martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

არქიმანდრიტი ამბროსი პოგოდინი

 

წმინდა მარკოზ ეფესელის ცხოვრება

(უნიის ხელმოწერის შემდგომი პერიოდი)

 

კვირას, 5 ივლისს, ბერძნებმა ხელი მოაწერეს უნიას[1].

 

თუ როგორ მიმდინარეობდა უნიაზე ხელმოწერა, მოვიყვანთ ამონარიდს ფლორენციის კრების "საქმენი"-დან: "იგი (უნიის აქტის ტექსტი), როგორც ვთქვით, წაიკითხეს წმ. საბინას კარდინალმა იულიანემ – ლათინურად, და ნიკეის მთავარეპისკოპოსმა ბესარიონმა – ბერძნულად; ჩვენ კი პაპის მუხლსა და მარჯვენას ვემთხვიეთ, – წერს "საქმენის" ავტორი, ბერძენი მიტროპოლიტი, – შემდეგ სამღვდელო სამოსით შემოსილნი ერთმანეთს ვეამბორეთ და ხელი მოვაწერეთ უკვე განცხადებულს. ამ დროს ჩვენი მგალობლები გალობდნენ: "იხარებდენ ცანი"; იგივე გაიმეორეს "დიდებისა" და "აწ და"-ს შემდეგ. ამას მოჰყვა: "დღეს საღმრთომან მადლმან ყოვლადწმიდისა სულისამან შეგვკრიბნა ჩუენ". ამრიგად, როდესაც მსახურება დასრულდა, ყველა თავის გზას გაუდგა".

 

ხელი მოაწერეს იმპერატორმა, აღმოსავლეთის პატრიარქთა წარმომადგენლებმა მათი და თავიანთი სახელით, იერარქებმა და ეკლესიის სხვა მოხელეებმა; ერთნი უბრალოდ აწერდნენ ხელს, სხვებმა მას წინ დაურთეს მოკლე ფრაზა. მართლმადიდებელ წარმომადგენელთა 33 ხელმოწერიდან ერთი ეკუთვნის რუსეთის ეპისკოპოსს, რომელიც კრებაზე მიტრ. ისიდორესთან ერთად მივიდა: "ხელს ვაწერ მდაბალი ეპისკოპოსი სუზდალისა აბრაამი". ხელი მოაწერეს მათაც, ვინც კრების დროს თავს უნიის მოწინააღმდეგედ აცხადებდა, მაგ. ჰერაკლიის მიტრ. ანტონი (რომლის ხელმოწერაც უშუალოდ იმპერატორისას მოსდევს), ან დოსითეოზ მონევმაელი. ერთი იერარქი, სტავროპოლის ეპისკოპოსი, უნიის ხელმოწერამდე გაიქცა ფლორენციიდან.

 

მხოლოდ ერთადერთმა იერარქმა გადაჭრითა და შეუპოვრად განაცხადა უარი, ხელი მოეწერა უნიისათვის, თუნდაც მას ეს სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა. ეს იერარქი წმ. მარკოზ ეფესელი იყო. უნიის მომხრეები მოითხოვდნენ, იძულებული გაეხადათ წმ. მარკოზი, ხელი მოეწერა, მაგრამ იმპერატორმა არ მოისურვა მღვდელმთავრის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გამოყენება. მაშინ ისიდორემ მოითხოვა წმ. მარკოზის განკვეთა ეკლესიიდან, მაგრამ ამის პასუხად ბერძენ იერარქთაგან გაისმა ხმები: "ისიც იკმარე, რომ ჩვენ მოვაწერეთ, რასაც არ ვაპირებდით. შენ კი პატრიარქობას ვერ ეღირსები!" ბევრი, ძალინ ბევრი, ზიზღითა და სასოწარკვეთით აწერდა ხელს უნიას – მათ ეშინოდათ იმპერატორისა და ლათინებისა. სიროპულოსი, რომელმაც ხელი მოაწერა მისთვის საძულველი უნიის აქტს, თავის "ისტორიაში" წერს, რომ მან ეს მხოლოდ იმპერატორის შიშით ჩაიდინა. აგრეთვე, გვაცნობებს, რომ უნიის ხელმომწერთაგან ბევრი ლათინთა მიერ იყო მოსყიდული. უნიის საქმეში ფულმა რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ამასვე ადასტურებს წმ. მარკოზიც თავის ენციკლურ ეპისტოლეში. სიროპულოსის ნაამბობზე დაყრდნობით Fromman ამტკიცებს, რომ რადგანაც უნიის აქტი ბერძნებს არ წაუკითხავთ (ეს მომდევნო დღეს გააკეთეს), უმრავლესობამ ხელი მოაწერა "ბრმად" და არ იცოდა კრების განჩინების ზუსტი შინაარსი. მაგრამ შეიძლება დავეთანხმოთ Hefele -ს, რომლის თანახმად, ბერძნებმა მოლაპარაკებებიდან გამომდინარე უკვე იცოდნენ ოფიციალური დოკუმენტის შინაარსი. უმჯობესი იქნება, ვივარაუდოთ, რომ ბერძნები დათრგუნა და გულგრილნი გახადა ყოველივემ, რაც იქ ხდებოდა, რადგანაც ხედავდნენ, თუ რაოდენ უსარგებლო იყო მკვიდრად დასამარებული ჭეშმარიტების გაცხადების ნებისმიერი ინიციატივა; იმდენად უსუსურად გრძნობდნენ თავს, რომ რაც უნდა წარედგინათ მათთვის, მასზეც ისეთივე გულგრილობით მოაწერდნენ ხელს.

 

წმ. მარკოზ ეფესელის ხელმოწერის არარსებობა უნიის საქმისთვის სასიკვდილო დარტყმა იყო. უნიას ხელი მოაწერეს იმპერატორმა, პატრიარქების წარმომადგენლებმა, მიტროპოლიტებმა და ეკლესიის სხვა მაღალმა პირებმა, ანუ, ადმინისტრაციული თვალსაზრისით, მთელმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ; მაგრამ ეს ყოველივე არაფრად ღირდა წმ. მარკოზ ეფესელის ერთ, ერთადერთ ხელმოწერასთან შედარებით. სასიკვდილო სნეულებით, ნაწლავების კიბოთი დაავადებული, ამა სოფლის მთავრობათაგან ათვალწუნებული, ქანგცგაწყვეტილი ეს იერარქი იყო მართლმადიდებლობის სულიერი მეთაური და ის გიგანტი, რომელიც წარმოადგენდა მართლმადიდებელ ეკლესიას: უძლურებაში – ძლიერს, სიღატაკეში – მდიდარს და საღვთო ჭეშმარიტებაში – უძლეველს.

 

როგორც ჩვენი ნაშრომის დასაწყისში ვთქვით, კრების მონაწილე ბერძენ წარმომადგენელთა შორის უპირატესი როლი (თუ მდგომარეობით არა, თავისი მნიშვნელობით მაინც) არსებითად წმ. მარკოზ ეფესელს ენიჭებოდა და ეს ლათინებს ესმოდათ. შედეგად, როცა ბერძენ იერარქთა ერთიანობამ არსებობა შეწყვიტა და წმ. მარკოზი საბოლოოდ დარჩა მართლმადიდებლური ეკლესიის ერთადერთ, შეუდრეკელ სვეტად, მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა – იგი ერთი უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე ყველა ერთად. გიორგი სქოლარიოსი წმ. მარკოზისადმი მიძღვნილ გამოსათხოვარ სიტყვაში ამბობდა, რომ ეს იყო ადამიანი, "რომელსაც ვერ შევცვლით ყველა ერთად. აღურაცხავია სათნოებანი, რომლებითაც იგი იყო შემკული. ის თავისთავში აღმატებულად იტევდა ყველა სათნოებას. ჩვენს დროში მას ვერვინ შეედრებოდა. ასეთი ადამიანები მხოლოდ ღვთის განსაკუთრებული განგებით გვევლინებიან". მაგრამ ფლორენციის კრების საშინელ დღეებში მართლმადიდებელმა წარმომადგენლებმა სათანადოდ არ შეაფასეს წმ. მარკოზ ეფესელის მნიშვნელობა და ყური არ ათხოვეს მის მოწოდებას – დაურღვევლად შეენახათ მართლმადიდებლობა და შექმნილ ვითარებაში არ ეძებნათ რომთან უნია. გაცილებით უფრო მეტად (ოღონდ მტრული თვალსაზრისით) შეაფასა წმ. მარკოზ ეფესელის მნიშვნელობა პაპმა ევგენი IV-მ, რომელსაც უდავოდ სახელმწიფოებრივი აზროვნება ჰქონდა. ამიტომაც უნიის აქტზე წმ. მარკოზის ხელმოწერის არარსებობა მან უნიის სრულ ჩავარდნად აღიქვა. სიროპულოსი მოგვითხრობს, რომ როდესაც პაპ ევგენი IV-ს მისმა კარდინალებმა საზეიმოდ მიართვეს ბერძენ წარმომადგენელთაგან ხელმოწერილი უნიის აქტი, მან იკითხა: ხელი მოაწერა თუ არა მარკოზ ეფესელმა; როდესაც ხელმომწერთა შორის იგი ვერ ნახა, თქვა: "ამრიგად, არაფერი გაგვიკეთებია!"

 

დიდად გაბოროტებული აღნიშნავდა წმ. მარკოზის მიერ უნიის აქტის ხელმოუწერლობას თავგამოდებული უნიატი, წმ. მარკოზის თანამედროვე – მეთონის ეპისკოპოსი იოსები თავის სახოტბო სვინაქსარში ფლორენციის კრებისადმი. 

 

... 

 

1439 წლის 26 აგვისტოს იმპერატორი წმ. მარკოზ ეფესელთან ერთად ვენეციის გავლით კონსტანტინოპოლს გაემგზავრა.

 

ასე სავალალოდ დასრულდა ისტორიის გვერდი, რომელსაც "ფლორენციის უნია" ეწოდება. ფერარო და ფლორენცია – სახელები, რომლებიც ეკლესიის ისტორიაში სამართლიანად უნდა გამხდარიყო საუკუნოდ კურთხეული სიმბოლო ეკლესიის ადრინდელი წმიდა ერთობის დაბრუნებისა, იქცა დიდი იმედებისა და დამსხვრეული ოცნებების სასაფლაოდ, მართლმადიდებლური ცნობიერებისათვის მწარედ მოსაგონარ სახელებად.

 

გეგონებოდათ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია დაიქცა, არარაობად იქცა, ისტორიიდან გაქრა. მაგრამ წმ. მარკოზის სიტყვები რომ გავიმეოროთ "ასე არ არის, ასე არ არის!" – მართლმადიდებლობისათვის ბრძოლა გაგრძელდა; მას მარკოზ ეფესელი წარუძღვა: ერთი – მრავლის წინააღმდეგ, არაფრის მქონე – ძალაუფლების, პატივისა და სიმდიდრის მფლობელთა პირისპირ; კიბოთი სნეული – უმაღლესი სამღვდელოების, ხელისუფლების, მთავართა და თავად იმპერატორის წინააღმდეგ; ციხეში დატუსაღებული – თავისუფალთა პირისპირ... და მან გაიმარჯვა, რამეთუ მასთან იყო ჭეშმარიტება, რომელიც უძლეველია. შეიძლება იგი ცხრაკლიტულში გადამალო, მაგრამ დადგება ჟამი და გამობრწყინდება. ეს უწყოდა მღვდელმთავარმა. ამასვე იმეორებს გიორგი სქოლარიოსი წმ. მარკოზის შესახებ: "იგი იმედოვნებდა, რომ სძლევდა ყველა თავის მეტოქეს მარტოოდენ ჭეშმარიტების ძალით". 

 

... 

 

იმპერატორისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც იტალიაში კრებას ესწრებოდნენ, წმ. მარკოზ ეფესელი კონსტანტინოპოლში 1440 წლის 1 თებერვალს დაბრუნდა. არც ზეიმით ბრუნდებოდნენ ფლორენციიდან კონსტანტინოპოლში საბერძნეთის წარმომადგენლები და არც სიხარულით. მათ ესმოდათ, რომ volens-nolens (ნებით თუ უნებლიედ) ვერ დაიცვეს ჭეშმარიტება და გაყიდეს მართლმადიდებელი სარწმუნოება პაპის დანაპირებზე – ბიზანტიისადმი დახმარების "საკენკზე".

 

უნიის თანამედროვე, ბერძენი ისტორიკოსი დუკა ასე გვიხატავს კონსტანტინოპოლის მოსახლეობასთან მათი შეხვედრის სურათს: როგორც კი გემიდან გადმოსხდნენ, მათ მაშინვე ჰკითხეს – "როგორ არის კრების საქმე, გავიმარჯვეთ?". ისინი კი პასუხობდნენ – "გავყიდეთ ჩვენი სარწმუნოება, მართლმორწმუნეობა უღმერთოებაზე გავცვალეთ, ვუღალატეთ წმიდა ძღვენს და გავხდით აზიმატები[2]". ასე ამბობდნენ ანტონ ჰერაკლიელი და სხვები. ხალხი ეკითხებოდა:

 

- "რატომ მოაწერეთ ხელი?"

 

- "ფრანკების შიშით".

 

- "განა ფრანკები გამათრახებდნენ, საპყრობილეში გამწყვდევდნენ?"

 

- "არა! დაე, მოგვკვეთონ მარჯვენა, რომლითაც ხელი მოვაწერეთ, ამოგვაძრონ ენა, რომლითაც ვაღიარეთ".

 

მძიმე დუმილი ჩამოწვა. მიუხედავად დიდი მარხვისა, [ეკლესიებში] მსახურება არ ყოფილა, რომლის აღსრულებაც არავინმოისურვა განდგომილებთან ერთად.

 

არც იმპერატორი იყო გულმშვიდად. ის მართლმადიდებელი ეკლესიის შვილი იყო და გულით აინტერესებდა ყველა საღვთისმეტყველო საკითხი (აქ შეიძლება გავიხსენოთ, რომ ოდესღაც მისი თხოვნით დაწერა წმ. მარკოზ ეფესელმა რიგი ტრაქტატებისა საღვთისმეტყველო საკითხებზე, რომლებიც იმპერატორმა მიაწოდა) და შეუძლებელია, არ ეგრძნო სინდისის ქენჯნა და ღრმა მწუხარება, რომ ასეთ დამამცირებელ მდგომარეობაში ჩააყენა მართლმადიდებელი ეკლესია და საკუთარი თავი რომის წინაშე. გამოიკვეთა უნიის წინააღმდეგ საეკლესიო ოპოზიცია – იერარქთა დიდმა ნაწილმა და მათ შორის წმ. მარკოზ ეფესელმაც უარი განაცხადეს პატრიარქის პატივის მიღებაზე, რადგანაც იცოდნენ, რომ ამით უნიას გაუწევდნენ სამსახურს. ხალხი ყოველივე მომხდარის გამო ღრმად დათრგუნული და უკმაყოფილო იყო, რასაც შეეძლო სამოქალაქო ომიც კი გამოეწვია (სიროპულოსი წერს, რომ იმპერატორის ძმა – დიმიტრი იმდენად ცხარედ ემხრობოდა მართლმადიდებლობას და ეწინააღმდეგებოდა იმპერატორის პოლიტიკას უნიის საქმეში, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომის საფრთხე გაჩნდა). შეუძლებელი იყო, ყოველივე ამას არ დაეთრგუნა და დაემწუხრებინა იმპერატორი, მიუხედავად იმისა, რომ თავს პოლიტიკური მოსაზრებებით იმართლებდა. ამას დაერთო პირადი დიდი უბედურება – ნაპირზე გადმოსვლაც ვერ მოასწრო, რომ საყვარელი მეუღლის გარდაცვალება აუწყეს. სიროპულოსი გადმოგვცემს, რომ იმპერატორი დიდხანს დარდობდა, ხანგრძლივი დროით ჩაიკეტა თავის ოთახში და სამი თვის – თებერვლის, მარტისა და აპრილის განმავლობაში ყველა საეკლესიო საქმე მიატოვა.

 

კრების ყველა მონაწილე მეტნაკლებად გრძნობდა საკუთარ დანაშაულს. ერთადერთი, ყოველივე ამისგან შეუბღალავი წმ. მარკოზ ეფესელი იყო. იტალიაში კრების მოვლენებთან დაკავშირებით იოანე ევგენიკოსი მის შესახებ ამბობდა: "მხოლოდ ის ერთადერთი მოგვევლინა დასაწყისშიც, შუაშიც და დასასრულსაც ორლესულ მახვილად უკანონო და ავაზაკური სარეველების წინააღმდეგ ეკლესიის წმიდა დოგმატების კეთილშობილ ნათესში". თავის მხრივ, დიდ რიტორ მანუელს თავის თხზულებაში მოჰყავს ფლორენციის კრების ზოგი მონაწილის მიერ გამოთქმული არამართლმადიდებლური შეხედულებანი და ამბობს: "ეს არ ეხება ნეტარ მარკოზს, ყოვლადწმიდა სულის წმიდა სავანეს, გულითა და ბაგეებით რომ განუცხადა ყველას მზისდარი და ღმრთივნაანდერძევი ქრისტიანული ღვთისმოშიშება და მართლმადიდებლობა; მას არა! მას მსგავსი არაფერი ჩაუდენია, გულში არ გაუვლია რაიმე შეუფერებელი მოემოქმედა დოგმატთა სიმართლისა და სიზუსტის მიმართ... მაშინ, როდესაც, შეიძლება ითქვას, ყველამ ზურგი უჩვენა მეტოქეს და გადაიბირეს ქრისტესმოყვარე მეფეც, იგი (წმ. მარკოზი) მეფეთა და მბრძანებელთა წინაშე თავაწეული ღაღადებდა ჭეშმარიტებას და არაფრით იღებდა სიმბოლოში მცდარად შეტანილ დამატებას. თავდამსხმელებთან მედგრად მებრძოლი, წმიდა და ღმრთივსათნო მამათა – ქრისტეს ეკლესიის ამ ლამპართა – კვალდაკვალ განუხრელად მავალი ყველასთან ღიად ქადაგებდა ერთიან საწყისს უცვალებელ და ღვთაებრივ სამებაში – მამას, რომლისგანაც, როგორც ერთი მიზეზისგან, გაბრწყინდნენ შობილი ძე და გამომავალი სულიწმიდა... წმ. მარკოზი მათ (წმ. მამებს) პირდაპირ და განუხრელად მიჰყვებოდა, თავისი გონებით, გულითა და შეუგინებელი ბაგეებით ის ცხადად წარმოჩნდა, როგორც ქრისტეს ეკლესიაზე დაფუძნებული ჭეშმარიტი სწავლების საღვთო ნათლის ყველასთვის მანათობელი ლამპარი. იგი იყო ბაგე მადლით მსუნთქავი და ცეცხლოვანი ენა სულიწმიდისა, რომლის საღვთო მადლმა ჰპოვა მისი წმიდა და უბიწო სული, დაივანა მასში და მის მიერ გაუმხილა მორწმუნეებს ჭეშმარიტება სამყაროს დასალიერამდე. რამეთუ მირონს წმიდა ჭურჭელში ათავსებენ. ამრიგად, იტალიაში ნათლად მოღვაწე და საზოგადოებრივ მსჯელობებში, დარიგებებსა თუ საუბრებში სწორუპოვრად, ჩინებულად წარმოჩენილი და, როგორც ნათქვამია, ჭეშმარიტების საუცხოოდ დამმოწმებელი და სიწმიდით მოვაჭრეთა შემარცხვენელი, ისევ ბრუნდება სამეფო ქალაქში მარადის მოსახსენებელ მეფესთან ერთად". იოანე ევგენიკოსი ადასტურებს, რომ წმ. მარკოზის, როგორც მართლმადიდებლობისათვის მებრძოლის დიდებამ კონსტანტინოპოლში მის დაბრუნებას ჩაასწრო. იგი აგრეთე მოგვითხრობს ჭეშმარიტებისათვის უმძიმეს ბრძოლაზე, რასაც წმ. მღვდელმთავარი მარტო ეწეოდა და იხსენებს ყველა იმ შეჭირვებას, რისი გადატანაც წმ. მარკოზს მოუხდა მართლმადიდებლობაში უდრეკად დგომისთვის; შემდეგ კი განაგრძობს: "საღვთო განგებულებით მან სასწაულებრივად დააღწია თავი საფრთხეს; ნათელი მნათობი დაუბრუნდა სამშობლოს და შეუნარჩუნდა. მას საყოველთაო აღტაცებითა და პატივისცემით ხვდებოდნენ".

 

მართლმადიდებლობის დამცველნი, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, სულიერად გაერთიანდნენ წმ. მარკოზის ირგვლივ – იგი მათი სულიერი წინამძღოლი გახდა. ოღონდ მის გარშემო არ ჩანდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი. ეპისკოპატი, რომელსაც პატრიარქი მიტროფანე, შემდეგ კი პატრიარქი გრიგოლ მამმა ედგა სათავეში, უნიატების ხელთ იყო. არ არის ცნობილი წმ. მარკოზ ეფესელის მომხრეთა შორის იმპერატორის კართან და პატრიარქთან დაახლოებული რომელიმე ეპისკოპოსის ან მაღალჩინოსანის სახელი. ისე კი წმ. მარკოზს მრავალრიცხოვანი მხედრობა ჰყავდა – ესენი იყვნენ: მონაზვნები (უპირველეს ყოვლისა, ათონის მონაზვნობა), პრესვიტერები (მღვდლები) – ხშირად პროვინციელნი და უცნობნი, რომლებიც წყაროებში "რომელიღაც პრესვიტერებად" იხსენიებიან, აგრეთვე დიაკვნები, მცირენი ამა სოფლისა. მსურს აქ მოვიყვანო ამბავი ერთი დიაკონის სიმამაცის შესახებ, რომელმაც იმპერატორისა და ყველას წინაშე დაუფარავად წარმოაჩინა თავი ეკლესიის აღმსარებლად. ეს ჯერ კიდევ ფლორენციაში მოხდა მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა უნიას და იმპერატორმა ბრძანა პაპის სახელის დიპტიხში შეტანა ღვთისმსახურებაზე მოსახსენებლად. ერთმა დიაკონმა, სახელად ფილიპემ, უნებლიედ თვალი დაუზიანა უბოროტეს უნიატს – პროტოსვინგელოზს (სავარაუდოდ გრიგოლ მამმას); მან გაშმაგებით დასდო ბრალი, თითქოს ეს დიაკონმა განგებ ჩაიდინა. ეს უკანასკნელი არწმუნებდა, რომ უბედურება შემთხვევით მოხდა და შემდეგ სევდიანად დაუმატა: "განა შენ, მეუფეო, შეგნებულად არ ამოითხარე შენი სულიერი თვალი!", რაშიც მართლმადიდებლობისადმი ღალატს გულისხმობდა. ამაზე აუწერელი მრისხანებით აღვსილმა პროტოსვინგელოზმა იყვირა: "ეს გასწავლათ ეშმაკეულმა ეფესელმა, რომ შეურაცხყოფა მოგვაყენოთ! ასეთ ღვთისმეტყველებას გასწავლით ეფესელი?!" ფილიპემ მიუგო: "მარკოზ ეფესელი – უწმიდესი ადამიანი, აღმატებული მასწავლებელი და ღვთისმეტყველთა მწვერვალია, რომლის სიტყვებსაც თქვენ ვერ აღიქვამთ და მისი მოწაფედ ყოფნის ღირსიც არ ხართ. ამბობთ, რომ იგი ეშმაკეულია, ასე ოდესღაც იუდეველები ეუბნებოდნენ მაცხოვარს ჩვენსას, რომლის მოთმინებასაც ბაძავს მარკოზ ეფესელი". ეს დიაკონი შემდგომშიც მართლმადიდებლობის მოშურნედ დარჩა.

 

დავუბრუნდეთ ჩვენს თხრობას: დღითიდღე იზრდებოდა წმ. მარკოზის დიდება და მისდამი სიყვარული, იმავდროულად კი ძლიერდებოდა მართლმადიდებლობისგან განდგომილთა მიმართ უნდობლობა და სიძულვილი. პროფესორი ოსტროგორსკი თავის "ბიზანტიის ისტორიაში" წერს: "ფლორენციის კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს საერთოდ არ ჰქონდა რაიმე მნიშვნელობა. ბიზანტიელი ხალხი მგზნებარე ფანატიზმით ეწინააღმდეგებოდა ფერაროსა და ფლორენციის დადგენილებებს. მაშინ, როდესაც უნიის მომხრეთა შეგონებებს საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას, მარკოზ ეფესელის მხურვალე ქადაგებებს აღფრთოვანებული შეძახილებით ხვდებოდნენ". წმ. მარკოზის გავლენით ხელმომწერთაგან ბევრმა შეძრწუნებით უკუაგდო უნია. როგორც დიდი რიტორი მანუელი გვაუწყებს, წმ. მარკოზის სიტყვების ზეგავლენით იმპერატორმაც შეიგნო თავისი შეცდომა. მაგრამ განსაკუთრებით მადლმოსილი გამოდგა წმ. მარკოზის ზეგავლენა გიორგი სქოლარიოსზე, რის თაობაზეც ზედმიწევნით ვისაუბრებთ ჩვენი ნაშრომის უკანასკნელ თავში. წმ. მარკოზს თავისიანად მიიჩნევდა ათონი, რომელიც ყოველთვის მართლმადიდებლობის საყრდენს წარმოადგენდა. ათონსაც თავისად თვლიდა მღვდელმთავარი და სურდა, თავისი ცხოვრება იქ დაესრულებინა. იგი სიტყვითა თუ ეპისტოლეებით მხურვალედ იბრძოდა მართლმადიდებელი ჭეშმარიტებისათვის. მის ქადაგებებს ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ შემორჩა რამდენიმე ეპისტოლე. მათი საშუალებით დასტურდება ის წმიდა მოშურნეობა მართლმადიდებლობისადმი, რომლითაც სუნთქავდა მღვდელმთავარი; მათში, აგრეთვე, ჩანს ის დაძაბული გარემო, რომელშიც მიმდინარეობდა მისი ბრძოლა მართლმადიდებლობისათვის.

 

წმ. მარკოზის თანამედროვე, თავგამოდებული უნიატი, მეთონის ეპისკოპოსი იოსები წერს მღვდელმთავრის მოღვაწეობაზე მისი კონსტანტინოპოლში დაბრუნების შემდეგ: "კონსტანტინოპოლში დაბრუნებულმა შეძრა და სრულ დაბნეულობამდე მიიყვანა აღმოსავლეთის ეკლესია თავისი ნაწერებითა და ქადაგებებით, რომლებიც კრების წინააღმდეგ იყო მიმართული". კათოლიკე ისტორიკოსი A.Vogt წმ. მარკოზ ეფესელის ფლორენციის უნიისათვის დამანგრეველ საქმიანობაზე ასე საუბრობს: "ეს ჭკვიანი, კულტურული, მჭევრმეტყველი ადამიანი, სამწუხაროდ, ნაკლებ დამთმობი იყო (უნიის საქმეში), და თუ კრების შედეგები ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ვარაუდობდნენ როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, ეს მეტწილად უნდა მიეწეროს მის შეურიგებლობას და ცრუ შეხედულებას".

 

წმ. მარკოზ ეფესელის შესახებ ისედაც მცირერიცხოვანი წყაროები მეტად მწირ ცნობებს გვაწვდის მისი იტალიიდან დაბრუნების შემდგომ ცხოვრებაზე. მათგან ვიგებთ, რომ წმ. მარკოზი დედაქალაქში დიდხანს არ დარჩა და უკვე 15 მაისს იმპერატორისაგან ფარულად დატოვა კონსტანტინოპოლი და ეფესოს გაემგზავრა, რომელიც თურქებს ეპყრათ. კონსტანტინოპოლიდან წმ. მარკოზის გამგზავრების თარიღს გვატყობინებს სიროპულოსი თავის "ისტორიაში".

 

წმ. მარკოზს კონსტანტინოპოლიდან გამგზავრებისთვის ორი საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა: მღვდელმთავარს ქალაქი დაატოვებინა იქ არსებულმა უზომოდ რთულმა სულიერმა ატმოსფერომ და მწყემსის სიყვარულმა თავისი სამწყსოსადმი ეფესოში. კონსტანტინოპოლში უნიატები ბატონობდნენ. იმპერატორი ოფიციალურად მხარს უჭერდა უნიას და მის კარზე მუდამ იყო ვატიკანის რომელიმე წარმომადგენელი, რომელიც თვალყურს ადევნებდა ცხოვრებაში უნიის გატარებას, რაზედაც იყო დამოკიდებული ფლორენციაში პაპის მიერ იმპერატორისათვის მიცემულ დაპირებათა შესრულება. კონსტანტინოპოლის ახალარჩეული პატრიარქი მიტროფანე, რომელიც მანამდე კიზიკოსის მიტროპოლიტი იყო, თუმცა არ განეკუთვნებოდა უნიის თავგამოდებულ მომხრეებს, მაგრამ თავისი მდგომარეობითა და სულიერი განწყობით ემხრობოდა მათ და ავიწროებდა მღვდელმთავარ მარკოზს, რომელიც ამის შესახებ საუბრობს თავის წერილში მღვდელმონაზონ თეოფანესადმი, კუნძულ ევბეადან. მთელი საეკლესიო ძალაუფლება უნიატების ხელში იყო. უნიის მოწინააღმდეგენი, რომლებიც დედაქალაქში უეჭველად იქნებოდნენ, მაინც ერიდებოდნენ, არ შეეძლოთ ან საერთოდ ვერ ბედავდნენ გამოჩენას. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გამორჩენის მიზნით უნიის მიმდევრებად აცხადებდნენ თავს, ან უკეთეს შემთხვევაში დუმდნენ და მისდამი მტრობას არ გამოხატავდნენ. წმ. მარკოზი კონსტანტინოპოლში მართლმადიდებლობისათვის ისეთივე (თუ უფრო მეტად არა) მარტოსული მებრძოლი აღმოჩნდა, როგორც იტალიაში. დედაქალაქში ყოფნისას იგი გრძნობდა, რომ არ ჰქონდა საშუალება თავის ირგვლივ შემოეკრიბა მართლმადიდებლობისადმი მოშურნენი და უფრო ფართოდ გაეშალა ბრძოლა. მეორე მხრივ, მხურვალე სიყვარულმა ეფესოს სამწყსოსადმი, რომლებიც ახლა უსახლკარონი და გატანჯულნი, მწყემსის გარეშე დარჩენილნი, თურქთა ბატონობის ქვეშ იყვნენ, უბიძგა წმ. მარკოზს, დაეტოვებინა კონსტანტინოპოლის უსაფრთხოება და ეცადა ეფესოში შეღწევა. ეს იყო მწყემსის მხრიდან სამსხვერპლო სიყვარულის მწვერვალი, რაც ცოტას თუ ძალუძს. ისტორიიდან ვიცით, რომ ზოგი, თავად ბიზანტიის ტერიტორიაზე მყოფი იერარქი, რომლის სამწყსოც თურქებს ჩაუვარდათ ხელში, დიდად თანაუგრძნობდა თავის მრევლს და უგზავნიდა ენციკლურ ეპისტოლეებს, სადაც მოყვანილი იყო მაგალითები წმიდა წერილიდან. წმ. მარკოზის, როგორც მწყემსის, სიყვარული გაცილებით შორს წავიდა.

 

მაგრამ მივმართოთ ჩვენს ხელთ არსებულ წყაროებს, მანამ წმ. მარკოზ ეფესელის ცხოვრების აღწერას გავაგრძელებდეთ. იოანე ევგენიკოსი თავის სვინაქსარში გვაუწყებს: "რამდენიმე ხანს კონსტანტინოპოლში ყოფნის შემდეგ, იგი (წმ. მარკოზი) გემით გაემგზავრა თავისი სამწყსოსაკენ, თავი აარიდა შფოთს, რათა უწმიდურთა ხელში, როგორც მგლებს შორის, მყოფი თავისი შვილები – ქრისტიანები დაეცვა, როგორც მწყემსს კეთილს, რომელიც სულს მისცემს თავის ცხოვართათვის, მსგავსად ჭეშმარიტი და პირველი მწყემსისა". ზემონახსენებ მღვდელმონაზონ თეოფანესადმი თავის წერილში წმ. მარკოზი წერს: "იცოდე, რომ კონსტანტინოპოლში ჩვენი ჩასვლისთანავე, როდესაც საპატრიარქო ტახტზე ავიდა ერთ-ერთი ხელმომწერთაგანი (უნიისა), ლათინთა მაამებელი და ჩვენი მაჭირვებელი, მე იძულებული შევიქენი გავმგზავრებულიყავი ჩემს ეკლესიაში (ანუ ეფესოში)".

 

ეფესოში ჩასულმა წმ. მარკოზმა თავი მთლიანად მიუძღვნა იავარქმნილი ეპარქიის საქმეებს: ნახულობდა ეკლესიებს, აფუძნებდა მათ, აბრუნებდა სარწმუნოებისგან განდგომილთ, ხელს ასხამდა მღვდლებს, იყო უპოვართა მეოხი მმართველთა წინაშე. ეს შრომა მეტად მძიმე იყო მღვდელმთავრისათვის, რომლის სნეულება მნიშვნელოვნად გამწვავდა. ასე მოგვითხრობს იოანე ევგენიკოსი წმ. მარკოზის ცხოვრების ამ პერიოდზე და მღვდელმთავრის კონსტანტინოპოლიდან გამგზავრების მიზეზთა შესახებ. შემდეგ განაგრძობს: "საქმიანად შემოივლიდა ხოლმე დიდი იოანე მახარებლისა და ღვთისმეტყველის მთელს სამკვიდრებელს. ამას ხანგრძლივი პერიოდები, შრომა და ჯაფა სჭირდებოდა. ხორცით სნეული ნახულობდა ხელყოფილ წმიდა ტაძრებს, განსაკუთრებით ზრუნავდა მიტროპოლიის ტაძარზე (მასთან მიმდებარე ნაგებობებით), ხელს ასხამდა მღვდლებს, ეხმარებოდა უსამართლოდ შეჭირვებულთ – იქნებოდა ეს უკეთურთაგან დევნის გამო თუ ცდუნების მიზეზით, იცავდა ქვრივ-ობლებს, კიცხავდა, სასჯელს ადებდა, ანუგეშებდა, არიგებდა, სარწმუნოებაზე მოაქცევდა, ამხნევებდა, იგი, ღვთაებრივი მოციქულივით, იყო ყველაფერი ყოველთათვის".

 

შემდეგ იოანე ევგენიკოსის სვინაქსარი გვამცნობს, რომ მღვდელმთავარმა საკმაოდ შესწირა თავი სამწყსოს საქმეებს, და რადგანაც იგი მუდამ ისწრაფოდა, ეცხოვრა სანუკვარ მდუმარებაში, "განიზრახა აღმოსავლეთიდან გადასულიყო ეგეოსის ზღვის მეორე მხარეს, ათონის წმიდა მთაზე, რათა იქ, განმარტოებულ ადგილას, დაესრულებინა დარჩენილი სიცოცხლე". მაგრამ იყო სხვა მიზეზიც, რის გამოც წმ. მარკოზმა საჭიროდ ჩათვალა ეფესოს დატოვება. ამაზე იგი საუბრობს თავის წერილში მღვდელმონაზონ თეოფანესადმი: "იქ (ეფესოში) საერთოდ ვერ ვპოვე სიმშვიდე, მძიმედ ვიავადმყოფე და ვიტანდი უწმიდურთაგან განსაცდელებს; თავს მესხმოდნენ იმ მიზეზით, რომ მათ ხელისუფალთაგან ნებართვა არ მქონდა. იქიდან წამოვედი, რათა წმიდა მთაზე გავემგზავრო". იოანე ევგენიკოსის სვინაქსარის თანახმად, "როდესაც გემი, რომელსაც მღვდელმთავარი მიჰყავდა, მიადგა კუნძულ ლიმნოსს, ერთ-ერთს იმ რამდენიმე კუნძულიდან, რომლებსაც ჯერ კიდევ ბიზანტია ფლობდა, იგი იცნო ხელისუფლებამ, იმპერატორის უკვე არსებული განკარგულების თანახმად დააპატიმრეს და ციხეში ჩაამწყვდიეს. პატიმრობაში გატარებული ორი წელიწადი წმ. მარკოზისათვის მეტად მძიმე იყო; იტანჯებოდა მკაცრი კლიმატის, მრავალი სნეულებისა თუ შეჭირვებისაგან, აგრეთვე კუნძულზე თურქული ფლოტის შეტევის გამო. წმ. მარკოზის პატიმრობაზე იოანე ევგენიკოსი წერს: "აქ ვის არ განაცვიფრებდა, და სამართლიანადაც, ან ვინ არ აღიარებდა იმ დიდსულოვნებასა და გამძლეობას, რომელიც მან განსაცდელთა დროს გვიჩვენა: მზით გადამწვარ მხარეში გატანჯული ებრძოდა ყველაზე აუცილებლის უქონლობას; ერთიმეორის მიყოლებით მოძალებული სნეულებებით გაწამებული მძიმე პატიმრობას უძლებდა მაშინ, როცა კუნძულს გარეს შემოერტყა და ანგრევდა უწმიდურ ისმაელიტთა ფლოტი. მან უბრალოდ გვიჩვენა მაგალითი ამგვარ განსაცდელთა დათმენისა ორი წლის განმავლობაში". რაც შეეხება კუნძულის ალყას თურქეთის ფლოტის მიერ, იოანე ევგენიკოსი უფრო ზედმიწევნით სვინაქსარში (დაბეჭდილი S.Petrides-ის მიერ) მოგვითხრობს, რომ ლიმნოსის კუნძულის მცხოვრებლები, თურქული ფლოტის მიერ გარშემორტყმულნი, თავიანთ მოულოდნელ ხსნას მიაწერდნენ წმ. მარკოზის ლოცვებს, რადგან მათი გადარჩენა იმ ადგილიდან (მუნდროსის ციხესიმაგრე) დაიწყო, სადაც წმ. მღვდელმთავარი იყო დატუსაღებული.

 

1440 წლის დასასრულს თუ 1441 წლის დასაწყისში ათონის ვატოპედის მონასტრის იღუმენისადმი მიწერილ ეპისტოლეში წმ. მარკოზი ახსენებს მცირე, მაგრამ მისთვის დიდ ნუგეშს, რომელიც შეჭირვების ჟამს მიეცა: რამდენიმე ათონელმა ძმამ, რომლებიც გავლით იყვნენ, სცადა, ენუგეშებინა და გაემხნევებინა იგი, რითაც შეეძლოთ. სავარაუდოდ, ეს ერთადერთი ნათელი მომენტი იყო წმ. მარკოზის ცხოვრებაში მისი ლიმნოსზე განდევნის დროს. აღნიშნულ ეპისტოლეში იგი წერს: "დიდი ნუგეში ვპოვე თქვენი აქ მყოფი ძმებისგან, უპატიოსნესი ეკლესიარქისა, დიდი იკონომოსისა და სხვათაგან, რომელნიც თქვენი სიყვარულისა და მართლმორწმუნეობის განსულიერებულ ხატებად მესახებოდნენ. ისინი სტუმართმოყვარენი იყვნენ, მამშვიდებდნენ და მამხნევებდნენ. დაე, უბოძოს მათ უფალმა ჯილდო, საკადრისი მათი შრომისა და სიყვარულისა"!

 

ამდენი უბედურების მიუხედავად, წმ. მღვდელმთავარი მართლმადიდებლობისთვის ბრძოლის წყურვილით იყო ანთებული. პირადი შეგონებებითა და უფრო მეტად კი პატიმრობის დროს დაწერილი თავისი ეპისტოლეების საშუალებით იგი არიგებდა მორწმუნეებს, მტკიცედ დაეცვათ მართლმადიდებლობა და უხაროდა, როდესაც რწმენაში მათ სიმტკიცეს დაინახავდა. მის წერილში ხსენებულ მღვდელმონაზონ თეოფანესადმი ვკითხულობთ: "ამრიგად, ჰალიპოლთან გადავცურეთ ზღვა; ლიმნოსთან გავლისას დამაპატიმრეს და დამამწყვდიეს იმპერატორის ბრძანებით. მაგრამ შეუძლებელია შებოჭო სიტყვა ღვთისა და ძალი ჭეშმარიტებისა – ისინი უფრო მძლავრად გადმოდინდებიან და გაიფურჩქნებიან. ჩემი გადასახლებით გამხნევებულმა მრავალმა მოძმემ შეარცხვინა უსჯულონი და მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და წმ. მამათა წესების მოწინააღმდეგენი – განდევნა ყველგან, როგორც ნაგავი. არც თანამწირველებად უშვებენ მათ და საერთოდაც არ იხსენიებენ, როგორც ქრისტიანებს". წმ. მარკოზმა იცოდა, რომ მოწამეთა სისხლზე იგება ეკლესია და მზად იყო, სიცოცხლე გაეღო ჭეშმარიტების განსამტკიცებლად. ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში იგი წერს: "რომ არ ყოფილიყო დევნა, არც მოწამენი გაბრწყინდებოდნენ, არც აღმსარებელნი დაიდგამდნენ ქრისტესგან გამარჯვების გვირგვინს და თავიანთი ღვაწლით არ განამტკიცებდნენ და გაახარებდნენ მართლმადიდებელ ეკლესიას". – ასე დაწერა, თავისი ცხოვრებით კი ხელი მოაწერა!

 

როგორც უკვე ვთქვით, წმ. მღვდელმთავარმა პატიმრობაში ორი წელი გაატარა – 1440 წ. აგვისტოდან 1442 წ. აგვისტომდე (ან ოქტომბრამდე). იგი გაათავისუფლეს იმპერატორის ბრძანებით, შვიდი წმ. ეფესელი ყრმის ხსენების დღეს, რომელთაც სამადლობელი აღუვლინა ამ შემთხვევისათვის დაწერილ ლექსში. მათი ხსენება აღინიშნება 4 აგვისტოს და 22 ოქტომბერს, ასე რომ, ამის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ წმ. მარკოზის საპყრობილედან გათავისუფლების თარიღი.

 

როგორც იოანე ევგენიკოსი წერს თავის სვინაქსარში, წმ. მარკოზმა ათონზე გამგზავარება გადაწყვიტა, მაგრამ რადგანაც მასთან მიახლოება ვერაფრით მოახერხა, გაჭირვებით დაბრუნდა კონსტანტინოპოლში და იქ გაატარა სიცოცხლის ორი უკანასკნელი წელი, რამეთუ საღვთო განგებულებამ განუჩინა, ყოფილიყო მართლმადიდებლობისათვის მებრძოლი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

 

წმ. მარკოზის იტალიიდან დაბრუნების შემდგომ ცხოვრებაზე საუბრისას გიორგი სქოლარიოსი ფრიად მოკლე და ბუნდოვანი გამოთქმებით იხსენებს ზემომოყვანილ მოვლენებს. იგი მარკოზ მღვდელმთავარზე ამბობს: "მან თავი წარმოაჩინა, როგორც მღვდელმა; სარწმუნოებაში ცვლილებათა წინააღმდეგ ბრძოლაში ალმასზე მტკიცე აღმოჩნდა... ყველაზე მძიმე დროსაც კი მუდამ ზრუნავდა თავის სამწყსოზე; თავისუფალ წუთებშიც არ ეძლეოდა ტკბილ განსვენებას; ებრძოდა სხვადასხვაგვარ ეშმაკისეულ განსაცდელებს, უფრო ხშირად კი ადამიანთა ხრიკებს. ყველაფერს მოთმინებით იტანდა და წმ. მამათა მაგალითს ბაძავდა. უფრო მეტადაც დაიტანჯებოდა, მისთვის დახმარების ხელი მასზე გულშემატკივარ მონარქს რომ არ გაეწვდინა, რომელსაც სხვებზე მეტად აოცებდა ამ წმიდა ადამიანის სათნოება და სიბრძნე". ამრიგად, გიორგი სქოლარიოსი საუბრობს წმ. მარკოზის ბრძოლაზე მართლმადიდებლობისათვის, მის მოღვაწეობაზე ეფესოში, მის სნეულებებზე ("ეშმაკისეული განსაცდელები"), ადამიანთა ხრიკებზე და დასასრულ ახსენებს, რომ იმპერატორმა მას "დახმარების ხელი გაუწოდა", ანუ, როგორც ვფიქრობთ, განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ მღვდელმთავარი და მიეცათ მისთვის საშუალება, წასულიყო სადაც მოისურვებდა. 

 

... 

 

იმპერატორის განკარგულებით პატიმრობიდან გათავისუფლებული წმ. მარკოზ ეფესელი გაჭირვებით დაბრუნდა კონსტანტინოპოლში 1442 წლის დასასრულს.

 

მთელი მართლმადიდებლური სამყროსათვის უკვე ცნობილი გახდა მისი ბრძოლა სარწმუნოებისათვის; თავისი აღმსარებლობის ძალით იგი სარწმუნოების სახელგანთქმული გმირი იყო. ამის შესახებ ასე ამბობს იოანე ევგენიკოსი თავის სვინაქსარში: "რადგანაც საერთოდ შეუძლებელი იყო ათონთან მიახლოება, მოწამე დევნილობიდან სამშობლოში გაჭირვებით დაბრუნდა უკვე როგორც სრულიად ახალი აღმსარებელი, ყველასგან პატივგებული და სამართლიანად სახელგანთქმული, რომლის წინაშე ყველა ქედს იხრიდა". მაგრამ იმ დროისათვის იგი ღრმად სნეული და გატანჯული ადამიანი იყო. სასიკვდილო სენი უსწრაფებდა სიცოცხლეს და უახლოვებდა აღსასრულს, რათა მამაცური ბრძოლისა და აღმსარებლობისათვის მარადიული ნეტარება და გვირგვინი მიეღო. სხეულით ცოცხალ-მკვდარმა სულით ბოლომდე გააგრძელა თავისი მგზნებარე ბრძოლა "მართლმადიდებლობის გამარჯვებისათვის". როგორ განვლო წმ. მარკოზის ცხოვრების ამ უკანასკნელმა ერთნახევარმა თუ ორმა წელიწადმა, წყაროები არაფერს გვამცნობენ. თუ ამ პერიოდში დაიწერა მისი ეპისტოლე მღვდელმონაზონ თეოფანესადმი (კუნძულ ევბეადან), მაშინ აშკარა ხდება, რომ წმ. მარკოზის ცხოვრებამ განვლო განუწყვეტელ ტანჯვასა და დევნაში უნიის მხარდამჭერთა მხრიდან; აგრეთვე დაუღალავ ბრძოლაში ჭეშმარიტებისა და მართლმადიდებლობისგან ამა თუ იმ მიზეზით განდგომილი სულებისთვის. ეს სხვა წყაროებიდანაც ჩანს. მაგალითად, დიდი რიტორი მანუელი ამბობს, რომ წმ. მარკოზმა დიდად იღვაწა კონსტანტინოპოლში და მრავალი მოაბრუნა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში.

 

რიგი ფაქტებისა ადასტურებს, რომ წმ. მარკოზი აითვალწუნეს ამა სოფლის ძლიერებმა მისი განუხრელი დამოკიდებულებისათვის უნიისადმი. ჯერ ერთი, ვიცით, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი, გრიგოლ მამმა, რომელიც წმ. მარკოზის ცხოვრების ორი უკანასკნელი წლის განმავლობაში თავგამოდებული უნიატი იყო და მთელი ძალითა და მონდომებით იბრძოდა უნიისთვის (იგი იმავდროულად შეიძლება წმ. მარკოზ ეფესელის პირად მოწინააღმდეგედაც ჩავთვალოთ), ფლორენციის კრების დროს ლანძღავდა მღვდელმთავრის სახელს; მასვე ეკუთვნის წმ. მარკოზ ეფესელის სარწმუნოების აღსარებისა და ენციკლური ეპისტოლეს "უარყოფა". მეორე, როგორც ვხედავთ, წმ. მარკოზის გარდაცვალებისას მის გვერდით არ იმყოფებოდა სამეფო კარის ერთი წარმომადგენელიც კი, არც რომელიმე მაღალჩინოსანი, მისი სულიერი შვილის – წარჩინებული გიორგი სქოლარიოსის გარდა. ამ დროს კონსტანტინოპოლში უნიატები ბატონობდნენ. პატრიარქი, როგორც აღვნიშნეთ, თავგამოდებული უნიატი იყო. საპატრიარქოს ეპისკოპოსები ან მას ბაძავდნენ (როგორც მაგ., ის ათენელი მიტროპოლიტი, რომლის შესახებაც ლაპარაკობს წმ. მარკოზი თავის ეპისტოლეში მღვდელმონაზონ თეოფანესადმი კუნძულ ევბეადან, ან მეთონის ეპისკოპოსი იოსები), ან შეშინებული, გულგრილი მონაწილენი იყვნენ უნიისა. ამ პერიოდში კონსტანტინოპოლში მართლმადიდებლობას ცოტანი თუ იცავდნენ აშკარად.

 

მაგრამ მღვდელმთავარს შეეძლო ენუგეშებინა თავი, რადგან უკვე გამოჩნდა გამარჯვების ცხადი ნიშნები იმ გიგანტურ ბრძოლაში, რომელსაც იგი მთელი თავისი სახელოვანი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა.

 

უეჭველია, მან იცოდა და უხაროდა, რომ რუსეთის დიდმა ეკლესიამ შეინარჩუნა მართლმადიდებლობა და განდევნა ქვეყნის საზღვრებიდან მიტროპოლიტი ისიდორე. შესაძლოა სამაგალითოდ იგი მიუთითებდა კიდეც რუსეთზე და ლოცულობდა ამ შორეული, მაგრამ გულით მახლობელი მართლმადიდებლობის დამცველი ქვეყნისათვის. ცნობილია, რომ წმ. მარკოზი მხარს უჭერდა მართლმადიდებლობის ყოველ დამცველს, ლოცულობდა მათზე, უყვარდა ისინი; იმავდროულად იცოდა, თუ სულიერად როგორ უცხონი იყვნენ მისთვის მართლმორწმუნეობას განდგომილნი და მოღალატენი, რომლებიც მასში სამართლიან რისხვას იწვევდნენ. როდესაც რუსეთიდან ისიდორესთან ერთად იტალიაში კრებაზე ჩასულმა რუსეთის დელეგაციის ზოგმა წევრმა ფლორენციიდან ფარულად გაქცევა გადაწყვიტა (რადგან ხედავდნენ, თუ საით მიჰყავდა ისინი უნიას), წმ. მარკოზმა დალოცა ისინი. მოგვყავს ნაწყვეტი აბრაამ ნოროვის წიგნიდან "მოგზაურობა აპოკალიპსისში ნახსენები შვიდი ეკლესიისკენ": "წმ. სერგის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ ვინმე რუსი პრესვიტერი სიმეონი, ისიდორეს თანმხლები, არ დათანხმდა, ლათინიზმს დამორჩილებოდა, ამიტომ დიდად დაიტანჯა ამისთვის. იგი ტვერელ დესპან თომასთან ერთად გაიქცა რუსეთში. თავისი ძნელბედობითა და ხიფათით სავსე გზაზე ერთხელ პრესვიტერმა სიმეონმა ძილში ბერი იხილა, რომელმაც ხელი მოჰკიდა და უთხრა: "დაგლოცა თუ არა მოციქულთა კვალზე შემდგარმა მარკოზმა, ეფესოს ეპისკოპოსმა?" მან უპასუხა: "დიახ, ვიხილე ეს საოცარი და მედგარი ადამიანი და მან დამლოცა". მაშინ გამოცხადებულმა განაგრძო: "კურთხეულია ღვთისგან ეს ადამიანი იმიტომ, რომ ლათინთა ამაო კრებიდან ვერავინ შესძლო მისი დაყოლიება საჩუქრით, ალერსითა თუ წამების მუქარით. შენ იხილე ეს, არ მიიდრიკე ცდუნებისაკენ და ამისთვის იტანჯე. იქადაგე წმ. მარკოზისგან შენთვის გადმოცემული სწავლება, სადაც მიხვალ, ყველა მართლმადიდებელთან, რომლებიც იცავენ წმ. მოციქულთა და შვიდი კრების წმ. მამათა გადმოცემებს. დაე, ჭეშმარიტად გონიერი განეშოროს ამას (უნიას)". ის ბერი, ვინც განსაცდელში ჩავარდნილ სიმეონს გამოეცხადა, იყო ღმრთივსათნო წმ. სერგი, რადონეჟელი სასწაულთმოქმედი..."

 

ალბათ წმ. მარკოზს ანუგეშებდა შეგრძნება, რომ იგი ახლა მარტო აღარ იყო ბრძოლაში. მაგალითად, 1442 წელს იერუსალიმის კრებაზე ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქებმა, რომელთა წარმომადგენლებმა მათი სახელით მოაწერეს ხელი უნიას, გადაჭრით დაგმეს იგი და ფლორენციის კრებას (რომელიც ამაყად ატარებდა "წმიდა მსოფლიო კრების" სახელს) უწოდეს "ბინძური, ანტიკანონიკური და ტირანული კრება" და თან განაცხადეს, რომ არ ცნობენ კონსტანტინოპოლის უნიატი პატრიარქის – მიტროფანეს დანიშნულებს, რომლებთანაც კანონიკური ერთობა გაწყვიტეს. მათვე იმპერატორ იოანე პალეოლოგს განუცხადეს, რომ თუ არ განუდგებოდა "უცხო ქვეყნის" დოგმატებს, მას განკვეთავდნენ ეკლესიიდან. ცხადია, ეს იყო დარტყმა უნიის საქმეზე.

 

გარდა ამისა, წმ. მარკოზი ხედავდა, რომ უნიას ბიზანტიაში არ იღებდა არც სამღვდელოება, არც მონაზვნობა და არც უბრალო ხალხი, ამიტომაც დაწერა ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში: "საღვთო მადლითა და ძალით სადაცაა დაიშლება ფსევდო-უნია". წმ. მარკოზის სიტყვები წინასწარმეტყველური იყო, თუმცა იგი ვერ მოესწრო დროს, როდესაც თავად კონსტანტინოპოლში უკუაგდო უნია მართლმადიდებელმა ეკლესიამ. ეს მოხდა ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის, კონსტანტინე IX დროს, 1450 წელს, კრებაზე წმ. სოფიას ტაძარში. აღმოსავლეთის სამი პატრიარქის თანდასწრებით ჩამოაგდეს კონსტანტინოპოლის უნიატი პატრიარქი გრიგოლ მამმა; ბესარიონსა და მის თანაშემწეებს მოღალატეები უწოდეს, ხოლო წმ. მღვდელმთავარ მარკოზის ხსოვნა უდიდესი ქებით შეამკეს. ამ კრებაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდათ ლათინთა დოგმატებისა და წეს-ჩვეულებათა წინააღმდეგ გამომსვლელ პირებს (რომელნიც უშუალოდ იყვნენ დაკავშირებულნი წმ. მარკოზთან და მისი სიკვდილის შემდეგაც აგრძელებდნენ ბრძოლას მართლმადიდებლობისათვის): მის მასწავლებელს – ბერ ჰემისტოს პლიფონს და ორ მოწაფეს – მონაზვნებს, გენადის (ერში ცნობილ გიორგი სქოლარიოსს) და ამირუთიოსს. ამ კრებაზე ფლორენციის კრება ანათემას გადასცეს. 1453 წელს კონსტანტინოპოლი დაეცა და ბიზანტიის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა, მაგრამ ისტორიიდან გაქრობამდე უარყო სამარცხვინო უნია, შეინარჩუნა მართლმადიდებლობისადმი ერთგულება და პატივი მიაგო მისთვის მებრძოლის, წმ. მარკოზ ეფესელი მიტროპოლიტის ხსოვნას.

 

კონსტანტინოპოლის მომდევნო პატრიარქები მართლმადიდებლობის დამცველნი იყვნენ. ამრიგად, ფლორენციის უნიამ ძალიან მცირე ხნით იარსება.

 

წმ. მარკოზისთვის სანუგეშო იყო იმის დანახვა, თუ როგორ უბრუნდებოდნენ მისი მადლმოსილი ზეგავლენით ადამიანები მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს. დიდი რიტორი მანუელი გადმოგვცემს, რომ წმ. მარკოზის წყალობით მრავალთ შეიგნეს თავიანთი შეცდომა უნიით გატაცებისა, განსაკუთრებით გამოჰყოფს მათგან იმპერატორ იოანე პალეოლოგს და გიორგი სქოლარიოსს. იმის შესახებ, რომ იმპერატორი მიხვდა თავის შეცდომას, ვკითხულობთ წმ. მარკოზის ეპისტოლეში მღვდელმონაზონ თეოფანესადმი კუნძულ ევბეადან: "იმპერატორი დაუფარავად ამბობს, რომ ინანიებს მომხდარს და ბრალს სდებს მათ, ვინც დამორჩილდა და უნიაზე ხელი მოაწერა". წმ. მარკოზის ცხოვრების უკანასკნელ წლებზე საუბრისას დიდი რიტორი მანუელი გადმოგვცემს: "აქ (ე.ი. კონსტანტინოპოლში) მან მდაუღალავად იღვაწა და შეცდენილთაგან ერთნი ისევ მოაქცია, მათ შორის თავად მარად სახსენებელი მეფეც იყო. დანარჩენებს სხვადასხვა საშუალებებით მოუწოდებდა, უწინდელ ჯანსაღ დოგმატებს დაბრუნებოდნენ, მათ შორის გენადისაც (ერისკაცობაში – გიორგი სქოლარიოსი) – ჭეშმარიტად ბრძენთაბრძენსა და უწმიდესს, რომელმაც დიდად გაითქვა სახელი გონიერებითა და სათნოებებით. იგი მოგვიანებით საღვთო არჩევანით პატრიარქი გახდა. წმ. მარკოზმა თავის შემდგომ (მისი სახით) დატოვა მართლმორწმუნეობის მემკვიდრე, ღვთისმეტყველების მართალი დოგმატებისთვის მებრძოლი და მათი მედგარი დამცველი. სამი წლის შემდეგ წმ. მღვდელმთავარი მიეახლა უფალს და ქრისტეს ეკლესიას დაუტოვა მრავალი თხზულება, ყველა მადლითა და მაღალი ღვთისმეტყველებით აღვსილი".

 

ამრიგად, თუ დავუბრუნდებით წმ. მარკოზის ცხოვრების თანმიმდევრულ გადმოცემას, დავინახავთ, რომ მისი სიცოცხლის ერთნახევარმა-ორმა უკანასკნელმა წელმა, რომელიც მან გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გაატარა კონსტანტინოპოლში, განვლო მართლმადიდებლობისა და შეცდენილთა სულებისათვის განუწყვეტელ ბრძოლაში: "ჩაკლული სულები, რწმენის საიდუმლოს მიმართ შემცდარნი" – ამბობდა წმ. მარკოზი. საშუალება გვეძლევა დავასკვნათ, რომ სიცოცხლის ამ ორი წლის განმავლობაში მუდმივად დევნიდნენ მას მართლმადიდებლობის მტრები, რომლებიც მეტად ძლიერნი იყვნენ და ეკლესიასა და სახელმწიფოში საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავათ. რაც შეეხება იმპერატორს, მან, სავარაუდოდ, შეიგნო უნიის დადების მცდარობა (თუმცა ამას რაიმე შედეგი არ მოუტანია და მას რომთან უნია არ გაუწყვეტია), ეს მხოლოდ იმით გამოიხატა, რომ იმპერატორმა არ დაუშვა წმ. მარკოზის მეტისმეტად დევნა. გავიმეორებთ გიორგი სქოლარიოსის ზემომოყვანილ სიტყვებს წმ. მარკოზის ცხოვრების უკანასკნელი წლების შესახებ: "უფრო მეტადაც დაიტანჯებოდა, მისთვის დახმარების ხელი მასზე გულშემატკივარ მონარქს რომ არ გაეწვდინა, რომელსაც სხვებზე მეტად აოცებდა ამ ადამიანის სათნოება და სიბრძნე".

 

მღვდელმთავრის ცხოვრების ორი უკანასკნელი წელიწადი იყო დრო მართლმადიდებლობაზე ჩამოწოლილი შავბნელი ღამისა (როგორც წმ. მარკოზი სწერდა გიორგი სქოლარიოსს: "მათ მიერ დადებულ უნიას დღევანდლამდე ბნელეთით მოუცავს ეკლესია"), თუმცა სახეზე იყო განთიადის ნიშნებიც. მღვდელმთავარმა იცოდა, რომ ბრძოლა, რომელსაც იგი ედგა სათავეში, გამარჯვებით დასრულდებოდა, რამეთუ ეს იყო ბრძოლა ჭეშმარიტებისათვის, რომელიც დაუმარცხებელია! თუმცა ისიც უწყოდა, რომ გამარჯვება თავისით არ მოვიდოდა, მართლმადიდებლობისთვის კიდევ საჭირო იყო უდიდესი გარჯა, დაძაბული შრომა, ჩაუქრობელი წვა და ისევ ხანგრძლივი და სახიფათო ბრძოლა. იგი – მეომართა წინამძღოლი, მხედართმთავარი ბრძოლისა, ძლივსღა დადიოდა სნეულებით დაუძლურებული და ხალხის ხრიკებით გაწამებული. მაგრამ ძალა უფლისა უძლურებაში აღესრულება! 

 

... 

 

წმ. მღვდელმთავრის აღსასრულის შესახებ უფრო მეტი ცნობები გვაქვს, ვიდრე მისი ცხოვრების ორ უკანასკნელ წელიწადზე.

 

მართლმადიდებლობისათვის დიდსა და მძიმე ბრძოლას, რომელშიც იგი მარტო იყო, სახელმწიფოსა და ეკლესიის მხრიდან დევნა-შევიწროვებას და, რაც მთავარია, მის წვას, განუწყვეტელ დარდს ეკლესიაზე – ყოველივე ამას შეუძლებელია დამღუპველად არ ემოქმედა მღვდელმთავრის სუსტ და უძლურ სხეულზე, რომელში დავანებული სულიც თავისი ღვთისადმი მოშურნეობით ილია წინასწარმეტყველის სულს ემსგავსებოდა, ხოლო ყველა ეკლესიაზე ზრუნვით ეფესოს ეკლესიის დიდი დამფუძნებლის, პავლე მოციქულის სულს. ეს მგზნებარე სული კიბოს სასიკვდილო სენთან უთანასწორო ბრძოლით, ღვაწლითა და საღვთისმეტყველო შრომით გადაქანცულ სხეულში მკვიდრობდა. წმ. მარკოზი უკვე ფლორენციის კრებაზე იყო მძიმედ ავად, მის შემდეგ კი საბოლოოდ გატყდა და გაიტანჯა. გადასახლებიდან დაბრუნებულს დიდხანს არ უცოცხლია. მისი აღსასრული დადგა 23 ივნისს, როგორც იოანე ევგენიკოსი გვაცნობებს თავის სვინაქსარში მღვდელმთავრისადმი. მისი აღსასრულის წელი, სარწმუნო მტკიცებულებათა თანახმად, უნდა ყოფილიყო 1444. უმართებულოდ ამტკიცებენ ჩერნიგოვის ეპისკოპოსი ფილარეტი და ა. ნოროვი, თითქოს წმ. მარკოზი გაცილებით უფრო გვიან გარდაიცვალა. პირველი ასახელებს 1452 წ., მეორე კი წერს, რომ წმ. მარკოზი კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ აღესრულა. მათი შეხედულებანი დაუსაბუთებელია და მცდარი.

 

წმ. მარკოზი გარდაიცვალა 52 წლის ასაკში. მისი აღსასრულის შესახებ ასე გვიამბობს გიორგი სქოლარიოსი: "ჩვენს მწუხარებას კიდევ უფრო აღრმავებს ის, რომ იგი მკლავებიდან გამოგვგლიჯეს მანამდე, სანამ მოხუცდებოდა თავის მიერ შეძენილ სათნოებებში, სანამ ამ წარმავალ ცხოვრებაში შეძლებისამებრ გულს ვიჯერებდით მასთან ყოფნით! მანკიერება და ვერაგობა უკვე უძლური იყო შეერყია მისი გონება, შეეცდინა მისი სული, იმდენად ძლიერ იყო იგი გაჯერებული და გამოწრთობილი სათნოებებით! ცის თაღიც რომ დამხობოდა, არც მაშინ შეიძვრებოდა ამ ადამიანის სიმართლე. ვერანაირი გამოცდა ვერ დაქანცავდა, ვერ აუმღვრევდა სულს, ვერ მოუდუნებდა გონებას". იოანე ევგენიკოსი თავისი ძმის აღსასრულის შესახებ მოგვითხრობს: "ამრიგად, ახალგაზრდობიდან საღვთო სქემამდე ღვთისმოყვარებით იცხოვრა და ყველაფერში ნათლად წარმოჩინდა: თვით წმიდა სქემაში, სამღვდელო მსახურების ხარისხებსა და ეპისკოპოსის პატივში, მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მსჯელობაში, კეთილმსახურ და უშიშარ აღმსარებლობაში; მიაღწია ხორციელი ასაკის 52 წელს და ივნისის თვის 23-ე დღეს სიხარულით წარუდგა მას, ვისთანაც, პავლეს მსგავსად, სურდა განსლვა და ყოფნა, ვინც განადიდა კეთილი საქმეებით, ვის შესახებაც მართლად ღვთისმეტყველებდა, ვისაც სათნოეყო მთელი ცხოვრების მანძილზე". მღვდელმთავარმა 14 დღე მტანჯველ აგონიაში გაატარა. იოანე ევგენიკოსი თავის უფრო ვრცელ სვინაქსარში მოგვითხრობს ამ ამბავსა და მის გამომწვევ შინაგან მიზეზებზე (გამოცემულია S.Petrides-ის მიერ): "თოთხმეტი დღე იავადმყოფა. როგორც თავად ამბობდა, სნეულება მასზე ისე მოქმედებდა, როგორც წამების რკინის იარაღები, რომლებსაც ჯალათები იყენებენ ხოლმე წმიდა მოწამეთა მიმართ. მათ (წამების იარაღს) შემოარტყამდნენ ხოლომე ნეკნებსა და მუცელზე, მოუჭერდნენ და ტოვებდნენ ასეთ მდგომარეობაში, რაც სრულიად გაუსაძლის ტკივილს იწვევდა. თითქოს ის, რისი გაკეთებაც ვერ შეძლეს ადამიანებმა წმიდა და მრავალტანჯული სხეულისთვის, აღასრულა სნეულებამ განგების გამოუთქმელი მსჯავრით, რათა წმ. მარკოზი წარმდგარიყო ღვთის წინაშე, როგორც ჭეშმარიტების აღმსარებელი და მრავალტანჯული, ყველა შესაძლო წამებაზე გამარჯვებული და გვირგვინოსანი; რათა დაეძლია ყოველგვარი უბედურება (უკანასკნელ ამოსუნთქვამდეც კი) და ამის წყალობით, როგორც ღუმელში ნაცად ოქროს, კიდევ მეტი საუკუნო პატივი და ჯილდო მიეღო მართალი მსაჯულისაგან".

 

თუმცა აგონია უკიდურესად მტანჯველი იყო, თავად აღსასრული იოლად დადგა და წმ. მღვდელმთავარმა სიხარულით მიაბარა ღმერთს თავისი ნეტარი და ნათელი სული. იოანე ევგენიკოსი თავის სვინაქსარში გადმოგვცემს: "აღსასრულის წინ მრავალი დარიგება მოგვცა და იქ მყოფთ მამობრივად დაგვიბარა, გვეზრუნა ეკლესიასა და ჩვენს მართლმორწმუნეობაზე, დაუფარავად დაგვეცვა ეკლესიის მართალი დოგმატები, განვდგომოდით სიახლეებს. ამას სიხარულით დაურთო უკანასკნელი სიტყვები: "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისა ცხოველისაო, შენს ხელთ შევვედრი სულსა ჩემსა" და ამრიგად მიეახლა ღმერთს".

 

წმ. მარკოზი დაკრძალეს მანგანის სავანეში, კონსტანტინოპოლში. იოანე ევგენიკოსი მოგვითხრობს: "ეს დიადი ლამპარი სიცოცხლისა, ქრისტეს ეკლესიისთვის ამქვეყნად მოვლინებული ნათელი და მარილი კეთილი, ჭეშმარიტებისათვის მხნედ მებრძოლი და მზე მთელი სამყაროსი გამობრწყინდა დიდი და სამეფო ქალაქიდან, სახელოვანი კონსტანტინოპოლიდან. იქ დაიბადა, აღიზარდა და ბოლოს ღმერთთან წარდგომით მასვე უბოძა თავისი წმიდა სხეული". ეს სიტყვები სვინაქსარის დასაწყისშია, მის დასასრულს კი ავტორი წმიდანის დასაფლავებისა და საფლავის შესახებ წერს: "თავმოყრილი ხალხისა და დაცვის თანდასწრებით, მრავალრიცხოვანი პატივით, საღვთო მოწამე გიორგის სახელობის წმიდა მანგანის სავანესთან, პატივით, როგორც საუნჯე, დაკრძალეს წმიდა და მრავალპატიოსანი ჭურჭელი და ტაძარი განწმედილი სულისა, სადიდებელად ღვთისა, რომელიც განდიდებული და საკვირველია თავის წმიდანებში". 

 

*  *  * 

 

ჩვენს წინ განვლო მართლმადიდებლობისათვის ბრძოლის ეპოქამ. აღდგა სახე სარწმუნოებისათვის დიდი მებრძოლის, მართლმადიდებლობის მნათობის, წმ. მარკოზ ევგენიკოსის, ეფესოს მიტროპოლიტისა, რომლის წინაშე ჩვენ, მართლმადიდებლები, ქედს ვიხრით. იგი რჩეული ჭურჭელია, რომელმაც თავისი მგზნებარე ბრძოლით დაიცვა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება.

 

ფლორენციის უნია მართლმადიდებელი ეკლესიისათვის წარმოადგენდა უდიდეს საშიშროებას, რომლის მსგავსი მანამდე ისტორიაში არ ყოფილა. 1438-9 წლებში მართლმადიდებლობას საფრთხე ემუქრებოდა, გამქრალიყო და ქცეულიყო რომის ეკლესიისთვის დროებით ასატან "აღმოსავლურ წესად". წმ. მამათა მემკვიდრეობა, მართლმადიდებლობის სიმდიდრე და მისი სულიერი სიღრმე – ეს ყოველივე უნდა აღგვილიყო. როგორც ვნახეთ, ფლორენციის უნიას მართლმადიდებელი ეკლესია მიჰყავდა ვატიკანისადმი სრულ დაქვემდებარებამდე არა მარტო ადმინისტრაციულად, არამედ სულიერადაც – მისი წმიდა ტრადიციისა და ეკლესიოლოგიის სრულ გათელვამდე. მაშასადამე, ფლორენციის უნიას შედეგად უნდა მოეტანა მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც ასეთის, არსებობის შეწყვეტა.

 

მაგრამ უფალმა ღმერთმა არ დაუშვა მართლმადიდებლობის დაღუპვა და მოავლინა ის სულიერი გმირი, რომელსაც აღმოსავლეთში უნდა დაეცვა იგი და მომავალი თაობებისათვის შეენახა სიწმიდით გაბრწყინებული, ეზრუნა ქრისტეს უბიწო სასძლოზე – მართლმადიდებელ ეკლესიაზე, როგორც მის ეპისკოპოსსა და მცველს.

 

ბევრმა ვერ გაუძლო ცდუნებებს, მოიხიბლა ოცნებებით თუ პირადი სარგებლით, ბევრმაც ეკლესიას შეგნებულად უღალატა; ყველამ, წმ. მარკოზ ეფესელის გარდა, ხელი მოაწერა უნიას – მართლმადიდებელი ეკლესიის "ლიკვიდაციის" დოკუმენტს. მაგრამ ფლორენციის კრებაზე მომხდარი უარყოფითი მოვლენებისა და სარწმუნოებრივი ღალატის შავ ფონზე კიდევ უფრო ნათლად იკვეთება სახელები რამდენიმე მებრძოლისა, რომლებმაც დაიცვეს მართლმადიდებელი ეკლესია. მათ შორის განსაკუთრებული, განუმეორებელი ადგილი უკავია წმ. მარკოზ ეფესელს. მართლმადიდებლობისათვის მძიმე დროს უფალი ირჩევს ერთეულებს და ზუსტად ისინი ხდებიან "მართლმადიდებელი ეკლესია", როგორც მისი სიმართლის, სიწმიდისა და შეუმცდარობის გამომხატველნი. ასეთები იყვნენ: ამბა წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომელსაც ენა ამოაჭრეს და მარჯვენა მოჰკვეთეს; წმ. მარტინი, რომის პაპი – ნაგვემი, შეურაცხყოფილი და გადასახლებაში გაძევებული მაშინ, როცა, შეიძლება ითქვას, მთელი ეკლესია მონოთელიტი ერეტიკოსების ხელში იყო; ღირსნი თეოფანე და თეოდორე აღმსარებელნი, მტარვალთაგან დასახიჩრებულნი და წამებულნი, როდესაც მთელი სასულიერო და საერო ძალაუფლება ხატმებრძოლებს ეპყრათ; ასეთი იყო წმ. მარკოზ ეფესელიც – ბრძოლაში მარტოსული, მრავალგზის დევნილი, სასიკვდილო სნეულებით, კიბოთი გაწამებული, მაშინ, როცა სამეფო კარი, პატრიარქი და ეპისკოპოსები უნიატები, მართლმადიდებლობის მტრები იყვნენ. ზუსტად ეს ერთეულნი იცავდნენ მართლმადიდებელ ეკლესიას და ინახავდნენ მართლმადიდებლობის ნაპერწკალს, უფრთხილდებოდნენ მას იმ ბნელ პერიოდებში, რათა პირველი შესაძლებლობისთანავე აენთოთ მართლმადიდებლობის ცეცხლი. ძალა უფლისა უძლურებაში აღესრულება!

 

ჩვენი ნაშრომის დასასრულ გვსურს, ცოტა რამ ვთქვათ წმ. მღვდელმთავარ მარკოზის სულიერ სახეზე. მისი ღვთისმეტყველების, სულიერი სიღრმის, სიწმიდის და მართლმადიდებლობისადმი მოშურნეობის შესახებ საკმარისად გვამცნო წმ. მარკოზის თხზულებებმა, ჩვენს მიერ დამოწმებულმა წყაროებმა, რომლებითაც ვისარგებლეთ უნიის ისტორიისა და მღვდელმთავრის ცხოვრებაზე თხრობისას. მაგრამ როგორი იყო იგი, როგორც ადამიანი; რატომ უყვარდა ის ასე მხურვალედ გიორგი სქოლარიოსს, ეთაყვანებოდა იოანე ევგენიკოსი, პატივს სცემდა იმპერატორი, ნუთუ ესოდენ ძლიერი იყო მისი ზეგავლენა?!

 

უპირველესად, წმ. მარკოზის ავტორიტეტი განაპირობა მისმა უდიდესმა სიწმიდემ და სულიერმა ღვაწლმა, დიდმა განსწავლულობამ და მჭევრმეტყველებამ. ამ სიწმიდის წყალობით, სულიწმიდის მადლით აღვსილი მღვდელმთავრის გული უკიდურესად გამახვილებული იყო ჭეშმარიტების მიმართ. მისგან ნებისმიერი გადახრა იმ ადამიანებისა, რომელთა წმიდა მოვალეობაც მისი დაცვა იყო, იწვევდა წმ. მარკოზში სამართლიან რისხვასა და სურვილს, მოებრუნებინა ჭეშმარიტების გზას აცდენილნი. სიწმიდისა და სიმართლის უძლეველი ძალა ამ სულიერ გმირს ხდიდა მთელი მართლმადიდებლური სამყაროს მნათობად და "ანდამატად", რომელიც იოანე ევგენიკოსის გამოთქმით, ყველას თავისკენ იზიდავდა.

 

აქვე უნდა აღვნიშნოთ წმიდანისათვის დამახასიათებელი თვისებები, რაც მღვდელმთავარს, მიუხედავად მისი სულიერი ცხოვრების განუზომელი სიმაღლისა, თითოეულისათვის მახლობელსა და მისაწვდომს ხდიდა. ესენია: მისი სიყვარული, თავმდაბლობა, მზადყოფნა მიტევებისა, შემდეგ კი უკიდურესი სიმდაბლე და დახვეწილი თავაზიანობა. იოანე ევგენიკოსი წმიდანისადმი დაწერილ მსახურებაში მის სახეს ამგვარად წარმოაჩენს: "ხასიათის სიხალისითა და სილამაზით, მჭევრმეტყველებითა და ცხოვრების სიწმიდით იგი თავისკენ იზიდავდა ყველას, როგორც მაგნიტი – რკინას". იოანე ევგენიკოსი მღვდელმთავარში ერთგვარად ხედავდა პირველი ადამიანის ხატს, მის ცოდვით დაცემამდე. მოვიყვანთ გიორგი სქოლარიოსის სახოტბო სიტყვას მისდამი, რომელიც უფრო სრულად გვიხატავს მღვდელმთავრის სახეს: "იგი უფრო სამართლიანი იყო, ვიდრე ამას თავად მართლმსაჯულება ითხოვდა, რამეთუ თავისთავი მსაჯულად არ მიაჩნდა და გაურბოდა ხმაურიან კამათს. თავისი სიმშვიდითა და კაცთმოყვარებით მან გადააჭარბა ყველას, ვინც ამ სათნოებებით გამოირჩეოდა. ვინ ყოფილა მასზე უფრო მახლობელი მთხოვნელთა მიმართ; უფრო კეთილნებობით ვინ დებდა თავს ყოველივე სასიკეთოსთვის; ვინ გამოთქვამდა მასზე უფრო დამაჯერებლად ყოველივეს, რაც სათქმელი იყო; მასზე მეტად ვინ იყო მზად, მოყვასს დახმარებოდა; ვინ იყო მასზე უბოროტო თავის შეურაცხმყოფელთა მიმართ; ვინ იყო მასზე მეტად განშორებული ყოველგვარი შურისაგან?! მაგრამ მაშინ, როდესაც მიეცემოდა მიზეზი, დაეჭვებულიყო ვინმეს ხრიკებში მართლმადიდებელი სარწმუნოების წინააღმდეგ, იგი მხნედ ერთვებოდა მეტოქეთა მჭერმეტყველებასთან ბრძოლაში და საშუალებას არ აძლევდა, ეზეიმა ცრუსწავლების ძალას. აი, რატომაც აბრალებდნენ მას გადამეტებულ გაღიზიანებას და რატომაც შეიძულა იგი ზოგმა დაახლოებულმა პირმა! ისინი ვერ სწვდებოდნენ მის ზრახვებს და ამოძრავებდათ ადამიანური ვნებები, რითაც ტკივილს აყენებდნენ ამ დიდ ადამიანს დუმილითაც და ლაპარაკითაც... რამდენი გადავიტანე ერთ-ერთი მათგანის უგუნური ლაპარაკის გამო, რომელიც გაკადნიერდა და კრებაზე კამათის დროს მას – ჭეშმარიტების მასწავლებელს – მაცდური, ჭეშმარიტებისაგან განდგომილი უწოდა!.. მაგრამ ეს დიდი მამა მშვიდად ისმენდა გესლიან ლაპარაკს, რამეთუ არ ისწრაფოდა განდიდებისკენ და ცილისწამების წინააღმდეგ საკმარის დაცვად თვლიდა თავის ბრძოლას ჭეშმარიტებისათვის. მას ახსოვდა, რომ თავად ჩვენს უფალს დასწამეს ცილი. ასე ითმენდა იგი გაკიცხვებს. და არც ერთი ჩვენგანი, – ოი, სირცხვილო! – არ დაეხმარა მას. თავად მეც, ვაგლახ, რომ ვდუმდი. მაგრამ მე საკუთარ თავს არ ვუფრთხილდებოდი – იძულებული ვიყავი, იმ დროის გარემოებებისთვის გამეწია ანგარიში... შემდეგ მოვუყევი ნეტარ მამას ჩემი მოსაზრებანი; მან შემინდო, დამთანხმდა და ისევ მოემზადა მოსალოდნელი ბრძოლისათვის. მას ჩემს გრძნობებში ეჭვი არ შეჰპარვია; იგი იმედოვნებდა, რომ ყველა თავის მოწინააღმდეგეს მარტოოდენ ჭეშმარიტების ძალით დაამარცხებდა. იმასაც ვარაუდობდა, რომ მე მნიშვნელოვანწილად დავეხმარე კიდეც ამ ღვაწლში (როგორც თეზევსი ჰერაკლეს), მაგრამ, რასაკვირველია, მხოლოდ ნეტარი მამის დიდსულოვნებას შეეძლო ჩემთვის ასეთი თანადგომა მოეწერა! წმიდა სულისა და წმიდა საუბრის "მომხიბლველობით" მან ჩემში გააღვივა მისდამი მხურვალე სიყვარული. ჩვენ სათანადოდ ვერ შევიცნობდით ჭეშმარიტებას, მას რომ არ ჩაეთესა ჩვენში მისი პირველი მარცვალი თავისი სწავლებითა და ლოცვებით, რომლებშიც ხშირად შესთხოვდა ღმერთს, მოგვნიჭებოდა ძალი ნაყოფიერებისა, – იგი ყუფრო მეტად აღძრავდა ჩვენში ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვას, ვიდრე სხვა ვინმე. ამრიგად, ჩვენ, მისდამი მადლიერნი, მტკიცედ მიგვიზიდა თავისკენ – გულწრფელად დაგვიჯერა და მოგვენდო... არ შეგვიძლია დიდად არ ვიდარდოთ, რომ დამტკიცებულნი ჭეშმარიტ სარწმუნოებაში ვდუმდით მაშინ, როცა თქმა იყო საჭირო. ვითხოვთ შენდობას ღმერთისგან, რომელიც კურნავს შეპყრობილთ კაცობრიობისთვის დამახასიათებელი სისუსტეებით, რომელთაც დროდადრო ზოგი ცნობილი მასწავლებელიც კი ემონებოდა".

 

თუ როგორი ძლიერი გავლენა ჰქონდა წმ. მარკოზს მათზე, ვისაც მაინცდამაინც მტკიცედ არ სწამდა, ადასტურებს გიორგი სქოლარიოსი იმავე სიტყვაში: "ისინი, ვისაც შენი სიცოცხლის დროს შენდამი პატივისცემა აკავებდა, ახლა მერყეობას დაიწყებენ; ერთი სიტყვით, რამდენი ქარიშხალი ამოვარდება საკუთარი მისწრაფებებით გატაცებულ გონებასა და გულებში. რასაკვირველია, ზოგი შენი ტვირთის ტარებასა და სწორი გზით სვლას აირჩევს, მაგრამ სხვები, დროებითი სიკეთეებით გატაცებულნი, შეცდებიან".

 

წმ. მარკოზის სიკვდილმა ღრმად დაამწუხრა ყველა, ვისაც იგი უყვარდა. აი, როგორი სიყვარული და გავლენა მოიპოვა მან! მოვიყვანთ ნაწყვეტს გიორგი სქოლარიოსის გამოსათხოვარი სიტყვიდან მღვდელმთავრისადმი: "ეკლესიისა და მისი განუყოფელი თანამგზავრის – წმიდა ჭეშმარიტების საქმეებს როგორც შენს დროს, ისე შენი სიკვდილის შემდეგაც, ყოველთვის, თავად ღმერთი დაიცავს; მაგრამ უკვე ვეღარ გავიგონებთ შენს საუბრებს ჩვენს თათბირებზე; შენი სახით აღარ გვეყოლება მრჩეველი ყველა საქმეში და გამამხნევებლი ჩვენი მართალი ქმედებებისა; ახლა ზეიმით ვეღარ დავამარცხებთ იმ ბოროტ ადამიანებს, რომლებიც შურით ცილს სწამებენ ჩვენს სარწმუნოებას; ახლა, როდესაც გაქრა გავლენა შენი ძალმოსილებისა! როდესაც ჩვენთან იყავი, აბუჩად ვიგდებდით ჩვენი აღმსარებლობის მოწინააღმდეგეთა სიშლეგეს. მხოლოდ შენ ერთს, რომელიც თავად იყავი სახე ყოველივე აღმატებულისა, შეგეძლო სწორად შეგეფასებინა და უშურველად გეღიარებინა სხვათა ხელოვნების სრულყოფილება, საუბრის სილამაზე, აზრის ძალა, დოგმატთა სისწორე. ჩემზე მეტად არავის შეუგრძვნია შენი თვისებების ასეთი უპირატესობა. ამიტომ ნუთუ შემიძლია დავიტრაბახო ის, რაც მეტად ბუნებრივია – რომ სხვებზე მეტად მიყვარდი, პატივს გცემდი და ვეწამებოდი, როდესაც სნეულს გხედავდი. შენთან ერთად ვიტანჯებოდი, მეშინოდა მოსალოდნელი უბედურებისა – ახლა რა იქნება, როდესაც იგი გვეწვია – დამაბნია მწუხარებამ, რა გვეშველება ახლა?!" შემდეგ თავის სიტყვაში (რომელსაც აღარ მოვიყვანთ) გიორგი სქოლარიოსი გამოხატავს უნუგეშო დარდს, რამაც, როგორც მას ჰგონია, თავად დედამიწა დაამძიმა და იგი ამ ყოვლისმომცველ კაეშანში გამონათებას ვერ ხედავს.

 

თავს დატეხილი უბედურების გამო დარდით დათრგუნული გიორგი სქოლარიოსი მაშინ ვერ ხედავდა, რომ უკვე მიმდინარეობდა ეკლესიის აღდგინება, რომ ჭეშმარიტება გაიმარჯვებდა და რომ წმ. მარკოზი ამაოდ არ გარჯილა – მისი ღვაწლი მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის ბრძოლაში სამარადჟამოდ დარჩება, როგორც ეკლესიისა და წმიდა ჭეშმარიტების გამარჯვების საწინდარი. არ იცოდა მაშინ გიორგი სქოლარიოსმა ისიც, რომ მართლმადიდებლობისათვის ამ მარტოსული მებრძოლის სახელი, რომლის სამარესთანაც ასე უნუგეშოდ დარდობდა, და თავად მისი, გიორგი სქოლარიოსისა, ოქროს ასოებით ჩაიწერებოდა ეკლესიის ისტორიაში, რომ მათ მადლიერი ეკლესია შეამკობდა სახელდებით, რომელიც ყველა ტიტულზე, ამქვეყნიურ ყველა ხარისხსა და წოდებაზე ძვირფასია – მათი სახელების წინ დაწერდნენ სიტყვას "წმიდანნი":

 

წმიდა მარკოზ ეფესოს მიტროპოლიტი და წმიდა გენადი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი.

 

წიგნს ვასრულებთ სიტყვებით, რომლებითაც იოანე ევგენიკოსმა დაასრულა თავისი სვინაქსარი წმ. მარკოზ მღვდელმთავრისადმი:

 

"ლოცვითა წმიდისა მარკოზ მღვდელმთავრისათა და ყოველთა წმიდათა შენთა მასწავლებელთა და ღვთისმეტყველ მამათა, ქრისტე ღმერთო, დაიცევ მართლმადიდებლობის აღმსარებელი ეკლესია შენი უკუნისამდე!

 

წმიდაო მამაო მარკოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!"

 

 

თარგმნა ნინო ბელთაძემ 

წიგნიდან Архимандрит Амвросий (Погодин) «Святой Марк Эфесский и Флорентийская уния», М. 1994.

 

  

 

[1] უნია (ფლორენციის) - (ლათ. unio - კავშირი) მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებისა და ე. წ. კათოლიკეების მიერ დადებული ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებას პაპისტურ საკრებულოსთან. უნიის აქტის თანახმად მართლმადიდებლებს უნდა ეცნოთ პაპის უკანონო ძალაუფლება და პაპისტთა ცრუ დოგმატები. ამის სანაცვლოდ პაპისტები ბიზანტიას (სიტყვიერად) ამქვეყნიურ დახმარებას ჰპირდებოდნენ. უნია გაფორმდა იტალიის ქალაქ ფლორენციაში 1439 წლის 5 ივლისს. იმ რამდენიმე სასულიერო პირს შორის, რომელთაც უნიას ხელი არ მოაწერეს, იყვნენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელები - მიტროპოლიტები გრიგოლი და იოანე. - რედ. შენ.

 

[2] აზიმი (ბერძნ.) - აუფუებელი პური. - მთარგმ. შენიშვნა.

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა