martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

მამათა სწავლებები სინანულის, სიკვდილის ხსოვნისა და თავის ბრალობისათვის


ეგვიპტელი მამების გამონათქვამები

1. ვინც იქნება თავის ბრალობაში, ის მოიხვეჭს ღვთის შიშს.

2. ნელ-ნელა მიაჩვიე შენი გული, თქვას თითოეულ ძმაზე: „ის ჩემზე უკეთესია“. ამით შენ ისწავლი, ჩათვალო საკუთარი თავი ყველა ადამიანზე ცოდვილად. მაშინ სული წმიდა მოვა და დაიმკვიდრებს შენთან.

3. არანაირი განსაცდელის დროს არ დაადანაშაულო სხვა ადამიანები, არამედ – მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი; თქვი: „ეს შემემთხვა ჩემი ცოდვების გამო“.

4. უთხრეს ბერს, რომ ზოგიერთები ღირსი გახდნენ ეხილათ ანგელოზები. ბერმა უპასუხა: „ნეტარია ის, ვინც გამუდმებით ხედავს საკუთარ ცოდვებს“.

5. თქვა ბერმა: „თუ მდუმარებას დაიცავ, არ იფიქრო, რომ დიდ სათნოებას აღასრულებ, არამედ თქვი: მე არა ვარ ღირსი, ვილაპარაკო“.

6. ძმამ ჰკითხა მამა პიმენს: „რა არის სიმაღლე (სიამაყე)?“ „თავის მართლება, – უპასუხა ბერმა. – შეწყვიტე თავის მართლება და დამშვიდდები“.

7. მამა პიმენმა უთხრა მამა ისააკს: „განეშორე თავის მართლებას და იქნები მშვიდად მთელი შენი ხანმოკლე მიწიერი ცხოვრების მანძილზე“.

8. მამა ანობმა თქვა: „თუ ადამიანი მიაღწევს ისეთ სიწმინდეს, როგორზეც მოციქულმა თქვა: „ყოველი წმიდა არს წმიდათათვის“, – როცა დაინახავს ძმის ცოდვებს, მისი სათნოება შთანთქავს მათ“. ძმამ ჰკითხა: „რომელი სათნოება?“ ბერმა უპასუხა: „მუდმივი ბრალობა თავისა თვისისა“.

9. თქვა მამა ანობმა: „თუ დაიმდაბლებ თავს, მოიპოვებ სიმშვიდეს, ვინაიდან ვინც თავს აბრალებს, მას ყველაფრის მოთმენა შეუძლია“.

10. თქვა მამა ევაგრემ: „დასაწყისი ცხონებისა არის თავის ბრალობა“.

11. მოგვითხრეს მამა კრონეზე, რომ ის მიეკუთვნებოდა ანტონი დიდის ძველი მოწაფეების რიცხვს. იყო ას ათი წლისა. მან მოიპოვა და სიბერემდე შეინარჩუნა ისეთი თავმდაბლობა, რომ როცა სხვებს მოძღვრავდა, გამუდმებით აბრალებდა საკუთარ თავს.

12. თქვა მამა ესაიამ: თავმდაბლობა ისაა, რომ ჩათვალო შენი თავი ყველა ადამიანზე ცოდვილად და იფიქრო: „არა მიქმნიეს კეთილი წინაშე ღმრთისა“.

13. ღირსი დედა თეოდორა ამბობდა: „ვაი შენდა, სხეულო ჩემო, რამეთუ სცან, რა შეგაგინებს, რა გაგხდის ღირსს ცეცხლსა ჯოჯოხეთისასა, და მაინც ყოველთვის მას ეძიებ: ანუ განძღომას მუცლისა, და არასდროს დაადუმებ ენასა შენსა! ვაი შენდა, სულო ჩემო! რამეთუ ჩაიდინე ცოდვა და განარისხე ღმერთი, და გიღირს დაუცხრომელი ტირილი და შემუსვრა სულისა, შენ კი გსურს იცხოვრო მხიარულებით და უდარდელად! ვაი შენდა, სულო, რამეთუ განლევ დღეს დღეზე და ეუბნები ღმერთს: „ხვალ მოვინანიებ“, და არ იცი, იცხოვრებ კი ხვალამდე? ვაი შენდა, სულო, რამდენჯერ უნდოდა ღმერთს მოქცევა და შეწყალება შენი, შენ კი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდი მას! რამდენჯერ ღმერთმა განგანათლა შენ, შენ კი ჯიუტობდი! რამდენჯერ განუგეშა შენ – შენს მდუმარებაში, შენ კი მაინც გიმძიმდა ის! რამდენჯერ განგამტკიცა შენ, შენ კი მაინც უდებ იყავი! რამდენჯერ დაგმოძღვრა შენ, შენ კი არ უსმენდი! ამისთვის, საწყალობელო სულო, ახლა მაინც სრულიად თუ არ შეინანებ, აწ გარწმუნებ შენ, რომ ცეცხლი მარადიული იქნება საცხოვრებელი შენი“.

აი, ნეტარი თეოდორა ყოველთვის ასე შემუსრავდა და ამდაბლებდა თავის სულს...

14. თქვა ბერმა: „კაცი, რომელსაც მარადჟამ თვალწინ უდგას სიკვდილი, ამარცხებს უდებებას“.

15. თქვა ბერმა: „როგორც სუნთქვა მუდმივად თან დაგვყვება, ასევე სიკვდილის შიში და გლოვა მუდამ თან უნდა გვსდევდეს, სანამ ვარსებობთ“.

16. თქვა მამა სტრატიგიოსმა: „გავექცეთ სოფელს და ყოველივეს, რაც მას ეკუთვნის, რამეთუ ჩვენი დრო მოახლოებულია“.

17. თქვა მამა ლონგინოზმა: „მდუმარებას მივყავართ გლოვისკენ, ხოლო გლოვა განწმენდს გონებას და ცოდვისაგან ათავისუფლებს მას“.

18. ძმამ ჰკითხა მამა პიმენს: „რა ვუყო ჩემს ცოდვებს?“ ბერმა უპასუხა: „ვისაც უნდა, რომ განეშოროს ცოდვას, გლოვით განეშორება მას; და ვისაც აღარ სურს ჩავარდეს ცოდვაში, გლოვით გაურბის მას. ეს არის გზა სინანულისა, გადმოცემული წმიდა წერილსა და მამათა სწავლებებში, სადაც ისინი გვირჩევენ: „იგლოვეთ! სხვა გზა, გარდა გლოვისა, არ არსებობს“.

19. ძმამ ჰკითხა ბერს: „როგორ მოდის გლოვა?“ ბერმა უპასუხა: „გლოვა მოდის საკუთარ ცოდვებზე ფიქრით – რომლებიც ჩაიდინა ადამიანმა ამ ცხოვრებაში: თუ რას მიუგებს მათზე ღმერთს. ვინც ეძიებს გლოვას, დაუცხრომელად უნდა იხსენებდეს ასევე სიკვდილსა და მარადიულ ტანჯვას“.

20. ღირსი დედა პელაგია ამბობდა: „დაცემულნი ხორციელი ვნებებით, ნუ უდებვყოფთ სინანულსა და ტირილს საკუთარ თავზე, მანამდე, სანამ არ მოგვისწრებდეს ტირილი სამსჯავროს წინაშე.

21. ის, ვისაც სურს განეშოროს ცოდვებს, დაყუდებით, მდუმარებითა და გლოვით განეშორება მათ.

22. წმ. თეოდორამ თქვა: „დაყუდება და მდუმარება არიან მშობელნი სინანულისანი“.

23. წმ. სვინკლიტიკიამ თქვა: „როგორი დაცემაც არ უნდა შეგემთხვეს, თუ იტყვი თავმდაბლობით: (ღმერთო) შემინდე, – მიიღებ შენდობას“.

 

 

წმ. ესაია განდეგილი

1. ურთიერთშელაპარაკების დროს ამაყი ამბობს გულში: „მე არაფერში არა ვარ დამნაშავე“; თავმდაბალი კი აბრალებს თავის თავს, და არა ძმას, და ამბობს: „მე შევცოდე“.

2. თავმდაბალი ბერი მალავს თავის სათნოებებს და არ აღასრულებს დაცემული ბუნების სურვილებს. იგი ყოველ ჟამს აბრალებს თავს და დაკავებულია შინაგანი ღვაწლით.

3. მაცხოვარს თავზე ედგა ეკლის გვირგვინი. – ეს იმისთვის, რომ ჩვენ ამით ვისწავლოთ გამუდმებული თავის ბრალობა და, თავის ბრალობის დახმარებით, აღშფოთების გარეშე მოვითმინოთ შეურაცხყოფა.

4. თავის განკითხვა წინ უნდა უძღოდეს მოყვასის განსჯას, ამით მოიპოვება თავმდაბლობა.

5. ვინც თავს იმართლებს, ის განეშორება სინანულს.

6. თავის ბრალობა ის ადგილია, სადაც მოიპოვება სიმშვიდე.

7. მონაზვნური ცხოვრების არსი მდგომარეობს იმაში, რომ აყვედრო შენს თავს და საკუთარი თავი ჩათვალო ყველაზე უარესად.

8. თუ საჭიროა ესაუბრო საკუთარ თავს, მიართვი მას არა თავის ქება და განდიდება, არამედ თავის ბრალობა.

9. სამი ძნელად შესაძინებელი სათნოებით მოიპოვება ყველა სხვა: გულის შემუსვრით, ცოდვებზე გლოვითა და სიკვდილის დაუცხრომელი ხსენებით.

10. გახსოვდეს გეჰენია და მოიძულე მასში მიმყვანებელი საქმეები.

11. ღვთის სამსჯავროზე მუდმივი ფიქრით იშვება შიში ღვთისა.

12. ვინც ფიქრობს, რომ სიკვდილი ახლოსაა, არ ჩავარდება მრავალ ცოდვაში; ხოლო ის, ვისაც დიდი ხნის სიცოცხლის იმედი აქვს, უამრავ ცოდვას ჩაიდენს.

13. მამა ესაიას ჰკითხეს: „რა არის სინანული?“ მან უპასუხა: „სული წმიდა გვასწავლის, რომ განვეშოროთ ცოდვას და მეტად აღარ მივუბრუნდეთ მას. ამაში მდგომარეობს სინანული“.

14. საეკლესიო მსახურება ან ტრაპეზი რომ დამთავრდება, ნუ დასხდებით ერთად, თუნდაც ღვთაებრივ საგნებზე სასაუბროდ: თითოეულმა იჩქაროს თავისი სენაკისკენ, რომ იქ იგლოვოს საკუთარი ცოდვები.

15. ის, ვინც ჭეშმარიტად იგლოვს, უკვე აღარ განიკითხავს მოყვასს. იგი დაკავებულია საკუთარ ცოდვებზე ტირილით.

16. შორს არის გლოვისაგან ის, ვინც ზრუნავს მიწიერ საგნებზე იმ მიზნით, რომ დაიკმაყოფილოს საკუთარი დიდებისმოყვარეობა.

17. მიწა ვერ შეძლებს ნაყოფის გამოღებას, თუ არ დაითესა და არ მოირწყო წყლით. ასევე ადამიანი ვერ შეძლებს სინანულს თავის დამდაბლებისა და სხეულის დათრგუნვის გარეშე.

18. გლოვით განიდევნება სულიდან ყველა ვნება.

19 თუ შენ შეურაცხგყოფენ და დამწუხრდები ამის გამო, ეს ნიშნავს, რომ შენში არ არის ჭეშმარიტი გლოვა.

20. ვინც თავს იმართლებს, ის განეშორება სინანულს.

21. ვინც განიკითხავს ცოდვილებს, ის განაგდებს საკუთარი თავისაგან სინანულს.

22. ვინც ზემოდან უყურებს უდებებს, ის განაქარვებს თავის თავში სინანულს.

23. ყველა შემთხვევაში ეცადე, არარად შერაცხო საკუთარი თავი. ეს მოგცემს საშუალებას, მიეცე გლოვას შენს ცოდვებზე.

 

ბერ ესაიას სულიერი დარიგებები წმიდა მონაზონ თეოდორას მიმართ

1. მწუხარე გული ღაღადებს ღვთის მიმართ. ცრემლები, დაღვრილი საკუთარ ცოდვებზე, გვიშუამდგომლებენ ღვთის წინაშე. მოთმინება წმიდა მდუმარებაში უყვარს უფალს.

2. ვინც სიცილს ეძლევა, ის ეშმაკის მუშაკია. სიცილი საერთოდ არ შეშვენის ქრისტიანს, განსაკუთრებით კი მონაზონს, რომელიც ჯვარს ეცვა ამა სოფლისათვის. რამეთუ უფალი ამბობს: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე“ (მათე 16,24); და როგორღა შეიძლება, უფლისთვის ჯვარცმულმა იცინოს? ჩვენ მოწოდებული ვართ არა განცხრომისათვის და სიცილისთვის, – რომ წარმართებთან ერთად დავიმკვიდროთ ჯოჯოხეთის ბორკილები და ვაება, – არამედ იმისთვის, რომ კეთილი მდუმარებითა და გლოვით დაუცხრომელად შევღაღადებდეთ უფალს ჩვენი სულებისათვის და ამით დავიმკვიდროთ სამოთხე ნეტარებისა.

3. ჯოჯოხეთში არ არის აღსარება, არ არის სინანული, არ არის განმწმენდელი ცრემლები და სულთქმა, რითიც შეიძლება მოწყალე გვეყოს უფალი, არამედ სასოწარკვეთილი ვაება იმათი, ვინც სიცილში ატარებდა თავისი ცხოვრების დღეებს. ამიტომ მოციქული გვმოძღვრავს: იტირეთ და იგლოვეთ, სიცილი თქვენი დაე შეიცვალოს ტირილად, სიხარული კი – მწუხარებად გულისა.

4. ვინც ყოველდღე ტირილით ლოცულობს თავის სენაკში, მისთვის ყოველი დღე დღესასწაულია; ხოლო ვინც ყოველდღე ღვინის სმითა და მუცლის ამოვსებით დღესასწაულობს, მას ელოდება მარადიული ტირილი ჯოჯოხეთში. იქ, სადაც ემონებიან მუცელს, ღვინოს და სიცილს, არ არის ხსენება არც ღვთისა, არც სიკვდილისა.

5. დაე იარაღად შენთვის იყოს მარხვა, დაყუდება და ნეტარი მდუმარება; საფარველად – ლოცვა; აბანოდ – ტირილი საკუთარ ცოდვებზე. შეიცნობ რა ამას, ქალწულო, იგლოვე შეცოდებანი შენნი.

6. ყველაფერი, რაც სიყრმიდან შესცოდე, ყოველდღე ვაებით და ტირილით აღუარე ტკბილსა იესუს. ამისგან იშვება შენს გულში სინანული. იცოდე ეს, ქალწულო, და იგლოვე მარადის.

7. ვაი უდებს და უდარდელს, კეთილო დაო ჩემო, რამეთუ განსვლის ჟამს მოსთხოვენ მას პასუხს იმ დღეებისთვის, რომლებიც ბოროტად განვლო. და რაკი იცი, როგორი აღსასრული ელოდებათ უდებთ, იგლოვე ტირილით და შემუსვრილი გულით და ყველაფერი აკეთე იმისთვის, რომ ცხონდე, რამეთუ სიკვდილი მალე მოვა, არ დააყოვნებს.

8. არავინ არის ისეთი სახიერი, გულკეთილი და მრავალმოწყალე, როგორც ღმერთი, მაგრამ თუ არ შევინანებთ და არ შევწყვეტთ ცოდვილ ცხოვრებას, ღმერთი განსჯის დღეს არ შეგვიწყალებს.

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა