martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

სქემმღვდელმონაზონი დიმიტრი ზოგრაფელი

მართლმადიდებლური სწავლება მწვალებლობათა ბუნების შესახებ და არიან თუ არა რომის კათოლიკეები მწვალებლები

(ღია წერილი პროფ. კალინ იანაკიევს)

 

მე გადავწყვიტე, დამეწერა ეს წერილი მათთვის, ვინც გულწრფელად ეძიებს ერთადერთ ღმერთს და მხურვალედ უყვარს ერთადერთი ჭეშმარიტება. ამ სათაურის კონკრეტულ მიზეზად კი იქცა პროფ. კალინ იანაკიევის  სტატია „მოკლე კანონიკური განმარტებები“. სტატია პორტალ „კულტურაზეა“ განთავსებული და მასში მართლმადიდებლობა კვლავ თავდასხმის საგანი ხდება, როგორც პირდაპირ, ისე ირიბად – მართლმადიდებლობის დამცველების დისკრედიტაციის უპატიოსნო მცდელობით. თუმცა ამ სავალალო უპატიოსნობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, ახლა კი სარწმუნოების უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვას შევუდგები.

მას შემდეგ, რაც, ჩვეულებისამებრ, უტევს ჩვენს საპატრიარქოს და „მშობლიურ ზილოტებს“ (კაცმა არ იცის, ვის გულისხმობს ამ უკანასკნელებში), პროფ. იანაკიევი კითხულობს:

„დაე ყველამ, ვინც ამტკიცებს, რომ კათოლიციზმი მწვალებლობაა, მითხრას, რომელ მსოფლიო ხასიათის კრებაზე იყო იგი დაგმობილი. დაე მითხრან, რომელ თუნდაც სრულიად მართლმადიდებლური ხასიათის კრებაზე დაგმეს კათოლიციზმი, როგორც მწვალებლობა“?

თუმცა მანამდე პროფესორი კიდევ ერთხელ ამჟღავნებს, თუ რამდენად მოუმზადებელია, როცა თავისი ტიპიური მენტორული ტონით მომმართავს:

„მაგრამ  „მწვალებლებად“, თქვენო მაღალღირსებავ, მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ მიიჩნევდა მხოლოდ იმ ჯგუფებს, ვისი უთანხმოება სარწმუნოებასა და გარდამოცემასთან მანამდე მსოფლიო კრებების დონეზე იყო დაგმობილი. სწორედ მსოფლიო კრებების დონეზე და არა ამა თუ იმ (დაე დიდი, თუნდაც წმინდა) მამის მიერ, აღარაფერს ვიტყვით ყველანაირ უმეცარ მოშურნეზე“.

ბატონო პროფესორო, თქვენი მტკიცება სრულიად მცდარია. ეკლესიის სწავლება, კანონები და ისტორია ერთხმად მოწმობენ, რომ მწვალებელი არის ადამიანი, რომელმაც გადაუხვია მართალ სარწმუნოებას, არა აქვს მნიშვნელობა, დაგმობილია იგი ეკლესიის მიერ თუ არა. მაგალითად, I, II და III საუკუნეების გნოსტიკოსთა უამრავი სახესხვაობა ანდა III-IV საუკუნეების მანიქეველები არც ერთ კრებას არ დაუგმია, მაგრამ ეკლესია მათ ნამდვილ მწვალებლებად თვლიდა. ჩვენს დროშიც მრავალი სექტა არსებობს, ქრისტიანულ საფუძველზე აღმოცენებული, რომლებიც საეკლესიო კრების მიერ არ არის დაგმობილი, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი ეკლესიის გარეთ მყოფ მწვალებლურ გაერთიანებებს წარმოადგენენ.

არსებითად, თვით წმინდა წერილი ლაპარაკობს იმის სხვადასხვა კრიტერიუმებზე (პროფ. იანაკიევისგან განსხვავებით), თუ ვინ არის მწვალებელი და როგორ იგმობა იგი. მაგალითად, აი, რას ამბობენ ქრისტეს მოციქულები: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დასჯილ“ (ტიტ. 3, 10-11).

ამ სიტყვებიდან აშკარაა, რომ მწვალებელი თვითონ განირყვნა და თვითონ გმობს საკუთარ თავს უხილავად, საეკლესიო კრების სანქციის გარეშე, ვინაიდან მწვალებლობის კრიტერიუმი რაღაც გარეგანი კი არა, თვით სამოციქულო სარწმუნოების განრყვნაა: „არამედ დაღაცათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ მისსა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ“ (გალ. 1, 8).

სწორედ ამას საყვედურობს წმ. იოანე ღვთისმეტყველი იმათ, ვინც ჯერ კიდევ მის დროს თვითნებურად გამოეყო ეკლესიას: „ჩუენგან განვიდეს, არამედ არა იყვნეს ჩუენგანნი, რამეთუ, უკუეთუმცა ჩუენგანნი იყვნეს, და-მცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა, არამედ რაჲთა ცხად იყვნენ, რამეთუ არა არიან ყოველნი ჩუენგან“ (1 იოან. 2:19).

ალბათ ვინმე იკითხავს, მაშინ მსოფლიო საეკლესიო კრებები რაღა საჭირო იყოო. მსოფლიო საეკლესიო კრებებს უფრო მაშინ  იწვევდნენ, როცა მწვალებლობა თვითონ საზოგადოებისთვისაც საშიში ხდებოდა, აგრეთვე მაშინ, როცა მწვალებლური ცთომილება ქრისტიანთა უმრავლესობისთვის არც ისე იოლი გამოსაცნობი იყო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მსოფლიო საეკლესიო კრებები აუცილებელი იყო იმ შემთხვევებში, როცა მწვალებლობა ეპიდემიის ხასიათს იღებდა: მაშინ მწვალებელთა საკრებო დაგმობა ეკლესიის ხილული მოწმობა იყო მომხდარის შესახებ – მას მერე, რაც მანამდე მწვალებლები უხილავად განეშორებოდნენ ეკლესიას.

ასევე, კონკრეტული წმინდანის საკრებო კანონიზაცია მხოლოდ ხილულად ამოწმებს მისი ზეციური განდიდების ფაქტს, რომელიც მანამდე (უფრო სწორად, მისი აღსრულების მომენტში) მოხდა, და არა ისე, თითქოს კანონიზაცია აუცილებელი იყოს წმინდანისათვის, რათა იგი წმინდანი გახდეს. ამიტომაცაა, რომ მრავალი წმინდანი, განსაკუთრებით უძველესი დროისა, საერთოდ არ ყოფილა კანონიზირებული, მაგრამ ამის გამო მათი სიწმინდე არავითარ ეჭვს არ იწვევს. ასეთი სასწაულთმოქმედი წმინდანი, რომლის შესახებაც არ არსებობს ცნობები, იყო თუ არა იგი ოფიციალურად კანონიზირებული, გახლავთ წმ. იოანე რილელიც, თუმცა ვფიქრობ, არ არსებობს საღად მოაზროვნე ქრისტიანი, მის სიწმინდეს რომ სადავოს ხდიდეს.

მოდი, კიდევ რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი განვიხილოთ.

მოციქულთა 45-ე, 46-ე, 62-ე, 65-ე და 68-ე კანონები, რომლებიც I მსოფლიო კრებამდელია (325), გარკვევით ლაპარაკობენ მწვალებლებზე, თუმცა ეს ძველი მწვალებლები, ცხადია, არ იყვნენ „მსოფლიო კრებაზე დაგმობილნი“, როგორც ამას პროფ. იანაკიევი მოითხოვს.

მსოფლიო კრებების პერიოდი:

– ეკლესიის ცნობილი მოძღვარი ორიგენე († 253) III საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, თუმცა მისი მწვალებლური მოძღვრება და თვითონ ორიგენე გაცილებით გვიან, მეხუთე მსოფლიო კრებაზე (553) იქნენ შეჩვენებულნი. მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ორიგენე გარდაცვალებიდან 300 წლის შემდეგ გახდა მწვალებელი (ცხადია, ეს სრული უაზრობაა), არამედ ნიშნავს, რომ ეკლესიამ 553 წელს ოფიციალურად დაადასტურა ის სამწუხარო ფაქტი, რომ ორიგენემ სიცოცხლე  მწვალებლად დაასრულა. ეკლესიის მიერ მისი დაგმობა იმიტომ იყო საჭირო, რომ ორიგენეს მწვალებლობა ძალიან გავრცელდა და საზოგადოებისათვის საშიში გახდა.

როცა VII საუკუნის დასაწყისში მონოთელიტობის სწავლება აღმოცენდა, წმ. მაქსიმე აღმსარებელმა († 662) იგი მყისვე მწვალებლობად გამოაცხადა და ეკლესიური თანაზიარებაც კი შეწყვიტა ყველა მონოთელიტ პატრიარქთან, ისე რომ მსოფლიო კრების განჩინება ამ საკითხზე არ არსებობდა (მეექვსე მსოფლიო კრება 681 წელს შედგა, როცა წმინდანი 20 წლის გარდაცვლილი იყო). პროფ. იანაკიევის „კანონიკური“ ლოგიკით კი, რომელიც „მწვალებლობის მსოფლიო კრების მიერ დაგმობის“ აუცილებლობას ქადაგებს, გამოდის, რომ წმ. მაქსიმე აღმსარებელი მორიგ განხეთქილების მოთავე ზილოტად უნდა გამოვაცხადოთ, რომელიც საეკლესიო იერარქიას პატივს არ სცემს და თვითნებურად იქცევა. მაგრამ სული წმიდით ძღვანებულმა ეკლესიამ სწორედ იმიტომ განადიდა წმ. მაქსიმეს ღვაწლი, რომ მონოთელიტობა გაჩენისთანავე მწვალებლური სწავლება იყო და ასეთად მეექვსე მსოფლიო კრების მიერ მისი დაგმობის შემდეგ არ ჩამოყალიბებულა.

ხოლო ეს რომ ეკლესიის ერთობლივი ცნობიერებაა, მეშვიდე მსოფლიო კრების (787) საქმეებიდანაც კარგად ჩანს, კერძოდ, იმ ადგილიდან, სადაც ეკლესიაში ხატმბრძოლი ეპისკოპოსების მიღებაზეა ლაპარაკი (რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დაგმობილნი არც ამ, არც სხვა რომელიმე კრების მიერ). მსოფლიო კრების მიერ დაგმობის გარეშეც ეს ეპისკოპოსები ეკლესიის გარეთ მყოფ მწვალებლებად ითვლებოდნენ:

„იოანემ, ღვთივსაყვარელმა მოსაყდრემ აღმოსავლეთის სამოციქულო ტახტისა, თქვა: „მწვალებლობა განაშორებს ეკლესიისგან ყოველ ადამიანს“.  წმინდა კრებამ კი დასძინა: „ეს ცხადია“.[1]

ამასთან დაკავშირებით ღვთის დიდი წმინდანი, გრიგოლ პალამა († 1359) ამბობს:

„ის ადამიანები, რომლებიც არ ეკუთვნიან ჭეშმარიტებას, არც ეკლესიას ეკუთვნიან, და ეს ასეა, თუნდაც ტყუოდნენ საკუთარი თავის შესახებ, თუნდაც თავიანთ თავს უწოდებდნენ ან მისიანები სახელდებდნენ მათ წმინდა მწყემსებად და მთავარეპისკოპოსებად; რადგან ჩვენ გვემცნო, რომ  ქრისტიანობა იმით კი არ გამოირჩევა, რაც გარეგნულად ჩანს, არამედ ზუსტი და ჭეშმარიტი სარწმუნოებით“.[2]

ამავე სულისკვეთებისაა ცელესტინუს რომის პაპის  († 432) სწავლანი, რომლებშიც იგი გვეუბნება, რომ არ უნდა დავემორჩილოთ მწვალებელ იერარქებს:

„თუ მწვალებლობის მქადაგებელნი განკვეთენ მათ წინააღმდეგ აღმდგარ მართლმადიდებლებს, მათი განკვეთა არ არის ჭეშმარიტი და არ გააჩნია საეკლესიო ძალა იმ დროიდან მოყოლებული, როცა მათი (მწვალებლური) ქადაგება დაიწყო“, – რაც სხვა სიტყვებით დასტურდება მესამე მსოფლიო კრების მე-3 კანონით.[3]

რაც შეეხება წმინდანთა დიდ როლს კონკრეტული მწვალებლობის დაგმობის საქმეში, თქვენ, ბატონო პროფესორო, ამ შემთხვევაშიც ცდებით, როცა წერთ, რომ „დიდი და წმინდა მამების აზრსაც კი“ არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა  ამ საკითხებში.

წმინდანებს შორის თანხმობა ამ საკითხში  ეკლესიის წმინდა გარდამოცემის არსებითი ნაწილია, კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების (861) მე-15 კანონი კი გარკვევით ღაღადებს:

„... ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისკენ მისწრაფების მქონე...“.[4]

ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ მწვალებლობა შეიძლება დაგმობილ იქნას მსოფლიო კრებების ან წმინდა მამების მიერ, და ორივე შემთხვევაში აღიარებულია, რომ მწვალებლობა ჯეროვნად არის დაგმობილი. ეს სრულიად არ არის გასაკვირი, რადგან ჯერ კიდევ წმ. პავლე მოციქული ამბობდა: „არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი განიკითხონ?“ (1 კორ. 6, 2); ხოლო ვინაიდან სოფელს წმინდანები განსჯიან, გასაგებია, რომ ისინი განსჯიან მწვალებლებსაც.

ეს მართლმადიდებლური სწავლება, ცხადია, არაფრად მოეწონებოდა პროფ. იანაკიევს, რადგან XI-XX საუკუნეების მანძილზე ღვთის უამრავი წმინდანი იყო ისეთი, ვინც კატეგორიულად ლაპარაკობს რომის კათოლიციზმზე, როგორც სულის წარმწყმედელ მწვალებლობაზე. აქ პრაქტიკულად აშკარაა «consensus patrum», ანუ მამათა თანხმობა. სტატიაში „არამართლმადიდებლობისკენ მიმავალი ფართო „კარი“ მე უკვე ბევრი მაგალითი მოვიყვანე ზემოთქმულის დასამტკიცებლად, მაგრამ ახლა კიდევ რამდენიმე მრავლისმთქმელ ციტატას წარმოგიდგენთ: 

წმ. ფოტიოსი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი: „ვინ არ დაიხშობს ყურებს, რათა არ მოისმინოს ეს უკიდურესი ღვთის გმობა (filioque), რომელიც ეწინააღმდეგება სახარებას, წმინდა მსოფლიო კრებებს, უარყოფს წმინდა და ნეტარ მამებს... ესაა გმობა და ღვთისმბრძოლი ხმა, რომელიც წინააღმდგომია ყველა წინასწარმეტყველისა, მოციქულისა, მღვდელმთავრისა, მოწამისა და თვით უფლის სიტყვისა...“.[5]

წმ. მარკოზ ეფესელი: „ჩვენ ლათინები მხოლოდ იმ ერთადერთი მიზეზით განვიშორეთ, რომ ისინი მწვალებლები არიან. ამიტომ სრულიად არასწორია მათთან გაერთიანება“.[6]

„ლათინები არა მარტო განხეთქილების მოქმედნი არიან, არამედ მწვალებლებიც“.[7]

წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი: „ლათინები მწვალებლები არიან“.[8]

ღირსი პაისი ველიჩკოვსკი: „ლათინობა გამოეყო ეკლესიას და მწვალებლობათა და ცთომილებათა უფსკრულში დაინთქა, იგი იქ რჩება და მისი აღდგინების არავითარი იმედი აღარ არსებობს“.[9]

წმ. მაქსიმე ბერძენი: „ჩემს ნაწერებში მე ლათინთა ყოველგვარ მწვალებლობას და იუდეურ და წარმართულ ყოველგვარ გმობას ვამხილებ...“.[10] „იმდენად დიდია ლათინთა ცთომილებანი, რომლებიც ჩვენსა და მათ შორის ზღუდედ აღიმართა, ხოლო მათი წარმწყმედელი სწავლება ისეთია და იმდენად შორს არის ეკლესიის სწავლებისგან, რომ მათი გამოსწორება მხოლოდ ღმერთს შეუძლია“.[11]

ბევრი რუსი წმინდანიც იმავეს ამბობს, მაგრამ მე აქ უფრო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდანები შევკრიბე, რადგან ყველამ ვიცით, რომ პროფ. იანაკიევი ამ საპატრიარქოს ერთგულია. მაგრამ, ბატონო პროფესორო, ხართ კი თქვენ ჭეშმარიტების მიმდევარი?

რაც შეეხება საეკლესიო კრებებს, რომლებიც გმობდნენ რომის კათოლიციზმს, როგორც მწვალებლობას (პაპიზმის სხვადასხვა მწვალებლური სწავლებების ჩათვლით), სულ მცირე, შემდეგი კრებების ჩამოთვლა შეიძლება: 1170, 1341, 1351, 1450, 1672, 1722, 1755, 1838, 1848 და 1895 წლების კრებები.

მაგრამ განსაკუთრებით ავტორიტეტულია 879-80 წლების კრება კონსტანტინოპოლში, რომელსაც ბევრი წმინდანი მე-8 მსოფლიო კრებად თვლის და რომელსაც ყველა საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ (მათ შორის პაპ იოანე VIII-სი). ამ კრებამ კატეგორიულად დაგმო filioque-ს მწვალებლობა, რომელიც მოგვიანებით კადნიერად მიიღეს ლათინებმა და სარწმუნოების სიმბოლოშიც კი შეიტანეს.

აი, უფრო გვიანდელი დროის სხვა საკრებო განწესებები:

– 1450 წლის კრება კონსტანტინოპოლში გმობს ფსევდოუნიას, რომელიც ფერარო-ფლორენციის  კრებაზე მიიღეს, ასევე ლათინთა მწვალებლურ სწავლებას;

– 1722 წლის კრება კონსტანტინოპოლში: „გაექეცით სიცრუეს... განეშორეთ ლათინთა სიახლეებს, რომლებმაც ეკლესიის არც ერთი დოგმატი და საიდუმლო არ დატოვეს დაუხსნელი ან შეურყვნელი“;

1838 წლის კრება კონსტანტინოპოლში: „იმისათვის, რომ აღმოსავლეთის ეკლესიის ჭეშმარიტი შვილები პაპიზმის მკრეხელობებისგან, მწვალებლობათა უფსკრულისა და პაპის ცთომილებათა სულის განმხრწნელი დაცემებისგან დავიცვათ, იცოდეთ, რამდენად განვსხვავდებით ჩვენ, მართლმადიდებლები, კათოლიკეებისგან“.

კონსტანტინოპოლის 1848 წლის კრება ასევე მეტად ავტორიტეტულია, ვინაიდან მის საზოგადო ეპისტოლეს ხელს აწერს აღმოსავლეთის ეკლესიის ოთხი პატრიარქი და მათი სინოდები. აი, რამდენიმე საგულისხმო ამონაწერი ამ ეპისტოლედან:

მე-4 განყოფილება: „იმ მწვალებლობებიდან, რომლებიც, ღმერთმა უწყის, საიდან, მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ვრცელდება, ოდესღაც იყო არიანელობა, ახლა კი პაპიზმია. მაგრამ ეს უკანასკნელიც (პირველის მსგავსად, რომელიც აწ უკვე სრულიად აღმოიფხვრა), თუმცა ჯერ კიდევ ძლიერია, ბოლომდე კი არ დარჩება, არამედ გაქრება და დაემხობა, და ზეციდან გაისმება „ხმა დიდი... გარდამოვარდა“ (გამოცხ. 12, 10).

მე-5 განყოფილება: ამიტომ ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, მისდევს რა აღმოსავლეთისა და დასავლეთის წმინდა მამებს, როგორც ძველად გვამცნობდა, ახლაც კვლავ გვამცნობს ერთობლივად, რომ ის ახლად შემოსული აზრი, თითქოს სული წმიდა მამისა და ძისაგან გამოვალს, არის მწვალებლობა, და მათი მიმდევრებიც, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, მწვალებლები არიან, როგორც უწმინდესი პაპის, დამასის განჩინებიდან ჩანს; მათგან შემდგარი საზოგადოებები მწვალებლური საზოგადოებებია და  ყოველგვარი სულიერი, საღვთისმსახურო ერთობა მათთან მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებისა უსჯულოებაა, განსაკუთრებით მე-3 მსოფლიო კრების მე-7 კანონის თანახმად“.

რაც შეეხება რომის კათოლიციზმის დღევანდელ მდგომარეობას, იგი კიდევ უფრო ტრაგიკულია, ვიდრე ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილი, და ამის ერთ-ერთი მიზეზი ვატიკანის მეორე მსოფლიო კრების (1962-65) გადაწყვეტილებებია, რომლებიც უფრო მეტად აშორებენ პაპიზმს აუთენტური მართლმადიდებლობისგან. ორი სიტყვით რომ გადმოვცეთ, თუ საით მიემართება რომის კათოლიციზმი, შეიძლება ითქვას, რომ ესაა რელიგიათაშორისი კონფორმიზმი სულ უფრო შეუნიღბავი სინკრეტიზმის საფუძველზე.

ვატიკანის მეორე მსოფლიო კრების დეკრეტების, დეკლარაციებისა და დოკუმენტების უმეტესობის დაწვრილებითი ანალიზი მიტრ. ანდრია დრინოპოლელისა და მიტრ. სერაფიმე პირეელის ღია წერილშია მოყვანილი პაპ ფრანცისკესადმი (2014 წლის 10 აპრილი), მე კი მხოლოდ იოანის კარმირისის სიტყვების ციტირებით შემოვიფარგლები, რომლებიც პაპის პრიმატის გაძლიერებას (ყველაფრის მიუხედავად) შეეხება:

„ვატიკანის მეორე მსოფლიო კრებამ არ დააყოვნა და უფრო მეტად აღამაღლა პაპის თანამდებობა – იმ ზომამდე, რომ პაპის საყდრის ზოგიერთმა თავგამოდებულმა მიმდევარმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, თითქოს ეკლესიის თავი უკვე ქრისტე კი აღარ არის, არამედ პეტრე მოციქული და მის მიერ – პაპი“.[12]

რაც შეეხება მართლმადიდებლების მიმართ გაწეულ დათმობებს, ესაა მხოლოდ „გარეგნული ცვლილებები რომის „ეკლესიის“ პოლიტიკაში და არა შინაგანი ცვლილებები მის სწავლებაში“. 

და კვლავ მწვალებლების, კერძოდ კი  რომის კათოლიკეთა საიდუმლოების ძალადაკარგულობის ცნობას ვუბრუნდებით:

პროფ. იანაკიევი უკვე წერილობით ამტკიცებს, რომ მთელი მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს ნათლობის, მირონცხებისა და მღვდლობის ლათინურ საიდუმლოებს, ვინაიდან რუსეთის ეკლესია  ХХ საუკუნეში და ვიდრე დღემდე რომის კათოლიკეებს მხოლოდ სინანულის გზით შეიწყნარებდა, ისე რომ არც ნათლისღების, არც მირონცხების საიდუმლოს არ ატარებდა. აქედან, ცხადია, გამომდინარეობს უკვე კარგად ცნობილი მისამღერი: ლათინები მწვალებლები არ არიან. მაგრამ ამ ლოგიკით არც ნესტორიანელები უნდა ჩავთვალოთ მწვალებლებად, ვინაიდან მე-6 მსოფლიო კრების 95-ე კანონი ნესტორიანელებისგან მხოლოდ სინანულს მოითხოვს – ეკლესია მათ არც ნათლავს, არც მირონს სცხებს  შეწყნარებისას. ჰო, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ეკლესიამ არაერთგზის შეაჩვენა ნესტორიც და ნესტორიანელებიც.

პრაქტიკულად, შესაძლოა ისე, რომ თვითონ ამას ვერც კი აცნობიერებს, პროფესორი იანაკიევი ახალ ეკუმენისტურ სწავლებას ქადაგებს, რომელსაც მიტრ. სერაფიმე პირეელი ასე ახასიათებს:

„თავისი მიზნების განსახორციელებლად ეკუმენიზმი სხვადასხვა თეორიებს ქმნის, როგორიცაა, მაგალითად, დოქტრინა და-ეკლესიების შესახებ, ბაპტიზმატიკური თეოლოგიის შესახებ, საეკლესიო იკონომიის აკრიბიად და საეკლესიო დოგმად ქცევის შესახებ (ანუ შემწყნარებლობის ზოგიერთი საეკლესიო პრაქტიკა, რომელსაც დროებითი ხასიათი და კონკრეტული სამღვდელო მიზანი აქვს, უცვალებელი დოგმატური ხასიათის მქონედაა წარმოდგენილი). ასეთი სწავლებები სრულიად უცხოა მართლმადიდებლური დოგმატიკისა და საღვთისმეტყველო შეხედულებებისათვის“.[13]

ამასთან დაკავშირებით ზოგიერთ საინტერესო ფაქტს გადავხედოთ.

თავის სტატიაში პროფ. იანაკიევს მოჰყავს ციტატები მამა სერგი ბულგაკოვის წიგნიდან „მღვდელმსახურის სამაგიდო წიგნი“, საიდანაც მართლაც ჩანს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ХХ საუკუნეში რომის კათოლიკეებს, რომლებიც  მართლმადიდებლობის წიაღში ბრუნდებოდნენ, მხოლოდ სინანულის გზით იწყნარებდა, რომის კათოლიკეთა მღვდლებს კი – ხელდასხმის გარეშე. პროფ. იანაკიევი ამ სამღვდელო პრაქტიკიდან არასწორ დასკვნას აკეთებს, თითქოს მთელი ეკლესია თავის დოგმატურ სწავლებაში აღიარებს რომის კათოლიკეების მიერ შესრულებულ ნათლისღების, მირონცხებისა და მღვდლობის საიდუმლოებს. მაგრამ ეს დასკვნა მცდარია, რადგან, როგორც ვთქვით, ეკლესიამ დიდი ხანია დაადგინა, რომ საიდუმლოები ძალადაკარგულნი არიან არა მარტო მწვალებლობის, არამედ ხანგრძლივი განხეთქილების შემთხვევაშიც:

„თუმცა გამდგომილება განხეთქილებით დაიწყო, მაგრამ ეკლესიისაგან განდგომილთ უკვე აღარ ჰქონდათ სული წმიდის მადლი. ვინაიდან მოაკლდა მადლის გარდამოცემა, რამეთუ შეწყდა სჯულიერი მემკვიდრეობა... მაგრამ განყენებულებს, გახდნენ რა ერისკაცნი, არ ჰქონდათ არც ნათლობის, არც ხელდასხმის უფლება, და არ შეეძლოთ სხვებისთვის მიენიჭებინათ სული წმიდის მადლი, რომლისგანაც თვითონ განვარდნენ. ამიტომ ძველი მამები ბრძანებდნენ, რომ მათგან ეკლესიაში მოსულები, როგორც ერისკაცთა მიერ მონათლულები, კვლავ ჭეშმარიტი საეკლესიო ნათლისღებით განეწმინდათ“ (წმ. ბასილი დიდის პირველი კანონიკური განწესება, მიღებული და მოწონებული მსოფლიო კრებების მიერ).[14]

აი, ესაა  ეკლესიის დოგმატური სწავლება.  თუმცა მწვალებელთა და განხეთქილების მოქმედთა ეკლესიაში მიღების პრაქტიკა შეიძლება იკონომიის საფუძველზე შესრულდეს, ამიტომ ზოგიერთ მწვალებელს სინანულის გარდა არაფერი მოეთხოვება, რადგან ითვლება, რომ თავისთავად მწვალებლის ეკლესიაში დაბრუნებისას ღვთის მადლი ავსებს ნაკლულევანებას. ამას კარგად განმარტავს წმ. კვიპრიანე კართაგენელი († 258), როცა საერთოდ მოუნათლავ ადამიანზე ლაპარაკობს.

„რა დაემართებათ ადამიანებს, რომლებიც  მწვალებლობიდან ეკლესიაში ისე გადავიდნენ, რომ მონათლულნი არ ყოფილან? უფალს ხელეწიფება დიდითა წყალობითა თვისითა მიმადლოს მათ მიტევება და არ მოაკლოს თავისი ეკლესიის ნიჭები“.

საინტერესოა, რომ პროფ. იანაკიევი დაწვრილებით მსჯელობს რმე-ს (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის) – რომლის მიმართაც, პრინციპში, არავითარი თბილი გრძნობები არ გააჩნია – თანამედროვე პრაქტიკაზე, მაგრამ დუმს იმ ფაქტის შესახებ, რომ ათონის წმინდა მთაზე, ასევე საბერძნეთსა და ბულგარეთში, ყოველ შემთხვევაში, ამ ქვეყნების ზოგიერთ ეპარქიაში მაინც, რომის კათოლიკეთა მიღების პრაქტიკა კარდინალურად განსხვავდება რმე-ს პრაქტიკისაგან და შეიცავს წმ. ნათლისღების ან, სულ მცირე, წმ. მირონცხების საიდუმლოს შესრულებასაც. მე პირადად შემიძლია მიგითითოთ კონკრეტულ ადამიანებზე დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიაში წმ. ნათლისღებითა და მირონცხებით მიიღეს. თვითონ რუსეთის ეკლესიაშიც  რომის კათოლიკეთა მიღების პრაქტიკა XV საუკუნიდან დღემდე მნიშვნელოვნად იცვლებოდა, რის შესახებაც არსებობს დოკუმენტები, რომლებსაც ვერ შეედავები. მაგრამ, როგორც ვნახეთ, ეს არ ნიშნავს, რომ არსებობს წინააღმდეგობა ადგილობრივ ეკლესიებს შორის – განსხვავება მხოლოდ  პრაქტიკულ საშუალებებშია (აკრიბია ან იკონომია), რომლითაც ესა თუ ის ეკლესია რომის კათოლიკეებს იწყნარებს.

და ახლა უფრო უკეთესად შეიძლება გავიგოთ მიტრ. სერაფიმე პირეელის სიტყვები ეკუმენისტურ ცთომილებათა შესახებ, რომელთა მიერ „შემწყნარებლობის ზოგიერთი საეკლესიო პრაქტიკა, რომელსაც დროებითი ხასიათი და კონკრეტული სამღვდელო მიზანი აქვს, უცვალებელი დოგმატური ხასიათის მქონედაა წარმოდგენილი“.[15]

დაბოლოს, ბატონო პროფესორო, თქვენ, ვინც სხვა შემთხვევებში ასე იბრძვით საეკლესიო კრებებთან თანხმობისათვის, რატომ მიჩქმალეთ ჩემი სიტყვები, სადაც ზუსტად მივუთითე, რომელი კრება უარყოფს კატეგორიულად ლათინთა ნათლისღებას და მკაცრად ბრძანებს, რომ რომის კათოლიკენი ნათლისღებით  შევიწყნაროთ? ესაა კონსტანტინოპოლის 1755 წლის კრება, რომლის გადაწყვეტილებები აღმოსავლეთის სამი პატრიარქის მიერაა ხელმოწერილი: კირილე  კონსტანტინოპოლელის, მათე ალექსანდრიელისა და პართენი იერუსალიმელის, და რომელიც უარყოფს  პაპის ნათლობას, როგორც მწვალებლურს და როგორც არასწორად აღსრულებულს. ამ კრებამ მიიღო ბოლო ოფიციალური გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით, მიუხედავად მრავალფეროვანი თანამედროვე პრაქტიკისა.

დასასრულ, ერთ შედარებით პირადი საკითხის თაობაზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას.  ჩემი პიროვნების დისკრედიტაციის მცდელობები მიზნად ისახავენ ასევე იმ სწავლების დისკრედიტაციას, რომელსაც მე ვიცავ, ამიტომ უარვყოფ ზოგიერთ არასწორ და შეურაცხმყოფელ მტკიცებას, რომელსაც თქვენ, პროფესორო, განზრახ ხდით საჯაროს და ამგვარად უზნეო საქციელის თანამონაწილედ იქცევით.

ზემოთ მითითებულ სტატიაში „მოკლე კანონიკური განმარტებები“ თქვენ ჩემი პირველი ხსენებისთანავე  დასძენთ: „რომლის შესახებაც ამბობენ, რომ იგი ათონიდან გამოაძევეს“. მაინც, ვინ ამბობს ამას? ფორუმელი  ანონიმები? და ისინი წარმოადგენენ თქვენთვის ჭეშმარიტების უმაღლეს კრიტერიუმს?

მხედველობაში იქონიეთ, რომ არათუ არავის გავუძევებივარ არც ათონიდან და არც რაიმე სხვა ადგილიდან, არამედ დღესაც ზოგრაფის მონასტრის კრების წევრი ვარ, ბულგარეთში საკუთარი ნებით და კანონიკის სრული დაცვით ჩამოვედი, რასაც მოწმობს   2014 წლის 107/29.9 წერილი, მისი უწმინდესობის, პატრიარქ ნეოფიტესადმი მიწერილი. მასში აღნიშნულია, რომ მონასტრის კრების გადაწყვეტილებით მე, ზოგრაფის სავანის ძმა, გერმანეს მონასტერში, ზოგრაფის მეტოქში ვარ მივლინებული, რათა იქ მომსახურე მღვდლის მოვალეობა შევასრულო. ამ წერილს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემთანაც, ზოგრაფის მონასტერშიც და სოფიის მიტროპოლიის არქივშიც.

რაც შეეხება იმას, თითქოს სასწავლებელი „სამებსა და ოთხებზე“ დავამთავრე, როგორც თქვენ გადაკვრით მიანიშნებთ, სინამდვილეში იქაც ცოტა სხვაგვარად იყო საქმე. საღვთისმეტყველო ფაკულტეტის მაგისტრატურა 2011 წელს სრულ ხუთოსნად დავამთავრე, პირველი ვიყავი ჩემს გამოშვებაში, მერე კი ოქროს მედალიც გადმომეცა. ჩემი დიპლომის მონაცემებია: სერია ა-2010, ნომერი 203 164, თუ გნებავთ, შეგიძლიათ ნახოთ.

ასეთია ფაქტები, ბატონო პროფესორო, ამიტომ სრულიადაც არ გდებთ პატივს, რომ რაღაც ფორუმის მონაჭორს იმეორებთ და საკუთარსაც კი თხზავთ, ოღონდ კი ჩემი დისკრედიტაცია მოახდინოთ, ჩემი სახით კი – მართლმადიდებლური სწავლებისაც, რომელსაც მე ღრმა რწმენით ვიცავ. მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ, ღვთის შეწევნით, ვერავითარი შეურაცხყოფა და ცილისმწამებლური მონაგონი ვერ მაიძულებს, არჩეულ გზას გადავუხვიო.

და სულ ბოლოს, გულწრფელად ვევედრები უფალ იესო ქრისტეს, რომ მან მიგიზიდოთ თავისი ჭეშმარიტების გზისკენ და გაცხონოთ თქვენ.

 

სქემმღვდელმონაზონი დიმიტრი ზოგრაფელი

22 ივლისი, 2016 წ.

თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ მცირედი შემოკლებით

 

[1] მსოფლიო კრებათა საქმეები 7 ტომად, ყაზანი, 1908; ტ. 7, გვ. 353.

[2] წმ. გრიგოლ პალამას წერილი პატრიარქ ანტონიუსის მიმართ, თესალონიკი, 1998.

[3] კრება უბრძანებს მართლმადიდებელ და მსოფლიო კრების თანამოაზრე სასულიერო პირებს, რომ არასოდეს არაფერში არ დაემორჩილონ განდგომილ ეპისკოპოსებს (საქ. ეკლესიის კალენდარი, 1987 წ. დიდი სჯულისკანონი. გვ. 214).

[4] იქვე, გვ. 376.

[5] ციტატა მოყვანილია იოანის კარმირისის წიგნიდან ,,მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური და სიმბოლური ძეგლები“.

[6] იქვე.

[7] იქვე.

[8] პიდალიონი, მოციქულთა 43-ე კანონის განმარტება.

[9] პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ნიშნის შესახებ, თ. 11.

[10] პასუხი ნიკოლოზ ლათინს. თხზულებები, ნაწ. 2.

[11] იქვე.

[12] იოანის კარმირისი, მართლმადიდებლობა და რომის კათოლიციზმი, ათენი, 1964, ტ. 1.

[13] მიტრ. სერაფიმე პირეელი, საზოგადო ეპისტოლე მართლმადიდებლობის ზეიმის კვირიაკეს, 2013 წ.            

[14] მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები განმარტებებითურთ, ტ 2, გვ. 368.

[15] მიტრ. სერაფიმე პირეელი, საზოგადო ეპისტოლე მართლმადიდებლობის ზეიმის კვირიაკეს, 2013 წ.            

 

უკან

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა