4). გააკეთე ასე ერთხელ – მეორედ უფრო იოლად გაჩუმდები. რაც ხშირად შეინარჩუნებ მდუმარებას, მით ნაკლები აღშფოთებით შეხვდები წყენას. დამკვიდრებული უშფოთველობა განსვენებას მოგგვრის, რაც გადაიზრდება ყოველ გონებაზე აღმატებულ სიმშვიდეში. მაშინ წყენას ისე დაუდგები წინ, როგორც მკვიდრი კედელი – ქარისგან მოყრილ ქვიშას. აი, სადამდე მიხვალ, როცა გაჩუმებით დაიწყებ საკუთარი თავის დაძლევას. არ დაიწყებ და სულ უფრო მეტად დაგრევს ხელს გულისწყრომა – იქამდეც მიხვალ, რომ ყოველი წვრილმანი დაგაკარგვინებს მოთმინებას.

როგორ უნდა იცხოვრო ყოფითი წესიერებით, ქრისტიანულ ცხოვრებაზე რომ აღარაფერი ვთქვა? უშრომელად ვერაფერს შეიძენ; გსურს ზნეობრივი სიკეთე – იშრომე საკუთარ გულზე. მოქმედებათა გამეორების შემთხვევაში იგი ნაკლებ შრომას დახარჯავს მათ აღსასრულებლად – ასეთი თვისება გულს უფალმა მიანიჭა. წყენის ხშირი მიტევება არა მხოლოდ აიოლებს მიტევებას და შეგვძენს ამ ჩვევას, არამედ აღვივებს უფლისთვის [ანუ უფლის მცნების გამო] შეურაცხყოფის მიღების წყურვილსაც კი, როდესაც ერთ ყვრიმალში დარტყმისას კაცი მეორეს მიუშვერს, ზედა სამოსის დამკარგავი იძლევა კვართს და ერთი მილიონის (115 ნაბიჯი) გასავლელად იძულებული, გადის ორს.

ეს სიმაღლე ჩვენ მიუწვდომლად გვეჩვენება, მაგრამ მასზე იოლად, ბუნებრივად, ძალდაუტანებლად ადის ის, ვინც სათანადოდ დაიწყებს მიტევებას.

მიტევება არის ყველაზე მიმზიდველი სათნოება, რაც უმალვე აჯილდოებს გულს.

ამ ფიქრებით ვაკურთხოთ უფალი, რომ ესოდენ ადვილი საშუალება გვიბოძა ასეთ სიმაღლეზე ასასვლელად და ვილოცოთ, რათა მოგვცეს ძალა და გონება მიტევებისა. დაე, მოგვეტეოს და ღირს-ვიქმნათ ნეტარი შეწყალებისა და შენდობისა. ამინ.

23 აგვისტო, 1864 წ. მე-11 კვირა სულთმოფენობიდან.

თარგმნა ნინო ბელთაძემ

 

მსგავსი წერილი:

მტრების სიყვარულის, მიტევებისა და სიმშვიდის შესახებ

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა