martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

 

მღვდელმონაზონი ბასილი

  

ათონი მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ ცხოვრებაში 

 

არსებობს მრავალ ენაზე დაწერილი სხვადასხვა სახის ფართო ლიტერატურა ათონის შესახებ. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ათონზე მოგზაურთა აღწერილობები, რომელთაგან ყველაზე ადრეული რუსი წარმომავლობის ნოვგოროდელ იეროდიაკონს, ზოსიმეს ეკუთვნის. მან ათონის მთაზე 1420 წ. იმოგზაურა და ამ მოზაურობის მოკლე აღწერილობა დაგვიტოვა. მომდევნო ხელნაწერი დაწერილია იტალიელი ბუონდელმონტის მიერ, რომელმაც ათონი XV საუკუნის შუა წლებში მოინახულა. აქედან მოყოლებული ჩვენს დრომდე მსგავსი სახის აღწერილობები უწყვეტად იწერებოდა. შთაბეჭდილებების ამ ძირითად მასას შეიძლება დავამატოთ ასევე ათონის ისტორიის, არქეოლოგიის, ხელოვნების, იურიდიული წყობისა და სამონასტრო ცხოვრების შესახებ დაწერილი წიგნები. ასეთი ლიტერატურული პროდუქტიულობა, ეჭვგარეშეა, მიუთითებს ბოლო საუკუნეების განმავლობაში უწყვეტ ცოცხალ ინტერესზე ამ მონაზონთა ქვეყნის მიმართ, როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური სამყაროების მხრიდან. მაგრამ ყველა ეს წიგნი, ჩვეულებრივ, უზუსტობებით არის სავსე, არ იძლევა ზოგადად ათონის და კერძოდ მისი სულიერი ცხოვრების სრულყოფილ სურათს, რის გამოც წმ. მთა ბევრისათვის იდუმალი და ამოუცნობი რჩება. მასზე გამოთქმულია დიამეტრულად საპირისპირო შეხედულებები. შეფასებათა ასეთი სხვაობა, გარკვეულ ეტაპზე, შესაძლოა, იმ გარემოებითაც აიხსნას, რომ შთაბეჭდილებების უმრავლესობა ეფუძნება ადგილობორივი ენის არმცოდნე პიროვნებების ხანმოკლე მოგზაურობებს, რომლებიც ვერ ერკვევიან მართლმადიდებელი ეკლესიის, აღმოსავლური მონაზვნობისა და მისი სულიერი ცხოვრების ელემენტარულ საკითხებში.

 

ათონი, როგორც ბერმონაზვნური ქვეყანა, როგორც ჩანს, VII-VIII საუკუნეებიდან არსებობს. მისი წარმოშობა, შესაძლოა, დაკავშირებულია მუსულმანთა მიერ ეგვიპტის, პალესტინისა და სირიის დაპყრობასთან, ასევე ამ ქვეყნებში მონოფიზიტური ერესის გავრცელებასთან. აღმოსავლეთის დაკარგვის შემდეგ მართლმადიდებლური მონაზვნობის ცენტრი გადატანილი იქნა ათონზე, თუმცა ამ პროცესის დამთავრებამ შედარებით დიდი დრო მოიცვა. IX საუკუნეში მოჩანს მხოლოდ პირველი ელემენტები ათონზე ორგანიზებული მონაზვნური საცხოვრებლებისა, რომელთაც ცენტრალური მმართველობის მცირე სავანეების სახე ჰქონდათ. პირველი დიდი მონასტერი, წმ. ათანასეს ლავრა აქ 963 წ. დაარსდა. 972 წ. უკავშირდება წმიდა მთის პირველი საერთო სტატუტი, ე.წ. "ტრაგოსი" (ანუ "თხა", რადგან დაიწერა თხის ტყავისგან გაკეთებულ პერგამენტზე), რომელსაც ხელი მოაწერეს წმ. ათანასემ და იმპერატორმა იოანე ციმისხმა. X-XI საუკუნეებში ათონი უკვე კარგად იყო ორგანიზებული. აქ იყო: სხვადასხვა ტიპის მონასტრები, ცენტრალური ადმინისტრაცია, განსხვავებული ეროვნების ბერები, რომელთაგან, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ბერძნები, შემდეგ – ქართველები, ბულგარელები, რუსები და სერბები. ლათინებსაც კი ჰქონდათ წმ. მარიამ ამალთიელის სახელობის მონასტერი, რომელიც, მართალია, ლათინური ტიპიკონისა იყო, მაგრამ კონსტანტინეპოლელი პატრიარქის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა მას შემდეგაც, რაც დასავლეთი აღმოსავლეთის ეკლესიას გამოეყო.

 

ეს პერიოდი, რომელიც ქრონოლოგიურად ლათინების აღმოსავლეთზე თავდასხმამდე, ანუ ე.წ. მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობამდე, ლათინთა მიერ კონსტანტინეპოლის დაპყრობამდე (1204 წ.) და თესალონიკში ლათინური სამეფოს დაარსებამდე გრძელდებოდა, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად აყვავებული ხანა ათონის მონაზვნობის ისტორიაში. წმიდა მთის ტერიტორიაზე 200-ზე მეტი მონასტერი იყო მიმოფანტული. მონაზვნური დასახლებები, როგორც ჩანს, ამ დროს ყველაზე მეტი იყო სხვა პერიოდთან შედარებით. ზოგიერთი ისტორიკოსის თქმით ათონზე 50000 ბერი ცხოვრობდა, თუმცა ეს რიცხვი მეტად გაზვიადებულია. უფრო სავარაუდოა – 15000 ბერი. ამ მონაკვეთის სულიერ ყოფას უდიდესი პიროვნება, წმ. ათანასე ტრაპიზონელი განსაზღვრავდა (გარდ. დაახლ. 1000 წ.). საერთო მონაზვნური ცხოვრების ბრძენი ორგანიზატორი და შესანიშნავი სულიერი წინამძღვარი ათანასე ძალიან განათლებული ადამიანი იყო. მან თავისი სიწმინდითა და სიბრძნით ათონზე მოიზიდა მონაზვნები ქრისტიანული სამყაროს ყველა მხრიდან. წმ. ათანასეს განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქართველებთან (რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ მისი დედა იყო ქართველი) და ლათინებთან. მისი მხარდაჭერით წმიდა მთაზე ივერიული (ქართული) და ლათინური მონასტრები დაარსდა. ივერთა მონასტერი მოკლე ხანში ქართული კულტურის მნიშვნელოვან ცენტრად გადაიქცა, სადაც მრავალი წიგნი ითარგმნა ქართულ ენაზე...

 

უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში (X-XII სს) ათონი ჯერ კიდევ არ თამაშობდა მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთის სულიერ ცხოვრებაში. ეჭვგარეშეა, ამ ხანის ათონის მონასტრების საშუალო სულიერი დონე საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ შესაბამისი პერიოდის სასულიერო მწერლობის ძალიან მცირე ნაწილი თუ ეკუთვნის ათონელ ბერებს. წმ. ათანასეს შესანიშნავი ისტორიული ცხოვრების და უფრო იურიდიული ხასიათის მქონე რამდენიმე წესდების გარდა, ამ პერიოდის ერთადერთ მნიშვნელოვან სასულიერო ნაწარმოებს წარმოადგენს მეუდაბნოე წმ. პეტრე ათონელის ცხოვრება. მართალია, ის მოკლებულია ისტორიულ ცნობებს, მაგრამ შესანიშნავია, როგორც ადრეული გადმოცემა ისიხასტური სულიერების და წმ. მთის მფარველი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული თაყვანისცემისა. მოგვიანებით, XIV ს-ში პეტრე ათონელის ცხოვრება ისიხასტური იდეალის აპოლოგიის მიზნით ლიტერატურულად დაამუშავა წმ. გრიგოლ პალამამ. ათონზე ამ დროს გავრცელებული იყო საერთო საცხოვრებელი ტიპის მონაზვნური წესის ცხოვრება, – იყო დიდი მონასტრები, და ეს, შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზია წმიდა მთის არაპროდუქტიულობისა სასულიერო ლიტერატურის სფეროში. ყოველ შემთხვევაში, ამ ეპოქის დიდი სასულიერო მწერლები არ მიეკუთვნებიან ათონს, მაგალითად წმ. ათანასეს უმცროსი თანამედროვე დიდი მისტიკოსი და გამოჩენილი მწერალი წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (გარდ. 1022 წ.) და მისი მოწაფე ნიკიტა სტითელი, რომლებიც ცხოვრობდნენ კონსტანტინეპოლში, ასევე ილია ეკდიკი, თეოფილე სინაელი და სხვ.

 

სინას მთა, მიუხედავად აღმოსავლეთისგან იზოლაციისა, და კონსტანტინეპოლი, ჯერ კიდევ X-XI საუკუნეებში რჩებიან მისტიციზმის ცენტრებად, თუმცა ათონი უკვე ემზადება მიიღოს მათი მემკვიდრეობა და უფრო მეტად განავითაროს მათი სულიერი სწავლებები, რაც მოხდა კიდეც XIII-XV საუკუნეებში.

 

სულიერი თვალთახედვით, XIII-XV საუკუნეები – საუკეთესო პერიოდია ათონის ისტორიაში, თუმცა გარეგნულად ის სავსე იყო სხვადასხვა უბედურებებით. XIII ს-ში აქ ადგილი ჰქონდა ლათინელ ჯვაროსანთა თავდასხმებსა და ყაჩაღობებს. დამპყრობლებმა ათონის საზღვრებზე განსაკუთრებული ციხე-სიმაგრეც კი აღმართეს, ე.წ. "ფრანკო-კასტრო" (ფრანკების ციხე-სიმაგრე), რათა უფრო მოხერხებულად გაექურდათ წმ. მთა. კიდევ მეტად საშინელი იყო კატალონელ ჯარისკაცთა თავდასხმები XIV ს-ის დასაწყისში, როცა ათონის უამრავ მონასტერი დაწვეს ბერებთან ერთად. ამავე საუკუნის დასასრულს ხდებოდა თურქების ყაჩაღური თავდასხმებიც. ადგილი ჰქონდა დევნას უნიატელი იმპერატორის მიქაელ VIII-ს მხრიდან, რომელიც ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა რომთან უნიის დადებას. ყველა ამ უბედურებას ბუნებრივ შედეგად მოჰყვა ანტირომაული განწყობილების განვითარება და განმტკიცება, რაც მას შემდეგ ძალიან დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა ათონელ ბერებში. თუმცა სულიერად ათონის მთა ამ მძიმე განსაცდელების ჟამს აყვავდა და მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში "ისიხაზმის" სახელწოდებით ცნობილი ერთ-ერთი უდიდესი მისტიკური მოძრაობის ცენტრი გახდა. აღნიშნული სახელწოდება მოდის სიტყვიდან "ისიხია", რომელიც სიტყვასიტყვით "სიმშვიდეს" ნიშნავს. ეს სიტყვა გამოხატავს მისტიკური სიმშვიდის მდგომარეობას, როდესაც ადამიანი თავისუფლდება წარმოსახვის ზემოქმედებისა და გონებაგაფანტულობისაგან და ლოცვით მთლიანად გადაერთვება შინაგან ადამიანზე, რაც ხელს უწყობს ღმერთთან უფრო მჭიდრო კავშირსა და სულიწმიდის მადლის შეთვისებას. ეს მდგომარეობა არაფრით არ უნდა დავუკავშიროთ იმას, რაც დასავლეთში "კვიეტიზმის" სახელწოდებითაა ცნობილი.

 

ამ სულიერებაში არაფერია განსაკუთრებულად ახალი, გარდა XIV ს-ში ამ მოძრაობის ინტენსიურობისა და არამარტო მონაზვნებში, არამედ ერისკაცებშიც მისი ფართო გავრცელებისა. თავისი არსით ის იყო ძველი მჭვრეტელობითი და მისტიკური გარდამოცემა აღმოსავლური მონაზვნობისა...

 

მჭვრეტელობითი ცხოვრების ამ უძველესმა სწავლებამ ე.წ. "იესოს ლოცვის" თეორიისა და პრაქტიკის ძლიერი გავლენა განიცადა დაწყებული V ს-დან და შემდეგ პერიოდში. ეს ლოცვა ათონს არ შეუქმნია. მისი უძველესი ცენტრები, როგორც ჩანს, პალესტინა, ეგვიპტე და განსაკუთრებით სინას მთა იყო, საიდანაც ის გავრცელდა მთელ მართლმადიდებელ სამყაროში და ერისკაცთა ფართო წრეებშიც შეაღწია. იგი შემდეგნაირად გამოითქმის: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე". ჩვეულებრივ, თვლიან, რომ ათონმა თავისი წვლილი ამ ლოცვის უფრო ფსიქოტექნიკური მხარის ჩამოყალიბებაში შეიტანა. ჩვენ ვგულისხმობთ უწყვეტი ლოცვის შეერთებას სუნთქვის რითმთან, ყურადღების შემოკრებას გულში, რომელიც სულიერი მოღვაწეობის ცენტრად ითვლება და სხეულის ცნობილ მდგომარეობას ლოცვისას (როგორც, მაგალითად, თავდახრილი ჯდომა დაბალ სკამზე, ისე რომ ნიკაპი მკერდს ეხება), თუმცა ვერ დავეთანხმებით იმ აზრს, რომ აღმოსავლეთის სულიერებაში ესოდენ მნიშვნელოვანი მთელი ეს "ფსიქოტექნიკა", ათონელი ბერების მიერაა "გამოგონილი". ეს უფრო ხანგრძლივი ასკეტური გამოცდილების პროდუქტია, რომელმაც ლოცვისას ყურადღების მოსაკრეფად, გონებაგაფანტულობისა და წარმოსახვების თავიდან ასაცილებლად ბერებს ამ ხერხების ეფექტურობა ასწავლა. ეს ადრეული წარმომავლობის საქმე ათონით არ შემოიფარგლება. მაკარი დიდის "სულიერ საუბრებში" (IV-V სს.) ვნახულობთ სწავლებას სულიერ ცხოვრებაში გულის ცენტრალური ადგილის შესახებ. იოანე კიბისაღმწერელის (VII ს.), ისიხი სინელის (VIII ს.) და სხვათა სწავლებებში მრავალი მითითება არსებობს ლოცვისას სუნთქვის და სხვა ხერხების გამოყენების მნიშვნელობაზე. ყველაზე ადრეულ ასკეტურ ძეგლს, რომელიც დაწვრილებით ასახავს "ტექნიკურ", ან "ხელოვნებით" ლოცვას – "სიტყვა ლოცვისა და ყურადღების შესახებ", მიაწერენ წმ. სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს. როგორც ჩანს, ეს ძეგლი არ ეკუთვნის ათონს. თუმცა მისი ავტორის ვინაობა დამტკიცებული არ არის, ქრონოლოგიურად ის X-XI სს., გეოგრაფიულად კი, ალბათ, კონსტანტინეპოლს მიეკუთვნება. იესოს ლოცვის ამ სახეს ათონზე ჩვენ პირველად წმ. ნიკიფორე მონაზონის წერილებში ვხვდებით, რომელიც XIII ს-ის II ნახევარში ცხოვრობდა. თავის სიტყვაში "სიფხიზლისა და გულის დაცვისათვის" წმ. ნიკიფორე საფუძვლიანად აღწერს ლოცვისას გულის მოქმედებას და სუნთქვის მნიშვნელობას. უნდა აღინიშნოს, რომ წმ. ნიკიფორე წარმომავლობით დასავლეთიდან იყო, შესაძლოა, იტალიელი, მართლმადიდებლობაზე მოქცეული. მართლმადიდებელი ეკლესიისადმი ერგულება მან უნიატი იმპერატორის, მიქაელ პალეოლოგის მიერ მისი დევნისას დაამტკიცა, რისთვისაც ათონზე პატივს მიაგებენ როგორც აღმსარებელს...

 

XIV ს-ის დიდი ასკეტი – წმ. გრიგოლ სინელი (გარდ. 1346 წ.) ათონზე სულიერი აყვავების მთავარ წამომწყებად უნდა მივიჩნიოთ. აღმოსავლეთის სხვადასხვა მონასტრებში დიდი ხნის ყოფნის შემდეგ ათონზე მისული გრიგოლი, როგორც თვითონ ამბობს, ბევრ სათნო და ღვთისმოსავ ადამიანს შეხვდა, მაგრამ მათ შორის ძალიან ცოტა იყო ჭეშმარიტად მჭვრეტელი ადამიანი, რომელიც გონებით ლოცვის უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდა. მაგრამ მათაც კი მხოლოდ პრაქტიკიდან ისწავლეს ასეთი ლოცვა, არ იცოდნენ მისი თეორია და არ შეეძლოთ ის სხვებისათვის ესწავლებინათ. გრიგოლი თვითონ დაეუფლა იესოს ლოცვას სინას მთაზე და კიდევ უფრო გააღრმავა ის კვიპროსზე ერთი წმ. ბერის – არსენის დახმარებით... წმ. გრიგოლ სინელმა პირადი ხელმძღვანელობითა და სასულიერო ნაწერებით შეძლო შეექმნა ათონზე სულიერი ცხოვრების ძლიერი აღმავლობა. ეს იყო მჭვრეტელობითი სკოლა, რომელიც ძირითადად იესოს ლოცვის ყველაზე კარგად შემუშავებულ და ტექნიკურ ფორმას ეყრდნობოდა. აქედან მოყოლებული დიდი ხნის მანძილზე ათონი მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი და საღვთისმეტყველო ცენტრი იყო, რომელსაც უზარმაზარი გავლენა ჰქონდა მთელ მართლმადიდებელ სამყაროზე. წმ. გრიგოლმა მართლმადიდებელ ქვეყნებში მჭვრეტელობითი ცხოვრების და მოუკლებელი ლოცვის შესახებ თავისი შეხედულებების გასავრცელებლად მთელი რიგი მისიონერული მოგზაურობები წამოიწყო. სულიერი აღორძინების საქმიანობაში მას აქტიურად ეხმარებოდა ათონის სხვა დიდი წმინდანი მაქსიმე კავსოკალიველი. არსებობს ოთხი ცხოვრება ამ წმინდანისა. წმ. მაქსიმე წმ. გრიგოლისაგან განსხვავებით უბრალო, უსწავლელი ადამიანი იყო. მას არ დაუტოვებია სასულიერო წერილები, მაგრამ სულიწმიდის მადლის ჭეშმარიტი მატარებელი გახლდათ. ის იყო მადლმოსილი, მჭვრეტელი და სასწაულთმოქმედი. ეს უბრალო ადამიანი ღრმად იყო გათვითცნობიერებული სულიერი ცხოვრების ყველაზე წვლილად საკითხებშიც კი. იგი ცხოველ ინტერესს იჩენდა თავისი დროის საღვთისმეტყველო საკითხებისადმი და მათთან მიმართებაში სრულიად განსაზღვრულ პოზიციას იკავებდა. მიუხედავად ამისა, მას წიგნებიდან არ მოუპოვებია მოუკლებელი ლოცვის მადლი. ეს მან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან მიიღო, როგორც განსაკუთრებული საჩუქარი... წმ. მაქსიმეს "ცხოვრებებში" გვხვდება "უხილავი ხედვის" მრავალი აღწერა, რომელიც, როგორც თვითონ ამბობდა, ზეგრძნობადი და უნივთოა, მაგრამ მიუხედავად ამისა იმდენად ობიექტური და ჭეშმარიტი, რომ წმ. მაქსიმეს ერთერთმა მოსწავლემ მარკოზ უბრალომ ერთხელ ლოცვისას წმინდა მამა ცეცხლოვანი ღრუბლით გარშემორტყმული იხილა. ნათლის ამ ხედვას ხანდახან ზეგრძნობადი კეთილსურნელების განცდაც ახლდა თან. წმ. მაქსიმეს სწავლება ექსტაზური მდგომარეობების შესახებ, როცა წყდება ყოველგვარი ლოცვა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია...

 

წმ. გრიგოლ პალამას უკავშირდება ისიხასტური მოძრაობის სისტემატურ კამათსა და საღვთისმეტყველო მსჯელობებში ჩართვა. თესალონიკის მთავარეპისკოპოსი წმ. გრიგოლ პალამა 1359 წ. გარდაიცვალა და მთელი ცხოვრების მანძილზე მჭიდრო კავშირში იყო ათონთან. აქ იგი 21 წლის ასაკში აღიკვეცა მონაზვნად და დატოვა კონსტანტინეპოლი, სადაც დაიბადა ცნობილ ოჯახში და მიიღო შესანიშნავი განათლება. დიდი ხნის განმავლობაში ის ათონზე ცხოვრობდა, სამი წლის განმავლობაში იყო საერთო საცხოვრებელი მონასტრის – ესფიგმენის იღუმენი, მაგრამ უარი თქვა წინამძღვრობაზე "ისიქიის" სიყვარულის გამო და განმარტოებით ცხოვრობდა წმ. ათანასეს ლავრის შემოგარენში. ის ალბათ აქვე დარჩებოდა სიცოცხლის ბოლომდე, რომ არა ერთი კალაბრიელი ბერი ვარლაამი, "აღორძინების" პერიოდის თავისებური ავანტიურისტი და ზედაპირული მეცნიერი, ამასთან სულიერი ცხოვრებისთვის სრულიად უცხო ადამიანი. ათონზე ხანმოკლე ყოფნის შემდეგ მან სასტიკი თავდასხმა განიზრახა წმ. მთის მჭვრეტელ მამებზე, იმის გამო, რომ ისინი დაკავებულნი იყვნენ მოუკლებელი იესოს ლოცვით. არასწორად შემეცნებული ასკეტური სწავლებიდან ვარლაამმა თვითნებური დასკვნები გამოიტანა, რომლებიც უვიც პირთა მოსაზრებებზე იყო დაყრდნობილი. წმ. გრიგოლ პალამამ დაუტევა განმარტოება და ისიხაზმის ასკეტური სწავლების დაცვას შეუდგა. პოლემიკა ძალიან მალე დაშორდა ასკეტურ ნიადაგს და ისეთ საღვთისმეტყველო და მეტაფიზიკურ საკითხებზე გადავიდა, როგორებიცაა შეუქმნელი ღვთაებრივი ნათელი, მადლის ბუნება, ღმრთაებრივი არსი ღმრთაებრივ "ენერგიასთან" მიმართებაში და სხვ. ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერი საყვედურობს პალამას იმისათვის, რომ მან დაუტევა მჭვრეტელობითი ცხოვრება დოგმატური პოლემიკის გამო. მაგრამ ასეთი საყვედური არ არის სამართლიანი. გარდა იმისა, რომ პალამა დოგმატურ პოლემიკაში არა საკუთრივ პირადი წამოწყებით, არამედ ათონის სულიერ ხელმძღვანელთა დავალებით ჩაერთო, ის ასეთი მოქმედებით მხოლოდ იმ ძველი ასკეტი მამების ტრადიციულ კვალს მისდევდა, რომლებიც არასდროს ყოფილან გულგრილნი სულიერ ცხოვრებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი დოგმატური საკითხების მიმართ. მსგავსი საყვედურები შეიძლება გამოთქმულიყო წმ. მაქსიმე აღმსარებლის მიმართაც იმისათვის, რომ ის ანტიმონოთელიტურ პოლემიკაში ჩაერთო, ან წმ. თეოდორე სტუდიელის მიმართ იმ მიზეზით, რომ წმ. ხატების თაყვანისცემის დაცვას შეუდგა. დიდი ასკეტი მოღვაწეები არასდროს ყოფილან გულგრილნი მართლმადიდებლობასთან მიმართებაში...

 

ამ საღვთისმეტყველო ბრძოლაში წმ. გრიგოლ პალამას აქტიურად უჭერდა მხარს მთელი ათონის მთა. აქ ჩვენ შეგვიძლია მითითება გავაკეთოთ ცნობილ "მთაწმინდის ტომოსზე". ისიხასტური მოძრაობის ეს თავისებური მანიფესტი, რომელშიც გადმოცემულია ყველა მთავარი საღვთისმეტყველო პუნქტი, კამათის დასაწყისში შედგენილია ათონელი ბერის ფილოთეოს კოკინოსის, მომავალი კონსტანტინეპოლელი პატრიარქის მიერ. ის ხელმოწერილია საერთო კრებაზე წმ. მთის იღუმენების მიერ მის დედაქალაქ კარეაში. იოლი მისახვედრია ათონის მნიშვნელობა ამ პერიოდის საერთო საეკლესიო საქმეებში, გამომდინარე მსოფლიო პატრიარქების დიდი რაოდენობიდან, რომლებიც ამ თანამდებობაზე არჩევამდე წმ. მთის ბერები იყვნენ. დავასახელებთ მხოლოდ რამდენიმე მათგანს, რომლებმაც კვალი დატოვეს სულიერების ისტორიაში. კალისტოსი პირველი ავტორი წმ. გრიგოლ სინელის ცხოვრებისა და სხვა თხზულებებისა, ზემოხსენებული თეოფილე კოკინოსი, მონათლული ებრაელი, ბიოგრაფი წმ. გრიგოლ პალამასი და სხვა მისი თანამედროვე წმინდანებისა, ძალზედ ცნობილი ღვთისმეტყველი კალისტოსი, დიდი მისტიკოსი მწერალი, სავარაუდოა, რომ XIV ს-ის ბოლოს ეგნატე ქსანთოპულოსთან ერთად მან შექმნა ისიხასტური სულიერების ცნობილი სახელმძღვანელო, რომელსაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა და ცხოველსმყოფელობა ჩვენს დრომდეც კი. ის ასევე საინტერესოა, როგორც დამმოწმებელი იმისა, რომ სულიერი წინამძღვრობა ამ პერიოდში დიდი საერო საცხოვრებელი მონასტრებიდან გადავიდა უფრო პატარა დასახლებებში, "სკიტეებში", რომლებიც ნახევრადგანდეგილური და უფრო მეტად მჭვრეტელობითი ცხოვრებისათვის იყო განკუთვნილი. ათონზე მოღვაწეთა შორისაა ასევე ყოფილი იმპერატორი იოანე კანტაკუზენი, რომელიც ტახტიდან გადადგომის შემდეგ იოასაფის სახელით აღიკვეცა ბერად ვატოპედის მონასტერში. "ისიხასტური" პერიოდის ცნობილი ისტორიის გარდა მან დაწერა რამდენიმე ისეთი ფასეულობის საღვთისმეტყველო ტრაქტატი, რაც ძნელი წარმოსადგენია ყოფილი იმპერატორისგან და ამასთან ბიზანტიელისაგან. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ძირითადი ნაწილი ამ ნაშრომებისა გამოუქვეყნებელია.

 

XIV საუკუნე ნამდვილად ძალიან საინტერესო ხანაა ათონის სულიერ ისტორიაში. სამწუხაროდ ის დიდხანს არ გაგრძელებულა.

 

თურქთა ბატონობის პირველ პერიოდში წმიდა მთა არ გამოირჩეოდა დიდი სულიერები მოღვაწეობით, თუმცა მისი სიწმინდე განაგრძობდა აყვავებას. და მრავალი წმინდანიც გვყავს ამ დროის: ღირსი ნილოსი (XVII ს.), ღირსი იეროთეოსი (XVII ს.), ღირსი აკაკი (XVIII ს.) და სხვ. მაგრამ ჩვენ ცოტა რამ თუ ვიცით მათ შესახებ, რადგან მათ არ გამოუჩნდათ ისეთი ბრწყინვალე ბიოგრაფები, როგორებიც ჰყავდათ მათ წინამორბედებს ისიხასტურ პერიოდში. თურქთა ბატონობის დროინდელ ათონთან დაკავშირებულ წმინდანთა ახალი ტიპი გახლავთ ახალმოწამეები. ისინი იყვნენ წმ. სარწმუნოების აღმსარებლობისათვის თურქთაგან წამებული ქრისტიანები, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს ათონელი ბერები შეადგენდნენ. მათ შორის იყვნენ ის ქრისტიანებიც, რომლებსაც ბერებმა მოწამეობისაკენ მოუწოდეს. ათონელი ბერები ასწავლიდნენ, რომ სარწმუნოების უარმყოფი გამუსულმანებული (რაც არცთუ იშვიათად ხდებოდა დევნისას) ქრისტიანი ხშირი სინანულითაც ვერ იხსნიდა სულს განდგომილებაში. მას ცხადად უნდა ეღიარებინა ქრისტიანული სარწმუნოება თურქების წინაშე. ისლამის ამგვარი უარყოფა მაჰმადიანთა მიერ თურქული კანონებით მკაცრად ისჯებოდა: პირს, რომელიც ასე მოიქცეოდა, სასტიკად კლავდნენ. წმ. მთის სწავლებამ განცხადებული აღმსარებლობის აუცილებლობის შესახებ მრავალი მოწამე დაბადა. ზოგი ამ სწავლებას ადამიანური ბუნებისგან ძალზედ ბევრის მოთხოვნაში დებდა ბრალს, ბევრი კი მას საქმით ახორციელებდა. ათონელი ბერების მხრიდან ეს იყო გამოხატულება რწმენის ერთგულებისა და იმ სერიოზულობისა, რომლითაც ისინი უდგებოდნენ სულის ცხონების საკითხს.

 

ათონის ახალი მშვენიერი ხანა დაიწყო XVIII ს-ის მეორე ნახევარში. ის გრძელდებოდა საბერძნეთში მომხდარ აჯანყებამდე (1821 წ.) და შესაძლოა უფრო დიდხანსაც. წმ. მთამ კვლავ მმართველი ადგილი დაიკავა მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ ცხოვრებაში. აქ ჩვენ არ ვგულისხმობთ ათონზე საღვთისმეტყველო აკადემიის დაარსებას. ის რამდენიმე წლის განმავლობაში განაგრძობდა არსებობას XVIII ს-ის ცნობილი ბერძენი მეცნიერის ევგენი ბულგარისის (გარდ. 1816 წ.) ხელმძღვანელობით, რომელიც ენციკლოპედიური ცოდნის ღირსეული ადამიანი იყო; ამასთანავე ის იყო ეკლექტიკოსი და ალბათ რამდენადმე ზედაპირულიც. იგი მართლმადიდებლური დოგმატებისა და საეკლესიო ჩვეულებათა ერთგულიც იყო და განმანათლებლობის ეპოქის გერმანელ ფილოსოფოსთა იდეებისკენაც იხრებოდა. რთული გასაგები არ არის, რომ მისი ვოლფის ფილოსოფიით გაჟღენთილი სწავლება, რომელიც საკმაოდ სცილდებოდა წმ. მამათა გადმოცემებს, დიდ წინააღმდეგობას შეხვდა ათონელ ბერებში, შესაძლოა უსწავლელებში, მაგრამ მართლმადიდებლური სწავლების წყაროებთან უფრო დაახლოებულებში. ბულგარისი იძულებული გახდა დაეტოვებინა ათონი და წასულიყო რუსეთში, სადაც ხელი დაასხეს ეპისკოპოსად. აქ ეკატერინე II-ს მეფობისას ბულგარისმა მისთვის უფრო შინაურული გარემო იპოვა, ვიდრე ათონზე, სადაც მის აკადემიას დიდხანს აღარ უარსებია და გაცილებით უფრო ელემენტარული სკოლით შეიცვალა. უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ხანგრძლივი მონაზვნური ტრადიციის აღსადგენად და სულიერ ცხოვრებაზე გაცილებით ღრმა წარმოდგენის დასაბრუნებლად შექმნილ შესანიშნავ სულიერ მოძრაობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ათონზე ამავე პერიოდში. ის დაკავშირებულია სამი ცნობილი ბერძენი პიროვნების: ყოფილი კორინთელი ეპისკოპოსის მაკარის, ნიკოდიმოს მთაწმინდელისა და ათანასე პარიელის სახელთან. მაკარი – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანია. მცირე ხნის წინ ღრმა კმაყოფილებით შევიტყვეთ, რომ კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო განიხილავს წინადადებას ნიკოდიმოსის კანონიზაციის შესახებაც, რომელსაც დიდ პატივს სცემენ ათონელი ბერები. მაკარისთან ერთად ის იბრძოდა ძველი სულიერი მჭვრეტელობითი გადმოცემის აღსადგენად, რომელიც დროთა განმავლობაში გარკვეულწილად დავიწყებული იქნა ათონზე. ისინი თვლიდნენ, რომ ახალი მაღალი სულიერი მდგომარეობის მისაღწევად მთავარ გზას წარმოადგენს მოღვაწე მისტიკოსი ბერების შესწავლა, იესოს ლოცვა და უფრო ხშირი ზიარება. ამ სამი მამის თანამედროვეთა მონაზვნური და საერთოდ რელიგიური ცხოვრება ძალზედ იყო დაშორებული მათ მიზნებს, რის გამოც დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდათ თავიანთი შეხედულებების დასაცავად და გასავრცელებლად. ხშირი ზიარებისკენ მოწოდებას განსაკუთრებით ბევრი მოწინააღმდეგე შეხვდა ათონზეც კი. დაიწყო დიდი და ფიცხელი დავა...

 

ხშირი ზიარების დასაცავად მაკარი კორინთელმა 1777 წ. ვენეციაში გამოსც წიგნი, რომელსაც კვალდაკვალ მოჰყვა ნიკოდიმოსისა და ათანასე პარიელის ნაშრომები. ყველა მათგანი მხარს უჭერდა უფრო ხშირ ზიარებას, ვიდრე ჩვეულებრივ მიღებული იყო იმ ხანის ბერებსა და საერო პირებში. თუმცა სხვები, მაგალითად ასევე ათონელი ბერი, ნეოფიტე კავსოკალიველი საწინააღმდეგო შეხედულების პასუხს იძლეოდნენ. ამ კამათში მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია მყარი არ ყოფილა. თავდაპირველად ის მაკარის წიგნის მომხრე იყო, თუმცა მოგვიანებით გაკიცხა იგი, საბოლოოდ კი უარყო თავისი კიცხვა და ეს საკითხი ღია დატოვა. დიდი პატრიარქი წმ. გრიგოლი V (1821 წ. თურქებისგან ჩამომხრჩვალი) ხშირი ზიარების მომხრე იყო და ყოველთვის მხარს უჭერდა ამ მოძრაობას. ის მჭიდრო კავშირში იყო წმ. მთასთან, სადაც მრავალი წელი გაატარა დევნილობისას. მან დიდი ღვაწლი გასწია ათონის დიდ მონასტრებში საერთო საცხოვრებელი წესის აღსადგენად, რომელიც თურქების ბატონობის პერიოდში უმეტესად "იდიორითმით" სახელდებული თავისებური სისტემით შეიცვალა. ძირითადი მონაზვნური აღთქმები – მორჩილება და უპოვარება მეტად შესუსტებული იყო ამ არაკანონიკურ წყობაში, ბერებს ნება ეძლეოდათ პირადი საკუთრება ჰქონოდათ. "იდიორითმი" ხელს უწყობდა ათონის სულიერ დაკნინებას...

 

დიდი შრომა იქნა გაწეული ასევე მჭვრეტელობითი ცხოვრების ძველი ასკეტური გადმოცემის აღსადგენად. ნიკოდიმოსი ძალიან ნაყოფიერი სულიერი მწერალი იყო... ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ ნაწარმოებს, ეჭვგარეშეა, წარმოადგეს "ფილოკალია" (Добротолюбие) შესანიშნავი ასკეტური და მისტიკური კრებული, რომელიც ნიკოდიმოს მთაწმინდელისა და მაკარი კორინთელის მიერ გამოიცა ვენეციაში 1782 წ. ამ სულიერმა ქრესტომათიამ ხელმისაწვდომი გახადა ძველი მამების საუკეთესო ნაწერები (განსაკუთრებით იესოს ლოცვის შესახებ) მართლმადიდებელი ხალხის ფართო წრეებისათვის, როგორც ბერების, ასევე საეროებისათვის. ამ დრომდე ისინი ათონის ბიბლიოთეკების გამოუქვეყნებელ ხელნაწერებში იყო დამარხული.

 

ეს კრებული ძალიან მალე ითარგმნა სლავურ და რუმინულ ენებზე. "ფილოკალიამ" ძალიან შეუწყო ხელი სულიერი ცხოვრების გამოცოცხლებას და ჭეშმარიტი ასკეტური გადმოცემის დაბრუნებას ყველა მართლმადიდებელ ქვეყანაში. ეს განსაკუთრებით სწორია რუსეთთან დამოკიდებულებაში, სადაც იგი ბევრჯერ გამოიცა. პირველი სლავური თარგმანი ეკუთვნის XVIII ს-ის ცნობილ პიროვნებას პაისი ველიჩკოვსკის. ის იყო წარმოშობით რუსი და გარდაიცვალა რუმინეთში, სადაც დიდი მონასტრების ორგანიზატორმა და წინამძღვარმა თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა (კანონიზებულია რუსეთის მართლმ. ეკლესიის მიერ  1988 წ.). პაისი ველიჩკოვსკის ცხოვრება მკვეთრად ჰფენს ნათელს ათონის საყოველთაო მართლმადიდებლურ მნიშვნელობას ამ პერიოდის სულიერ ცხოვრებაში. პაისი თავდაპირველად რუსეთში მონაზვნობდა, მაგრამ იქ არსებული მონასტრების იმდროინდელი სულიერი გარემოებებით უკმაყოფილო რუმინეთში, შემდეგ კი ათონზე გაემგზავრა უფრო ამაღლებული სულიერი ცხოვრების საძიებლად. თუმცა დასაწყისში ათონზეც იმედგაცრუებული იყო იმით, რაც იქ ნახა. ეს იყო მანამ, სანამ "კოლივადების" სულიერი მოძრაობა თავისი ნაყოფის გამოღებას მოასწრებდა. მოგვიანებით მან პირადად გაიცნო წმ. მაკარი კორინთელი და სხვა ღირსეული პიროვნებები, რომელთა ცხოვრებამ და ღვაწლმა, რომელიც გაწიეს მისტიკოსი მამების ნაწერების მოსაპოვებლად "ფილოკალიის" გამოსაცემად, მასზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. ამ წიგნის გამოსვლისთანავე პაისიმ ის სლავურ ენაზე გადათარგმნა. ბევრი კვლევითი ნაშრომი დაიწერა რუსი წარმოშობის სულიერ წინამძღვრებზე – XIX ს-ის ბერებზე, განსაკუთრებით ოპტინელებზე, მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოება, რომ მათ წყაროებს წარმოადგენდა ათონი და XVIII ს-ის უკანასკნელი პერიოდის "კოლივადები" მაკარი კორინთელის მეთაურობით...

 

როგორია დღევანდელი ათონის სულიერი მდგომარეობა და რა ადგილი უჭირავს მას მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ ცხოვრებაში? ამ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხის გაცემა არ შემიძლია. ბევრი ეცადა ათონის ხანმოკლე მონახულებით ამ საკითხის გადაჭრას. როცა რაიმე საკითხში პირადი და ხანგრძლივი გამოცდილება გაქვს, უფრო რთული ხდება განსაზღვრული დასკვნების გაკეთება, მით უფრო კი მომავლის პროგნოზი. მე მოკლე შენიშვნებით შემოვიფარგლები.

 

50-იან წლებში ათონის მთა მწვავე და საშიშ კრიზისს განიცდის განუსაზღვრელი შედეგით. ამის მიზეზი ბევრია, როგორც გარეგანი, ასევე შინაგანიც. წმ. მთა თავისი განცალკევების მიუხედავად, მაინც სამყაროს ნაწილია. ის, რაც ხდება მის გარეთ, აირეკლება ათონის ცხოვრებაში. მისი კრიტიკული მდგომარეობის ყველაზე მკვეთრი გამოხატულება, რა თქმა უნდა, ბერმონაზვნური დასახლებების სწრაფი კლებაა. მიმდინარე საუკუნის დასაწყისში, პირველ მსოფლიო ომამდე ათონზე თითქმის 10000 ბერი იყო. ახლა მათი რიცხვი 2000-ზე ნაკლებია. თავის მხრივ ეს რიცხვი (2000) ჯერ კიდევ არ არის ძალიან ცოტა. წარსულში, მაგ. XVI-XVII საუკუნეებში ამავე რაოდენობის მოსახლეობა ხშირად ყოფილა ათონზე. მხოლოდ თავდაპირველად (X-XII სს) და XVIII ს-ის მეორე ნახევარში საბერძნეთში მომხდარ 1821 წლის ამბოხებამდე აღწევდა ბერების რაოდენობა წმ. მთაზე 10000 და მეტს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში ბერების რაოდენობის კლების სიჩქარე ამაღელვებელია. ამ მოვლენის მიზეზებში ზოგიერთი უფრო გარეშე და პოლიტიკურიცაა. ახლახან მომხდარი ისტორიული მოვლენების ფონზე ათონი მართლმადიდებლური სამყაროს უდიდეს ნაწილს მოწყდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ათონი ჩამოცილდა რუსეთს, ხოლო ბალკანეთის მართლმადიდებელ ქვეყნებს, გარდა საბერძნეთისა – მეორე მსოფლიო ომის დროიდან მოყოლებული. საბერძნეთის მმართველობის პოლიტიკამ ეროვნულ უმცირესობასთან მიმართებაში, კიდევ უფრო გააძლიერა წმ. მთის იზოლაციის პროცესი. დიდი სირთულეები შეექმნათ ათონის მონასტრებში ბერად აღკვეცის მსურველ არაბერძნული წარმომავლობის პირებს.

 

ისტორიის განმავლობაში ათონი არასდროს ყოფილა და არც შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ერის საკუთრება. ის ყოველთვის იყო ხელმისაწვდომი ყველა ეროვნების მართლმადიდებელთათვის, როგორც მონაზვნობის მსოფლიო მართლმადიდებლური ცენტრი. აქ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ წარსულში ქართველების უდიდესი როლი ათონზე, ისევე როგორც სერბებისა თავიანთი ისტორიული ჰილანდარის მონასტრით XIII-XVI სს-ში  და რუსებისა XIX ს-ში. თითოეულმა ამ ერმა დიდი სულიერი და კულტურული წვლილი შეიტანა ათონის აყვავებაში და იმავდროულად არ წაურთმევია მისთვის უპირატესი ბერძნული ხასიათი. მხოლოდ ერთი ერით შემოფარგლული ათონი დაკარგავდა თავის მსოფლიო მართლმადიდებლური ცენტრის მნიშვნელობას და მალე დაკნინდებოდა. ათონზე მოსახლეთა შემცირების იგივე პროცესი, სინამდვილეში ბერძნულ მონასტრებშიც მიმდინარეობდა, თუმცა უფრო ნელი ტემპით. დღევანდელ დღეს ათონზე მოღვაწე პიროვნებების რაოდენობა არ არის საკმარისი. ამის გარდა ბოლო წლებში შეიმჩნევა ბერების საკმაო რაოდენობა, რომლებსაც სურთ წავიდნენ ერში საეკლესიო საქმიანობისათვის. რა არის ამ სამწუხარო მოვლენის მიზეზი, რომელსაც წარსულში არ უარსებია? უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს სულიერი ცხოვრების საერთო დასუსტება და მორწმუნეების მიდრეკილება უფრო მეტად მისიონერული ღვაწლისკენ, ვიდრე მჭვრეტელობითი ცხოვრებისაკენ. ათონის სამონასტრო ტიპიკონის ასკეტურ სიმკაცრეს რთულად ეგუებიან თანამედროვე ადამიანები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც გათამამებულია თანამედროვე კომფორტით...

 

მიუხედავად ზემოთქმულისა, ათონს უცვლელად უჭირავს თავისი ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ ცხოვრებაში. ის ერთადერთია, სადაც აღმოსავლეთის უძველესი მონაზვნური გადმოცემა ჩვენს დრომდე მოყოლებული ჯერ კიდევ წარმოადგენს ცოცხალ ადამიანურ სინამდვილეს. აქ ის ბატონობს უცვლელად და თავის განსაკუთრებულ დაღს ასვამს ამ მხარეს. ის არის ერთადერთი ადგილი, სადაც სრული საეკლესიო წლის განმავლობაში ტარდება ბიზანტიური ღვთისმსახურება მთელი მისი სიმდიდრითა და სილამაზით. სამრევლო ეკლესიებში და ათონის გარეთ არსებულ მონასტრებშიც კი ჩვენ შეგვიძლია, ჩვეულებრივ, სრული მართლმადიდებლური ღვთისმსახურების მხოლოდ ფრაგმენტების ხილვა. წმიდა მთა ერთერთია იმ მცირერიცხოვან ადგილთა შორის, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიის ისეთი დიდი ასკეტებისა და მისტიკოსების სწავლებები, როგორებიც იყვნენ მაკარი დიდი, წმ. იოანე კიბისაღმწერელი, წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და სხვ. წარმოადგენენ არა მხოლოდ თეორიული შესწავლისა და ზოგიერთი მეცნიერ-სპეციალისტის კვლევის საგანს (პატროლოგების და ბიზანტოლოგების), არამედ რეალობის ცოცხალ სულიერ გადმოცემას, რომელიც განიცდება მთელი ჩვენი არსებით და ჭეშმარიტად არის სულიერი საარსებო პური. მე მახსენდება საუბარი ერთ გერმანელ პროფესორთან ათონზე. მან მკითხა, თუ რომელ წიგნებს კითხულობენ უფრო მეტად ჩვენი ბერები. პასუხად მე ბევრი ასკეტი მწერალი და მათ შორის წმ. იოანე კიბისაღმწერელი დავასახელე. "როგორ, – გაოცებით წამოიძახა პროფესორმა, – ჩვენთან მხოლოდ ძალიან ცოტა მაღალგანათლებულ ადამიანს შეუძლია ისეთი ავტორების წიგნების კითხვა, როგორიც იოანე კიბისაღმწერელია. თქვენი ბერები ძალიან განსწავლულები უნდა იყვნენ". პროფესორს არ შეეძლო გაეგო, რომ როცა ვინმე ეკლესიის ცოცხალ გადმოცემას ეკუთვნის, მისთვის აღარ არის დიდი თეორიული ცოდნა საჭირო იმისათვის, რომ ჩაწვდეს ამ გადმოცემის გამომხატველ ნაწერებს. და მართლაც, ათონის ბევრ უსწავლელ ბერს ესმის და კითხულობს მშვენივრად არა მარტო კიბისაღმწერელს, არამედ ისააკ ასურს, სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველსა და სხვა მამებს...

 

იმისთვის, რომ ღირსეულად შეაფასო ამ მოვლენის მთელი მნიშვნელობა, უნდა გახსოვდეს, რომ თანამედროვე მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა უმრავლესობისთვის თითქმის სრულიად უცხოა ასკეტური გადმოცემა. მართლმადიდებლური მისტიციზმის მიმართ ისინი იმ თეორიულ ინტერესსაც არ ამჟღავნებენ, რომელიც ხშირია დასავლეთის მეცნიერებში. არცთუ იშვიათად მათ არ იციან სახელებიც კი იმ დიდი მისტიკოსებისა, რომლებიც წმინდანად შერაცხა მართლმადიდებელმა ეკლესიამ. სამწუხაროდ, თითქმის იგივე შეიძლება ითქვას ზოგიერთ თანამედროვე ქრისტიანულ მოძრაობაზე საბერძნეთში და ვფიქრობ, სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებშიც. მე ვგულისხმობ ისეთ მოძრაობებს, რომლებიც თავიანთ ყურადღებას მისიონერულ სამუშაოზე, ქადაგებასა და საერთოდ სამოღვაწეო ცხოვრებაზე ამახვილებენ. ეჭვგარეშეა, რომ მათ დიდი და ღირებული შრომა გასწიეს ამ სფეროში, მაგრამ გაუცხოება მართლმადიდებლური სულიერი გადმოცემის, გონებითი ლოცვისა და საერთოდ მჭვრეტელობითი ცხოვრების მიმართ, რამდენადმე ზედაპირულ ელფერს აძლევს ყველა ამ მოძრაობას. ეს ყოველივე ბევრ მათ ახალგაზრდა და გულწრფელ წევრს სულიერად დაუკმაყოფილებელს ტოვებს. მახსოვს, ათონის მთის ყოფილი ბერი, ახალგაზრდა დიაკონი ათენში, ჩიოდა იმ სულიერი სიცარიელის გამო, რომელსაც ის განიცდიდა თავისი საქმიანობით მსგავსი ქრისტიანული მოძრაობის წევრად ყოფნისას. "და რაც ყველაზე ცუდია, – დაუმატა მან, – არცერთ ჩვენს ხელმძღვანელს ჩემი არ ესმის"...

 

ასკეტური გადმოცემის უბრალო შენახვაზე მნიშვნელოვანი მისი სულიერი ნაყოფია. ერთი სიტყვით, ეს ნაყოფი შეიძლება განისაზღვროს, როგორც სულიწმიდის მადლით მიღწეული სიწმინდე, რაშიც მდგომარეობს ჭეშმარიტება მონაზვნური ცხოვრებისა... ახლაც კი ათონზე ბევრი მაღალი სულიერებისა და ჭეშმარიტი სიწმინდის ადამიანი ცხოვრობს. იქ ცხოვრების წლებში მე სხვადასხვა ეროვნების ბერებს შევხვდი, რომლებმაც ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინეს მათში ცხადად არსებული სულიწმიდის მადლით. ეს ფაქტი ჩემთვის ეჭვგარეშეა. მე მხოლოდ დავამატებ, რომ ათონის გარდა მე არსად შემხვედრია სულიწმიდით ასე ნათლად გაბრწყინებული ადამიანები. მონაზონი მამები, რომლებსაც მე ვგულისხმობ, მონაზვნური ცხოვრების სხვადასხვა სახეს მიეკუთვნებიან, – ესენი არიან როგორც საერთო საცხოვრებელ მონასტერში მცხოვრებნი, ასევე განდეგილები. სულიწმიდით აღვსილი წმ. მამის მაგალითად შემიძლია მივუთითო წმ. პანტელეიმონის მონასტრის ბერზე – მამა სილუანზე, რომელიც 1938 წ. გარდაიცვალა. მთელი მისი ცხოვრება აღბეჭდილია სიწმინდით, რომელიც მის უდიდეს თავმდაბლობასა და ადამიანთა სიყვარულში გამოიხატა. ვფიქრობ, ეს იყო ერთადერთი ადამიანი ჩემს ნაცნობებში, რომელიც არასდროს განიკითხავდა მოყვასს. მას, უეჭველად, ჰქონდა ძალიან მდიდარი სულიერი სამყარო, ფლობდა უწყვეტი გონებითი ლოცვის ნიჭს. წარმომავლობით ის იყო გლეხი, ყოველგვარი მაღალი განათლების გარეშე. მან დიდი სულიერი სიბრძნე მოიხვეჭა. ამაში ყველა დარწმუნდა, ვისაც მასთან ურთიერთობის საშუალება ჰქონდა. ის იყო ერთ-ერთი სულიერი მამა, რომელსაც შეეძლო ეთქვა თითოეულისათვის ის, რაც მისთვის იყო საჭირო. მისი სიკვდილის შემდეგ დარჩა ბერის ჩანაწერები, რომლებშიც მოჩანს მისი სულიერი ზრახვები და გამოცდილება. შესაძლოა მისი წერის ენა ხანდახან არაოსტატურია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დიდ გავლენას ახდენს მკითხველზე თავისი ჭეშმარიტებით და სრულიად განსაკუთრებული ხასიათით. არც თუ იშვიათად ის წმ. მამების ძველი მისტიკური ნაშრომების სიმაღლეს აღწევს. მასთან ურთიერთობით ბევრმა განიცადა მადლმოსილი გავლენა, რომელმაც საფუძვლიანად შეცვალა მათი შემდგომი ცხოვრება.

 

საბოლოოდ ვიტყვი, რომ ათონის ჭეშმარიტი მნიშვნელობა უპირველეს ყოვლისა მდგომარეობს იმაში, რომ შვას სიწმინდის ისეთი მოვლენები, როგორიც იყო სხვა მამებს შორის ეს ნეტარი ბერი სილუანი. და სანამ ეს პროცესი გრძელდება, წმ. მთის არსებობა სრულიად გამართლებულია და დიდი მნიშვნელობის მატარებელია მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერ ცხოვრებაში. 

 

ათონის წმ. პანტელეიმონის მონასტერი, 1952 წ.

თარგმნა თამარ შენგელიამ

იბეჭდება შემოკლებით

 

  

ათონის მონასტრები

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა