martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ღირსი იუსტინე პოპოვიჩი

 

ქადაგება ორი უმთავრესი მცნების შესახებ

 

სახელითა მამისაჲთა, და ძისაჲთა და წმიდისა სულისაჲთა.

დღევანდელი სახარება გვაუწყებს, რომ დედამიწაზე ადამიანები ღმერთს გამოსცდიან! შენ, ადამიანო, ნუთუ შეგიძლია, ღმერთი გამოსცადო. როგორ ბედავ ამას!... წმიდა წერილის თანახმად: "ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღვარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა: მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს სჯულსა შინა? ხოლო იესუ რქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან" (მათ. 22,35-40). აი, ჭეშმარიტი კანონი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ამსოფლად არ არსებობს უფალ იესო ქრისტეს მიერ მოცემული სხვა რჯული, ამ ორი უმთავრესი მცნების მიღმა. პირველი მცნება ღვთისმოყვარებას ეხება, მეორე – კაცთმოყვარებას.

 

რა არის ღვთისმოყვარება? "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა". რატომ დაადგინა უფალმა ეს მცნება, როგორც "პირველი და დიდი", დამტევი ზეციური თუ მიწიერი ყოველი მცნებისა და კანონისა? იმიტომ, რომ იგი პასუხობს შეკითხვას: "რა არის ღმერთი?" რისი განმარტებაც კაცთათვის ვერავინ შეძლო, მას ქრისტე მაცხოვარმა მთელი თავისი ცხოვრებით, ყოველი საქმითა და სიტყვით გასცა პასუხი: "ღმერთი სიყუარული არს". აი, მთელი სახარება. ხოლო ადამიანი რას წარმოადგენს? ამაზე ქრისტეს სიტყვისგება იყო: "ადამიანიც სიყუარული არს". დაე, ნურავინ დაეჭვდება: ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი ღვთიური სიყვარულის ათინათს, ანარეკლს მოგვაგონებს. სიყვარული არს ღმერთი და ადამიანიც სიყვარულია. მარტოოდენ ღმერთი და ადამიანი – ეს ორნი არსებობენ ჩემთვის და შენთვის. ამქვეყნად უფრო მნიშვნელოვანი არა არის რა, ვიდრე ღმერთი და მე, ღმერთი და შენ.

 

მაგრამ, როგორ უნდა მოსთხოვოს იესო ნაზარეველმა ადამიანს, რათა მან ცისა და დედამიწის უპირველეს მცნებად აღიაროს: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა?" რატომ უნდა ითხოვდეს ღმერთი ამსოფლად სიკვდილის, ბოროტებისა და ეშმაკის საქმეთა შემყურე ადამიანისგან, მთელი სულითა და გონებით შეიყვაროს იგი? და ადამიანიც ამბობს, რომ არ ძალუძს ღმერთის სიყვარული ამქვეყნად არსებული ცოდვისა და ბოროტების გამო. ყველა ეს შეკითხვა უპასუხოდ დარჩებოდა, უფალი ქრისტე რომ არ განკაცებულიყო. მის მოსვლამდე ადამიანს შეეძლო ეთქვა ღმერთისათვის: "მე, როგორც ცოდვის, ბოროტების, სიკვდილისა და ჯოჯოხეთის მონას, არ შემიძლია მიყვარდე". მაგრამ მას შემდგომ, რაც უფალი გარდამოხდა ამსოფლად, აღდგა და სიკვდილი დათრგუნა, ადამიანს უკვე აღარ მართებს ამგვარი ლაპარაკი. ქრისტემ სამყაროს ამცნო ჭეშმარიტება: ღმერთი ჭეშმარიტად სიყვარული არს.

 

კაცთათვის რა უნდა იყოს სიკვდილზე უარესი – ისინი ხომ დალპებიან, მატლი დაესევათ, მტვრად და თიხად იქცევიან! განა ადამიანი ამის ღირსია?! რისთვის შეგიყვარო, ღმერთო, თუკი ხვალ მატლი დამესევა და განვიხრწნები? მაგრამ უფალმა იესო ქრისტემ თავისი აღდგომით იხსნა შენი სული და სხეული სიკვდილისაგან. მარადიული ცხოვრებისთვის განამზადა შენი სხეული – იგი ნათელში აღდგება და შენსავე სულს შეუერთდება. ამიტომ მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს, მარტოოდენ მას უნდა ეწოდოს კაცთმოყვარე ღმერთი – მხოლოდ იგია სიკვდილის მძლეველი, სხვა ყოველივე ამაოა და სიცილს იწვევს! რას მარგებს კულტურა, ცივილიზაცია, მეცნიერება და ხელოვნება, თუ დავლპები და მატლი დამესევა?! მხოლოდ ღმერთია კაცთმოყვარე – ის განმათავისუფლებს ცოდვის, სიკვდილისა და ეშმაკისგან. უფალმა გამოგვიხსნა ცოდვისა და სიკვდილის შემოქმედის – ეშმაკისგან და ამიტომაც შეუძლია მოსთხოვოს კაცს, მთელი არსებით, გულით, გონებითა და სულით შეიყვაროს იგი...

 

რა მოელის ადამიანს, რომელიც ამ "პირველ და დიდ" მცნებას აღასრულებს, ანუ ღმერთს შეიყვარებს? რას ნიშნავს ღვთის სიყვარული? ეს ნიშნავს, გული წარმართო და გადაიტანო ღმერთში; მთელი სულით, გონებითა და ძალით ილტვოდე მისკენ. მიართვა უფალს, რაც მისგან გებოძა – დაუბრუნო ხატი პირველსახეს. ადამიანი ღმერთთან დაბრუნებით გამოხატავს თავის სიყვარულს უფლისადმი. მას უნდა შეეძლოს, ღმერთს მიმართოს: "უფალო, მე სრულად შენგან და შენს ხატად შევიქენი; სული ჩემი, მთელი არსება ჩემი, ყოველივე შენ გეკუთვნის". ამრიგად, ამ მცნების თანახმად, გმართებს თავი შესწირო, სრულად მიუძღვნა იგი ღმერთს. მაგრამ რას განეშორება ადამიანი, როდესაც თავისთავს ღმერთს დაუბრუნებს? – განეშორება ცოდვასა და სიკვდილს და შორეული ქვეყნიდან დაბრუნებული უძღები შვილივით სულიერად აღდგება; პირველი მცნების აღმსრულებელი ბოროტებისა და სიკვდილის სამეფოდან, ეშმაკის საბრძანებლიდან დაბრუნდება ღმერთთან და მის სასუფეველს დაიმკვიდრებს.

 

რა არის ამისთვის აუცილებელი? – სახარების დაცვა, მისი მცნებების დაცვა. უფალთან ნამდვილი დაბრუნება მხოლოდ ღვთის მცნებათა აღსრულებით შეიძლება. მაცხოვარმა ბრძანა: "უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ" (იოან. 14,23; შდრ. 21) – ეს თავად უფალ იესო ქრისტეს სიტყვებია და მე არ მეკუთვნის. მაცხოვრის მცნებათა დამარხვით სულს მისკენ წარმართავ, მისი მცნებების აღსრულებით მას მიებარები; ყოველთვის გულმხურვალედ აღასრულე ისინი! წმიდა იოანე ღვთისმეტყველი, მოციქული სიყვარულისა, ამბობს: "ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ" (1 იოან. 5,3). ცხადია, ღმერთი მაშინ გიყვარს, როდესაც მის მცნებებს იმარხავ... ცრუობ, მხოლოდ თავს იტყუებ, რომ უფალი გიყვარს, თუკი სისაძაგლესა და ბოროტებას ჩადიხარ.

 

რა არის კაცთმოყვარება? იგი ნიშნავს, იხსნა ხატი ღვთისა მანკიერების, ცოდვის, სიკვდილისა და ეშმაკისაგან – ყველაფრისაგან, რაც ღმერთს უპირისპირდება და მისგან არ მოდის. უფალი ქრისტეს კაცთმოყვარება ათავისუფლებს ადამიანს მისი უდიდესი მტრის – ეშმაკისაგან. ადამიანთა კაცთმოყვარება რაღას ნიშნავს? – "შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი" აი, პასუხი შეკითხვაზე, თუ რა არის კაცთმოყვარება და როგორ უნდა ვექცეოდეთ ადამიანებს. საღვთო უცდომელი კანონის თანახმად ღმერთის შემდეგ ადამიანი დგას; ღვთისადმი, ქრისტესადმი სიყვარულს ადამიანებისადმი სიყვარული მოსდევს, ღვთისმოყვარებას კი კაცთმოყვარება. ადამიანთა სიყვარულით არის ნაკარნახევი მათი გათავისუფლება ყველაზე მრისხანე მეტოქის – ცოდვისა და სიკვდილისაგან. ადამიანთა გამოხსნა სიკვდილისგან – აი, ქრისტეს კაცთმოყვარება. მეორე მცნება: "შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი" გვეუბნება, თუ რა შემთხვევაში იქნება შენი სიყვარული ადამიანებისადმი ჭეშმარიტი. ნამდვილი კაცთმოყვარება მაშინ ვლინდება, როდესაც ცოდვისა და ჯოჯოხეთისაგან ადამიანის გამოხსნისათვის ძალისხმევას არ დავიშურებთ. თუ ფიქრობ, რომ გიყვარს ადამიანი და ამასთან იწონებ მის ცოდვებსა და ვნებებს – თავს იტყუებ: შენ ის კაცი კი არა, მისი სიკვდილი გყვარებია. მხოლოდ ქრისტეშია შესაძლებელი, გიყვარდეს მთელი სულითა და ძალით, გიყვარდეს ჭეშმარიტად.

 

ისმის კითხვა: "კი მაგრამ, ხომ უყვარს მშობელს შვილი, ცოლს ქმარი, უყვართ სამშობლო. განა ეს სიყვარული არ არის?!" – მართალია, ყოველივე ამას სიყვარულს ვუწოდებთ, მაგრამ შეეფერება კი ამ გრძნობებს ეს სახელი?! – არ შეეფერება, თუ ქრისტე არ არის ის ძალა, რომლითაც გვიყვარს. როდესაც მამა მხოლოდ უვლის და ანებივრებს შვილებს, ნაცვლად იმისა, რომ კეთილად აღზარდოს, ცოდვისგან გამოიხსნას და სიკეთის გზაზე დააყენოს, მას ისინი ქრისტესმიერი სიყვარულით არ უყვარს, პირიქით, სძულს და მათი სიკვდილი სურს. მარტოოდენ ხორციელი სიყვარული ცოლ-ქმარს ურთიერთის მკვლელებად აქცევს – ასეთია ნებისმიერი მიწიერი, ხორციელი სიყვარულის თვისება.

 

როდესაც უფლის შუამდგომლობით აღვივსებით ადამიანისადმი სიყვარულით, ასეთი განცდა უკვდავებასა და მარადისობაში დამკვიდრდება და ქრისტესმოყვარება დაერქმევა. მაგრამ, თუ მეგობრის ცოდვით დანთქმას ხელს შევუწყობთ, მისი მკვლელები გავხდებით. თუ ნამდვილად გვიყვარს იგი, ვუთხრათ: "მეგობარო, შენი ცოდვა ღვთისგან განგაშორებს, იცოდე, მოგკლავს" – არა და თავს ვიტყუებთ, სინამდვილეში მკვლელები ვართ მისი...

 

მეორე მცნება პირველს ჰგავს: იცოდე, მხოლოდ მაშინ შეიყვარებ ადამიანს მარადიული სიყვარულით, როცა სული შენი სრულად დამკვიდრდება ქრისტეში... სხვაგვარად შენი სიყვარული ყალბი და მხოლოდ სიკვდილის მომტანი იქნება... ნამდვილი სიყვარულის არსი და წყარო ქრისტესმოყვარებაა ვერავის შეიყვარებ, თუ ქრისტე არ გიყვარს. აი საოცარი, საშინელი ქადაგება! საოცარია იმით, რომ ადამიანი ზეცად აჰყავს და მარადისობაში ამკვიდრებს; მაგრამ საშინელია, თუ მას უგულვებელყოფ: მაშინ გამოდის, რომ სიძულვილის ღმერთი – ეშმაკი გყვარებია. ღმერთი სიყვარულია, ეშმაკი – სიძულვილი. შენ კი ვისთან აღმოჩნდი? შემაძრწუნებელია, როდესაც ადამიანს სურს ეშმაკს დაემსგავსოს. თანამედროვე ევროპა დუღს და გადმოდის ე. წ. "ადამიანის სიყვარულით"... მაგრამ რას ვხედავთ, რა მივიღეთ ქრისტეს და მისი სიყვარულის უკუგდებით: ომები, ხოცვა-ჟლეტა, ომები, განადგურება... რას წარმოადგენს დღევანდელი ევროპა ქრისტეს გარეშე? სიძულვილის ღმერთი – ეშმაკი არ დაუშვებს, ქრისტეს წინააღმდეგ ამხედრებულმა ადამიანებმა ერთმანეთი შეიყვარონ, ისინი მხოლოდ ერთმანეთის ცილისწამებით არიან დაკავებულნი – მათ არავინ უყვართ.

 

"შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა" და "შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი" – ეს სახარება გვეუწყა ჩვენ, ქრისტიანებს, კანონად ცისა და ქვეყანისა, კაცთა და ანგელოზთა. მას ეფუძნება მთელი სჯული, ყოველივე ზეციური თუ მიწიერი. ნუთუ არ გსურს, გამოიძიო, იცავ თუ არა ამ მცნებებს და ვის ემსახურები ან ვის ვემონებით მე და შენ.

 

ერთხელ ერთ მოღვაწესთან მივიდა კაცი და შეეხვეწა, რაიმე წაეკითხა მისთვის წმიდა წერილიდან. მოღვაწემ ზუსტად ეს ორი მცნება წაუკითხა. მათი მოსმენის შემდგომ კაცმა უთხრა: "როდესაც ამას აღვასრულებ ისევ მოვალ შენთან". და წავიდა. გავიდა ერთი, ორი, სამი, ათი წელიწადი, ის კი არ ჩანდა. მხოლოდ თხუთმეტი წლის შემდეგ მივიდა მოღვაწესთან და უთხრა: "მე ვარ, წმიდა მამაო". შეკითხვაზე, თუ აქამდე სად იყო, კაცმა მიუგო: "თხუთმეტი წელიწადი ვიღვაწე ამ ორი მცნების დასაცავად. შენი ლოცვები შემეწია და მცირედი აღვასრულე". აი, რას ნიშნავს ქრისტეს სახარება მის ერთგულთათვის – მხოლოდ მაშინ აღასრულებ მის მცნებებს, როდესაც მთელი გულით მიჰყვები უფალს. როგორ უნდა მივყვეთ უფალ ქრისტეს? – უპირველესად სარწმუნოებით. დაე, დამკვიდრდეს ქრისტე "სარწმუნოებით გულთა შინა თქუენთა" ამბობს წმიდა პავლე მოციქული (ეფ. 3,17). უფალი მკვიდრდება ყოველი წმიდა სათნოებით... თავდაპირველად ჩვენ ჩვენი სიყვარულით – ამ წმიდა სათნოებით, დავივანებთ მასში, მის სიკეთეში და მხოლოდ შემდგომ დამკვიდრდება უფალი ჩვენში.

 

ვინ არიან წმიდანები? ისინი, ვინც ღვთისა და ადამიანისადმი სიყვარულის ეს ორი მცნება აღასრულა. თითოეულმა მათგანმა მოიპოვა ქრისტესმოყვარება და კაცთმოყვარება. მათში დამკვიდრდა ეს ორი სათნოება და ეს იყო ყველაფერი, რაც მათ სჭირდებოდათ.

 

ქრისტეს სახარება შეგვაგონებს: თუ ღმერთი არ გიყვარს, ვერც ადამიანს შეიყვარებ. სახარებისეული სწავლებით მხოლოდ ღვთისმოყვარება მოგანიჭებს ძალას, გიყვარდეს ცოდვაში დანთქმული მოძმე და გძულდეს ცოდვა. ქრისტიანია ის, ვინც მთელი სახარების დამტევ ამ ორ მცნებას აღასრულებს. მოდით, ვკითხოთ საკუთარ თავს: რამდენად დავიცავით და გულით აღვასრულეთ იესო ქრისტეს ეს ორი მცნება? როგორ განვლო დღევანდელმა დღემ? თუ უარყოფით პასუხს მიიღებ, შენთვის წარმოთქვი: "ეს დღე ქრისტიანულად არ განმივლია. უფალო, შემეწიე, რათა ხვალ მაინც გავხდე ქრისტიანი და მთელი ძალით შეგიყვარო შენ, უფალო ღმერთო ჩემო, და შევიყვარო მოყვასი ჩემი".

 

თუ იესო ქრისტე გიყვარს და ღმერთს ემსახურები, შეუძლებელია, ადამიანები არ გიყვარდეს. შეიყვარე არა ადამიანის ცოდვა, არამედ თავად ადამიანი და ილოცე, რათა აღიხოცოს მისი ცოდვები და თვითონ ცხონდეს – მხოლოდ ეს არის ჭეშმარიტი სიყვარული. ადამიანი ღვთის ხატია: ღმერთი სიყვარულია და ადამიანიც სიყვარული არს. შენ ქრისტიანი ხარ, თუ ამ ორ მცნებას დაიმარხავ და ცხოვრებაში აღასრულებ. შენთვის იმეორე: "მე ხატი ვარ ღვთისა. ღმერთს ვუყვარვარ და ჯეროვანია, მეც მიყვარდეს იგი". ეს არის უფალ იესო ქრისტეს სახარება – ერთადერთი მთელს სამყაროში, ანგელოზთა და კაცთათვის, ცისა და ქვეყანისთვის კეთილად ნაუწყები.

 

ამიტომ დღე და ღამე ვიღვაწოთ ამ ორი მცნების აღსასრულებლად. რათა ეშმაკის, ცოდვისა და სიკვდილისაგან გათავისუფლება შევძლოთ და იესო ქრისტესადმი სიყვარული და რწმენა მოვიპოვოთ. ქრისტესმიერი სიყვარული ცოცხლობს და მოქმედებს რწმენით, ლოცვით, გულმოწყალებითა და ყოველი წმიდა სათნოებით. ამ ორი მცნების არსი, განხორციელება და აღსრულება არის სიყვარული უფალ იესო ქრისტესადმი, რომლისა თანა არს ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 

თარგმნა ნინო ბელთაძემ წიგნიდან Преп. Иустин Попович "На Богочеловеческом пути", СПБ. 1999.

 

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა