martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

 

თუესა იანვარსა კა(21) და აგჳსტოსა იგ(13)

 

ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ

აღმსარებელისა მართლისა სარწმუნოებისაჲ,

წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა

მაქსიმესი

 

 

თარგმანი წმიდისა ეფთჳმე მთაწმიდელისა

 

ხელნაწერები: მარტვილის #1; ჯრუჭის #4; საეკლესიო მუზეუმის #636.

 

 

მრავლისა ქებისა და ფრიადისა შესხმისა ღირს არიან მოყუარენი ღმრთისანი და მოღუაწენი სათნოებისანი, და თანამდებ არს ყოველი კაცი ქებითა და გალობითა და პატივითა აღსრულებად საჴსენებელსა მათსა; რამეთუ ამას თუ ვიქმოდით, არა თუ ნეტართა მათ სარგებელ რაჲმე ვექმნებით, რამეთუ ამათ აქუს ქებაჲ მათი ღმრთისა მიერ და შუებასა მას ზეცისასა იხარებენ და არარაჲ სოფლიოჲ ეჴმარების, არამედ მაქებელნი ესე და შემასხმელნი მათნი უმეტესად თავთა თჳსთა სარგებელ ვექმნებით და მსმენელთა მოქალაქობისა მათისათა ბაძვად მათისა მის სათნოებისა აღვადგინებთ. ამისთჳს კეთილ არს და სამართალ მოქალაქობისა და მოღუაწებისა წმიდათა მამათა და მოწამეთა აღწერაჲ და მათი ქებითა და გალობითა შესხმაჲ. ვინაჲთგან უკუე ნეტარი მამაჲ ჩუენი მაქსიმე აღმსარებელი დიდითა სათნოებითა და მრავლითა მოღუაწებითა გაბრწყინდა და შეერთო კრებულსა წმიდათა მოწამეთა და ღირსთა მამათასა, თანამდებ ვართ ღირსისა მის და საღმრთოჲსა მოქალაქობისა მისისა აღწერად და შემდგომთა ნათესავთა საჴსენებელი დატევებად.

 

ესე სანატრელი, ნერგი შუენიერი ღმრთისმსახურებისა, მორჩი ნაყოფიერი მოღუაწებისა, ჭური რჩეული სიბრძნისაჲ იშვა და აღიზარდა დიდსა მას ქალაქსა კოსტანტინეპოლეს. იყვნეს მშობელნი მისნი დიდებულნი და ღმრთისმოყუარენი, და ეწოდებოდა მამასა მისსა იოვანე და დედასა – ანა. ამათ აღზარდეს კეთილი იგი შვილი საღმრთოჲთა სწავლითა და ასწავეს ყოველი სიბრძნე ფილოსოფოსთა პირველთაჲ. ხოლო იყო იგი სიჩჩოჲთგანვე სავსე შიშითა და სიყუარულითა ღმრთისაჲთა, ამისთჳსცა არაოდეს შეექცეოდა სახიობათა და ლაღობათა მოჰასაკეთა თანა, არამედ დღე და ღამე, ვითარცა წერილ არს, შჯულსა უფლისასა იყო ნებაჲ მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე. ამისთჳსცა იქმნა იგი, ვითარცა ხე დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა, და გამოსცა ჟამსა თჳსსა ნაყოფი შუენიერი და ზეცისა საუნჯეთა ღირსი (შდრ. ფსალმ. 1, 2-3).

 

ხოლო მათ ჟამთა იყო მეფჱ ჰერაკლე, რომელმან-იგი სპარსეთი დაიპყრა და ხუასრო მეფე სპარსეთისაჲ მოკლა და ზაქარია, პატრიაქი იერუსალჱმისაჲ, ტყუეობისაგან გამოიყვანა და ძელი პატიოსნისა ჯუარისაჲ, რომელი-იგი იერუსალჱმით სპარსეთს ხუასროს წარეყვანა, კუალად მადლითა ქრისტჱსითა მოიყვანა და საუნჯე დიდძალი სამეუფოსა პალატსა დაუსუენა სადიდებელად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა და სასოდ ყოველთა მორწმუნეთა. ხოლო ესმოდა მეფესა ყოველთაგან ღირსისა მის მაქსიმეს სიბრძნე და მეცნიერებაჲ და ფრიადი ღმრთისმოყუარებაჲ. მოუწოდა თჳსა და იხილა და ფრიად შეიყუარა წესიერებაჲ და სიბრძნე მისი და აიძულა პალატსა მისსა ყოფად და მისცა მას პატივი სამეუფოთა მწიგნობართა მთავრობაჲ, რამეთუ არს პატივი ესე დიდებულ და წარჩინებული. და იყო ნეტარი იგი სათნო მეუფისა ზეცათაჲსა და საყუარელ და საკუთარ მეფისა მის ბერძენთაჲსა და პატივცემულ ყოველთა მიერ ჴელმწიფეთა და მთავართა და ყოველისავე მჴედრობისა, ერისთავთა და სპაჲპეტთა, და ყოველთა მიერ საწადელ იყო და საქებელ.

 

ხოლო მათ ჟამთა უპირატეს წვალებაჲ იგი სებეროს და დიოსკორესი გამოჩინებულ იყო, ბოროტთა მათ და უთაოთა მწვალებელთაჲ, რომელნი-იგი უვარ-ჰყოფდეს ორთა ბუნებათა ქრისტჱსთა, ღმრთეებისა და კაცებისასა, და ერთსა შერეულსა ბუნებასა ქადაგებდეს და განკაცებასა უფლისასა უცნებით ქმნილად ჰგმობდეს; რომლისათჳსცა კრებაჲ იგი ქალკიდონისაჲ იქმნა, ექუსას ოცდაათთა მამათაჲ, მარკიანე მეფისა ზე, რომელთაცა შეაჩუენნეს და განკუეთნეს ბოროტნი იგი მწვალებელნი: დიოსკორე ალექსანდრიელი და ეპტჳქიოს მამასახლისი და სებეროს ანტიოქელი და პეტროს აპამიელი და სხუანი იგი მიმდგომნი მათნი, იაკობ ვინმე და ტიმოთე, რომელსა ეწოდებოდა მელი, და სხუანი ვინმე დრკუნი მოყუასნი მათნი; და ქადაგეს წმიდათა მათ მამათა ქრისტჱ ორითა ბუნებითა, სრული ღმერთი და სრული კაცი, უვნებელი ღმრთეებითა, რომელმან ცხოვრებისათჳს ჩუენისა ივნო ბუნებითა მით კაცობრივითა, რამეთუ ერთი გუამი იყო ორითა ბუნებითა. და მართალი ესე სარწმუნოებაჲ დამტკიცებულ იყო წმიდისა მის კრებისაგან და კათოლიკე ეკლესიასა შინა იქადაგებოდა. კუალად შემდგომად რაოდენთამე წელთა, ისტჳნიანე მეფისა ზე, იქმნა მეხუთე კრებაჲ კოსტანტინეპოლეს ას სამეოცდაოთხთა წმიდათა მამათაჲ, რომელთა დაამტკიცეს ყოველივე პირველთა მათ ოთხთა კრებათაგან დაწესებული და სებეროს შეაჩუენეს და ოროგინე და მსგავსნი მისნი და მართალი სარწმუნოებაჲ ჴმამაღლად ქადაგეს.

 

არამედ პირველითგან მტერსა მას ნათესავისა კაცთაჲსა უძნდა კეთილადწარმატებაჲ ქრისტეანეთაჲ და მშჳდობაჲ ეკლესიათაჲ. ამისთჳსცა არა დასცხრებოდა ნათესავითი-ნათესავად თესვად თჳსისა მის ღუარძლისა და შეშფოთებად კათოლიკე ეკლესიისა. იხილნა რაჲ, ვითარმედ ზემოწერილნი იგი წვალებანი შეიჩუენნეს და განიოტნეს წმიდათა მათ კრებათა მიერ, სხუაჲ ღონე უკეთურებისა თჳსისაჲ მოიპოვა და სხჳთა კუალად სახითა შეაშფოთა ეკლესიაჲ. რამეთუ მოიქცა რაჲ ჰერაკლე მეფე სპარსეთით და იქცეოდა იარაპოლეს ასურეთისასა, შემდგომად დიდთა მათ განმარჯუებათა და ძლევათა, რომელ მოეცნეს მას, იყო ვინმე ათანასე სახელით, მთავარეპისკოპოსი იაკობიტთაჲ, კაცი ბოროტი და მანქანაჲ და ყოვლითა უკეთურებითა სავსე, აღვსებული ასურასტანელთა მისნობითა. მისა მიმართ სიტყჳს-გებაჲ ყო მეფემან სარწმუნოებისათჳს და ეტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ შეიწყნარო კრებაჲ ქალკიდონისაჲ, დაგადგინო შენ პატრიაქად ანტიოქიისა. ხოლო ბოროტმან მან ათანასე ორგულებით იჩემა და შეიწყნარა კრებაჲ იგი და რეცა აღიარნა ორნი ბუნებანი ქრისტჱსნი, შეერთებულნი ერთსა მას გუამსა. ხოლო ჰკითხა მეფესა და ჰრქუა: აჰა, ორთა ბუნებათა აღვიარებ; ნებისათჳს და საქმისა ვითარ იტყჳ, ორი ჯერ-არს თქუმად ქრისტჱსთჳს ანუ ერთი? ხოლო მეფჱ მჴედრობათა და ბრძოლათა შინა აღზრდილი იყო, და ესე სიტყუაჲ არღა სმენილ იყო ეკლესიასა შინა, უცხოდ უჩნდა კითხვაჲ იგი; მიუგო და ჰრქუა მას: ეგე სიტყუაჲ, რომელსა იტყჳ, არღა მოწევნულ არს ჩემდა, არამედ პატრიაქსა მიუწერო; დრო მეც, ვიდრე პასუხი მოიწიოს.

 

იყო მათ ჟამთა კოსტანტინეპოლეს პატრიაქად სერგიოს, ნათესავით ასური, მშობელთაგან იაკობიტთა შობილი; აღზრდილ იყო იგი კოსტანტინეპოლეს და ესწავა სწავლაჲ ბერძული და მიემთხჳა პატრიაქობასა; და აქუნდა შინაგან ესევითარი წვალებაჲ და ერთსა ბუნებითსა ნებასა და ერთსა საქმესა იტყოდა ქრისტჱსთჳს. იცოდა ესე ბოროტმან მან ათანასეცა. ამისთჳს წინაუყო სიტყუაჲ იგი მეფესა, რამეთუ იცოდა, ვითარმედ უკუეთუ დაარწმუნოს რაჲთ მეფესა ერთი ნებაჲ თქუმად და ერთი საქმე, ორთა ბუნებათა აღსარებაჲ არა იქმნების, რამეთუ ბუნებაჲ უვნებელი და უსაქმოჲ არა არს; არამედ უკუეთუ ბუნებანი განყოფილად ითქუმოდინ, თითოეულსა ბუნებასა ნებაჲ თჳსი აქუს და საქმე თჳსი; უკუეთუ კულა ერთი ნებაჲ ვინ თქუას და ერთი საქმე, ორთა ბუნებათა აღსარებასა დაჰჴსნის. ამას სიწლოსა მეფე იგი უმეცარ იყო; მიუწერა სერგიოსს, პატრიაქსა კოსტანტინეპოლისასა, ხოლო მან პასუხი ესევითარი მისცა, ვითარმედ: ერთი ნებაჲ და ერთი საქმე ჯერ-არს თქუმად ქრისტჱსთჳს. ესე პასუხი მიიწია რაჲ მეფისა, მოუწოდა კჳროზსცა ალექსანდრიელსა და ჰკითხა ამის ჯერისათჳს და პოვა იგიცა თანამოწმედ სერგისისა. და უმეცრებაჲ შეემთხჳა ჰერაკლე მეფესა და შეიწყნარა სიტყუაჲ სერგისი და კჳროზისი. მიუწერა ესე სიტყუაჲ იოვანეს, პაპასა ჰრომისასა; ხოლო მან არა თავს-იდვა ესე, არამედ შეაჩუენა ესევითარი წვალებაჲ და მოუწერა მეფესა, ვითარმედ: ვითარცა-იგი ორთა ბუნებათა აღვიარებთ ქრისტჱსთა, ეგრეთვე ორსა ნებასა და ორსა საქმესა, რამეთუ არა არს ბუნებაჲ უვნებელი და უსაქმოჲ. ეგრეთვე სოფრონ, პატრიაქმან იერუსალჱმისამან, ესე რაჲ ცნა, შეკრიბა ყოველი სამრემლოჲ თჳსი და შეაჩუენნა მეტყუელნი ერთისა ნებისანი და ებისტოლენი მიუწერნა სერგისსა კოსტანტინეპოლელსა და იოვანეს ჰრომაელსა, ეგრეთვე მეფესა ჰერაკლესცა. ესმა რაჲ ესე ყოველი მეფესა, შეწუხნა და ვერ გულისხმა-ჰყოფდა, თუ რომელთა სიტყუაჲ დაამტკიცოს, ჰრომისა და იერუსალჱმისაჲ ანუ კოსტანტინეპოლელისა და ალექსანდრიელისაჲ. ესე განიზრახა და ჰგონებდა, თუ კეთილსა რასმე იქმს, დაწერა ბრძანებაჲ, რაჲთა არცა ერთსა ნებასა და საქმესა იტყოდინ, არცა ორსა. ესე ბრძანებაჲ წარიკითხეს სებეროზის მოწაფეთა და იტყოდეს უბანთა ზედა: პირველ ნისტორის თანაეწამებოდეს ქალკიდონელნი და მცირედ გულისხმა-ყვეს და შეიწყნარეს ჭეშმარიტი სიტყუაჲ და შეგუერთნეს ჩუენ ერთისა ნებისა და ერთისა საქმისა აღსარებითა – ერთსა ბუნებასა, ხოლო აწ კუალად შეინანეს და ორივე წარწყმიდეს, და არცა ერთსა არცა ორთა აღიარებენ ბუნებათა.

 

მაშინ აღესრულა სერგი კოსტანტინეპოლელ პატრიაქი და დაიპყრა საყდარი იგი პიროს, რომელმან-იგი სერგის და კჳროზის სარწმუნოებაჲ უშჯულოდ დაამტკიცა. მას ჟამსა აღესრულა ჰერაკლჱ მეფეცა და მეფობდა კოსტანტინე, ძე მისი. ხოლო პიროს პატრიაქმან თანაშეწევნითა მარტინა სეფექალისაჲთა მოწამლეს იგი და მოკლეს; და დასვეს მეფედ ჰერაკლონა, ძე მარტინაჲსი. ხოლო მთავართა და მჴედართა და ერსა სამეუფოჲსა ქალაქისასა შეუძნდა საქმე ესე და შეითქუნეს და პიროს უშჯულოჲ და მარტინა და ძე მისი განდევნნეს ქალაქისაგან და მეფე-ყვეს კოსტა, ძე კოსტანტინესი, და პატრიაქად დაჯდა პავლე სახელით, იგიცა მწვალებელი ზემოწერილითა მით წვალებითა.

 

ხოლო ესე საქმენი ესრე სახედ რაჲ იქმნებოდეს, მაშინ მაქსიმე, ჭეშმარიტმან ფილოსოფოსმან, სიტყჳთ და საქმით და გულისხმის-ყოფით დაამტკიცა წესი ფილოსოფოსობისა თჳსისაჲ; რემეთუ იყო იგი წარჩინებულ და ყოველთა უპატიოსნეს სამეუფოსა პალატსა შინა. უმეტესადღა გულად-იღო შიში ღმრთისაჲ და, ვითარცა მეფსალმუნე იტყჳს, წინაჲსწარ ხედვიდა უფალსა წინაშე მისსა მარადის (შდრ. ფსალმ. 15,8). იხილა რაჲ, ვითარმედ წვალებისა იგი ბადენი განეფინებოდეს ყოველგან და საცთური იგი ერთისა ბუნებისა მეტყუელთაჲ, რომელი წმიდათა მამათა მრავლითა შრომითა და ოფლითა ძლით დააცხრვეს, კუალად განახლდებოდა უდებებითა და ვერაგობითა მპყრობელთაჲთა, და გუჯარსა დაწერეს და ეზოსა სოფია წმიდისასა აღჰმართეს ერთისა ნებისა და ერთისა საქმისა აღსარებაჲ და ამით ჯერითა ორთა ბუნებათა აღსარებაჲ დაჰჴსნეს, იჯმნა პალატისაგან და ყოვლისა სოფლიოჲსა საქმისა და ყოველივე საფასე და მონაგები მისი განუყო გლახაკთა, სიტყჳსა მისებრ უფლისა, და აღიღო ჯუარი თჳსი და შეუდგა ქრისტესა; და მონასტერსა მას, რომელსა ხრჳსოპოლი ეწოდების, მონაზონებისა სახე და საქმე შეიმოსა და ყოველი წესი სათნოებისა და მოღუაწებისაჲ სრულებით მოიგო. იყო სამოსელი მისი შინაგან ძაძაჲ, ხოლო გარეგან, სახილველად კაცთა, ჩოჴაჲ; საზრდელი მისი – პური ჴმელი და მცირედი მხალი უგბოლველი; და მიიღებდა საზრდელსა მას ორ-ორით, გინა სამ-სამით და ოდესმე ხუთ-ხუთით; ხოლო ღჳნისა და თევზისა და ხილისა და სხუათა ყოველთა სანოვაგეთაგან უცხო-ყო თავი თჳსი. მღჳძარებაჲ და ლოცვაჲ ესოდენ შეიტკბო, ვიდრეღა დღე და ღამე ესე აქუნდა საქმედ; რამეთუ კნინ ოდენ მიერულის ზეჯდომით და მეყსეულად აღდგის ლოცვად და გალობად. სიმდაბლე მისი ესოდენ იყო, რომელ უდარეს ყოველთა შეერაცხა თავი თჳსი, და უკუეთუმცა ყოველთა უდარესი კაცი შეემთხჳის, მონაზონი გინა ერისკაცი, ვითარცა მრწემი და შეურაცხი ყვის მის წინაშე თავი თჳსი. ხოლო სიყუარული ყოველთა მიმართ ესევითარი აქუნდა შეყუარებულსა მას ღმრთისასა, ვიდრეღა უცილობელად აღასრულებდა სიტყუასა მას, ვითარმედ: "შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი" (მათ. 22,39). ჰე, ნანდჳლვე შეიყუარა მან ღმერთი ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გონებითა და მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი (შდრ. მათ. 22,37). და წამებენ მის მიერ აღწერილნი სიყუარულისათჳს სწავლანი მისისა მის გულისა სიყუარულითა სავსებასა. ესე ორნი სათნოებანი შეიტკბნა უმეტეს ყოვლისა: სიმდაბლე და სიყუარული; ამისთჳსცა ერთმან მან აღამაღლა და მეორემან სიმაღლისა მისგან სათნოებათაჲსა გარდამოვრდომად არღარა შეუნდო, არამედ დღითი-დღე ამაღლდებოდა და აღემატებოდა, ვიდრეღა მიიწია ჭეშმარიტსა მას სრულებასა და წამებისაცა გჳრგჳნსა ღირს იქმნა და კრებულსა ქრისტჱს აღმსარებელთასა შეერთო, ვითარცა ქუემორე სიტყუამან გამოაჩინოს. მაშინ უკუე, ხედვიდეს რაჲ სათნოებათა და მოღუაწებათა მისთა და წყაროსა მას მოძღურებისასა, რომელ აღმოეცენებოდა პირით მისით, მონაზონნი იგი მის მონასტრისანი და ყოველნივე მახლობელნი და შორიელნი მოვიდოდეს მისა და აღივსებოდეს სარგებელითა სულიერითა; ხოლო მეფემან მონასტერი იგი ხრჳსოპოლისაჲ ნეტარსა მაქსიმეს მიანიჭა და დიდითა პატივითა პატივ-სცემდა. არამედ ღმერთშემოსილი იგი ხედვიდა რაჲ სამეუფოსა მას ქალაქსა და ყოველთა სანახებთა მისთა, რამეთუ იღელვებოდეს ბოროტისა მის წვალებისაგან, მრავალგზის ამხილა მეფესა და პატრიაქსა და ევედრებოდა, რაჲთა დასცხრენ ესევითარისა მისგან დრეკილისა და დრკუჲსა წვალებისაგან და აღიარონ ქრისტჱ ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა, სრული ღმრთეებითა და კაცებითა, და მრავალნი სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისა სწავლანი ამის ჯერისათჳს წარმოუთხრნა. იხილნა რაჲ იგინი, რამეთუ ყვნეს გულნი მათნი მსგავს გუელისა მის ასპიტისა ყრუჲსა, რომელსა არა ესმინ ჴმაჲ მსახრვალისა ჴელოვნისაჲ, არცა მიიღის წამალი წამლის-მცემლისაგან ბრძნისა (შდრ. ფსალმ. 57,5-6), და არა ინებეს გზასა მას ჭეშმარიტებისასა სლვად, აღივსო გული მისი საღმრთოჲთა შურითა, ვითარცა იტყჳს დავით წინაჲსწარმეტყუელი: "რამეთუ მშურდა მე უკეთურთაჲ და მშჳდობასა ცოდვილთასა ვხედევდ. შეიმოსეს უღმრთოებაჲ და სიცრუვე და გამოჴდეს ვითარცა ცმელისაგან სიცრუვენი მათნი, რამეთუ ვიდოდეს იგინი ზრახვითა გულისა მათისაჲთა, ზრახეს და თქუეს უკეთურებაჲ და სიცრუვესა მაღლად რაჲ იტყოდეს" (ფსალმ. 72,3-8).

 

ესევითარი რაჲ გონებაცთომილებაჲ მათი იხილა, იჯმნა სრულიად ქალაქით კოსტანტინეთ და ყოვლისაგან საბერძნეთისა; რამეთუ ეუწყა ნეტარსა მას, ვითარმედ დიდი იგი ქალაქი ჰრომი და სანახებნი მისნი მართალსა სარწმუნოებასა ქადაგებენ და ღუარძლსა მას წვალებისასა არა შეიწყნარებენ. შეწევნითა ღმრთისაჲთა წარემართა და მიიწია ჰრომედ და პოვა მუნ უდაბნოჲ მყუდროჲ; დაემკჳდრა ქუაბსა ერთსა მის უდაბნოჲსასა დაყუდებით და იზრდებოდა თივათაგან მცენარეთა მის უდაბნოჲსათა და მწუერვალთაგან ხეთაჲსა და თაფლითა ველურითა, რომელი იპოებოდა მაღნართა მათ შინა; მსგავსად დიდისა მის ნათლისმცემლისა იყო საზრდელი მისი. შემდგომად მცირედისა ჟამისა განითქუა სახელი სათნოებისა მისისაჲ ქუეყანასა მას; და მოვიდეს მისა ორნი ძმანი კეთილნი და სახიერნი, ურთიერთას სეხნანი, რამეთუ ორთავე ანასტასიოს ეწოდებოდა, და ევედრნეს ნეტარსა მას ვედრებითა ფრიად ლმობიერითა, რაჲთა შეიწყნარნეს იგინი მოწაფედ და მსახურად. ხოლო წმიდაჲ მაქსიმე წადიერ იყო მარტოდ ყოფასა, არამედ გულსავსე-ყო იგი სულმან წმიდამან, ვითარმედ ღმრთისა მიერ მოვლინებულ არიან ძმანი იგი: ერთი მღუდელი იყო და ერთი – დიაკონი. ვერ ეგებოდა წინააღდგომაჲ ბრძანებისა საღმრთოჲსაჲ, ნება-სცა მათ. ხოლო იგინი აღივსნეს სიხარულითა და აღაშენეს ადგილსა მას მცირე სენაკი, მახლობელად ქუაბისა მის, და მუნ დაემკჳდრნეს, ვითარცა სამოთხესა შინა საშუებელისასა; და ისწავეს ნეტარისა მისგან მოქალაქობაჲ ანგელოზებრივი და იქმნეს ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი, "არა სცეს ძილი თუალთა მათთა, არცა ჰრული წამთა მათთა, არცა განსუენებაჲ ჴორცთა მათთა" (შდრ. ფსალმ. 131,4), ვიდრემდის მიემთხჳნეს სისრულესა უვნებელობისასა და სიმაღლესა გულისხმის-ყოფისასა მოძღურებითა დიდისა მაქსიმესითა. ხოლო იყვნეს იგინი ნათესავით ბერძენნი, არამედ მრავლით ჟამითგან ჰრომს დამკჳდრებულ იყვნეს, მუნ მყოფთა მათ მონასტერთა. იგინი მოირეწდეს მეცნიერთაგან თჳსთა მცირედსა საზრდელსა ჴორცთასა და აიძულებდეს ნეტარსა მაქსიმეს მიღებად, რაჲთა არა სრულიად განკაფნეს ჴორცნი მისნი უზომოჲთა მით მარხვითა. ნანდვილვე აღესრულებოდა მათ შორის სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელსა იტყჳს: "უკუეთუ შეითქუენ ორნი ანუ სამნი თქუენგანნი სახელსა ზედა ჩემსა, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათ. 18,20). ჭეშმარიტად ქრისტჱ იყო შორის მათსა.

 

მაშინ იწყო წმიდამან მაქსიმე წერად ებისტოლეთა, დამამტკიცებელთა მართლმადიდებლობისათა და დამჴსნელთა ყოვლისა წვალებისათა, სავსეთა საღმრთოჲთა სიბრძნითა; და მიუძღუანა ჴელითა კეთილთა მათ ძმათაჲთა ებისკოპოსთა და კათალიკოზთა ყოვლისა ქუეყანისა ჰრომისასა და უმეტესად დიდსა მას ჭალაკსა სიკილიისა, ეგრეთვე მღუდელთა მიმართ და ერის-კაცთა. იჭუეულთა განამტკიცებდა და მტკიცეთა სარწმუნოებითა შურად საღმრთოდ აღადგინებდა. და ვინაჲცა მიიწინიან ებისტოლენი მისნი, ესრეთ შეიწყნარიან, ვითარცა წმიდისა მოციქულისა პავლესნი. ესრეთ იყოფოდა რაჲ და რწმუნებულსა მას მისდა ტალანტსა მრავალწილად აღაორძინებდა, ჩუენებასა შინა ღამისასა წარმოუდგა მას ანგელოზი ღმრთისაჲ და ჰრქუა: მაქსიმე, მონაო ღმრთისაო, რაჲსათჳს შეწყუდეულ ხარ ამას უდაბნოსა და შენსა ხოლო სულსა აცხოვნებ და შენ თანა მყოფთა ამათ ორთა ძმათა, და სოფელი ყოველი იღელვების ბოროტითა წვალებითა; ბრძანებითა ღმრთისაჲთა აღდეგ და შევედ ქალაქად ჰრომედ, არქუ პაპასა იოვანეს და იღუაწეთ მართლისა სარწმუნოებისათჳს, რაჲთა გჳრგჳნი მართლაღმსაარებელთაჲ მიიღოთ ქრისტჱსგან. ესე ჩუენებაჲ იხილა რაჲ და მიუთხრა ანასტასიოსს და ანასტასიოსს, ილოცეს სამ დღე და ევედრნეს უფალსა, რაჲთა წარუმართოს. აღიძრნეს მიერ მრავლითა მწუხარებითა, რამეთუ ფრიად უყუარდა ადგილი იგი მყუდროებისათჳს და უდაბნოებისა, და შევიდეს ჰრომედ. ეუწყა იოვანეს, პაპას, მოსლვაჲ ნეტარისა მაქსიმესი და მიეგება სიხარულით, რამეთუ მრავალგზის ასმიოდა სახელი საღმრთოჲსა მის მოქალაქობისა მისისაჲ და წარეკითხნეს ებისტოლენი მისნი, სავსენი ღმრთისმეტყუელებითა. და შე-რა-ვიდა ნეტარი მაქსიმე წინაშე პაპაჲსა, და ყვეს ლოცვაჲ და დასხდეს სიტყუად. და აღაღო ღირსმან მან პირი თჳსი და აღავსნა მადლითა საღმრთოჲთა პაპაჲ და ყოველნი მის თანა მყოფნი. ხოლო პაპა მისცა სავანე მყუდროჲ მახლობელად თჳსა მონასა მას ღმრთისასა და სწავლითა და მოღუაწებითა მისითა შეკრიბნა ყოველნი ებისკოპოსნი, რომელნიცა იყვნეს ქუეყანასა ჰრომისასა; და ყვეს კრებაჲ დიდი ებისკოპოსთაჲ და მღდელთაჲ და შეაჩუენეს წვალებაჲ იგი – ერთისა ბუნებისა და ნებისა მეტყუელთაჲ.

 

ხოლო შემდგომად რაოდენისამე ჟამისა აღესრულა იოვანე პაპაჲ და იკურთხა თევდორე პაპად ჰრომისა. ხოლო წმიდაჲ მაქსიმე განგებითა უფლისაჲთა წარვიდა აფრიკეთს და ქადაგებდა მუნ მართლმადიდებლობასა და მორწმუნეთა დაამტკიცებდა, ვითარცა-იგი ჰრომს ქადაგებდა. ხოლო მოსლვასა მას მისსა შეემთხჳა პიროსს, კოსტანტინეპოლელს პატრიაქსა, რომელი განდევნებულ იყო მიერ, ვითარცა ზემო ვაჴსენეთ. და იქმნა მათ შორის სიტყჳს-გებაჲ სარწმუნოებისათჳს, რომელი-იგი სიტყჳს-გებაჲ აწ აღწერად ცხორებისა ამის თხრობასა შინა არა ჯერ-მიჩს, რაჲთა არა დაიხრწიოს სიტყჳსა ამის განწესებაჲ; ხოლო აღვასრულო რაჲ სულიერი ესე თხრობაჲ, მერმე სიტყჳს-გებაჲცა იგი აღვწერო, რამეთუ ნუსხაჲ მისი დაუკლებელი მაქუს. მას უკუე ჟამსა, ვითარცა იქმნა მათ შორის სიტყჳს-გებაჲ იგი, დაარწმუნა წმიდამან მაქსიმე პიროსს და ამხილა ბოროტადმეტყუელებაჲ მისი და მოაქცია აღსარებად მართალსა მას სარწმუნოებასა და წარავლინა იგი თჳსითა ებისტოლითა თევდორეს მიმართ, ჰრომთა პაპისა. მივიდა პიროს ჰრომედ და შეერთო პაპას და დაწერა ჴელის-წერილი – აღსარებაჲ მართლისა სარწმუნოებისაჲ და შეჩუენებაჲ თჳსისა მის წვალებისაჲ. ესრეთ შეიწყნარა იგი ღირსმან თევდორე და აზიარა ეკლესიასა თჳსსა. შემდეგ რაოდენთამე დღეთა მოიკითხა პაპაჲ და წარვიდა პიროს ჰრომით, რამეთუ ენება საბერძნეთს აღსლვაჲ, და აღუთქუა პაპასა, რაჲთა იღუაწოს დამტკიცებად მართლაღსაარებისა. ხოლო მიიწია რაჲ რაბენს, დაივიწყა უბადრუკმან აღთქუმაჲ თჳსი და ჴელის-წერილი და, ვითარცა ძაღლი, თჳსსავე ნათხევარსა მიიქცა. ეუწყა ესე თევდორე პაპას და შეკრიბა ყოველი სავსებაჲ ეკლესიისაჲ და შევიდა სამარხოსა პეტრესსა, თავისა მის მოციქულთაჲსა, და მოითხოვა წმიდაჲ ბარძიმი და დააწო კალამი ცხოველსმყოფელსა მას სისხლსა თჳსითა ჴელითა და დაწერა განკუეთაჲ პიროსისი და ყოველთა თანაზიართა მისთაჲ. ხოლო პიროს აღვიდა კოსტანტინეპოლედ. იქმნა სიკუდილი პავლესი, რომელი იყო მუნ პატრიაქად, და ხარკებითა ეშმაკისაჲთა დასუეს კუალად პიროს პატრიაქად კოსტანტინეპოლისა. და შეემთხჳა სამეუფოსა მას ქალაქსა დიდი საცთური და უბადრუკებაჲ. ხოლო მართლმადიდებელსა მას დედაქალაქსა ჰრომს იქადაგებოდა მართალი სარწმუნოებაჲ. აღესრულა პაპაჲ თევდორე და დასუეს საყდარსა მას პეტრე მოციქულისსა მღდელთმოძღურად ღმერთშემოსილი და წმიდაჲ მარტინე.

 

მაშინ ნეტარი მაქსიმე მოიქცა აფრიკეთით და შეერთო წმიდასა მარტინეს და აღძრა იგი საღმრთოჲთა შურითა, და ყვეს კრებაჲ ას ერგასისთა ებისკოპოსთაჲ და შეაჩუენნეს სერგიოს და პიროს და კჳროზ და პავლე მწვალებელნი და მათი იგი წვალებაჲ; და ორი ბუნებაჲ ქრისტჱსი და ორი ნებაჲ და ორი საქმჱ ჴმამაღლად ქადაგეს; და განითქუა მართლისა მის სარწმუნოებისა აღსაარებაჲ ყოველსა სოფელსა. ხოლო უკუეთუ ვის ენებოს კრებისა მისთჳს კეთილად უწყებაჲ, აღიღენ წიგნი იგი კრებათაჲ და აღმოიკითხენ და კეთილად გულისხმა-ყოს. მიერითგან ნეტარი მაქსიმე იყოფოდა ჰრომს და აღწერა წიგნები ბოროტისა მის წვალებისა დამჴსნელნი და გამოაჩინა განცხადებულად, ვითარმედ სრულიად უცხო არიან ღმრთისაგან მეტყუელნი ბოროტისა მის ზრახვისანი. ხოლო ებისტოლენი და განწესებანი, სავსენი საღმრთოჲთა სიბრძნითა და გულის-ხმის-ყოფითა, მიმსგავსებულნი ებისტოლეთა პავლე მოციქულისათა, ყოველსა სოფელსა მიუწერნა – მღდელთმოძღუართა და მთავართა და ეკლესიათა, ქადაგებაჲ მართლისა სარწმუნოებისაჲ; მერმე კუალად სწავლანი სულიერნი, საღმრთოჲსა მოქალაქობისაჲ და ყოვლისა სათნოებისათჳს მრავალი აღწერა და კეთილად განაწესა, თუ ვითარ ჯერ-არს მოქალაქობაჲ ქრისტეანეთაჲ, და მრავალნი განმარტებანი წმიდათა წერილთანი და სწავლანი მონაზონებისანი აღწერნა. და იყო იგი ახალი ოქროპირი, პირველისა მის ოქროპირისა მსგავსი. აქუნდეს თანაშემწედ და ქუეყნითი-ქუეყნად მიმწევნელად ებისტოლეთა მისთა ზემოწერილნი იგი სეხნანი – ანასტასიოს და ანასტასიოს, რომელთა-იგი ვიდრე აღსასრულადმდე იღუაწეს წმიდასა მაქსიმეს თანა. მრავალნი უკუე ხოლო სასწაულნი და კურნებანი სენთანი ქმნნა უფალმან აფრიკეთს და ვიდრე ჰრომადმდე და თავადსა ჰრომს შინა ჴელითა ნეტარისა მაქსიმესითა, ვითარცა წამებენ ყოველნი მკჳდრნი ჰრომისანი და სანახებთა მისთანი, და თჳთ იგინი მის მიერ განკურნებულნი ჴმამაღლად ქადაგებენ; რამეთუ იყო იგი სიტყჳთ და საქმით და გონებით ჭეშმარიტი მონა ღმრთისაჲ და აღესრულებოდა მის ზედა საქმით სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: "ყოველი მწიგნობარი, რომელი მოწაფეყოფილ არს სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს იგი კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან მოიღის საუნჯისაგან თჳსისა ძუელი და ახალი" (მათ. 13,52). ჭეშმარიტად ესე იყო მწიგნობარი იგი – მოწაფე ყოფილი სასუფეველსა ცათასა. და სხუაჲცა იგი იგავი უფლისაჲ კეთილად მოეზავების საქმესა ღირსისა მაქსიმჱსსა, ვითარმედ: "მსგავს არს სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილსა მარგალიტსა; და პოვა რაჲ ერთი მარგალიტი მრავალსასყიდლისაჲ, წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲ აქუნდა, და მოიყიდა იგი" (მათ. 13,45-46). ნანდჳლვე ნეტარმან ამან ყოველი სოფელი და თავიცა თჳსი მისცა და უსასყიდლოჲ იგი მარგალიტი, ქრისტჱ, მოიგო და სახელისათჳს მისისა იღუაწა ვიდრე სიკუდილადმდე.

 

ხოლო მეცხრესა წელსა მეფობისა კოსტაჲს, ძის-წულისა ჰერაკლეჲსსა, ეუწყა მას ყოველი, რაჲ იქმნა ჰრომს შინა; და აღივსო გულისწყრომითა და წარავლინა მჴედრობაჲ და ბრძანა, რაჲთა წმიდაჲ მარტინე და ნეტარი მაქსიმე აღმოიყვანნენ კოსტანტინეპოლეს. ხოლო მოიწინეს რაჲ ღირსნი იგი მამანი სამეუფოდ ქალაქად, ფრიადნი ტანჯვანი და შეურაცხებანი და გინებანი შეამთხჳნეს წმიდასა მარტინეს უღმრთოთა მათ, რომელთა ყოვლადვე არა მოიჴსენეს საუკუნოჲ იგი საშჯელი, ვითარცა თითოეულად წერილ არს ცხორებასა შინა წმიდისა მარტინესსა, და ექსორია-ყვეს იგი ბრძანებითა მეფისაჲთა ქერსონეთს. და მრავალნი სხუანიცა ებისკოპოსნი ჰრომთანი ტანჯნა უგუნურმან მან მეფემან. ხოლო წმიდაჲ მაქსიმე, მოიწინეს რაჲ კოსტანტინეპოლედ, დასლვასა ოდენ მზისასა მოიწინეს ორნი მეჴრმლენი და ათექუსმეტნი მკჳრცხლნი და განიყვანნეს იგინი ნავისაგან, მაქსიმე და მოწაფენი მისნი, შეურაცხებით, უჴამლონი, და განყვნეს ურთიერთას და შეაყენნეს კაცად-კაცადი თჳსაგან ადგილსა მას, რომელსა ექსოვიტ ეწოდების. და შემდგომად მცირედთა დღეთა აღიყვანნა იგინი პალატად პროტოსპათარმან მან, რომლისადა რწმუნებულ იყო დამარხვაჲ მათი. შეიყვანეს ნეტარი მაქსიმე წინაშე ოქროტაძრისა, სადა-იგი შეკრებილ იყვნეს მთავარნი და ჴელმწიფენი და ერი მრავალი, და წარმოადგინეს იგი წინაშე მთავართასა. ჰრქუა მას საკელარმან რისხვით და გულისწყრომით: ქრისტეანჱ ხარა? მიუგო წმიდამან: მადლითა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაჲთა ქრისტეანჱ ვარ. ჰრქუა მას საკელარმან: ნუ იყოფინ! არა მრწამს, თუ შენ ქრისტეანჱ ხარ. მიუგო მონამან ქრისტესმან: შენ არა გრწამს, გარნა ღმერთმან უწყის, ვითარმედ ჭეშმარიტად ქრისტეანჱ ვარ. ჰრქუა მას საკელარმან: უკუეთუ ქრისტეანჱ ხარ, რაჲსთჳს გძულს მეფჱ? მიუგო მონამან ღმრთისამან და ჰრქუა: ვინაჲ უწყი შენ, თუ მეფჱ მძულს, რამეთუ სიძულილი ზრახვაჲ და წესი არს შინაგანისა სულისაჲ, დაფარული, ვითარცა-იგი სიყუარულიცა; შენ უკუე სულისა ჩემისა განზრახვაჲ ვინაჲ უწყი? ჰრქუა მას საკელარმან: საქმეთაგან, რომელნი ჰქმნენ, საცნაურ იქმნა ყოველთა მიერ, ვითარმედ მოძულჱ ხარ მეფისაჲ და ყოვლისა სამეუფოჲსა მისისაჲ, რამეთუ შენ მხოლომან ეგჳპტჱ და ალექსანდრიაჲ და ხუთქალაქი და ტრიპოლჱ და აფრიკეთი სარკინოზთა მიეც. მიუგო წმიდამან მაქსიმე: და ვითარსახედ მივსცენ მე ეგე ყოველნი ქუეყანანი სარკინოზთა, გამოაჩინე და მამხილე. და წარმოადგინეს იოვანე, რომელი ყოფილ იყო ერისთავი აფრიკეთისაჲ, რომელი-იგი იტყოდა, ვითარმედ: უწინარეს ოცდაორისა წლისა პაპამან ღმრთივდაცულისა მეფისა ჩუენისამან უბრძანა ნეტარსა პეტრე პატრიკსა, რაჲთა აღიღოს მჴედრობაჲ და წარვიდეს ეგჳპტედ ბრძოლად სარკინოზთა; ხოლო პეტრე მიგიწერა შენ წიგნი, რამეთუ გულსავსე იყო შენდა მომართ და კაცად ღმრთისა გიწესდა და გკითხა: უკუეთუ ეწამებია წარსლვად? და მიუწერე შენ ესევითარი პასუხი, ვითარმედ: ნუ იქმ მაგას საქმესა, რამეთუ არა სთნავს ღმერთსა დღეთა ჰერაკლესთა და ნათესავისა მისისა მათ ქუეყანათა შეპყრობად. მიუგო მონამან ღმრთისამან: უკუეთუ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ შენი, დასტურად გაქუს წიგნი პეტრესი ჩემდა მოწერილი და ჩემი მისდა მიმართ; გამოიღე და წარიკითხონ, და თანამდებ ვარ სატანჯველისა. ჰრქუა მას ერისთავმან მან: წიგნები არა მაქუს, არცა მიხილავს წიგნი, გარნა მას ჟამსა ყოველნი მჴედარნი იტყოდეს ამას სიტყუასა. მიუგო მონამან ღმრთისამან მაქსიმე: მჴედართაგანი მაგას სიტყუასა არავინ იტყჳს, ვითარ შენ მარტოდ ცილსა სწამებ, გიხილავ სადაა ანუ მე შენ? მან ჰრქუა: ნუ იყოფინ, არასადა. მაშინ მიიქცა ნეტარი მაქსიმე სხუათა მათ მთავართა და ჰრქუა: სამართალი არს ესევითართა მოწამეთა და შემასმენელთა წარმოდგინებად? საჯეთ და განიკითხეთ, რამეთუ "რომლითაჲცა განკითხვითა განიკითხოთ, განიკითხნეთ; და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ" (მათ. 7,2), – თქუა უფალმან ჩუენმან. მაშინ წარმოადგინეს გიორგი ვინმე მაღუდაჲსი და თქუა, ვითარმედ: პირველ ცხრისა წლისა მოვიდა აბბა თომა ჰრომით და მითხრა, ვითარმედ თევდორე ჰრომისა პაპამან მიუწერა გრიგოლს პატრიკსა, ვითარმედ: ნუვისგან გეშინინ, რამეთუ მონამან ღმრთისამან მაქსიმე იხილა სიზმარი, ვითარმედ ცათა შინა დგა დასი ანგელოზთაჲ, ერთი აღმოსავალსა და ერთი დასავალს, და აღმოსავალისანი იგი იტყოდეს: კოსტანტინე მეფე ცხონდინ! და დასავლისანი იტყოდეს: გრიგოლ მეფე ცხონდინ! და განძლიერდეს ჴმანი იგი დასავლეთნი და აღმოსავლეთნი დადუმნეს. მაშინ ჴმა-ყო საკელარმან: მოგიყვანა ღმერთმან, მონაზონო, დაწუვად ქალაქსა ამას შინა ცეცხლითა. მიუგო მონამან ღმრთისამან: ვჰმადლობ ღმერთსა, რაჲთა განმწმიდოს მე ნებსითთა ბრალთაგან უნებლიეთთა სატანჯველთა მიერ, გარნა რასა იტყჳს სული წმიდაჲ პირითა დავით წინაჲსწარმეტყუელისაჲთა: "წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუვესა" (ფსალმ. 5,7). ჭეშმარიტად არა ჯერ-იყო ესევითართა სიტყუათა თქუმად სასმენელად ქრისტეანეთა და ესოდენთა ამათ მთავართა, არცა უტანჯველად დატევებაჲ ესევითარისა ტყუვილისა შემწმასნელთა ამათ სიტყუათა. ჯერ-იყო მაგის კაცისადა სიცოცხლესა გრიგოლისსა თხრობად მეფისა, რაჲთამცა აჩუენა ერთგულებაჲ, არა აწ, შემდგომად აღსრულებისა მისისა. აწ უკუეთუ თქუენცა ჯერ-გიჩს, სამართალი ესე არს, რაჲთა აიძულოთ პირველი იგი ცილისმწამებელი მოყვანებად პეტრე პატრიკისა, და ამან წარმოადგინენ აბბა თომაჲ და კაცად-კაცადმან შემწამოს: პეტრე წიგნი იგი მიწერილი გამოიღოს, და ნეტარსა პაპას ვჰკითხო და ვჰრქუა: თქუ, მამათმთავარო, გესმა ჩემგან ესევითარი სიზმარი? დაღაცათუმცა თქუა, თუ: ჰე, მესმა, არაჲვე იყო ჩემი ბრალი, არამედ მისი, უკუეთუ მიუწერა გრიგოლს; რამეთუ სიზმრისა ხილვაჲ უვნებელი საქმჱ არს და არავინ საბრალობელ არს სიზმრისათჳს; ნებსითთა საქმეთათჳს საბრალობელ იქმნების კაცი. მაშინ ტროილე მთავარმან ჰრქუა: მონაზონო, მოკიცხარი ხარა? ანუ არა უწყია, რომელსა ადგილსა მდგომარე ხარ? მიუგო წმიდამან მან: არავის ვეკიცხევ, არამედ უფროჲსად ვიგლოვ ცხორებასა ჩემსა, რომელ აქამომდე დავიმარხე ხილვად ესევითართა საქმეთა. ეტჳფანე პატრიკმან თქუა: უკუეთუ სიტყუანი ესე ცრუ არიან და არა ჭეშმარიტ, მართლიად იქმს, რომელ ეკიცხევს. კუალად საკელარმან ჰრქუა რისხვით წმიდასა მაქსიმეს: აწ უკუე, მონაზონო, ყოველნი ტყუვიან და შენ ხოლო იტყჳ ჭეშმარიტსა? მიუგო წმიდამან მაქსიმე: ჴელმწიფებაჲ გაქუს შენდობითა ღმრთისაჲთა ჴორცთა ჩემთა გინა თუ მოკლვად, გინა თუ ცხორებად; თჳნიერ ესე გრწმენინ: ვითარცა ეშმაკი არაოდეს იტყჳს ჭეშმარიტსა, რამეთუ უცხო არს ჭეშმარიტებისაგან, ეგრეთვე არცა ამათ კაცთა თქუეს სიტყუაჲ ჭეშმარიტი, რამეთუ მე მოწამედ მაცხოვარსა და დამბადებელსა ყოველთასა ქრისტეს მოვიყვანებ, ვითარმედ არაოდეს მიხილავს ესევითარი სიზმარი, არცა სხჳსა ვისგან მასმიეს, გარნა ამას ოდენ ჟამსა კაცისა ამისგან. კუალად მესამჱ ცილისმწამებელი წარმოადგინეს, თევდორე ვინმე, ძჱ კომსისაჲ, რომელსა ეწოდებოდა ქილა, და თქუა, ვითარმედ: ჰრომს ოდესმე ვეუბნებოდე და სიტყუაჲ მოვიღე მეფისათჳს, და ეკიცხევდა და ჰბასრობდა. მიუგო წმიდამან მაქსიმე: ნუ იყოფინ, ძმაო, არაოდეს უბნებულ ვარ შენდა, თჳნიერ ერთგზის, წინაშე ხუცისა თეოხარიტესსა, პრიმიკირიოზისათჳს; უკუეთუ მეფჱ ჴსენებულ არს მუნ, მიუწერონ ხუცესსა მას და, უკუეთუ წამოს, ვიპოვო მე ბრალეულ. მაშინ საკელარმან ჰრქუა კაცთა მათ ჰრომთა მთავართა: არქუთ მთავარსა, სამართალი არსა ესევითარისა კაცისა შენდობად საბრძანებელსა შენსა ყოფად? და ბრძანა განყვანებაჲ წმიდისა მაქსიმესი და შეყვანებად მოწფისა მისისა.

 

და ჰრქუა საკელარმან: რაჲსათჳს შეურაცხ-ყო და აგინა მოძღუარმან შენმან პიროსს პატრიაქსა? ხოლო ნეტარმან ანასტასიოს მიუგო ჴმითა მდაბლითა: არავინ ესრეთ პატივ-სცა პიროსს, ვითარ მოძღუარმან ჩემმან. ხოლო რომელ-იგი მდაბლითა ჴმითა მიუგო, ვითარცა ჯერ-არს მონაზონისა, განრისხნა საკელარი და ბრძანა ყურიმლის-ცემაჲ მისი; და მეყსეულად გუემეს ესოდენ, ვიდრეღა დაეცა ქუეყანად. და ბრძანა წარყვანებაჲ მათი საპყრობილედ. ხოლო მივიდოდეს რა, მიეწია მინა მონაზონი და ჰრქუა წმიდასა მაქსიმეს: წინაშე მთავართა მოგიყვანა ღმერთმან მაქსიმე აქა, რაჲთა მიიღო მისაგებელი საქმეთა შენთაჲ, ვითარ აცთუნებდი ერსა სწავლითა ოროგინესითა. მიუგო მონამან ღმრთისამან და ჰრქუა მას სასმენელად ყოველთა: შეჩუენებულმცა არს ოროგინე და წვალებაჲ მისი და ყოველი ზიარი მისი. ეტჳფანე პატრიკმან თქუა: დაიჴსნა, მინა მონაზონო, შესმენაჲ შენი, რამეთუ დაღათუმცა წვალებაჲ იგი ოროგინესი აქუნდა, ვინაჲთგან შეაჩუენა, განუთავისუფლებიეს თავი ესევითარისა მის ბრალობისაგან; მე, რომელ უწყი, მაგისთჳს შესმენასა არღარა შევიწყნარებ. და წარიყვანნეს იგინი თითოეული საპყრობილესა, სადა იყვნეს პირველ.

 

და ხვალისა დღე ტროილე პატრიკი და სერგი, ტრაპეზისა სამეუფოჲსა მთავარი, მივიდეს მონისა ღმრთისა მაქსიმესა და დასხდეს და უბრძანეს მასცა დაჯდომად და ჰრქუეს მას: მითხარ, მამაო, სიტყჳს-გებაჲ იგი, რომელი იქმნა შორის შენსა და პიროს პატრიაქისა აფრიკეთს და ჰრომს, და რომლითა სიტყჳთა დაარწმუნე მას შეჩუენებად თჳსისა შჯულისა და მოქცევად შენსა შჯულსა? ხოლო წმიდამან მაქსიმე მიუთხრა, რაოდენიცა აჴსოვდა და ჰრქუა მათ: მე ჩემი შჯული არა მაქუს, არამედ შჯული იგი კათოლიკე ეკლესიისაჲ, ქადაგებული წმიდათა მოციქულთაგან და ღმერთშემოსილთა მამათაგან, იგი მიპყრიეს და მას ვქადაგებ, რამეთუ არარაჲ მითქუამს ახალი სარწმუნოებაჲ, რაჲთამცა ჩემდად ეწოდებოდა. აღასრულეს რაჲ ესე თხრობაჲ, ჰრქუეს მას მთავართა მათ: აწ არა ეზიარებია საყდარსა კოსტანტინეპოლისასა? მიუგო წმიდამან მაქსიმე: ნუ იყოფინ! არა ვეზიარები. მთავართა ჰრქუეს: რომლისა მიზეზისათჳს არა ეზიარები? მიუგო წმიდამან მაქსიმე: ამისთჳს, რამეთუ კრებათა მათ წმიდათა ნიკიისა და კოსტანტინეპოლისა და ეფესოჲსა და ქალკიდონისასა წინააღუდგეს და უარ-ყვეს ალექსანდრიას დაწერილთა მით ცხრითა თავითა და ქარტითა მით, რომელი აქა სერგისის მიერ დაიწერა და რომელი-ესე ახლად აღიწერა განწესებაჲ გარდასრულსა მას მეექუსესა ინდიკტიონსა; რამეთუ რაჲ-იგი თქუეს ცხრათა მათ თავთა შინა, მეორესა მას ქარტასა შინა დაჰჴსნეს; და რაჲ-იგი ქარტასა შინა დაამტკიცეს, განწესებითა მით წინააღუდგეს და ერთმანერთი განკუეთნეს. აწ უკუე რომელნი-იგი ერთიერთისაგან განკუეთილ არიან და კრებისა მისგან, რომელი იქმნა ჰრომს მერვესა ინდიკტიონსა, შეჩუენებულ არიან და მღდელობისაგან განკუეთილ, ვითარსა ჟამისწირვასა აღასრულებენ, ანუ რომლისა სულისა მადლი მოვალს მათსა შესაწირავსა ზედა? მთავართა თქუეს: რაჲ არს უკუე, შენ ხოლო სცხონდები და ყოველნი წარწყმდებიანა? მიუგო წმიდამან მაქსიმე: არავინ განიკითხეს სამთა მათ ყრმათა, ოდეს-იგი ხატსა მას ოქროჲსასა არა თაყუანი-სცეს, რომელსა ყოველნი იგი ერნი თაყუანის-სცემდეს; რამეთუ არა სხუათა მათ ერთა საქმესა ხედვიდეს, არამედ ამას ეკრძალებოდეს, რაჲთა იგინი არა მიდრკენ ჭეშმარიტებისაგან. აწ უკუე მეცა არავის განვიკითხავ, არცა ვიტყჳ, თუ მე ხოლო ვცხონდები; უფროჲსად მრავალთა ბრალთა თანამდებად მაქუს თავი ჩემი, გარნა ამას ზედა მადლითა ღმრთისაჲთა ვიდრე სიკუდილადმდე აღვასრულებ, რაჲთა ვერ მამხილოს გონებამან ჩემმან, თუ სარწმუნოებასა შინა ღმრთისასა ვსცეთი რომლითაცა სახითა. მთავართა მათ თქუეს: რაჲ უკუე ჰყო, უკუეთუ ჰრომნი შეერთნენ კოსტანტინეპოლელთა, რამეთუ გუშინ მოვიდეს მოციქულნი ჰრომით და აჰა ესერა ხვალე, კჳრიაკესა, ეზიარებიან პატრიაქისგან, და საცნაურ იქმნების ყოველთა შორის, ვითარმედ შენ იყავ განდგომილებისა ჰრომთაჲსა მიზეზი, და ვინაჲთგან წარმოგიყვანეს შენ მიერ, შეერთნეს და დაემორჩილნეს იგინი ამას ეკლესიასა და ბრძანებასა მეფისასა. მიუგო წმიდამან მაქსიმე: არა მრწამს ესე, თუმცა ჰრომნი აქა მყოფთა შეერთნეს, უკუეთუ არა აღიარონ ამათ უფალი და ღმერთი ჩუენი იესუ ქრისტჱ ორითავე ბუნებითა, ღმრთეებისა და კაცებისა, რომელთაგან და რომელთა შინა და რომელ არს ორითა მით ბუნებითა მნებებელი და აღმასრულებელი ცხორებისა ჩუენისაჲ. მთავართა მათ თქუეს: უკუეთუ შეერთნენ ჰრომნი ამას ეკლესიასა, შენ რასა იქმ? მიუგო წმიდამან მაქსიმე: სულმან წმიდამან პირითა პავლე მოციქულისაჲთა ანგელოზთათჳსცა თქუა: "გინა თუ ანგელოზი ზეცით მოვიდესო და გახარებდეს თქუენ გარეშე მისა, რომელ გახარე, შეჩუენებულ იყავნ" (გალატ. 1, 8). აწ უკუე მე მართლისა სარწმუნოებისაგან არა მივსდრკები; ჰრომთა და ბერძენთა ერთობასა ანუ განწვალებასა არას ვზრუნავ. მერმე სხუაჲ მრავალი სიტყუაჲ ითქუა შორის მათსა და შევიდეს ძიებასა სიტყუათა წერილისათა და სიტყუათა საფილასოფოსოთა, და ყოველსავე უაღრეს ბუნებისა განუმარტებდა ღმერთშემოსილი იგი; და ფრიად განმხიარულდეს მთავარნი იგი და იტყოდეს: უწყის უფალმან, დიდად სარგებელ-გუეყო სიტყუაჲ შენი, მამაო, და ამიერითგან მოვიდოდით და გაწყინებდეთ.

 

სერგი მთავარმან თქუა: მრავალგზის მოსრულ ვარ მე სენაკსა შენსა, ოდეს-იგი სჯედ ვესას, და მესმინ სწავლაჲ შენი; და ნუ მწუხარე ხარ, ღმერთმან უმჯობესი ყოს. ამით ერთითა ჯერითა შეაწუხებ ყოველთა, რომელ მრავალნი ერნი შენ ძლით განეყენებიან ამის ეკლესიისაგან. მიუგო წმიდამან მაქსიმე: და არს ვინ, რომელმან თქუას, თუ მე ვარქუ არა ზიარებად, ვინაჲთგან აქა მოსრულ ვარ? სერგი თქუა: ესე მებრ, რომელ შენ არა ეზიარები, ამით ჯერითა ჴმამაღლად ეტყჳ ყოველთა არა ზიარებად. მიუგო ნეტარმან მაქსიმე: უფალო ჩემო, არარაჲ არს უმძლავრეს შინაგანისა გონებისა მხილებასა, და არარაჲ არს ესრეთ განსასუენებელ, ვითარ ოდეს-იგი გონებაჲ ეწამებოდის. ამისთჳს შეუძლებელ არს ჩემგან მხილებასა გონებისასა შთავრდომად. ტროილე პატრიკმან თქუა: სამართალი არსა ესე, რომელ განწესებაჲ იგი, ღმრთისმსახურისა მეფისა ჩუენისა მიერ დაწერილი, შეიჩუენების ყოველსა დასავლეთისა ქუეყანასა? არა შეურაცხებაჲ არსა ესე მეფისაჲ? მიუგო ნეტარმან მაქსიმე: ღმერთმან შეუნდვენ, რომელთა აწჳეს მეფესა დაწერად განწესებაჲ იგი და რომელ ეწამნეს და დაამტკიცეს. ტროილე თქუა: ვინ არიან, რომელთა აწჳეს, ანუ რომელნი ეწამნეს და დაამტკიცეს? მიუგო მონამან ღმრთისამან: ეპისკოპოზთა აწჳეს და მთავარნი ეწამნეს და დაამტკიცეს, და აჰა ესერა ბრალობაჲ ბრალეულთაგან უბრალოსა ზედა მივიდა. ამას ზედა მთავართა მათ თავები მოიდრიკეს და თქუეს: ყოვლით კერძო ძნელ არს და უღონო. მერმე მოიკითხეს ლმობიერად ნეტარი იგი და წარვიდეს მხიარულად.

 

ხოლო მომავალსა შაბათსა კუალად აღიყვანნეს იგინი პალატად და განჰმზადეს სამშჯავროჲ. მუნ იყვნეს ორნი პატრიაქნიცა – კოსტანტინეპოლელი და ანტიოქელი. და შეიყვანეს პირველად მოწაფჱ წმიდისა მაქსიმესი და წარმოადგინეს კოსტანტინე ვინმე და მინა, შემასმენელნი ბერისანი, და აიძულებდეს ანასტასიოსს, მოწაფესა მისსა, რაჲთა თანაეწამოს სიტყუათა მათ შესმენისათა. ხოლო მან კადნიერებით მიუგო მთავართა მათ და ჴელმწიფეთა: სამართალი არსა ამის კოსტანტინესი სამეუფოჲსა პალატისა სამშჯავროსა წარმოდგინებაჲ? ეგე არცა ხუცესია, არცა მონაზონი, არამედ ერისკაცად მროკველად იციან ეგე ჰრომმან და აფრიკეთმან, და მუნ იქცეოდა; თანა ჰყვეს დედანი, იგინიცა მროკველნი; და მანქანებანი მისნი, რომელნი აჩუენა სივერაგისა თჳსისა დაფარვად, ყოველთა მიერ საცნაურ იქმნა, რამეთუ ოდესმე იტყჳნ, დანი არიანო ჩემნი, ოდესმე იტყჳნ, ამისთჳს გამოვიყვანენო სამეუფოჲთ, რაჲთა არა ეზიარნენ ეკლესიასა კოსტანტინეპოლისასა წვალებისა მისთჳს; და ამიერითგანცა, უკუეთუ სადა დააკლდეს შუებაჲ და მთრვალობაჲ, კუალად წარვალს სხუასა ქუეყანასა, სადა არა იცნობდენ, და ეგევითართავე საქმეთა იქმს ანგაარებისათჳს და ბოროტისა გულისთქუმისა. და დიდი სირცხჳლი არს წინაშე პატიოსანთა კაცთა წარმოდგინებაჲ მაგისი. კუალად უკუე ჰკითხეს მთავართა: შენ უკუე თქუ, განწესებაჲ იგი, აღწერილი კეთილად მძლისა მეფისა მიერ, ოდეს ჰრომს შეაჩუენეს, შენცა შეაჩუენეა? მიუგო უშიშად და თქუა: არა სიტყჳთ ხოლო შევაჩუენე, არამედ ჴელის-წერილიცა დავწერე შეჩუენებისაჲ. ჰრქუეს მას მთავართა: და აწ არა აღიარება, ვითარმედ ცთომით ჰქმენ საქმჱ ეგე და ითხოვ შენდობასა? ანასტასიოს თქუა: ნუ ყოს ღმერთმან, რაჲთამცა რომელი-იგი კეთილად ვქმენ და წესსა ზედა ეკლესიისასა, შევინანემცა და ვთქუ, თუ ცთომით ვქმენ. მრავალი უკუე სიტყუაჲ ჰკითხეს მას და ყოვლისა პასუხი კეთილად მისცა, ვითარცა ღმერთმან გულად მოუვლინა. განიყვანეს იგი სამშჯავროჲთ და შეიყვანეს ბერი.

 

და ჰრქუა მას ტროილე: იხილე, ბერო, ყოველი ჭეშმარიტი თქუ, და ყოს მეუფემან შენ თანა წყალობაჲ. უკუეთუ კულა წესისაებრ საბჭოჲსა განგიკითხოთ და იპოის შესმენათა ამათ შენთაგან ერთიცა ჭეშმარიტი, თანამდებ ხარ სიკუდილისა. მიუგო წმიდამან მაქსიმე და ჰრქუა: პირველცა ვთქუ და აწცა ვიტყჳ: ვითარცა ეშმაკი ჭეშმარიტსა არაოდეს იტყჳს, ეგრეთვე სიტყუათა ამათგან, რომელ მწამებენ, ჭეშმარიტი არცა ერთი არს. აწ უკუე რაჲცა გნებავს, ქმენით. მე ვინაჲთგან ღმერთსა აღვიარებ და ვჰმონებ, რაჲცა შემემთხჳოს, არაჲ სავნებელ არს ჩემდა. ჰრქუა მას ტროილე: განწესებაჲ მეფისა მიერ დაწერილი არა შენ შეაჩუენეა? მიუგო ნეტარმან მან: ჰე, ვითარცა მრავალგზის ვთქუ, შევაჩუენე. ტროილე თქუა: განწესებაჲ იგი თუ შეაჩუენე, მეფჱ შეგიჩუენებია. მიუგო მონამან ღმრთისამან: მე მეფჱ არა შემიჩუენებიეს, არამედ ქარტაჲ შევაჩუენე, უცხოჲ მართლისა სარწმუნოებისაჲ. ჰრქუა მას ტროილე: სადა შეაჩუენეთ? მიუგო წმიდამან მაქსიმე: ჰრომს, ეკლესიასა მაცხოვრისასა, და კუალად ტაძარსა წმიდისა ღმრთისმშობლისასა. ჰრქუა მას ეპარხოსმან: ეზიარებია ეკლესიასა კოსტანტინეპოლისასა ანუ არა? მიუგო წმიდამან მაქსიმე: ნუ იყოფინ! არა ვეზიარები. ეპარხოსმან თქუა: რაჲსათჳს არა ეზიარები? მიუგო ღირსმან მან: რამეთუ წმიდანი კრებანი განყარნა. ჰრქუა მას ეპარხოსმან: უკუეთუ წმიდანი კრებანი განყარნა, ვითარ მოსაჴსენებელთა შინა წერილ არიან, და ოდესცა პატრიაქი ჟამსა წირვიდეს, იჴსენებიან ჴმამაღლად? მიუგო მონამან ღმრთისამან: და რაჲ სარგებელ არს სახელთა ჴსენებაჲ, ვინაჲთგან სარწმუნოებაჲ მათ მიერ დამტკიცებული განაგდეს ამის ეკლესიისაგან? მაშინ ჴმა-ყო ერთმან ხუცესთაგანმან: მოგაგო ღმერთმან, რაჲ-იგი აჩუენე ნეტარსა პიროსს. არარაჲ გასცა მას პასუხი ნეტარმან მან. ჰრქუა საკელარმან წმიდასა მაქსიმეს: რაჲსათჳს გიყუარან ჰრომნი და ბერძენნი გძულან? მიუგო მონამან ღმრთისამან: მცნებაჲ მოგჳღიეს, რაჲთა არავინ მოვიძულოთ კაცთა შორის; აწ უკუე ჰრომნი მიყუარან, რამეთუ ერთ ვართ სარწმუნოებითა, და ბერძენნიცა მიყუარან, რამეთუ ერთენანი ვართ. საკელარმან თქუა: რაოდენისა წლისა ხარ შენ? მიუგო ნეტარმან მან: სამეოცდაათხუთმეტისაჲ. ესე ყოველი და სხუაჲ მრავალი თქუეს; ხოლო პატრიაქთაგანმან არცა ერთმან რაჲ თქუა ყოვლადვე. ვინაჲთგან უკუე ყოვლით კერძო შეაჭირვეს და ვერ უძლეს მართლისა სარწმუნოებისაგან შერყევად, განზრახვაჲ ყვეს ებისკოპოსთა პატრიაქისა თანა და არწმუნეს მეფესა, რაჲთა წარავლინნეს ნეტარი მაქსიმე და მოწაფენი მისნი ექსორიობასა ფიცხელსა და უწყალოსა, განყოფილად ურთიერთას.

და გამოვიდა ბრძანებაჲ, რაჲთა ექსორია-ყონ ნეტარი მაქსიმე ვიზოჲ ქალაქსა მაკედონისასა, თრაკსა; და მოწაფენი მისნი – ერთი მესიმბრიას და ერთი პერვერისს, რომელ-იგი დასასრული არს ბერძენთა საზღვრისაჲ, ადგილი ფიცხელი და უნაყოფოჲ. ესრეთ განყვნეს ნეტარნი იგი მამანი ურთიერთას და ექსორია-ყვნეს. და იყოფოდეს შიშუელნი და მშიერნი, არარაჲ სადაჲთ აქუნდა ნუგეშინის-ცემაჲ, არამედ სასოებაჲ ხოლო ღმრთისაჲ. ვინ უკუე აღრაცხოს, საყუარელნო, უფსკრული იგი სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისაჲ, რომელ მიჰმადლა ღმერთმან მონასა თჳსსა მაქსიმეს; რამეთუ იყოფოდა რაჲ ექსორიობასა მას შინა, ესოდენნი აღწერნა სწავლანი და განგებანი, ვიდრეღა ყოველსა სოფელსა განეფინნეს სიტყუანი მისნი საღმრთონი და შუენიერნი; რამეთუ იყო იგი, ვითარცა ზემო წერილ არს, ჭეშმარიტად ახალი ოქროპირი. ვინ არა განკჳრდეს სათნოსა მას და სულიერსა მოქალაქობასა მისსა, მარხვასა მას ბუნებისა უაღრესსა, მღჳძარებასა ანგელოზთა მსგავსსა, სიმშჳდესა სრულსა, სიმდაბლესა გონებისასა უმეტეს ყოველთასა, სიწმიდესა გულისასა ბრწყინვალესა, ლმობიერებასა ყოველთა მიმართ; ხოლო გონებისა მისისა ღმრთისა მიმართ ხედვაჲ და გულისხმის-ყოფაჲ და წურთაჲ გულისა არარაჲთ უდარეს იყო უჴორცოთა წესსა, რამეთუ ესოდენთა მათ შრომათა და ტანჯვათა შინა და ჭირთა ექსორიობისათა და სიბერესა ფრიადსა, რამეთუ ოთხმეოცდაათისა წლისაჲ აღესრულა, და არაოდეს უდებ იქმნა არცა დაჰჴსნა მოღუაწებაჲ, არცა გონებისა წურთაჲ და ხედვაჲ, და იყო მის ზედა უხუებით მადლი სულისა წმიდისაჲ. ამისთჳსცა მდინარენი საღმრთოთა სწავლათანი აღმოეცენებოდეს პირით მისით, და გამოთარგმნა ყოველივე ძუელისა და ახლისა წერილისაჲ, რომელიცა იპოებოდა ღრმაჲ და ძნიად გულისხმის-საყოფელი სიტყუაჲ, ყოველი განჰმარტა, რომელიმე მარტივად, რომელიმე სახისმეტყუელებით; ეგრეთვე ღრმანი იგი სიტყუანი დიდისა დიონოსიოს არეოპაგელისანი, რომელმან-იგი აღწერა ზეცისა მჴედრობათათჳს და ეკლესიისა წესთათჳს, შუენიერად განჰმარტნა, რამეთუ ფრიად იყო სიღრმჱ და დაფარულებაჲ ძალისა მათისაჲ. ეგრეთვესახედ წმიდისა გრიგოლ ღმრთისმეტყუელისა თქუმულთა შინა, რომელიცა იყო ძნიად საცნობელი, თითოეულად თარგმნა და სხუანი წერილნი მრავალნი განგჳმარტნა. ხოლო თავით თჳსით კუალად დიდნი სწავლანი და სარგებელნი სულისანი აღწერნა, და წმიდისაცა ჟამისწირვისა და დიდებულთა მათ საიდუმლოთა სახისმეტყუელებაჲ აღწერა, და კუალად მონაზონთა მიმართ და ყოველთა ქრისტეანეთა სწავლანი თავთავოანნი, ყოველნივე სავსენი სიბრძნითა საღმრთოჲთა, ყოველნივე მადლითა სულისა წმიდისაჲთა შემკობილნი. კუალად უკუე პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.

 

წარიყვანეს რაჲ ნეტარი მაქსიმე ექსორიობად ვიზოის, შემდგომად მცირედთა დღეთა მიავლინნა მისა პეტრე პატრიარქმან ხუცესნი ეკლესიისანი, ფრიად სწავლულნი. და მიიწინეს რაჲ სავანესა მას, მოიკითხეს იგი და დასხდეს და ესრეთ იწყეს სიტყუად: ღმრთივდიდებულმან და ყოვლისა სოფლისა მამათმთავარმან პეტრე პატრიარქმან მოგუავლინნა შენდა მომართ და ესრეთ მოგიმცნებს: რომლისა ეკლესიისა ხარ, ბიზანტიისაჲ, ანუ ჰრომისაჲ, ანუ ანტიოქიისაჲ, ანუ ალექსანდრიისაჲ, ანუ იერუსალჱმისაჲ? რამეთუ აჰა ესერა ამათ ყოველთა, ერითურთ მათით, ერთობაჲ ქმნეს და ერთსა ზრახვასა და ერთსა სარწმუნოებასა ზედა შეითქუნეს; აწ უკუეთუ შენცა კათოლიკე ეკლესიისა შვილი ხარ, შემოგუერთე, ნუუკუე გეპყრას გზაჲ უცხოჲ ყოველთა ეკლესიათაგან და შეგემთხჳოს, რომელსა არა მოელი და წარსწყმიდნე შრომანი შენნი, და სიბრძნჱ ეგე და სწავლულებაჲ შენი არარას გერგოს, და გამოეთხოვო ორსავე ცხორებასა. მიუგო ნეტარმან მან პასუხი, შემსგავსებული სიბრძნისა და ღმრთისმსახურებისა მისისაჲ: კათოლიკე ეკლესიად მართლაღსაარებასა სახელისა მისისასა უწოდა მაცხოვარმან, ოდეს-იგი ნეტარებაჲ მისცა ნეტარსა მოციქულსა პეტრეს და თქუა: "ამას კლდესა ზედა, – ესე იგი არს მართლაღსაარებასა, – აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათ. 16,18). აწ უკუე მაუწყეთ, თუ რომელსა პირსა ანუ რომელსა სიტყუასა ზედა იქმნა ერთობაჲ ეგე, და უკუეთუ კეთილად იქმნა, არცა მე უცხო ვიქმნე მართლისა წესისაგან. მიუგეს ხუცესთა მათ და ჰრქუეს: დაღაცათუ არა გუაქუს ამის ჯერისათჳს ბრძანებაჲ, გარნა გაუწყოთ, რაჲთა მიზეზი არცა ერთიღა გაქუნდეს. ესრეთ ვიტყჳთ, ვითარმედ: ორნი იგი ნებანი და საქმენი ქრისტესნი ერთ იქმნეს; ამისთჳს ერთსა ნებასა და საქმესა ქადაგებს ეკლესიაჲ ჩუენი. მიუგო წმიდამან მაქსიმე: ორნი იგი ერთ იქმნეს, ანუ სხუაჲ ნებაჲ და საქმჱ იქმნა? ჰრქუეს მოვლინებულთა მათ: ორნი იგი ერთ იქმნეს. მიუგო წმიდამან მაქსიმე: რადღა საჴმარ არს მრავალი სიტყუაჲ, ესერა სიტყუამან თქუენმან გამოაჩინა, ვითარმედ არაარსი სარწმუნოებაჲ მოგიპოებიეს; რამეთუ სთქუთ, თუ ორნი ერთად შეიერთნეს. პირველად იტყჳთ ორსა და მერმე ერთსა, რაჲთა არცაღა ორობაჲ ჩნდეს, არცა ერთობაჲ ნებათა და საქმეთაჲ, და აჩუენებთ სრულიად უსაქმოდ, რომელსა ზედა ამას ქადაგებთ; რამეთუ მამანი ესრეთ იტყჳან: ვინაჲცა არა იყოს ბუნებითი საქმჱ უცვალებელი და შეურყეველი, მუნ არსებაჲ ყოვლადვე არა არს, რამეთუ არა აქუს საქმჱ გამომაჩინებელი არსებისაჲ. ხოლო მე ამის სიტყჳსა შეწყნარებაჲ არა ჴელ-მეწიფების, არამედ აღვიარებ ქრისტესა ორითა ნებითა და ორითა საქმითა, რამეთუ არცა ერთი ორთა მათ ბუნებათა მისთაგან იყო უვნებელ და უსაქმო. ესე ესრეთ მისწავიეს წმიდათა მამათაგან; თქუენ რაჲ გნებავს, ქმენით ჩემ ზედა. ჰრქუეს მას მოვლინებულთა მათ: აწ უკუე ისმინე, რაჲ წინაგიც: უბრძანებენ მეფჱ და პატრიაქი მოციქულთა ჰრომისათა, რაჲთა დადგენ ყოვლითურთ ერით და შეგაჩუენონ, უკუეთუ მაგას ურწმუნოებასა ზედა ეგო, და შემდგომად შეჩუენებისა გამოვალს განჩინებაჲ მოკლვისა შენისაჲ. წმიდამან მაქსიმე თქუა: რაჲ-იგი განგებულ არს ღმრთისა მიერ ჩემთჳს საუკუნითგანვე, აღესრულენ სადიდებელად სახელისა მისისა. ამას ზედა წარვიდეს ცუდად ბოროტისა მეტყუელნი იგი.

 

ხოლო შემდგომად სამისა წლისა ესმა მეფესა, ვითარმედ არა დასცხრების წმიდაჲ მაქსიმე მართლისა მის სარწმუნოებისა ქადაგებად. მიავლინნა მისა, ადგილსა მას ექსორიობისასა, თეოდოსი ებისკოპოსი კესარია ბითჳნიისაჲ და პავლე და თევდოსი იპატოსნი. ხოლო მიიწინეს რაჲ ნეტარისა მაქსიმესსა, მოიკითხეს და დასხდეს და აწჳეს მასცა დაჯდომად. იყო მათ თანა ებისკოპოზიცა ვიზოელი. ჰრქუა მას თევდოსი ებისკოპოსმან: ვითარ ხარ, მამაო? მიუგო წმიდამან მაქსიმე: ვითარცა განაწესა ღმერთმან საუკუნითგან ჩემთჳს წინაჲსწარმცნობელითა მით განგებითა მისითა, ეგრეცა ვარ. თევდოსი თქუა: ვითარ არს სიტყუაჲ ეგე, კაცად-კაცადისათჳს საუკუნითგან განუწესებია ღმერთსა? მიუგო წმიდამან მაქსიმე: ნეტარი მოციქული იტყჳს: "რომელნი-იგი წინაჲსწარ იცნნა, წინაჲსწარცა განაჩინნა" (რომ. 8,29). საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ვითარცა-იგი მეცნიერებაჲ მისი წინაჲსწარ არს, ეგრეთვე განჩინებაჲ დასაბამითგან არს. თევდოსი თქუა: სიტყჳსა მებრ მაგის ძალი რაჲ არს, თუ: "რომელნი წინაჲსწარ იცნნა, წინაჲსწარცა განაჩინნა" (რომ. 8, 29)? წმიდამან მაქსიმე ჰრქუა: წინაჲსწარცნობაჲ ჴელმწიფებასა შინა ჩუენისა მყოფთა საქმეთა და სიტყუათა და გულისზრახვათაჲ არს, ხოლო განჩინებაჲ – მოწევნადთათჳს ჩუენ ზედა, ჩუენდა უნებელად, ითქუმის. თევდოსი თქუა: რომელნი საქმენი არიან ჩუენსა ჴელმწიფებასა და რომელნი არიან ჩუენდა უნებელად, და ვითარ რომელნიმე წინაჲსწარმცნობელობასა ღმრთისასა მიაჩემენ და რომელნიმე წინაჲსწარგანგებასა? წმიდამან მაქსიმე თქუა: ჴელმწიფებასა შინა ჩუენისა არიან ყოველნივე, რომელნიცა ნებითა ჩუენითა იქმნებიან, გინა თუ კეთილნი საქმენი, გინა თუ ბოროტნი; ხოლო უნებელად ჩუენდა არიან ყოველნი მოწევნადნი ჩუენ ზედა ჭირნი და განსაცდელნი, ანუ მათნი წინააღმდგომნი; რამეთუ არცა სნებაჲ ჩუენსა ჴელმწიფებასა არს, არცა სიმრთელჱ, დაღაცათუ მიზეზნი სნებისა და სიმრთელისანი მრავალთგზის ჩუენგან იქმნებიან. უწესოებაჲ და უკრძალველობაჲ ჭამადთაჲ მიზეზი არს სენთაჲ და კრძალვით და წესიერად ჴუმევაჲ მომატყუებელ არს სიმრთელისაჲ; არამედ მოწევნანი იგი სენთანი გარეშე ნებისა ჩუენისა არიან, და სიმრთელე არავე ჩუენსა ჴელმწიფებასა არს, და სხუანიცა სოფლისა საქმენი: სიმდიდრჱ ანუ სიგლახაკჱ, დიდებაჲ ანუ შეურაცხებაჲ და სხუანი მსგასნი ამათნი. ხოლო ვითარცა-იგი ვთქუ, ვითარმედ სიმრთელჱ და სნეულებაჲ არა ჩუენსა ნებასა და ჴელმწიფებასა ზედა არს, გარნა მიზეზნი მათნი ჩუენ ზედა არიან, ეგრეთვესახედ არს სულიერიცა; რამეთუ სასუფევლისა ცათაჲსა მიზეზი არს დამარხვაჲ მცნებათა ქრისტესთაჲ, და ჯოჯოხეთისა მომატყუებელ არს გარდასლვაჲ მცნებათა მისთაჲ. თევდოსი თქუა: აწ უკუე ამისთჳს იტანჯებია შენ ამას ექსორიობასა, რომელ გიძღჳს რაჲმე, ღირსი ამის ჭირისაჲ? წმიდამან მაქსიმე თქუა: ვევედრები ღმერთსა, რაჲთა ესე ჭირი იყოს მოსაგებელად ყოველთა ცოდვათა ჩემთა და არღარა მას საუკუნესა მომაგოს. თევდოსი თქუა: არა მოვლენანა მრავალთა ზედა ჭირნი და მწუხარებანი გამოსაცდელად სიმჴნისა და სათნოებისა მათისა? წმიდამან მაქსიმე თქუა: გამოსაცდელად მოსლვაჲ ჭირთა და ურვათაჲ წმიდათაჲ არს და მართალთაჲ, რაჲთა გამოჩნდეს განსაცდელთა მიერ კეთილი და ახოვანი გონებაჲ მათი სოფელსა შინა, და ცნან კაცთა დაფარული იგი სათნოებაჲ მათი, ვითარცა იქმნა იობის და იოსების ზედა, რაჲთა განსაცდელთა მათ მიერ საცნაურ იქმნას ერთისა მის სიმჴნე და მოთმინებაჲ და მეორისაჲ მის სიწმიდჱ და ღმრთისმოშიშებაჲ; ეგრეთვე ყოველთა წმიდათა რომელნიცა ჭირნი შეემთხჳნეს ამას საწუთროსა, ამით ესევითარითა განგებულებითა შეემთხჳნეს, რაჲთა ჭირითა მით და უძლურებითა ჴორცთაჲთა დათრგუნონ ამპარტავანი იგი და განდგომილი ვეშაპი, რომელ არს ეშმაკი. ესე უკუე სახჱ, ვითარცა ვთქუ, წმიდათაჲ არს, ხოლო ცოდვილთა და ბრალეულთა კაცთა ზედა მოვლენ განსაცდელნი ოდესმე შესანდობლად ცოდვათა, უკუეთუ მადლობით შეიწყნარონ, და ოდესმე დამაყენებელად ცოდვათა; და კუალად, განწირულთა ზედა და წინააღმდგომთა ღმრთისათა მოიწევიან განსაცდელნი, რაჲთა იხილონ სხუათა და განეკრძალნენ. მრავალსახე არს უკუე და მრავალგუარი მოწევნაჲ განსაცდელთაჲ. თევდოსი თქუა: მეწამების ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ, ყოველივე კეთილად სთქუ და დიდად სარგებელ-მეყო სიტყუაჲ შენი, და მინდა, რაჲთამცა ესევითართა პირთათჳს მყოვარჟამ დაგიუბნე, არამედ ვინაჲთგან სხჳსა სახისათჳს მოსრულ ვართ შენდა მე და უფალნი ესე ჩემნი მთავარნი და ესოდენსა ამას სიშორესა გზისასა დამაშურალ ვართ, გევედრებით, შეიწყნარე სიტყუაჲ ჩუენი და მხიარულ-გუყვენ ჩუენცა და ყოველი სოფელი. წმიდამან მაქსიმე თქუა: რაჲ არს სიტყუაჲ ეგე, ანუ ვინ ვარ მე, რომელ თუ შევიწყნარო სიტყუაჲ თქუენი, ჩემ ძლით მხიარულ იქმნების ყოველი სოფელი? თევდოსი თქუა: უწყის ჭეშმარიტებამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესამან, რომელსა გეტყჳთ მე და უფალნი ესე ჩემნი, პირისაგან დიდებულისა პატრიაქისა და ღმრთისმსახურისა მეფისა გუასმიეს. წმიდამან მაქსიმე თქუა: ბრძანეთ, უფალნო ჩემნო, თქუთ, რაჲ-იგი მათგან გასმიეს. თევდოსი თქუა: გევედრების მეფე და პატრიაქი, რაჲთა გუაუწყო, თუ რომლისა მიზეზისათჳს არა ეზიარები საყდარსა კოსტანტინეპოლისასა. წმიდამან მაქსიმე თქუა: გაქუსა ამის ჯერისათჳს ბრძანებაჲ მეფისაჲ ანუ პატრიაქისაჲ? თევდოსი თქუა: არა ჯერ-არს, მამაო, ურწმუნოებაჲ ჩუენი, რამეთუ დაღაცათუ უღირს ვარ, გარნა ებისკოპოს მეწოდების, და უფალნი ესე ჩემნი დიდებულნი არიან და საკუთარნი მეფისანი, და სიცრუვით გამოცდად შენდა არა მოსრულ ვართ, ნუ იყოფინ! წმიდამან მაქსიმე თქუა: რომლითაცა სახითა მოსრულ ხართ, მე განცხადებულად გაუწყო, თუ რომლისა მიზეზისათჳს არა გეზიარები თქუენ, გარნა მიკჳრს, თუ რაჲსათჳს მკითხავთ; სხუამანცა ვინმე მკითხა მიზეზი ამის ჯერისაჲ, ხოლო თქუენ ყოველსავე მეცნიერ ხართ, რასა მკითხავთ? უწყით, რაოდენნი ახალნი და უცხონი წესნი შემოვიდეს მართლაღსარებასა ზედა სარწმუნოებისა ჩუენისასა გარდასრულთა ამათ წელთა. იწყო ალექსანდრიით ცხრათა მათ თავთა მიერ, რომელ დაწერნა კჳროზ, რომელ-იგი მიშუებითა ღმრთისაჲთა იქმნა წინამძღუარ მის ქალაქისა, და უჯერონი იგი ცხრანი თავნი შეიწყნარნა საყდარმან კოსტანტინეპოლისამან და დაამტკიცნა, და სხუანი მრავალნი შეცვალებანი წმიდათა მამათა მიერ დამტკიცებულთა წესთანი ქმნნეს წინამძღუართა მათ კოსტანტინეპოლელთა, სერგიოს და პიროს და პავლე, და ესევითარნი-იგი უწესონი შეცვალებანი სარწმუნოებისანი ყოველმან სოფელმან უწყის. ამის მიზეზისათჳს არა ვეზიარები ეკლესიასა კოსტანტინეპოლისასა. აწ უკუე დამაბრკოლებელნი იგი მიზეზნი განყარნენ მათ თანა, რომელთა მოიპოვნეს, და ყოველი ეკალი და კუროჲსთავი და ყოველი ღუარძლი წვალებისაჲ აღმოჰფხურან და მართალსა მას და წრფელსა გზასა სახარებისასა ვიდოდინ, და მეცა უეჭუელად შეუდგე მათ. ვიდრემდის კულა ბოროტთა მათ ღუარძლთა, დათესულთა ეკლესიასა შინა, და მთესვართა მათთა შეიტკბობენ, არარაჲთა სახითა ეგების ჩემი მათ თანა ზიარებაჲ. თევდოსი თქუა: და რასა წვალებასა ვიტყჳთ, რომელ არა არს ღონჱ, რაჲთამცა გუეზიარე? წმიდამან მაქსიმე თქუა: ერთსა ნებასა და საქმესა იტყჳთ ღმრთეებისა და კაცებისასა, ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, და შეჰრევთ ღმრთისმეტყუელებისა და განკაცებისა სიტყუასა; რამეთუ წმინდანი მამანი ეგრეთ იტყჳან: რომელთაჲცა საქმჱ ერთი არს, ბუნებაჲცა ერთ არს. საცნაურ არს მისგან: ვინაჲთგან ერთსა ნებასა და საქმესა იტყჳთ, ერთსა ბუნებასა იტყჳთ შერეულსა და ოთხობასა იქმთ წმიდისა სამებისასა. თევდოსი თქუა: შეერთებისათჳს ორთავე მათ ერთად, განგებით ჟამსა შინა ქმნილსა საქმესა, ნუ შჯულად დაამტკიცებ. წმიდამან მაქსიმე თქუა: უკუეთუ არა მტკიცედ შჯულად გაქუს დაწერილი იგი განწესებაჲ, რომელსა შინა ერთი ნებაჲ და ერთი საქმჱ განაწესეთ, უკუეთუ არა მტკიცედ გაქუს, რომლისა მიზეზისათჳს მიმეცით მე ჴელთა წარმართთასა, რომლისა მიზეზისათჳს დავისაჯე მე ვიზოჲს მკჳდრობად, და ძმანი ჩემნი – ერთი პერვერს და მეორჱ მესიმბრიას, რაჲსათჳს განვიყვენით ურთიერთას, ვითარცა ძჳრისმოქმედნი ანუ მძლავრნი ვინმე? თევდოსი თქუა: უფალმან უწყის, ოდეს დაიწერა განწესებაჲ იგი, მაშინვე ვთქუ და აწცა ვიტყჳ, ვითარმედ უჯეროდ იქმნა და სავნებელად მრავალთა. ხოლო მიზეზი დაწერისა მისისაჲ იქმნა სიტყჳს-გებაჲ მორწმუნეთაჲ ურთიერთას ნებათათჳს და საქმეთა; და ამისთჳს, რაჲთა დასცხრეს სიტყჳს-გებაჲ და ცილობაჲ მათი, აღწერეს განწესებაჲ იგი, რაჲთა ურთიერთას მშჳდობაჲ აქუნდეს და არღარა ითქუმოდინ ეგევითარნი სიტყუანი. წმიდამან მაქსიმე თქუა: და რომელმან მორწმუნემან კაცმან თავს-იდვას ესევითარი განგებულებაჲ, რომელი დაადუმებს სიტყუათა ჴმამაღლად ქადაგებულთა მოციქულთა მიერ და წინაჲსწარმეტყუელთა და მოძღუართა, ბრძანებითა და განგებითა ღმრთისა და მეუფისა ყოველთაჲსა? და აწ გულისხმა-ვყოთ, მღდელთმოძღუარო, თუ რაბამსა ბოროტსა მიიწევის საქმჱ ესე, რამეთუ უკუეთუ "ღმერთმან განაწესა ეკლესიათა შინა პირველად მოციქულნი, მეორედ წინაჲსწარმეტყუელნი, მესამედ მოძღუარნი" (1კორ. 12,28) დამამტკიცებელად მორწმუნეთა და ჰრქუა წმიდასა სახარებასა შინა მოწაფეთა და მათ მიერ ყოველსა სოფელსა: "რომელსა-ესე თქუენ გეტყჳ, ყოველთა ვეტყჳ" (მარკ. 13,37): "რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარებს; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს" (მათ. 10,40; ლუკ. 10,16). ამის სიტყჳსაგან საცნაურ არს, ვითარმედ რომელი არა შეიწყნარებდეს მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთა და მოძღუართა, არამედ შეურაცხ-ჰყოფდეს მათ მიერ განწესებულთა და დამტკიცებულთა სიტყუათა, თავადსა ქრისტეს შეურაცხ-ჰყოფს. და კუალად ესე გულისხმა-ყავთ: ღმერთმან აღადგინნა რჩეულნი თჳსნი: მოციქულნი, წინაჲსწარმეტყუელნი და მოძღუარნი დამამტკიცებელად და მასწავლელად მორწმუნეთა, ხოლო ეშმაკმან აღადგინა ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ცრუმოციქულნი და ცრუმოძღუარნი წინააღმდგომად ღმრთისმსახურებისა და ბრძოლად ძუელისა და ახლისა შჯულისა. ცრუ მოციქულად უკუე და წინაჲსწარმეტყუელად და ცრუმოძღუარად გულისხმა-ვჰყოფ მწვალებელთა, რომელთა ზრახვანი დრკუ არიან. აწ უკუე ვითარცა-იგი, რომელმან ჭეშმარიტნი მოციქულნი და წინაჲსწარმეტყუელნი და მოძღუარნი შეიწყნარნეს, ღმერთსა შეიწყნარებს, ეგრეთვე რომელმან ცრუმოციქულნი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ცრუმოძღუარნი შეიწყნარნეს, ეშმაკსა შეიწყნარებს; და რომელმან განდევნნეს წმიდანი უშჯულოთა და არაწმიდათა თანა, ისმინეთ ჭეშმარიტი და შემინდევით, ეგევითარი იგი ქრისტეს სდევნის. აწ უკუეთუ გამოვიძინეთ შეცვალებანი ესე მართლაღსარებისანი, რომელ იქმნნეს ამათ წელთა, ვპოვოთ, ვითარმედ ზემოწერილსა მას ბოროტსა მიიწევიან. იხილეთ, ნუუკუე მიზეზითა მშჳდობისაჲთა შფოთისა და განდგომილებისა ქადაგებად იპოვნეთ, რომელი-იგი განდგომილებაჲ წინამორბედად ანტისა ყოფად თქუა მოციქულმან. ესერა ყოველი ჭეშმარიტი გაუწყე, უფალნო ჩემნო. აწ უკუეთუ შესაძლებელ არს, რომელ ესე ყოველი მაქუნდეს დაწერილი ფიცართა გულისა ჩემისათა და შევიდე ეკლესიასა, რომელსა შინა ესე წესნი იქადაგებიან, და ვიქმნა ზიარ მდევართა და შეურაცხმყოფელთა ღმრთისათა? ნუ ყოს ესე ჩემ ზედა უფალმან, რომელი-იგი ჩემთჳს მსგავს ჩემდა იქმნა, თჳნიერ ცოდვისა. რამეთუ კეთილთა საქმეთა სრულებასა არა ეძიებს ყოველთაგან ღმერთი, არამედ ნაკლულევანებასა სათნოებათასა შეგჳნდობს წყალობით, უკუეთუ ოდენ სრულიად არა ცარიელ ვიყვნეთ კეთილთა საქმეთაგან, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: "სახლსა მამისა ჩემისასა მრავალ სავანე არიან" (იოან. 14,2); და მოციქული იტყჳს: "ვითარცა ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა, ეგრეთ იყოს აღდგომაჲ მკუდართაჲ" (1 კორ. 15,41-42). ესე სიტყუანი თითოსახეთა მოქალაქობათათჳს თქუმულ არიან, რამეთუ რომელნიმე უმეტჱს მოღუაწე არიან და რომელნიმე უდარჱს, ხოლო სარწმუნოებისაჲ ესე წესი არა არს, არამედ ყოველსა ქუეყანასა მართლაღსარებაჲ სრული თანააც, რაჲთა ყოველივე ნაკლულევანებაჲ არა იყოს. უკუეთუ კნინოდენი შეემთხჳოს ნაკლულევანებაჲ და განდრეკილებაჲ სარწმუნოებისაჲ, ყოველივე წარუწყმედიეს ესევითარსა მას და დაუქცევიეს სული თჳსი. ესე ჩემგან შეუძლებელ არს, რაჲცა გნებავს, ქმენით ჩემ ზედა, მე შემწყნარებელთა წვალებისათა არა ვეზიარები. ესმა რაჲ ესე ყოველი ებისკოპოზსა მას და მთავართა, განკჳრდეს და მოიდრიკეს თავები ქუე და დადუმნეს მყოვარჟამ. მერმე მიუგო თეოდოსი ებისკოპოსმან და ჰრქუა ნეტარსა მას: ჩუენ სამნივე თავსმდებ ვართ ამას ზედა: უკუეთუ შენ ეზიარო, აღიღოს მეფემან განწესებაჲ იგი ეკლესიისაგან. წმიდამან მაქსიმე თქუა: რაჲ-იგი კრებითა მრავლითა ებისკოპოსთაჲთა დაამტკიცეს და დაწერეს სერგიოს, პიროს და პავლე – ერთისა ნებისა და ერთისა საქმისა დამტკიცებაჲ – ვითარ განიკურნოს? თევდოსი თქუა: იგი ქარტაჲ ჩამოიჴსნა და დადუმნა. წმიდამან მაქსიმე თქუა: კედლისაგან ჩამოიჴსნა, გარნა გულთა შინა ყოველთასა არს, და მწერალნი მისნი და გამომეტყუელნი იჴსენებიან ეკლესიასა შინა. აწ უკუე რაჲცა ჰრომისა კრებამან წესიერად და შჯულიერად დაამტკიცა, აღასრულონ კოსტანტინეპოლისა ეკლესიასა, და შუაკედელი დაჴსნილ არს, და ყოველნი შეუორგულებელად ვეზიარნეთ. თევდოსი ებისკოპოსმან თქუა: ღმერთმან უწყის, ვერარას ვჰპოვებ საბრალობელსა შენსა, არამედ მოგუეც განზრახვაჲ, გევედრებით, უკუეთუ შესაძლებელ არს ესე ყოფად. წმიდამან მაქსიმე თქუა: რაჲ განზრახვაჲ მოგცე? უკუეთუ ენებოს მეფესა და პატრიაქსა მიმსგავსებად სიმდაბლესა ქრისტესსა, და მიუწერონ წიგნები ლმობიერი ჰრომისა პაპსა და ყონ ერთობაჲ, და დაემტკიცოს მართალი სარწმუნოებაჲ ურთიერთას წამებითა, და მერმე მეცა თქუენ თანა ვარ. თევდოსი თქუა: დასტურად ეგე ეგრეთ იქმნას, გარნა ყავ ჩემ თანა აღთქუმაჲ, რაჲთა უკუეთუ მე წარმავლენდენ, შენცა მოხჳდე. წმიდამან მაქსიმე თქუა: უმჯობჱს არს, რაჲთა წარიყვანო ძმაჲ იგი ჩემი, რომელ არს მესიმბრიას, რამეთუ მან ენაჲცა ჰრომული კეთილად იცის და ყოველთა მათ დიდი აქუს მისა მიმართ სიყუარული, რამეთუ მრავალი შრომაჲ თავს-უც მართლისა სარწმუნოებისათჳს. თევდოსი თქუა: მრავალგზის სიტყჳს-გებაჲ ქმნილ არს შორის ჩუენსა და არა სათნო-მიჩნს მის თანა წარსლვად. წმიდამან მაქსიმე თქუა: უკუეთუ სათნო-იჩინონ მეფემან და პატრიაქმან კეთილისა ამის საქმისა ქმნაჲ და ესრეთ ჯერ-იჩინონ, რაჲთა მეცა წარმოგყვე ჭეშმარიტებისათჳს და საღმრთოჲსა საქმისათჳს, არა უდებ ვიქმნა მოსლვად. ამათ სიტყუათა ზედა აღდგეს სიხარულით და ლმობიერად და ყვეს ლოცვაჲ მუჴლთმოდრეკით, და კაცად-კაცადმან ამბორ-უყო წმიდასა სახარებასა და პატიოსანსა ჯუარსა და ხატსა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა და წმიდისა დედუფლისა ღმრთისმშობელისასა. და თევდოსი ებისკოპოსმან და ორთა მათ იპატოსთა ჴელნი დაასხნეს წმიდა სახარებასა და წმიდათა ხატთა დასამტკიცებელად სიტყუათა მათ; და კუალად დასხდეს და წარმოიღეს სიტყუაჲ სათნოებათათჳს და საღმრთოჲსა მოქალაქობისა, და მრავალი სწავლაჲ სულიერი წარმოუთხრა ნეტარმან მაქსიმე აღსრულებისათჳს მცნებათა ღმრთისათა, და აღივსნეს სიხარულითა შუენიერისა მის სწავლისათჳს.

 

ხოლო ოდეს-იგი მოიკითხეს წმიდაჲ მაქსიმე და წარვიდოდეს, თევდოსი იპატოსმან თქუა: აჰა ესერა ჩუენ ყოველივე კეთილად განვიზრახეთ, არამედ ამას ოდენ იჭუეულ ვარ, უკუეთუ თავს-იდვამცა მეფემან სავედრებელისა წიგნისა მიწერად პაპაჲსა და თავსა თჳსსა ბრალეულ-ყოფად. წმიდამან მაქსიმე თქუა: უკუეთუ შეიმოსოს სიმდაბლჱ ქრისტჱსი და ინებოს ცხორებაჲ სულისა თჳსისაჲ და ყოვლისა ერისა თჳსისაჲ, რაჲსათჳს არა ქმნას საქმჱ საღმრთოჲ? უფროჲსღა მოიჴსენოს, ვითარმედ უკუეთუ ბუნებით მაცხოვარმან და ყოვლისავე შემძლებელმან ღმერთმან, ინება რაჲ ცხორებაჲ კაცთაჲ, თავი თჳსი დაიმდაბლა და ესრეთ გუაცხოვნნა, ვითარ ეგების თუმცა კაცმან, რომელსა ვერ ჴელ-ეწიფების თავით თჳსით ცხორებაჲ, არამედ ღმრთისაგან ეძიებს, შეუძლომცა ანუ თავისა თჳსისა, ანუ სხუათა სულთა ცხოვნებად, უკუეთუ არა დაიმდაბლოს თავი თჳსი მსგავსად მაცხოვრისა მის და მეუფისა ყოველთაჲსა. თევდოსი იპატოსმან თქუა: ვესავ ღმერთსა, უკუეთუ მშჳდობით მიმაწიოს მეფესა, ესე მებრ სიტყუაჲ, რომელ აწ სთქუ, ვჰრქუა, და დაირწმუნოს ქმნად კეთილისა. ესრეთ მოიკითხეს ურთიერთას და წარვიდეს. ხოლო ებისკოპოსმან მისცა წმიდასა მაქსიმეს საფასე ნიჭებული მეფისაგან და ჩოჴაჲ და საჴმარნი. და მიიწინეს რაჲ სამეუფოდ ქალაქად, და აუწყეს მეფესა და პატრიაქსა ყოველივე, რაჲცა ეთქუა ნეტარსა მაქსიმეს.

 

ამისსა შემდგომად, თუესა სეკდენბერსა რვასა, მიიწია ვიზოის პავლე იპატოსი; და აქუნდა ბრძანებაჲ მეფისაჲ, რომელსა შინა ესრეთ წერილ იყო: გიბრძანებს მეფობაჲ ჩემი, პავლე იპატოსო, რაჲთა მიხჳდე ვიზოის და მოიყვანო მაქსიმე მონაზონი დიდითა პატივითა და ფუფუნებითა სიბერისა და უძლურებისა მისისათჳს, და რომელ-იგი მამულად საკუთარი არს მეფობისა ჩუენისაჲ, და დაუტევე მონასტერსა წმიდისა თევდორესსა, რომელი არს ქალაქსა რიგსა, და მოვედ და მაუწყე, რაჲთა მივავლინნე მისა ორნი პატრიკნი საკუთარნი და საყუარელნი ჩემნი, და მათ აუწყონ ყოველი ნებაჲ და განზრახვაჲ მეფობისა ჩემისაჲ. მოიყვანა იპატოსმან მან ნეტარი იგი მონასტერსა მას და შევიდა ქალაქად და აუწყა მეფესა. და ხვალისა დღე გამოვიდეს ეტჳფანე და ტროილე პატრიკნი ერითა მრავლითა და კაზმულებითა დიდითა და მათ თანა თევდოსი ებისკოპოსი და აღვიდეს პატრონიკეთა მის ეკლესიისათა, სადა-იგი იყო წმიდაჲ მაქსიმე, და წესისაებრ მოიკითხეს და დასხდეს და აწჳეს ნეტარსა მასცა დაჯდომად და იწყეს სიტყუად. ტროილე პატრიკმან თქუა: მეფემან ყოვლისა სოფლისამან გჳბრძანა მოსლვად შენდა და თხრობად ბრძანებისა მპყრობელობისა მისისასა, გარნა პირველად გჳთხარ, უკუეთუ იქმ ბრძანებასა მეფისასა ანუ არა? წმიდამან მაქსიმე ჰრქუა: უფალო ჩემო, მაუწყე, თუ რაჲ უბრძანებიეს მეფობასა მისსა, და ჯერისაებრ პასუხი მოგცე; ხოლო რომელსა უმეცარ ვარ, ვითარი-რაჲ სიტყუაჲ მიგიგო? ტროილე თქუა: არა ეგების, არცა რას ვიტყჳთ, უკუეთუ პირველად არა სთქუა, უკუეთუ იქმ ბრძანებასა მეფისასა ანუ არა. წმიდაჲ მაქსიმე იტყოდა: უკუეთუ არა მესმეს ბრძანებაჲ იგი, ვერარას ვიტყჳ. ხოლო იხილნა რაჲ იგინი დამტკიცებულნი სიტყუასა მას ზედა, და იწყეს მრისხანებით სიტყუად სხუათა მათ თანა, რომელნი მოყოლილ იყვნეს მათდა, პატივებითა სამეუფოჲთა აღზუავებულნი, მიუგო წმიდამან მაქსიმე და ჰრქუა: ვინაჲთგან არა ჯერ-იჩინეთ უწყებად ჩემდა, თუ რაჲ არს ბრძანებაჲ მეფისაჲ, უცნაურისა სიტყჳსა პასუხსა მომჴდით; აჰა ესერა ვიტყჳ წინაშე ღმრთისა და წმიდათა ანგელოზთა: უკუეთუ ბრძანებაჲ იგი მეფისაჲ სულისა ჩემისა სავნებელი არა იყოს, არამედ საქმეთაგან იყოს საწუთროსა ამას თანა განქარვებადთა, აღვასრულო ბრძანებაჲ მეფობისა მისისაჲ. ესე რაჲ ესმა ტროილეს, მეყსეულად აღდგა და თქუა: ლოცვა-ყავთ, მე წარვალ, რამეთუ უწყი, ესე არა იქმს. და იქმნა ამბოხებაჲ და შფოთი დიდი. თევდოსი ებისკოპოსმან თქუა: მოუთხართ ბრძანებაჲ მეფისაჲ და ისმინეთ პასუხი მისი, რამეთუ ესე, რომელ იქმთ, არცა თქუენ რას იტყჳთ, არცა მისსა ისმენთ პასუხსა, უჯერო-მიჩნს. მაშინ ეტჳფანე პატრიკმან ჰრქუა: ამას გიბრძანებს მეფე ჩუენ მიერ: ვინაჲთგან ყოველი აღმოსავალი და ყოველი დასავალი შენ ძლით იღელვებიან და განუდგებიან, რომელ-ესე შენ არა გუეზიარე სარწმუნოებასა ჩუენსა, აწ დაგაჯეროს ღმერთმან, გუეზიარე და გუეწამე ჩუენ მიერ აღწერილსა ამას განწესებასა ზედა და შემოედ სამეუფოდ ქალაქად, და გამოვიდეს მეფობაჲ ჩუენი თავით თჳსით და მოგეგებოს ხალკინსა და ამბორს-გიყოთ და ჴელი გიპყრათ და დიდითა პატივითა და დიდებითა შეგიყვანოთ დიდსა მას ეკლესიასა წმიდასა სოფიას; და დაგადგინოთ ჩუენ თანა ადგილსა მას, სადა მეფენი დადგებიან, და აღასრულოს პატრიაქმან წმიდაჲ ჟამისწირვაჲ, და ზოგად ვეზიარნეთ წმიდათა საიდუმლოთა ცხოველსმყოფელსა მას ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱსსა და გქადაგოთ შენ მამად ჩუენდა, და იქმნას სიხარული დიდი არა ხოლო თუ დიდსა ამას ქალაქსა, არამედ ყოველსავე სოფელსა, რამეთუ ესე უწყით უეჭუელად: უკუეთუ შენ ეზიარო წმიდასა ამას საყდარსა, ყოველნი შემოგუეერთებიან, რომელნი-იგი შენ ძლით და სწავლითა შენითა განწვალებულ და განდგომილ არიან ჩუენგან. მაშინ მიჰხედა ებისკოპოსსა მას წმიდამან მაქსიმე და ჰრქუა ცრემლით: მღდელთმოძღუარო, ყოველნი დღესა მას სასჯელისასა მიველით; რაჲ განვაწესეთ, ოდეს მოხუედით ვიზოის, ანუ რომლისა ჯერისათჳს დასხენით ჴელნი წმიდასა სახარებასა და ცხოველსმყოფელსა ჯუარსა და პატიოსანსა ხატსა უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა და ყოვლადუხრწნელისა დედისა მისისა წმიდისა ღმრთისმშობლისსა? ხოლო ებისკოპოსმან მოიდრიკა თავი ქუე და ნელად თქუა: რაჲ ვყო მე, ვინაჲთგან მეფემან არა ინება საქმჱ იგი? წმიდამან მაქსიმე თქუა: ოდეს-იგი არა თქუენსა ჴელმწიფებასა იყო აღსრულებაჲ სიტყუათაჲ მათ, რაჲსათჳს შეეხებოდეთ წმიდასა სახარებასა შენ და შენთანანი იგი? მერმე ჰრქუა პატრიკთა მათ: უფალნო ჩემნო, ეგე, რომელ სთქუთ, უკუეთუ ყოველნი ძალნი ცათანი შემოკრბენ და მეტყოდიან ქმნად, არა უსმენ, არცა ვიქმ, რამეთუ რაჲ სიტყუაჲ მივსცე ღმერთსა ანუ სამშჯავროსა მას გონებისა ჩემისასა, უკუეთუ ცუდისა ამის და ამაოჲსა და მყისგანქარვებადისათჳს კაცობრივისა დიდებისა სულთა განმაცხოველებელი იგი მართალი სარწმუნოებაჲ უვარ-ვყო? ესე ჩემგან შეუძლებელ არს. ამას სიტყუასა ზედა აღივსნეს მთავარნი იგი გულისწყრომითა, ზეაღდგეს და გუემეს ნეტარი იგი ყურიმლის-ცემითა და მჯიღებითა და ქუსლებითა, ვიდრე სრულიად მოაუძლურეს თავითგან ფერჴთამდის, და ნერწყჳთა დაალტვეს სამოსელი მისი და, ვიდრემდის არა განირცხა სამოსელი მისი, სულ-მყრალობაჲ იგი არა განქარდა. ხოლო თევდოსი ებისკოპოსმან თქუა: არა ჯერ-იყო ამის საქმისა ქმნაჲ; მოსმენაჲ ოდენ პასუხისა მისისაჲ და შესლვაჲ და უწყებაჲ მეფისაჲ, რამეთუ ესე საეკლესიონი წესნი სიმშჳდით აღესრულებიან. ძლით უკუე დააწყნარა ებისკოპოსმან უწესოჲ იგი შფოთი და კუალად დასხდეს და მრავლითა გინებითა და შეჩუენებითა შეურაცხ-ყვეს მონაჲ იგი ღმრთისაჲ. და ჰრქუა მას ეტჳფანე რისხვით და გულისწყრომით: თქუ, ბოროტთა დღეთა შინა დაძუელებულო, ცუდად მჴცოვანო, მწვალებელად შეგირაცხიეთა მეფჱ და ჩუენ ყოველნი და ქალაქი ჩუენი და მღდელთმოძღუარნი, რომელ ესევითარნი სიტყუანი სთქუენ? ჭეშმარიტად უმეტჱს შენსა ქრისტეანენი ვართ და მართლმადიდებელნი, ესრეთ გურწამს ქრისტე, ვითარცა ყოველთა ზეცისა ძალთა, და ბუნებათა მისთა და ნებათა არა უვარ-ვჰყოფთ. მიუგო წმიდამან მაქსიმე: უკუეთუ ეგრეთ გრწამს, ვითარცა ყოველთა ზეცისა ძალთა და ბუნებათა და ნებათა და საქმეთა მისთა აღიარებთ, ვითარცა კათოლიკე ეკლესია, მე ვერ მაიძულებთ ზიარებად განწესებასა მას, რომელი ამას სიტყუასა სრულიად წინააღუდგების. ეტჳფანე თქუა: ესე საქმე განგებულობით იქმნა, რაჲთა არა ევნებოდის ერსა წულილადთა მათ სიტყუათაგან. წმიდამან მაქსიმე თქუა: უფროჲსად ყოველი კაცი წმიდა იქმნების ჭეშმარიტითა მით აღსარებითა სარწმუნოებისაჲთა, არა წინააღდგომითა მართლმორწმუნეობისაჲთა. ტროილე თქუა: გულსა შინა შენსა გაქუნდინ, ვითარცა გნებავს, არავინ გაყენებს. წმიდამან მაქსიმე თქუა: უფალმან და მაცხოვარმან ჩუენმან არა ეგრე ბრძანა, რაჲთა გულსა შინა ოდენ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, არამედ ესრეთ იტყჳს: "რომელმან არა აღმიაროს მე წინაშე კაცთა, არცა მე აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა" (მათ. 10,33); და წმიდაჲ მოციქული იტყჳს: "გულსა გრწამსცა სიმართლედ და პირითა აღიარებდი საცხორებელად" (რომ. 10,10); რამეთუ "აღ-თუ-იარო პირითა შენითა უფალი იესუ და გრწმენეს გულითა შენითა, ვითარმედ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, სცხონდე" (რომ. 10,9). აწ უკუე ვინაჲთგან თავადი უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ და ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი და მოციქულნი ესრეთ იტყჳან, რაჲთა სიტყჳთ და გონებით და ჴმითა მაღლითა აღვიარებდეთ საიდუმლოსა მას მართლმადიდებლობისასა, დიდსა მას და დიდებულსა და ყოვლისა სოფლისა განმაცხოველებელსა, არა ჯერ-არს ყოვლადვე დადუმებაჲ ქადაგებისაჲ მის, რამეთუ არა წარწყმდეს ცხორებაჲ მათი, რომელნი დუმდენ. ეტჳფანე კუალად რისხვით ჰრქუა მას: გუჯარსა მას ჰრომისსა დაგიწერია შენცა სახელი და წამებაჲ შენი. წმიდამან მაქსიმე თქუა: ჰე, დამიწერია. ეტჳფანე თქუა: და ვითარ იკადრე დაწერად და შეჩუენებად ჩუენდა, რომელთა-ესე გურწამს, ვითარცა ზეცისა ძალთა და ვითარცა კათოლიკე ეკლესიასა, ჭეშმარიტად; მე ესრეთ ვბჭობ, რაჲთა შეგიყვანოთ ქალაქად და დაგადგინოთ უბანსა მას ფოროჲსასა, შეკრული ჯაჭჳთა, და მოკრბენ ყოველნი მიმოსნი და მეძავნი უბანთანი, და კაცად-კაცადმან გცეს ყურიმალსა და პირსა შეგნერწყოს. ჰრქუა მას მონამან ღმრთისამან: უკუეთუ რომელნი აღიარებენ ორთა ბუნებათა ქრისტესთა, ღმრთეებისა და კაცებისა, და შემსგავსებულად ორთა ბუნებითთა ნებათა და საქმეთა, რომელი-იგი ჭეშმარიტად ღმერთი იყო და კაცი, უკუეთუ ამის აღსარებისა მეტყუელნი შევაჩუენენით, კეთილად ჰბჭობ, ეგე რაჲ სთქუ, და სხუაჲ უმეტესიცა შემამთხჳეთ. წარიკითხე, უფალო ჩემო, ჴელისწერილი იგი მის კრებისაჲ და გულისხმა-ყავ. მე და მოყუასთა ჩემთა და სხუათა ყოველთა, რომელთაცა წამებაჲ თჳსი მუნ დაუწერია, იგინი შევაჩუენენით, რომელნი მსგავსად არიოზისა და აპოლინარისა იტყჳან ერთსა ნებასა და ერთსა საქმესა და არა აღიარებენ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ორითავე ბუნებითა, მნებებელად და აღმასრულებელად ცხოვრებისა ჩუენისა, ვითარცა პირველითგან გჳსწავიეს წმიდათა მოციქულთა და მახარებელთა და მღდელთმოძღუართაგან, რამეთუ არა ახალ არს სარწმუნოებაჲ ჩუენი, არცა ახალი არს ქადაგებაჲ ჩუენი, ვითარცა მოციქული იტყჳს. არცა ვის ჴელეწიფების, მეფესა გინა მღდელთმოძღუარსა, ახლისა რაჲსამე შჯულისა სარწმუნოებასა შინა შემოღებად, არამედ რაჲ-იგი პირველითგან წმიდათა მოციქულთა დააწესეს და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს, იოტაჲ ერთი ანუ ერთი ბეწჳ არა შეიცვალების; ხოლო იკადროს თუ ვინმე შეცვალებად, ანუ შემატებად, ანუ დაკლებად, ესევითარსა მას კათოლიკე ეკლესიაჲ შეაჩუენებს. ესე ყოველი რაჲ წარმოთქუა ნეტარმან მან, პატრიკთა მათ თქუეს: უკუეთუ ამისთა სიტყუათა ყურსა უპყრობდეთ, არცა ჭამად მოგუეცალების, არცა სუმად, არამედ აღდეგით, ვისადილნეთ და შევიდეთ, ვაუწყოთ მეფესა ზრახვაჲ მაგისი, რამეთუ ამას კაცსა თავი თჳსი ეშმაკისადა მიუყიდია. აღდგეს და ტაბლაჲ დაიგეს; ჭამეს და სუეს, ვითარცა შეჰგავს ნაყროვანთა და მომთრვალეთა, და მონაჲ იგი ღმრთისაჲ დაუტევეს პატრონიკეთა ეკლესიისათა უზმაჲ. და ვითარცა ჭამეს და სუეს, წარვიდეს რისხვით და გულისწყრომით.

 

და ხვალისა დღე მოვიდა წმიდისა მაქსიმესსა თევდოსი იპატოსი, და აღიღო მისგან, რაჲ-იგი მიეცა, და ჰრქუა მეფისა მაგიერ: არა ინებე პატივი და განგეშორა შენ, წარვედ, სადა-იგი ღირს ხარ, და შენ ზედა იყავნ ბრალი არა შენი ოდენ, არამედ მოწაფეთა შენთაჲცა, რომელ-იგი არს მესიმბრას და რომელი არს პერვერს, რომელი-იგი მწიგნობარი იყო სულკურთხეულისა ჰანისა ჩემისაჲ. ესე ჰრქუა თევდოსმან და მისცა იგი მჴედართა, რაჲთა წარიყვანონ ვიზოის, სადა-იგი იყო. წარიყვანეს მჴედართა მათ და ამას დღესა მიიწინეს ქალაქად, რომელსა ეწოდების სულუმბრია, და დაყვეს მუნ ორ დღე. ხოლო ლაშქარი მჴედრობისაჲ დაბანაკებულ იყო მას ჟამსა სანახებთა მათ სულუმბრისათა. წარვიდა ერთი მჴედართა მათგანი და ქადაგა მჴედრობასა შინა, ვითარმედ მონაზონი იგი მგმობარი ღმრთისმშობლისაჲ ესერა მოგუყავს. ხოლო ესე განზრახვით ქმნეს, ბირებითა თევდოსი იპატოსისაჲთა, რაჲთა შეაშფოთონ ერი მას ზედა და ბოროტი რაჲმე შეამთხჳონ ანუ თუ მოკლანცა. შემდგომად ორისა დღისა მოიქცა მჴედარი იგი და წარიყვანეს წმიდაჲ მაქსიმე და დადგეს კიდესა ბანაკისასა. ცნა ესე ერისთავმან და ლმობიერ იქმნა და მიავლინნა მახლობელად მისსა ხუცესნი და დიაკონნი და ჯუარისმპყრობელნი მჴედრობისანი. იხილა რაჲ ერი იგი ნეტარმან მან, აღდგა და მუჴლთმოდრეკით მოიკითხნა; ეგრეთვე მათ ყვეს, და დასხდეს. ხოლო ერთმან მოხუცებულმან მღდელმან, პატიოსანმან, ჰრქუა მას კრძალულებით: მამაო, ვიეთმე დაგუაბრკოლნეს ჩუენ შენდა მომართ და გჳთხრეს, ვითარმედ არა აღიარებს ღმრთისმშობელად წმიდასა დედუფალსა ჩუენსა, მარადის ქალწულსა მარიამს; გაფუცებთ წმიდასა სამებასა ერთარსებასა, გუაუწყე ჭეშმარიტი და აჴოცე იჭჳ ესე გულთაგან ჩუენთა. ესე რაჲ ესმა წმიდასა მაქსიმეს, აღდგა და მიიქცა აღმოსავალით და მოიდრიკნა მუჴლნი და განიპყრნა ჴელნი ზეცად და თქუა ცრემლით: ვინ არა აღიარებს და არა ქადაგებს ყოვლადწმიდასა მას უხრწნელსა, უმეტესად კურთხეულსა და ყოველთაგან ზეცისა მჴედრობათა პატივცემულსა დედუფალსა ჩუენსა, მარადის ქალწულსა მარიამს, ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად, ჭეშმარიტად დედად ღმრთისა, შემოქმედისა მის ცათა და ქუეყანისა და ზღჳსა და ყოველთა, რაჲ არს მათ შინა, წყეულ იყავნ და შეჩუენებულ მამისაგან და ძისა და სულისა წმიდისა, შეურევნელისა მის და განუყოფელისა სამებისა და ყოველთაგან ზეცისა ძალთა და კრებულისაგან წმიდათა მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთა და მოწამეთა და ყოველთაგან მართალთა, რომელნი საუკუნითგან სათნო-ეყვნეს ღმერთსა. ესე რაჲ ესმა, ყოველნი ლმობიერ იქმნნეს და ცრემლით ჰრქუეს: ღმერთმან განგაძლიერენ, მამაო, და ღირს-გყავნ სრულ-ყოფად სრბაჲ შენი კეთილად და ნებისაებრ მისისა. მერმე იწყეს სულიერთა სიტყუათა უბნობად. და აღაღო ნეტარმან პირი თჳსი და ვითარცა მდინარჱ ედემისაჲ აღმოდიოდა სწავლათა საღმრთოთა, და შემოკრბა ერი მრავალი სმენად შუენიერთა მათ სიტყუათა. იხილა ვინმე სპასალარმან ერისთვისამან, რამეთუ აღეშენების ერი იგი სიტყუათაგან მისთა (და იწყეს ბრალობად მეფისა, რომელ ესევითარსა ზეცისა კაცსა სტანჯავს), იჭუეულ იქმნა, ნუუკუე შფოთი აღიძრას ერსა შინა; ბრძანა განყვანებაჲ მისი კიდე ბანაკისაგან ვითარ ორ მილიონ, ვიდრემდე წარმყვანებელნი მისნი მოვიდენ და წარიყვანონ. ხოლო ხუცეს-დიაკონნი იგი წარჰყვეს ორსა მას მილიონსა და მოიკითხეს მოწლედ და თჳსითა ჴელითა აღსუეს საჴედარსა და წარგზავნეს ლოცვით და კურთხევით, და წარიყვანეს მჴედართა მათ ნეტარი მაქსიმე ადგილსა მას პყრობილობისა მისისასა.

 

ხოლო ვინაჲთგან ყოვლით კერძო და მრავალსახედ ბრძოლა უყვეს წმიდასა მაქსიმეს მპყრობელთა მათ და ვერ უძლეს მართლისა სარწმუნოებისაგან მიდრეკად, დიდად საყუედრელად და შეურაცხებად უჩნდა ესე, რამეთუ არა გულისხმა-ყვეს ჭეშმარიტებაჲ, არცა ინებეს სლვად გზასა მას სიმართლისასა. ამისთჳსცა შემდგომად მცირედისა ჟამისა ბრძანებითა მეფისაჲთა შეიყვანეს ქალაქად წმიდაჲ მაქსიმე და ორნივე მოწაფენი მისნი და აღიყვანნეს პალატად. და დასხდეს კართა ოქროტაძრისათა პატრიაქი და ყოველნი მთავარნი და ბჭენი ქალაქისანი და ბრძანეს შეყვანებაჲ მათი. და შევიდეს რაჲ წმიდანი იგი, ჰრქუა პატრიაქმან წმიდასა მაქსიმეს: მიკჳრს, მონაზონო მაქსიმე, გონებისა შენისა სიფიცხლჱ და რომელ-ეგე გგონიეს თავი შენი უბრძნეს ყოველთა კაცთა და არა ინებე არცა მეფეთა, არცა მღდელთმოძღუართა, არცა მთავართა სმენაჲ, არამედ შენი ნებაჲ და თჳთშჯულობაჲ უმტკიცეს ყოველთა ჰყავ; აწ უკუე შეიგონე და შეინანე ცთომილობაჲ შენი, და გიპყრა ჴელსა და შეგიყვანო წინაშე მეფისა და თაყუანი-სცე მას და ამბორ-უყო და იქმნა შენცა ზიარ ჩუენდა სულიერად და ჴორციელად; აწ უკუე მომიგე პასუხი გონიერი. მიუგო წმიდამან მაქსიმე და ჰრქუა: ვინაჲთგან ყოველივე, რაჲცა ვთქუათ, ღმერთსა ესმის და არარაჲ დაეფარვის, არარაჲ ჴელ-მეწიფების გარეგან მისისა ნებისა თქუმად ანუ ქმნად. ესრეთ უკუე ვიტყჳ და მოგაჴსენებ: უკუეთუ ჰნებავს ღმრთივდიდებულსა მეფესა და თქუენსა სიწმიდესა მართლისა სარწმუნოებისა, ქადაგებულისა წმიდათა მოციქულთაგან, დამტკიცებაჲ და აღსარებაჲ, მეცა მორჩილ და ზიარ ვიყო თქუენ თანა. უკუეთუ კულა კნინოდენი შეცვალებაჲ მართლისა სარწმუნოებისაჲ იქმნების, ჩემგან ღონჱ წამებისა და შეწყნარებისაჲ არა არს, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: "მორჩილებაჲ ჯერ-არს ღმრთისა და არა კაცთაჲ" (საქმ. 5, 29).

 

პატრიაქმან თქუა: რაჲ არს სარწმუნოებაჲ შენი და ვითარ აღიარებ, გუაუწყე. წმიდამან მაქსიმე თქუა: ვითარ მრწამს და აღვიარებ, უკუეთუ გნებავს, ვიტყოდი. ყოველთა მთავართა ჰრქუეს: იტყოდე უეჭუელად, რაჲთა საცნაურ იქმნას ცთომაჲ შენი. წმიდამან მაქსიმე გამოსახა სასწაული ჯუარისაჲ პირსა თჳსსა და თქუა: მრწამს ერთი ღმერთი, მამაჲ უშობელი; და ერთი ძჱ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ, მამისაგან შობილი; და ერთი სული წმიდაჲ, მამისაგან გამომავალი; სამგუამოვნებაჲ, განყოფილი რიცხჳთა და თჳთებითა მით გუამოვნებისაჲთა, და განუყოფელი ღმრთეებითა; რამეთუ განიყოფვიან განუყოფელად და შეიერთებიან შეურევნელად. ამისთჳსცა ვიტყჳთ სამგუამოვნებასა და ერთარსებასა და ერთსა ბუნებასა ღმრთეებისასა, რამეთუ ზოგადი არს სამთაჲვე ღმრთეებაჲ და საღმრთოჲსა ბუნებისა სახენი, ხოლო თჳსი თითოეულისაჲ: მამისაჲ – მამობაჲ უშობელი, და ძისაჲ – ძეობაჲ შობილი, და სულისა წმიდისა – გამოსლვაჲ. რამეთუ არცა მამაჲ შეიცვალების ძედ ანუ სულად, არცა ძჱ – მამად ანუ სულად, არცა სული წმიდაჲ – მამად ანუ ძედ; რამეთუ თჳთებანი შეუცვალებელ არიან. ღმრთად აღვიარებ თითოეულსა, რამეთუ სრული ღმერთი არს მამაჲ, სრული ღმერთი არს ძჱ, სრული ღმერთი არს სული წმიდაჲ; არამედ არა სამნი ღმერთნი, რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთი ღმრთეებაჲ, სამითა გუამითა თანაარსითა. არცა ბუნებითა განიყოფებიან, არცა ადგილით; რამეთუ სადაცა არს მამაჲ, მუნცა ძჱ და სული წმიდაჲ; და სადაცა ძჱ, მუნ მამაჲცა და სული წმიდაჲ; და სადაცა სული წმიდაჲ, მუნ მამაჲცა და ძჱ. სამებასა თაყუანის-ვსცემ ერთარსებით და ერთარსებასა – სამებით; ერთარსებასა სამგუამოვანსა და სამებასა ერთარსებასა, თანადაუსაბამოსა, სწორსა ძლიერებითა და პატივითა. ერთსა ღმრთეებასა აღვიარებ წმიდისა სამებისასა, ერთსა ბუნებასა, ერთსა არსებასა, ერთსა ძალსა, ერთსა ჴელმწიფებასა, ერთსა უფლებასა, ერთსა მეუფებასა, დაუსაბამოსა და დაუსრულებელსა, დაუბადებელსა, უხილავსა, გარეშემოუწერელსა, მოუგონებელსა, უსაზღვროსა, უცვალებელსა, უკუდავსა, უვნებელსა, ყოველთა დამბადებელსა და მპყრობელსა და განმგებელსა, ცისა და ქუეყანისა და ზღჳსა და ყოველთა ხილულთა და უხილავთა არარაჲსაგან არსად მომყვანებელსა, შემოქმედსა და დამბადებელსა, რომელმან დაჰბადნა პირველად ზეცისა ძალნი და მჴედრობანი ბევრეულნი, აურაცხელნი, სიტყჳთ დაჰბადნა და სულითა წმიდითა სრულ-ყვნა. მერმე თქუა, და იქმნეს ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა. უკუანაჲსკნელ დაჰბადა კაცი ხატად თჳსად და მსგავსებად, ესე იგი არს, თჳთმფლობელად და თჳსითა ნებითა მიმავალად და გამომრჩეველად გინა თუ კეთილისა, გინა თუ ბოროტისა. და დაადგინა იგი სამოთხესა მას ფუფუნებისასა. ხოლო შურითა ეშმაკისაჲთა სცთა და მოცემულსა მას მცნებასა ღმრთისასა ნებსით გარდაჰხდა, და გამოვარდა დიდებისა მისგან და საშუებელისა სამოთხისა და თანამდებ სიკუდილისა იქმნა და დაემორჩილა მტერსა მას განდგომილსა. არამედ არა უგულებელს-ყო იგი დამბადებელმან. ამისთჳს ჯერ-იჩინა და ინება მხოლოდშობილმან მან ძემან და სიტყუამან ღმრთისამან გამოუთქუმელითა მით კაცთმოყუარებითა, ნებითა მამისა და სულისაჲთა, ძიებაჲ დაბადებულთა თჳსთაჲ. გარდამოჴდა წიაღთაგან მამისათა, ვინაჲ-იგი არასადა განეშორა, და დაიმკჳდრა საშოჲ ყოვლადწმიდისა მის ქალწულისაჲ სულისა მიერ წმიდისა; და მიიხუნა მისგან ჴორცნი სულითურთ პირმეტყუელით და იშვა ღმერთი განჴორციელებული, იშვა გამოუთქუმელად და ქალწულებაჲ იგი დედისაჲ დაიცვა განუხრწნელად. არა თავს-იდვა შერევნაჲ ანუ შეცვალებაჲ, არამედ რაჲ-იგი იყო, ეგო, და რაჲ არა იყო, იქმნა. შეიმოსა ხატი მონისაჲ ჭეშმარიტად, არა უცნებით, და ყოვლითურთ გუემსგავსა ჩუენ, თჳნიერ ცოდვისა. რამეთუ აღვიარებ მას საუკუნოდ და ჟამიერად, დაუბადებელად და დაბადებულად, უვნებელად და ვნებულად, უკუდავად და მოკუდავად. იგივე ღმერთი და კაცი, არა თუ სხუაჲ და სხუაჲ, არამედ ერთი არს იგივე, პირველ განჴორციელებისა და შემდგომად განჴორციელებისა. ერთი შეზავებული გუამი ორითა სრულითა ბუნებითა და ორითა ბუნებითითა ნებითა და ორითა საქმითა, ერთგუამად შეერთებულითა, უცვალებელად და შეურევნელად. იგივე ნებსით ინებებდა და იქმოდა კაცობრივთა და უბრალოთა საქმეთა, ვითარცა კაცი; რამეთუ ბუნებაჲ უნებელი და უსაქმოჲ არა არს. არა იძულებით დამორჩილებულ იყო იგი ბუნებითთა თანანადებთა, რამეთუ ნებსით იშვა, ნებსით შეემშია, ნებსით მოეწყურა, ნებსით დაშურა, ნებსით შეეშინა, ნებსით ჯუარს-ეცუა, ნებსით მოკუდა, ჭეშმარიტად და არა უცნებით. ესე ყოველი ნებითა კაცობრივისა ბუნებისაჲთა, ყოველივე ბუნებითი და უბრალოჲ წესი კაცებისაჲ თავს-იდვა; მერმე ჯუარს-ეცუა, გემოჲ სიკუდილისაჲ იხილა უცოდველმან, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, რამეთუ ჴორცთა მისთა ხრწნილებაჲ არა იხილეს; და თანააღადგინა ბუნებაჲ კაცობრივი, ამაღლდა ზეცად ბუნებითა მით კაცობრივითა და დაჯდა მარჯუენით მამისა, და კუალად მომავალ არს განშჯად ცხოველთა და მკუდართა, რაჲთა მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ, ოდეს-იგი ბრძანებითა მისითა დასცეს მთავარანგელოზმან საყჳრსა და აღდგენ მკუდარნი და გამოვიდენ სამარეთაგან. მაშინ რომელთა დაიმარხეს მართალი სარწმუნოებაჲ და ქმნეს საქმენი კეთილნი, წარვიდენ ცხორებად საუკუნოდ, ხოლო ცოდვილნი და შეურაცხმყოფელნი მართლისა სარწმუნოებისანი სატანჯველად მიეცნენ საუკუნოდ. ამას ზედა აღვიარებ ერთსა ნათლის-ღებასა წყლისა მიერ და სულისა, განმწმედელსა ყოვლისავე ბრალისა სულისა და ჴორცთა. ვეზიარები უხრწნელთა ქრისტეს საიდუმლოთა და მრწამს, ვითარმედ არს ჭეშმარიტად ჴორცი და სისხლი ჩუენთჳს განჴორციელებულისა სიტყჳსა ღმრთისაჲ, რომელმან მოგუცა ჴორცი და სისხლი თჳსი მოსატევებელად ცოდვათა. შევიწყნარებ ყოველთა წესთა ეკლესიისათა, დაწესებულთა მოციქულთა მიერ და წმიდათა კრებათა. თაყუანის-ვსცემ და ამბორს-უყოფ პატიოსანსა ხატსა ქრისტესსა, რამეთუ სახჱ არს განჴორციელებისა მისისაჲ; თაყუანის-ვსცემ ძელსა პატიოსანსა ჯუარისასა და ყოველთა სამღდელოთა ჭურჭელთა, წმიდასა სახარებასა და წმიდასა ბარძიმსა, და რაჲცა შეეხების დიდებულთა მათ საიდუმლოთა და წმიდათა ეკლესიათა, მის ძლით, რომელმან ჯერ-იჩინა ჩუენთჳს ჴელით-ქმნილთა ტაძართა შინა დამკჳდრებაჲ; თაყუანის-ვსცემ ხატსა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა და ყოველთა წმიდათასა, სიყუარულისათჳს მხოლოჲსა ღმრთისა, და არა ფერთა მათ და წამალთა შინა დაუტეობ გონებასა, არამედ სულიერთა თუალთა ავამაღლებ პირმშოთა მათ სახეთა მიმართ; თაყუანის-ვსცემ ნაწილთა წმიდათასა, რამეთუ აქუს მათ ღმრთისა მიერ მადლი სიწმიდისაჲ. ესრეთ მრწამს, ესრეთ აღვიარებ, ესრეთ ნათელღებულ ვარ და ყოველთა მწვალებელთა და ყოველსა წვალებასა შევაჩუენებ. შევიწყნარებ და პატივს-ვსცემ წმიდათა კრებათა: ნიკიასა სამას ათრვამეტთა წმიდათა მამათა და კოსტანტინეპოლისა ას ორმეოცდაათთა წმიდათა მამათა, ეფესოჲსა პირველთა ორასთა წმიდათა მამათა, ქალკიდონისა ექუსას ოცდაათთა წმიდათა მამათა, კოსტანტინეპოლისა კუალად ას სამეოცდაოთხთა წმიდათა მამათა, და სხუანიცა სადა რომელ იქმნნეს კრებანი, დამამტკიცებელნი მართლისა სარწმუნოებისანი, რომელნიცა კათოლიკე ეკლესიამან შეიწყნარნა და რომელნიცა წმიდათა მათ კრებათა შეიწყნარნეს; და რომელნი მათ შეაჩუენეს, შევაჩუენებ. და ვადიდებ და უგალობ და თაყუანის-ვსცემ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა ჰშუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

განკჳრდეს ყოველნი იგი ესრეთ კეთილად შეწყობასა მას და ჴმამაღლად ქადაგებასა მართლისა მის და ჭეშმარიტისა სარწმუნოებისასა. პატრიაქმან ჰრქუა მას: დიდებულსა ამას საყდარსა სამეუფოჲსა ქალაქისასა და დიდსა ამას და სახელოვანსა ეკლესიასა რასა ცთომასა ჰხედავ, რომელ არა გუეზიარები, არამედ იჭუსა წვალებისასა გუწამებ და ასწავლი ყოველთა არა მშჳდობასა და ერთობასა, არამედ შფოთსა და განხეთქილებასა? წმიდამან მაქსიმე ჰრქუა: რამეთუ შეურაცხ-ჰყავთ მოციქულთა და მამათაგან დამტკიცებული სარწმუნოებაჲ ქრისტეანობისაჲ, ამისათჳს ვერ ვიკადრებ ზიარებად თქუენდა, რაჲთა არა წარვწყმიდო სული ჩემი. პატრიაქმან ჰრქუა: რომლითა სახითა იტყჳ მაგას, უგუნურო ბერო, ვითარსახედ შეურაცხ-ვყავთ სარწმუნოებაჲ ქრისტეანობისაჲ? წმიდამან მაქსიმე თქუა: ერთი ნებაჲ და ერთი საქმჱ ღმრთეებისა ქრისტესისაჲ და კაცებისაჲ ჰქადაგეთ და დასწერეთ და ბიწად ეკლესიისა და სავნებელად ერისა დაჰკიდეთ ეზოსა ეკლესიისასა. ესე არს ცთომაჲ და მიზეზი განწვალებისაჲ. პატრიაქმან თქუა: აწ უკუე ვინ ერთსა ნებასა და საქმესა ქრისტესსა ქადაგებდეს, განდრეკილად და მწვალებელად შეჰრაცხავა? წმიდამან მაქსიმე თქუა: ჰე, უეჭუელად დიდი წვალებაჲ არს ესე, და რაჲ უძჳრეს არს ამისა, უკუეთუ ვინ იტყოდეს, თუ ერთითა ნებითა პირველ ჴორცთშესხმისა ყოველივე არაარსისაგან დაჰბადა და უპყრიეს ყოველივე და განაგებს არსებასა და ცხორებასა ყოველთა არსთასა, და შემდგომად განკაცებისა უნდა საზრდელისა და სასუმელისა მიღებაჲ და ადგილითი-ადგილად მისლვაჲ და ძილი და შრომისაგან განსუენებაჲ გუამისაჲ, რაჲთა ამით ყოვლითა დაამტკიცოს ჭეშმარიტი და არა საუცრად ქმნილი განჴორციელებისა განგებულებაჲ. აწ ვითარ ეგების ორისა ამის ჯერისა თქუმად ერთ ნებად და ერთითა ნებითა ქმნილად, რამეთუ ზემოთქმული იგი ნებაჲ ღმრთეებისაჲ არს, რომლითა ყოველივე არაარსისაგან არსად მოიყვანა და უპყრიან ყოველნი დაბადებულნი და განაგებს ცხორებასა მათსა; და კუალად კაცობრივნი ესე ნებითა კაცებისაჲთა აღასრულნა, რამეთუ ვითარცა ორი ბუნებაჲ იყო, ეგრეთვე ორი ნებაჲ. აღმოიკითხეთ, წმიდაჲ სახარებაჲ რასა იტყჳს: "ხვალისა დღე უნდა გალილიად განსლვად" (იოან. 1,43). საცნაურ არს, ვითარმედ არა იყო გალილეას და ინება მუნ მისლვაჲ. ხოლო არა იყო კაცებისა ბუნებითა და გუამითა, ხოლო ღმრთეებით ყოველგან იყო. ცხად არს, ვითარმედ კაცობრივ უნდა მუნ მისლვაჲ. და კუალად იტყჳს: "მამაო, რომელნი მომცენ, მნებავს, რაჲთა სადაცა მე ვიყო, იგინიცა იყვნენ ჩემ თანა" (იოან. 17,24). აწ უკუე ლოცვაჲ იგი უფლისაჲ არა კაცობრივისა ბუნებისაჲ იყოა? ჰე, ჭეშმარიტად, რამეთუ ღმრთეებით უზეშთაეს არს ადგილთა და სავანეთა, რამეთუ არა შეიწყუდევის ღმრთეებაჲ ადგილსა, ხოლო დაბადებულნი უზეშთაეს ყოვლისა ვერ არიან. საცნაურ არს, ვითარცა ლოცვაჲ იგი კაცობრივისა ბუნებისაჲ იყო, ეგრეთვე ნებაჲ იგი, რომელ თქუა, თუ: "მნებავს". და კუალად იტყჳს: "და მოიყვანეს იგი ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, და თქუა: მწყურის; და მისცეს მას ძმარი, ნავღლითა შეზავებული, და მი-რაჲ-იღო, არა უნდა სუმის" (მათ. 27,33-34; იოან. 19,28). აწ ესე, არანებაჲ სუმისაჲ, არა კაცებისაჲ არსა? და კუალად იტყჳს, ვითარმედ: "იქცეოდა იესუ გალილეასა და არა უნდა ჰურიასტანს სლვად" (იოან. 7,1). სლვაჲ უკუე და ქცევაჲ და წყურილი ბუნებისაჲ იყო ჴორცთაჲსა და არა გუამოვნებით შეერთებულისა მის მისდა ღმრთეებისა. და კუალად იტყჳს: "წარჰვლიდა გალილეასა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინ" (მარკ. 9,30). და კუალად იტყჳს: "და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტჳროსისა და სიდონისათა და შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინ, და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად" (მარკ. 7,24). აწ ესე, რომელ არა უნდა, რაჲთამცა ვინ აგრძნა, და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად, არა კაცობრივსა ნებასა მივაჩემოთა? და კუალად იტყჳს: "პირველსა მას დღესა უცომოებისასა მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასექი ესე" (მათ. 26,17)? ჭამაჲ იგი პასექისაჲ წესისა მის შჯულისაჲ იყო; აწ უკუე არა ღმრთეებისა ბუნებითა, არამედ კაცობრივითა ბუნებითა ინება ჭამად პასექი იგი. და მოციქული პავლე იტყჳს: "მორჩილ იქმნა ვიდრე სიკუდილადმდე, სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა" (ფილ. 2,8). რაჲ არს უკუე, ნებსით მორჩილ იქმნა ანუ უნებლიეთ? უწყი, ვერვინ იტყჳს, თუ უნებლიეთ, რამეთუ ნებსით ივნო ჩუენისა ცხორებისათჳს. აწ უკუეთუ მორჩილებაჲ ჯუარცუმისაჲ არა ეგების ღმრთეებასა მიჩემებად, არამედ კაცებასა, აჰა ესერა კაცობრივისა ბუნებისა მისისა ნებაჲ ცხად არს. და კუალად იტყჳს მოციქული: "ჯუარს-ეცუა უძლურებით, არამედ ცხოველ არს ძლიერებითა" (2 კორ. 13,4). აჰა ესერა ორთა მათ ბუნებათა განთვისებულნი და განწესებულნი საქმენი გამოაჩინნა. ოდეს-იგი ადამ შეიყვანა ღმერთმან სამოთხეს და მისცა მცნებაჲ, ხოლო მან არა დაიმარხა, არამედ ისმინა განზრახვაჲ გუელისაჲ და იხილა ხჱ იგი და სათნო-ეყო, მიიღო ნაყოფისა მისგან და ჭამა. ნებსით დაემორჩილა ზრახვასა მას მტერისასა, არა თუ იძულებით; ნებსით იხილა ნაყოფი იგი, ნებსით ჭამეს ორთავე. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ პირველი მოქმედი ცოდვისაჲ და ურჩებისაჲ მის ნებაჲ იყო ადამისი; და ამის გამო პირველი ვნებული და შეცოდებული ნებაჲ იყო კაცებისაჲ. უკუეთუ ქრისტემან, შეიმოსა რაჲ ბუნებაჲ კაცობრივი, ნებაჲ კაცებისაჲ არა მიიღო, არა-სადამე განთავისუფლებულ არს ბუნებაჲ ჩუენი სრულიად ცოდვისაგან; რამეთუ რომელიცა ქრისტემან არა შეიმოსა, არა განთავისუფლდა ცოდვისაგან და არს სადმე პირველ ყოვლისა ცთომილი იგი ნებაჲ უკურნებელ. არამედ ესე თქუმად უჯერო არს, რამეთუ სახიერმან მან ბუნებაჲ ჩუენი ყოვლითურთ შეიმოსა, თჳნიერ ცოდვისა, და ყოვლითურთ განგუკურნნა. რამეთუ თჳთმფლობელად დაჰბადა ღმერთმან კაცი, ხოლო თჳთმფლობელობაჲ ნებისაჲ ძალი არს, რამეთუ ბუნებითსა მას თჳთმფლობელობასა ნებად უწესეს წმიდათა მამათა. იგი უკუე თჳთმფლობელი ნებაჲ კაცებისაჲ უკუეთუ არა მიიღო უფალმან, ვითარ იყო სრული კაცი? ჩანს უკუე ამის ყოვლისაგან, ვითარმედ აქუნდა უფალსა კაცობრივისა ბუნებისა ნებაჲ, ვითარცა ესერა გუეუწყა სახარებისაგან და მოციქულისა; ხოლო ღმრთეებისაცა ნებაჲ მისი გჳსწავიეს სახარებისაგან, რამეთუ იტყჳს: "იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაჲსწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა! რაოდენგზის ვინებე შეკრებად შვილთა შენთა, ვითარცა შეიკრიბნის მფრინველმან მართუენი თჳსნი ქუეშე ფრთეთა, და არა ინებეთ" (მათ. 23,37). ცხად არს და უწყებულ, ვითარმედ არა კაცებისა ნებაჲ თქუა, არამედ ღმრთეებისაჲ; რამეთუ კაცებაჲ მისი ახლად ქმნილ იყო, ხოლო თავადმან ადრინდელთა საქმეთათჳს თქუა, რაოდენგზის ვინებეო შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ. აჴსენა ეგჳპტით გამოყვანებაჲ მათი, ქუეყნად აღთქუმისა შეყვანებაჲ, აურაცხელნი იგი სასწაულნი, კუალად მრავალთა ტყუეობათაგან გამოჴსნანი, რომელ-იგი უწინარეს განკაცებისა იყვნეს ნებითა მით ღმრთეებისაჲთა, და იტყჳს: "ვითარცა-იგი მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეთცა ძჱ, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს" (იოან. 5,21). და ესე ნებაჲ ღმრთეებისაჲ არს, რამეთუ არა კაცებისაჲ არს, არამედ თანაარსისა მის მამისა თანა ძისაჲ. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ვითარცა ორნი ბუნებანი ქადაგებულ არიან ქრისტენი, ეგრეთვე ორნი ნებანი და ორნი საქმენი. ესე ყოველი, რაჲ წარმოთქუა წმიდამან მაქსიმე, ყოველთავე, რომელთა ესმა, გულისხმა-ყვეს ჭეშმარიტებაჲ სიტყუათა მისათაჲ, და ვერვინ შემძლებელ იყო სიტყჳს-გებად ანუ წინააღდგომად მისა, რამეთუ არა იგი იყო მეტყუელ, არამედ სული წმიდაჲ ასწავლიდა საიდუმლოთა მათ საღმრთოთა, ვითარცა ჰრქუა უფალმან მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: "ოდეს-იგი მიგიყვანებენ წინაშე მეფეთა და მთავართა, ნუ ჰზრუნავთ, რაჲ სთქუათ ანუ რაჲ მიუგოთ" (მათ. 10,19; მარკ. 13,11; ლუკ. 12,11), და შემდგომი ამისი.

 

ხოლო დაღაცათუ გულისხმა-ყვეს ყოველთა ძალი სიტყუათა მისთაჲ, არამედ სათნოებისათჳს მეფისა და პატრიაქისა არა აღიარეს ჭეშმარიტებაჲ, რამეთუ შეიყუარეს დიდებაჲ კაცთაჲ, ვიდრეღა დიდებაჲ მხოლოჲსა ღმრთისაჲ. ხოლო მწიგნობართმთავარი წერდა ყოველსავე, რასაცა იტყოდა ნეტარი იგი. კუალად ჰრქუა პატრიაქმან: იხილე, მაქსიმე, ნუუკუე ვერ მიემთხჳო სხუასა ჩემებრსა მოხუაჲშნესა წინაშე მეფისა; გულისხმა-ყავ და ისმინე სიტყუაჲ ჩემი და ამათ მთავართა ყოველთაჲ. წმიდამან მაქსიმე თქუა: ესე რომელ წარმოვთქუ სარწმუნოებაჲ, ამისგან მიდრეკაჲ მარჯულ გინა მარცხლ ჩემგან შეუძლებელ არს, რაჲცა გნებავს, ქმენით. საკელარმან ჰკითხა მოწაფეთა მისთა: თქუენ რასა იტყჳთ, შეინანებთა ცთომილებასა თქუენსა და შემოერთებით წმიდასა ეკლესიასა? და კეთილი გეყოს თქუენ. მიუგეს და ჰრქუეს მათ, ვითარცა ერთითა პირითა: რასაცა მოძღუარი ჩუენი იტყჳს, ჩუენცა მას ზედა მტკიცე ვართ და შეურყეველ და მართლაღსარებისგან არა შევირყევით. შევიდა მწიგნობართმთავარი და ყოველივე აუწყა მეფესა. განრისხნა იგი და ბრძანა შეჩუენებაჲ მათი და მითუალვაჲ ეპარხოსისადა, რაჲთა წარიყვანნოს სამშჯავროსა თჳსსა და, რაჲცა განჩინებაჲ განვიდეს მათთჳს, აღასრულოს. წარიყვანნეს ნეტარნი იგი სამშჯავროსა მას, რომელსა ეწოდების პრეტორი.

 

და ხვალისა დღე დაწერა მეფემან და ბჭეთა განჩინებაჲ ნეტართა მათ მამათათჳს და წარსცა ეპარხოსისა. მაშინ დაჯდა ეპარხოსი დალიჭსა მას ბჭობისა მისისასა და ბრძანა წარმოდგინებაჲ ნეტართაჲ მათ; და ვითარცა წარმოდგეს, ბრძანა წარკითხვაჲ განჩინებისაჲ მის. და ესრეთ ეწერა: ღმრთივდაცულმან მეფემან და ყოველთა ბჭეთა და მთავართა შჯულიერად და სამართლად განჩინებაჲ ესე განვაჩინეთ თქუენ ზედა, მაქსიმე მონაზონო და ანასტასიოს და ანასტასიოს. ჯერ-იყო შემსგავსებულად უკეთურებისა თქუენისა და ბოროტადმეტყუელებისა უფიცხესითა ტანჯვითა ტანჯვაჲ თქუენი, არამედ არა ვინებეთ ღირსად ბრალთა და გმობათა თქუენთა მიგებად, რაჲთა ჯეროვანი მისაგებელი მერმესა მას საუკუნესა მიიღოთ; ხოლო ამას საწუთროსა ცხორებასა თქუენსა მიგანიჭებთ, გარნა მცირედი რაჲმე საწურთელად უწესოებისა და განდგომილებისა თქუენისა; უბრძანებთ დიდებულსა ეპარხოსსა, რაჲთა წარმოგადგინნეს ქალაქპეტობისა მისისა სამშჯავროსა და შოლტითა ზურგი თქუენი უწყალოდ გუემოს და მერმე ენანი სამთანივე ძირით აღმოგკუეთნეს და მარჯუენანი ჴელნი, მწერალნი გმობათანი, მახჳლითა დაგკუეთნეს; და შემდგომად დაჭრისა ბოროტთა მათ ასოთა თქუენთა, განგაქიქნეს ათორმეტთა მათ უბანთა სამეუფოჲსა ამის ქალაქისათა და შემდგომად განქიქებისა მის წარგავლინნეს სამარადისოსა ექსორიობასა და პყრობილობასა, კერძოთა სამეგრელოჲსათა, რაჲთა იგლოვდეთ ყოველთა დღეთა ცხორებისა თქუენისათა გმობისა თქუენისა ცთომილებასა. წარიკითხეს რაჲ ესევითარი იგი განჩინებაჲ, ბრძანა ეპარხოსმან ტანჯვაჲ მათი. წმიდამან მაქსიმე თქუა: ყოველსავე ზედა მადლი და დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ. ნეტართა მათ ძმათა თქუეს: ამენ.

 

მაშინ გუემნეს უწყალოდ მონანი იგი ღმრთისანი და დაჰკუეთნეს ენანი და ჴელნი მათნი და მოავლინეს ყოველსავე ქალაქსა, ბრძანებისაებრ მძლავრისა მის. და წარავლინნა ექსორიობად სამეგრელოს წმიდანი იგი აღმსარებელნი და მოწამენი. ხოლო მიიწინეს რაჲ ქუეყანასა მას მეგრელთასა, მეყსეულად განყვნეს იგინი ურთიერთას, რამეთუ ესრეთ მიეღო ბრძანებაჲ, და რაჲცა აქუნდა საჴმარად ჴორცთა, ყოველივე იავარ-ყვეს, არაჲ დაუტევეს მათ თანა ყოვლადვე, რაოდენიცა-რაჲ ღმრთისმოყუარეთა კაცთა მიეცა. და ნეტარი იგი და წმიდაჲ მაქსიმე უძლურებასა შინა დიდსა იყო; ვერ ეძლო ვერცა კარაულსა ზედა ჯდომაჲ, ვერცა სავარძელსა, არამედ ქმნეს ლასტი და დადვეს მას ზედა და ატჳრთვიეს პაჰრაკთა, და წარიყვანეს და შეაწყუდიეს ციხესა, რომელსა ეწოდებოდა ჰიმარ, მახლობელად ქუეყანასა ოვსეთისასა. და ძმაჲ ანასტასიოს საჴედრითა წარიყვანეს და შეაყენეს ციხესა აფხაზეთისასა, რომელსა ეწოდების კოტორი. და მეორჱ ანასტასიოს, რომელმან ესე ყოველი აღწერა და მომიძღუანა თევდოსი ხუცესსა, რომელმან აღვწერე ყოველივე ესე მოღუაწებაჲ წმიდისა მაქსიმესი, ესე ანასტასიოს შეაყენეს ციხესა, სახელით ბოკელეს, საზღვართავე ოვსეთისათა. მერმე, შემდგომად მცირედისა ჟამისა, გამოიყვანნეს სეხნანი იგი ძმანი ციხეთა მათგან და წარიყვანეს ანასტასიოს ხუცესი ციხესა სუანთა სოფლისასა. და იყო იგი მიახლებულ სიკუდილსა მრავალთა მათ ტანჯვათაგან და ჭირთა, რომელნი შეემთხჳნეს ბიზანტიას და გზასა, და ვიდრე არღა მიწევნულ იყო ციხესა მას, აღესრულა და მივიდა სიხარულით სასუფეველსა ცათასა, თუესა ივლისსა, ოცდაოთხსა. ხოლო ანასტასიოს დიაკონი წარიყვანეს ციხესა თაკუერისასა აფხაზეთს და იყოფოდა მუნ ვიდრე სიკუდილადმდე მეფისა მის მწვალებელისა. ამისა შემდგომად მიეცა ფლობაჲ და მოვიდა საბერძნეთად და ყოველივე გუაუწყა, რაჲ-იგი შეემთხჳა მათ. და მოღუაწებითა დიდითა აღასრულა ცხორებაჲ თჳსი და ღირს-იქმნა მოყუასსავე თჳსთა თანა სავანეთა ზეცისათა.

 

ხოლო წმიდაჲ იგი და სანატრელი მაქსიმე, ჭეშმარიტი იგი მონა, აღმსარებელი ქრისტჱსი, შეიყენა ზემოწერილისა მას ციხესა და იყოფვოდა მუნ, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ. არა დასცხრებოდა ლოცვისა და გალობისაგან დღე და ღამე და მარხვაჲ ეპყრა შემსგავსებული სიჭაბუკისა მისისა ჟამთაჲ, და ღმრთისა მიმართ ხედვაჲ გონებისა მისისაჲ დაუცადებელ იყო; ხოლო გზითცა და ციხითცა წერდა ებისტოლეთა სულიერთა და მართლისა სარწმუნოებისათჳს საყუარელთა მიმართ. რამეთუ კალამი მოების ჴელსა მას დაკუეთილსა და წერნ, და ჩუენ ყოველთა გჳხილავნ ებისტოლენი იგი დაკუეთილითა მით ჴელითა დაწერილნი. ხოლო შემდგომად ოთხისა თჳსა შეყენებისა მის მისისა ციხესა მას მოვიდა მისა ანგელოზი ღმრთისაჲ და ახარა განსლვაჲ მისი ამიერ სოფლით და მოსლვაჲ წინაშე ღმრთისა. და მოუწოდა ნეტარმან მან ციხის-თავსა მას და სხუათა მუნ მყოფთა და აუწყა, ვითარმედ შემდგომად შჳდისა დღისა განვალ სოფლისა ამისგან; რამეთუ მადლითა ქრისტესითა დაუყენებელად ზრახვიდა. და ებისტოლეცა დაწერა ანასტასიოსის მიმართ დიაკონისა, რამეთუ ანასტასი ხუცესი აღსრულებულ იყო; და მისცა ებისტოლჱ იგი ციხისთავსა და ევედრა, რაჲთა შემდგომად აღსრულებისა მისისა წარსცეს წიგნი იგი ძმისა მის მიმართ, და ეგრეცა ყო კაცმან მან. და იგიცა ებისტოლჱ გჳხილავს, სავსჱ მადლითა სულიერითა. მიერითგან საზრდელისა გემოჲ ნეტარმან მან არა იხილა, და მეექუსესა დღესა მცირედი სიმჴურვალჱ შეემთხჳა, და ხვალისა დღე ჴელთა ღმრთისათა შეჰვედრა სული თჳსი სიხარულით და მხიარულებით, თთუესა აგვისტოსსა, ცამეტსა, დღესა შაბათსა, და წარვიდა ჭირთაგან და ღუაწლთა განსუენებასა საუკუნესა და მიიღო გჳრგჳნი მოღუაწებისა და წამებისაჲ. იყო მახლობელად ციხისა მის მონასტერი წმიდისა არსენისა. მუნ დაჰმარხეს წმიდაჲ იგი გუამი მისი სადიდებელად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა. ხოლო აჩუენა უფალმან სასწაული დიდი, რამეთუ სამნი ლამპარნი ბრწყინვალენი ზეცით მოვიდეს და დადგეს სამარხოსა მას ზედა, სადა წმიდაჲ იგი გუამი მისი დამარხულ იყო, და დაადგრეს მას ზედა ვიდრე წელიწდადმდე, დღედ აღსრულებისა მისისა, რომელთაცა მყოფნი მის ციხისანი და მონასტრისანი და ყოველნი მახლობელნი ხედვიდეს და ადიდებდეს ღმერთსა და მიუთხრობდეს ქუეყნითი-ქუეყნად დიდებულსა მას სასწაულსა. და კურნებანი და სასწაულნი მრავალნი იქმნებოდეს დღითი-დღე საფლავსა მას მის ნეტარისასა. აღესრულა, ვითარცა ვთქუ, ღმერთშემოსილი მამაჲ ჩუენი და აღმსარებელი ქრისტესი მაქსიმე თთუესა აგვისტოსა, ცამეტსა; ხოლო აღესრულების საჴსენებელი მისი მას დღესაცა და კუალად აღესრულების თთუესა იანვარსა, ოცდაერთსა, ოდეს-იგი ტანჯეს და დაჰკუეთეს წმიდაჲ იგი ენაჲ და ჴელი მისი, რამეთუ ესრეთ განაწესეს წმიდათა მამათა მეექუსისა მის კრებისათა.

 

ხოლო ოდეს ესე ყოველი ესრეთ იქმნა, მაშინ, შემდგომად ექსორიობისა წმიდისა მარტინესისა, ნეტარმან აგათონ მიიღო მღდელთმოძღურებაჲ ჰრომისაჲ და შემდგომად ექსორიობისა წმიდისა მაქსიმესა ყო კრებაჲ ას ოცდაოთხთა ებისკოპოსთაჲ, და წვალებაჲ იგი ერთისა ნებისა მეტყუელთაჲ შეაჩუენეს და ორნი ნებანი და ორნი საქმენი ქრისტესნი და ორნი ბუნებანი ქადაგნეს და დაამტკიცნეს. ხოლო საშჯელი ღმრთისაჲ მოიწია ესევითართა უშჯულოებათა მოქმედსა მას მეფესა ზედა და განჴადა იგი სჳრაკოსეს სიკილიისასა, რაჲთა მუნ მიიღოს ნაცვალი საქმეთა თჳსთაჲ. ხოლო მიზეზი ესე იყო: ესუა მას ძმაჲ, სახელით თევდოსი, და შურითა ბოროტითა მოკლა იგი. შეუძნდა ესე ყოველსა მას ქალაქსა ბიზანტიისასა და მოიძულეს იგი, უმეტესად ამისთჳს, რომელ წმიდაჲ მარტინე ჰრომისა პაპაჲ მრავლითა შეურაცხებითა ექსორია-ყო ქერსონეთს და წმიდასა მაქსიმეს და მოწაფეთა მისთა ენანი და ჴელნი დაჰკუეთნა და ოვსეთისა საზღვართა ექსორია-ყვნა. იხილა რაჲ მზაკუარმან მან, ვითარმედ მოიძულეს ყოველთა, განიზრახა მიცვალებაჲ მეფობისაჲ ჰრომს. შეკრიბა ერი და წარემართა ჰრომედ და მიიწია რაჲ თესალონიკედ, წარავლინნა სამეფოს მოყვანებად ცოლისა და შვილთა მისთა, ხოლო მთავართა და ერთა კოსტანტინეპოლისათა არა მისცნეს. ხოლო უკეთური იგი მივიდოდა ჰრომედ. მიავლინეს მყოფთა ჰრომისათა და აუწყეს, ვითარმედ: ნუ მოხუალ აქა, არა შეგიწყნარებთ, მწვალებელო! ესე რაჲ ესმა, მივიდა სიკილიას და მუნ იყოფვოდა და ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა ბრძოლა უყოს ჰრომსა. ხოლო დღესა ერთსა შევიდა ბანად აბანოსა მას, რომელსა ეწოდების დაფნი, და თანა შეჰყვა ანდრია, ძჱ ტროილჱსი, მსახურად. ხოლო იცხო რაჲ საპონი თავსა და იბანებოდა, აღიღო ანდრია სატლი ვეცხლისაჲ დიდი, რომლითა წყალსა ტფილსა და გრილსა აღმოასხმიდეს, და სცა თხემსა მისსა და მეყსეულად მოაკუდინა, და იგი განვიდა. შევიდეს სხუანი და პოვეს იგი მომკუდარი და განიყვანეს და დაჰფლეს. და აღესრულა მის ზედა სიტყუაჲ იგი წერილისაჲ, ვითარმედ: "მოკუდა უშჯულოჲ და წარწყმდა საჴსენებელი მისი" (შდრ. იობ. 18,17). მაშინ მის თანა მყოფთა მათ ერთა დასუეს მეფედ კაცი ვინმე სომეხი, სახელით მიზიზე, იძულებით, რამეთუ იყო ხილვითა ვითარმედ შუენიერი და სიმჴნითა ახოვანი. ესმა ესე კოსტანტინეს, ძესა მისსა, და იქადაგა მეფედ, და აღიღო მჴედრობაჲ ქუეყანით და ზღჳთ და მიიწია სიკილიას და შეიპყრა მიზიზე და სხუანი იგი მკლველნი მამისა მისისანი და მოკლნა იგინი და დააწყნარნა კერძონი იგი დასავლისანი; და მოიქცა კოსტანტინეპოლედ და მეფობდა ტიბერის თანა და ჰერაკლეს, ძმათა თჳსთა.

 

ამან კოსტანტინე მეფემან გულისხმა-ყო ცთომილებაჲ იგი მამისა თჳსისაჲ და წვალებაჲ. განაწესა შეკრებაჲ მღუდელთმოძღუართაჲ, და იქმნა კრებაჲ იგი მეექუსჱ კოსტანტინეპოლეს ას სამეოცდარვათა წმიდათა მამათაჲ. და ქადაგეს უფალი იესუ ქრისტჱ, მჴსნელი და მაცხოვარი ჩუენი, ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა და ორითა საქმითა, ღმრთეებისა და კაცებისაჲთა, არა განყოფილებითა პირთა და გუამთაჲთა, არამედ ორთა ბუნებათა სრულებითა; რამეთუ არცა ერთი ბუნებათა მისთაგანი იყო თჳნიერ ნებისა და საქმისა, რამეთუ რომელნი უარ-ჰყოფენ ორთა ნებათა და საქმეთა, იგინი ბუნებათაცა უარ-ჰყოფენ და თჳთებათა მათთა. იყვნეს წინამძღუარ კრებისა მის აგათონ, პაპაჲ ჰრომისაჲ, და გიორგი, პატრიაქი კოსტანტინეპოლისაჲ, და თეოფანე – ანტიოქისაჲ, რომელი მას ოდენ კრებასა დაადგინეს; და მაკარი, რომელი იყო პირველ მისა, განკუეთეს, და მის თანა სხუანი მწვალებელნი შეაჩუენნეს: ონორი, რომელი ყოფილ იყო ჰრომს, და კჳროზ ალექსანდრიელი, თეოფანე ფარანელი, სერგიოს და პიროს და პავლე და პეტრე კოსტანტინეპოლელნი, მაკარი ანტიოქიელი და სტეფანე, მოწაფჱ მისი; რამეთუ ამათ ყოველთა იკადრეს თქუმად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთჳს, ვითარმედ ერთი ნებაჲ და ერთი ხოლო საქმჱ აქუნდა შემდგომად განკაცებისაო, რომელი-ესე უარის-ყოფაჲ არს ორთა ბუნებათაჲ. ზემოჴსენებულთა მათ მწვალებელთა თანა შეაჩუენნეს პოლიხრონიოსცა, უგუნური იგი და ცოფი ბერი, რომელმან იკადა ესევითარსა მას წვალებასა შინა აღდგინებაჲ მკუდრისაჲ. ხოლო მამათა მათ წმიდათა მისცეს ფლობაჲ აღდგინებად, და ვითარ-იგი ვერარაჲ აღადგინა, უმეტესად განაქიქა გმობაჲ თჳსი. ამან წმიდამან მეექუსემან კრებამან ას სამეოცდარვათა მამათამან, რომელნი შეკრბეს კოსტანტინეპოლეს სამეუფოსა პალატსა და დაამტკიცეს მართალი სარწმუნოებაჲ და დაწერეს ძეგლი ღმრთისმეტყუელებისაჲ. პირველად აჴსენეს სარწმუნოებაჲ განწესებული ნიკიისა კრებისაჲ, სამას ათრვამეტთა მამათაჲ, და კოსტანტინეპოლისა ას ორმეოცდაათთა მამათაჲ; და ეფესოჲსა ორასთა მამათაჲ, და ქალკიდონისა ექუსას ოცდაათთა მამათაჲ, და კოსტანტინეპოლისა ას სამეოცდაათთა მამათაჲ; და ყოველივე ხუთთა მათ კრებათა მიერ ქადაგებული შეიწყნარეს და დაამტკიცეს, და რომელნი მათ განეკუეთნეს და შეეჩუენნეს, შეაჩუენეს, და რომელნი მათ ედიდნეს, ადიდნეს. და მერმე ახლად შემოსრული იგი წვალებაჲ ერთისა ნებისა და ერთისა საქმისა მეტყუელთაჲ სრულიად განაგდეს და მეტყუელნი იგი ესევითარისა მის წვალებისა, ვითარცა ზემოწერილ არს, შეაჩუენნეს. და ებისტოლჱ, მოწერილი აგათონ ჰრომთა პაპისაჲ კოსტანტინე მეფისა მომართ, შეიწყნარეს შემსგავსებულად ებისტოლისა მის დიდისა ლეონისა, ჰრომთა პაპისა, რომელი მოეწერა კრებასა ქალკიდონისასა. და კრებაჲ იგი ას ოცდაოთხთა ებისკოპოსთაჲ, რომელნი ჰრომს შეკრიბნა ღირსმან აგათონ, და ყოველი მათ მიერ თქუმული და განწესებული დაამტკიცეს და ერთ კრებად შეჰრაცხნეს: ას სამეოცდარვანი კოსტანტინეპოლისანი და ას ოცდაოთხნი ჰრომისანი. და წმიდაჲ მარტინე, ჰრომისა პაპაჲ, და წმიდაჲ მაქსიმე აღმსარებელი ჴმამაღლად ადიდნეს და საჴსენებელად საუკუნოდ ნეტარებაჲ და ქებაჲ მათი განაწესეს.

 

მოვიდა ღმრთისმსახური იგი კოსტანტინე მეფჱ და დაჯდა შორის წმიდათა მათ მამათა. მიიღო ძეგლი იგი მართლისა სარწმუნოებისაჲ მწიგნობართა მთავარმან პატრიაქისამან, პატივით მთავარდიაკონმან, და ჴმამაღლად წარიკითხა. და ესრეთ წერილ იყო: დიდმან ამან და ყოვლისა სოფლისაგან ნებითა და მადლითა ღმრთისაჲთა და ბრძანებითა მორწმუნისა და ღმრთის-მსახურისა მეფისა კოსტანტინესითა შემოკრებულმან ღმრთივ-დაცულსა სამეუფოსა ქალაქსა მეექუსემან კრებამან ტაძარსა დიდისა პალატისსა ესრეთ აღწერა და განაწესა და ამას იტყჳს: ღმრთისა და მამისა მხოლოდშობილი ძჱ და სიტყუაჲ, რომელი-იგი ყოვლითურთ მსგავს არს ჩუენდა, კაც იქმნა თჳნიერ ცოდვისა. ქრისტჱ, ჭეშმარიტი ღმერთი ჩუენი, წმიდისა სახარებისა ქადაგებითა ესრეთ ბრძანებს: "მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ" (იოან. 8,12); და კუალად თქუა: "მშჳდობასა მოგცემ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა დაგიტევებ თქუენ" (იოან. 14,27). ამის ღმრთივქადაგებულისა ჭეშმარიტისა და მიუაჩრდილებელისა ნათლისა ბრწყინვალებითა განათლდა და შეუდგა მას ღმრთისმსახური მეფჱ ჩუენი, და მშჳდობაჲ იგი მის მიერ აღთქუმული წინამძღურად მოიღო და იქმნა მართლმადიდებლობისა შემწე და წვალებისა წინააღმდგომ. ამისთჳსცა წმიდაჲ ესე და სოფლიოჲ კრებაჲ ღირსთა ამათ მღუდელთმოძღუართაჲ მოსწრაფედ შემოკრიბა და ყოველივე სავსებაჲ ეკლესიისაჲ შეაერთა. ხოლო წმიდამან ამან და პატიოსანმან კრებამან მტრისა მიერ დათესული ღუარძლი ყოველივე ეკლესიისაგან აღმოფხურა და ყოველი წვალებისა უშჯულოებაჲ განიოტა და სწავლასა დიდთა და ღმრთის მიერ გამორჩეულთა მამათასა შეუდგა და წმიდათა მათ და ყოვლისა სოფლისა განმანათლებელთა ხუთთა კრებათა თანა ყოვლითურთ ერთნებაჲ და ერთგანზრახვა იქმნა. პირველად, სამას ათურამეტთა ნიკიას შეკრებულთა წმიდათა მამათა, უშჯულოჲსა არიოზისა განმკუეთელთა; მეორედ, კოსტანტინეპოლეს ას ორმეოცდაათთა ღმერთ-შემოსილთა მამათა, მაოტებელთა ბოროტისა მის მაკედონიოს, სულისა წმიდისა მბრძოლისა, და აპოლინარის უკეთურისა; მესამედ, ეფესოს შეკრებულთა ორასთა წმიდათა მამათა, რომელთა არცხჳნეს უშჯულოსა ნესტორის; მეოთხედ, ქალკიდონს შეკრებულთა ექუსას ოცდაათთა წმიდათა მამათა, შემაჩუენებელთა ევტუქის და დიოსკოროჲს და სებეროსის, მწვალებელთა; მეხუთედ, ამას სამეუფოსა ქალაქსა შემოკრებულთა ას სამეოცთა წმიდათა მამათა, რომელთა განკუეთეს თეოდოდე მომფსუეტელი და ოროგინე და დიდიმოს და ევაგრე და ათორმეტნი იგი თავნი თევდორიტესნი, წინააღმდგომნი ღმერთშემოსილისა კჳრილესნი, და ებისტოლჱ იგი ივაჲსი, მიწერილი მარენ სპარსისა მიმართ, და ყოველივე წვალებაჲ შეაჩუენეს და სარწმუნოებაჲ პირველთა მათ წმიდათა კრებათა მიერ განწესებული დაამტკიცეს. აწ უკუე ჩუენ ყოველნივე წმიდათა მათ კრებათა მიერ ქადაგებულსა სარწმუნოებასა ვქადაგებთ და დავამტკიცებთ და ესრეთ ვღაღადებთ შემოკრებულნი წმიდასა ამას კრებასა მეექუსესა: გურწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმდი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთაჲ; და ერთი უფალი იესუ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისაჲ, მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა; ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისაჲ, რომლისა მიერ ყოველი შეიქმნა; რომელი ჩუენთჳს, კაცთათჳს, და ჩუენისა ცხოვრებისათჳს გარდამოჴდა ზეცით და ჴორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისგან ქალწულისა და განკაცნა; და ჯუარს-ეცუა ჩუენთჳს პონტოელისა პილატეს ზე, ივნო, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, მსგავსად წერილისა; ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა და კუალად მოვალს დიდებით განშჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ; და სული წმიდაჲ, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ; და ერთი წმიდაჲ კათოლიკე და სამოციქულოჲ ეკლესიაჲ; აღვიარებთ ერთსა ნათლის-ღებასა მოსატევებლად ცოდვათა; მოველით აღდგომასა მკუდრეთით და ცხორებასა მერმისა საუკუნოჲსა, ამენ. კმა იყო მეცნიერებად და დასამტკიცებელად მართლისა სარწმუნოებისა წმიდაჲ ესე ღმერთშემოსილთა მათ მამათაგან დაწესებული მართლაღსარებაჲ, არამედ ვინაჲთგან არა დასცხრა პირველითგან მომპოვნებელმან მან უკეთურებისამან ბრძოლად ნათესავსა კაცთასა და ვითარცა-იგი პირველ თანაშემწედ მოიპოვა გუელი, მის მიერ წამალი იგი გესლიანი სიკუდილისაჲ უწდია ბუნებასა კაცთასა, ეგრეთვე აწ პოვნა ჭურჭელნი შემსგავსებულნი ნებისა თჳსისანი: თეოფანე, ვინმე ფარანელი, და სერგიოს და პიროს და პავლე და პეტრე, რომელნი იყვნეს მღდელთმოძღუარ სამეუფოჲსა ამის ქალაქისა; ამათ თანა ონორიცა, ჰრომის წინამძღუარი, და კჳროზ ალექსანდრიისაჲ, მაკარი ანტიოქელი და სტეფანე, მოწაფჱ მისი. ესე ყოველნი პოვნა ბოროტმან მან მტერმან აღმასრულებელად ნებისა თჳსისა და ისწრაფა მათ მიერ აღდგინებად ეკლესიასა შინა საცთური ბოროტი; რამეთუ ამათ პირველთქუმულთა კაცთა, ბირებითა დასაბამითგან კაცის-მკლველისაჲთა, იკადრეს თქუმად ერთი ნებაჲ და ერთი საქმჱ ორთა მათ ბუნებათაჲ, ერთისა მის სამებისაგანისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაჲ. და ამით სახითა განაახლა ერსა შორის ქრისტეანეთასა წვალებაჲ იგი აპოლინარისი, სებეროსისი და თემისტისი, უშჯულოთა მათ, რაჲთამცა სრულებაჲ იგი განკაცებისაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი განაქარვა ესევითარითა მით მზაკუვარებითა და აჩუენამცა თჳნიერ ნებისა და საქმისა ყოფად გონიერად სულიერნი იგი ჴორცნი უფლისანი. ამისთჳს აღადგინა ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან მორწმუნე ესე მეფჱ, ახალი დავით, რომელი პოვა გულითადი თჳსი, რომელმანცა, ვითარცა წერილ არს, "არა სცა ძილი თუალთა თჳსთა, არცა ჰრული წამთა თჳსთა, არცა განსუენებაჲ ჴორცთა თჳსთა" (ფსალმ. 131,4), ვიდრემდის ღმრთივშემოკრებული ყო ესე კრებაჲ და წმიდათა ამათ მამათა მიერ პოვა სრული იგი მართლმადიდებლობისა ქადაგებაჲ. რამეთუ, ვითარცა იტყჳს უფალი, "სადა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულნი სახელითა ჩემითა, მუნ ვარ მე მათ შორის" (მათ. 18,20). ჭეშმარიტად უკუე ჩუენ შორის არს სახიერი იგი და მიძღჳს ჩუენ გზასა ჭეშმარიტებისასა. ამან წმიდამან კრებამან სარწმუნოებით და მოწლედ შეიწყნარა ებისტოლჱ წმიდისა და ნეტარისა აგათონ ჰრომთა პაპისაჲ, მოწერილი ღმრთისმსახურისა მეფისა ჩუენისა კოსტანტინესა, რომელსა შინა წერილ არს სახელდებით განკუეთაჲ და განყრაჲ ყოველთაჲ, რომელთა ქადაგეს ერთი ნებაჲ და ერთი საქმჱ განკაცებასა შინა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა; ეგრეთვესახედ ას ოცდაოთხთაცა ღმერთშემოსილთა ებისკოპოსთა ებისტოლჱ, რომელნი ღირსსა მას აგათონს თანა შეკრბეს, მოწერილი მორწმუნისა ამის მეფის მიმართ, სათნოდ და კეთილად შეიწყნარა, რამეთუ თანაეწამებოდეს ესე ებისტოლენი და დაამტკიცებდეს ებისტოლესა მას დიდისა ლეონისსა, ჰრომთა პაპისა, რომელი მიუწერა წმიდასა ფლაბიანეს, კოსტანტინეპოლელ პატრიაქსა, კრებასა მას ქალკიდონისასა, რომელსაცა ძეგლი მართლმადიდებლობისაჲ უწოდა წმიდამან ამან კრებამან. ეგრეთვე დაამტკიცა წმიდამან ამან კრებამან ებისტოლენი იგი წმიდისა და ნეტარისა კჳრილესნი, განსაკუეთელნი უშჯულოჲსა ნესტორისნი და რაოდენიცა მიუწერა აღმოსავალისა ებისკოპოსთა, ეგრეთვე ებისტოლჱ სოფრონ იერუსალჱმელ პატრიაქისაჲ. ესე ყოველი შევიწყნარეთ ჩუენ ყოველთა და სწავლასა ხუთთა კრებათასა და წმიდათა მათ ღმერთშემოსილთა მამათასა შეუდეგით და აღვიარებთ უფალსა ჩუენსა და ჭეშმარიტსა ღმერთსა იესუ ქრისტეს, ერთსა მას წმიდისა და ერთარსებისა სამებისაგანსა, სრულსა ღმრთეებითა და სრულსა კაცებითა, ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა, თჳნიერ ცოდვისა, რომელი-იგი უწინარეს საუკუნეთა იშვა მამისაგან ღმრთეებითა, ხოლო უკუანაჲსკნელთა ჟამთა ჩუენთჳს და ჩუენისა ცხორებისათჳს განჴორციელდა სულისაგან წმიდისა და მარიამისგან ქალწულისა, ჭეშმარიტისა მის ღმრთისმშობელისა, ბუნებითა მით კაცობრივითა, ერთი უფალი იესუ ქრისტჱ, მხოლოდშობილი, ორითა ბუნებითა, შეურევნელად, უცვალებელად, განუყოფელად, განუშორებელად ცნობილი. რამეთუ განყოფილებაჲ იგი ბუნებათაჲ არა შეირია, არცა დაიჴსნა ერთობითა მით გუამისაჲთა, არამედ უფროჲსღა მტკიცე იყო თჳთებაჲ ორისავე ბუნებისაჲ, შეკრებულ ერთ პირად და ერთ გუამად; რამეთუ არა ორად პირად განიკუეთა ანუ განეყო ორ გუამოვნებად, არამედ იგივე ერთი მხოლოდშობილი სიტყუაჲ ღმრთისაჲ, უფალი იესუ ქრისტჱ ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა, ვითარცა პირველთაგან წინაჲსწარმეტყუელთა ქადაგეს და თავადმან იესუ ქრისტემან გუასწავა და წმიდათა მოციქულთა გუაუწყეს და ღმერთშემოსილთა მამათა გუასწავეს; ვქადაგებთ ჩუენცა ორთა ბუნებათა და ორთა ბუნებითთა ნებათა და ორთა ბუნებითთა საქმეთა. და ორთა ბუნებითთა ნებათა არა წინააღმდგომთა, – ნუ იყოფინ! – ვითარცა უშჯულონი მწვალებელნი იტყჳან. რამეთუ შეუდგა კაცობრივი იგი ნებაჲ მისი საღმრთოსა ნებასა და არა წინააღმდგომ იყო ანუ მებრძოლ, არამედ უფროჲსად ჰმორჩილებდა საღმრთოსა მას და ყოვლადძლიერსა ნებასა მისსა, რამეთუ ჯერ-იყო ნებისა მის ჴორცთაჲსა აგებულებაჲ და დამორჩილებაჲ ნებასა მას ღმრთეებისასა, ვითარცა იტყჳს დიდი ათანასე; რამეთუ ვითარცა ჴორცნი მისნი ჴორც სიტყჳსა ღმრთისა ითქუმიან და არიან, ეგრეთვე ბუნებითი იგი ნებაჲ ჴორცთა მისთაჲ თჳსად სიტყჳსა ღმრთისა ითქუმის და არს, ვითარცა თჳთ თავადი იტყჳს, ვითარმედ: "გარდამოვჴედ ზეცით, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ" (იოან. 6,38). თჳსად ნებად ნებასა მას ჴორცთასა იტყოდა, რამეთუ ჴორცნიცა მისნი იყვნეს; და ვითარცა წმიდანი იგი უბიწონი ჴორცნი განღმრთობითა არა განილინეს, არამედ თჳსსა წესსა და ბუნებასა ეგნეს, ეგრეთვე კაცობრივი ნებაჲ მისი შეერთებითა ღმრთეებისაჲთა არა განილია, არცა განქარდა, არამედ უფროჲსად განემტკიცა, ვითარცა იტყჳს გრიგოლ ღმრთისმეტყუელი, ვითარმედ: ნებაჲ იგი მაცხოვრისაჲ არა წინააღმდგომ საღმრთოჲსა ნებისა იყო, არამედ ყოვლითურთ განღმრთობილ და მიმყოლელ ნებასა საღმრთოსა. ეგრეთვე ორთა ბუნებითთა საქმეთა განუყოფელად, უცვალებელად, შეურევნელად უფლისა და ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა აღვიარებთ, ესე იგი არს, საღმრთოსა საქმესა და კაცობრივსა საქმესა, ვითარცა იტყჳს ღმერთშემოსილი ლეონ განცხადებულად, ვითარმედ: თითოეული ბუნებაჲ მისი იქმს წესსა თჳსსა ზიარებითა მეორისაჲთა; ბუნებაჲ იგი სიტყჳსაჲ იქმს საქმეთა სიტყჳსათა და ბუნებაჲ ჴორცთაჲ იქმს, რაჲ-იგი შეჰგავს ჴორცთა. რამეთუ არა ეგების თქუმად, თუ ერთ არს საქმე ბუნებითი ღმრთეებისაჲ და ჴორცთაჲ, რაჲთა არცა დაბადებული არსებასა მას ღმრთეებისასა აღვიყვანოთ, არცა სიმაღლჱ იგი და საკჳრველებაჲ საღმრთოჲსა ბუნებისაჲ დაბადებულთადა განწესებულსა ადგილსა შთამოვიყვანოთ. ერთისა უფლისა, ერთისა ქრისტესი ვიცნით სასწაულნიცა და ვნებანიცა, არამედ სხუად და სხუად სახედ, შემსგავსებულად ბუნებათა მათ, რომელთაგან და რომელთა შინა იყო, ვითარცა ნეტარმან კჳრილე თქუა. აწ უკუე ყოვლით კერძო შეურევნელად და განუყოფელად საიდუმლოსა მას ვქადაგებთ და მოკლითა სიტყჳთა ყოველსა განვაცხადებთ, და გურწამს ერთი წმიდისა სამებისაგანი – უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, ღმერთი ჭეშმარიტი, შემდგომად განკაცებისა ორითა ბუნებითა, რომელნი-იგი ერთსა მას გუამსა მისსა შინა ბრწყინვიდეს, რომლითა სასწაულნიცა და ვნებანი ჟამთა მათ განგებულებისა მისისათა არა უცნებით, არამედ ჭეშმარიტებით აჩუენნა, და განყოფილებაჲ იგი ბუნებათაჲ ერთსა მას გუამსა შინა იცნობებოდა, რაჟამს-იგი ზიარებითა მეორისაჲთა თითოეული ბუნებაჲ განუყოფელად და შეურევნელად თჳსსა საქმესა ინებებდა და იქმოდა. ამით სახითა ორთა ბუნებითთა ნებათა და საქმეთა უფლისათა ვქადაგებთ საცხორებელად კაცთა შეკრებულთა. ესე ყოველი მრავლითა კრძალულებითა და ჭეშმარიტებითა გურწამს და აღვიარებთ და ვქადაგებთ და ესრეთ განვაწესებთ, რაჲთა ამიერითგან ამის სარწმუნოებისა გარეშე სხუაჲ სარწმუნოებაჲ ვერვინ იკადროს თქუმად, ანუ აღწერად, ანუ სწავლად. უკუეთუ კულა იპოოს ვინ, სხუად სახედ შემცვალებელი ამის მართლისა აღსარებისა, და ასწაოს, ანუ წარმოთქუას, ანუ აღწეროს სხუაჲ რაჲმე განდრეკილი სარწმუნოებაჲ, შეჩუენებულმცა არს და განკუეთილ; უკუეთუ მღდელობაჲ აქუნდეს, უცხო იყავნ პატივისა მისგან, უკუეთუ მონაზონი იყოს, ანუ ერისკაცი იყოს, წყევასა ქუეშე იყავნ. კოსტანტინე ღმრთისმსახურმან თქუა: იტყოდენ წმიდაჲ ეგე და ღმრთივშემოკრებული კრებაჲ, წამებითა და ნებითა და განზრახვითა თქუენ ყოველთაჲთა აღწერილ არსა ძეგლი ესე სარწმუნოებისაჲ, რომელი წარიკითხეს? წმიდამან კრებამან ჴმა-ყო: ყოველთა ესრეთ გურწამს, ყოველნი ესრეთ აღვიარებთ, ყოველთა გონებაჲ და სარწმუნოებაჲ ერთ არს, ყოველთა წამებაჲ ჩუენი კაცად-კაცადსა თჳსითა ჴელითა დაგჳწერია, ყოველნი მართლმადიდებელნი ვართ. ესე არს სარწმუნოებაჲ მოციქულთაჲ, ესე არს სარწმუნოებაჲ მამათაჲ, ესე არს სარწმუნოებაჲ მართლმადიდებელთაჲ. ადიდენ ღმერთმან მეფობაჲ თქუენი; აღსარებაჲ ორთა ბუნებათა ქრისტესთაჲ სრულებით შენ დაამტკიცე; აღასრულენ ქრისტემან შენ ზედა დიდი წყალობაჲ მისი; მწვალებელნი ყოველნი შენ იოტენ, დაგიცევინ უფალმან მაოტებელი ეგე მწვალებელთაჲ; მშჳდობაჲ ღმრთისაჲ იყავნ მეფობასა ზედა თქუენსა; შენ მიერ წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა მშჳდობაჲ იქმნა. კოსტანტინე ახლისა მეფისა და შვილთა მისთა წელნი მრავალმცა არიან; მეუფეო ზეცათაო, მეფჱ ქუეყანისაჲ დაიცევ. ნესტორი და ევტჳქოს და სებეროს შეჩუენებულმცა არიან; სერგიოს და ონორიოს, პიროს და პავლე და პეტრე, კჳროზ, თეოფანე ფარანელი, მაკარი, სტეფანე და პოლიხრონი მწვალებელნიმცა შეჩუენებულ არიან. რომელთა ქადაგეს, ანუ რომელნი ქადაგებენ ანუ ქადაგონ ერთი ნებაჲ და ერთი საქმჱ ანუ ერთი ბუნებაჲ ღმრთეებისა და კაცებისა ქრისტესი, შეჩუენებულმცა არიან; კოსტანტინე მართლმადიდებელის მეფისა საჴსენებელი საუკუნო იყავნ; მარტინე ღმერთშემოსილისა ჰრომთა პაპისა საჴსენებელი საუკუნო იყავნ; მაქსიმეს, სანატრელისა მამისა ჩუენისა, ქრისტეს აღმსარებელისა, საჴსენებელი საუკუნო იყავნ; სოფრონ იერუსალჱმელ პატრიაქისა საჴსენებელი საუკუნო იყავნ; ყოველთა მართლმადიდებელთა მღდელთმოძღუართა და მამათა, მართლგამომეტყუელთა სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა, საჴსენებელი საუკუნო იყავნ. კოსტანტინე ღმრთისმსახურმან მეფემან თქუა: დაღაცათუ დაშურა სიწმიდჱ თქუენი შორთა გზათა მოსლვითა და აქა მრავალთა დღეთა დაყოვნებითა, არამედ ჯეროვანი სასყიდელი შრომისა თქუენისაჲ ზეგარდმო მოგეცეს კეთილისა ამის საქმისათჳს, ხოლო ჩუენისაცა მეფობისაგან კაცად-კაცადისა თქუენ ყოველთაჲ კეთილი ნაცვალი განმზადებულ არს, რამეთუ მრავალი იგი ცთომაჲ, რომელი შემოვიდა სარწმუნოებასა ზედა მართალსა, და განწვალებაჲ იგი და განხეთქილებაჲ ეკლესიისაჲ განაქარვეთ და ერთ სარწმუნოებად ყოველნი შემოვკრბით, რაჲთა მოვიღოთ წყალობაჲ და ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ, სახიერებითა უხუადმიმნიჭებელისა ღმრთისაჲთა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისაჲთა და ლოცვითა თქუენ ყოველთაჲთა, ამენ. მაშინ ღმრთისმსახურმან მან მეფემან თჳსითა ჴელითა დაწერა სინგურითა წამებაჲ და დამტკიცებაჲ ძეგლსა მას სარწმუნოებისასა, და იქმნა ერთობაჲ კათოლიკე ეკლესიისაჲ და სიხარული დიდი და ყოველთა მადლობაჲ შეწირეს ღმრთისა. ხოლო მეფემან წმიდათა მათ მღდელთმოძღუართა დიდად პატივ-სცა და კაცად-კაცადსა მრავლითა ნიჭითა და ქველისმოქმედებითა კეთილი უყო და ფრიადითა არზანიგითა წარგზავნნა საყდართა თჳსთა. ამან წმიდამან მეექუსემან კრებამან დიდნი ქველისსაქმენი აღასრულა და მრავალნი წესნი და კანონნი ეკლესიისანი განაწესნა, რომელნი-იგი წერილ არიან რჩულისა-კანონსა შინა, სარგებელად მორწმუნეთა და სამკაულად ეკლესიათა.

 

ამათ ყოველთა საღმრთოთა საქმეთა და მართლისა სარწმუნოებისა დამამტკიცებელად და ბოროტისა მის წვალებისა წინააღმდგომად, პირველითგან ვიდრე აღსასრულადმდე, წმიდაჲ და ნეტარი მამაჲ ჩუენი მაქსიმე გამოაჩინა ღმერთმან, რამეთუ მისითა მოღუაწებითა და მოძღურებითა გულისხმა-ყვეს ყოველთა საცთური იგი წვალებისაჲ მის, და მან აღადგინნა საღმრთოდ შურად მღდელთმოძღუარნი იგი ჰრომისანი, ვიდრე სიკუდილადმდე იღუაწა ჭეშმარიტებისათჳს და მართლისა სარწმუნოებისა. არამედ აწ შენდა მომართვე მოვაქციო სიტყუაჲ ჩემი, ჵ ბრძენთა მთავარო და სრულო ფილოსოფოსთა შორის, ჵ სამკაულო მონაზონთაო და შუენიერო მოღუაწეთა შორის და მოწამეო ჭეშმარიტებისაო, დიდებულო მაქსიმე! ვითარ-მე შეგამკო შენ ანუ ვითარ-მე გაქებდე, რომლისა-ეგე ქებაჲ ღმრთისა მიერ არს? მოვედ სულითა ჩუენდა და მოგუეც სიტყუაჲ ქებად შენდა, ჵ მამხილებელო ცუდისა მის და განქარვებადისა სიბრძნისაო, მოძღუარო და მასწავლელო ჭეშმარიტისა მის და საღმრთოჲსა სიბრძნისაო! რამეთუ "დასაბამი სიბრძნისაჲ არს შიში უფლისაჲ" (იგ. სოლ. 1,7; 9,10). ჵ საუნჯეო სათნოებათაო, საქმით და სიტყჳთ და გულისხმის-ყოფით მობაძაო ანგელოზთაო, რომელმან მოქალაქობაჲ იგი უჴორცოთაჲ მოიგე ჴორცითა მით მოკუდავითა და უძლურითა. მოვედ ჩუენდა სავსჱ მადლითა სულიერითა, გუასწავე, ვითარ ჯერ-არს ქებაჲ და შესხმაჲ შენი, მოჰფინე ჩუენ ზედა მადლი შენი და მეოხებითა შენითა წარგჳძეღუ გზასა ცხორებისასა, ღირს-გუყვენ სწავლათა და მოძღურებათა შენთა აღსრულებად, რამეთუ დაღაცათუ წარხუედ ამიერ სოფლით, არამედ ცხოველ ხარ წინაშე ღმრთისა, რომლისათჳსცა იღუაწე, ჵ ქადაგო მართლმადიდებლობისაო, საწერტელო და მამხილებელო მწვალებელთაო, ნესტო ეკლესიისაო, მართლგამომეტყუელო სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა, მართლმადიდებელო და მართლაღმსარებელო მამისა და ძისა და სულისა წმიდისაო, რომელსა შუენის ყოველივე დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

  

 

გადმობეჭდილია წიგნიდან: ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები. კიმენი. ტ. 1, თბ. 1918, გვ. 60-103. ტექსტი გამართულია პუნქტუაციის თანამედროვე წესით, გახსნილია ქარაგმები.

 

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა