|

„მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე“ (იოანე 11,25).

როგორც გემოთმოყვარება წარმოშობს ცოდვათა მრავალრიცხოვან ნაყარს, ასევე მარხვა – ძირია ყველა სათნოებისა და დასაწყისია ღვთაებრივი მცნებებისა.
დიახ, სასტიკია სიკვდილი – მის მოსვლაშიც და მოლოდინშიც, მაგრამ ბევრად უფრო საშინელია, არ მოვიქცეთ ჩვენი ცოდვებისაგან; აი, სწორედ ამის გამო იზრდება სასჯელი, ხოლო შემდეგ მივეცემით დაუსრულებელ სატანჯველს, რომელიც, დაე, ჩვენგან არავინ შეიცნოს გამოცდილებით! რამეთუ, თუკი აქაური გაჭირვებები აუტანლად გვეჩვენება, თუმცა ისინი წარმავალია და მხოლოდ სხეულს სწყლავს, როგორიღა იქნება ის ტანჯვა, რომელიც სხეულთან ერთად სულსაც ტანჯავს და რომლისგანაც არასოდეს მოველით გათავისუფლებას?! არამედ ვინანიოთ, ძმებო, და მოვიქცეთ, საქმით და სიტყვით გამოვხატოთ სინანული, და შეუვრდეთ ღმერთს შემუსვრილი გულით, ვუთხრათ: „უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“ (ფსალმ. 6,2); არამედ – „ყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ შენისა“ (ფსალმ. 118,124). ის ახლოსაა მის მვედრებლებთან, თუკი ისინი არა მხოლოდ ბაგეებით, არამედ გულითაც ღაღადებენ, საქმეებით და ცხოვრების წესით ღვთისკენ მიქცეულები. – „მოიქეცით ჩემდამო, და მე მოვიქცე თქუენდა“, – ამბობს უფალი, – „და უშჯულოებანი შენნი და ცოდვანი შენნი არა მოვიხსენნე“ (შდრ. ზაქ. 1,3; ეს. 43,25).
მოწყალების გაცემისას დაე ნუ შეგვეშინდება, რომ გავღატაკდებით, რამეთუ ჩვენც გავიგონებთ ღვთისგან: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი“. შევშინდეთ (სასჯელისაგან) და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უსულგულობის გამო ღვთის სიყვარულისგან გაუცხოებულნი არ აღმოვჩნდეთ, „რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თვისი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად?“ (1 იოან. 4,20) – ამბობს მახარებელი; ხოლო ვისაც ღმერთი არ უყვარს, როგორ შესძლებს მასთან დამკვიდრებას? და ვინც მასთან არაა, ის განეშორება მას; ხოლო მისგან განშორებული, ცხადია, გეენაში მოხვდება.
წმ. გრიგოლ პალამა
ადამიანო, ეკლესიაზე ძლიერი არაფერია. შეწყვიტე ბრძოლა, რომ საკუთარი ძალა არ შეიმუსრო, ნუ ეომები ზეცას. თუკი ადამიანს ებრძვი, ან გაიმარჯვებ, ან დამარცხდები, მაგრამ როდესაც ეკლესიას ებრძვი, ვერ გაიმარჯვებ, რადგან ღმერთი ყველაზე ძლიერია.
წმ. იოანე ოქროპირი
„ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაჲ იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ“ (2 თესალ. 2,3).
... ვინ იქნება ის? ნუთუ სატანა? არა, − კაცი ვინმე, რომელიც მიიღებს მთელ მის ძალასა და მოქმედებას. „და გამოჩნდეს − ამბობს პავლე, − კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, მხდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად“. ის არ მიიყვანს (ხალხს) კერპთაყვანისმცემლობაში, არამედ იქნება ღვთისმბრძოლი, ყველა ღმერთს უარყოფს და ყველას უბრძანებს, მას სცენ თაყვანი ღმერთის მაგივრად. და დაჯდება ღვთის ტაძარში − არა მხოლოდ იერუსალიმისაში, არამედ ყველგან, ტაძრებში.
წმ. იოანე ოქროპირი
მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის მოქმედებდა კრებების მეშვეობით. მართლმადიდებლური სული ის არის, რომ ეკლესიაში მოქმედებდეს კრება და მონასტრებში უხუცესთა კრება. იღუმენმა ან იღუმენიამ და იღუმენის საბჭომ ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. მთავარეპისკოპოსი პირველია თანასწორთა შორის, პატრიარქი კი პაპი არ არის. მას ისეთივე ხარისხი აქვს, როგორც დანარჩენ იერარქებს. თუმცა პაპს სხვა ხარისხი აქვს – ის ამაღლებულზე ზის და მას ფეხებს უკოცნიან! პატრიარქი ზის დანარჩენ იერარქებთან ერთად და თავმჯდომარეობს. ასევე იღუმენი და იღუმენია კრების წევრებთან მიმართებით პირველები არიან თანასწორთა შორის.
მთავარეპისკოპოსს ან იღუმენს არ შეუძლიათ აკეთონ ყველაფერი, რაც სურთ. ღმერთი განანათლებს ერთ იერარქს ან კრების იქ მყოფ წევრს ერთ საკითხში, სხვას – სხვა საკითხში. ხომ ხედავთ, ოთხი მახარებელი ერთმანეთს ავსებს. ასევე აქაც, ყველა გამოთქვამს თავის აზრს, ხოლო როცა არსებობს საწინააღმდეგო აზრი, ის ფიქსირდება პროტოკოლში. რადგანაც, როცა საქმე მიდგება ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც სახარებისეული მცნებების საწინააღმდეგოა, და ადამიანი არ ეთანხმება, თუკი ის არ მოითხოვს, რომ მისი აზრი ჩაწერილ იქნეს, ისე გამოჩნდება, რომ ის თანახმაა. თუკი ის არაა თანახმა და ხელს აწერს თავისი აზრის დაფიქსირების გარეშე, ის კანონს არღვევს და პასუხისმგებელია, ის დამნაშავეა. მაგრამ თუკი ის გამოთქვამს თავის აზრს, ხოლო უმრავლესობა წინააღმდეგია, მაშინ ღვთის წინაშე ყველაფერი რიგზეა. თუკი ეკლესიაში კრება ან მონასტერში სინაქსის-კრება ვერ მოქმედებს როგორც საჭიროა, მაშინ შეიძლება გვეგონოს, რომ მართლმადიდებლური სული გვაქვს, მაგრამ გვქონდეს პაპისტური სული. მართლმადიდებლური სული ისაა, რომ თითოეულმა გამოთქვას და დააფიქსიროს თავისი აზრი, და არა ის, რომ არ ილაპარაკოს შიშისა და პირფერობის გამო, რათა კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მთავარეპისკოპოსთან ან იღუმენთან. (წმ. პაისი მთაწმინდელი, სიტყვები, ნაწ. 1, სუროტი, თესალონიკი, 1998, გვ. 329-330).
ჩვენს დროში ადამიანებს სურთ, რომ სხვებს ისინი უყვარდეთ, და ამაში წარუმატებლობას განიცდიან. ჭეშმარიტება კი ის არის, რომ გაინტერესებდეს არა ის, უყვარხარ თუ არა სხვებს, არამედ შენ თვითონ თუ გიყვარს ქრისტე და ადამიანები. მხოლოდ ასე შეიძლება ამოივსოს სულში არსებული სიცარიელე.
წმ. პორფირი კავსოკალიველი
კითხვა: თუკი ვინმე ქრისტეს ურწმუნო, მაგალითად, იუდეველი ან სამარიტელი, მრავალ კეთილ საქმეს აღასრულებს, შევა ცათა სასუფეველში?
პასუხი: ვინაიდან უფალი ეუბნება ნიკოდიმოსს: „ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (იოან. 3,5), ცხადია, რომ ვერ შევა სასუფეველში. თუმცა არ დაკარგავს თავის მისაგებელს: ან იღებს თავის კეთილდღეობას სიმდიდრით, ფუფუნებით და სხვა ცხოვრებისეული სიამოვნებებით, იმის მსგავსად, ვინც გაიგონა აბრაამისგან: „მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა“ (ლუკ. 16,25), ანდა მისი ხვედრი მომავალ საუკუნეში დიდად განსხვავებული იქნება იმათი ხვედრისგან, ვინც სიკეთეს არ აღასრულებდა. რამეთუ როგორც მართალთათვის აქვს ღმერთს მრავალი სავანე (იხ. იოან. 14,2), ასევე ცოდვილთათვისაც მრავალი სხვადასხვა სასჯელია.
წმ. ანასტასი სინელი (კითხვა-პასუხი, კ.7)
ერთმა გლეხმა გვიამბო: ჩემსა და ჩემს მეზობელს შორის მტრობა აღმოცენდა ეკალივით, ერთმანეთს თვალებში ვერ ვუყურებდით. ზამთრის ერთ ღამეს ჩემი პატარა ბიჭი სახარებას მიკითხავდა ხმამაღლა და როდესაც წაიკითხა მაცხოვრის სიტყვები: „აკურთხევდით მწყევართა თქუენთა“ (მათ. 5,44), მე დავუყვირე ბავშვს: საკმარისია! მთელი ღამე ვერ დავიძინე, გამუდმებით ვფიქრობდი, როგორ აღმესრულებინა ღვთის ეს მცნება. როგორ გავუკეთო სიკეთე ჩემს მეზობელს? ერთხელაც მეზობელი სახლიდან ხმამაღალი ტირილი შემომესმა. გამოვიკითხე და შევიტყვე, რომ საგადასახადო ხელისუფლებამ გასაყიდად წაიყვანა ჩემი მეზობლის მთელი საქონელი ვალის სანაცვლოდ. ელვასავით მეკვეთა აზრი: აი, ღმერთმა მოგცა საშუალება მეზობლისთვის სიკეთის გასაკეთებლად! გავიქეცი სასამართლოში, გადავიხადე გადასახადები ადამიანისთვის, რომელსაც ქვეყნად ყველაზე მეტად მე ვძულდი, და მისი საქონელი უკან დავუბრუნე. როდესაც მან ამის შესახებ შეიტყო, დიდხანს დადიოდა ჩაფიქრებული თავისი სახლის გარშემო. რომ ჩამობნელდა, დამიძახა, სახელით მომმართა. მე ღობესთან მივედი. ვკითხე: რისთვის დამიძახე? მან პასუხად ქვითინი დაიწყო, ძალა არ შესწევდა სიტყვის სათქმელად, ტიროდა და ტიროდა. მას შემდეგ ჩვენ იმაზე მეტი სიყვარულით ვცხოვრობთ, ვიდრე ღვიძლ ძმებს აქვთ. (წმ. ნიკოლოზ სერბი)
გარდა ხილული წესრიგისა, არსებობს უხილავი, გარდა ამ წუთისოფლისა – სამომავლო ცხოვრება. იქ რომ გადავსახლებულიყავით გონებითა და გულით, სხვაგვარი იქნებოდა ჩვენი აზრები, მეტყველება და საქმენი, იმდენად განსხვავებული, რომ ამა სოფლის მკვიდრნი, ჩვენი შემხედვარენი, შეშლილებად ჩაგვთვლიდნენ. ამა სოფლის სული მათ, ვინც ძვირუხსენებელია და ყოვლისმიმტევებელი, ღირსების არმქონე ადამიანებად აღიქვამს. სინამდვილეში მიტევება არის ღირსება. უფლის მცნებისამებრ და ქრისტიანული სასოებით მიმტევებელი კაცი სხვა, უკეთესი ქვეყნის მკვიდრია. იგი იქიდან იღებს შეგონებებს და იცავს იქაურ წესრიგს. ამქვეყნიურთ და მიწიერი თვალთახედვით მის მჭვრეტელთ ამ კაცის გაგება არ ძალუძთ. იგი საქმით აღასრულებს მოციქულის მითითებებს: "უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რაჲთა იყოს იგი ბრძენ" (1 კორ. 3,18).
რა თქმა უნდა, უცებ ვერ მოიპოვებ ისეთ ღრმა და სრულ სიმშვიდეს, რომელიც შეურაცხყოფის ყოველ დარტყმას შთანთქავს. მაგრამ დაიწყე უდაბლესით და ახვალ უმაღლესამდეც. ძვირუხსენებლობის, უჯავრელობის, მაშასადამე მიტევების პირველი ხარისხი არის ჩუმად ყოფნა – ამით დაიწყე. როცა გაწყენინებენ, თავს ძალა დაატანე და გაჩუმდი, მიჰბაძე დავით წინასწარმეტყველს, რომელიც თავისთავზე ამბობს: "შევძრწუნდი და არა ვიტყოდე" (ფსალმ. 76,4). გააკეთე ასე ერთხელ – მეორედ უფრო იოლად გაჩუმდები. რაც ხშირად შეინარჩუნებ მდუმარებას, მით ნაკლები აღშფოთებით შეხვდები წყენას. დამკვიდრებული უშფოთველობა განსვენებას მოგგვრის, რაც გადაიზრდება ყოველ გონებაზე აღმატებულ სიმშვიდეში. მაშინ წყენას ისე დაუდგები წინ, როგორც მკვიდრი კედელი – ქარისგან მოყრილ ქვიშას. აი, სადამდე მიხვალ, როცა გაჩუმებით დაიწყებ საკუთარი თავის დაძლევას. არ დაიწყებ და სულ უფრო მეტად დაგრევს ხელს გულისწყრომა – იქამდეც მიხვალ, რომ ყოველი წვრილმანი დაგაკარგვინებს მოთმინებას.
წმ თეოფანე დაყუდებული
ეს სამსჯავრო იქნება ერთადერთი, საბოლოო და საშინელი, და უფრო სამართლიანი, ვიდრე საშინელი, ან, უკეთ რომ ვთქვათ, იმიტომაცაა საშინელი, რომ სამართლიანია. მაშინ დაიდგმება საყდრები, ძველი დღეთა (დან. 7,9) დაჯდება, წიგნები გადაიშლება, ცეცხლოვანი მდინარე დაიწყებს დენას, თვალთა წინაშე წარმოდგებიან განმზადებული ნათელი და ბნელი: „და გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა“, რომელიც აწ დაფარულია ქრისტეში, ხოლო ბოლოს მასთან ერთად გაცხადდება, „ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“ (იოან. 5,29), რომლებიც, ურწმუნონი, უკვე განსაჯა განმსჯელმა სიტყვამ (იოან. 12,48). და პირველნი დაიმკვიდრებენ გამოუთქმელ ნათელს და წმიდა სამების ჭვრეტას... ხოლო მეორეთა ხვედრი, სხვა ყველაფერთან ერთად, იქნება ტანჯვა, ან, უკეთ რომ ვთქვათ, ყველაზე უწინ, განგდება ღვთისგან და სირცხვილი, რასაც დასასრული არ ექნება.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
გულის შემუსვრილების გარეშე შეუძლებელია ბიწიერებისაგან გათავისუფლება. ხოლო გული სამგვარი თავშეკავებით შეიმუსრება – ძილისაგან, საკვებისა და ხორციელი განსვენებისაგან.
წმ. ნილოს სინელი
ძმამ ჰკითხა ბერს: „როგორ მოდის გლოვა?“ ბერმა უპასუხა: „გლოვა მოდის საკუთარ ცოდვებზე ფიქრით – რომლებიც ჩაიდინა ადამიანმა ამ ცხოვრებაში: თუ რას მიუგებს მათზე ღმერთს. ვინც ეძიებს გლოვას, დაუცხრომელად უნდა იხსენებდეს ასევე სიკვდილსა და მარადიულ ტანჯვას“.
პატერიკი
ასობით ქრისტიანი მონა რომ გამოისყიდო უსჯულოთა მონობისაგან და თავისუფლება მიანიჭო, ვერ ცხონდები, თუკი შენ თვითონ ვნებათა მონობაში იმყოფები.
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
ურთიერთშელაპარაკების დროს ამაყი ამბობს გულში: „მე არაფერში არა ვარ დამნაშავე“; თავმდაბალი კი აბრალებს თავის თავს, და არა ძმას, და ამბობს: „მე შევცოდე“.
წმ. ესია განდეგილი
ცოდვაში დაყოვნებით ანუ ცოდვის მრავალჯერ გამეორებით ამ ცოდვის მიმართ მიდრეკილება ანუ ჩვეულება წარმოიშვება. ასე ჩნდება ვნებიანი მიდრეკილება ლოთობისადმი, ქურდობისადმი, ანგარებისადმი, სიძვისადმი, ცილისწამებისადმი, განკითხვისა და სხვა უსჯულოებებისადმი. ეს მიდრეკილება ანუ ჩვეულება ისეთი ძლიერია, რომ თითქოს ადამიანის მეორე ბუნებად იქცევა... რადგან ვნებიანი მიდრეკილება გულში ღრმად იდგამს ფესვებს. რაც უფრო მეტად სცოდავს ადამიანი რაიმე ცოდვით და ყოვნდება მასში, მით მეტად ღრმავდება ვნება მის გულში. რაც უფრო იზრდება ხე, მით უფრო იდგამს ფესვებს მიწაში, ასევე, რაც უფრო მეტად იზრდება ცოდვიანი ჩვეულება, მით უფრო ღრმად იდგამს ფესვებს კაცის გულში.
წმ. ტიხონ ზადონელი
თქვა მამა მატოიმ: რაც უფრო მიუახლოვდება კაცი ღმერთს, მით უფრო ცოდვილად იხილავს თავს. როდესაც ესაია წინასწარმეტყველმა უფალი იხილა, უბადრუკი და არაწმინდა უწოდა თავს (ესაია 6,5).
პატერიკი
როდესაც მამა სისოი აღსასრულს მიუახლოვდა, იქვე მსხდომმა მამებმა იხილეს სახე მისი, ვითარცა მზის ნათელი. უთხრა მათ ბერმა: აი, მამა ანტონი მოვიდა. ცოტა ხნის შემდეგ თქვა: აი, წმინდა წინასწარმეტყველთა კრებული მოვიდა. შემდეგ უმეტესად გაუბრწყინდა სახე და თითქოს ვიღაცებს საუბარი დაუწყო. ჰკითხეს მამებმა: ვის ესაუბრები, მამაო? მიუგო: აი, ანგელოზები მოვიდნენ ჩემს წასაყვანად და ვევედრები – ცოტა დრო მომცენ მცირეოდენი სინანულისთვის. აღარ გჭირდება სინანული, – უთხრეს მამებმა. ბერმა მიუგო: დაიჯერეთ, ჩემი გონება მეუბნება, რომ ჯერ არც კი დამიწყია მსახურება ღმრთისა. მიხვდნენ ყველანი, რომ სრული კაცი იყო. შემდეგ სახე მზისთვალივით გაუბრწყინდა და ყველას შიში დაეცა. და თქვა მამა სისოიმ: იხილეთ, იხილეთ! აი, უფალი მოვიდა და ამბობს: მომართვით მე ეგ უდაბნოს რჩეული ჭურჭელი. მყისვე ამოუტევა ბერმა სული და ნათელი გამობრწყინდა, ვითარცა ელვა, ხოლო ის ადგილი სურნელებით აღივსო.
პატერიკი
რაც უფრო გამჭრიახია ჩვენი მზერა, მით უკეთ ვხვდებით რა შორს ვართ ცისგან. ამის მსგავსად, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით უკეთ შევიცნობთ, რა შორსა ვართ ღმერთისგან. დიდი სიბრძნეა, როდესაც თავის შეფასება შეგვიძლია. ყველაზე უკეთ მან უწყის საკუთარი თავი, ვინც თავს არაფრად მიიჩნევს. ამიტომ იყო, დავითმა და აბრაამმა სათნოების უმაღლეს მწვერვალს რომ მიაღწიეს, მაშინ განსაკუთრებით გამოიჩინეს სიმდაბლის სათნოება: აბრაამი თავს მიწასა და ნაცარს უწოდებდა (დაბ. 17,27), ხოლო დავითი – მატლს (ფსალმ. 21,7). მათ მსგავსად ყველა წმინდანი თავს არაფრად მიიჩნევს. ამის საწინააღმდეგოდ, ვინც სიამაყითაა წარტაცებული, ის ყველაზე ნაკლებად იცნობს საკუთარ თავს.
წმ. იოანე ოქროპირი
მზვაობარ ფარისეველს უფლის მადლობა და დიდება განუზრახავს: „ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ ცრუ და მემრუშე“ (ლუკ. 18,11) – ამბობს იგი. ის აშკარა შეცოდებებს ჩამოთვლის, რომლებიც ყველამ შეიძლება დაინახოს; მაგრამ სულიერ ვნებებზე – სიამაყეზე, მზაკვრობაზე, სიძულვილზე, შურზე, ორგულობაზე – სიტყვასაც არ ამბობს. არადა სწორედ მათგან შედგება ფარისეველი! სწორედ ისინი აბნელებენ, კლავენ სულს, სინანულის უნარს უკარგავენ! ისინი სპობენ მოყვასის სიყვარულს და შობენ (მოყვასის მიმართ) დაბრკოლებას – სიცივით, სიამაყით და სიძულვილით ავსებულს! მზვაობარ ფარისეველს განუზრახავს მადლობა შესწიროს ღმერთს საკუთარი კეთილი საქმეების გამო, მაგრამ ღმერთი პირს იბრუნებს მისგან; ღმერთს მის წინააღმდეგ საშინელი განაჩენი გამოაქვს: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს“ (ლუკ. 18,14)“.
წმ. მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი
– გერონდა, როგორ განიწმინდება გული?
– სიმდაბლით, უწყინარობით, თავგანწირვით, უანგარობით, (ცოდვიანი) აზრების აღსარებით, ღვაწლით, ლოცვით, და რაც მთავარია, იესოს ლოცვით განიწმინდება გული. ლოცვა გულს ყოველგვარი ნაყარ-ნუყარისაგან ათავისუფლებს.
– გერონდა, მხოლოდ ლოცვით არ განიწმინდება გული?
– არა, განწმენდა შეუძლებელია მხოლოდ ლოცვით, თუკი იმავდროულად არ იქნება სიმდაბლე და შესაბამისი ღვაწლი. თუკი ლოცულობ, მაგრამ არ ცდილობ აღასრულო ის, რაც ვთქვი, ეს ამაო შრომა გამოვა. ანდა, თუკი აღასრულებ დანარჩენს და ლოცვისთვის არ იზრუნებ, ესეც ამაო შრომა იქნება. იღვწი და იმავდროულად ლოცულობ, ღვთის შეწევნას ითხოვ ლოცვით, და ამგვარად თანდათანობით განიწმინდება გული. ღვაწლი და ლოცვა ერთად მიედინება.
ღირსი პაისი მთაწმინდელი
როგორც სიყვარულია ყველა სათნოებაზე აღმატებული, ასევე ყველა ცოდვაზე უმძიმესია ძმის სიძულვილი, რადგან ვისაც სძულს ძმა, ის მკვლელია, როგორც მოციქულმა თქვა (1 იოან. 3,15). ვისაც ძმა სძულს, მას თვითონ ღმერთი სძულს.
წმ. ეფრემ ასური
იტყვი: ნუთუ არ უნდა გვძულდეს თვით მტრებიცა და წარმართებიც? უნდა გვძულდეს არა ისინი, არამედ მათი სწავლება, არა ადამიანი, არამედ მანკიერი ცხოვრება და გამრუდებული ნება. ადამიანი ღვთის ქმნილებაა, ხოლო ცთომილება – ეშმაკისა. ამიტომ ნუ შეურევ ღვთისას ეშმაკისაში.
წმ. იოანე ოქროპირი
ცხონება შესაძლებელია მხოლოდ მოყვასის საშუალებით – „მიუტევეთ და მოგეტევნენ“, და ეს არის სჯულის აღსრულება. (წმ. მაკარი დიდი)
კეთილისყოფა ჩაიწერე სპილენძზე, ხოლო წყენა – წყალზე. (წმ. ისიდორე პელუსიელი)
როცა წყენა შენს გულში ცეცხლს დაანთებს, გაიხსენე ქრისტე და მისი წყლულები, – დაუფიქრდი, რომ შენს მიერ განცდილი ძალიან უმნიშვნელოა მეუფის (ქრისტეს) ტანჯვასთან შედარებით, და მაშინ, როგორც წყლით, ჩააქრობ შენს მწუხარებას. (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)
ზიანდება არა ის, ვინც ბოროტებას განიცდის, არამედ ის, ვინც აღასრულებს ბოროტებას. (წმ. იოანე ოქროპირი)
სადაც მტრობა და ღვარძლია, იქ ვერც მარხვა იქნება და ვერც დღესასწაული. (ნეტარი ავგუსტინე)
როგორ მივაღწიოთ იმას, რომ არ განვრისხდეთ, როცა სხვები გვამცირებენ და გვლანძღავენ? ვინც გულში საკუთარ თავს არარაობად მიიჩნევს, მას ვერანაირი დამცირება ვერ შეაშფოთებს, და თუკი საკუთარ თავს შეურაცხყოფ, განსვენებაში იქნები... ყველანაირად ეცადე გაჩუმდე, სანამ განუწყვეტელი ლოცვით არ დამშვიდდება შენი გული; და ამის შემდეგ შეურაცხმყოფელს შენდობა სთხოვე. (წმ. აბბა ზოსიმე)
ბოროტებას, ნაკლოვანებებს ასწორებენ სიკეთით, ალერსით, სიმშვიდით, სიმდაბლით, მოთმინებით. თავი ჩათვალე უპირველესად იმათ შორის, ვინც შენ ცოდვილად გეჩვენება, ან მართლაც ცოდვილია; თავი მიიჩნიე ყველაზე უარესად და ყველაზე ქვემოთ მყოფად. (წმ. იოანე კრონშტადტელი)
აი, რას მიაღწია ეშმაკმა. მან დედამიწა აქცია ლაბირინთად, რომელშიც ჩვენ ერთმანეთის გაგება არ შეგვიძლია... ჩვენ იქამდე მივედით, რომ ჩვენს დროში დედამიწა ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოდ ვაქციეთ! და ჩვენ არც კი გვესმის, რაშია საქმე. ყველანი გაოცებულები ვართ: „რა დაგვემართა, საით მივდივართ, რატომ მიდიან ჩვენი შვილები, რატომ წავიდნენ საკუთარი სახლებიდან და დაეხეტებიან უმიზნოდ, რატომ მიატოვეს ცხოვრება, რატომ მიატოვეს სწავლა? რატომ ხდება ეს?“ ეშმაკმა მოახერხა საკუთარი თავის დაფარვა და ადამიანებისთვის შთაგონება, რომ სხვა სახელები გამოეყენებინათ. როდესაც ადამიანი იტანჯება, ექიმები, ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ: „ახ, შენ ნევროზი გაქვს! ახ, შენ სტრესი გაქვს!“ – და ამის მსგავსი. ისინი არ თანხმდებიან იმაზე, რომ ეშმაკი ანვითარებს ადამიანში ეგოიზმს...
წმ. პორფირი კავსოკალიველი
ბოროტება ბოროტებას ვერ მოსპობს. თუკი ვინმე ბოროტებას გიკეთებს, შენ მას სიკეთე გაუკეთე, რომ კეთილი საქმით მოსპო სიბოროტე.
წმ. პიმენ დიდი
მოვა დრო და ადამიანები ჭკუაზე შეიშლებიან. როდესაც ისეთ ვინმეს ნახავენ, ვინც საერთო სნეულებით არ იქნება დაავადებული, დაუპირისპირდებიან და ეტყვიან: „შენ შეშლილი ხარ, რადგან ჩვენნაირი არ ხარ“.
წმ. ანტონი დიდი
ეს საუკუნე სინანულის საუკუნეა, ხოლო ის – მიგებისა; ეს – კეთებისა, ის – გადახდისა; ეს – მოთმინებისა, ის – ნუგეშისცემისა. აწ ღმერთი დამხმარეა მათი, ვინც ბოროტი გზიდან მოიქცევა, ხოლო მაშინ – საშინელი და მიუკერძოებელი გამომეძიებელი კაცთა საქმეებისა, სიტყვებისა და გულისსიტყვებისა. აწ ვსარგებლობთ სულგრძელებით, მაშინ შევიცნობთ მართლმსაჯულებას, როცა აღვდგებით – ერთნი მარადიული სასჯელისათვის, ხოლო სხვები მარადიული ცხოვრებისათვის, და ყველა მიიღებს საქმეების მიხედვით.
წმ. ბასილი დიდი
თუკი უფალმა ვირი აალაპარაკა და მოგვის მიერ სულიერი კურთხევა მიანიჭა [ებრაელებს]; თუკი, ამგვარად, ვირის უსიტყველი ბაგეებით და ბალაამის უწმინდური ენით უფალი უმადური იუდეველებისთვის მოქმედებდა, მით უმეტეს თქვენთვის, თუკი მადლიერნი იქნებით, ის ყველაფერს აღასრულებს, რაც საჭიროა, და სული წმიდას გარდამოავლენს, – თუნდაც რომ მღვდლები უკიდურესად ბიწიერნი იყვნენ.
წმ. იოანე ოქროპირი
თუკი ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობას არ დაიწყებს, მაშინ ეშმაკი მას სხვა სამუშაოს გამოუძებნის – სხვების ნაკლოვანებების მოძიებას.
წმ. პაისი ათონელი
სულო ჩემო! რაც უნდა სიმართლე გქონდეს, თუ ძმისგან შეურაცხყოფა და წყენა არ მოითმინე, არა გაქვს ნაწილი იესოსთანა და სახარების მადლისაგან შორს დარჩები.
წმ. ალექსი ბერი, შუშანია
სიახლეები
8 იანვარი 2025
ცხოვრება: წმიდა მამები სიძულვილის შესახებ
25 დეკემბერი 2024
პატერიკები: წმინდა ნიკოლოზ სერბი – ამბავი სიძულვილის ძლევისა
15 აპრილი 2024
ცხოვრება: წმინდა პაისი მთაწმინდელი – სწავლებები
18 ნოემბერი 2023
ისტორია: რატომ გაუქმდა გლადიატორთა ბრძოლები
2 ნოემბერი 2023
საცდურები: წმ. მამები ასტროლოგიის შესახებ
24 ივლისი 2023
მოღვაწეობა: წმიდა მამათა სწავლებების კრებული (ნაწ. 2)
8 დეკემბერი 2022
ცოდვები: წმ. მამები ავსიტყვაობისა და ბილწსიტყვაობის შესახებ
18 ივნისი 2022
განმარტება: წმ. იოანე ოქროპირი – თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ
15 აპრილი 2022
მოღვაწეობა: არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) – სწავლებები
10 აპრილი, 2021
მოღვაწეობა: წმ. იოანე სინელი – კლემაქსი, რომელ არს კიბე (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის თარგმნილი, შესწორებული გამოცემა)
|
|