martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ნეტარი აბბა ზოსიმე პალესტინელის სწავლებებიდან

 

ეშმაკებს ეშინიათ, როდესაც ხედავენ, რომ ვინმე, ვინც შეურაცხყვეს, ზარალი განიცადა ან რაიმე სხვა უსიამოვნება შეემთხვა, წუხს არა იმის გამო, რაც შეემთხვა, არამედ იმიტომ, რომ განსაცდელი მხნედ ვერ გადაიტანა. რამეთუ ეშმაკები ხვდებიან, რომ ეს კაცი ჭეშმარიტ გზას ადგას და მტკიცედ სურს სრულად დაიცვას ღვთის მცნებები.

 

როდესაც ძმა შეურაცხგყოფს, ეს იმას ჰგავს, მტკივანი ხელი ან სნეული თვალი სხეულის სხვა ასოებსაც რომ სტანჯავს. ჩვენ ხომ არ ვიჭრით და არ ვაგდებთ ხელს, არც თვალს ვითხრით, როდესაც ისინი გვტკივა, და ვთვლით, რომ დიდი ზიანი იქნება ამ ასოთაგან რომელიმეს დაკარგვა. პირიქით, გამოვსახავთ მათზე ქრისტეს პატიოსან ნიშანს – ჯვარს, წმიდა ადამიანებსაც ვთხოვთ ლოცვას, ჩვენც გულმოდგინედ ვლოცულობთ, ამასთანავე მალამოებსა და სალბუნებს ვამზადებთ, რომ მათი დახმარებით განვკურნოთ სნეული ასო. ამგვარად, როგორც ლოცულობ თვალისთვის და ხელისთვის, რომ განიკურნენ და აღარ შეგვაწუხონ, ასევე ილოცე ძმისთვის. ჩვენ კი, როდესაც ვხედავთ, რომ ქრისტეს ასონი ასეთ სულიერ ზიანს განიცდიან, არა მხოლოდ არ ვწუხვართ მათ გამო, არამედ მათ წინააღმდეგაც ვლოცულობთ. ეს ჭეშმარიტად მათთვისაა დამახასიათებელი, ვისაც არა აქვს მოწყალე გული.

 

კიდევ ამას ჰყვებოდა ნეტარი ზოსიმე: ერთხელ მე და ერთი ძმა (ანუ მონაზონი) რამდენიმე ერისკაცთან ერთად ნეაპოლის გზას მივუყვებოდით (სამარიაში) და იმ ადგილას მივედით, სადაც საბაჟო იყო. ერისკაცებმა იცოდნენ, რასაც აქ ჩვეულებრივ ითხოვდნენ და ულაპარაკოდ გადაიხადეს ბაჟი, ხოლო ჩემთან ერთად მყოფი ძმა შეეწინააღმდეგა, ეუბნებოდა: როგორ ბედავთ, რომ მონაზვნებისგან ითხოვოთ?! ეს რომ გავიგონე, ვუთხარი: რას შვრები, ძმაო? შენ იმას ეუბნები, რომ გინდა თუ არა, პატივი მეცი როგორც წმინდანსო. სხვა საქმეა, თუკი ის თვითონ დაინახავდა შენს კეთილ ნებასა და სიმდაბლეს, შერცხვებოდა და იტყოდა: შემინდე, არ გამოგართმევ. ამგვარად, შენ არ მოიქეცი როგორც მშვიდი და მდაბალი უფლის მოწაფე. მიეცი, რაც საჭიროა და მშვიდობით განაგრძე გზა.

 

ამბობდა ნეტარი ზოსიმე: მკითხეს, როგორ უნდა მოთოკო მრისხანებაო, და ვუთხარი: მრისხანების მოთოკვის საწყისია, არ ილაპარაკო, ვიდრე მრისხანებით გამოწვეული გაღიზიანება არ შეწყდება. ამის მაგალითს ვხედავთ აბბა მოსესთან. როდესაც მამები მის გამოსაცდელად ერთმანეთში ამბობდნენ: ეს ეთიოპელი რატომ შემოდის ჩვენს კრებაზეო, აბბა მოსე ამის გამგონე დუმდა. როდესაც კრების შემდეგ ზოგიერთებმა ჰკითხეს, ხომ არ შეძრწუნდიო, უპასუხა: „შევძრწუნდი და არა ვიტყოდე“ (ფსალმ. 76,5). მაგრამ ეს იყო თავიდან, ხოლო როდესაც სრულყოფილებას მიაღწია და დიაკვნად აკურთხეს, არა მარტო დუმდა, არამედ არც შეძრწუნდებოდა. აი, რა მოხდა: მთავარეპისკოპოსს მისი გამოცდა სურდა და უთხრა მღვდელმსახურებს: როდესაც აბბა მოსე საკურთხეველში შემოვა, გარეთ გააგდეთ, თან უკან გაჰყევით და მოუსმინეთ, რას იტყვის. როდესაც ის შევიდა საკურთხეველში, კლერიკოსებმა უთხრეს: წადი აქედან, შავკანიანო ეთიოპელო. ის გავიდა და თავისთვის ამბობდა: კარგად მოგექცნენ, როდესაც ადამიანი არა ხარ, რატომ შედიხარ ადამიანთა კრებულში? ის ამჟამად არა მხოლოდ დუმდა დაცინვისას, არამედ არც შეძრწუნდა, და საკუთარ თავსაც საყვედურობდა.

შეძრწუნება და დუმილი არასრულყოფილებსა და დამწყებებს ახასიათებს, ხოლო არც შეძრწუნება სრულყოფილთა საქმეა, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: „განვემზადე და არა შევძრწუნდი“ (ფსალმ. 118,60). და ეს დიდი სათნოებაა. ჩვენ კი უმეტესად დამწყებებზე ქვემოთ აღმოვჩნდებით ხოლმე, როდესაც მრისხანების აღძვრისას არ ვცდილობთ ვძლიოთ საკუთარ თავს და ვაიძულოთ დუმილი; ჩვენი დიდი დაუდევრობის გამო ვფიქრობთ, რომ ეს სათნოება ჩვენთვის მაღალი და მიუწვდომელია. სურვილსაც კი არ ვიჩენთ, რომ წამოვიწყოთ საკუთარ თავზე ეს შრომა და ამით მოვიზიდოთ ღვთის მადლი და შეწევნა, ანდა თუკი თითქოსდა გამოვხატავთ სურვილს, ეს სურვილი უსიცოცხლო, არამტკიცე და არაღირსია იმისა, რომ ღვთისგან რაიმე სიკეთე მივიღოთ.

 

ყოველი სათნოების მოსაპოვებლად საჭიროა შრომა და დრო, და რომ გულწრფელად გვსურდეს იგი, განსაკუთრებით კი საჭიროა ღვთის შეწევნა. თუკი ჩვენს წამოწყებას ღმერთი არ შეეწევა, ამაო იქნება ჩვენი შრომა, ისევე როგორც მიწათმოქმედისა, მიწას რომ ამუშავებს და თესავს მასზე, თუკი ღმერთი მის დათესილს წვიმას არ მოუვლენს. ღვთის შეწევნა ითხოვს ჩვენს ლოცვა-ვედრებას, რამეთუ მხოლოდ ამით მოვიზიდავთ ღვთის შემწეობას. თუკი ლოცვა დაგვეზარება, როგორღა მოხედავს ღმერთი ჩვენს შრომას? ასევე, თუ ვილოცებთ, მაგრამ სიზარმაცით და უყურადღებოდ, ანდა მალე მოგვწყინდება ლოცვა, ვერაფერს ვეღირსებით, რასაც ყოველთვის გეუბნებოდით: ღმერთი უყურებს ჩვენს გულმოდგინებას და მის მიხედვით გვაძლევს ნიჭებს.

 

ხშირად ხდება, რომ გადაწყვეტს მავანი სხვისთვის ზიანის მიყენებას, მაგრამ თუკი ღმერთი არ დაუშვებს, მისი ძალისხმევა ამაო იქნება, და ასეთ დროს მხოლოდ კაცთა განზრახვების გამოცდა ხდება. რამდენჯერ განიზრახეს ბოროტი შეემთხვიათ წმიდა პატრიარქებისთვის, მაგრამ რაკი ღმერთმა არ დაუშვა, ვერავინ შეძლო რაიმე ზიანის მიყენება მათთვის, როგორც დაწერილია: „არა აუფლა კაცსა ვნებად მათდა და ამხილა მათთვის მეფეთა: ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა და წინაწარმეტყუელთა ჩემთა შორის ნუ უკეთურობთ“ (ფსალმ. 104,14-15). როდესაც ღმერთი ინებებს თავისი ძლევამოსილების ჩვენებას, მაშინ ყველაზე უწყალო კაცთა გულებსაც წყალობისათვის აღძრავს, როგორც დანიელის წიგნში წერია: „და მისცა ღმერთმა დანიელს წყალობა და შეწყნარება წინაშე საჭურისთმთავარისა“ (დან. 1,9). ნეტარია სული, რომელმაც ღვთის წყურვილით ჭეშმარიტად განამზადა თავი მისი ნიჭების მისაღებად; რამეთუ ღმერთი არაფერში არ მიატოვებს ასეთ სულს, არამედ ყოველივეში მფარველობს, იმაშიც კი, რის შესახებ უმეცრების გამო არც სთხოვს მას შეწევნას. კარგად თქვა ბრძენმა: ღვთის მოშიში კაცი ღვთის საფარველ ქვეშ იმყოფება (ფსალმ. 30,21). რამდენჯერ შეეცადა საული ნეტარი დავითის მოკვლას? რას არ შვრებოდა, რა აღარ მოიფიქრა? მაგრამ ვინაიდან დავითს უფალი იფარავდა, საულის ყველა ჩანაფიქრი ამაო ხდებოდა; და ამის გარდა, ხშირად თვითონ ის ვარდებოდა წმინდანის ხელში, რომელიც იწყალებდა მას და არ გააჩნდა მის მიმართ შეუბრალებელი და შურისმაძიებელი მრისხანება.

 

ერთხელ ჰკითხეს აბბა ზოსიმეს: როგორ მივაღწიოთ იმას, რომ არ განვრისხდეთ, როდესაც სხვები გვამცირებენ და გვლანძღავენ? მან უპასუხა: ვინც თავის გულში საკუთარ თავს ყველაზე უკანასკნელად მიიჩნევს, მას ვერანაირი დამცირება ვერ აღაშფოთებს, როგორც აბბა პიმენმა თქვა: თუკი შეურაცხყოფ საკუთარ თავს, განსვენებაში იქნები.

 

ამას წინათ საუბრისას ვთქვი, რომ თუკი განრისხებულ ძმას მცირედ მოვუთმენთ, შევიძენთ მას, ახლა კი ამასთან დაკავშირებით მინდა მოგითხროთ, რა მოვისმინე ნეტარი სერგისგან, პედიადის იღუმენისგან. მან მითხრა: ერთხელ ერთ წმიდა ბერთან ერთად მივდიოდით და გზა აგვებნა. არ ვიცოდით, საით წავსულიყავით და დათესილ მინდორზე მოვხვდით, ცოტაოდენი ნათესი გავთელეთ. იქ მომუშავე მიწათმოქმედმა ჩვენი ნამოქმედარი რომ დაინახა, მაგრად გაგვლანძღა, ის განრისხებული ყვიროდა: თქვენ მონაზვნები ხართ?! თქვენ ღმერთის გეშინიათ?! თქვენ რომ თვალთა წინაშე ღვთის შიში გქონდეთ, ამას არ ჩაიდენდით! იმ წმიდა ბერმა იმწუთასვე გვითხრა: ღვთის გულისათვის, ხმა არავინ ამოიღოს. მიწათმოქმედს კი მშვიდად მიმართა ამ სიტყვებით: შვილო, მართალს ამბობ, ჩვენ რომ ღვთის შიში გვქონდეს ამას არ ვიზამდით. იმან ისევ გააგრძელა განრისხებით ლანძღვა. ბერმა კვლავ უთხრა: მართალს ამბობ, ჩვენ რომ მონაზვნები ვიყოთ ამას არ ჩავიდენდით. ღვთის გულისათვის, გვაპატიე, ვაღიარებთ, რომ შენს წინაშე ცოდვა ჩავიდინეთ. ამან ისე შეაძრწუნა მიწათმოქმედი, რომ ის მივიდა ბერთან, ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: მამაო, შემინდე ღვთის გულისათვის, და შენთან წამიყვანე. და მართლაც, ის ჩვენ გამოგვყვა, თქვა ნეტარმა სერგიმ, და მონასტერში რომ მივიდა, მონაზვნად აღიკვეცა.

 

ამბობდა აბბა ზოსიმე: ერთხელ, როდესაც ნეტარ სერგისთან ვიყავი, მან მითხრა: წაგვიკითხე რაიმე წმიდა წერილიდან. მე დავიწყე იგავების კითხვა და როდესაც იმ ადგილამდე მივედი, სადაც ნათქვამია: „მრავალსა ზედა შეშასა აღატყდებინ ცეცხლი და სადა არნ გულმწყრალი, არა დაშრტის ლალვაჲ, ხოლო სადა არა არნ გულმწყრალი, დაყუდებულ არნ ლალვაჲ მარადის“ (იგავ. 26,20), ვკითხე: რას ნიშნავს ეს სიტყვები? მან კი მიპასუხა: როგორც ხე ცეცხლის მიზეზია, და თუკი ის საკმარისი არ იქნება, ცეცხლი მალე ჩაქრება, ასევე ვნებებსაც აქვთ თავიანთი მიზეზები; თუკი ვინმე მოჰკვეთავს ამ მიზეზებს, ვნებები უმოქმედონი გახდებიან. კერძოდ: როგორც მამა მოსემ თქვა, სიძვის მიზეზებია: თავშეუკავებელი ჭამა-სმა, ბევრი ძილი, უსაქმოდ ჯდომა, გართობა, უქმსიტყვაობა და ლამაზად ჩაცმა-შემკობა. თუკი ვინმე ამ ყოველივეს მოიკვეთს, სიძვის ვნება უძლური შეიქნება. აგრეთვე, მრისხანების მიზეზებია, როგორც მანვე თქვა: მიცემა და მოღება, საკუთარი ნების აღსრულება, მასწავლებლობის სიყვარული, საკუთარი თავის ჭკვიანად მიჩნევა. ვინც ამას მოიკვეთს, მასში მრისხანების ვნებას ძალა აღარ ექნება. ასევეა ყველა ვნებასთან მიმართებით. ამას ნიშნავს აბბა სისოს სიტყვები, რაც მან თქვა მაშინ, როდესაც ძმამ ჰკითხა: რატომ არ მშორდებიან ვნებები? მან უპასუხა: იმიტომ, რომ მათი ჭურჭლები, ანუ მიზეზები შენშია, მიეცი მათ მათი წინდი და მოგშორდებიან.

ამბობდა ნეტარი ზოსიმე: ორგზის მრისხანე, ვისშიც არ ცხრება ბრძოლა, ის არის, ვინც არ კმაყოფილდება პირველი გაღიზიანებით და თვითონ აღაგზნებს საკუთარ თავს მეორე განრისხებისთვის. ის, ვინც მრისხანებით აენთება და იმწამსვე გონს მოვა, მიხვდება თავის დანაშაულს და შენდობას სთხოვს ძმას, ვიზეც განრისხდა, არ იწოდება ორგზის მრისხანედ; მასში ბრძოლა წყნარდება, რადგან როგორც კი გააცნობიერა თავისი დანაშაული და შეურიგდა ძმას, მასში ბრძოლა ვეღარ ჰპოვებს ადგილს. მაგრამ ის, ვინც განრისხდება და არ აღიარებს თავის დანაშაულს, არამედ უფრო მეტად აღაგზნებს თავს მრისხანებისთვის, და ნანობს არა იმას, რომ განრისხდა, არამედ იმას, რატომ უფრო მეტი არ თქვა განრისხების ჟამს, მას ორგზის მრისხანე ეწოდება, მასში ბრძოლა არ წყდება, რადგან განრისხების შემდეგ მას ატყვევებენ ძვირისხსენება, მტრობა და გულისწყრომა. დაე უფალმა იესო ქრისტემ გვიხსნას ასეთების ხვედრისაგან და ღირსი გაგვხადოს მშვიდთა და მდაბალთა ხვედრისა.

 

ერთხელ, როდესაც ნეტარი აბბა ზოსიმე ჩვენთან ერთად იჯდა და სულის საცხოვნებელ საგნებზე საუბრობდა, გაიხსენა წმიდა ბერების გამონათქვამები, მათ შორის აბბა პიმენისა, რომ საკუთარი თავის განმკითხველი ყველგან განსვენებას პოულობს; ასევე ნიტრიის მთის აბბას პასუხი კითხვაზე, ამ გზაზე ყველაზე მეტად რა მოიპოვეო, – ყოველთვის დაადანაშაულო და უსაყვედურო საკუთარ თავსო. შემკითხველმა კი დაამატა: არ არსებობს სხვა გზა ამის გარდა. ეს გამონათქვამები რომ გაიხსენა ნეტარმა ზოსიმემ, თქვა: რა ძალა აქვს წმინდანების სიტყვებს! ჭეშმარიტად, რასაც ამბობდნენ ისინი, ამბობდნენ გამოცდილებით და ჭეშმარიტებით, როგორც ღვთაებრივი ანტონი მოწმობს. იმიტომაცაა მათი სიტყვები ძლიერი, რომ ნათქვამია მოღვაწეთა მიერ, რასაც ყველას ამცნებს ვინმე ბრძენთაგანი: შენი სიტყვები დაე შენმა ცხოვრებამ დაამტკიცოს.

ამასთანავე აბბა ზოსიმემ შემდეგი შემთხვევა გვიამბო. როდესაც მცირე ხნით ვიმყოფებოდი აბბა გერასიმეს ლავრაში, ერთხელ სულიერ ძმასთან ერთად ვიჯექი და სულის საცხოვნებელ საგნებზე ვსაუბრობდით. მე გავიხსენე ზემოთ ნახსენები სიტყვები აბბა პიმენისა და ნიტრიელი ბერისა, ხოლო ძმამ ამის პასუხად მითხრა: მე გამოცდილებით გავიგე ამ სიტყვების ჭეშმარიტება და განვიცადე მათი შესრულებით მოსული განსვენება. ამ ლავრის ერთ დიაკონთან წრფელი მეგობრობა მქონდა. არ ვიცი რის გამო, ერთ საქმეში ჩემზე ეჭვი ჩაიდო, თავი შეურაცხყოფილად ჩათვალა და მას შემდეგ პირქუშად მიყურებდა. ეს რომ შევამჩნიე, ვთხოვე აეხსნა მიზეზი, მან კი მითხრა: შენ ესა და ეს საქმე ჩაიდინეო. რადგან ვიცოდი, რომ ასეთი საქმე არ მქონდა ჩადენილი, შევეცადე დამერწმუნებინა ჩემს უდანაშაულობაში, მაგრამ ამაზე მიპასუხა: შემინდე, ვერ ვრწმუნდები. ჩემს სენაკში რომ დავბრუნდი, დავიწყე გულის გამოკვლევა, ხომ არ მქონდა ოდესმე ასეთი საქმე გაკეთებული, მაგრამ ვერ ვპოულობდი. ამის შემდეგ იყო შემთხვევა, როცა დიაკონს ბარძიმი ეჭირა და აზიარებდა, მე ბარძიმთან დავუფიცე, რომ არ მახსოვდა ასეთი საქმის ჩადენა, მაგრამ ის ამითაც ვერ დარწმუნდა. მაშინ კვლავ ჩავუღრმავდი საკუთარ თავს, გავიხსენე ბერების ეს გამონათქვამები და მათი სიტყვების ჭეშმარიტების სრული რწმენით აზრი საკუთარი თავის დადანაშაულებისკენ მივმართე და ვთქვი: დიაკონს წრფელი სიყვარულით ვუყვარვარ და ამ სიყვარულით აღძრულმა გამომიცხადა რაც გულში ჰქონდა ჩემს მიმართ, რათა ფხიზლად დავიცვა თავი და მომავალში აღარ ჩავიდინო ასეთი რამ. საწყალო სულო ჩემო, როგორ ამბობ, რომ ის საქმე არ ჩაგიდენია? ათასი ცუდი საქმე გაქვს ჩადენილი და დავიწყებული. სად არის ის, რაც გუშინ ან ათი დღის წინ ჩაიდინე? გახსოვს ისინი? ის საქმეც ხომ არ გაქვს ჩადენილი და დავიწყებული, როგორც სხვა საქმეები? ამგვარად, გული დავარწმუნე, რომ მე ნამდვილად ჩავიდინე ის საქმე და როგორც სხვები დავივიწყე, ისევე დავივიწყე ისიც. ვმადლობდი ღმერთს და დიაკონს, რომ ღმერთმა მის მიერ ღირს-მყო შემეცნო ჩემი ცოდვა და მომენანიებინა.

ამის შემდეგ ავდექი და ამგვარი აზრებით წავედი ძმასთან, დიაკონთან, რომ ჩადენილი მეღიარებინა და მადლობა მომეხადა. როგორც კი კარზე დავაკაკუნე, მან იმწამსვე გამიღო, თაყვანი მცა და მითხრა: შემინდე, ეშმაკებმა მაცდუნეს და იმ საქმეში შენზე ეჭვი გამიჩნდა. ჭეშმარიტად დამარწმუნა ღმერთმა, რომ შენ უდანაშაულო ხარ. აღარ მომცა საშუალება, მეთქვა მისთვის ჩემი სათქმელი, ამბობდა, უკვე აღარ არის საჭიროო.

ეს რომ მოგვითხრო ნეტარმა ზოსიმემ, დაამატა: აი როგორ განაწყო წრფელმა სიმდაბლემ მოყვასის მოყვარული ძმა, ის არა მხოლოდ არ აღშფოთდა და მტრულად არ განეწყო დიაკონის ნამოქმედარით (ჯერ ერთი იმისთვის, რომ მან ეჭვი მიიტანა მასზე, და მეორეც იმიტომ, რომ არ დაიჯერა მისი სიტყვები უდანაშაულობაზე), არამედ თავის თავზე აიღო ცოდვა, რომელიც არ ჰქონდა ჩადენილი, და გარდა ამისა, დიაკონს მადლობასაც უხდიდა. ხედავთ, რას შვრება ეს სათნოება, წარმატების რა სიმაღლეებზე აჰყავს მისი მოყვარულნი? იმ ძმას რომ მოესურვებინა, ათას მიზეზს იპოვიდა იმისთვის, რომ დიაკონის მიზეზით დემონს დამსგავსებოდა, მაგრამ რადგანაც სათნოებისკენ ისწრაფა, არა მარტო ძვირი არ ჩაიდო გულში მის მიმართ, არამედ მადლობაც მოუხადა, რამეთუ სათნოებამ მოიცვა მისი გული. ჩვენც რომ წინასწარ ვთესავდეთ ჩვენში სიმშვიდისა და სიმდაბლის თესლს და გულს მათ მიმართ განვაწყობდეთ, მაშინ ეშმაკი ვეღარ იპოვიდა მასში ადგილს თავისი ბოროტი თესლის დასათესად. როგორც კი ის კეთილი აზრებისგან ცარიელს გვპოულობს, ან უფრო მეტიც, თუკი საკუთარ თავს მივმართავთ სიავისკენ, ამით ეძლევა საბაბი, რომ თავისი ბოროტებით აგვავსოს. სათნოების სიყვარულის შემთხვევაში კი ამის სრულიად საპირისპირო ხდება: მაშინ უფალი ხედავს, როგორ სწყურია სულს ცხონება, როგორი მონდომებით თესავს საკუთარ თავში კეთილ თესლს, და მისი ამ კეთილი ნების გამო ავსებს თავისი ნიჭებით.

 

ერთხელ ნეტარმა აბბამ გაიხსენა იმ ბერის შესახებ, რომელსაც მეზობლად მცხოვრები ძმა ნივთებს ჰპარავდა ხოლმე. ბერმა იცოდა ეს და არასოდეს ამხილებდა ამ ძმას, არამედ უფრო მეტს შრომობდა და ამბობდა: იქნებ როგორ სჭირდება ძმას. ნეტარი აბბა ზოსიმე აქებდა წმინდანების გულკეთილობას და ასეთი ამბავი მოგვითხრო. ჩემი პედიადში ყოფნის პერიოდში ერთმა იღუმენმა მიამბო: ჩვენი სავანის მახლობლად ერთი მეტად სათნო ბერი ცხოვრობდა. ერთხელ, როდესაც ბერი იქ არ იმყოფებოდა, მის მახლობლად მცხოვრებმა ძმამ მტრის ცდუნებით გააღო მისი სენაკი, შევიდა შიგნით და წაიღო ყველა ნივთი და წიგნები. როდესაც ბერი დაბრუნდა და სენაკში თავისი ნივთები ვეღარ ნახა, იმ ძმასთან წავიდა, რომ ამის შესახებ ეთქვა. მის სენაკში რომ შევიდა, იქ თავისი ნივთები დაინახა, ძმას ვერ მოესწრო მათი გადამალვა. ბერს არ სურდა ძმის შერცხვენა და მხილება და გარეთ გავიდა, თითქოს მუცლის ტკივილის გამო. ის გარეთ დიდხანს დარჩა, ვითომდა საჭიროებისთვის, რომ ძმას მოესწრო ნივთების აღება. როდესაც დაბრუნდა მასთან, სხვა რამეზე დაიწყო საუბარი და არ ამხილა ძმა. რამდენიმე დღის შემდეგ იმ ძმას აღმოუჩინეს ბერის ნივთები და დააპატიმრეს. ბერმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ ძმა საპყრობილეში იყო, თან არ იცოდა რის გამო, მოვიდა ჩემთან, – ამბობს იღუმენი, – რადგან ხშირად მოდიოდა ხოლმე ჩვენთან, და მთხოვა: მოწყალება გაიღე, რამდენიმე კვერცხი და კვერი მომეცი. ვეუბნები: ალბათ ვინმეა შენთან? კიო, მიპასუხა ბერმა. ეს ყველაფერი იმისთვის აიღო, რომ საპყრობილეში მისულიყო და ის ძმა ენუგეშებინა. როგორც კი შევიდა საპყრობილეში, ძმა ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: შენს გამო ვარ აქ, აბბა, რადგან მე მოვიპარე შენი ნივთები, მაგრამ წიგნები იმას აქვს, სამოსი კი იმას. ბერი ეუბნება: დაიჯეროს შენმა გულმა, ჩემო შვილო, რომ მე მაგის გამო არ მოვსულვარ, არც კი ვიცოდი, რომ ჩემს გამო ხარ აქ. როდესაც გავიგე, რომ აქ იყავი, დავმწუხრდი და მოვედი ნუგეშის საცემად, აი, ნახე, კვერცხები და კვერები. ახლა კი წავალ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ აქედან გამოგიყვანო. წავიდა და უფროსებიდან ვიღაცებს სთხოვა, ვინც მას იცნობდა მისი სათნოების წყალობით. მათ კაცი გაგზავნეს იმ ძმის გამოსაშვებად.

.  

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა