martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ღირსი ქალწული ევპრაქსია – ახალგაზრდა მონაზონი

ხსენება 25 ივლისს (ახ. სტ. 7 აგვისტოს)

 

კონსტანპინეპოლში ღვთისმოსავი თეოდოსი დიდის მეფობის დროს, ცნობილ დიდებულებს შორის ბრწყინავდა მეფის ნათესავი, ანტიგონე. ბრძნული და გონივრული იყო მისი სიტყვაც და საქმეც. იგი მეფეს ყოველთვის კეთილ რჩევებს აძლევდა. ანტიგონე ხალხის დიდი გულშემატკივარი იყო, მოწყალე მათხოვრებისადმი, იგი ხალისით ეხმარებოდა ღარიბებს. მეფეს იგი უყვარდა არამარტო როგორც ნათესავი, არამედ როგორც ღვთისმოსავი ქრისტიანი და კეთილი მრჩეველი.

ანტიგონე ძალიან მდიდარი იყო. მან ცოლად შეირთო მშვენიერი ქალწული, სახელად ევპრაქსია – კეთილმსახური, ღვთისმოშიში, ეკლესიის ერთგული, მხურვალე მლოცველი. იგი ტაძრებს თავის ძვირფასეულობებს სწირავდა სიწმინდეების შესამკობად.

ამ ღვთისმოსავ წყვილს ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც მშობლებმა დედის სახელი – ევპრაქსია დაარქვეს. შვილის შეძენის შემდეგ მეუღლეები შეთანხმდნენ, თავშეკავებაში ეცხოვრათ, და-ძმასავით. მათ გადაწყვიტეს თავიანთი ქონება ქრისტიანული საქმეებისთვის მოეხმარათ. "ამ ქონებას მიწაში ხომ არ წავიღებთ?" – ამბობდნენ ისინი – კეთილი განზრახვით დავურიგებთ ღარიბებს, რათა მათ ჩვენთვის ილოცონ".

ანტიგონემ მხოლოდ ერთი წელი იცხოვრა ასეთი ცხოვრებით და გარდაიცვალა. მეფემ და დედოფალმა გულით დაიტირეს იგი. დაკრძალვის შემდეგ ისინი შეეცადნენ ენუგეშებინათ ევპრაქსია, მაგრამ მან თავისი ქალიშვილი ხელში ჩაუწვინა მეფე-დედოფალს, მათ წინ მუხლებზე დავარდა და თქვა: "უფლისა და თქვენს ხელში ვტოვებ ამ ობოლს; თქვენი ნათესავის, ანტიგონეს ხსოვნისთვის, მიიღეთ ეს ბავშვი და იყავით მისთვის დედ-მამა". ამ სიტყვების გამგონე ტიროდნენ მეფე-დედოფალიც და გარშემო მყოფი ადამიანებიც.

ოთხი წლის შემდეგ მეფემ ჯერ კიდევ მცირეწლოვანი ევპრაქსია ცნობილ ყმაწვილზე, სენატორის შვილზე დანიშნა, რომელიც მის სრულწლოვანებას უნდა დალოდებოდა.

საქმრო დედასაც გამოუჩნდა და ამ საქმეს თვით დედოფალი უწყობდა ხელს! მეფემ ეს ამბავი გაიგო და განურისხდა დედოფალს: "შენ უკადრისი საქციელი ჩაიდინე. როგორ შეგეძლო ჩვენი ახლო ნათესავისა და მრჩევლის, ანტიგონეს დავიწყება, როგორ ისურვე მისი ცოლის, რომელიც ანგელოზებრივ ცხოვრებას შეუდგა, კვლავ საერო ცხოვრებისაკენ მობრუნება? ნუთუ ღმერთის არ გეშინია?" ევპრაქსიას გამო მეფე-დედოფალს შორის მაშინ დიდი უსიამოვნება ჩამოვარდა. ევპრაქსია ისე შეაწუხა ამ ამბავმა, რომ დადარდიანებულმა გადაწყვიტა კონსტანტინოპოლის დატოვება. მან თავისი დარდი თავის შვილს გაუზიარა.

– შვილო, – თქვა დედამ. – ჩვენ ეგვიპტეში დიდი მამულები გვაქვს. წავიდეთ, ვნახოთ მამაშენის და ჩემი მიწები. ეს ყველაფერი შენი იქნება.

ევპრაქსიამ რამოდენიმე მონა გაიყოლია, კონსტანტინოპოლი დატოვა და ეგვიპტეში გაემგზავრა.

იმ დროს ეგვიპტის უდაბნოში მრავალი დედათა და მამათა მონასტერი იყო. ევპრაქსიამ გულმოდგინედ დაიარა ისინი და გულუხვად გასცა ოქრო-ვერცხლი. იქვე მახლობლად იყო დედათა მონასტერი, რომელშიც 130 მონაზონი ცხოვრობდა. მათ ცხოვრებაზე საოცარ ამბებს ჰყვებოდნენ, რომ არც ერთ მათგანს არ გაუსინჯავს ღვინო, ზეთი, ბოსტნეული. მათ საკვებს შეადგენდა პური და წყალი, მოხარშული ფოთლები, თაფლი და უზეთო ბალახი. საკვებს ზოგი მხოლოდ დღეში ერთხელ, საღამოს, ზოგი დღეგამოშვებით და ზოგიც ორი დღის გამოშვებით იღებდა. თავს მოსვენების უფლებას არ აძლევდნენ. იძინებდნენ მიწაზე, ტანთ გრძელი ძაძა ეცვათ, ყოველი მათგანი თავისი შესაძლებლობის შესაბამისად შრომობდა.

ქვრივ ევპრაქსიას უყვარდა ეს მონასტერი მისი დების საოცარი ცხოვრების გამო და ხშირად მოდიოდა აქ ქალიშვილთან ერთად, მას სანთლები და საკმეველი მოჰქონდა მონასტერში.

ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს, იღუმენიამ ჰკითხა გოგონას:

– გიყვარს ეს მონასტერი და აქ მცხოვრები დები?

– დიახ, ძალიან მიყვარხართ, – უპასუხა გოგონამ.

– თუ გიყვარვართ, – გააგრძელა იღუმენიამ, – დარჩი ჩვენთან მონაზვნად.

– ძალიან მინდა, – უპასუხა ევპრაქსიამ, – თუ დედაჩემს არ ეწყინება, მე აქ დავრჩები.

ევპრაქსია უსმენდა ამ საუბარს, ჩუმად იცრემლებოდა და თან უკვირდა შვილის კეთილგონიერება. იღუმენიაც სიყვარულით უსმენდა ბავშვს და უკვირდა, თუ როგორ აზრიანად პასუხობდა მას შვიდი წლის გოგონა.

ღამდებოდა. დედა და იღუმენია არწმუნებდნენ გოგონას, სახლში წასულიყო, მაგრამ მას არ სურდა მონასტრის დატოვება.

– შვილო ჩემო, – უთხრა იღუმენიამ – თუ აქ ყოფნა გსურს, უნდა ისწავლო წერა-კითხვა, იმარხულო საღამომდე, როგორც ამას სხვა დები აკეთებენ.

– ვიმარხულებ კიდევაც, ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფერსაც ვისწავლი, ოღონდ აქ დამტოვეთ.

ღვთის შთაგონებით იღუმენია მიხვდა, რომ გოგონას გადაწყვეტილება ურყევია და დედამისს უთხრა: – დატოვეთ აქ შვილი. მე ვხედავ, რომ მასში ღვთის მადლი გაბრწყინდა.

დედის დიდსულოვან გულში მძიმე ბრძოლა გაიმართა. მას იმედი ჰქონდა, რომ ქალიშვილი სიცოცხლის ბოლომდე მისი მანუგეშებელი იქნებოდა, ახლა კი ღვთისათვის უნდა მიეძღვნა იგი! კეთილშობილი ევპრაქსია წამოდგა ფეხზე, მტკიცე ნაბიჯით მიიყვანა ბავშვი მაცხოვრის ხატთან, თვალცრემლიანმა აღაპყრო ხელები ცისკენ და წამოიძახა: "ღმერთო, მიიღე ჩემი შვილი საჩუქრად, მან თვითონ ინება თავი შენთვის მოეძღვნა".

შემდეგ იგი ბავშვს მიუბრუნდა:

– უფალმა განგამტკიცოს, ჩემო შვილო, ღვთის შიშში.

ამ სიტყვებით მან შვილი იღუმენიას გადასცა და აქ მისმა გულმა ვეღარ გაუძლო: ქალი აქვითინდა, თან გულში მჯიღს იცემდა. მასთან ერთად ტიროდნენ მონაზვნებიც. ამ გმირული თავგანწირვის შემდეგ დედამ დატოვა მონასტერი, შვილი კი უფლის ნებას მიანდო.

მეორე დღეს შვიდი წლის ევპრაქსია მონაზვნად აღკვეცეს, და როდესაც დედამ თავისი შვილი სამონაზვნო სამოსელში იხილა, ხელები ცისკენ აღაპყრო და ღმერთს შესთხოვა:

"მეუფეო დაუსაბამოო, რომელმაც ჩემს შვილში კეთილი საქმე წამოიწყე! შენვე დაასრულე იგი! შენი წმიდა ნებისამებრ ატარე იგი, რათა შენი წყალობა მოიპოვოს. ეს ობოლი პატარაობიდანვე შენი მიმდევარია".

ევპრაქსია დაშორდა შვილს და წავიდა ეგვიპტის მონასტრებისა და ღარიბთა თავშესაფრის მოსანახულებლად. ყველგან ქველმოქმედებას ეწეოდა თავისი მდიდარი მამულების საშუალებით.

რამოდენიმე წლის შემდეგ მთელ ქრისტიანულ სამყაროში ხმა დაირხა ღვთისმოსავ ქვრივზე, ევპრაქსიაზე, რომელიც ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა და დაუღალავად გასცემდა მოწყალებას, ყოველდღე მარხულობდა და მხოლოდ საღამოს გვიან იღებდა მცირეოდენ სამარხო საჭმელს. ყველას უკვირდა, თუ როგორ ახერხებდა ასეთი მდიდარი ქალი ასეთ თავშეკავებულ ცხოვრებას.

რამოდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ევპრაქსია კვლავ ესტუმრა მონასტერს, იღუმენიამ მას უთხრა:

– ქალბატონო, ნუ შეშფოთდები იმის გამო, რასაც ახლა გეტყვი: ხილვა მქონდა, ვნახე თქვენი მეუღლე ანტიგონე, რომელიც მეუფეს, იესო ქრისტეს ევედრებოდა, შენი სული სხეულს განშორებოდა^

ღვთისმოსავი დედა კი არ შეშფოთდა, არამედ გაიხარა, რადგან უკვე დიდი ხანია ელოდა უფლისაგან ნებართვას, სხეულისაგან გათავისუფლებულიყო და ქრისტესთან წასულიყო.

მან შვილი მოიხმო (მაშინ ევპრაქსია 12 წლის იყო) და უთხრა: "შვილო ჩემო, ევპრაქსია, უფალი თავისთან მიხმობს, დადგა ჩემი აღსასრულის დღე, გიტოვებ ჩემი და მამაშენის მამულებს. საუკეთესო საქმეს მოახმარე ისინი, რათა ზეციური სასუფეველი მოიპოვო". ეს რომ მოისმინა, ევპრაქსია ატირდა.

– ნუ ტირი, – ამშვიდებდა დედა, შენ გყავს ქრისტე, შენი მამა. შენ მარტო არა ხარ, არც ობოლი ხარ. დედის მაგივრობას იღუმენია გაგიწევს, ოღონდ ეცადე, ყველაფერი, რაც ქრისტეს შეჰპირდი, კარგად შეასრულო. პატივი ეცი დებს, მორჩილებით ემსახურე მათ, ნურასოდეს გაიხსენებ, რომ დიდებულთა შთამომავალი ხარ; ნუ იტყვი, ისინი უნდა მომემსახურონ და არა მე მათ, იყავი თავმდაბალი, რათა უფალმა შეგიყვაროს, იყავი ღარიბი მიწაზე, რათა გამდიდრდე ზეცაში. ახლა ყველაფერი შენს ხელთ იქნება. თუ მონასტერს რაიმე დასჭირდება, დაეხმარე და სიცოცხლის ბოლომდე შენი მშობლებისთვის ილოცე.

სამი დღის შემდეგ ნეტარი ევპრაქსია გარდაიცვალა. იგი იმავე მონასტერში დაკრძალეს.

როდესაც მეფემ ევპრაქსიას გარდაცვალების ამბავი შეიტყო, მოიხმო სენატორი, რომლის ვაჟზეც იყო დანიშნული ევპრაქსია და უამბო, რომ მისმა დანიშნულმა ზურგი შეაქცია წუთისოფელს და მონასტერში დასახლდა. მეფემ ამ დიდებულის თხოვნით ევპრაქსიას ბრძანება გაუგზავნა, სასწრაფოდ კონსტანტინოპოლში დაბრუნებულიყო თავის საქმროსთან დასაქორწინებლად. ევპრაქსიამ ბრძანება მიიღო და მეფეს ასეთი პასუხი მისწერა: "მეფევ, ბატონო, შენ მიბრძანებ მე, შენს მონას, ქრისტე მივატოვო და შევუერთდე ადამიანს, რომელიც დღეს ცხოვრობს და ხვალ მოკვდება და მატლი შეჭამს. მე ასე არ მოვიქცევი. ნუღარ შეგაწუხებს ჩემს გამო ეს ადამიანი. ჩემი მშობლების მოსახსენიებლად კი გთხოვ, ჩემი მამულები დაურიგო წმიდა ეკლესია-მონასტრებს, ქვრივ-ობლებსა და გაჭირვებულებს. გაათავისუფლე ჩემი მონები, მიეცი განკარგულება ჩემი მშობლების საქმეთა მმართველს, ყველა მოვალეს ვალი აპატიოს. ჩემო მეუფევ, გთხოვ, გულმოდგინედ მოაწყო ეს საქმე, რომ მე უდარდელად და დაუბრკოლებლად ვემსახურო ქრისტეს, რომელსაც მთელი სულით მივენდე. დედოფალთან ერთად ილოცე ჩემთვის, რათა უფალი შემეწიოს მისდამი ჩემს მსახურებაში".

მეფემ და დედოფალმა წაიკითხეს ევპრაქსიას წერილი. მეფეს გული აუჩუყდა და ატირდა. მეორე დღეს მან მოიხმო დიდებულები და ევპრაქსიას საქმროს მამა. მისი ბრძანებით წერილი ხმამაღლა წაიკითხეს. ბევრი აატირა ამ წერილმა. მეფეო, – თქვეს დიდებულებმა, – ეს გოგონა ჭეშმარიტად შენი ფესვებიდანაა. თავისი კეთილი მშობლების, ანტიგონესა და ევპრაქსიას ღირსეული შვილია, წმიდა ფესვის წმიდა რტოა.

მეფემ შეასრულა გოგონას თხოვნა, ანტიგონეს მამულები ტაძრებსა და ღარიბებს დაურიგა. ამის შემდეგ ევპრაქსიამ უფრო გააძლიერა თავისი ღვაწლი. საღამომდე არ ღებულობდა საჭმელს. ზოგჯერ ორი დღის განმავლობაშიც არ ჭამდა. ის თავმდაბლად ასრულებდა ყველა შავ სამუშაოს, ასუფთავებდა სატრაპეზოს და სხვა სენაკებს, უგებდა დებს ლოგინს, დაჰქონდა შეშა და წყალი, რეცხავდა ჭურჭელს, არავინ იყო მასზე ბეჯითი მონაზვნურ მორჩილებაში.

უფალმა თავის ერთგულ მსახურს სასწაულთმოქმედების ნიჭი მიმადლა.

ქალწული ევპრაქსია მართლმადიდებლური მონაზვნობის დიდ მოღვაწეთა რიცხვს განეკუთვნება.

 

თარგმნა ნინო ახალაძემ

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა