martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

მოწამე დედოფალი ალექსანდრა

  

ხს. 23 აპრილს

 

თავი პირველი

  

რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მეფობის ბოლო წლები იდგა. მისი თანდასწრებით "ღმერთებისადმი" საზეიმო მსხვერპლშეწირვა სრულდებოდა. საკერპოში ბინდი იყო, შანდლების ალი ირხეოდა და მარმარილოს კერპების მკვდარ, უძრავ სახეებზე სისხლისფრად ირეკლებოდა. იდგნენ კერპები ცივად და გულგრილად უყურებდნენ ყველაფერს, რაც მათ ირგვლივ ხდებოდა.

 

რაღაც უჩვეულო ხდებოდა! სულ ახლახან ტაძარში ყვავილებითა და ფერადი ბაფთებით მორთული სამსხვერპლო ცხოველი მოიყვანეს. წარმართული სიმღერებით ის ჩვეული რიტუალით დაკლეს, მაგრამ მისი შიგნეულის დათვალიერებისას ქურუმები საჭირო საიდუმლო ნიშნებს ვერ პოულობდნენ, რითაც "ღმერთების" ნება უნდა გაეგოთ. მათთვის ეს მოვლენა გაუგებარი იყო: მკითხაობა არ ხერხდებოდა, "ღმერთები" არ წინასწარმეტყველებდნენ.

 

ისინი მოლოდინში დადუმებული ბრბოს წინაშე აღელვებულნი იდგნენ. მათ თავებზე რაღაც ბოროტი, ავისმაუწყებელი ღრუბელი შეიკრა. რის გამო მრისხანებენ "დიადი ღმერთები"? უმაღლესი ქურუმ ტატისს თავზარი დაეცა, მაგრამ მაინც ბრძანა მსხვერპლის შეწირვა. გუნდრუკი დააფრქვიეს, მსხვერპლი შეწირეს, მაგრამ "ღმერთებმა" თავიანთი ნება ამის შემდეგაც არ გაამჟღავნეს.

 

– ღმერთები მსხვერპლზე უარს ამბობენ! – დაიყვირა შეძრწუნებულმა ტატისმა, – ეს იმიტომ, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც მათთვის საძულველი ნიშნების გამოჩენას ხელს უშლიან. ყველამ იცოდა, რომელ ადამიანებზე ლაპარაკობდა ქურუმი და რა ნიშანს გულისხმობდა. ვიღაცამ შენიშნა, რომ ქრისტიანებმა, რომლებიც იმპერატორის ამალაში მრავლად იყვნენ, მსხვერპლშეწირვის დროს ჯვარი გამოისახეს იმის ნიშნად, რომ მსხვერპლის შეწირვაში არ მონაწილეობდნენ. იქ კი, სადაც ქრისტიანები იყვნენ, არა მხოლოდ ქურუმები, თვით მათი "ღმერთებიც" უძლურნი ხდებოდნენ!

 

ღრუბელივით მოღუშული იმპერატორი საკურთხევლიდან გამოვიდა. ხარობდა მხოლოდ გალერი, დიოკლეტიანეს თანამმართველი და ქრისტიანების დაუძინებელი მტერი. ის დიდი ხანი იყო, რაც იმპერატორს ქრისტიანობის აღმსარებელთა დევნას ურჩევდა, მაგრამ დიოკლეტიანე აყოვნებდა, თავს იკავებდა იმათი სისხლის დაღვრისაგან, რომლებიც ყოველთვის სახელმწიფოს ერთგული მსახურნი იყვნენ. წარუმატებელი მსხვერპლშეწირვა ქრისტიანთა ახალი დევნის ერთ-ერთი მაუწყებელი იყო.

 

რამდენიმე ხნის შემდეგ აპოლონის ტაძრის ქურუმმა აზრი გამოთქვა ქრისტიანებზე, როგორც სახელმწიფოს მტრებზე და ამან შავი ღრუბელი კიდევ უფრო მოაახლოვა. დიოკლეტიანე თანდათან გალერის გავლენის ქვეშ ექცეოდა. ცოტა ხნით ადრე მან იმპერატორს გამოაცემინა განკარგულება, რომ მსხვერპლეწირვაში მონაწილეობა ყველა მეომარს მიეღო. ჯარში მომსახურე ქრისტიანებმა ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვეს. ამის გამო ზოგი თანამდებობიდან დაითხოვეს, ზოგი კი სიკვდილით დასაჯეს.

 

ეს იმ საშინელებათა მაუწყებელი იყო, რაც ქრისტიანულ ეკლესიას უნდა გადაეტანა და ამისათვის ქრისტიანები მამაცურად ემზადებოდნენ. ეს ხომ ეკლესიის პირველი დევნა არ იყო მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ქრისტე მაცხოვარზე ქადაგება გაისმა.

 

პირველად იმპერატორ ტიბერიუსის მეფობის დროს, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის მოფენის შემდეგ, ძველ წარმართულ სამყაროში გაისმა ადამიანთა ცხონების, აღდგომისა და საუკუნო ცხოვრების შესახებ კეთილი უწყება.  თითქმის სამი საუკუნის მანძილზე რომის სახელმწიფო და წარმართული საზოგადოება ახალი რწმენის წინააღმდეგ საშინელ ბრძოლას აწარმოებდნენ.

 

ქრისტეს რწმენის გასანადგურებლად წარმართობა ყოველ ღონეს ხმარობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა: ძველ მსოფლიოში დღითიდღე უფრო ხმამაღლა ისმოდა ხარება ქრისტეს შესახებ. წარმართობა გრძნობდა, რომ მას ადგილი თავმდაბალი და უწყინარი ქრისტიანებისთვის უნდა დაეთმო, მაგრამ ბრძოლის გარეშე ამის გაკეთება არ სურდა.

 

ქრისტიანებისადმი წარმართების სიძულვილის ყველაზე მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ქრისტიანული სწავლება ადამიანისაგან ცხოვრების მთლიანად შეცვლას მოითხოვდა. წარმართი მიეჩვია ფუფუნებასა და ნადიმში ცხოვრებას, რაც უზარმაზარი ფული ღირდა. მას ჰყავდა უამრავი მონა, რომლებიც არა მხოლოდ მუშაობდნენ და მას ემსახურებოდნენ, არამედ ბატონის თავშესაქცევად მოვალენი იყვნენ თავიანთი სისხლი ცირკის არენაზე დაეღვარათ.

 

ქრისტეს სწავლების მიმღები მაშინვე უნდა გადასხვაფერებულიყო. მდიდარი თავის განძს საკუთარი ნებით აძლევდა ღარიბებს. სიმდიდრესა და სიამოვნებას მიჩვეული ადამიანი თითქმის მათხოვარი და მმარხველი ხდებოდა. ძველი მეგობრები მისთვის შორეულნი და უცხონი ხდებოდნენ. ერთი სიტყვით, გაქრისტიანებული ადამიანი წარმართული სამყაროდან სამუდამოდ მიდიოდა. წარმართებს, რაღა თქმა უნდა, ქრისტიანობისათვის ამის პატიება არ შეეძლოთ.

 

წარმართობა შეუპოვრად ებრძოდა ქრისტიანობას. ორ-ნახევარი ასწლეულის განმავლობაში ქრისტეს ეკლესია სისხლიან დევნას განიცდიდა, მაგრამ მოწამეთა სისხლს სულ ახალი და ახალი ყლორტები გამოჰქონდა. დიოკლეტიანეს გამეფების დროისათვის ქრისტიანები საზოგადოების ყველა ფენაში გვხვდებოდნენ. ისინი საზოგადოებრივ და სახელმწიფო სამსახურში იდგნენ. წარმართობამ ქრისტიანობის გასასრესად უკანასკნელი ძალები დაძაბა.

 

ბოროტი გალერი იმპერატორს ქრისტიანობის წინააღმდეგ განაწყობდა და დიოკლეტიანე თანდათან ემორჩილებოდა. ქრისტიანებმა ჭექა-ქუხილის მოახლოება იგრძნეს. სასახლეში ამას იმპერატორისათვის ახლობელი და ძვირფასი ორი ადამიანიც გრძნობდა – მისი მეუღლე ალექსანდრა-პრისკა და ასული ვალერია.

 

ჩვენ არ ვიცით, როდის და რა ვითარებაში გაეცნო იმპერატორის ცოლი ქრისტიანულ სწავლებას, მაგრამ მას ვხედავთ, როგორც ქრისტიანს ან, უკიდურეს შემთხვევაში, ქრისტიანობისადმი კეთილად განწყობილს, მშვიდსა და მამაცს, რომელმაც ქრისტეს ერთგული შვილი აღზარდა. ჩვენ ძნელად თუ წარმოვიდგენთ, რა წამება იყო ეს: სამეფო კარის წარმართულ გარემოში, წარმართი მეუღლის გვერდით, რომლის ხელთაც იყო ქვეშევრდომთა და ოჯახის წევრთა სიკვდილ-სიცოცხლე – ყოფილიყო ქრისტიანი და ქრისტესათვის კიდევ ერთი განძი შეენახა: ცოცხალი სული საკუთარი შვილისა!

 

ვალერიას წინ დიდი განსაცდელი ელოდა: მშვიდი, მოსიყვარულე, ნაზი, მორწმუნე გოგონა მამამ უხეშ თანამმართველ გალერის მიათხოვა. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან ესმოდა, რომ ეს უაზრობა იყო, მაგრამ როგორ იტანჯებოდა იმისი გული, ვინც ამ გულს ქრისტესათვის ინახავდა?

 

იმ წუთებში, როცა ადამიანის სული მწუხარებისაგან იქანცება, მასთან დასახმარებლად თვით ღმერთი მოდის. და აი, დედოფალ ალექსანდრას სულში სწორედ ეს უდიდესი ძალა, ქრისტესადმი ეს უსაზღვრო რწმენა, სრული იმედი ჩაიღვარა. როცა დედოფალი ქალიშვილს ათხოვებდა, მან ის გონებით ღმერთს მიანდო და ღმერთმაც იმედი არ გაუცრუა: ვალერია ქორწინებაში ისეთივე სუფთა, ქრისტესადმი ისეთივე ერთგული დარჩა, როგორიც დედასთან იყო. და მისი სულიერი სილამაზის, მისი მხურვალე ღვთისმოსაობისა და უწყვეტი ლოცვის სხივები, როგორც მშვიდი საღამოს სინათლის ანარეკლი,  გარყვნილ და უხამს გალერისაც კი ეფინებოდა.

 

მალე გალერი ნიკომიდიაში, აღმოსავლეთ იმპერიის ყოფილ დედაქალაქში გაემგზავრა. ვალერია კვლავ დედასთან იყო. ორივემ იცოდა, რა გეგმებს აწყობდა გალერი და რას აპირებდა დიოკლეტიანე. ასევე ორივემ იცოდა, რომ მხოლოდ "სიკვდილამდე ერთგულთ ეძლევათ უფლისაგან გვირგვინი ცხოვრებისა".

 

ორივენი ქრისტეს სახელის დიადი აღიარებისათვის ემზადებოდნენ, ემზადებოდნენ შიშითა და თრთოლვით, ემზადებოდნენ სიხარულითა და გამარჯვების გალობით: "ალილუია".

 

თავი მეორე

 

ქრისტეს შობიდან 303 წლის 23 თებერვლის დილა იდგა. ამ დღეს მთელი ქალაქი წარმართულ დღესასწაულს აღნიშნავდა. ქრისტეს ეკლესიის დევნის დასაწყისად სწორედ ეს დღე იქნა არჩეული. ცაზე ვარსკვლავები ჯერ არ ჩამქრალიყო, აღმოსავლეთით ალიონი ჯერაც არ ანთებულიყო, როცა ნიკომიდიაში დედა ეკლესია აალდა. დიოკლეტიანე და გალერი ალმოდებულ ტაძარს თავიანთი სასახლის ფანჯრებიდან უყურებდნენ, ხედავდნენ, როგორ დალეწეს მეომრებმა ეკლესიის კარი, ტაძარში როგორ შეცვივდნენ და დილის მსახურებაზე შეკრებილ შეშინებულ ქრისტიანებს თავს დაეცნენ, როგორ ყრიდნენ ცეცხლში წმინდა წიგნებსა და საეკლესიო ნივთებს.

 

უყურებდნენ ამას მმართველები და აზრად არ მოსდიოდათ, რომ ამ სანახაობას იმავე სასახლიდან ორი ქრისტიანი ქალი უყურებდა, რომლებიც თავიანთ შეჭირვებულ ძმებს ვერაფრით ეხმარებოდნენ. ამიტომ ორივენი მდუმარენი და თავიანთ უზომო წუხილს დამორჩილებულნი იდგნენ. ესენი იყვნენ: დედოფალი ალექსანდრა და მისი ასული ვალერია.

 

24 თებერვალს გამოიცა განკარგულება: 1) შეწყდეს ქრისტიანთა შეკრება, 2) დაინგრეს ყველა ქრისტიანული ეკლესია, 3) განადგურდეს მათი წმინდა წიგნები, 4) ქრისტიანებს მოეთხოვოთ თავიანთი სარწმუნოებიდან განდგომა მძიმე სასჯელის მუქარით.

 

ქრისტიანთაგან ვისაც მაღალი თანამდებობა ეკავა, ყველა უფლების აღკვეთა ემუქრებოდათ; დაბალი ფენის ადამიანებს – მონობა; მონებს კი – გათავისუფლების იმედის დაკარგვა.

 

დევნა დაიწყო.

 

ქრისტიანები მამაცები აღმოჩნდნენ და ეს დიოკლეტიანეს აღიზიანებდა. სასახლეში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გაჩენაში ბრალი ქრისტიანებს დასდეს. იმპერატორის რისხვა ნიკომიდიის ქრისტიან მოსახლეობას დაატყდა. ეპისკოპოსები და ეკლესიის სხვა მსახურნი, მათი ოჯახები და მეგობრები, მსახურებიც კი შეიპყრეს და აწამეს. და ამ საშინელ დროს გაისმა ყოვლად ძლიერი იმპერატორისადმი ცოლის ჩუმი, მშვიდი ყვედრება. ეს იყო ქრისტიანების გაუბედავი დაცვა, იმის მცდელობა, რომ უდანაშაულოებისადმი დიოკლეტიანეს ბრმა რისხვა დაეცხრო.

 

ამ დროს კი დევნა საშინელ ზომებს იღებდა. იმპერატორის განკარგულება, ოთხჯერ ზედიზედ გამოცემული, ქრისტიანთა მდგომარეობას სულ უფრო ამძიმებდა. მესამე განკარგულებით გამოცხადდა, რომ ეპისკოპოსებს, მღვდლებს, დიაკვნებსა და მედავითნეებს ღმერთებისათვის მსხვერპლი უნდა შეეწირათ, თუ არადა სიკვდილით დაისჯებოდნენ. მეოთხე განკარგულების შემდეგ დევნა კიდევ უფრო სასტიკი გახდა.

 

ბრძანება გაიცა, რომ ყველას, მთელ იმპერიაში მსხვერპლი კერპებისათვის საჯაროდ შეეწირა. ქრისტიანთა სისხლი ნაკადულებად იღვრებოდა. დიოკლეტიანესთან ყველაზე დაახლოებულ ქრისტიანებს დაუნდობლად სჯიდნენ ან კლავდნენ. ამის ყურება ძრწოლის გარეშე არ შეიძლებოდა. ისინი, ვინც ცოტა ხნის წინ სამეფო ტახტს გარს ეხვივნენ, დღეს დასასჯელად მიჰყავდათ. მღვდლებს დაკითხვის გარეშე უგდებდნენ ჯალათებს ხელში. უბრალო მოქალაქეებს ცეცხლში ყრიდნენ და რადგანაც ბევრნი იყვნენ, ჯგუფურად წვავდნენ, სხვებს ზღვაში ახრჩობდნენ. არავის ინდობდნენ. ყოველდღე ახალ-ახალ სასჯელს იგონებდნენ.

 

ამ ამბების თანამედროვე ერთი ქრისტიანი მწერალი წერდა: – ასი ხელი და რკინის ენა რომ მქონოდა, მაშინაც კი ვერ დავითვლიდი ყველა იმ ტანჯვას, რომელსაც მორწმუნენი იტანდნენ. ასე მძვინვარებდა დიოკლეტიანე, მაგრამ დევნა მხოლოდ აძლიერებდა ქრისტიანთა მოშურნეობას. ისინი სიკვდილს როგორც გამარჯვებას, ისე უყურებდნენ და უშიშრად იღებდნენ.

 

"რომელმან სძლოს, ესრეთ შეიმოსის სამოსელი სპეტაკი და არა აღვხოცო სახელი მისი წიგნისაგან ცხოველთაჲსა და აღვიარო სახელი მისი წინაშე მამისა ჩემისა და წინაშე ანგელოზთა მისთა" (გამოცხ. 3,5). ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ ამას უფალი მის მოყვარულთ და მისთვის ვნებულთ შეჰპირდა და კვდებოდნენ რწმენით, რომ საუკუნო ცხოვრებაში მიდიოდნენ, ზეციურ სასუფეველში. ამიტომაც იყო მათი სიკვდილი ესოდენ ნათელი და მშვენიერი.

 

თავი მესამე

 

დაკითხულ, შემდეგ კი წამებულ და მოკლულ აღმსარებელთა შორის იყო ჭაბუკი და მამაცი მეომარი გიორგი. მას დიდი თანამდებობა ეკავა, იმპერატორთან იყო დაახლოებული და მისი კეთილგანწყობით სარგებლობდა. მას წინ ბრწყინვალე მომავალი ელოდა.

 

ბავშვობიდანვე ქრისტიანად აღზრდილი გიორგი თავის წინაშე სულ სხვა გზას სახავდა. გიორგიმ, რომელიც იმპერატორს მოგზაურობებში თან ახლდა, მის საბჭოს სხდომებს ესწრებოდა, იცოდა ქრისტიანებს რაც ელოდათ. და მაშინ, როცა მათთვის სიმწარის თასი მზადდებოდა, არ შეეძლო მშვიდად ყოფილიყო და მიწიერი სიკეთეებით დამტკბარიყო. მან მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა და ქრისტეს აღიარების ღვაწლისათვის მზადებას შეუდგა.

 

და აი, როცა დადგა უკანასკნელი თათბირის დღე, როცა მსჯელობდნენ, თუ როგორ მოქცეოდნენ ქრისტიანებს, გიორგი მათ მოულოდნელ დამცველად და დიოკლეტიანეს სისასტიკის მამხილებლად წარმოდგა:

 

– თქვენი კერპები ღმერთები არ არიან! არის ერთი ღმერთი – ქრისტე! ის – ერთი უფალია, შემოქმედია ცისა და ქვეყანისა^ შეიცანით ჭეშმარიტება და ქრისტიანებისაგან ისწავლეთ კეთილმსახურება! – ასე მხურვალედ ლაპარაკობდა გიორგი.

 

გაოგნების შემდეგ გამოფხიზლებულმა იმპერატორმა თავის საყვარელ ჭაბუკს დარწმუნება დაუწყო, გონს მოსულიყო, ქრისტეს განდგომოდა, სამხედრო დიდება და პატივი არ დაეკარგა, მსხვერპლი შეეწირა ღმერთებისათვის. დიოკლეტიანე შეჰპირდა, რომ მის თავხედურ სიტყვას დაივიწყებდა და წინანდელზე მეტი პატივით აღავსებდა. ამ დაპირებებს და შეგონებას, რაღა თქმა უნდა, არ შეეძლო დაებრკოლებინა გიორგის წმინდა გადაწყვეტილება – ქრისტესმიერი საქმისათვის თავი გაეწირა.

 

– გულწრფელად ვისურვებდი, მეფევ, რომ ჩემი მეშვეობით შენც შეგეცნო ჭეშმარიტი ღმერთი და მისთვის შეგეწირა მსხვერპლი ქებისა! – ასე შთაგონებით სცემდა პასუხს იგი დიოკლეტიანეს სიტყვებს. მაშინ კი შეგონებიდან და ალერსიდან ტანჯვაზე გადავიდნენ.

 

გიორგი საპყრობილეში ჩააგდეს, ტერფები დაუმსხვრიეს, მკერდზე დიდი ქვა დაადეს, კირით სავსე ორმოში ჩაფლეს, ჩექმები ჩააცვეს, შიგნიდან წვეტიანი ლურსმნებით და ქალაქში ასე დაატარებდნენ, მაგრამ მოწამეს ღვთის ძალა იფარავდა და ამხნევებდა. ამიტომაც უვნებელი რჩებოდა, მისი მხურვალე სიტყვა კი აღანთებდა სულმოკლე ქრისტიანთა მერყევ გულებს.

 

საშინლად მძვინვარე დიოკლეტიანემ გიორგის მხეცურად წამება ბრძანა. მოიტანეს ბორბალი ბასრი კბილებითა და დანებით, მასზე ჭაბუკი მიაკრეს და დაატრიალეს. ორი-სამი მობრუნება და მოწამის მთელი სხეული დაიფლითა და სისხლით შეიღება, მაგრამ გიორგის ბაგეთაგან ისმოდა არა კვნესა, არამედ – ღვთის დიდება.

 

იმპერატორი ტახტზე იჯდა, მარგალიტით ნაკერი სამოსი ეცვა, ძვირფასი ქვებით მოციმციმე გვირგვინი ედგა. მოახლოებულები პირქვე ეცემოდნენ და ის გრძნობდა, რომ თავის ქვეშევრდომთ თავისი დიდებულებით აცვიფრებდა. ირგვლივ წითელ მაქმანიან თეთრ სამოსში გამოწყობილი წარჩინებული სენატორები, კონსულები, პრეტორები, ქურუმები, ვესტალები (ქურუმი ქალები) ისხდნენ, მაღალ ქვაფენილზე ამალით გარშემორტყმული დედოფალი იჯდა. საშინელი სანახაობით შეძრული ვერავის და ვერაფერს ხედავდა მოწამის გარდა, რომელიც ქრისტესათვის სიცოცხლეს სწირავდა... თავს ძლივს იკავებდა, რომ ქრისტიანად თავი ხმამაღლა არ ეღიარებინა... ის მთელი არსებით ისწრაფოდა მის წინაშე გახსნილი მარადისობისაკენ, ქრისტესადმი სიყვარულით ინთებოდა. მასთან თუნდაც ასეთივე ტანჯვის, მწუხარების, სასტიკი წამებისა და სიკვდილის გზით მისვლა – აი რით იყო დედოფლის სული სავსე.

 

ამ დროს კი გიორგი სულ უფრო სუსტდებოდა და ბოლოს სულაც მიჩუმდა.

 

– გიორგი, შენი ღმერთი სადღაა? შენს გამოსახსნელად რატომ არ მოვიდა? – ამბობდა დიოკლეტიანე და ცოტა ხნის წინ სიცოცხლით სავსე ჭაბუკის დასახიჩრებულ, უსიცოცხლო სხეულს უყურებდა, – დასანანია, რომ ასე უაზროდ გაწირა თავისი ახალგაზრდა სიცოცხლე ქრისტეს მონამ, მაგრამ დიდება ღმერთებს, რომლებმაც თავიანთი შეურაცხყოფა არ დაუშვეს! დიოკლეტიანე ის იყო ადგილიდან წამოდგა, რათა აპოლონის ტაძარში წასულიყო და მისთვის მსხვერპლი შეეწირა, რომ უცებ იქაურობა და ყველა იქ მყოფი საშინელმა ქუხილმა გააყრუა. ღრუბლებით დაფარული ცა უეცრად დამაბრმავებელმა ელვამ გაანათა და მრავალმა გაიგონა ხმა: "ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ!"

 

ამ დროს ბორბალს ზეციური ნათება შემოერტყა და ამ ციალში ჯალათებმა ნათელი ჭაბუკი დაინახეს, რომელმაც მოწამეს მხარზე ხელი დაადო და უთხრა: "გიხაროდენ!" კიდევ წუთი და ნათება გაქრა, გიორგი კი, გახარებული და ჯანმრთელი, თვითონ ჩამოვიდა ბორბლიდან. ყველა ისეთმა შიშმა, ისეთმა გაოგნებამ შეიპყრო, რომ დადუმდნენ და ისე უყურებდნენ გიორგის, როგორც იმ ქვეყნიდან მოსულ მოჩვენებას.

 

დიოკლეტიანე დედოფლის საქციელის შესახებ სანამ რამეს შეიტყობდა, დედოფალმა სასახლეს მიაშურა, მაგრამ გზა, რომლითაც უნდა ევლო, საბოლოოდ დაისახა. მისი სული უკვე ქრისტესთან დაიწინდა და არანაირ ძალას აღარ შეეძლო მისგან მისი მოწყვეტა...

 

გიორგის ხვედრი გადაწყვეტილი იყო. დიოკლეტიანე უკანასკნელად შეეცადა იგი ქრისტეს უარყოფაზე დაეყოლიებინა. – დაუბრუნდი ღმერთებს, შენთან სამეფოს გავიყოფ და ჩემს თანამმართველად გაქცევ! – ეუბნებოდა მას იმპერატორი.

 

– შენ, ხელმწიფეო, თავიდანვე ასეთი წყალობა უნდა გეყო ჩემთვის, ამის ნაცვლად კი ტანჯვისთვის გამწირე, – უპასუხა გიორგიმ. გახარებულმა იმპერატორმა პირობა დადო, რომ ყველა ტანჯვისათვის მოწამეს დააჯილდოვებდა.

 

დიოკლეტიანეს ნებართვით გიორგი აპოლონის ტაძარში შევიდა. ყველა მოელოდა, რომ ის მსხვერპლს შესწირავდა ღმერთებს, მაგრამ მან აპოლონის კერპს და სხვა კერპებს მიმართა სიტყვებით: – აქ დარჩენას როგორ ბედავთ, როცა მე, ჭეშმარიტი ღმერთის მსახური, აქა ვარ? იმავე წამს საშინელი ხმაურითა და საცოდავი კვნესით დაემხნენ და დაილეწნენ კერპები. როგორც ქარიშხლის დროს აბობოქრებული ზღვა, გიორგის თამამი ქცევით გაცოფებული წარმართები წამოიშალნენ. ზოგი მას მოგვად მიიჩნევდა და ერიდებოდა. ქურუმები მის სიკვდილს მოითხოვდნენ... დიოკლეტიანეს მრისხანებისა და შეურაცხყოფისაგან თავი აღარ ახსოვდა.

 

– ასე სწირავ მსხვერპლს ღმერთებს? – იკითხა ბოლოს იმპერატორმა.

 

– დიახ, სწორედ ასე ვექცევი იმათ, ვისაც შენ ღმერთებად მიიჩნევ, – უპასუხებდა გიორგი.

 

– ახლა კი, მეფევ, გრცხვენოდეს. განა შეიძლება შეწევნასა და წყალობას მოელოდე იმათგან, რომლებიც ღვთის მონების იქ ყოფნასაც ვერ უძლებენ?

 

ბრბოს გამძვინვარებულმა შეძახილმა, რომელიც გიორგის სიკვდილს ითხოვდა, მისი სიტყვები ჩაახშო, მაგრამ იმ ხმამაღალი ყვირილის ჩახშობა არავის შეეძლო, რომელიც უეცრად საკერპოში გაისმა: – ღმერთო გიორგისაო, შემიწყალე! შენ ხარ ერთი ჭეშმარიტი და ყოვლადძლიერი ღმერთი! – ამ ყვირილმა ხალხის შეძახილები მიაჩუმა. იმპერატორს საშინელებამ სუნთქვა შეუკრა და გული შეუძრა: გიორგის ფერხთით დიოკლეტიანეს მეუღლე – ალექსანდრა იწვა.

 

ის, რაც მის სულში წლების მანძილზე მწიფდებოდა, ბოლოს გარეთ გადმოიღვარა. თასი ბოლომდე იყო სავსე. მგზნებარე, შეუმუსრავმა რწმენამ მთელი მისი არსება მოიცვა. მან ქრისტეს რწმენა უშიშრად აღიარა, ის განადიდა და წარმართული ღმერთები გაკიცხა.

 

გაფითრებულმა, აღელვებულმა დიოკლეტიანემ ისღა მოახერხა, რომ ეკითხა: – რა დაგემართა, ალექსანდრა, რომ ამ მოგვის ჯადოთი მოიხიბლე და ჩვენს ღმერთებს ურცხვად უარყოფ? – მაგრამ დედოფალს პასუხი არ გაუცია.

 

განა იმპერატორს შეეძლო იმის გაგება, რაც ახლა მას განეცხადა? დიდი ხნიდან იგრძნობოდა, რომ მათ შორის უფსკრული იყო და ახლა ამ უფსკრულმა ისინი საბოლოოდ დააშორა ერთმანეთს.

 

რამდენიმე წუთის შემდეგ დიოკლეტიანემ გიორგისა და მისით "მოჯადოებულ" დედოფალ ალექსანდრას თავის მოკვეთა ბრძანა. ალექსანდრას არა მხოლოდ ქრისტიანები, წარმართებიც მისტიროდნენ. ის კი ნათელი და ბედნიერი, როგორც კრავი ქრისტესი, სასიკვდილოდ გაეშურა და თან ღმერთს ადიდებდა. ორივე განსასჯელი ქალაქგარეთ გაიყვანეს.

 

ამ დროს მოწამეს ფიზიკურმა ძალებმა უღალატეს. ქალი საშინელმა დაღლილობამ შეიპყრო და იძულებული გახდა დამჯდარიყო. ის იყო ჩამოჯდა და თავი კედელს მიაყრდნო, რომ გონებაც დაკარგა. ყველას ეგონა, რომ მოკვდა. გიორგიმ ღმერთს მადლობა აღუვლინა, რომ მან თავის აღმსარებელს იოლი სიკვდილი არგუნა და სასჯელის ადგილზე მარტო მივიდა, სადაც მას თავი მოჰკვეთეს.

 

დედოფლის გაციებული, უსიცოცხლო სხეული სასახლეში წაასვენეს და იმპერატორის კარის მთავარმა მინისტრმა ლუკიანემ, რომელიც ქრისტიანი იყო, ის ცნობისმოყვარეთაგან დამალა, თუმცა კი ის, რაც ყველას სიკვდილი ეგონა, მარტოოდენ გონების დაკარგვა იყო. წმინდა მოწამეს კიდევ ელოდა სიცოცხლესთან დაბრუნება, რათა მწუხარების თასი ბოლომდე შეესვა.

 

თავი მეოთხე

 

ლუკიანემ დედოფალს ურჩია დიოკლეტიანეს რისხვას ცოტა ხნით გარიდებოდა. ეს იმ მხრივ იყო მოსახერხებელი, რომ 304 წლის სექტემბერში იმპერატორი ნიკომიდიიდან რომს გაემგზავრა, რათა იქ თავისი იმპერატორობის ოცი წლისთავი აღენიშნა.

 

დიოკლეტიანემ შემდეგ შეიტყო, რომ მისი ცოლი ცოცხალი გადარჩა, ისიც გაიგო, სად იმყოფებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, დევნის საშინელებებმა თავადაც შეძრა და ის აღარ უდევნია. მას ხელისუფლების მძიმე ტვირთი ქანცავდა. დეკემბერში იმპერატორი ავად გახდა. გამოჯანმრთელების არანაირი იმედი არ იყო, მაგრამ ბუნებრივად ჯანმაგარმა დიოკლეტიანემ გაუძლო ავადმყოფობას და 1 მარტს კვლავ გამოვიდა ხალხთან, მაგრამ ეს უკვე ფერმკრთალი, გალეული, გატეხილი ბერიკაცი იყო.

 

1 მაისს დიოკლეტიანემ ტახტის დატოვებაზე ხელი მოაწერა და მშობლიურ დალმაციაში გაემგზავრა. მასთან ერთად ხელისუფლებიდან მისი თანამმართველი მაქსიმიანეც უნდა წასულიყო. ის რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილს მართავდა.

 

აღმოსავლეთში მთელი ხელისუფლება გალერის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც თანამმართველად ლიკინიუსი დააყენა, ხოლო დასავლეთში იმპერატორი გახდა კონსტანცი,  მისი თანამმართველი კი – მაქსიმიანე. დიოკლეტიანემ გალერი თავის დამხმარედ სამხედრო ნიჭის გამო აირჩია. და მართლაც, გალერი, უპირველეს ყოვლისა, ჯარისკაცი იყო. იგი, იმპერატორად ქცეული, ისეთივე უხეში და სასტიკი დარჩა, როგორიც ბრძოლის ველზე იყო თავის ქვეშევრდომებთან და ჯარისკაცებთან.

 

ქრისტიანთა მოძულე გალერი მათ დევნას აგრძელებდა, რაც მის დროს განსაკუთრებულად სასტიკი გახდა. თანამედროვეთა თქმით, ის საერთოდ მძვინვარებით გამოირჩეოდა. დასჯისას ჩვევად ჰქონდა: დაწვა, ჯვარზე გაკვრა, მხეცებისაგან დაფლეთა. ადვილი წარმოსადგენია ქრისტიანთა მდგომარეობა!

 

და უცებ, 311 წელს ქრისტიანთა ამ შეურიგებელმა მტერმა გამოსცა განკარგულება: "ჩვენ, ჩვენი კაცთმოყვარეობის გამო, ადამიანებისათვის მიტევების ჩვეულების გამო, კეთილ ვინებეთ მათზე წყალობა მოგვეღო. ამიტომ ნებას ვრთავთ აღიარონ ქრისტიანული სარწმუნოება და შეიკრიბონ, ოღონდ არ ჩაიდინონ რაიმე უკანონობა. დაე, ისარგებლონ ჩვენი შემწყნარებლობით და თავიანთ ღმერთს ჩვენი ჯანმრთელობა, იმპერიის კეთილდღეობა და თავიანთი სიკეთე შესთხოვონ, რათა იმპერია მარადჟამ ყვაოდეს და მათაც მშვიდად იცხოვრონ".

 

გალერის აზროვნებაში ეს გარდატეხა იმან გამოიწვია, რომ რაღაც საშინელი სნეულება შეეყარა, მისმა სხეულმა ლპობა დაიწყო. იგი საშინელი ტანჯვით გარდაიცვალა.

 

წმინდა დედოფალ ალექსანდრას, რომელიც თავისი ქალიშვილის მფარველი იყო ბავშვობასა და ყრმობაში, მისთვის მხარის დაჭერა ისევ მოუწია. ამჯერად ისინი სიკვდილამდე აღარ დაშორებიან ერთმანეთს. თუკი ვალერიას კიდევ მრავალი მწარე წუთის გადატანა მოუხდა, ამის გამო კიდევ უფრო მეტად ალექსანდრას გული იტანჯებოდა. გალერის სიკვდილს შემდეგ ორივემ მფარველობა და თავშესაფარი მაქსიმიანესგან ითხოვა, რომელსაც გალერი ერთ დროს მრავალ სიკეთეს უკეთებდა.

 

მაქსიმიანემ, ნაცვლად იმისა, რომ მარტოხელა ქალებისათვის მფარველობა გაეწია, ვალერიას ცოლად გაყოლა მოსთხოვა. ვალერია უარზე იდგა: მას ჯერ სამგლოვიარო კაბაც არ ჰქონდა გახდილი და მეორედ გათხოვებაზე ფიქრიც არ შეეძლო. მაშინ მაქსიმიანემ დედა-შვილი სირიის ერთ მიყრუებულ სოფელში გადაასახლა. ოდესღაც დიდ პატივში მყოფი ქალები ახლა აქეთ-იქით დაეხეტებოდნენ.

 

ისინი ვერც გადასახლებამ, ვერც მარტოობამ, ვერც აკრძალვებმა ვერ შეაშინა: მათთან იყო უფალი, რომელიც მათ მძიმე ცხოვრებისათვის ძალებს აძლევდა. დიოკლეტიანემ თავისი ცოლ-შვილის საბრალო მდგომარეობა შეიტყო და მაქსიმიანეს მოსთხოვა მასთან გაეშვა ისინი, მაგრამ ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

 

მაქსიმიანეს სიკვდილის შემდეგ ორივე საიდუმლოდ ჩამოვიდა ნიკომიდიაში და დახმარება ითხოვა. ლიკინიუსი ქრისტიანთა მფარველი ჩანდა და თავიდან ისინი ალერსიანად მიიღო. მაგრამ მალე გამომჟღავნდა მისი ნამდვილი განწყობა: მან მოკლა გალერის ვაჟი კანდიდიანე, რომელსაც ვალერია დედობრივი სიყვარულით ექცეოდა. დედოფალი ალექსანდრა და ვალერია სასახლიდან შეძრწუნებულნი გამოიქცნენ.

 

კიდევ რამდენიმე ხანი გავიდა და ლიკინიუსი უკვე აღარ ფარავდა ქრისტიანებისადმი თავის სიძულვილს, დაიწყო მათი გაძევება და დევნა. დედოფალი ასულთან ერთად ექვსი თვე იმალებოდა, ბოლოს ორივენი შეიპყრეს. მათი ტანჯვის გზა დასასრულს მიუახლოვდა. წმინდა დედოფალ ალექსანდრას შვილთან ერთად სიკვდილი მიუსაჯეს. ხალხი ტირილით მიაცილებდა მათ სასჯელის აღსრულების ადგილისაკენ, ისინი კი სიკვდილთან შესახვედრად მამაცურად და სიხარულით მიაბიჯებდნენ, ისე როგორც ათი წლის წინ.

 

დედოფალმა ალექსანდრამ სრულიად უშიშრად, ბაგეზე ლოცვით დახარა კუნძზე თავისი მეფური თავი და სული ქრისტე ღმერთს მიაბარა. მასთან ერთად ვალერიაც დასაჯეს სიკვდილით. მათი სხეულები ზღვაში გადაყარეს.

 

წმინდა მოწამე დედოფლის მოწამებრივ აღსასრულს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგისთან ერთად, 23 აპრილს იხსენიებს.

 

თარგმნა ნინო გულიაშვილმა

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა