martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

 

წმინდა ბასილი დიდი

 

სიმდაბლისათვის 

 

ო, ღმრთისმიერ დიდებას რომ არ მოჰკლებოდა ადამიანი და არა ყალბი, არამედ ჭეშმარიტი სიმაღლე შეენარჩუნებინა; განდიდებულიყო ღმრთის ძალით, ღვთაებრივი სიბრძნით გაბრწყინვებულიყო, განმხიარულებულიყო მარადიული ცხოვრების სიკეთეებით! მაგრამ მან დაუტევა ღვთაებრივი დიდების სურვილი და უფრო მეტის მომწადინებელმა, მოსურნემ იმისა, რაც ვერ მიიღო, ისიც დაკარგა, რაც შეეძლო რომ ჰქონოდა. და იმ დროიდან მისი ხსნა, მისი კურნება, მისი დაბრუნება პირველყოფილ მდგომარეობაში შეუძლია მხოლოდ სიმდაბლეს, ანუ იმას, რომ არ მოისურვოს არანაირი დიდების შარავანდედით შემოსვა, არამედ მხოლოდ ღმრთისმიერ დიდებას ეძიებდეს. ამით გამოასწორებს იგი დაშვებულ შეცდომას, ამით უმკურნალებს თავის სნეულებას, ამით დაუბრუნდება იმ წმინდა მცნებას, რომელიც უგულებელყო.

 

ამასობაში კი ეშმაკი, რომელმაც ცრუ დიდების იმედი ჩაუნერგა ადამიანს და ამით დაამხო იგი, კვლავ იმავე გულისწადილს აღუძრავს მას და მრავალ მზაკვრობას მიმართავს თავისი მიზნის მისაღწევად: შთააგონებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ფულის მოპოვება, რათა ამ გზით გაამედიდუროს და მისი გონება დააკავოს იმით, რაც არავითარ დიდებას არ მოუტანს, მხოლოდ და მხოლოდ საფრთხეში ჩააგდებს მას. რამეთუ ფული – ეს მომხვეჭელობის ვნების სათავეა და ღვთივსათნო დიდებისკენ როდი მიჰყავს ადამიანი, არამედ ტყუილუბრალოდ აბრმავებს, ამაოდ აამპარტავნებს და მის სულში სიმსივნის მსგავს სნეულებას ბადებს. სიმსივნე არც ჯანმრთელობაა და არც არანაირი სარგებელი მოაქვს ადამიანისთვის, პირიქით: მეტად მავნებელია, ზიანის მომტანი, საწინდარი განსაცდელისა და მიზეზი დაღუპვისა. ზუსტად იმავეს აკეთებს სულში სიამაყე; და მარტო ფული როდია სიამაყის მიზეზი. ადამიანი მედიდურობს არა მხოლოდ ძვირფასი საჭმლითა და შესამოსელით, რომელიც ფულითაა მოპოვებული, არა მხოლოდ იმით, რომ საჭიროების გარეშე აწყობს დიდებულ და ბრწყინვალე ნადიმებს, იმოსება მდიდრული ტანსაცმლით, აშენებს უზარმაზარ, მორთულ-მოკაზმულ სასახლეებს, დადის უამრავი მსახურისა და აურაცხელი თაყვანისმცემლის თანხლებით, არამედ იგი, დამვიწყებელი თავისი ბუნებისა, მედიდურობს იმ წოდებითაც, რომელიც არჩევნებით ხვდა წილად; თუ ხალხის წყალობით რაიმე ხარისხი მიიღო, უფროსობის ღირსი გახდა, მაღალი წოდება მიენიჭა, ფიქრობს, რომ, ადამიანურ ბუნებას აღმატებულმა, უკვე ღრუბლებზე დაისაყდრა, და თავისზე დაბლა მდგომთ საკუთარ კვარცხლბეკად მიიჩნევს, ზემოდან დაჰყურებს იმათ, ვისი წყალობითაც ხარისხში აღზევდა, და ზვაობს მათ წინაშე, ვის მიერაც, საკუთარ ფიქრებში, განდიდებული შეიქნა! იგი არ იშლის თავის უგუნურებას. მაგრამ მისი დიდება სიზმარზე უფრო ცვალებადია, ბრწყინვალება, რომელსაც ის გარემოუცავს, ღამეულ აჩრდილზე არამდგრადია: ხალხის წამისყოფით წარმოიშობა და ხალხის წამისყოფითვე ქრება. ასეთი იყო ის უგუნური ძე სოლომონისი – ასაკით მცირე, ახალგაზრდა, და კიდევ უფრო მცირე – გონებით. ხალხი მისგან ლმობიერ მმართველობას ითხოვდა, ის კი უფრო მკაცრი მმართველობით იმუქრებოდა, და ამ მუქარისთვის სამეფო ტახტიც დაკარგა. რისი მეშვეობითაც სურდა, უფრო მეტად სრულუფლებიანი გამოჩენილიყო, სწორედ იმითვე წაერთვა ის ღირსებაც კი, რომელიც ჰქონდა. ადამიანს ამედიდურებს აგრეთვე მკლავის სიძლიერე, ფეხის სიმარდე, სხეულის სიმშვენიერე, – თუმცა ყველაფერ ამას სნეულება სპობს, დრო ანადგურებს. და ვერ გულისხმა-ჰყოფს ადამიანი, რომ "ყოველი ხორცი თივაჲ არს და ყოველი დიდებაჲ კაცისაჲ – ვითარცა ყუავილი თივისაჲ. განხმის თივაჲ იგი და ყუავილი დასცვივის" (ესაია 40,6). ასეთი იყო ბუმბერაზების ქედმაღლობა თავიანთი სიძლიერით, უგუნური გოლიათის ღვთივსაძულველი თავმომწონეობა; ასეთები იყვნენ ადონია, თავისი სილამაზით გაამაყებული, და აბესალომი, თავისი გრძელი თმებით განლაღებული.

 

და ის ადამიანური სიკეთეებიც კი, რომლებიც ერთი შეხედვით თითქოსდა სხვა სიკეთეებს აღემატებიან და მათზე ურყევნი არიან, – ანუ სიბრძნე და კეთილგონიერება, – ისინიც კი არაჭეშმარიტი, ამაო დიდებისაკენ წაგვიყვანს, თუკი არ გვექნება ღვთისმიერი სიბრძნე; რამეთუ თვით დემონსაც არ გაუვიდა ადამიანის სამტროდ მოფიქრებული ხრიკები: რასაც მის წინააღმდეგ განიზრახავდა, ის თავისდაუნებურად თვითონვე ეწია; ვისი განშორებაც უნდოდა ღმერთისგან, იმას იმდენი ვერაფერი ავნო, რამდენიც საკუთარ თავს: ღმრთისაგან განვარდა და სამუდამო სიკვდილი მიესაჯა; უფლისთვის დაგებულ მახეში თვითონვე აღმოჩნდა გაბმული, ჯვარცმის მიერ უნდოდა ევნო უფლისთვის და თვითონ ევნო მისი ჯვარცმით, იმ სიკვდილითვე მოკვდა, რომლითაც მის მოკვლას განიზრახავდა. თუკი თვით "მთავარი ამის სოფლისა", ამქვეყნიური სიბრძნის პირველი დიდი და უხილავი მასწავლებელი, უკიდურეს უგულისხმოებაში ვარდება და თავისივე ხრიკებით ებმება მახეში, მით უფრო მისი მოწაფეები და მიმდევრები, თუნდაც ათი ათასჯერ განისწავლონ, "იტყოდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს" (რომ. 1,22). ფარაონიც მზაკვრული ხრიკებით ცდილობდა ისრაელის დაღუპვას, მაგრამ საიდანაც არ ელოდა, იქიდან მიიღო დარტყმა და მისი ზრახვები დაიმსხვრა. ჩვილი, რომლის მოკვლაც მან ბრძანა, მისსავე სახლში აღიზარდა, განაქარვა ფარაონისა და მთელი მისი ერის ძალა და გამოიხსნა ისრაელი. აბიმელექმა, გედეონის უკანონო შვილმა, მოკლა გედეონისავე სამოცდაათი კანონიერი ვაჟიშვილი და ფიქრობდა, რომ ბრძნულ საშუალებას მიაგნო საკუთარი ტახტის განსამტკიცებლად. მაგრამ, თუმცა მან თავისი თანაშემწენი შემუსრა, თვითონაც შეიმუსრა მათ მიერ და საბოლოოდ ქალის ნასროლი ქვით მოკვდა. და იუდეველებიც, რომლებმაც უფლის დაღუპვა განიზრახეს, ასე მსჯელობდნენ: "უკუეთუ დაუტეოთ იგი ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისა მიმართ და მოვიდენ ჰრომნი და მიგვიღონ ჩუენ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა" (იოან. 11,48). ამ მსჯელობამ ისინი ქრისტეს მკვლელობამდე მიიყვანა. რითაც თავიანთი ერის გადარჩენას ფიქრობდნენ, სწორედ იმითვე დაღუპეს იგი, და სამშობლოდანაც განიდევნენ და კანონებისთვისაც და ღვთისმსახურებისთვისაც უცხონი აღმოჩნდნენ. ამ მაგალითებით და კიდევ სხვა მრავალი მაგალითით ჩვენ შეგვიძლია გულისხმავყოთ, რომ ადამიანური სიბრძნე არამდგრადია, არა დიადი და მაღალი, არამედ – მდაბალი და უმნიშვნელო.

 

ამიტომაც არც ერთი კეთილად მოაზროვნე ადამიანი არ გაამაყდება საკუთარი სიბრძნითა თუ სხვა სიკეთეებით, არამედ შეისმენს წინასწარმეტყველ ანასა და წინასწარმეტყველ იერემიას მშვენიერ შეგონებას: "ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნითა თვისითა, და ნუ იქადინ ძლიერი ძალითა თვისითა, და ნუ იქადინ მდიდარი სიმდიდრითა თვისითა" (I მეფ. 2,10; იერ. 9,23.). მაგრამ რა არის ჭეშმარიტი სიქადული, რით განდიდდება ადამიანი? ამაზე ნათქვამია: "არამედ ამას ზედა იქადოდენ მოქადული – გულისხმის-ყოფასა და ცნობასა ჩემსა, რამეთუ მე ვარ უფალი" (იერ. 9,24). აი სიმაღლე ადამიანისა, აი სიქადული და დიდება მისი – შეიცნოს ჭეშმარიტი დიდებულება, მიეჯაჭვოს მას და ეძებოს დიდება უფლისაგან, რომელიც ერთადერთია დიდებული. და მოციქულიც ამბობს: "მისგან თქუენ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ, რომელი-იგი იქმნა ჩუენდა სიბრძნე ღმრთისა მიერ, სიმართლე, სიწმიდე და გამოხსნა, რაჲთა, ვითარცა წერილ არს: რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდის" (I კორ. 1,30-31). რამეთუ ესაა სრულყოფილი და მოუკლებელი ღმრთისმიერი სიქადული – როცა ადამიანი არ მედიდურობს საკუთარი სიმართლით, არამედ კარგად იცის, რომ მას ჭეშმარიტი სიმართლე არ გააჩნია, და რომ იგი განმართლებულია მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს სარწმუნოებით. და პავლეც ხომ იმით იქადის, რომ მან შეურაცხყო საკუთარი სიმართლე და სურს განმართლდეს სარწმუნოებითა ქრისტესითა, ანუ სურს მოიძიოს "ღმრთისა მიერი იგი სიმართლე სარწმუნოებით, ცნობად მისა და ძალსა მას აღდგომისა მისისა და ზიარებასა მას ვნებათა მისთასა, თანა-ხატ ქმნად სიკუდილსა მას მისსა, რაჲთა მი-ვითარ-რაჲ-ვსწუდე აღდგომასა მასცა მკუდართასა" (ფილიპ. 3,9-11).

 

აქ განქარდება ყველანაირი სიმაღლე სიამაყისა. აღარაფერი გრჩება ზესთამჩენობისთვის, ადამიანო! შენი სიქადული და სასოება ხომ ისაა, რომ მოაკვდინო, რაც კი რამ საკუთარი გაგაჩნია და ეძიო უკვდავი ცხოვრება ქრისტეში: ცხოვრება, რომლის დასაბამიც უკვე შენშია, და შენ უკვე სავსებით გამდიდრებული ხარ ღმრთის მადლითა და ნიჭებით. და როგორც ღმერთი "შეიქმს თქუენდა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათვის" (ფილ. 2,13), ასევე ღმერთი "სულისა მიერ თვისისა" გვიცხადებს საკუთარ სიბრძნეს, განჩინებულს "სადიდებელად ჩუენდა" (I კორ. 2,7;10); ღმერთი შრომაშიც ძალას გვაძლევს: "უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ, – ამბობს პავლე, – არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა" (I კორ. 15,10); და ღმერთი განსაცდელებისაგანაც გვიფარავს – მაშინ, როდესაც უკვე ყოველგვარი ადამიანური იმედი ამოწურულია: "თავით თვისით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგვეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი. რომელმან ესევითარისა მის სიკუდილისაგან მიხსნნა ჩუენ, და მიხსნის, რომელსა-იგი ვესავთ, ვითარმედ მერმეცა მიხსნნეს" (II კორ. 1,9-10).

 

მაშ ასე, მითხარი, რატომ მედიდურობ სიკეთეებით, როგორც რაღაც პირადი საკუთრებით, ნაცვლად იმისა, რომ ჰმადლობდე მათ მომცემელს? "ანუ რაჲ გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? ხოლო უკუეთუ მიგიღებიეს, რასა იქადი, ვითარცა არა მიღებულსა?" (I კორ. 4,7). შენ კი არ შეგიცვნია ღმერთი საკუთარი სიმართლით, არამედ მან შეგიცნო თავისი სახიერებით. ნათქვამია: "ხოლო აწ იცანთ ღმერთი, უფროჲსღა გიცნნა თქუენ ღმერთმან" (გალ. 4,9); შენ კი არ მიწევნიხარ ქრისტეს შენი სათნოებით, არამედ ის თვით გეწია თავისი გამოჩინებით: "ხოლო ვსდევ ეგრე, რაჲთა ვეწიო, რომლითაცა წევნულ ვიქმენ ქრისტე იესუჲს მიერ" (ფილიპ. 3,12). "არა თქუენ გამომირჩიეთ მე, – ამბობს უფალი, – არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ" (იოან. 15,16).

 

შენ კი დიდ რამედ მიგაჩნია საკუთარი თავი, რაკიღა პატივს მოგაგებენ, და წყალობა სიამაყის საბაბად გაგიხდია. შეიგნე ბოლოს და ბოლოს ვინა ხარ: ადამი, გამოვარდნილი სამოთხიდან; საული, სული წმიდის მიერ დატევებული; ისრაელი, მოწყვეტილი თავის წმინდა ფესვებს. ნათქვამია: "ხოლო შენ სარწმუნოებითა სდგა. ნუ ჰმაღლოი, არამედ გეშინოდენ" (რომ. 11,20). წყალობას მსჯავრი მოჰყვება და მსაჯული გამოიძიებს შენგან, როგორ ისარგებლე მის მიერ ბოძებული წყალობით. ხოლო თუკი იმასაც ვერ ხვდები, რომ მადლის ღირსი გაგხადა ღმერთმა და, სრულ უგრძნობელობაში მყოფი, მადლს საკუთარ დამსახურებად მიიჩნევ, მაშინ შენ ნეტარ მოციქულ პეტრეზე ღირსადპატიოსანი როდი ხარ; რამეთუ უფლისადმი სიყვარულში ვერ გადაამეტებ იმას, ვისაც იმდენად უყვარდა უფალი, რომ მისთვის სიკვდილიც კი სწყუროდა. მაგრამ რაკი მან ქედმაღლობა გამოამჟღავნა, როდესაც თქვა: "დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე" (მათ. 26,33), ამიტომაც იქნა მასზე დაშვებული ადამიანური შიში და იგი ღმრთის უარყოფამდეც კი მივიდა, რითაც მან ისწავლა სიფრთხილე, ისწავლა უძლურთა დაზოგვა, – რამეთუ შეიცნო საკუთარი უძლურება და ნათლად გაიაზრა, რომ როგორც ზღვაში დანთქმად მიახლებული შეაკავა ქრისტეს მარჯვენამ, ასევე განსაცდელით გარემოცული, ურწმუნოებით დაღუპვის საფრთხის წინაშე მდგარი დაიფარა იესო ქრისტემ, რომელმაც უწინასწარმეტყველა კიდეც, რაც შეემთხვეოდა: "სვიმონ, სვიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი, ხოლო მე ვევედრე მამასა შენთვის, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი; და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი" (ლუკ. 22,31-32).

 

და პეტრემ, ამ სახით მხილებულმა, სამართლიანად მიიღო შეწევნა, რაკი მიატოვა თავისი ქედმაღლობა და ისწავლა უძლურთა დაზოგვა. იმ ფარისეველს კი, აუტანელსა და უსაშველოდ ამპარტავანს, არა მხოლოდ საკუთარ თავს ზედმეტად მინდობილს, არამედ ღმრთის წინაშე მეზვერის ავად მომხსენებელს, თავისი სიამაყის გამო სიმართლეც კი აღარაფრად შეერაცხა. და მეზვერე "გარდამოვიდა... განმართლებული სახედ თვისა, ვიდრე ფარისეველი იგი" (ლუკ. 18,14); რამეთუ მეზვერე ადიდებდა ღმერთს და თავის მაღლა აწევასაც კი ვერ ბედავდა, არამედ მხოლოდ შეწყალებას ითხოვდა და კიცხავდა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს: ეს მის გარეგნობაშიც გამოიხატებოდა, მკერდში ხელის ცემაშიც და იმაშიც, რომ შეწყალების გარდა სხვას არაფერს ეძებდა. ამიტომაც გაფრთხილდი და მუდმივად თვალწინ გედგას ეს მაგალითი, აქედან ისწავლე, რამხელა ვნების მოტანა შეუძლია ადამიანისთვის სიამაყეს. დაკარგა სიმართლე ამპარტავანმა, წარწყმიდა გვირგვინი საკუთარ თავს ზედმეტად მინდობილმა, დამცირებულია მდაბლისა და ცოდვილის წინაშე ის, ვინც მასზე მაღლა დააყენა საკუთარი თავი და არ დაელოდა ღმრთის განაჩენს, არამედ თვითონ გამოუტანა ცოდვილს განაჩენი. შენ კი ნურც ერთი ადამიანის წინაშე ნუ აღიმაღლებ თავს, თვით უდიდესი ცოდვილის წინაშეც კი. თავის დამდაბლება ხშირად იმათაც აცხოვნებს, ვისაც მრავალი მძიმე ცოდვა აქვს ჩადენილი. ნუ განიმართლებ თავს სხვებზე მეტად, რათა, საკუთარი მსჯავრით განმართლებული, ღვთისმიერი მსჯავრით არ გამტყუნდე. "არამედ არცაღა თავსა ჩემსა განვიკითხავ, – ამბობს პავლე, – რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვმართლდები. ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს" (I კორ. 4,3-4).

 

შენ ფიქრობ, რომ რაიმე სიკეთე გაქვს გაკეთებული? – მადლობა შესწირე ღმერთს და ნუ აღიმაღლებ თავს მოყვასის წინაშე. ნათქვამია: "არამედ საქმენი თვისნი გამოიცადენინ კაცად-კაცადმან და მაშინ თავისა თვისისა ხოლო ქებაჲ აქუნდეს, და არა მოყუსისა მიმართ" (გალატ. 6,4). რამეთუ რა სარგებელი მოუტანე მოყვასს იმით, რომ ჭეშმარიტება აღიარე, ან მოთმინებით ეწეოდი მარხვის ღვაწლს, ან კიდევ ქრისტეს სახელისათვის დევნა დაითმინე? ეს შენთვის იყო სასარგებლო, და არა სხვისთვის. გეშინოდეს, რომ შენი დაცემა ეშმაკის დაცემას არ მიემსგავსოს: მან ხომ ადამიანის წინაშე აღიმაღლა თავი და დაცემაც ადამიანის მიერვე განიცადა და დაითრგუნა დათრგუნვილის მიერ. ისრაელის დაცემაც ამგვარი იყო: ისინი წარმართებს უწმინდურებად თვლიდნენ, მედიდურობდნენ მათ წინაშე, ბოლოს კი თვითონ გახდნენ უწმინდურნი და მათი სიმართლე იქმნა "ვითარცა ძონძი დაშტანისაჲ" (ესაია 64,6). წარმართებმა კი თავიანთი უსჯულოება და არაწმინდება სარწმუნოებით გამოისყიდეს. ერთი სიტყვით, გახსოვდეს ჭეშმარიტი იგავი: "უფალი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი" (იგავ. 3,34; I პეტრ. 5,5). მუდამ თვალწინ გედგას უფლის გამონათქვამი: "ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს" (ლუკ. 14,11). ნუ იქნები საკუთარი თავის უსამართლო მსაჯული, გამოსცადე შენი თავი, ისე რომ არ აცთუნო იგი, და თუ ფიქრობ, რომ რაიმე სიკეთე გაგაჩნია, მასზე ნუ შეაჩერებ ყურადღებას, არამედ ცოდვებიც გაიხსენე. ნუ მედიდურობ იმით, რაც დღეს გააკეთე, გუშინ და დიდი ხნის წინ გაკეთებულ ბოროტ საქმეებს საკუთარ თავს ნუ აპატიებ. როცა დღევანდელით აღზვავდები, უწინდელი დაცემები გაიხსენე და ამით თავს დააღწევ უგუნურ მედიდურობას. და თუ დაინახავ, რომ შენი მოყვასი სცოდავს, მხოლოდ ამას კი ნუ შეხედავ, არამედ იმაზე იფიქრე, რა გაუკეთებია ან რას აკეთებს იგი კარგს, რაც შენთვის ცნობილია და რაც შენ არ იცი. და იქნებ აღმოაჩინო, რომ ის შენზე უმჯობესია. ღმერთი ხომ ერთი საქმის მიხედვით არ სჯის კაცს. "და მე, – ამბობს იგი, – საქმეთა მათთა და გულისსიტყვათა მათთა მეცნიერ ვარ და მივაგო მათ" (ესაია 66,18). და იოსაფათიც ერთი კერძო ცოდვისთვის გაკიცხა ოდესღაც, მაგრამ მისი დამსახურებებიც გაიხსენა და თქვა: "არამედ გარნა საქმენი კეთილნი იპოებოდენ შენ შორის" (II ნეშტ. 19,3).

 

აი ამგვარად შენ ყოველთვის შეძლებ მოიკვეთო სიამაყის ვნება და დაიმდაბლო საკუთარი თავი, რათა ამაღლდე და ამით უფალს მიემსგავსო – უფალს, რომელიც ზეციდან გარდამოხდა და უკიდურესად დამდაბლდა, ამ სიმდაბლიდან კი კვლავ ჯეროვან სიმაღლეზე ავიდა. მისი მაგალითით ჩვენ ყოველთვის ყველაფერში სიმდაბლეს ვსწავლობთ: ჯერ კიდევ ჩვილი, ის გამოქვაბულშია, ის ბაგაში წევს, და არა – სარეცელზე; ცხოვრობს დურგალ იოსებისა და ღარიბი დედის სახლში და ემორჩილება დედასა და მის დამწინდველს; სწავლობს, თავად წყარო სიბრძნისა, ამასთან ერთად კი შეკითხვებსაც სვამს და ყველას აკვირვებს თავისი სიბრძნით; თავს უდრეკს იოანეს და იგი, მეუფე, ინათლება მონის მიერ; თავის შეურაცხმყოფელებს არ ეწინააღმდეგება, არ იყენებს იმ უსაზღვრო ძალაუფლებას, რომელიც გააჩნია, არამედ უთმობს მათ – თითქოს ისინი მასზე ძლიერები იყვნენ, და დროებით ხელისუფლებას კუთვნილ სიმტკიცეს ანიჭებს; როგორც მსჯავრდებული, მღვდელთმოძღვართა წინაშე წარდგება, მიჰყავთ მთავართან და იღებს სასჯელს; მდუმარედ ითმენს ცილისწამებას, თუმცა კი შეუძლია ამხილოს ცილისმწამებლები; მას აფურთხებენ მონები და ყველაზე საცოდავი მსახურები; ხალხს მისთვის სიკვდილის განაჩენი გამოაქვს და თანაც – ყველაზე სამარცხვინო სიკვდილის. ასე გაიარა მან მთელი თავისი ადამიანური ცხოვრება – დაბადებიდან ჯვარცმამდე და ასეთი სიმდაბლის შემდეგ ბოლოს და ბოლოს გამოაჩინა თავისი დიდება და თავისთან ერთად ისინიც განადიდა, ვინც მასთან ერთად დაიმდაბლა თავი, – პირველ რიგში, ნეტარი მოციქულები. შიშვლებმა და უპოვარებმა, მათ მთელი მსოფლიო შემოიარეს: არა სიტყვიერი სიბრძნით, არა ურიცხვი ადამიანის თანხლებით, არამედ სულ მარტო მავალებმა ხმელსა და ზღვაზე. მათ ამათრახებდნენ, ქვებით ქოლავდნენ, დევნიდნენ და ბოლოს სიკვდილითაც სჯიდნენ. აი, მამებისეული და ღვთაებრივი გაკვეთილი ჩვენთვის! ვისწავლოთ მათი მიბაძვა, რათა სიმდაბლის მიერ გამოგვიბრწყინდეს მარადიული დიდება – სრულყოფილი და ჭეშმარიტი მოსაგებელი ქრისტესი.

 

მაგრამ როგორ მოვიპოვოთ მაცხოვნებელი სიმდაბლე და განვაგდოთ დამღუპველი ზვაობა სიამაყისა? სიმდაბლის გზა ამგვარია: მარადის მას უნდა ვეძიებდეთ და იმ საქმეებს უნდა აღვასრულებდეთ, რომელთაც სიმდაბლე მოაქვთ; არც ერთი უბრალო (მდაბალი, უნდო) საქმე არ უნდა მივიჩნიოთ საზიანოდ, რამეთუ სული თავისსავე საქმეებს ემსგავსება: რასაც აკეთებს, ის აღიბეჭდება მასზე. დაე, შენი გარეგნული სახეც, და შესამოსელიც, და სიარულიც, და ჯდომაც, და საკვებიც, და სარეცელიც, და სახლიც, და ჭურჭელიც – იყოს უბრალო, თავმდაბლური და მათში ზედმეტი არაფერი იპოვებოდეს; და სიტყვაც, და საგალობელიც, და მოყვასისადმი მიმართებაც დაე, იყოს უფრო მეტად მოკრძალებული, ვიდრე ქედმაღლური; დაე, უცხო იყოს შენთვის სოფისტურად შელამაზებული მეტყველება, ზედმეტად ტკბილხმოვანი გალობა, ამაყი და გაბედული საუბარი, – არამედ მოიკვეთე ყველანაირი მედიდურობა; მეგობართან კეთილი იყავი, მსახურთან – მშვიდი, თავხედებთან – ძვირუხსენებელი, მდაბლებთან – კაცთმოყვარე; ანუგეშე ბედკრულები, მოინახულე ავადმყოფები; ნურც ერთ ადამიანს ნუ შეიძულებ, სიხარულით მიესალმე ყველას, გაცისკროვნებული სახით უპასუხე; იყავი ყველას მიმართ კეთილგანწყობილი, გულისხმიერი; ნუ შეიქებ საკუთარ თავს და სხვასაც ნუ გახდი იძულებულს, შენზე ილაპარაკოს; ნუ შეიწყნარებ ურიგო სიტყვას; რამდენადაც შესაძლებელია, დაფარე შენი უპირატესობა; როცა შესცოდავ, ყოველთვის შეასმინე საკუთარი თავი და ნუ ელოდები, როდის გამხილებენ სხვები, რათა მიემსგავსო მართალს, რომელიც "თავისა თვისისა შემასმენელ იქმნის პირველსავე სიტყუასა" (იგავ. 18,17), და აგრეთვე იობს, რომელიც ამბობს: "არა შევიკდიმე სიმრავლესა წინაშე ერისასა, ვითარმცა არა აღვიარე წინაშე მათსა" (ცოდვა) (იობ. 31,34); მკაცრად ნურავის უსაყვედურებ, ნუ ამხილებ ნაჩქარევად, ვნებისგან აღძრული, რამეთუ ეს ქედმაღლობის ნიშანია; ნუ განიკითხავ მცირე შეცოდებისთვის, თითქოსდა შენ დიდად მართალი იყო; შეცოდებულები შეიწყნარე, სულიერად გამოასწორე ისინი, როგორც მოციქული გვირჩევს: "ეკრძალე თავსა შენსა, ნუ უკუე შენცა განიცადო" (გალ. 6,1); იმგვარადვე შეეცადე, არ იყო განდიდებული ადამიანების მიერ, როგორც სხვები ცდილობენ იყვნენ განდიდებულები, – თუ, რა თქმა უნდა, გახსოვს, რომ ქრისტე თვითნებურ განდიდებას ხალხის წინაშე და ხალხისავე დასანახად სიკეთის კეთებას ღმრთის მიერ მონიჭებული სასყიდლის დაკარგვას უწოდებს. რამეთუ ასეთებზე ნათქვამია: "მიუღებიეს სასყიდელი მათი" (მათ. 6,2). ასე რომ, ნუ დაუკარგავ სასყიდელს საკუთარ თავს; ხალხის თვალში განდიდების მიზნით ნურაფერს გააკეთებ, ვინაიდან ღმერთი ყოვლის მხილველია. მის წინაშე ეძიე დიდება და იგი დიდებულ სასყიდელსაც მოგანიჭებს. მაგრამ შენ პირველობის ღირსი გახდი? ხალხი შენ მიმართ ყურადღებას იჩენს და განგადიდებს? გაუთანასწორდი შენს ხელქვეითებს, როგორც წერილი ამბობს: "ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ მნეთა მათ" (I პეტ. 5,3). ნუ მიემსგავსები საერო ხელისუფალთ, რამეთუ ვისაც პირველობა უნდა, მას უფალმა ყველას მონობა უბრძანა (მარკ. 10,44).

 

მოკლედ რომ ვთქვათ, ისე მიილტვოდე სიმდაბლისკენ, როგორც მისი მოტრფიალე. შეიყვარე სიმდაბლე და ის განგადიდებს შენ. და ასე, მშვენიერად მიეახლები ჭეშმარიტ დიდებას – დიდებას ანგელოზებისა და თვით ღმერთის წინაშე; ანგელოზების წინაშე ქრისტე თავის მოწაფედ აღგიარებს შენ და განგადიდებს, თუკი მისი სიმდაბლის მიმბაძველი გახდები. "ისწავეთ ჩემგან, – ამბობს იგი, – რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ" (მათ. 11,29); რამეთუ მისი არს დიდება და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

 

ამავე <ემაზ> თემაზე:

მამათა სწავლებები სიმდაბლისათვის

 

 

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა