martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

დიდმოწამე ირინე, ქრისტეს ახალგაზრდა აღმსარებელი და სასწაულთმოქმედი

ხსენება 5 მაისს (ახ. სტ. 18 მაისს)

 

წმიდა დიდმოწამე ირინეს ცხოვრება ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარია წმინდანთა ცხოვრებებს შორის. ქრისტეს სარწმუნოებაზე მისი საოცარი მოქცევა, ტანჯვა, რომელიც მან ქრისტესთვის დაითმინა, უამრავი ხალხი, რომელიც მან ქრისტესთან მიიყვანა – ყოველივე ეს ადამიანზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. მისი ცხოვოვრების გაცნობისას მზად ხარ სიხარულით ტაში დაუკრა იმ დიდებულ გამარჯვებას, რომელიც ქრისტესთვის მოიპოვა ამ ახალგაზრდა დიდმოწამემ და შესძახო: "გიხაროდენ, წმიდაო დიდო მოწამეო ირინე".

ქრისტესთვის სხვა მოწამეთა ტანჯვა გრძელდებოდა რამდენიმე დღის ან რამდენიმე თვის განმავლობაში, ხოლო ირინეს მოწამებრივი ღვაწლი სხვადასხვა ქალაქში ათწლეულობით გაგრძელდა.

მისი მოწამებრივი და მქადაგებლური ღვაწლის განსაკუთრებულობას აძლიერებდა ისიც, რომ ირინე ცხოვრობდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში და წმიდა მოციქულ ტიმოთეს მოწაფე იყო.

იმ დროს, როდესაც ხალხი წმიდა სარწმუნოების გარეშე, წყვდიადსა და კერპთაყვანისმცემლობის მომაკვდინებელ გარემოში ცხოვრობდა და წმიდა მოციქულთა ქადაგებებით ბჟუტვა დაიწყო ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათელმა, ქალაქ მაგედონში (მაკედონიის მახლობლად) ცხოვრობდნენ მეფე ლიკინიუსი და მისი მეუღლე ლიკინეა. მათ შეეძინათ ქალიშვილი პენელოპე.

მამას სურდა მისი ქალიშვილი გაზრდილიყო ამქვეყნიური ხმაურისაგან მოშორებით, რათა ავ თვალს არ შეეხედა მისთვის, რათა მის ყურს არ გაეგონა უხეში სიტყვა. და აი ქალაქიდან მოშორებით, მყუდრო, ლამაზ ადგილას ააგო მრავალდარბაზიანი, მდიდრულად მოწყობილი ციხე-კოშკი. ავეჯი მთლიანად ოქროთი იყო მოჭედილი. ლიკინიუსმა პენელოპე აქ დაასახლა ცამეტ მშვენიერ ასულთან ერთად და მის დასაცავად ყველა კუთხეში კერპები დააყენა. პენელოპეს ამ ციხე-კოშკში სრულწლოვანებამდე, გათხოვებამდე უნდა ეცხოვრა. აღმზრდელად მამამ მას პატივსაცემი მოხუცებული ქალი – კარია მიუჩინა, რომელიც განუყრელად მასთან უნდა ყოფილიყო და დანარჩენი ასულებისთვისაც მიეხედა. პენელოპესთან ყოველდღე მოდიოდა კეთილშობილი, ჭკვიანი და განათლებული აპელიანე, რომელიც გოგონას სხვადახვა მეცნიერებებს ასწავლიდა.

ასე გაატარა მან ექვსი წელი და სამი თვე. როდესაც პენელოპეს თორმეტი წელი შეუსრულდა, მამა დაფიქრდა, რომელი უფლისწულისთვის მიეთხოვებინა იგი. ამასობაში მოზარდ პენელოპეს სულს რაღაც უცნაური გრძნობები აფორიაქებდა. მშვენიერი იყო მშობლების მზრუნველი სიყვარულით გარემოცული მისი ცხოვრება: მან არ იცოდა, რა არის უბედურება, ავადმყოფობა და სიკვდილი, და მიუხედავად ამისა, მაინც უკმაყოფილო იყო... მის გულს რაღაც სურდა, იგი თითქოს გრძნობდა, რომ არსებობს მისთვის უცნობი სამყარო და მხოლოდ იქ არის ნამდვილი ბედნიერება.

ერთხელ გოგონა თავისი კოშკიდან გაჰყურებდა ბუნების მშვენიერებას: ბუმბერაზ მთებს, ლამაზ მყუდრო ხეობას, ახლადშეფოთლილ ტყეს, დამწიფებულ ყანებს, ლამაზ ბაღებში ჩაფლულ სახლებს. ყველა ქმნილება საოცარი სიმშვიდით გამსჭვალულიყო...

გოგონა მშვიდად უყურებდა ამ სურათს. უეცრად მასთან ოთახში მტრედი შემოფრინდა, მაგიდაზე ზეთისხილის რტო დატოვა და გაფრინდა. მტრედის გამოჩენამ გოგონას გული აუჩუყა და გაახარა. შემდეგ არწივი მოფრინდა, ნისკარტით ყვავილების გვირგვინი მოიტანა, იმავე მაგიდაზე დადო და გაფრინდა. ბოლოს ყვავი მოფრინდა, მის ნისკარტში პატარა გველი იკლაკნებოდა, ყვავმა გველი მაგიდაზე დადო და გაფრინდა. პენელოპემ აღმზრდელსა და თანატოლებს დაუძახა. ყველა გაოცდა, მათ ვერ გაიგეს, რისი მანიშნებელი უნდა ყოფილიყო ეს ამბავი. მხოლოდ აპელიანემ, რომელიც ფარულად აღიარებდა ქრისტიანობას და განსაკუთრებით საზრიანი ადამიანი იყო, შესძლო აეხსნა გოგონასთვის მომხდარის მნიშვნელობა: "მომისმინე, მეფის ასულო. იცოდე, რომ მტრედი შენი სათნოების, თავმდაბლობის, სიმშვიდისა და ქალწულებრივი უმანკოების სიმბოლოა, ხოლო ზეთისხილის რტო შენზე გადმოსულ ღვთის წყალობას მოასწავებს; არწივი მეფეს და გამარჯვებას ნიშნავს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შენ შენს ვნებებზე გაიმარჯვებ და უხილავ მტრებს პატარა ჩიტებივით დაამარცხებ; ყვავილების გვირგვინი კი იმის ნიშანია, რომ უფალ იესო ქრისტესგან ზეციურ სასუფეველში დიდ ჯილდოს მიიღებ, იქ შენ მარადიული დიდების უხრწნელი გვირგვინი გელოდება; ყვავი კი შენს მტერზე – ეშმაკზე მიგითითებს, რომელსაც შენთვის უბედურება, დარდი და დევნა მოაქვს. იცოდე, რომ დიდებული მეუფე, რომელიც ზეცის და დედამიწის მფლობელია, თავისი სასუფეველისთვის გამზადებს, რისთვისაც ბევრი ტანჯვის მოთმენა მოგიწევს"...

მეორე დღეს მეფე დედოფლისა და ამალის თანხლებით პენელოპესთან მივიდა. მას სურდა შეეტყო შვილის მოსაზრება ქორწინების შესახებ. როდესაც მან დაინახა მზის სხივებით გაბრწყინებული შვილის ლამაზი სახე, გაიხარა და თქვა: "ჩემო საყვარელო შვილო, შენ უკვე მიაღწიე ქორწინების ასაკს, მითხარი, რომელი მეფის ვაჟს გაჰყვები ცოლად?"

გოგონამ მოსაფიქრებლად მამას შვიდი დღე სთხოვა.

მამის წასვლის შემდეგ იგი მივიდა კერპებთან და უთხრა მათ: "მამას ჩემი გათხოვება სურს, მე კი ქალწულების დაცვა მინდა, რადგან ამქვეყნიურზე ზრუნვა ხელს უშლის ღვთის სამსახურს. თუ თქვენ ღმერთები ხართ, მითხარით, როგორ მოვიქცე – გავთხოვდე თუ არა?"

მუნჯი კერპები დუმდნენ, როგორც უსულო საგნები. მაშინ პენელოპე აღმოსავლეთისკენ მიბრუნდა, თვალები ზეცისკენ აღაპყრო და თქვა: "თუ შენ ჭეშმარიტი ღმერთი ხარ, რომელსაც გალილეველები აღიარებენ, გთხოვ მომეცი რაიმე ნიშანი, გავთხოვდე თუ ქალწულებაში დავრჩე". ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ პენელოპეს ჩაეძინა. მან სიზმარში იხილა უფლის ანგელოზი, რომელმაც უთხრა: "პენელოპე, დღეიდან შენ გერქმევა ირინე (რაც ბერძნულად მშვიდობას ნიშნავს), შენ იქნები ადამიანებისათვის მშვიდობიანი თავშესაფარი და ათასები შენით მოექცევიან და ცხონდებიან, ცნობილი და დიდებული იქნება შენი სახელი ქვეყანაზე, ხოლო ის, რაც აპელიანემ გითხრა ფრინველების შესახებ, სრული ჭეშმარიტებაა... ამ ღამით შენთან მოვა ღვთის კაცი ტიმოთე, იგი პავლე მოციქულის მოსწავლეა, მას დავალებული აქვს, მოგნათლოს და გასწავლოს, როგორ მოიქცე". გოგონას გამოეღვიძა. დიდი სიხარულით ელოდა იგი პრესვიტერს. ცოტა ხნის შემდეგ ანგელოზმა მოიყვანა მოციქული ტიმოთე გოგონას კოშკთან. აპელიანემ შეიყვანა სტუმარი. მოციქული დაჯდა და სწავლებას შეუდგა. მას სულგანაბულნი უსმენდნენ პენელოპეც, მისი აღმზრდელიც და თანატოლებიც. წმიდა ტიმოთე საუბრობდა ჭეშმარიტ ღმერთზე – იესო ქრისტეზე, წმიდა სარწმუნოებაზე და ნათლობის საიდუმლოზე. მან ყველანი მონათლა და პენელოპეს სახელად ირინე უწოდა. მოციქული არწმუნებდა გოგონას მამაცურად ეტვირთა მოწამებრივი ღვაწლი, რომელიც მას ქრისტესთვის, ჭეშმარიტი ღმერთისთვის, უკვდავი სიძისთვის ელოდა. ტიმოთემ დალოცა ყველა იქ მყოფი, უფლის მადლს მიაბარა ისინი და წავიდა.

ნეტარი დღე და ღამე თანატოლებთან ერთად მადლობდა და ადიდებდა ღმერთს, სწავლობდა მოციქულთა ნაწერებს, რომლებიც მას წმიდა ტიმოთემ გადასცა. მან შეიძულა კერპები და სათითაოდ გადაყარა ისინი ფანჯრიდან.

შვიდი დღის შემდეგ მეფე-დედოფალი შვილთან მივიდნენ, ქორწინების შესახებ მისი პასუხის გასაგებად. შესვლისთანავე მათ შეამჩნიეს შვილის უჩვეულო დიდებულება, რაც მის თითოეულ მოძრაობაში იგრძნობოდა. ირინემ მშობლებს განუცხადა: "იცოდეთ, რომ ქრისტეს მონა ვარ, იგი ვიწამე და შევიყვარე, ჭეშმარიტი, მარადიული ზეციური მეფე... სხვა ღმერთს არ ვიცნობ, რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი. ნეტავ გენახათ, როგორ იმსხვრეოდნენ ფანჯრიდან გადაყრილი თქვენი ღმერთები, მათ საკუთარ თავს ვერ უშველეს და თქვენ როგორღა დაგეხმარებიან, ტყუილად გაქვთ მათი იმედი, ამაოა თქვენი მსხვერპლშეწირვა კერპებისადმი. გერჩიათ, ოქრო-ვერცხლი ღარიბებისათვის, მათხოვრებისათვის, ქვრივ-ობლებისათვის დაგერიგებინათ. როდემდე იქნებით ასე უგუნურნი, შეიცანით ცოცხალი ღმერთი, თაყვანი ეცით მას, რომელსაც შეუძლია მკვდრეთით აღდგენა და განცხოველება; მაშინ თქვენს გულში სიხარული დაისადგურებს, გაგშორდებათ ეშმაკი, რომელიც სინათლიდან ბნელში გიტყუებთ თქვენი სულების დასაღუპავად... მამა, შეიცანი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც სიტყვით შექმნა სამყარო. როდესაც შენ ჩემთვის კოშკის აგება ჩაიფიქრე, ამისათვის სამი ათასი მუშა და სამასი ზედამხედველი აამუშავე და მათ ცხრა თვეში ძლივს მოასწრეს ამ საქმის დასრულება. ღმერთმა კი ერთი სიტყვით შექმნა ცა, ყველაფერი, რაც მიწაზე ხარობს, წყალში ბინადრობს, თუ ცაში დაფრინავს – ყოველივე ამას კი მიწისაგან შექმნილი ადამიანი დაუყენა ბატონად.

ეს ყოველივე მან თავისი სიტყვით ექვს დღეში შექმნა. ადამიანის დაცემის შემდეგ კი თავისი ძე – იესო ქრისტე გამოგვიგზავნა... იესო ცხოვრობდა ადამიანებს შორის, ახდენდა სასწაულებს, კურნავდა კეთროვნებს, თვალის ჩინს უბრუნებდა ბრმებს, აღადგენდა მკვდრებს. ბოლოს იგი ჯვარს აცვეს, მაგრამ სიკვდილისა და დაკრძალვის შემდეგ მესამე დღეს იგი მკვდრეთით აღსდგა, ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისა. თავის მოწაფეებს სულიწმიდა მოუვლინა და დაავალა, ქვეყნიერება მოევლოთ, ხალხი გაენათლებინათ, დახმარებოდნენ შეცდომაში შეყვანილთ, დაღუპულები გადაერჩინათ, რადგან მას ყველას გადარჩენა სურს, მისი წყალობა ადამიანთა მოდგმისადმი არასოდეს დაილევა".

ასე საუბრობდა შთაგონებული წმინდანი და ყველა გულმოდგინედ უსმენდა. მეფე-დედოფალმა ქალიშვილი ქალაქში გაიყვანეს. აქ მეფის ასულს გვირგვინებით შეხვდნენ, მთელი ხალხი ადიდებდა მშვენიერ პენელოპეს. ასე დაიწყო ირინეს მქადაგებლური ღვაწლი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.

დიმიტრი როსტოველის თვენის საკითხავი დაწვრილებით მოგვითხრობს ქრისტეს ახალგაზრდა მქადაგებლის შემდგომი ღვაწლის შესახებ. ბოროტი სულის შთაგონებით მამა განრისხდა ქალიშვილზე და ბრძანა ცხენების ფლოქვებ ქვეშ ჩაეგდოთ იგი. ცხენებმა აიწყვიტეს და ლიკინიუსი ფლოქვებით სასიკვდილოდ გათელეს; წმიდა ირინემ ლოცვით გააცოცხლა მამა, რომელმაც სამი ათას ადამიანთან ერთად აღიარა ქრისტე და ხელისუფლება დატოვა.

წმიდა ქალწული თავის ყოფილ მასწავლებელთან, აპელიანთან დასახლდა. იგი მთელ დღეებს მარხვაში ატარებდა, მხოლოდ საღამოს იღებდა ცოტაოდენ პურსა და წყალს, ეძინა მიწაზე და მთელ დროს ლოცვასა და წმიდა წიგნების კითხვაში ატარებდა.

არაადამიანური ტანჯვა-წამება მიაყენა მას მაგედონის ახალმა მმართველმა. მაგრამ ამ ვნებამ რვა ათასი კაცი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. მისი წამება განაგრძო მეორე მმართველმაც, მაგრამ ეს ცდაც უთვალავი ადამიანის ნათლობით დასრულდა.

სამი წელი ეწამებოდა იგი ქალაქ მაგედონში, შემდეგ სხვა ქალაქში გაგრძელდა მისი წამება, მაგრამ უვნებელი გადარჩა. ერთ ქალაქში იგი სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ უფლის ანგელოზმა აღადგინა. ქალაქში შესვლისას ნეტარ ირინეს ზეთისხილის რტო ეკავა ხელში. მისმა დანახვამ ყველანი გააკვირვა. მისი მტანჯველიც კი დაეცა წმინდანის ფეხებთან და ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლება სთხოვა.

მცირე აზიის ცნობილ ქალაქ ეფესოში დიდმოწამე ღრუბელმა გადაიყვანა. მან უფალს სული პირველი საუკუნის ბოლოს მიაბარა.

ასე ეწამებოდა და იღვწოდა ქრისტესთვის  დიდმოწამე ქალწული – ირინე.

 

თარგმნა ნინო ახალაძემ

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა