martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტორნამენტორნამენტ

თხრობანი ლიმონარიდან (1)

იოანე მოსხი – ქრისტესმიერ საყვარელ სოფრონი სოფისტს1

საყვარელო, რა შეიძლება იყოს ყვავილებით მორთულ გაზაფხულის მდელოზე უფრო საამო სახილველი? გამვლელი უნებურად ჩერდება და განცვიფრებით შეჰყურებს თვალწინ გადაშლილ უმშვენიერეს სურათს. თვალი ვერ ძღება ამ სილამაზის ჭვრეტით, საყნოსელი გასაოცარ კეთილსურნელებას შეიგრძნობს. აქეთ ვარდები გატყვევებენ თავიანთი ბრწყინვალებით, იქით შროშანი ყვავის და მისი სიმშვენიერე ვარდსაც კი ტოლს არ უდებს; აქ კიდევ ია – მოელვარე, როგორც მეფის მეწამული შესამოსელი. რა საოცარი მრავალფეროვნებაა! რა დიდებულად შეფერადებულა ყვავილების ეს უკიდეგანო ზღვა! მთელი ეს შთაბეჭდილებები ერთმანეთს ერწყმიან და გასაოცარი ტკბობით აღავსებენ გამვლელის გულს. სწორედ ასეთივე ტკბობა უნდა განგაცდევინოს შენც ჩემმა ნაშრომმა, ღვთივკურთხეულო ერთგულო შვილო ჩემო სოფრონი! იგი სავსეა იმ წმინდა მამების სათნოებათა ყვავილებით, რომლებმაც ჩვენს დროში გაიბრწყინვეს და რომლებიც, მეფსალმუნის სიტყვით რომ ვთქვათ, დანერგულნი იყვნენ „თანაწარსადინელსა წყალთასა“. და თუმცა ისინი ერთნაირად ღმრთისმოყვარენი იყვნენ, ყველა მათგანი მაინც რომელიღაც ერთი სათნოებით გამოირჩეოდა, რითაც იგი განსაკუთრებულად იყო შემკული. სწორედ ამაში მდგომარეობდა მათი სულიერი სილამაზე და ჰარმონიულობა. და აი ამ სულიერ მდელოზე შენთვის ვკრეფ უმშვენიერეს ყვავილებს, საყვარელო შვილო ჩემო სოფრონი, რათა შეგითხზა გვირგვინი და მოგართვა შენ, შენ მიერ კი – ყველა მორწმუნეს. ამიტომაც დავარქვი ჩემს ნაშრომს „სამოთხე“. ყველას შეუძლია იპოვოს მასში სულიერი სიტკბო, სარგებელი, შეიგრძნოს მისგან გამომავალი კეთილსურნელება. სათნო ცხოვრებასა და სრულყოფილებისკენ სვლაში ხომ მხოლოდ ღვთაებრივ საგნებზე ფიქრი და სწორი სარწმუნოება კი არ გვეხმარება, არამედ იმ ადამიანთა საქმეების აღწერაც, ვინც ამქვეყნიური ცხოვრების გზა წმინდად და უბიწოდ განვლო. ამიტომაც ვიტვირთე ეს შრომა. დაე ჩემდამი შენმა საღმრთო სიყვარულმა დაგარწმუნოს, შვილო, ყოველივე ქვემოთქმულის ჭეშმარიტებაში. როგორც ფუტკარი მრავალფერი ყვავილებიდან გამოკრებს სიტკბოს და შექმნის მას თაფლის გოლად, ასევე მეც წმინდა მამების მრავალფერი სათნოებებიდან გამოვკრიბე ყველაზე უფრო სასარგებლო, და აი, გთავაზობ მას.

 

 

თავი 1

„ეს მცირე გამოქვაბული სინას მთაზე უფრო

დიდია“

 

აბბა ევსტორგის მონასტერში ერთი ბერი ცხოვრობდა, სახელად იოანე. იერუსალიმის პატრიარქმა ილიამ2 მისი იღუმენად კურთხევა გადაწყვიტა, მაგრამ ბერი უარზე იყო.

– სინას მთაზე მინდა გავემგზავრო სალოცავად, – ამბობდა იგი.

პატრიარქი მოითხოვდა, რომ ჯერ იღუმენი გამხდარიყო და მერე გამგზავრებულიყო, მაგრამ ბერი არ თანხმდებოდა. მაშინ პატრიარქმა პირობა დაადებინა, რომ მოგზაურობიდან დაბრუნებისთანავე იღუმენად ეკურთხებოდა და მშვიდობით გაისტუმრა.

ამრიგად, ბერი თავის ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად სინას მთისკენ გაეშურა. მაგრამ იორდანეზე რომ გადავიდა და სულ რამდენიმე ვერსი გაიარა, უცბად შეამცივნა, მერე კი მხურვალებამ შეიპყრო, ასე რომ, გზის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. მოგზაურებმა ერთ მცირე გამოქვაბულს მიაგნეს და მოსასვენებლად შიგ შევიდნენ. ავადმყოფობა იმდენად გაძლიერდა, რომ ბერი სამი დღე გაუნძრევლად იწვა ერთ ადგილზე. ბოლოს ძილში უცნობი ადამიანის ხმა ჩაესმა:

– საითკენ მიემგზავრები, ბერო?

– სინას მთაზე მივდივარ სალოცავად, – მიუგო იოანემ.

– ისმინე ჩემი, ნუ წახვალ ამ ადგილიდან, – უთხრა უცნობმა.

მაგრამ ბერი არ დაეთანხმა და ჩვენება გაქრა. ამასობაში მხურვალებამ კიდევ უფრო იმატა. მეორე ღამეს იოანემ იგივე ჩვენება იხილა.

– რისთვის იტანჯავ თავს, – ეუბნებოდა უცნობი, – დამიჯერე, ნუ წახვალ აქედან.

– ჰო, მაგრამ შენ ვინა ხარ?

– მე ვარ იოანე ნათლისმცემელი. ამიტომაც გარწმუნებ, დარჩი ამ ადგილზე. ეს მცირე გამოქვაბული სინას მთაზე უფრო დიდია: აქ ჩემს სანახავად ხშირად მოდიოდა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე. თუ პირობას მომცემ, რომ აქ დარჩები, მე ახლავე განგკურნავ.

ბერმა სიხარულით აღუთქვა, რომ ამიერიდან ამ ადგილს აღარ განეშორებოდა. აღთქმის დადებისთანავე იგი განიკურნა და სიცოცხლის ბოლომდე აქ მოღვაწეობდა. გამოქვაბულში მან ეკლესიაც მოაწყო. მალე მის გარშემო მრავალი ძმა შემოიკრიბა. ამ ადგილს „საფსასი“ ეწოდება. მარცხენა მხარეს ქორების ნაკადი მოედინება, მარჯვნივ იორდანე ჩამოდის. აქ ილია თეზბიტელიც ცხოვრობდა უწვიმობის დროს.

 

 

თავი 3

„მინდოდა სასყიდელი მიგეღო, თუ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებდი“

 

წმინდა საბას ლავრაში ჩვენ მოვინახულეთ აბბა ათანასე, რომელმაც მოგვითხრო:

– ბანდოკლას მონასტერში რომ ვიყავი, იქ ერთი ბერი ვნახე, კილიკიელი, სახელად კონონი. იგი პრესვიტერი* იყო და ხალხის მონათვლა ჰქონდა დავალებული. ყველა მომსვლელს ნათლავდა და მირონსაც სცხებდა. როცა მოსანათლად ქალი მოდიოდა, ბერს სიძვის ბრძოლა ეწყებოდა, რის გამოც ბოლოს გადაწყვიტა კიდეც, განშორებოდა იმ ადგილს. მაშინ მას იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და უთხრა:

– მტკიცედ დადექი და მოითმინე, მე მოგაშორებ ამ ბრძოლას.

ამის შემდეგ კონონთან მოსანათლად ერთი სპარსელი ქალი მოვიდა. იგი იმდენად მშვენიერი იყო, ბერმა ახლოს მისვლაც კი ვერ გაბედა, რომ სხეულზე მირონი ეცხო. ქალმა ორი დღე დაყო ნათლისღების გარეშე. ეს ამბავი მთავარეპისკოპოს პეტრეს აცნობეს. მას ძალიან გაუკვირდა და გადაწყვიტა, პრესვიტერის დასახმარებლად დედათდიაკონი გაეგზავნა, მაგრამ კანონი არ იძლეოდა იმის უფლებას, რომ მამათა მონასტერში დედათდიაკონს ემსახურა. ამასობაში ბერმა მანტია მოისხა და იქაურობას გაშორდა.

– მე აქ გაჩერება აღარ შემიძლია, – ამბობდა იგი.

მაგრამ ერთ ბორცვიან ადგილს რომ მიუახლოვდა, იქ იოანე ნათლისმცემელი შემოხვდა და მშვიდად უთხრა:

– დაბრუნდი მონასტერში, მე მოგაშორებ ამ ბრძოლას.

კონონმა კი მრისხანედ უპასუხა:

– დაიჯერე, არაფრით აღარ დავბრუნდები! რამდენჯერ დამპირდი, რომ მომაშორებდი ამ ბრძოლას, მაგრამ შენი სიტყვა არ შეასრულე.

მაშინ ნათლისმცემელმა ერთ-ერთ ბორცვზე ჩამოსვა იგი, სამოსელი შეუხსნა და სამჯერ გადასახა სხეულზე ჯვარი.

– მერწმუნე, ხუცესო, – თქვა მან, – მინდოდა სასყიდელი მიგეღო, თუ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებდი, მაგრამ რაკი ბრძოლა აღარ მოისურვე, მე ავიღებ მას შენგან. ოღონდ იცოდე, რომ სასყიდელსაც დაკარგავ.

კონონი მონასტერში დაბრუნდა და სპარსელი ქალის ნათლობა დაასრულა: ისე, რომ არც კი უგრძვნია, ქალი თუ იდგა მის წინაშე. ამის შემდეგ იგი თორმეტი წელიწადი ყოველგვარი ხორციელი გულისთქმის გარეშე ნათლავდა ხალხს და ასევე აღესრულა.

 

 

თავი 4

„მე ნაბრძანები მაქვს, განუშორებლად ვიყო ამ ადგილზე“

 

აი რა მოგვითხრო წმინდა თეოდოსის კინოვიის წინამძღვარმა აბბა ლეონტიმ:

– მას შემდეგ, რაც ახალი ლავრიდან მწვალებლები გამოყარეს, მე ამ ლავრაში გადავედი საცხოვრებლად. კვირა დღეს წმინდა ზიარების მისაღებად ეკლესიაში წავედი. ვხედავ, ტრაპეზის მარჯვენა მხარეს ანგელოზი დგას. აუტანელმა შიშმა შემიპყრო. მაშინვე გამოვედი იქიდან და ჩემს სენაკში დავბრუნდი. და, აი, მესმის ხმა:

– იმ დღიდან, რაც ეს ტრაპეზი იკურთხა, მე ნაბრძანები მაქვს, განუშორებლად ვიყო ამ ადგილზე.

 

თავი 6

გარდაცვლილის ცხედარს თავზე ვარსკვლავი დაადგა

 

აბბა პოლიქრონიოსმა გადმოგვცა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ახალი მონასტრის იღუმენის – აბბა კონსტანტინეს მონათხრობი:

– იერიქონის საავადმყოფოში ერთ ძმა გარდაიცვალა. ავიღეთ მისი ცხედარი და „კოშკების“ მონასტრისკენ წავასვენეთ. როგორც კი საავადმყოფოდან გამოვედით, გარდაცვლილის ცხედარს თავზე ვარსკვლავი დაადგა, რომელიც მონასტრამდე მოგვყვებოდა და მხოლოდ მაშინ მიეფარა თვალს, როცა ძმის ცხედარი მიწაში ჩავასვენეთ.

 

თავი 7

„მაცადეთ, ძმებო, ვიგლოვო ჩემი ცოდვები“

 

„კოშკების“ მონასტერში ერთი ბერი ცხოვრობდა. მონასტრის იღუმენი რომ გარდაიცვალა, ძმებს ამ ბერის არჩევა უნდოდათ წინამძღვრად, ის კი უარზე იყო.

– მაცადეთ, ძმებო, ვიგლოვო ჩემი ცოდვები. სხვების სულზე ზრუნვა დიდი მამების საქმეა: ანტონის, პახომის, თეოდოსის და მათი მსგავსი მამების.

მაგრამ ძმები დაჟინებით ევედრებოდნენ, გამხდარიყო მათი იღუმენი. ბერი დიდხანს არ თანხმდებოდა, ბოლოს კი, როცა მიხვდა, რომ თავს არ დაანებებდნენ, თქვა:

– მომეცით სამი დღე, ვილოცებ და როგორც ღმრთის ნება იქნება, ისე გავაკეთებ.

ეს პარასკევ ღამეს მოხდა, კვირა დილით კი, გამთენიისას, ბერი გარდაიცვალა.

 

თავი 8

„მე კი შევთხოვ ღმერთს, დიდხანს გამიგრძელოს ეს სნეულება“

 

 იმავე „კოშკების“ ლავრაში ერთი ბერი ცხოვრობდა, სახელად მიროგენი. მკაცრი მოღვაწეობისგან იგი წყალმანკით დაავადდა. მამები ხშირად აკითხავდნენ, უნდოდათ რაღაცით შეემსუბუქებინათ მისი ხვედრი, მაგრამ ბერი ეუბნებოდა:

– სჯობს ილოცოთ, მამებო, რომ ჩემი შინაგანი კაცი არ დაავადდეს წყალმანკით. მე კი შევთხოვ ღმერთს, დიდხანს გამიგრძელოს ეს სნეულება.

აბბა მიროგენის ავადმყოფობის შესახებ იერუსალიმის პატრიარქმა – ევსტოქიმაც3 შეიტყო და ბერს მოსაკითხი გაუგზავნა, მაგრამ მან არაფერი მიიღო.

– სჯობს ილოცო ჩემთვის, – შეუთვალა პატრიარქს, – რომ საუკუნო სატანჯველს გადავურჩე.

 

თავი 9

„აიღე ეს, კეთილო ბერო, მე ჩემთვის კიდევ ვიშოვი რაღაცას“

 

„კოშკების“ ლავრაში კიდევ ერთი ბერი ცხოვრობდა. იგი სრული უპოვარებით გამოირჩეოდა, მაგრამ, ამავე დროს, მოწყალების გაცემაც უყვარდა. ერთხელ მის სენაკს დახმარების სათხოვნელად ერთი გლახაკი მოადგა. ბერს პურის მეტი არაფერი ჰქონდა, აიღო და მისცა გლახაკს. მან კი თქვა:

– პური არ მინდა, ტანსაცმელი მომეცი.

ბერმა იგი სენაკში შეიყვანა, ძალიან უნდოდა რაღაცით მაინც დახმარებოდა; მაგრამ გლახაკმა იქ ვერაფერი იპოვა გარდა იმ შესამოსელისა, რომელიც ბერს ტანზე ეცვა. მაშინ მან, ბერის სიწმინდით შეძრულმა, გახსნა თავისი მახალაკი, რაც შიგ ჰქონდა, ყველაფრი ამოალაგა და თქვა:

– აიღე ეს, კეთილო ბერო, მე ჩემთვის კიდევ ვიშოვი რაღაცას.

 

თავი 10

განდეგილი ბარნაბა

 

იორდანის გამოქვაბულებში ერთი განდეგილი ბერი ცხოვრობდა, სახელად ბარნაბა. ერთხელ, იორდანეზე რომ ჩადიოდა წყლის დასალევად, ფეხში ჩხირი შეერჭო, მაგრამ არ ამოიძრო და არც ექიმს ეჩვენა. მალე ფეხმა დაჩირქება დაიწყო. ბერი იძულებული გახდა, „კოშკების“ ლავრაში გადასულიყო საცხოვრებლად. მის ფეხზე წყლული დღითი დღე იზრდებოდა, ის კი ასე ამშვიდებდა მნახველებს:

– რაც უფრო მეტად დაიტანჯება გარეგანი კაცი, მით მეტად გაძლიერდება შინაგანი.

რამდენიმე ხნის შემდეგ მის გამოქვაბულში სხვა განდეგილი მოვიდა. იმ ტრაპეზის წინ, რომელიც ბარნაბას მიერ იყო გამოკვეთილი და ნაკურთხი, განდეგილმა ანგელოზი დაინახა.

– აქ რას აკეთებ? – ჰკითხა მას.

– მე ღმრთის ანგელოზი ვარ. იმ დღიდან, რაც ეს ტრაპეზი იკურთხა, ღმერთმა მე მომავლინა მის დასაცავად.

 

თავი 11

„ადექი, ძმაო, უკანასკნელად მოგიკითხო“

 

აბბა პეტრემ, საბას ლავრის პრესვიტერმა, აბბა აგიოდულეს შესახებ მოგვითხრო:

– აბბა აგიოდულე ნეტარი გერასიმეს ლავრის წინამძღვარი იყო. ერთხელ ლავრაში რომელიღაც ძმა გარდაიცვალა, ბერმა კი არაფერი იცოდა. კანანარხმა, ძმები რომ შემოეკრიბა, კანკურას ჩამოჰკრა. კანკურას ხმაზე აბბა აგიოდულეც მოვიდა, დაინახა ეკლესიაში დასვენებული ძმა და ძალიან შეწუხდა, რომ მასთან დამშვიდობება ვერ მოასწრო. იგი მიცვალებულის ცხედარს მიუახლოვდა და უთხრა:

– ადექი, ძმაო, უკანასკნელად მოგიკითხო!

მიცვალებული მართლაც წამოდგა და აბბა აგიოდულეს ემთხვია.

– ახლა კი მიიძინე, – თქვა ბერმა, – სანამ უფალი მოვიდოდეს და აღგადგენდეს.

 

. . .

ერთხელ იგივე აბბა აგიოდულე იორდანის ნაპირს მიუყვებოდა და ფიქრობდა:

„ნეტა სად არის ახლა ის თორმეტი ქვა, რომელიც ისუ ნავემ იორდანის ფსკერზე დააწყო – იქიდან აღებული სხვა თორმეტი ქვის სანაცვლოდ? უცბად მდინარე შუაზე გაიპო და ბერმა ის თორმეტი ქვა დაინახა. იგი მიწაზე დაემხო, ღმერთს მადლობა შესწირა და იქაურობას გაშორდა.

 

თავი 12

აბბა ოლიმპიოსის სიტყვა

 

აბბა ოლიმპიოსს, გერასიმეს ლავრის პრესვიტერს, ერთ-ერთმა ძმამ სთხოვა:

– მითხარი სულის სასარგებლო სიტყვა.

– ნუ გაერევი მწვალებლებში, – უპასუხა ბერმა, – შეიკრძალე ენა და მუცელი, და სადაც არ უნდა მიხვიდე, თქვი გულში: „უცხო ვარ და გლახაკი“.

 

 

თავი 13

„ჩემი ხელსაქმე მზრდის მეც და მათაც, ვინც ღმრთის გულისთვის მოდის ჩემთან“

 

აბბა მარკოზი ბანდოკლას მონასტრის მახლობლად მოღვაწეობდა; იგი განდეგილი იყო და სამოცდაცხრა წლის მანძილზე ცხოვრების ასეთი წესი ჰქონდა: რამდენიმე კვირა მიყოლებით მარხულობდა, – რის გამოც ზოგიერთებს უხორცოც კი ეგონათ იგი, – დღე და ღამე შრომობდა და თავისი შრომის საფასურს მთლიანად გლახაკებს ურიგებდა. მისი ამგვარი ღვაწლი ზოგიერთმა ქრისტესმოყვარე ადამიანმა შეიტყო. ისინი განდეგილს ესტუმრნენ და გულწრფელად სთხოვეს, მიეღო მათგან მცირედი შესაწირი. მაგრამ ბერმა არაფერი მიიღო, არამედ თქვა:

– არ მივიღებ, რამეთუ ჩემი ხელსაქმე მზრდის მეც და მათაც, ვინც ღმრთის გულისთვის მოდის ჩემთან.

 

თავი 14

„...რომ ჩემი სული დაღუპვისაგან ეხსნა“

 

აბბა პოლიქრონიოსმა მოგვითხრო :

– ბანდოკლას მონასტერში ერთი ძმა ცხოვრობდა – მკაცრი მმარხველი და მოშურნე. ერთხელ მას სიძვის ბრძოლა დაეწყო; ეს ბრძოლა იმდენად ძლიერი იყო, რომ ძმამ ბოლოს და ბოლოს ვეღარ გაუძლო და თავისი გულისთქმის დასაცხრობად იერიქონში ჩავიდა. მაგრამ როგორც კი სამეძავო სახლში ფეხი შედგა, მთელი სხეული კეთრით დაეფარა... იგი მაშინვე დაბრუნდა მონასტერში, ღმერთს მადლობა შესწირა და თქვა:

– ღმერთმა გამომიგზავნა ეს სნეულება, რომ ჩემი სული დაღუპვისაგან ეხსნა.

 

 

თავი 15

თან სიხარულით ჰმადლობდნენ ღმერთს

 

ბანდოკლას მონასტრის იღუმენის – აბბა კონონის შესახებ მამებმა მოგვითხრეს:

– ერთხელ აბბა კონონი ამორეაში მიდიოდა. გზად ებრაელები შემოხვდნენ, მისი მოკვლა განიზრახეს და ხმლები იშიშვლეს, რომ სასიკვდილო ჭრილობა მიეყენებინათ. მაგრამ ხელები ჰაერშივე გაუშეშდათ და ასე გაუნძრევლად იდგნენ მანამდე, ვიდრე ბერმა თავისი ლოცვით არ გაათავისუფლა ისინი. ებრაელები წავიდნენ, თან სიხარულით ჰმადლობდნენ ღმერთს.

 

 

თავი 16

„მაგრამ მან არ შეისმინა ჩემი თხოვნა“

 

იორდანის მახლობლად, აბბა პეტრეს ლავრაში მოღვაწე ბერმა – აბბა ნიკოლაოსმა მოგვითხრო:

– ერთხელ, როდესაც რაითში ვცხოვრობდი, ორ ძმასთან ერთად თებაიდაში გამაგზავნეს. უდაბნოში რომ მივდიოდით, გზა შეგვეშალა და რამდენიმე დღე უგზო-უკვლოდ ვიხეტიალეთ. წყალი მალე გაგვითავდა, საშინლად გვტანჯავდა წყურვილი, მაგრამ წვეთ წყალსაც კი ვერსად მივაგენით. ბოლოს ძალები გამოგვეცალა, გზა ვეღარ გავაგრძელეთ და სიკვდილის მოლოდინში ერთი ბუჩქის ძირას ჩრდილში მივწექით. უცბად განკვირვებამ შემიპყრო და ასეთი ჩვენება ვიხილე: ჩემ წინ წყარო მოედინება. იქვე დგას ორი კაცი, ხელში ხის სასმისი უჭირავთ და წყალს ავსებენ. ერთ-ერთ მათგანს ვთხოვე:

– ღმრთის გულისათვის, დამალევინე ცოტა წყალი, რადგანაც ღონე სრულიად წამერთვა.

მაგრამ მან არ შეისმინა ჩემი თხოვნა.

– დაალევინე, – უთხრა მეორემ. მან კი უპასუხა:

– არ დავალევინებ, რადგან ის ძალიან ზარმაცია და არ ზრუნავს საკუთარ სულზე.

– მართალი ხარ, – თქვა ისევ მეორემ, – ის ზარმაცი და დაუდევარია, მაგრამ სტუმართმოყვარეობისთვის მაინც დავალევინოთ.

და მართლაც დაგვალევინეს – მეც და ჩემს თანამგზავრებსაც. ჩვენ წყურვილი მოვიკალით და ამის შემდეგ სამი დღე უწყლოდ ვიარეთ, სანამ, ბოლოს და ბოლოს, სოფელს არ მივადექით.

 

 

თავი 19

„ჰოჲ, საბრალო ადამიანო!“

 

აბბა ელიამ მოგვითხრო:

– რამდენიმე ხანს იორდანის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ გამოქვაბულში ვცხოვრობდი, რადგან არ მინდოდა ლოცვითი კავშირი მქონოდა იერუსალიმის პატრიარქ მაკარისთან. ერთხელ, დაახლოებით შუადღის თორმეტ საათზე, კარზე ვიღაცამ დამიკაკუნა და როცა გავედი, ჩემ წინ ქალი დავინახე.

– აქ რა გინდა?! – ვკითხე მას.

– შემინდე, აბბა, – მიპასუხა ქალმა, – მეც შენი ცხოვრების წესით ვცხოვრობ. ჩემი გამოქვაბული აქედან ას ორმოცდაათ მეტრში თუ იქნება, – და სამხრეთისკენ მიმანიშნა. – უდაბნოში რომ მოვდიოდი, სიცხისგან საშინლად მომწყურდა. ყავ სიყვარული, გამომიტანე ცოტა წყალი!

გამოვუტანე, დავალევინე წყალი და მაშინვე გავისტუმრე. მაგრამ როგორც კი გამოქვაბულში შემოვბრუნდი, ეშმაკმა არაწმინდა აზრები მომაწოდა და სიძვის ძლიერი ბრძოლა დამეწყო. ამ ბრძოლას ვეღარ გავუძელი, ვერ დავაცხვრე ჩემში აღგზნებული მძაფრი ვნება და ხორციელი გულისთქმის დასაკმაყოფილებლად ქალს უკან გამოვედევნე. ხელში ჩემი კვერთხი მეჭირა და მივდიოდი. ისეთი მწველი მზე იყო, ჩემ ფეხქვეშ ქვებიც კი დნებოდნენ. აი, უკვე ასიოდე ნაბიჯიღა მაშორებდა ქალისგან, ვნება კი სულ უფრო და უფრო მიძლიერდებოდა. უცბად განკვირვებამ შემიპყრო და დავინახე, რომ ჩემ წინ მიწა გაიხსნა და შიგ ჩამიყოლია. ვხედავ, მიცვალებულები წვანან, მათი გახრწნილი გვამებიდან წუთხი გადმოდის და ირგვლივ საშინელი სუნი ტრიალებს. იქვე დარბაისლური გარეგნობის მოხუცი დგას, ამ გვამებზე მიმანიშნებს და მეუბნება:

– აი ეს ქალის სხეულია, ეს – კაცის. აჰა, გაძეხი და ისიამოვნე რამდენიც გინდა! ჰოჲ, საბრალო ადამიანო! რამხელა შრომა და ღვაწლი უნდა ჩაყარო წყალში ამ წუთიერი სიამოვნებისთვის და საკუთარი თავი ცათა სასუფევლისგან განაშორო! ჰოჲ, უბადრუკო! ამ ბილწი და საძაგელი ვნებისთვის მზადა ხარ სული წარიწყმიდო და საუკუნო სატანჯველს მიეცე!

ამასობაში იმ საშინელ სუნს ვეღარ გავუძელი და ძირს დავემხე. მოხუცი მომიახლოვდა, წამომაყენა; მე მაშინვე გავთავისუფლდი სიძვის ვნებისგან, დავბრუნდი ჩემს სენაკში და ვმადლობდი ღმერთს.

 

 

თავი 20

„გამომიჩნდი მეც, მონასა ამას შენსა“

 

ერთ-ერთმა ბერმა გადმოგვცა თავისი ნაცნობი ბერის, ყოფილი მეომრის ნაამბობი:

– ერთხელ აფრიკაში მავრიტანელებს ვებრძოდით. მათ დაგვამარცხეს და უკან გამოგვედევნენ. ჩვენებიდან ბევრი ამოხოცეს. ერთ-ერთი ბარბაროსი მეც წამომეწია და ლახვარი მოიმარჯვა, რომ დაერტყა და იქვე გავეთავებინე.

– უფალო ღმერთო ჩვენო! – შევძახე მე. – რომელი გამოუჩნდი მხევალსა შენსა თეკლას და იხსენი იგი უწმინდურთა კაცთაგან. გამომიჩნდი მეც, მონასა ამას შენსა და დამიფარე მწარე სიკვდილისაგან. ამის ნაცვლად კი უდაბნოში წავალ და ჩემი ცხოვრების დარჩენილ დღეებს შენს სამსახურში გავატარებ.

მოვტრიალდი და ვხედავ – ჩემს უკან აღარავინაა... მაშინვე მივატოვე ყველაფერი და ამ ლავრაში მოვედი; და აი, უკვე, ღმრთის შეწევნით, ოცდათხუთმეტი წელიწადია აქა ვარ.

 

 

თავი 24

შიშველი თუ ვინმე შემოხვდებოდა, თავის ტანსაცმელს გაიხდიდა და მისცემდა

 

ქოზიბას სენაკებში ერთი ბერი მოღვაწეობდა, მასზე იქაური მამები ჰყვებოდნენ:

– როცა ის ჯერ კიდევ თავის სოფელში ცხოვრობდა, ასეთი ღვაწლი ჰქონდა აღებული: თუ დაინახავდა, რომ მისი რომელიმე თანასოფლელი სიღარიბის გამო მოსავალს ვერ თესავდა, ღამე მის ყანაში შეიპარებოდა, შეიყვანდა თავის ხარებს, შეიტანდა დასათეს თესლებს და გათენებამდე მუშაობდა, – ისე, რომ ამის შესახებ ყანის პატრონმაც კი არაფერი იცოდა. და მერეც, როცა უდაბნოში განმარტოვდა და ქოზიბას სენაკებში დაიწყო ცხოვრება, ასეთივე თანაგრძნობას იჩენდა ყოველი ადამიანის მიმართ. გათენდებოდა თუ არა, აიღებდა პურსა და წყალს და იორდანიდან იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე დადგებოდა; როგორც კი ვინმე მგზავრს დაინახავდა, მაშინვე ჩამოართმევდა ტვირთს და ელეონის მთამდე მიატანინებდა, იქიდან მობრუნებულს კი სხვისი ტვირთი მოჰქონდა იერიქონამდე. ხშირად შეამჩნევდით მის სახეზე წურწურით ჩამომავალ ოფლს, როდესაც იგი მძიმე ტომარას ეზიდებოდა; ხანდახან მხრებით ერთი ან ორი ბავშვი მოჰყავდა, ხან კი ქალის ან კაცის დახეულ ფეხსაცმელს აკერებდა; თუ ვინმეს მშიერს ნახავდა, პურს შესთავაზებდა, მწყურვალს წყალს დაალევინედა; შიშველი თუ ვინმე შემოხვდებოდა, თავის ტანსაცმელს გაიხდიდა და მისცემდა; თუ გზაში მიცვალებულს გადაეყრებოდა, წესს აუგებდა და მიწას მიაბარებდა. აი ასეთ ღვაწლში იყო იგი დილიდან დაღამებამდე.

 

თავი 26

„წამოდი და იხილე ჭეშმარიტება!“

 

აბბა კვირიაკოსი იორდანის მახლობლად, კალამონის ლავრაში მოღვაწეობდა. ერთხელ მასთან დურასიელი მონაზონი მოვიდა, სახელად თეოფანე, და სთხოვა, სიძვის აზრებთან ბრძოლა ესწავლებინა მისთვის. ბერი დიდხანს ესაუბრებოდა სიწმინდესა და უბიწოებაზე და ამ საუბრიდან ძმამ დიდი სარგებელი მიიღო.

– ჰოჲ, მამაო, – შესძახა მან, – ნესტორიანელი რომ არ ვიყო, სამუდამოდ შენთან დავრჩებოდი.

ნესტორის სახელის გაგონებაზე ბერი ღრმად დამწუხრდა და შეევედრა ძმას, მიეტოვებინა ეს დამღუპველი მწვალებლობა და წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას დაბრუნებოდა.

– შვილო, – ეუბნებოდა მას, – თუ სწორი სარწმუნოება არ გექნება და წმინდა ქალწულ მარიამს ჭეშმარიტ ღმრთისმშობლად არ აღიარებ, შეუძლებელი იქნება შენი ცხონება.

– ჰო, მაგრამ, მამაო, ყველა მწვალებელი ამას ამბობს: ვინც ჩვენს სარწმუნოებას არ აღიარებს, შეუძლებელია მისი ცხონებაო. ვეღარ გავიგე, მე უბადრუკმა, რომელს დავუჯერო. ევედრე ღმერთს, ცხადად დამანახოს ჭეშმარიტება.

ბერმა სიხარულით მოისმინა ეს სიტყვები.

– დარჩი აქ, ჩემს სენაკში, – თქვა მან. – იმედი მაქვს, რომ ღმერთი თავისი აურაცხელი მოწყალებით დაგანახებს ჭეშმარიტების გზას.

ძმა გამოქვაბულში დარჩა, ბერი კი მკვდარი ზღვის სანაპიროზე ჩავიდა და დიდხანს ლოცულობდა მისთვის. მეორე დღეს, დაახლოებით სამ საათზე, თეოფანეს ვიღაც უცნობი კაცი გამოეცხადა და უთხრა:

– წამოდი და იხილე ჭეშმარიტება!

და მიიყვანა იგი ბნელ ადგილზე. ირგვლივ საშინელი სუნი იდგა. ყველაფერს ცეცხლი მოსდებოდა. ამ ცეცხლში თეოფანემ დაინახა ნესტორი, მასთან ერთად კი – ევტიქი, აპოლინარიოსი, ევაგრე, დიდიმი, დიოსკორე, სევეროსი, არიოზი, ორიგენე და მრავალი სხვა.

– აი, – თქვა უცნობმა, – ეს მწვალებლების ადგილია. ყველა ის, ვინც არასწორად ასწავლის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელზე, და ისიც, ვინც მათს სწავლებას იზიარებს, ამ ადგილზე უნდა მოვიდეს. ახლა შენ იცი: თუ მოგეწონა ეს ადგილი, დარჩი ისევ ნესტორიანელებთან, ხოლო თუ არ გინდა, რომ შენც ამათ მსგავსად იტანჯებოდე, მაშინ სამოციქულო ეკლესიას შეუერთდი და ის ჭეშმარიტი სწავლება გაიზიარე, რომელსაც ბერი მისდევს. გარწმუნებ: ყველანაირი სათნოებითაც რომ იყოს შემკული ადამიანი, თუ ის მართალ სარწმუნოებას არ აღიარებს, საუკუნოდ ამ ადგილს დაიმკვიდებს.

როდესაც ბერი გამოქვაბულში დაბრუნდა, თეოფანემ ყველაფერი უამბო თავისი ჩვენების შესახებ. მალე იგი სამოციქულო ეკლესიას შეუერთდა და რამდენიმე წელიწადი ბერის ხელმძღვანელობით იცხოვრა კალამონის ლავრაში, შემდეგ კი მშვიდობით აღესრულა.

 

 

თავი 28

იულიანე მესვეტე

 

ერთხელ იულიანე მესვეტემ სამი ანთებული ნაკვერცხალი გაახვია ტილოში და ერთ თავის ნაცნობ ბერს გაუგზავნა მოსაკითხად. ბერმა მიიღო ეს მოსაკითხი, ამის სანაცვლოდ კი იმავე ტილოში წყალი ჩაასხა, შემდეგ ტილოს პირი მოუკრა და მესვეტეს გაუგზავნა. მათ ერთმანეთისგან ოცი მილის მანძილი აშორებდათ.

 

. . .

აბბა კირილემ, იულიანე მესვეტის მოწაფემ, მოგვითხრო:

– ჩვენი თანასოფლელები ბევრს გვესაუბრებოდნენ აბბა იულიანეს სიწმინდის შესახებ. ერთხელ მამაჩემმა მე და ჩემი ძმა მასთან მიგვიყვანა. მე უკურნებელი სენი მჭირდა, ექიმები ვერაფერს მშველოდნენ. აბბა იულიანემ ლოცვა წამიკითხა და მაშინვე განმკურნა. ჩვენ, სამივენი, მასთან დავრჩით და მონაზვნად აღვიკვეცეთ. მამაჩემი ბეღელში განამწესეს და ძმების ყოველდღიურ საზრდელზე ზრუნვა დაავალეს. ერთ დღეს იგი ბერთან მივიდა და უთხრა:

– აბბა, პური აღარა გვაქვს.

– შედი, ძმაო, ბეღელში, – უპასუხა ბერმა, – და რასაც იპოვი, დაფქვი და გამოაცხვე, ხვალინდელ დღეზე კი ღმერთი იზრუნებს.

მამაჩემი საშინლად აღშფოთდა და სენაკში დაბრუნდა. ბეღელში შესვლა არც უფიქრია: იცოდა, რომ იქ არაფერი დახვდებოდა.

ამასობაში ძმებს დიდი გასაჭირი დაუდგათ. ბერმა დაუყოვნებლივ დაიბარა მამაჩემი და უთხრა:

– ძმაო კონონ, წადი, შეკრიბე ხორბალი და გამოაცხვე პური!

განრისხებულმა მამაჩემმა ჯიბიდან გასაღები ამოიღო, შეტრიალდა და თან ჩაილაპარაკა:

– მტვერი შევკრიბო? სხვა იქ აღარაფერია და!

მივიდა ბეღელთან, ბოქლომი გახსნა და კარს მიაწვა, რომ გაეღო, მაგრამ კარი არ იღებოდა, რადგან ბეღელი პირთამდე სავსე იყო ხორბლით. მაშინ მამაჩემმა შეინანა თავისი საქციელი და შენდობა სთხოვა ბერს.

 

 

თავი 29

წმინდა ევქარისტიის სასწაული

 

კილიკიის ქალაქ ეღონიდან ოცდაათი მილის მოშორებით ორი მესვეტე ცხოვრობდა. მათ ერთმანეთისგან ექვსი მილის მანძილი ჰყოფდათ. ერთი მათგანი მართლმადიდებელი იყო, მეორე კი – სევერიანელი. ამ უკანასკნელს უნდოდა, თავის სარწმუნოებაზე მოექცია მართლმადიდებელი ბერი, ამიტომაც ყოველდღე რაღაც ბრალდებებს უყენებდა, ცილს სწამებდა და ათასგვარ ხმას ავრცელებდა მასზე. ბოლოს მართლმადიდებელმა სთხოვა, ზიარების ნაწილი გაეგზავნა მისთვის. მწვალებელმა სიხარულით შეუსრულა თხოვნა, რადგან ეგონა, რომ უკვე გადმოიბირა თავის სარწმუნოებაზე. მართლმადიდებელმა აიღო რკინის ჭურჭელი, ცეცხლზე შემოდგა, კარგად გაახურა და მწვალებლის გამოგზავნილი ნაწილი შიგ ჩააგდო. ნაწილმა სიმხურვალეს ვეღარ გაუძლო და მაშინვე გაქრა. შემდეგ ბერმა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ზიარების ნაწილი აიღო და იმავე ჭურჭელში მოათავსა. ჭურჭელი მაშინვე გაგრილდა, ნაწილი კი მთელი და უვნებელი დარჩა. ბერი სათუთად ინახავდა ამ ნაწილს. ჩვენც გვაჩვენა, როცა მას ვესტუმრეთ.

 

თავი 30

„მე ისა ვარ, ვინც სამყაროს შემოქმედს – იესუ ქრისტეს – ყვრიმალში სცა“

 

კუნძულ კვიპროსზე, ფილოქსენის სავანეში, ჩვენ შევხვდით ერთ მონაზონს, რომელსაც სახელად ისიდორე ერქვა და წარმოშობით მილეტიდან იყო. შევამჩნიეთ, რომ ეს მონაზონი განუწყვეტლივ ტიროდა და მოთქვამდა, და ვთხოვეთ, ცოტა ხნით მაინც შეეწყვიტა ტირილი, მაგრამ ვერაფერს გავხდით.

– მე უმძიმესი ცოდვა მაქვს ჩადენილი, – გვეუბნებოდა იგი, – ადამიდან დღემდე არავის ჩაუდენია ამხელა ცოდვა...

– მართალი ხარ, მამაო, – ვამშვიდებდით ჩვენ, – ყველა ადამიანი ცოდვილია. ღმერთის გარდა ვინაა უცოდველი?

ის კი განაგრძობდა:

– არა, ძმანო, დამიჯერეთ, ვერც წმინდა წერილში, ვერც ზეპირ გადმოცემაში ვერსად შეხვდებით ჩემნაირ ცოდვილს ადამიანებს შორის. თუ გგონიათ, რომ ზედმეტს ვიბრალებ საკუთარ თავზე, მაშინ მომისმინეთ და ყველაფერს მოგიყვებით, თქვენ კი ლოცვებში მომიხსენიეთ.

მე ერში ცხოვრებისას ცოლი მყავდა. ორივენი სევეროსის მწვალებლობას მივსდევდით. ერთ დღეს, სახლში რომ დავბრუნდი, ცოლი არ დამხვდა: მითხრეს, მეზობელთან წავიდა საზიარებლადო. მეზობელი კი წმინდა სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნოდა. სასწრაფოდ გავიქეცი მისი სახლისკენ, რომ ჩემი ცოლი შემეჩერებინა. შევედი და შევიტყვე, რომ მას სულ ახლახან მიეღო ზიარება. მაშინვე ვწვდი ყელში, ხელები მაგრად მოვუჭირე და იმდენი ვქენი, სანამ წმინდა ნაწილი უკან არ ამოვაგდებინე. ავიღე ეს ნაწილი და ხან აქეთ ვისროდი, ხან იქით, ბოლოს კი რაღაც წუმპეში ჩავაგდე. იმავე წამს ზეციდან ელვა გადმოეშვა და წმინდა ნაწილი აიტაცა. ორი დღის შემდეგ ვიღაც ჩამოძენძილი ეთიოპელი გამომეცხადა.

– მე და შენ ერთნაირად განვიკითხებით საშინელ სამსჯავროზე, – მითხრა მან.

– შენ ვინა ხარ? – ვკითხე.

– მე ისა ვარ, ვინც სამყაროს შემოქმედს – იესუ ქრისტეს – ყვრიმალში სცა, – მიპასუხა ეთიოპელმა.

აი, ძმანო, ამიტომაც ვტირი და ვიგლოვ ჩემს ცოდვას – რომ განკითხვის დღეს ღმერთმა შემიწყალოს.

 

 

თავი 31

„ნუ, მამაო, ნუ შეურაცხმყოფ მე“

 

ერთხელ ორი ბერი ქალაქ ეღონიდან კილიკიის ტარსუსში მიდიოდა. გზაში ძალიან ჩამოცხა და, ღმრთის განგებით, ბერები ერთ-ერთ სასტუმროში შევიდნენ დასასვენებლად. იქ დახვდათ სამი ჭაბუკი: ისინი ეღონში მიდიოდნენ და ერთი მეძავი ქალი მიჰყავდათ თან. ბერები მოშორებით დასხდნენ. ერთმა მათგანმა სახარება ამოიღო და კითხვა დაიწყო. ეს რომ დაინახა, მეძავმა თავისი თანამგზავრები მიატოვა და ბერს გვერდით მიუჯდა.

– უბედურო! – უთხრა მას ბერმა. – სირცხვილიც აღარ გაგაჩნია? მოდიხარ და ჩვენს გვერდით ჯდები!

– ნუ, მამაო, ნუ შეურაცხმყოფ მე, – ლმობიერად მიუგო ქალმა. – მართალია, ყოველგვარი სიბილწით და არაწმინდებით ვარ სავსე, მაგრამ ღმერთმა როდი განაგდო მასთან მისული მეძავი დედაკაცი.

– არ განაგდო, რადგან დედაკაცმა იმ დღიდან თავი ანება ცოდვას, – უპასუხა ბერმა.

– და მეც, – შესძახა ქალმა, – ღმრთის შეწევნით ამიერიდან თავს ვანებებ ცოდვას!

მან მაშინვე მიატოვა ის სამი ჭაბუკიც და მთელი თავისი ქონებაც და ბერებს გაჰყვა. ბერებმა იგი ეღონის მახლობლად მდებარე ტონქიბას დედათა მონასტერში მიიყვანეს. ეს ამბავი თვითონ ყოფილმა მეძავმა ქალმა მიამბო. უკვე მოხუცი იყო, მე რომ ვნახე, და საოცარი კეთილგონივრულობით გამოირჩეოდა. მას სახელად მარიამი ერქვა.

 

 

თავი 32

„შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“

 

კილიკიის ტარსუსში ერთი კომედიანტი ცხოვრობდა, სახელად ბაბილა. მას ორი ხარჭა ჰყავდა: ერთს კომიტო ერქვა, მეორეს – ნიკოსა. კომედიანტი არაწმინდად ცხოვრობდა და ეშმაკის ბილწ საქმეებს აღასრულებდა. ერთხელ ეკლესიაში შევიდა. ღმრთის განგებით მღვდელი იმ დროს სახარების ამ ადგილს კითხულობდა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“. ამ სიტყვებმა შეაძრწუნა კომედიანტი. მას გაახსენდა მთელი თავისი ცხოვრება და ჩაფიქრდა საკუთარ ცოდვებზე. ეკლესიიდან რომ გამოვიდა, თავის ხარჭებს დაუძახა და უთხრა:

– თქვენ კარგად იცით, რა გარყვნილ ცხოვრებასაც ვეწეოდი თქვენთან ერთად, და არასოდეს გამომირჩევიხართ ერთი მეორისგან, ორივენი თანაბრად მიყვარდით. ახლა მთელ ჩემს ქონებას თქვენ გიტოვებთ, მე კი ამიერიდან ვტოვებ ერს და მონასტერში მივდივარ.

მეძავებს ცრემლები გადმოსცვივდათ და შესძახეს:

– ესაა შენი სამართალი? როცა სიბილწესა და გარყვნილებაში ცხოვრობდი, ჩვენს გვერდით იყავი და ჩვენც გვაზიარებდი სულის წარსაწყმედელ საქმეებს, ახლა კი, როცა საღმრთო ცხოვრება გადაწყვიტე, გვტოვებ და მიდიხარ, – მხოლოდ საკუთარი თავი გინდა აცხოვნო! არა, არა, ეს არ მოხდება! შენ არ დაგვტოვებ! გვინდა, რომ სათნოებაშიც შენი თანაზიარი გავხდეთ.

მაშინ კომედიანტმა მთელი თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, ქალები დედათა მონასტერში მიიყვანა, თვითონ კი მონაზვნად აღიკვეცა, ქალაქის ერთ-ერთ კოშკში დაეყუდა და მთელი დარჩენილი ცხოვრება სინანულში გაატარა. მე საკუთარი თვალით ვნახე ეს ყოფილი კომედიანტი და დიდი სულიერი სარგებელი მივიღე მისგან. იგი საოცარი გულისხმიერებით, სიმდაბლითა და მოწყალებით გამოირჩეოდა.

ეს ყველაფერი იმისთვის ჩავიწერე, რომ მკითხველისთვისაც სარგებელი მომეტანა.

 

 

თავი 33

მთავარეპისკოპოსი თეოდოტე

 

მთავარეპისკოპოსი თეოდოტე4 ქალაქ თეოპოლისში5 ცხოვრობდა. მას საოცრად კეთილი გული ჰქონდა. ერთხელ, სადღესასწაულო წირვის შემდეგ, თავის ტრაპეზზე რამდენიმე მღვდელმსახური მიიწვია. მაგრამ ერთმა მათგანმა არ მოისურვა მორჩილების გაწევა და მიწვევაზე უარი განაცხადა. მაშინ თეოდოტე თვითონ ეახლა მღვდელმსახურს და სთხოვა, მისულიყო და მასთან ერთად გაეზიარებინა ტრაპეზი.

იმავე მთავარეპისკოპოს თეოდოტეზე ჰყვებოდნენ, რომ იგი საოცრად მშვიდი და თავმდაბალი იყო. ერთხელ თავის კლირიკოსთან* ერთად სადღაც მიემგზავრებოდა. კლირიკოსი ცხენით მიდიოდა, მთავარეპისკოპოსი კი ეტლში იჯდა.

– გავცვალოთ ხოლმე დრო და დრო ადგილები, – უთხრა მან კლირიკოსს.

კლირიკოსი კარგა ხანს უარზე იყო.

– ეს თქვენი შეურაცხყოფა იქნება, – ამბობდა იგი, – მე რომ ეტლში ჩავჯდე და თქვენ ცხენით იმგზავროთ.

მაგრამ თეოდოტე მანამდე არ მოეშვა, ვიდრე არ დაარწმუნა, რომ ეს მისთვის შეურაცხმყოფელი არ იქნებოდა და ადგილები არ გააცვლევინა.

 

 

თავი 34

„შემინდე მე, ძმაო ჩემო “

 

სხვა დროს თეოპოლისში კიდევ ერთი პატრიარქი ცხოვრობდა, სახელად ალექსანდრე6. ისიც საოცრად მოწყალე და ლმობიერი იყო. ერთხელ მას თავისმა გადამწერმა ოქრო მოპარა და თებაიდაში გაიქცა. იქ იგი ეგვიპტელმა ავაზაკებმა შეიპყრეს და თავიანთი ქვეყნის ყველაზე შორეულ მხარეში წაიყვანეს. ამის შესახებ რომ შეიტყო, ალექსანდრემ ავაზაკებს ოთხმოცი ნომისმა გაუგზავნა და გადამწერი გამოისყიდა. ხოლო როდესაც ეს უკანასკნელი დაბრუნდა, პატრიარქი მას იმდენად ალერსიანად ეპყრობოდა და ისეთ გულმოწყალებას იჩენდა მისდამი, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა:

– არაფერია იმაზე უფრო სარფიანი, ვიდრე ის, რომ პატრიარქის მიმართ შესცოდო.

ერთხელ ერთმა დიაკონმა კლირიკოსების თანდასწრებით გაკიცხა საკვირველი ალექსანდრე, მან კი მუხლი მოუდრიკა დიაკონს და უთხრა:

– შემინდე მე, ძმაო, ჩემო.

 

 

თავი 35

„წავიდეთ, ჩვენც წარვდგეთ მასთან ერთად სამსჯავროზე“

 

აბბა პოლიქრონიოსი იერუსალიმის პატრიარქ ილიაზე7 გვიყვებოდა, რომ ვიდრე იგი უბრალო მონაზონი იყო, ღვინოს არ სვამდა, და ამავე წესს იცავდა მას შემდეგაც, რაც პატრიარქი გახდა.

იგივე იერუსალიმის პატრიარქი ილია და ანტიოქიის პატრიარქი ფლაბიანე იმპერატორმა ანასტასიმ8 გადასახლებაში გაგზავნა იმის გამო, რომ ისინი ქალკედონის კრების დადგენილებას იცავდნენ: ილია – აილში, ფლაბიანე – პეტრაში. ერთხელ მათ თავიანთი გადასახლების ადგილებიდან ერთმანეთს მისწერეს: „დღეს ანასტასი გარდაიცვალა. წავიდეთ, ჩვენც წარვდგეთ მასთან ერთად სამსჯავროზე“. ორი დღის შემდეგ მართლაც ორივემ შეისვენა.

 

 

თავი 36

„ჩამოდი, შევიდეთ ცეცხლში“

 

ანტიოქიის პატრიარქ ეფრემზე9 მოგვითხრობდნენ, რომ იგი მართლმადიდებელი სარწმუნოების მხურვალე დამცველი იყო; ერთხელ შეიტყო, რომ ქალაქ იერაპოლის მახლობლად ერთი მესვეტე ცხოვრობდა, რომელიც სევეროსის მწვალებლურ სწავლებას იზიარებდა. პატრიარქი მასთან მივიდა და დიდხანს ევედრებოდა, მიეტოვებინა ეს დამღუპველი სწავლება და წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას დაბრუნებოდა. მაგრამ მესვეტემ უპასუხა:

– მე კრების დადგენილებებს მანამდე ვერ მივიღებ, ვიდრე რაიმე სარწმუნო საფუძველი არ მექნება.

– რას მოითხოვ ჩემგან, – ჰკითხა ეფრემმა, – რით დაგარწმუნო, რომ ეკლესია, ქრისტეს მადლით, თავისუფალია ყოველგვარი მწვალებლობისაგან?

– დავანთოთ ცეცხლი და ორივენი შიგ შევიდეთ. ვინც უვნებელი გამოვა, მისი სარწმუნოება იქნება ჭეშმარიტი, – მიუგო მესვეტემ.

– კარგი იქნებოდა, დაგეჯერებინა ჩემთვის, შვილო, და არ მოგეთხოვა ის, რაც ჩემს ძალებს აღემატება, მაგრამ რაკი ჩემი გამოცდა განგიზრახავს, ვესავ ღმერთს, შენი სულის საცხოვნებლად ამასაც შემაძლებინებს.

ეფრემი ხალხს მიუტრიალდა და უბრძანა შეშა მოეტანათ. მისი ბრძანება დაუყოვნებლივ შესრულდა. მაშინ მან სვეტის წინ ცეცხლი დაანთო და მესვეტეს მიმართა:

– ჩამოდი, შევიდეთ ცეცხლში, როგორც მოისურვე.

მაგრამ პატრიარქის სიმტკიცე რომ დაინახა, მესვეტემ უკან დაიხია და ჩამოსვლაზე უარი განაცხადა.

– შენ თვითონ არ შემომთავაზე ცეცხლში შესვლა? ახლა რატომღა ამბობ უარს? – ჰკითხა მას პატრიარქმა. შემდეგ თავისი ომოფორი მოიხსნა, ცეცხლთან მივიდა და წარმოთქვა:

– უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, რომელმან ჩვენისა ცხოვრებისათვის ჭეშმარიტად ხორცნი შეისხენ წმიდისაგან ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისაგან, განგვიცხადე შენი სიმართლე!

ლოცვა რომ დაამთავრა, მან თავისი ომოფორი შუაგულ ცეცხლში შეაგდო. ცეცხლი სამი საათის მანძილზე ენთო. შეშა მთლიანად დაიწვა, ომოფორი კი სრულიად უვნებელი გადარჩა, დამწვრობის კვალიც კი არ ეტყობოდა. მაშინ მესვეტემ შეინანა თავისი ცთომილება, სევეროსის მწვალებლური სწავლება დაგმო და სამოციქულო ეკლესიას შეუერთდა. იგი ეფრემის ხელიდან ეზიარა წმინდა საიდუმლოს და ჰმადლობდა და ადიდებდა ღმერთს.

 

თავი 37

„რამეთუ ეს ის მსხვერპლი და შესაწირავია, რომელიც ღმერთს სათნო-ეყოფა“

 

ერთ-ერთი ეპისკოპოსის შესახებ ჰყვებოდნენ, რომ მან მიატოვა თავისი საეპისკოპოსო კათედრა და თეოპოლისში ჩავიდა, სადაც ხუროდ დაიწყო მშენებლობაზე მუშაობა. აღმოსავლეთის მხარის გამგებელი იმ დროს იყო ეფრემი 10 – ღმრთისმოშიში და მოწყალე კაცი. ის აღადგენდა იმ საზოგადოებრივ ნაგებობებს, რომლებიც მიწისძვრისგან იყო დანგრეული. ერთხელ ეფრემს ძილში ეპისკოპოსი ეჩვენა: იგი იწვა და ეძინა, თავზე კი ზეციდან გადმოშვებული ცეცხლოვანი სვეტი ადგა. ჩვენება არა ერთხელ და ორჯერ, არამედ მრავალჯერ განმეორდა და იმდენად შთამბეჭდავი და შემაძრწუნებელი იყო, რომ ეფრემს შიშის ზარი დაეცა. „რას უნდა ნიშნავდეს ეს სიზმარი?“ – ფიქრობდა იგი; მაგრამ ვერაფერს მიმხვდარიყო, რადგან არ იცოდა, რომ ის ხურო, რომელიც მას ძილში ეცხადებოდა, სინამდვილეში ეპისკოპოსი იყო. ან საიდან უნდა სცოდნოდა, როგორ უნდა შეეცნო ეპისკოპოსი იმ ადამიანში, რომელიც მძიმე შრომისაგან სრულიად დაგლახაკებულიყო, ტანზე ძონძები ემოსა, თმები კი მუდმივად აწეწილი და სიცხისგან შეტრუსული ჰქონდა. ბოლოს ეფრემმა იგი თავისთან დაიბარა და ჰკითხა, თუ ვინ იყო, რა ერქვა, ან საიდან მოსულიყო.

– მე ამ ქალაქის ერთი მდაბიოთაგანი ვარ, – უპასუხა ეპისკოპოსმა, – თავი რომ ვირჩინო, მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა, და ღმრთის შეწევნით, საკუთარი შრომის ფასად ვშოულობ ლუკმა-პურს.

მაშინ გამგებელმა, ზეგარდამო შთაგონებით აღძრულმა, შესძახა:

– დამიჯერე, სანამ არ მეტყვი ვინა ხარ, აქედან არ გაგიშვებ!

ეპისკოპოსი მიხვდა, რომ სიმართლეს ვეღარ დაფარავდა და თქვა:

– კარგი, ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ იმ პირობით, რომ სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს საიდუმლოს არავის გაანდობ. თუმცა რა მქვია ან რომელი ქალაქიდან ვარ, ამას არ გეტყვი. მე ჩემს მხარეში ეპისკოპოსი ვიყავი, მაგრამ ღმრთის გულისათვის მივატოვე საეპისკოპოსო კათედრა და თეოპოლისში ჩამოვედი – რომ სხეული შრომით მოვაუძლურო და საკუთარი შრომითვე მოვიპოვო ყოველდღიური საზრდელი. შენ კი, გამგებელო, ნუ დაიზარებ მოწყალების გაცემას. ამ დღეებში იესუ ქრისტე მოციქულთა საყდარზე დაგსვამს თეოპოლისის ეკლესიაში და თავის სამწყსოს მოგანდობს, – რომელიც მან, ჭეშმარიტმა ღმერთმა, საკუთარი სისხლის ფასად გამოისყიდა. და კიდევ გაგიმეორებ: ნუ დაიზარებ მოწყალების გაცემას და ბრძოლას მართალი სარწმუნოებისათვის, რამეთუ ეს ის მსხვერპლი და შესაწირავია, რომელიც ღმერთს სათნო-ეყოფა.

მალე ეფრემი მართლაც ეპისკოპოსად აკურთხეს. იგი მადლობას სწირავდა იესუ ქრისტეს და ამბობდა:

– რამდენი სარწმუნო და გულითადი მონა ჰყავს ღმერთს დაფარულად ამქვეყანაზე, და ამის შესახებ თვით მის გარდა არავინ უწყის.

 

 

თავი 38

ეს იყო სამართლიანი მისაგებელი იმისთვის, რაც მან ქრისტეს ეკლესიისა და მისი ჭეშმარიტი     მწყემსების წინააღმდეგ მოიმოქმედა

 

ერთმა ღმრთისმოყვარე კაცმა გვიამბო:

– პატრიარქები ექვთიმე11 და მაკედონი12 ქალკედონის კრებაზე მართალი სარწმუნოების აღიარებისათვის იმპერატორმა ანასტასიმ13 პონტოში გადაასახლა. ამ ამბის შემდეგ იმპერატორს სიზმარში ვიღაც დიდებული, ბრწყინვალედ მოსილი კაცი ეჩვენა: მას ხელში წიგნი ეჭირა, იდგა და კითხულობდა. ხუთი ფურცელი რომ გადაშალა, იმპერატორის სახელი ამოიკითხა და თქვა:

– აი, შენი ბოროტმორწმუნეობისათვის აღვხოცავ თოთხმეტს.

და თითით გადახაზა ნაწერი.

ორი დღის შემდეგ ზეცა დამაბრმავებელმა ელვამ დასერა და გაისმა საშინელი ქუხილი. შეძრწუნებულ იმპერატორს იქვე, თავის სასახლეშივე აღმოხდა სული. ეს იყო სამართლიანი მისაგებელი იმისთვის, რაც მან ქრისტეს ეკლესიისა და მისი ჭეშმარიტი მწყემსების წინააღმდეგ მოიმოქმედა.

 

 

თავი 39

„დაბრუნდი შენს მონასტერში და იქ გულმოდგინედ ილოცე ჩემთვის“

 

ანტიოქიაში რომ ვიყავი, იქაური ეკლესიის პრესვიტერმა მომითხრო ერთი ამბავი, რომელიც მას პატრიარქ ანასტასისგან14 მოესმინა:

– აბბა სევერიანეს მონასტრიდან ერთი ჭაბუკი მონაზონი ელევთეროპოლში გააგზავნეს საქმეზე. გზად ნაცნობ მიწისმოქმედთან შეიარა: იგი ქვრივი იყო და ერთადერთი ასული ჰყავდა. მონაზონი სამი დღე დარჩა მიწისმოქმედის სახლში. და აი, ეშმაკმა, რომელიც მარადის კაცთა წარწყმედას ეძიებს, მის გულში არაწმინდა ვნება ჩათესა ქალწულის მიმართ. ამ ვნებამ მისი გონებაც სრულიად დაიმორჩილა და ახლა იგი მხოლოდ და მხოლოდ ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდა თავისი ხორციელი გულისთქმის დასაკმაყოფილებლად. და აი, შემთხვევამაც არ დააყოვნა. მასპინძელს გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და იძულებული გახდა, ასკალონში გამგზავრებულიყო. მაშინ მონაზონი ქალწულთან მიიჭრა, იმ განზრახვით, რომ ძალა ეხმარა მასზე. ასეთ მღელვარებაში რომ დაინახა ჭაბუკი მონაზონი, ქალწულმა უთხრა მას:

– დამშვიდდი, ძმაო, ნუ ჩქარობ შენი ვნების დაკმაყოფილებას. მამაჩემი დღეს და ხვალ არ დაბრუნდება. ჯერ ყურადღებით მომისმინე, რაღაცა მინდა გკითხო, და მერე რაც ღმრთის ნება იქნება, ის გავაკეთოთ.

ჭაბუკი შეჩერდა.

– ძმაო, რამდენი წელია, რაც მონასტერში ხარ? – ჰკითხა ქალწულმა.

– ჩვიდმეტი.

– ქალთან თუ გქონია ხორციელი ურთიერთობა?

– არა.

– და ამდენი ხნის მოღვაწეობა ამ წუთიერი სიამოვნებისთვის გინდა წარწყმიდო? ვინ იცის, რამდენჯერ დაგიღვრია ცრემლი, რომ სხეული ბილწი ვნებისაგან გაგეთავისუფლებინა და უბიწოდ წარდგომოდი ქრისტეს! ვინ იცის, რამდენი გასაჭირი დაგითმენია საკუთარი სული ცხონებისათვის; ახლა კი ეს ყველაფერი წყალში გინდა ჩაყარო? კარგი, დავანებოთ ამას თავი, ვთქვათ, დავყევი შენს ნებას: მზადა ხარ, რომ თან წამიყვანო და მთელი ცხოვრება მარჩინო?

– არა, – მიუგო მონაზონმა.

– მაშინ სრულ სიმართლეს გეტყვი: თუ ჩემზე ძალას იხმარ, მრავალ ბოროტებაში დაგედება ბრალი.

– მაინც? – ჰკითხა ჭაბუკმა.

– საკუთარ სულს ხომ წარიწყმიდავ, ჩემი სულის წარწყმედასაც შენი ხელიდან გამოიძიებს ღმერთი; და კიდევ, შემიძლია ფიცით დავამტკიცო: თუ ჩემს ქალწულებრივ სიწმინდეს შეურაცხჰყოფ, მაშინვე თავს მოვიკლავ და შენ ღმერთი განგსჯის, როგორც მეძავსა და კაცისმკვლელს. ეს რომ არ მოხდეს, დაბრუნდი შენს მონასტერში და იქ გულმოდგინედ ილოცე ჩემთვის.

მონაზონი გონს მოეგო, წამოვიდა მიწისმოქმედის სახლიდან და თავის მონასტერში დაბრუნდა. იქ იგი იღუმენის წინ მუხლებზე დაემხო, ყველაფერი აღიარა და სთხოვა, ამიერიდან აღარსად გაეშვა.

ამ ამბიდან სამი თვის შემდეგ მონაზონი გარდაიცვალა.

 

გაგრძელება

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა