martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

წმიდა მამათა სწავლებების კრებული

 

წმ. ბასილი დიდი

ხშირად, სასჯელად სნეულება რომ გვემართება, მტანჯველი საშუალებებით მკურნალობის დათმენაც გვაქვს ხოლმე მისჯილი. ამიტომ ჯანსაღი გონება ჩაგვაგონებს, უარი არ ვთქვათ არც გაკვეთაზე, არც მოწვაზე, არც ძნელად მისაღებ ცხარე წამლებზე, არც უჭმელად ყოფნაზე, არც ყველა დანიშნულების ზუსტად დაცვაზე, არც თავშეკავებაზე იმ ყველაფრისაგან, რაც ჯანმრთელობას აზიანებს. თუმცა, გავიმეორებ, არ უნდა დავივიწყოთ მიზანი – სულიერი სარგებლობა, ანუ ის, რომ სულმა ამ ყოველივესგან, როგორც მაგალითისგან, უნდა ისწავლოს საკუთარ თავზე ზრუნვა.

 

თავშეკავების საუკეთესო ზღვარი და წესი დაე ეს იყოს: არ ვისწრაფოთ არც სხეულის განებივრებისკენ, არც მისთვის ვნების მიყენებისკენ, არამედ განვეშოროთ ზომიერების დარღვევას ერთშიც და მეორეშიც, რათა არც გაპოხილი სხეული აგვიჯანყდეს, არც დასნეულებულმა დაკარგოს ძალა მცნებების აღსრულებისა.

 

მხილება და საყვედური უნდა მივიღოთ როგორც წამლობა, რომლითაც ისპობა უძლურება და აღდგება სიჯანსაღე.

 

რით იმხილება კაცთმოთნე? როდესაც თავის მაქებლების მიმართ გულმოდგინეა, ხოლო გამკიცხველებს არ შეეწევა. ვისაც სურს, უფალს სათნო ეყოს, ყოველთვის და ყველგან ერთნაირი უნდა იყოს, უნდა ასრულებდეს ამ ნათქვამს: „საჭურველითა მით სიმართლისაჲთა მარჯუენისაჲთა და მარცხენისაჲთა, დიდებითა და გინებითა, გმობითა და ქებითა; ვითარცა მაცთურნი, და ჭეშმარიტნი“ (2 კორ. 6,7-8).

 

არ შემიძლია არ ვთქვა რვაფეხას ცბიერებისა და ვერაგობის შესახებ, რომელიც ყოველ ჯერზე იმ ქვის ფერს იღებს, რომელსაც იოლად ეკრობა. ამიტომაც მრავალი თევზი ცურვის დროს უშიშრად უახლოვდება რვაფეხას, როგორც ქვას და მზაკვრის მსხვერპლი ხდება. ასეთები არიან თავისი ზნით ისინი, ვინც თავს აწონებს ყოველგვარ გაბატონებულ ხელისუფლებას. ისინი ყოველ ჯერზე სახეს იცვლიან გარემოებათა მიხედვით, მუდმივად ერთი ზრახვა არ უპყრიათ, ადვილად ხდებიან ხან ერთნაირი, ხან სხვანაირი; უბიწოებთან უბიწოებას განადიდებენ, თავშეუკავებლებთან თავშეუკავებლები არიან, ყველას საამებლად იცვლიან განწყობას. იოლი არ არის ასეთი ადამიანებისთვის თავის არიდება და მათგან მომავალი ზიანისგან გადარჩენა, რამეთუ მათ მიერ ჩაფიქრებული მზაკვრობა ღრმადაა დაფარული მეგობრობის ნიღბით. ასეთი ზნის ადამიანებს უფალი უწოდებს მტაცებელ მგლებს, რომლებიც ცხვრის ტყავში გახვეულები მოდიან (მათ. 7,15). განეშორე გაქნილ და მრავალსახოვან ზნეს. ისწრაფე ჭეშმარიტებისკენ, გულწრფელობისა და უბრალოებისკენ.

 

წმ. იოანე ოქროპირი

სხეულისთვის არაფერია უფრო საზიანო, ვიდრე ნაყროვანება, ისე არაფერი ანგრევს, ამძიმებს და ღუპავს მას, როგორც საკვების უზომოდ მიღება.

 

გსურს, რომ გეპატიოს შენი ცოდვები? შენც აპატიე მოყვასს შენს მიმართ ჩადენილი ცოდვები. თუკი არ მიუტევებ ძმას ცოდვებს, არც შენ მოგიტევებს უფალი, რამეთუ თქვა: „უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“ (მათ. 6,15).

 

ცუდი აზრები გაქვს? ნუ გამოიტან მათ სიტყვების მიერ, დაე ქვემოთ იყვნენ, მალე ჩაკვდებიან. ჩვენ, ადამიანები, ხშირად ვასაზრდოებთ საკუთარ თავში მრავალ ბიწიან, უხამს და სამარცხვინო აზრებს, მაგრამ ნებას ნუ მივცემთ მათ, რომ სიტყვებად გადაიქცნენ, რათა ძირს ჩაჭყლეტილები დასუსტდნენ და მოისპნენ. ვინც ორმოში ყრის სხვადასხვა მძვინვარე მხეცებს, თუკი ორმოს ზემოდან დაგმანავს, იოლად გაგუდავს მათ, ხოლო თუკი მცირე საჰაეროს დაუტოვებს, სუნთქვის მცირე საშუალებას, ამით მათ დიდ შემსუბუქებას მისცემს და გაგუდვის ნაცვლად უფრო მეტად გაამძვინვარებს. ასევე ხდება ბიწიან აზრებთან მიმართებითაც, როცა შიგნით იშვებიან. თუკი ჩვენ გარეთ გამოსვლას შევუზღუდავთ, მალე მოვსპობთ, ხოლო თუ გამოვუშვებთ სიტყვების მიერ, მივუშვებთ, რომ ისუნთქონ ენის საშუალებით, ამით მათ უფრო მეტად გავაძლიერებთ და სამარცხვინო სიტყვებით მეტყველნი მალე უჯერო საქმეების უფსკრულში დავინთქმებით.

 

თუკი ვინმე შენს დაცინვას დაიწყებს, გაიხსენე შენი მეუფე: მას დაცინვით თაყვანს სცემდნენ, შეურაცხჰყოფდნენ სიტყვითაც და საქმითაც, ბევრი იცინეს მასზე, ხოლო ის არა მარტო შურს არ იძიებდა, არამედ ყველაფრისთვის საპირისპიროთი მიაგებდა – სიმშვიდითა და მოთმინებით. ჩვენც მას მივბაძოთ.

 

მადლიერი და სიბრძნისმოყვარე სულის უპირველესი თვისებაა, ღმერთს მადლობდეს სამწუხარო მდგომარეობებშიც, ადიდოს იგი ყველაფრისათვის – არა მხოლოდ წყალობისათვის, არამედ სასჯელისთვისაც.

 

ჩვენი მაქებლები ჩვენში ქედმაღლობას აღორძინებენ, აღაგზნებენ ამპარტავნებას, მზვაობრობას, უზრუნველობას და სულს გვისუსტებენ.

 

თუკი ჩვენ კეთილად ვიცხოვრებთ, მთელი ქვეყანაც რომ ცუდს ამბობდეს ჩვენზე, მაშინაც კი ყველაზე ბედნიერები ვიქნებით და მოვიზიდავთ ყველა ცხონების მსურველს, რადგან ისინი დაუჯერებენ არა უკეთურთა ავსიტყვაობას, არამედ კეთილ ცხოვრებას. ჭეშმარიტად, სიკეთის ხმა ყველა საყვირზე ხმამაღალია, და წმინდა ცხოვრება მზეზე მეტად ბრწყინავს, თუნდაც რომ ავის მეტყველნი უთვალავნი იყვნენ. ამგვარად, თუკი ჩვენ გვექნება ყველა ხსენებული სათნოება: თუკი ვიქნებით მშვიდნი, თავმდაბალნი, მოწყალენი, სიწმინდის დამმარხველნი, მშვიდობისმყოფელნი, შეურაცხყოფას შეურაცხყოფით არ ვუპასუხებთ, არამედ პირიქით, სიხარულითაც მივიღებთ, მაშინ ყველა ჩვენს მაცქერალს ამით მოვიზიდავთ არა ნაკლებად, ვიდრე სასწაულებით, და ყველა ხალისით წამოვა ჩვენკენ, თუნდაც რომ ნადირივით დაუმორჩილებელი იყოს, თუნდაც რომ ბოროტი სულივით ცბიერი იყოს, ერთი სიტყვით, როგორი უვარგისიც გინდა იყოს.

 

თუკი გლახაკს იხილავ, შეეწიე; მტერს თუ დაინახავ, შეურიგდი; თუკი მეგობარს ბედნიერს ნახავ, ნუ შეგშურდება; თუკი ლამაზ ქალს დაინახავ, გვერდი აუარე. დაე იმარხულონ არა მხოლოდ ბაგეებმა, არამედ მხედველობამაც, სმენამაც, ფეხებმაც, ხელებმაც და ჩვენი სხეულის ყველა ნაწილმა. დაე ხელებმა იმარხულონ – სუფთანი იყვნენ მტაცებლობისა და მომხვეჭელობისაგან. დაე იმარხულონ ფეხებმა – თავი დაანებონ უსჯულო სანახაობებზე სიარულს. დაე იმარხულონ თვალებმა – მიეჩვიონ, რომ არ მიისწრაფოდნენ მშვენიერი სახეებისკენ, არ მიაშტერდნენ სხვის სილამაზეს. ცქერა თვალთა საკვებია: თუკი ის უსჯულო და აკრძალულია, მარხვას აზიანებს და სულის ცხონებას ანგრევს; თუკი კანონიერი და დაშვებულია, მარხვას ამშვენებს. ყველაზე შეუსაბამო იქნებოდა, საკვებიდან ისიც შეგვეზღუდა, რაც დაშვებულია, ხოლო თვალებით ისიც შთაგვენთქა, რაც აკრძალულია. შენ ხორცს არ მიირთმევ? თვალებითაც ნუ შეჭამ საჩოთიროს. დაე სმენამაც იმარხულოს; მისი მარხვაა ისაა, რომ არ შეიწყნაროს ავსიტყვაობა და ცილისწამება; ამბობს: „არა შეიწყნაროთ სასმენელი ამაო“ (გამ. 23,1). დაე ენამაც იმარხულოს ბილწსიტყვაობისა და ლანძღვისაგან. რა სარგებელია, თუკი ფრინველისა და თევზისაგან თავს ვიკავებთ, ხოლო ძმებს ვღრღნით და ვჭამთ? ავისმეტყველი კაცი ძმის ხორცის მჭამელია, მისი სხეულის მღრღნელია.

 

წმ. გრიგოლ ნოსელი

იტყვი: „მე ღარიბი ვარ“. დაე ეგრე იყოს, მაინც გაეცი. გაეცი იქიდან, რაც გაქვს, რადგან ღმერთი არ ითხოვს ჩვენს შესაძლებლობაზე აღმატებულს. შენ პურს მისცემ, სხვა – ჭიქა ღვინოს, სხვა კიდევ – სამოსს, და ამგვარად, ერთობლივი შენაწირით ერთი კაცის გასაჭირი დასრულდება.

 

ღირსი ნილოს სინელი

ნეტარია, ვინც მრავალთათვის აღასრულებს სიკეთეს, ის სამსჯავროზე მრავალ ქომაგს ჰპოვებს.

 

ყურადღებით ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ და ნუ დავცინებთ სხვებს, რამეთუ ჩვენშიც ბევრია ისეთი, რისთვისაც სხვებს დავცინით.

 

ღვინო რაც შეიძლება ნაკლები დალიე; რამდენადაც მცირდება მისი რაოდენობა, იმდენად სასარგებლო ხდება მსმელისთვის.

 

ყველა მღვდელს პატივი ეცი, ხოლო მიმართე [დახმარებისთვის, რჩევისთვის] კეთილებს (კარგებს).

 

მოზღუდე სმენა და თვალნი, რამეთუ მათი საშუალებით შემოდის ბოროტების ყველა ისარი.

 

შეიყვარე სიმდაბლე. მისგანაა დიდი სიმაღლე, რომელსაც დაცემა არ შეუძლია.

 

თუკი გსურს იყო ტაძარი ღვთისა, მაშ შესწირე ღმერთს განუწყვეტელი მსხვერპლი – განუწყვეტელი ლოცვა.

 

წმ. პახუმი დიდი

ძმაო, დაიცავი თავი, ნუ ესაუბრები მწვალებლებს, თუნდაც იმისთვის, რომ ისინი (ჭეშმარიტ) სარწმუნოებაზე მოაქციო; თუ არა, მათი მომაკვდინებელი სიტყვების შხამმა შესაძლოა მოგწამლოს. და ნურასოდეს წაიკითხავ მწვალებლურ წიგნებს – ისინი სულის მკვლელებია.

 

წმ. გრიგოლ დიოლოღოსი

ამ ცხოვრებაში მოწევნული გაჭირვებები შეადგენენ საუკეთესო სკოლას ჩვენი ამპარტავნების მოსათოკად; ხოლო როდესაც პატივსაცემი თანამდებობების სიმაღლეებზე ავდივართ, იმავდროულად მზვაობრობისა და ამპარტავნების საფრთხეში ვვარდებით.

 

ღირსი ისააკ ასური

მოწყალე არა მხოლოდ თავისი საკუთრებიდან აძლევს სხვა ადამიანებს, არამედ სიხარულით ითმენს სხვებისგან უსამართლობას და სწყალობს მათ.

 

არ არსებობს მიუტევებელი ცოდვა, მოუნანიებელი ცოდვის გარდა.

 

უქმობაში უეჭველი სიკვდილი იმალება, რამეთუ შესასვლელი ეხსნებათ ეშმაკებს, რომლებიც მტანჯველად შემოსავენ კაცს ვნებებით. ამიტომ ფსალმუნთგალობა და უწყვეტი ლოცვა იცავენ ჩვენს სულს.

 

წმ. მაქსიმე აღმსარებელი

თუკი სიყვარული სჯულის აღმასრულებელია (რომ. 13,10), მაშინ განა ის, ვინც ძმაზე გულში ღვარძლს იმარხავს, ხრიკებს უწყობს, სწყევლის და ხარობს მისი დაცემით, სჯულის დამარღვეველი არ არის და მარადიულ ტანჯვას არ იმსახურებს?

 

ნუ მიუპყრობ ყურს ცილისმწამებლის ენას, ნურც შენს ენას მიუშვებ, რომ ესაუბროს ავსიტყვაობის მოყვარულ ყურს; ნურც გამოთქვამ და ნურც მოისმენ სიამოვნებით მოყვასის საწინააღმდეგო სიტყვებს, რათა არ განვარდე საღვთო სიყვარულისგან და მარადიული ცხოვრებისგან გაუცხოებული არ აღმოჩნდე.

 

კაცობრივ მოქმედებათა შორის მრავალი თავისთავად კეთილია, მაგრამ რაღაც მიზეზთა გამო არაკეთილნი ხდებიან. მაგალითად, მარხვა და მღვიძარება, ლოცვა და ფსალმუნთგალობა, მოწყალება და უცხოთშეწყნარება თავისთავად კეთილი საქმეებია, მაგრამ როდესაც მზვაობრობით აღესრულებიან, მაშინ უკვე აღარ არიან კეთილნი.

 

როგორც დღეებს მოსდევს ღამეები და ზაფხულს ზამთარი, ასევე მზვაობრობას და ტკბობისმოყვარებას – მწუხარებები და მტკივნეული ტანჯვა, ან ამ საუკუნეში, ან მომავალში.

 

როგორც მშიერის გონებას პური ახსენდება, ხოლო მწყურვალისას – წყალი, ასევე ნაყროვანის გონება ოცნებობს სხვადასხვაგვარ საჭმელზე, ავხორცისა – ქალთა სახეებზე, მზვაობრისა – კაცთაგან განდიდებაზე, ვერცხლისმოყვარისა – მოგებაზე, გულღვარძლიანისა – მისი შეურაცხმყოფელისთვის სამაგიეროს გადახდაზე, შურიანისა – იმის ცუდ დღეში ჩავარდნაზე, ვისიც შურს. იგივე ხდება სხვა ვნებებთან მიმართებითაც, რამეთუ ვნებებით გარემოცული გონება იწყნარებს ვნებიან გულისსიტყვებს ცხადშიც და სიზმარშიც.

 

ვინც ცნობისმოყვარეა სხვათა ცოდვების მიმართ, ან ეჭვით განსჯის ძმას, მას ჯერ არ დაუდვია სინანულის საფუძველი და არ უზრუნია საკუთარი ცოდვების შესაცნობად, რომელნიც ნამდვილად რომ მრავალფუთიან ტყვიაზე მძიმენი არიან; და არ იცის, რისგან არის ხოლმე კაცი გულდამძიმებული, ამაოების მოყვარული და სიცრუის მძებნელი (ფსალმ. 4,3). ამიტომაც, ვითარცა უგუნური და სიბნელეში მავალი, ტოვებს თავის ცოდვებს და სხვის ცოდვებზე ფიქრობს მხოლოდ ეჭვით, ნამდვილზე თუ მოჩვენებითზე.

 

იმის შესაბამისად, თუ როგორ ილოცებ შენს ცილისმწამებელზე, ღმერთი დაბრკოლებულებს დამარწმუნებლად გამოუცხადებს ჭეშმარიტებას შენს შესახებ.

 

„მეგობარსა მას სარწმუნოსა არა აბს სასყიდელი“ (ზირაქ. 6,15), ის მეგობრის უბედურებას თავისად მიიჩნევს და მასთან ერთად ტვირთულობს, სიცოცხლესაც არ იშურებს.

 

ყოველი ადამიანი მთელი სულითა და გულით შევიყვაროთ და ნუ გვექნება კაცთაგან ნურავის იმედი, რადგან სანამ უფალი გვიფარავს, ყველა მეგობარს ვუყვარვართ და მტრები ჩვენს სავნებლად ძალას კარგავენ. როგორც კი უფალი მიგვატოვებს, მაშინ ყველა მეგობარი ჩვენი მავნებელი გახდება და ყველა მტერი ჩვენს წინააღმდეგ ამხედრდება და იმოქმედებს. ჭეშმარიტად, ვისაც საკუთარი თავის იმედი აქვს, ის საშინლად ეცემა; ხოლო უფლის მოშიში ამაღლდება. ამიტომაც თქვა დავითმა: „რამეთუ არა მშვილდსა ჩემსა ვესავ, არცა მახვილმან ჩემმან მაცხოვნოს მე. რამეთუ შენ მაცხოვნენ ჩუენ მაჭირვებელთა ჩუენთაგან, და მოძულეთა ჩუენთა არცხვინე“ (ფსალმ. 43,7-8).

 

მთელი გულით შევიყვაროთ ერთმანეთი; ვუთხრათ: ჩვენი ძმები ხართ, – იმათაც კი, ვისაც ვძულვართ და გვაძაგებენ, – დაე იდიდოს სახელი უფლისა. მივუტეოთ ერთმანეთს, როცა ერთიმეორეს განსაცდელში ვაგდებთ, რადგან ჩვენ ყველას საერთო მტერი გვებრძვის. შევეწინააღმდეგოთ ჩვენს უჯერო აზრებს, თანამბრძოლად ღმერთის მოხმობით, და ამით განვდევნოთ ჩვენგან ბოროტი და უწმინდური სულები.

 

წმ. იოანე დამასკელი

რვა ვნების მოკვდინება ამგვარად ხდება: ნაყროვანება თავშეკავებით აღმოიფხვრება, სიძვა – ღვთაებრივი სიყვარულითა და მომავალ სიკეთეთა სურვილით, ვერცხლისმოყვარება – გაჭირვებულებისადმი თანაგრძნობით, მრისხანება – ყველას მიმართ სიყვარულითა და სიტკბოებით, ამსოფლიური მწუხარება – სულიერი სიხარულით, მოწყინება – მოთმინებით, სიმტკიცითა და ღვთისადმი მადლიერებით, მზვაობრობა – სიკეთის ფარულად აღსრულებით და ხშირი გულშემუსვრილი ლოცვით, ამპარტავნება – იმით, რომ არავინ განვიკითხოთ და არავინ შეურაცხვყოთ ქედმაღალი ფარისევლის მსგავსად, არამედ საკუთარი თავი ყველაზე უკანასკნელად მივიჩნიოთ.

 

წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

დიდი სიკეთეა გწამდეს ქრისტე, რადგან ქრისტეს რწმენის გარეშე შეუძლებელია ცხონება.

 

მადლის შესახებ იცოდე: როდესაც ჭეშმარიტად დაიჯერებ, რომ ყველა ადამიანზე ცოდვილი ხარ, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ მიიღე მადლის მოქმედება.

 

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მადლი მოქმედებს უღირსების მეშვეობითაც, ასე რომ ჩვენ უღირსი მღვდლებისგანაც განვიწმინდებით.

 

წმ. მარკოზ ეფესელი

ნუ შეგრცხვება შენი ცოდვების აღსარება; სულიერი მამის წინაშე მათი აღსარებით შენ დრაკონის თავს მუსრავ.

 

თუკი ღმერთთან მისვლა და მისი მსახურება გსურს, შენი გული გამოცდებისა და ტანჯვისთვის განამზადე.

 

ნუ მიეკრობი წუთისოფელს – და გადაურჩები მწუხარებებს; უგულებელჰყავი იგი – და ყოველთვის გახარებული იქნები.

 

ნუ ეძიებ ამაო დიდებას, ნურც გარეგნობით, ნურც ადამიანებთან ურთიერთობით, ნურც საუბრებში, ნურც შენს კავშირებში, ნურც შენს ძლიერებასა და ძალაუფლებაში, ნურც წარმატებებში.

 

ნუ შეაჩერებ ყურადღებას სათაკილო ან საზიანო აზრებზე და გართობებზე, რომ მათ თავისკენ არ გაგიტაცონ.

 

რითი ამაყობ ჰოი კაცო?! განა მტვერი და წუთხი არა ხარ?! ასე მაღლა რატომ გიჭირავს თავი? განა მცირე ხნის შემდეგ არ გაიხრწნები?

 

შენი ცოდვები იხსენიე, მომავალი სამსჯავროსათვის ემზადე, ნურად ჩააგდებ ამ არარაობა ცხოვრებას და განუწყვეტლივ მომავლისათვის იზრუნე.

 

შენ მოკვდები და მოგიწევს პასუხის გაცემა ყველა ქმედების გამო. გულში დაიცავი ეს ხსოვნა სიკვდილისა და სამსჯავროსი, ამით შეძლებ მარადიული ცხოვრების მოპოვებას.

 

თუკი სამეფო პორფირის შეურაცხმყოფელი ისჯება, განა ის უფრო მეტად არ დაისჯება, ვინც არაწმინდა სინდისით მიეახლება საღმრთო საიდუმლოებს?

 

ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი

ვინც სიკეთის აღსრულების შესაძლებლობას ხელიდან უშვებს, ის არა მხოლოდ სიკეთის ნაყოფს კარგავს, არამედ ღმერთსაც შეურაცხყოფს. ღმერთი აგზავნის მასთან გაჭირვებულს, ის კი ამბობს: „შემდეგ მოდი“. მართალია ის ადამიანს ეუბნება, მაგრამ ეს იგივეა, რომ მისი გამომგზავნელი ღმერთისთვის ეთქვა. ღმერთი იპოვის სხვა კეთილ ადამიანს, ხოლო უარის მთქმელი პასუხს აგებს საკუთარ თავზე.

 

წმ. ტიხონ ზადონელი

გძულდეს მტრობა და არა ადამიანი. მოსპე მის მიმართ სიძულვილი, რომელიც სიყვარულითა და მოთმინებით ისპობა. იფიქრე მასზე არა როგორც შენს მტერზე, არამედ გულიხმაყავ, რომ ის შენი ძმაა, ღვთის ქმნილება, ადამიანი, ღვთის ხატად შექმნილი, ძე ღმერთის სისხლით გამოსყიდული, მარადიული ნეტარებისთვის მოწოდებული. ეშმაკის მიერ წაქეზებული გდევნის და არა თავისით; ამგვარად, იმ მტერზე (ეშმაკზე) დასდე ბრალი. ნუ იმსჯელებ იმაზე, რას გიკეთებს ის ძმა, არამედ იმაზე იმსჯელე, შენ რა უნდა ქნა მისთვის, ქრისტეს სჯული რას გიბრძანებს, და როგორ შეურიგდე მას.

 

„ქრისტეს ჯვრის მტრები“ (ფილიპ. 3,18) ისინი არიან, ვინც ქრისტეს ჯვარს ეწინააღმდეგება. როგორ? ჯვარი ქრისტესი ვიწრო გზით სვლას გვასწავლის – ისინი ფართო გზით მიდიან. ჯვარი გვასწავლის დამდაბლებას – ისინი ზვაობენ. ჯვარი ბოროტი გულისთქმების მოკვეთას გვასწავლის – ისინი ამ გულისთქმებს აღასრულებენ. ჯვარი გვასწავლის მოთმინებას – ისინი მრისხანებენ და ღვარძლიანობენ. ჯვარი გვასწავლის სხეულის ჯვარცმას ვნებითურთ და გულისთქმით (გალატ. 5,24) – ისინი ხორციელად ზრახავენ. ჯვარი ცოდვისთვის სიკვდილს და ღვთისთვის სიცოცხლეს გვასწავლის – ისინი საკუთარი თავისთვის და ცოდვისთვის ცხოვრობენ. ჯვარი ზეციერის ძიებას გვასწავლის – ისინი მიწიერზე ბრძნობენ.

 

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

ვინც სინანულის იმედით თავს უფლებას აძლევს ნებაყოფლობით და წინასწარ განზრახვით სცოდოს, ის ღმერთთან მიმართებით მზაკვრულად იქცევა. მონანიების იმედით ნებაყოფლობით და წინასწარ განზრახვით მცოდველს მოულოდნელად ეწევა სიკვდილი და არ მიეცემა დრო, რომელიც განზრახული ჰქონდა, სათნოებისთვის მიეძღვნა.

 

აღსარების საიდუმლოთი გადაჭრით აღიხოცება ყველა ცოდვა, ქმნილი სიტყვით, საქმით და გულისსიტყვით. იმისთვის, რომ გულიდან ამოიძირკვოს მასში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფესვგადგმული ცოდვიანი ჩვეულებები, საჭიროა დრო, საჭიროა გამუდმებული სინანული. გამუდმებული სინანული გულისხმობს სულის გამუდმებულ შემუსვრილებას, ბრძოლას იმ გულისსიტყვებთან და გრძნობებთან, რომელთა მიერაც თავს აცხადებს გულში დაფარული ცოდვიანი ვნება, ხორციელი გრძნობებისა და მუცლის მოთოკვას, სიმდაბლით ლოცვას, ხშირ აღსარებას.

 

საშინელი დანაშაულია მოყვასის შეურაცხოფა, დაჩაგვრა, უსაშინლესი დანაშაულია მკვლელობა. მაგრამ ვისაც სძულს თავისი მდევნელი, ცილისმწამებელი, გამცემი, მკვლელი, გულში მტრობა აქვს მათ მიმართ, შურს იძიებს მათზე, მისი ცოდვა ძალიან ახლოა მისი მტრების ცოდვასთან. ის ამაოდ წარმოაჩენს თავს მართალ კაცად საკუთარი თავის თუ სხვების წინაშე. „ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თვისი, იგი კაცის-მკლველი არს“ (1 იოან. 3,15), – გვაუწყა ქრისტეს საყვარელმა მოწაფემ.

 

ვისაც ცხონება სურს, მან ღვთის წინაშე გულმოდგინედ უნდა ინანიოს თავისი ცოდვები, როგორც ყოველდღიური ლოცვებისას, ასევე, განსაკუთრებით, სულიერი მოძღვრის წინაშე აღსარების საიდუმლოში. ღვთივშთაგონებული წინასწარმეტყველი გვაუწყებს: „ცოდვაჲ ჩემი გაუწყე შენ და უშჯულოებაჲ ჩემი არა დავფარე შენგან; ვთქუ: აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოებაჲ გულისა ჩემისაჲ“ (ფსალმ. 31,5). დაუკვირდით სული წმიდის მიერ გამოთქმული სიტყვების თანმიმდევრობას: პირველად კაცი თავის ცოდვებს აცნობიერებს, რაც საკუთარი თავის ღვთისმოშიშებით განხილვით მიიღწევა; შემდეგ ის განაგდებს იმ გამართლებებს, რომლებითაც, ჩვეულებრივ, ცდუნებული გონება ცდილობს თავისი ცოდვის გამართლებას; ბოლოს, მონანული ადამიანი საკუთარი თავის ბრალმდებელი ხდება და აღუარებს უფალს, მოწმე მოძღვრის წინაშე, ყველა შეცოდებას, ისე, რომ სრულიად არ დაინდობს თავისმოყვარებას. მაშინ ის იღებს ღვთისგან უსჯულოებათა მიტევებას.

 

წმ. იოანე კრონშტადტელი

გლახაკნი ყოველდღე დაგდევენ: ეს ნიშნავს, რომ ღვთის წყალობა ყოველდღე დაგდევს. „ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“ (მათ. 5,7). და ვინ განერიდება ღვთის წყალობას?

 

ძვირისმოხსენეობა (გულღვარძლიანობა) საშინელი ბიწია, და რამდენადაც საძაგელია ღვთის წინაშე, იმდენად დამღუპველია საზოგადოებაში. ჩვენ ღვთის ხატად და მსგავსად ვართ შექმნილი, ჩვენი მუდმივი თვისებები უნდა იყოს სიმშვიდე და უბოროტობა, რამეთუ ღმერთი ყოველთვის თავისი სიმშვიდით გვექცევა, სულგრძელებს და უთვალავჯერ მოგვიტევებს. ჩვენც უნდა მივუტევოთ [მათ, ვინც გვაწყენინებს].

 

რისთვის დაურთავს უფალი ჩვენი არსებობისთვის დღეს დღეზე და წელიწადს წელიწადზე? იმისთვის, რომ ჩვენ თანდათანობით განვაგდოთ სიბოროტე ჩვენი სულებიდან, და შევითვისოთ ნეტარი უბრალოება, რომ, მაგალითად, შევიქნეთ კრავივით უბოროტონი, ყრმებივით უბრალონი, რომ ვისწავლოთ მიწიერი საგნებისადმი თუნდაც სულ მცირე მიდრეკილების უკუგდება, და როგორც მოსიყვარულე და უბრალო ყრმები მთელი გულით მხოლოდ ღმერთს მივემსჭვალოთ, და შევიყვაროთ იგი ყოვლითა გულითა ჩვენითა, ყოვლითა სულითა ჩვენითა, ყოვლითა ძალითა ჩვენითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა, ხოლო მოყვასი – ვითარცა თავი თვისი.

 

საკუთარ თავს იოლად პატიობ, როდესაც ღვთის ან კაცთა წინაშე შესცოდებ, იოლად მიუტევე სხვებსაც.

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა