martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

 

აღმოსავლური კულტები

 

ჩვენს დროში ერთობ მომძლავრდა ქრისტიანობის კიდევ ერთი სასტიკი მტერი, რომელიც, რომ შეეძლოს, ქრისტიანობის თვით გულს განგმირავდა. ეს მტერი მეტად ვერაგი, პირმოთნე და  ძალმოსილია ინდუიზმი და სხვა აღმოსავლური რელიგიები. ისინი საოცარი სისწრაფით ვრცელდებიან ოდესღაც ქრისტიანულ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ამერიკაში, თუმცა ამჟამად ეს სნეულება თითქმის მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობას მოედო. დღევანდელ თაობაში ძალიან პოპულარულნი არიან აღმოსავლეთის "ბრძენები", ინდოელი გურუები, ტიბეტელი ლამები, ძენ-ბუდიზმის იაპონელი მასწავლებლები და სხვები, რომლებიც, დასავლეთის კვალდაკვალ, ჩვენს ქვეყანაშიც შინაურები ხდებიან.

ბოლო ხანს ამ სწავლებებმა დაიწყეს თავიანთი მტრული ბუნების შენიღბვა. ისინი ცვლიან ტერმინოლოგიას, ამტკიცებენ, რომ ყოველ რელიგიას საერთო მიზნები აქვს, მათ შორის  მხოლოდ გარეგნული განსხვავებაა, მაგრამ არსით ერთნი არიან: ყველა რელიგია ჭეშმარიტია, ამიტომ ისინი კი არ უნდა უარყოფდნენ, არამედ უნდა ავსებდნენ ერთმანეთს. ამ მიმართულების მქადაგებელნი განსაკუთრებით ცდილობენ თავიანთი უგუნური სწავლება თავს მოახვიონ მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს; ამისათვის თანამედროვე ქრისტიანების სუსტ მხარეებს იყენებენ, სხვადასხვა ტყუილსა და მზაკვრობას მიმართავენ, რათა, თუ შესაძლებელია, მტკიცე მორწმუნეებიც კი აცდუნონ.

მოკლედ მიმოვიხილოთ ამჟამად გავრცელებულ სწავლებათა ძირითადი შტრიხები, ოღონდ გავითვალისწინოთ, რომ მათ ყოველდღე შეუძლიათ ცვალონ ტერმინები და რიტუალების ფორმები, ქამელეონივით იცვალონ ფერი დროის სულისკვეთების მიხედვით, რათა რაც შეიძლება მეტი სული აცთუნონ. არსი და მიზანი ამ "სულიერი მახეებისა" ყოველთვის ერთია: განარიდონ ადამიანი ჭეშმარიტი ღმერთის ცნობას, სინანულს, ნებისმიერი სიცრუის ფასად მიაღწიონ ხიბლისმიერ "სიმშვიდეს" და მადლს მოკლებულ "ნეტარებას", მიაძინონ და ჩააჩუმონ სინდისი ცოდვების აღიარების გარეშე, ისე რომ კაცმა ვეღარ შეძლოს საკუთარი დაცემულობის განცდა და სულის ჭეშმარიტი, ავადმყოფური მდგომარეობის ხედვა, შეექმნას სულიერი და ფიზიკური სიმრთელისა და ბედნიერების ილუზია, სინამდვილეში კი საუკუნო წარწყმედისათვის გაიწიროს. ყველა ეს სწავლება მხოლოდ სულიერი ნარკოზია, რომელიც არ კურნავს, თუმცა ტკივილს კი აყუჩებს. მაგრამ ტკივილი ხომ დაავადებული ორგანიზმის სიგნალია, დახმარების თხოვნა, ტკივილი რომ არა, სნეულება შეუმჩნეველი დარჩებოდა და დაუბრკოლებლივ განაგრძობდა განვითარებას.

აღმოსავლური რელიგიები ავადმყოფს ჩააგონებენ, რომ იგი ჯანმრთელია, უნერგავენ საკუთარი სრულყოფილებისა და ღმრთაებრიობის რწმენას, ასაზრდოებენ მის ამპარტავნებას, ბოროტ სულთა შემწეობით უხვად აჯილდოებენ დახვეწილი და სასიამოვნო "სულიერი ნუგეშისცემით", "ხილვებით", "ნეტარების", "სიმშვიდისა" და "უსასრულობის" განცდით. ყოველივე ეს განაპირობებს სწორედ აღმოსავლური რელიგიების ფართო გავრცელებას. ვინც ამგვარ რელიგიურ ცდებს მიჰყოფს ხელს, მალე ამჩნევს "სასიკეთო ცვლილებებს": იგი თითქოს მშვიდი, საკუთარ თავში დარწმუნებული, მხნე, და მოყვასის მიმართ შემწყნარებელი ხდება. მაგრამ ყოველივე ეს ღრმა ხიბლის ნაყოფია, სასახლე, რომელიც ამპარტავნების, თავმოთნეობის, საკუთარი თავის გაღმერთების ყალბ საფუძველზეა დამყარებული, ამის დანახვა კი დაბრმავებულ კაცს არაფრით არ სურს. ის მხოლოდ იმას ხედავს, რომ ეს ვარჯიშები "ზემოქმედებას ახდენენ", თანაც "სასიკეთო" ზემოქმედებას. მაშასადამე, ეს "კარგია და ჭეშმარიტი".

სამწუხაროდ, თანამედროვე "ქრისტიანები" არ იცნობენ, ანდა უგულებელყოფენ მართლმადიდებლურ სწავლებას ხიბლის შესახებ, რომელიც ასე დაწვრილებით გადმოგვცეს წმ. მამებმა თავიანთ ნაწერებში. რაც შეეხება მწვალებლებს კათოლიკეებს, პროტესტანტებს, სექტანტებს მათ ეს სწავლება არ იციან და უკვე დიდი ხანია ჭეშმარიტ ქრისტიანობად ღებულობენ სწორედ ხიბლის მდგომარეობას, რომელშიც ისინი იმყოფებიან. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ამ გარემომ ვერ გაუწია ჯეროვანი წინააღმდეგობა აღმოსავლურ სწავლებათა შემოტევას და ბევრი რამ შეითვისა კიდეც მათგან. მართლმადიდებელი ქრისტიანების უმეტესობა კი ჯერჯერობით გრძნობს და ნათლად განიცდის, რაოდენ მტრული და დამღუპველია ეს ცრუსწავლებანი, მაგრამ ჩვენშიც მომრავლდნენ მცირედმორწმუნე და სულიერ  განსჯას მოკლებული ადამიანები, რომლებიც ამ ბოროტებას ვერ გადაურჩნენ.

 

 

ინდუიზმი

 

ინდუიზმი მრავალმხრივ იტაცებს კაცის გულს: იგი საოცრად მაცთურია ყოველი გრძნობისათვის, და მიმზიდველი ყოველი სისუსტის, განსაკუთრებით კი ამპარტავნებისათვის. თანამედროვე ინდუიზმი "იოლად პასუხობს" ყველა კითხვას და "ხსნის" ყველა გაუგებრობას, რასაც დღევანდელ მცირედმორწმუნეთა შორის ზოგიერთი დოგმატი იწვევს და რაც ასე მიუღებელია თანამედროვე ადამიანის "ჰუმანური" გონებისათვის პირველქმნილი ცოდვა, ჯოჯოხეთი, საუკუნო სატანჯველი. ინდუიზმი ყოველ ასეთ ქრისტიანულ დოგმას "ინტელექტუალურად დამაკმაყოფილებელ" ალტერნატივას უძებნის: ჯოჯოხეთი თურმე სულის დროებითი სამყოფელია, ჩვენი "ცუდი კარმის" ნაყოფი, და ცხადია, სასრული მიზეზი უსასრულო შედეგს ვერ გამოიღებს. პირველქმნილი ცოდვა "პირველქმნილ ღმრთაებრიობად" იქცევა, ადამიანი "უსასრულო მესიზმრედ, რომელიც სასრულ სიზმრებს ხედავს", ტანჯვის პრობლემა კიდევ უფრო მარტივად წყდება: ტკივილი არის "მაია" ანუ ილუზია, იგი რეალურად არ არსებობს და ა..

თანამედროვე ინდუისტები ცდილობენ ჩაგვაგონონ, რომ ინდუიზმსა და ქრისტიანობას შორის "არავითარი რეალური განსხვავება ან უთანხმოება" არ არსებობს, რომ კარგი ქრისტიანი  კიდევ უფრო უკეთესი გახდება, თუ ვედანტას (მისტიკურ ინდუიზმს) შეისწავლის და განახორციელებს. ქრისტიანებს ისინი საყვედურობენ, რომ მეტისმეტად უფრთხილდებიან თავიანთ დოგმებს აუცილებელია "გაყინული დოგმებისაგან" გათავისუფლება და მაშინ ეს რელიგიები შეძლებენ ერთმანეთის გამდიდრებას.

სამწუხაროდ, ცოტას თუ ესმის, რომ ინდუიზმიც დოგმატების სისტემაა, ოღონდ ქრისტიანობის საპირისპირო დოგმატებისა ყველაფერი, რასაც პატივს სცემენ ქრისტიანები თუ ინდუისტები, თითოეული მათგანის დოგმატებისაგან გამომდინარეობს. ის, რაც  ქრისტიანისათვის ყველაზე დიდი ცოდვაა, ინდუისტისათვის უმაღლესი სიკეთის განსახიერებაა. ქრისტიანები უმთავრეს ცოდვად ყოველთვის ამპარტავნებას თვლიდნენ, რომელიც ყველა სხვა ცოდვის საწყისად იქცა. ამ ცოდვის პროტოტიპია ლუციფერი, რომელიც ამბობს: "აღვიდე ზედა ღრუბელთა და ვიყო მსგავს მაღლისა" (ესაია, 14, 14). სწორედ ამპარტავნებაა, კაცის ყველა ღირსებას ნაკლოვანებად რომ აქცევს. ინდუისტებისათვის კი, განსაკუთრებით ვედანტას მიმდევართათვის, ერთადერთი ცოდვა ისაა, თუ არ გწამს, რომ სწორედ შენ თვითონ და მთელი კაცობრიობა ხართ ღმერთი. ვედანტას ერთ-ერთი თანამედროვე მქადაგებელი, სვამი[1] ვივეკანანდა[2] ამბობს: "თქვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გესმით ინდოეთი! ჩვენ, ინდოელები, კაცთთაყვანისმცემლები ვართ. ჩვენი ღმერთი ადამიანია!"

ამრიგად, ინდუიზმისა და ქრისტიანობის დოგმატები შეპირისპირებისას ყველაფერში გამორიცხავენ ერთმანეთს, რაც ღმერთის ბუნებას, ადამიანის ბუნებასა და ადამიანის არსებობის აზრს შეეხება.

ინდუიზმი იმდენად ინტელექტუალური ძიება როდია, რამდენადაც პრაქტიკული სისტემა, და ეს პრაქტიკა სინამდვილეში შავი მაგია გახლავთ. გურუ თავის მოწაფეს სთავაზობს საკუთარი გამოცდილებით შეამოწმოს ფილოსოფია და ისიც თვალნათლივ ხედავს, რომ ინდუისტური რიტუალები მართლაც მოქმედებენ მასზე (ცხადია, ბოროტი სულების შეწევნით). მას შეუძლია სხვადასხვა ძალის, ანუ სიდჰის მიღება. ესაა ძალზე საშიში ფსიქიკური ტრიუკები, და კაცი აუცილებლად ხიბლის მდგომარეობაში ვარდება, საიდანაც ტყუილს რეალობად აღიქვამს: უსაზღვრო "ნეტარებითა" და "სიმშვიდით" აღსავსე სულიერ ცდებს ატარებს, ეწყება "გამოცხადებები" "ღმრთაება" და "ნათელი" ელანდება. ამ დროს გურუს მოწაფე იშვიათად კითხულობს, საიდან ჩნდება და ვისგან ევლინება ეს განცდები, მან არ იცის მთავარი: ყოველივე ეს თავისი უკვდავი სულით უნდა ზღოს.

ინდუიზმის ეს მრავალფეროვანი "სულიერი" ვარჯიშები რამდენიმე პრაქტიკულ საკითხს ეყრდნობა. ესენია: კერპთაყვანისცემა ("ღმრთაების" გამოსახულებისა ან ქანდაკების თაყვანისცემა სხვადასხვა შესაწირავით, კმევითა და სხვა რიტუალებით); "ჯაპა" სანსკრიტული მანტრის ანუ მაგიური ფორმულის გამეორება, რომელსაც მოწაფეს კურთხევის დროს აძლევენ ხოლმე; "პრანაიამა" "ჯაპასთან" შეერთებული სუნთქვითი ვარჯიშები. არსებობს კიდევ ტანტრაში შემავალი სხვა პრაქტიკული ვარჯიშები, მაგალითად, ღმერთის, როგორც "დედის", ქალური საწყისის, ძალის, ენერგიის თაყვანისცემა. ეს ვარჯიშები შეუფარავი ბოროტებით სუნთქავენ. მაგალითად, სვამი ვივეკანანდა ამბობდა: "მე თაყვანს ვცემ საშინელებას. მცდარია წარმოდგენა, რომ ყველა ადამიანს მხოლოდ ტკბობისადმი ლტოლვა ამოძრავებს. სინამდვილეში ბევრს აქვს თანდაყოლილი მიდრეკილება ტანჯვისაკენ. მაშ მოდით, თაყვანი ვცეთ საშინელებას! ცოტას თუ გაუბედავს სიკვდილის ანდა კალის[3] თაყვანისცემა. მაშ მოდით, თაყვანი ვცეთ სიკვდილს".

ვივეკანანდას კიდევ ერთ გამონათქვამს მოვიყვანთ, ამჯერად ქალღმერთ კალის შესახებ: "არიან ისეთებიც, ვინც დასცინის კალის არსებობას. მაგრამ დღეს იგი აქაა ბრბოში. ადამიანები შიშისაგან ძრწიან, ჯარისკაცები კი სიკვდილის სათესად ემზადებიან. ვის ძალუძს ამტკიცოს, რომ ღმერთი ისევე არ გაცხადდება ბოროტებაში, როგორც სიკეთეში? მაგრამ მხოლოდ ინდუისტი ბედავს თაყვანი სცეს მას, როგორც ბოროტებას". და ვივეკანანდა უხმობს თავის ქალღმერთს: "მოდი, დედაო, მოდი! რამეთუ სახელი შენი არის საშინელება!" მისი რელიგიური იდეალი იყო: "სამუდამოდ შეუერთდეს საშინელს".

და ასეთი მიზანდასახული ბოროტება პრაქტიკაში ინერგება, როგორც სიკეთე!

ვედანტას ძირითადი აზრი, ვივეკანანდას გადმოცემით, ესაა: "ყველა რელიგია ჭეშმარიტია, მაგრამ ვედანტა უმაღლესი ჭეშმარიტებაა. განსხვავება მხოლოდ დონეებშია. ადამიანი ცთომილებიდან ჭეშმარიტებამდე კი არ მიდის, არამედ ჭეშმარიტებიდან ჭეშმარიტებამდე მაღლდება, უფრო დაბლიდან უფრო მაღალ ჭეშმარიტებამდე". "დღევანდელი მატერია ხვალინდელი სულია", "დღევანდელი მატლი ხვალინდელი ღმერთი". მთელი ვედანტა იმას ეფუძნება, რომ ადამიანი ღმერთია, ასე რომ კაცის ცხონება თვით კაცის ხელთაა. ვივეკანანდამ ეს ასე გამოხატა: "ვის ძალუძს დაეხმაროს უსასრულოს? თვით ხელი, შენს შესაწევნად გამოწვდილი, შენივე საკუთარი ხელი უნდა იყოს".

თანამედროვე ინდუისტები თითქოს ერთნაირი პატივისცემით ეპყრობიან ყველა რელიგიას და თვითეულ მათგანთან გაერთიანება სურთ: მზად არიან, რომ "მაჰმადიანთან ერთად ილოცონ მეჩეთში", "მაზდეანთან ერთად თაყვანი სცენ ცეცხლს", "ქრისტიანთან ერთად მოიყარონ მუხლი ჯვარის წინაშე", თითქოს მიიჩნევენ, რომ ყველა რელიგია, უმარტივესი ფეტიშიზმიდან "აბსოლუტის" თაყვანისცემამდე, მხოლოდ უსასრულოს შეცნობის სხვადასხვა მცდელობაა. ამბობენ, რომ თვითონ ისინი "ერთად აგროვებენ ამ ყვავილებს, სიყვარულის ძაფით კრავენ და მათგან თაყვანისცემის საოცარ თაიგულს ქმნიან", მაგრამ თან იმასაც ამტკიცებენ, რომ ყველა ეს რელიგია მხოლოდ საფეხურებია "უმაღლესი რელიგიისაკენ" ადვაიტა ვედანტასაკენ.

ინდუისტები განსაკუთრებით აგდებულად უყურებენ ქრისტიანობას, რომელსაც "დაბალ, დუალისტურ ჭეშმარიტებას" უწოდებენ (მაგალითად, ვივეკანანდამ ერთ-ერთ კერძო საუბარში თქვა, რომ მხოლოდ მხდალს შეუძლია მარცხენა ლოყა მიუშვიროს მას, ვინც მარჯვენაში გაარტყა).

ინდუიზმის მიზანი მსოფლიო (უნივერსალური) რელიგიის შექმნა ძალიან სასურველია ეშმაკისათვის, რადგან მას საშუალება ეძლევა ამ ცრურელიგიას ცრუღმერთი, ანტიქრისტე დაუდგინოს, და ბოლოს და ბოლოს აიძულოს მთელი მსოფლიო, თაყვანი სცეს მას, როგორც ღმერთს. ეს "მსოფლიო რელიგია" არ ცნობს "ინდივიდუალისტურ, სექტანტურ იდეებს", მას არ სურს რაიმე საერთო ჰქონდეს ქრისტიანობასთან. იგი, .. "მომავლის რელიგია" იქნება ხანძარი, რომელიც ქრისტიანობის შთანთქმას შეეცდება და თუკი ქრისტიანი დაეთანხმება ინდუიზმის ქადაგთა მტკიცებას, რომ განსხვავება ჩვენს რელიგიებს შორის მხოლოდ მოჩვენებითია და არა რეალური, მაშინ ინდუისტური იდეები თავისუფლად შეაღწევენ მის სულში, ინდუიზმის ძალა კი დამანგრეველია მას ბოროტის თაყვანისცემამდე მიჰყავს კაცი.

"ვა, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად და ტკბილსა მწარედ! ვა, რომელნი ბრძენ არიან თავით თვისით და წინაშე მათსა ზედმიწევნულებ!" (ესაია, 5, 20-21).

იოგა

 

ინდური იოგა არის სწავლება, რომელიც თავის მიმდევრებს საკმაოდ ასკეტური, დისციპლინირებული ცხოვრების წესს კარნახობს. ესაა სუნთქვის მართვისა და გარკვეული ფიზიკური პოზების სისტემა, რომელთა შედეგადაც სხეული დუნდება და ხელს უწყობს მედიტაციას. ამ მედიტაციის დროს ჩვეულებრივ იყენებენ მანტრას, ანუ მაგიურ სიტყვებს. იოგას, ფიზიკურის გარდა, სულიერი მიზნებიც აქვს, იგი არ იფარგლება მხოლოდ ჯანმრთელობის ან სილამაზის მოპოვებით. უფრო ხშირად მათ, ვინც ხელს ჰკიდებს ამ ვარჯიშებს, ზებუნებრივის შესახებ არაფერს ეუბნებიან და მხოლოდ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ და ზნეობრივ სრულყოფილებაზე უმახვილებენ ყურადღებას.

მაგრამ ზოგჯერ "წარმატებულ", სანდო და პერსპექტიულ მოწაფეებს საიდუმლო, ეზოთერულ სწავლებას უმჟღავნებენ. თუმცა ამ უბრალო ვარჯიშების გავლენითაც კი იოგას მიმდევარს თანდათან უყალიბდება გარკვეული სულიერი შეხედულებანი და მზადდება სხვა ეტაპისათვის, რომლის არსებობა მან ჯერჯერობით არც კი იცის. უმრავლესობა ამ ეგზოტიკური ვარჯიშების, ინდუისტური ჟარგონისა და "კოსმოსში" თავისი მნიშვნელობის შეგნების დონეზე რჩება. სწორედ ამ ბოლო პუნქტშია თავმოყრილი მისტერიებში თავდაპირველი ზიარების ჭეშმარიტი ეზოთერული მიზნები: საკუთარი მნიშვნელობის შეგნება აი რას უნერგავენ ადამიანს. ამასთან ერთად, რასაკვირველია, ლაპარაკია ჯანმრთელობაზე, "ადამიანის სიყვარულზე", რაღაც აბსტრაქტულ სწავლებაზე "სიკეთისა" და "ზნეობრიობის" შესახებ. მაგრამ ქრისტიანისთვის "საკუთარი მნიშვნელობის შეგნება" არის სატანური ამპარტავნების გამოვლინება, რომელიც არარად აქცევს ყოველ კეთილ წამოწყებას.

ბოლო ხანს ერთობ პოპულარული გახდა .. "ქრისტიანული იოგა" იოგას ხერხების გამოყენება ქრისტიანული მედიტაციისათვის. მისი მიზანია გახადოს ადამიანი "თავისუფალი, კმაყოფილი, პასიური", "სულიერი იდეებისა და შთაბეჭდილებების აღქმისათვის მომზადებული". ვინც ამ ცდებს მიჰყო ხელი, ისინი აღწერენ "სიმშვიდის საოცარ განცდას", "შესანიშნავ განწყობას", "ეიფორიას" (ნეტარებას), "სრული ჯანმრთელობის განცდას", "სულისა და სხეულის მომცველ კმაყოფილებას, რომელიც სულიერი ცხოვრებისათვის განგაწყობს", "სიმსუბუქეს", "განსაკუთ-რებულ მზადყოფნას ღმერთთან თანაზიარებისთვის", "უტკბეს ლოცვას, რომელიც ადამიანის მთელ არსებას მოიცავს", "სული წმიდის შეხების მთრთოლვარე მოლოდინს", "სულიერი ზრდის, ღმერთთან მიახლოების სულ უფრო მეტ წყურვილს" და ..

ყველა, ვინც იცნობს ხიბლის (სულიერი ცთომილების) ბუნებას, მიხვდება, რომ აქ აღწერილ განცდებში კარგად ჩანს სწორი გზიდან სექტანტების "ქრისტიანული" ცდებისკენ, მეტიც, წარმართული რელიგიებისაკენ გადახვევა: იგივე მიდრეკილება
"
წმიდა და ღმრთაებრივი" გრძნობებისკენ, ადამიანის მზადყოფნა რაღაც "სულის" მისაღებად, "სულიერი ტკბობის" და არა ღმერთის ძიება. ამ დროს კაცი დაბანგულია, თვითონ კი ჰგონია, რომ სული წმიდის მადლი მიიღო, საოცრად ადვილად ხდება "მჭევრმეტყველი" და "მისტიკოსი", ხშირდება "საიდუმლო გამოცხადებები" და ფსევდოსულიერი განცდები ყოველივე ეს კი ხიბლის ზოგადი ნიშნებია.

სულიერი ჭეშმარიტების გზასაცდენილ, ამპარტავნებით სავსე მაძიებლებს დღეს ყველაზე მეტად ხიბლში ჩავარდნის საფრთხე ემუქრებათ. აღმოსავლეთის ბნელი სწავლებების შემოტევა და მათი წარმატება სწორედ ამ ყალბი მისტიციზმითაა განპირობებული. და რაოდენ მაცთურია ეს სწავლებანი იმ ახალგაზრდებისათვის, ვინც ნარკოტიკებს უკვე ეზიარა და ვისთვისაც  ამგვარი ცდები ნაცნობი ხილია!

 

 

ძენ-ბუდიზმი

 

ძენ-ბუდიზმი თავისი ტექნიკით ძალიან წააგავს ინდურ იოგას, რომლისგანაც იგი, ფაქტიურად, კიდეც წარმოიშვა. აქ შედის იგივე პოზები, სუნთქვის მეთოდიკა, "წმიდა" სახელის გამეორება, რაც იოგაში გვხვდება, მაგრამ ყოველივე ამას ემატება სხვა ხერხები, რომლებიც მხოლოდ ძენს ახასიათებს. ამ ხერხების მიზანი ზუსტად ისაა, რაც იოგასი, რაციონალური აზროვნების გათიშვა და მშვიდი მედიტაციის მიღწევა, "საკუთარი არსების ცენტრში წვდომა", "სახეებისა და ბგერებისაგან დაცლილი ჭვრეტის უნარის" მოპოვება, "ფსიქიკური ცხოვრების მშვენიერ სამყაროში", "ღრმა შინაგან სიმშვიდეში" დანთქმა. ეს განცდები ერთგვარად ნარკომანის განცდებს მოგვაგონებს.

ჩვენს სნეულ დროში ისეთი პარადოქსული მოვლენაც კი გახდა შესაძლებელი, როგორიცაა "ქრისტიანული ძენი". მისი მქადაგებელნი ქრისტიანობის განახლებაზე ლაპარაკობენ, თავიანთ სწავლებას წმ. მამათა დარიგებებს აწებებენ და ამბობენ, მათაც "ჭვრეტითი მდუმარებისა და სიმშვიდისკენ" მივყავართო, ძენური მედიტაციის დროს იესოს ლოცვის გამეორებას ურჩევენ...

რამდენი მოცთუნებული ადამიანია დღეს, თავისი თავი გულწრფელად რომ მიაჩნია წინასწარმეტყველად, თანამოძმეთათვის სიკეთის მომნიჭებლად და არც კი იცის, რომ სინამდვილეში სულიერი დაღუპვისაკენ მიუძღვის მათ.

თანამედროვე აღმოსავლურ სწავლებათა შორის ძენი ინტელექტუალურად ყველაზე დახვეწილი და სულიერად ფხიზელი სწავლებაა: მისი იდეები "კოსმიური ბუდას" მიმართ თანაგრძნობისა და სიყვარულის შესახებ ალბათ ყველაზე მაღალი რელიგიური იდეალია, რომლის მიღწევაც ძალუძს ადამიანურ გონებას ქრისტეს გარეშე. ამ მოძღვრების ტრაგედია სწორედ ისაა, რომ მასში არ არის ქრისტე და, მაშასადამე, არც ცხონებაა. ამიტომაც თვით ძენ-ბუდიზმის დახვეწილობა და სიფხიზლე ყველაზე მეტად უშლის ხელს მის მიმდევრებს ქრისტესმიერი ცხონების გზის ძიებაში.

ძენს ფაქტიურად არ გააჩნია თეოლოგიური ფუნდამენტი, იგი "გამოცდილებას" ეყრდნობა და, ამგვარად, ისეთივე ცთომილებაშია ჩავარდნილი, როგორშიც ინდუიზმი: თუკი ადამიანზე რაიმე ახდენს ზემოქმედებას და შემოაქვს სულში "მშვიდობა" და "ჰარმონია", მაშასადამე, ეს კარგი და ჭეშმარიტია! ძენი კარგად პასუხობს იმ ადამიანების დახვეწილ ამპარტავნებას, ვისაც მიაჩნია, რომ თვითონვე ძალუძს საკუთარი თავის ცხონება და ამიტომ არავითარი მაცხოვარი არ ჭირდება, საკუთარი თავის გარდა.

ბოლო ხანს უკვე გაჩნდა ახალი ძენ-ბუდისტური მონასტრები, სადაც ღრმად და სერიოზულად სწავლობენ ამ რელიგიას, ხოლო ახალგაზრდა ძენ-ბერების მსჯელობა "სულიერ" საკითხებზე საოცრად მოგვაგონებს მართლმადიდებელი ერისკაცისა და მონაზვნის საუბარს, მათი შეხედულებებიც გულწრფელად და დამაჯერებლად გამოიყურებიან. ასეთ ძენ-ბუდიზმს თითქმის ყველაფრის მიცემა შეუძლია დღევანდელი რელიგიურად განწყობილი ახალგაზრდა კაცისათვის, გარდა ჭეშმარიტი ღმერთისა ქრისტესი, და მარადიული ცხონებისა, რომელსაც იგი მოგვანიჭებს.

როგორც უკვე ითქვა, აღმოსავლური რელიგიების საბოლოო მიზანია უნივერსალური რელიგიის შექმნა, და ამ საქმეში ძენი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მაშ, დაე გაფრთხილებად გამოგვადგეს: "მომავლის რელიგია" უბრალოდ კულტი ან სექტა კი არა, ღრმა და ძლიერი რელიგიური მიმდინარეობა იქნება, რომელიც სავსებით დამაჯერებლად მოეჩვენება მრავალი ადამიანის გულსა და გონებას.

შეგვიძლია აღმოსავლური კულტების მრავალი სხვა მაგალითი მოვიყვანოთ, ყოველ წელს ძველი სწავლების ახალი სახესხვაობები მოაქვს, მაგრამ ნათქვამი, ვფიქრობთ, საკმარისია იმის მისახვედრად, რომ არც კრიშნაიზმს, არც მედიტაციისა და იოგას ათასგვარ სახეობას  და არც სხვა ამგვარ "სულიერ ძიებებს" არაფერი აქვთ საერთო ქრისტიანულ ტრადიციასთან, ყველა ისინი აღმოსავლური წარმართული რელიგიებისა და თანამედროვე სპირიტიზმის ნარევს წარმოადგენენ. მართლმადიდებელ ქრისტიანს სასტიკად ეკრძალება მათთან მიახლოება, და ამ აკრძალვის დარღვევა დამღუპველია, რადგან "სულიერი განცდები" და "მშვენიერი გრძნობები", ეს მედიტაციები რომ იძლევიან, ნიშნავს "კოსმოსის სულიერ სფეროში" შეჭრას ანუ ნამდვილ სულიერ არსებებთან დემონებთან, დაცემულ სულებთან კონტაქტს, რომლებიც ყოველთვის გარს ეხვევიან ადამიანს და მხოლოდ იმას ელიან, როდის დაუცდება ფეხი. სულიერი სამყაროს ცდებში ასეთ ჩართვას ადამიანი იმ სფერომდე მიჰყავს, რომელიც მისი ნების კონტროლს აღარ ემორჩილება და უკვე ძალიან გაუჭირდება არასასურველი ფსიქიკური განცდებისაგან თავის დაღწევა.

ასეთი "ახალი რელიგიური აზროვნება" ქრისტიანობის მტერი ხდება ბევრად უფრო ძლიერი და საშიში, ვიდრე წარსული დროის მწვალებლური მიმდინარეობანი. თავიდან აღმოსავლური კულტების "სულიერი" ცდები თითქოს კეთილი ან ნეიტრალური ჩანს, შემდეგ მასწავლებლები რაღაც უცნაურ და შემაძრწუნებელ ცდებზე გადადიან, რომლებიც ბოლოს და ბოლოს აშკარად დემონურ ხასიათს ღებულობენ. იოგას ფიზიკური ვარჯიშებიც კი დიდ საფრთხეს შეიცავენ, რადგან ისინი ადამიანს ფსიქიკური ცდებისაკენ განაწყობენ სინამდვილეში სწორედ ესაა ამ ვარჯიშების უმთავრესი მიზანი.

დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას დღევანდელ დღეს ერთობ გავრცელებულ აღმოსავლურ სკოლებზე კარატეზე, კუნფუზე, ძიუ-დოზე და .. აქაც სპორტის ერთ-ერთი სახეობის საფარველქვეშ მიმდინარეობს ადამიანის პიროვნების სერიოზული სულიერი დამუშავება, რომელიც სულის უღრმეს შრეებსაც კი სწვდება. ეს ვარჯიშები, ვგონებ, კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე ზემოჩამოთვლილი ეშმაკის სწავლებანი. ცხადია, თვითონ მოსწავლეს არ ესმის ფარული აზრი ყველა იმ ეგზოტიკური ქმედების, სიტყვის, პოზისა თუ შეძახილისა, ასეთ ვარჯიშებს რომ ახლავს თან. მრავალი თანამედროვე "ქრისტიანი" აღშფოთებას გამოთქვამს, როდესაც მღვდელი უეცრად მოითხოვს მათგან ამ ვარჯიშების მიტოვებას: ისინი ვერ ხედავენ, რა არის არაქრისტიანული კარატეში, კუნფუში, იოგაში. "ეს ხომ უბრალოდ ძველი სიბრძნეა, მეცნიერება ჩვენი ხორციელი და სულიერი ძალების სრულყოფის შესახებ..." რა ვუპასუხოთ ამ განცხადებებს?

ჩვენ, ქრისტიანები, ერთადერთ ჭეშმარიტ მეცნიერებას ვიცნობთ სრულყოფილებისა და ჩვენი დაცემული, დარღვეული ბუნების შესახებ. ეს მეცნიერება გახლავთ ქრისტეს სწავლება, რომელიც ჩვენი გარეგანი და შინაგანი ცხოვრების ყველა წვრილმანს მოიცავს და რომელსაც ხმამაღლა ქადაგებს ქრისტეს ეკლესია. ისიც კარგად ვიცით ქრისტიანებმა, რომ "ეშმაკი ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს, და ეძიებს, ვინმცა შთანთქა" (1 პეტრე, 5, 8), ასე რომ, ყოველი "დიდი" სწავლება, რომელსაც "სასწაულები", "განსაკუთრებული ნიჭები" და "ზებუნებრივი შესაძლებლობები" ახლავს თან და არ ქადაგებს ქრისტეს, ეშმაკის საქმეა.

რას ასწავლიან ზემოთ ჩამოთვლილი "სპორტული" ვარჯიშები? ეს ცხადია ყველასათვის, ვინც თავს არ იტყუებს: მოწინააღმდეგის შიშველი ხელებით მოკვლას ან დასახიჩრებას. ცხადია, კვლავ დაგვიწყებენ კამათს და იმის მტკიცებას, რომ ესაა "თავდაცვის ხელოვნება", რომ კარატისტი ან კუნფუისტი პირველი არასოდეს დაესხმის თავს სხვას და .. მაგრამ ამ ვარჯიშებში მრავლადაა ისეთი ელემენტები, რაც სახარების მცნებებზე გაზრდილ ადამიანში ძრწოლას უნდა იწვევდეს. ქრისტეს მცნებები მას ასწავლიან სიმდაბლესა და ურისხველობას, უქადაგებენ, გიყვარდეს მტერნი თქვენნი და მიუპყართ მარცხენა ყვრიმალი თქვენიო. კუნფუისტი კი ნიადაგ იმაში ვარჯიშობს, როგორ მიაყენოს მეტოქეს უსწრაფესი დარტყმა, ორი თითით მკერდი შეუნგრიოს და იქიდან გული ამოიღოს. "ხორციელ შესაძლებლობათა სრული განვითარების" ეტაპზე ეს ისე სწრაფად ხდება, რომ ადამიანი მკვდარი ეცემა და ვერც კი ასწრებს იმის მიხვედრას, რა დაემართა. ასეთივე ხერხებით აცლიან ადამიანს ღვიძლს, ფილტვს და სხვა მნიშვნელოვან ორგანოებს. ამ დარტყმის დროს მკვლელმა ჯერ რაღაც ენერგიის საიდუმლო წყაროზე ანუ "კიმიზე" უნდა მოახდინოს კონცენტრირება (იგი მუცლის არეში მდებარეობს), რომელიც დარტყმას ასეთ ზეადამიანურ ძალას აძლევს. რა თქმა უნდა, საიდან მოდის ეს ძალა, ამაზე კრინტსაც არავინ ძრავს. დარტყმისას კარატისტი თუ კუნფუისტი საშინელ ხმას გამოსცემს, რომელიც თითქოს ამ შინაგანი ძალების კონცენტრირებისთვის სჭირდება. თუ კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ იგი მოგვაგონებს დაგუბებული სიძულვილის ნასხლეტს, რომელიც გველის შხამივითაა გულში დაგროვილი ხანგრძლივი ვარჯიშების შედეგად. ამ გაკვეთილებზე მოწაფეს ხშირად სთავაზობენ ისეთ ვარჯიშებს, ზემოთ ნახსენებ აღმოსავლურ რიტუალებს რომ მოგვაგონებენ მუხლებზე დადგომას, ხელების საიდუმლო პოზაში დაჭერას, რომლის დროსაც კვლავ რაღაც მედიტაციის მსგავსი ხდება, და კიდევ ბევრ ისეთ საიდუმლო ვარჯიშს, რომლის აზრი მოწაფეს სრულიად არ ესმის.

მაინც, რა ხდება სინამდვილეში ამ გაკვეთილებზე? ვფიქრობთ, რომ ადამიანი მოუხმობს და საკუთარ სხეულში ისახლებს უწმინდურ სულს ეშმაკს, და ის საოცარი, ზეადამიანური ძალაც სწორედ ეშმაკისაგან ეძლევა. სამწუხაროდ, დღეს ადამიანების უმეტესობა არ იცნობს ჭეშმარიტ სწავლებას დაცემულ სულთა შესახებ და სერიოზულად არც კი ღებულობს მათ არსებობას. მაგრამ ჩვენ, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, წმ. მამათა ნაწერებიდან კარგად ვიცით, რომ ბოროტი სულები ერთი დაძახებისთანავე გაჩნდებიან ხოლმე კაცთან, ისიც ვიცით, რომ მათ უზარმაზარი ფიზიკური ძალა აქვთ და თავისუფლად გადადგამენ ნებისმიერ სიმძიმეს, მეტიც, დიდ-დიდი სასწაულებისა და ნიშნების ქმნაც კი ძალუძთ. მრავალმა ჩვენთაგანმა საკუთარი გამოცდილებითაც იცის, თუ რა ძალას აძლევს ხოლმე ეშმაკი ე.. "შეპყრობილებს" ეშმაკეულებს, ანუ იმ ადამიანებს, რომელთა სხეულშიც ბოროტი სულია ჩასახლებული. ბევრს ალბათ ისიც უნახავს, რომ ერთი შეხედვით სუსტ ქალს ექვსი-შვიდი ჯან-ღონით სავსე მამაკაცი ვერ აკავებს (მაგალითად, როცა კვეთებულის ლოცვას უკითხავენ), ანდა კაცი ადვილად წყვეტს მაგარ თოკსა თუ ჯაჭვს, რითაც მას აბამენ. როდესაც ამ საბრალოებს ტოვებს ბოროტი სული, მაშინ ისინი ჩვეულებრივი, უძლური ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე. ასე რომ, ბოროტი სულნი ხალისით ამოწყვეტდნენ კაცთა მთელ მოდგმას, სახიერი უფალი რომ არ გვიფარავდეს. ხოლო თუ კაცი თვითონ ეძებს და უხმობს ეშმაკს, მაშინ ღმერთიც უშვებს მასზე განსაცდელს.

სხვა რაღა გითხრათ ამ ბოროტებაზე, როგორ გადმოგცეთ, თუ რა შეუთავსებელია იგი ქრისტიანულ ცხოვრებასთან?

სერიოზულად დავუფიქრდეთ ყოველივე ზემოთქმულს და განვიშოროთ ყოველგვარი თანაგრძნობა ამ "ძველების სიბრძნის" მიმართ, გავემიჯნოთ სიბნელეს, განვწმიდოთ ჩვენი ცხოვრება, გარეგნულიც და შინაგანიც, ყოველგვარი დემონური გავლენისაგან, და ახლობლებსაც ვურჩიოთ, განეშორონ ამ საშინელ ცთომილებას. თუკი ოდესმე, თუნდაც დიდი ხნის წინ, გვქონია გატაცება რაიმე წარმართული კულტით, მაშინ სასწრაფოდ მოვინანიოთ აღსარებაში ეს ცოდვა!

 

შედგენისას ნაწილობრივ გამოყენებულია მღვდელმონაზონ სერაფიმ როუზის "მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია" (თავი 2, 3, 4, 5).

 

წიგნიდან: არქიმანდრიტი ლაზარე, „აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისათვის“

 

[1] სვამი ინდუისტ მოღვაწეთა წოდება.

[2] ვივეკანანდა – ინდუისტი ბერი, პირველად გამოჩნდა 1893 წ. ჩიკაგოში, რელიგიათა პარლამენტში, მიზნად ისახავდა დასავლეთის სამყაროს ინდუიზმზე, უფრო კონკრეტულად, ვედანტას სწავლებაზე მოქცევას (ვედანტა – მისტიკური ინდუიზმი).

[3]  ქალღმერთი კალი – ინდუიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვთაება. ჩვეულებრივ მას საზარელი სისხლისღვრის ფონზე გამოსახავენ, თავის ქალებსა და მოკვეთილ თავებს შორის. ქალღმერთს ენა გამოყოფილი აქვს, რაც იმის ნიშანია, რომ კვლავ სისხლი სწყურია. ინდუისტურ ტაძრებში კალის დაკლულ თხებს სწირავენ.

 

 

მსგავსი სტატიები

 

რით განსხვავდება იოგა ქრისტიანული ასკეზისაგან

 

რა აქვს საერთო ასტროლოგიას ქრისტიანობასთან?

 

რატომ ვერ იქნება ქრისტიანი ოკულტისტი

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა