martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

მართალი ფილარეტ მოწყალე

 ხს. 1 დეკემბერს

 

 

მრავალი წლის წინ, როცა საბერძნეთის იმპერიას კეთილმსახური დედოფალი ირინე მართავდა (მე-8 ს-ის დასასრული), მცირე აზიის ერთ-ერთ პროვინციაში კეთილმსახური კაცი, სახელად ფილარეტი ცხოვრობდა მეუღლე თეოზვასთან ერთად. მათ სამი შვილი ჰყავდათ: ერთი ვაჟი და ორი ქალი. მათი სახლი, როგორც იტყვიან "სავსე ფიალა" იყო. დიდი მეურნეობა ჰქონდათ – მრავალი პირუტყვი, დიდი და ნაყოფიერი მინდვრები, მრავალი მონა. ფილარეტი ამ სიუხვეში ღვთის განსაკუთრებულ წყალობას ხედავდა და თავისთვის ამბობდა:

 

– ნუთუ ეს ამოდენა სიმდიდრე ღმერთმა მხოლოდ მე და ჩემს ცოლს მოგვცა? ქვეყნად რამდენი ღარიბია: ქვრივები, ობლები, ავადმყოფები – ისინი, ვისაც არაფერი აქვთ. მათ ვინ დააპურებს და შემოსავს თუ არა ჩვენ, მდიდრები?

 

ფილარეტი გაჭირვებულთა მიმართ მოწყალე გახდა. მასთან როგორი ღარიბიც არ უნდა მისულიყო და რა სათხოვარიც არ უნდა ჰქონოდა, ყოველთვის იღებდა რასაც ითხოვდა. უპოვართაგან ვინმეს ცხენი, სახედარი ან სამოსი რომ დასჭირვებოდა, ფილარეტთან მიდიოდა, იცოდა, უარს არაფერზე ეტყოდა. როცა მას ცოლი ეტყოდა, რომ ასეთი მოქცევით თვითონ გაღატაკდებოდა, ფილარეტი ფსალმუნის სიტყვებით უპასუხებდა: "ყრმა ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა" (ფსალ. 36,25).

 

ერთხელ იმ ადგილს, სადაც ფილარეტი ცხოვრობდა, მუსლიმანები დაეცნენ. მათ აიკლეს და გააჩანაგეს ქვეყანა, ფილარეტის მრავალი მსახური ტყვედ წაიყვანეს და მთელი საქონელი წაასხეს. არც ღარიბები დაინდეს: ერთს ცხენი წაართვეს, მეორეს – უკანასკნელი ძროხა. დახმარებისთვის ყველამ ფილარეტს მიაშურა და მანაც არავის უთხრა უარი. მდიდარი ფილარეტი გაღარიბდა – დარჩა მხოლოდ წყვილი ხარი, ძროხა, ცხენი და ორი მსახური. მას აღარავინ ჰყავდა, რომ მინდორში გაეშვა და დარჩენილი მიწის მოსახნავად თვითონ დადიოდა... როგორც ზოგიერთს უხარია სიმდიდრე, ფილარეტს ასევე უხაროდა სიღარიბე და იხსენებდა ქრისტეს სიტყვებს, რომ მდიდრისთვის ძნელია ცათა სასუფეველში შესვლა.

 

ერთხელ, როცა წმინდა ფილარეტი თავის მინდორში შრომობდა, ერთ თანასოფლელს, რომელიც ასევე მიწას ხნავდა, ხარი მოუკვდა. რაღა მეშველება! – ხმამაღლა ატირდა გლეხი. – ხარს ვიღა მათხოვებს, რომ მინდორი მოვხნა?! ადრე ფილარეტთან მაინც მივიდოდი, მაგრამ ისიც გაღატაკდა. მაინც წავალ, დარდს გავუზიარებ, იქნებ ცოტათი გულზე მომეშვას.

 

გლეხმა ფილარეტს თავისი უბედურება რომ უამბო, მან ერთი ხარი გამოხსნა უღლიდან და უთხრა: წაიყვანე, ძმაო, ეს ხარი. მე ის არ მჭირდება. მე კიდევ მყავს ერთი. ეს ისე ალერსიანად თქვა, ისეთი დაჟინებით, რომ ღარიბს უარის თქმა აღარ შეეძლო, ფილარეტს მიწამდე თავი დაუკრა და ხარი სახლში წაიყვანა. ფილარეტმა სამუშაო დაასრულა და შინ წავიდა. კარიბჭის შორიახლოს თეოზვა იდგა. ქმარი ხართან ერთად რომ დაინახა, გაუკვირდა და იკითხა: მეორე სადღაა?

 

ქალმა ხარის საძებრად მაშინვე ვაჟიშვილი გაგზავნა და მანაც მალევე იპოვა ის გლეხის უღელში შებმული. როცა გლეხმა უამბო, როგორ მოხვდა მასთან ხარი, ბიჭს იმის გარდა აღარაფერი დარჩენოდა, რომ ცარიელი მისულიყო სახლში.

 

– უბედურო ჩემო თავო, ასეთი ქმრის ხელში! – ამოიკვნესა თეოზვამ, როცა შვილისგან ეს ამბავი მოისმინა. – რა უნდა ვქნათ შვილებო, როცა მამათქვენი ასეთი უგულო და სასტიკი კაცია! ის ყველაფერს ანიავებს, ჩვენ კი მშივრები ვრჩებით.

 

შემდეგ ქალი ფილარეტთან წავიდა და სიზარმაცეში, უდარდელობასა და სხვებზე გადამეტებულ ზრუნვაში დასდო ბრალი. ფილარეტს თავი არ უმართლებია, მხოლოდ თქვა:

 

– ჩემო მეუღლევ, მე და შენ ქრისტიანები ვართ. შეხედე ფრინველებს – ისინი არ ხნავენ, არ თესავენ, მოსავალს არ იღებენ. მათ ჩვენი ზეციური მამა ასაზრდოებს. განა ის არ გამოკვებავს იმათ, ვინც ფრინველებზე უკეთესია?

 

ამ და სხვა ამგვარი სიტყვებით ცდილობდა ფილარეტი ცოლისთვის ნუგეში ეცა. ხუთი დღეც არ იყო გასული, რომ გლეხმა კვლავ მიირბინა ფილარეტთან და უთხრა:

 

– გაწყენინე, შენი ხარი რომ წავიყვანე. ამიტომაც მისგან დიდად არ მისარგებლია: რაღაც ბალახი ჭამა და მოკვდა. მიწათმოქმედს სათქმელი დასრულებული არ ჰქონდა, რომ ფილარეტმა მეორე ხარი გამოუყვანა და გლეხს ვედრება დაუწყო, რომ წაეყვანა დაცემული საქონლის სანაცვლოდ.

 

– მე შორეულ ქვეყანაში გამგზავრებას ვაპირებ, – თქვა მან, – არ მინდა, რომ მუშა საქონელი უქმად იდგეს.

 

გლეხმა ხარი წაიყვანა, თან ფილარეტის უჩვეულო გულმოწყალება უკვირდა. ოჯახმა როცა შეიტყო, რომ უკანასკნელი საქონელი ეზოდან წაიყვანეს, ატყდა ტირილი და მოთქმა. ცრემლიანი თეოზვა მოთქვამდა: – ეს რა ქმარი მარგუნა უფალმა! საკუთარი ოჯახის მოძულე. ღმერთმა ერთი წყვილი ხარი დაგვიტოვა, რომ შიმშილს არ მოვეკალით, ამან კი ისიც სხვას მისცა!

 

მტირალი დედის დანახვაზე ბავშვებიც ატირდნენ. ნეტარმა ფილარეტმა ამის ყურება ვეღარ შეძლო, თავადაც ატირდა და თქვა:

 

– რისთვის მიწოდებთ უმოწყალოს და ფიქრობთ, რომ შიმშილით მინდა თქვენი დახოცვა?! შიმშილით არასდროს დაიხოცებით იმიტომ, რომ ერთ ადგილას განძი მაქვს დამალული, რომელიც ასი წელი გვეყოფა.

 

ბავშვები დამშვიდდნენ და დაიწყეს ფიქრი, რა განძზე ლაპარაკობდა მამა. წმინდა ფილარეტი მათ არ ატყუებდა, მას გულმა უგრძნო ის ბედნიერება, რომლის გამოსაგზავნადაც მზად იყო უფალი. რამდენიმე ხნის შემდეგ იმ მხარეში შიმშილი დაიწყო. ფილარეტმა ნახა, რომ სახლში პური არ იყო, ვირზე შეჯდა და შორეულ მხარეში მეგობართან გაემგზავრა. ამ კაცს ექვსი ფუთი ხორბალი გამოართვა და შინ გახარებული დაბრუნდა, უხაროდა, რომ შვილები უნდა დაეპურებინა. სანამ ნამგზავრი ისვენებდა, მასთან ღარიბი მივიდა, რომ ხორბალი ვალად აეღო. ფილარეტმა უთხრა ცოლს:

 

– ამ ღატაკს ერთი ფუთი ხორბალი მიეცი.

 

ცოლმა უპასუხა: მოდი, ჯერ ცოლ-შვილმა ჭამოს! ან, ჯობს ისე გაანაწილე, რომ ნაწყენი არავინ დარჩეს. ყველას, მონა ქალის ჩათვლით, თითო ფუთი დაგვირიგე, დანარჩენი კი ვისაც გინდა, იმას მიეცი!

 

ფილარეტმა შეხედა ცოლს და გაიცინა:

 

– მე რა, დაგავიწყდი? მე არაფერს მაძლევ?

 

ამაზე ცოლმა უპასუხა:

 

– შენ ხომ ადამიანი არა ხარ, შენ ანგელოზი ხარ! საკვები რომ გჭირდებოდეს, ვალად აღებულ ხორბალს არ დაარიგებდი. მაშინ ფილარეტმა ტომარაში ორი ფუთი ხორბალი ჩაყარა და მთხოვნელს მისცა. ცოლმა გაბრაზებით უთხრა: – სამი ფუთი მიეცი, შენ ხომ მდიდარი ხარ! ნეტარმა ფილარეტმა ორ ფუთს მესამეც მიამატა და საწყალი კაცი მშვიდობით გაისტუმრა.

 

ფილარეტის ერთმა მეგობარმა მისი უკიდურესი გაჭირვების ამბავი შეიტყო და 40 ფუთი ხორბალი გაუგზავნა. თეოზვას ღვთის წყალობა ძლიერ გაუხარდა და ფილარეტს უთხრა: – ბატონო ჩემო, მე და ბავშვებს ჩვენი წილი მოგვეცი, მეზობლებს ვალი დაუბრუნე, შენს წილს კი რაც გინდა ის უქენი. ფილარეტმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ცოლმა უთხრა. თავისი წილი კვლავ ღარიბებს დაურიგა. ცოლმა დაინახა, რომ ფილარეტი გამოუსწორებელი იყო და საერთო სუფრაზე აღარ ეძახდა. მათ ფილარეტის უჩუმრად დაიწყეს ჭამა. ერთხელ, როცა დედა და შვილები სადილობდნენ, მათთან ფილარეტი შევიდა.

 

– მიმიღეთ, შვილებო, სთხოვა ფილარეტმა – არა როგორც მამა, არამედ როგორც მწირი.

 

ბავშვებს გაეცინათ და უთხრეს:

 

– დაჯექი, მამა! თუმცა მაგიდაზე დიდი არაფერი აწყვია, მაგრამ რაც არის შენც გეყოფა!

 

სადილობის დროს თეოზვამ ქმარს ჰკითხა: რატომ აქამდე არ გვაჩვენებ იმ განძს, რომელზეც ამბობდი. თუ არ გვატყუებ, გვიჩვენე სად გაქვს დამალული – ყველაფერს ვიყიდით და შენც ჩვენთან ერთად ისადილებ.

 

– ცოტა მოითმინე, – უპასუხა ფილარეტმა – თქვენ მალე დიდ სიმდიდრეს მიიღებთ!

 

საბერძნეთის იმპერიას იმ დროს მართავდა კეთილმსახური ირინე ვაჟთან – კონსტანტინესთან ერთად. კონსტანტინეს ცოლის შერთვის დრო როცა მოვიდა, ირინემ სასახლის წარჩინებულნი მთელ იმპერიაში შვილისთვის ღირსეული საცოლის მოსაძებნად გაგზავნა. წარგზავნილები იმ მხარეშიც მოხვდნენ, სადაც ფილარეტი ცხოვრობდა. მისი სახლი შორიდანვე შენიშნეს, რადგან ის სილამაზით გამოირჩეოდა. მათ უთხრეს, რომ სახლში ღარიბები ცხოვრობდნენ, რომლებთან შესვლას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ დიდებულებმა ბრძანეს მასპინძელი მათი სტუმრობის შესახებ გაეფრთხილებინათ.

 

ფილარეტმა დიდი სტუმრები სიხარულით მიიღო, გამოეგება, მიწამდე თავი დაუკრა და უთხრა: ჩემთვის დიდი პატივია ჩემს სახლში თქვენისთანა სტუმრების მიღება. შემდეგ მან იმპერატორის მსახურთათვის ცოლს კარგი სადილის მომზადება უბრძანა, მაგრამ ის შეეპასუხა:

 

– კარგი სადილის მომზადებას რით მიბრძანებ? სახლში წიწილაც კი არ არის, ნაცარქათამას თუ მოვხარშავ და იმასაც უზეთოდ – ზეთის სუნიც კი დამავიწყდა.

 

ქალს სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ კარი გაიღო და მდიდარი მეზობლები შემოვიდნენ, ხორცი, ფრინველი, ღვინო და პური მოიტანეს, რომ ის წარჩინებულ სტუმრებს გამასპინძლებოდა. ამ ყველაფრიდან თეოზვამ გემრიელი სადილი მოამზადა და სუფრა ზედა ოთახში გაშალა. იმპერატორის ელჩები ოთახში რომ შევიდნენ, ისინი გააოცა ოთახმა, სპილოს ძვლის დიდმა მოოქროვილმა, ძალზე დახვეწილად ნაკეთმა მაგიდამ. სუფრას ფილარეტის ვაჟი და შვილიშვილები ემსახურებოდნენ. მათმა საუკეთესო მომსახურებამ დიდებულებიც კი გააკვირვა და მათ ჰკითხეს მასპინძელს:

 

– პატივცემულო კაცო, ცოლი თუ გყავს?

 

– მყავს, – მიუგო ფილარეტმა, – ესენი კი ჩემი შვილები და შვილიშვილები არიან.

 

ოთახში თეოზვა რომ შემოვიდა, სტუმრებმა ჰკითხეს, გასათხოვარი ქალები ხომ არ ჰყავდა?

 

ქალმა უპასუხა, რომ სამი შვილიშვილი ჰყავდა და ისინი სახლის საქალებო ნაწილში იყვნენ. მაშინ სტუმრებმა თქვეს, რისთვისაც იყვნენ მოსულები და სთხოვეს ისინი მათთვის ეჩვენებინათ. გოგონები რომ შემოვიდნენ, სტუმრები მათი სილამაზით გაოცდნენ და შესძახეს:

 

– მადლობა უფალს, რომ გვაპოვნინა რასაც ვეძებდით. ამ ქალწულებიდან ერთ-ერთი უეჭველად გახდება ჩვენი იმპერატორის მეუღლე, ამათზე ლამაზებს ჩვენ უკვე ვეღარსად ვნახავთ.

 

ნეტარი ფილარეტის ოჯახს მაშინვე მგზავრობისთვის მომზადება ებრძანა. ამ დროს დედაქალაქში მთელი იმპერიის მზეთუნახავები ჩამოვიდნენ, რომლებიც ახალგაზრდა იმპერატორის ცოლობაზე ოცნებობდნენ. ისინი ირინესთან ერთი მეორის მიყოლებით შეჰყავდათ. კონსტანტინე და სასახლის მმართველი მათ აკვირდებოდნენ და რამდენიმე შეკითხვას უსვამდნენ. ფილარეტის შვილიშვილები როცა შემოიყვანეს, ამათგან უფროსი – მარიამი მშვიდი შესახედაობითა და გონიერი პასუხებით იმპერატორსა და დედამისს ყველაზე მეტად მოეწონათ. კონსტანტინემ საცოლედ სწორედ ის აირჩია. მისი დები კი სულ მალე მდიდარ წარჩინებულებს შერთეს. ფილარეტი მთელი ოჯახით დედაქალაქში დატოვეს, სახლები უბოძეს და ყოველგვარი სიკეთე მიაგეს. ოჯახის წევრებს მაშინღა გაახსენდათ ფილარეტის ნათქვამი დამალულ განძზე, რომელიც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე ეყოფოდათ.

 

კვლავ გამდიდრებულ ფილარეტს ღარიბები უწინდებურად არ ავიწყდებოდა – მას კიდევ უფრო დიდი წყალობის გაცემის საშუალება მიეცა. ხშირად მათ თავის სახლში კრებდა, მათ სუფრას თვითონ ემსახურებოდა, შემდეგ თითო მონეტას დაურიგებდა და ისე ისტუმრებდა. მთელ კონსტანტინოპოლში არ იყო მათხოვარი, ფილარეტის გულუხვობა რომ არ ჰქონოდა ნაგემი. უფალმა ფილარეტს მისი გარდაცვალების მოახლოება როცა ამცნო, მან ყველა შვილსა და შვილიშვილს დაუძახა და უთხრა:

 

– შვილებო, თქვენ ნახეთ, როგორი ცხოვრება განვვლე! სხვისი შრომით არასდროს მიცხოვრია, თავი არასდროს ამიმაღლებია ღვთისგან ბოძებული სიმდიდრით, სიამაყეს გავურბოდი და სიმდაბლე შევიყვარე. როცა გავღატაკდი, არ დავმწუხრებულვარ, ღმერთი არ დამიგმია, პირიქით, ვემადლიერებოდი, რომ დამსაჯა. შემდეგ მან უფრო ამამაღლა, მაგრამ თავი არც მაშინ ამიმაღლებია. ღვთისგან ბოძებულ სიმდიდრეს უპოვართა მეშვეობით კვლავ ზეციურ მეუფეს ვუბრუნებდი. თქვენც ასე იცხოვრეთ. წარმავალ სიმდიდრეს ნუ გაედევნებით, ის იმ ქვეყანაში გაგზავნეთ, საითაც ახლა მივემგზავრები. მწირთა ნუგეში ნუ დაგავიწყდებათ, ნურც ქვრივების დაცვა, ობოლთა შეწევნა, პატიმართა და ავადმყოფთა მონახულება, იყავით გულმოდგინენი ეკლესიის მიმართ, სხვისას ნუ მიითვისებთ, ნურავის აწყენინებთ, ბოროტს ნუ იზამთ და ნუ განიზრახავთ. ნურავის ცუდი ნუ გაგახარებთ, მტრებისაც კი, მკვდრები დამარხეთ და ეკლესიაში მოიხსენიეთ. მეც, უღირსი, მომიხსენიეთ მანამდე, ვიდრე ნეტარ ცხოვრებაში თავად არ გახვალთ.

 

შემდეგ ნეტარმა ყველანი სათითაოდ დალოცა და 90 წლისა მიიცვალა. გულისამაჩუყებელი სანახავი იყო მისი დაკრძალვა. ცხედარს ყოველი მხრიდან ჩამოსული გლახაკები მიაცილებდნენ. ყველა მწარედ ტიროდა. მათ ხომ ასეთი მოწყალე და კეთილისმყოფელი დაკარგეს.

 

თარგმნა ნინო გულიაშვილმა

 

  

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა